ჩემს სიცოცხლეს აზრი აქვს დაკარგული. შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს რელიგია, ღმერთი ან ბიბლია?
ბიბლია გვპასუხობს:
რასაკვირველია. ბიბლია, რომელიც უძველესი წიგნი და სიბრძნის წყაროა, გვპასუხობს აქტუალურ კითხვებზე და გვეხმარება, უკეთ ვიგრძნოთ თავი და უფრო აზრიანად ვიცხოვროთ. განვიხილოთ რამდენიმე კითხვა, რომლებზეც ღვთის სიტყვა გვპასუხობს.
- არსებობს შემოქმედი? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყველაფერი შექმნა“ ღმერთმა (გამოცხადება 4:11). ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა გვჭირდება იმისათვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და აზრიანად ვიცხოვროთ. 
- ზრუნავს ღმერთი ჩემზე? ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ღმერთს ადამიანებისგან თავი შორს უჭირავს. პირიქით, მასში ვკითხულობთ: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). მისთვის სულერთი არ არის, რა მდგომარეობაში ხართ და სურს, რომ ბედნიერი იყოთ (ესაია 48:17, 18; 1 პეტრე 5:7). 
- როგორ შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს ღვთის გაცნობა? ღმერთმა ჩვენში ჩადო სულიერი მოთხოვნილებები; ჩვენ თანდაყოლილი სურვილი გვაქვს, გავიგოთ, რა არის სიცოცხლის აზრი (მათე 5:3). ჩვენ აგრეთვე ღვთის გაცნობის და მასთან დაახლოების მოთხოვნილება გვაქვს. ღმერთს ახარებს, როცა ძალ-ღონეს არ იშურებთ მის გასაცნობად, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). 
მილიონობით ადამიანმა დაინახა, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობამ მათ ცხოვრებას მეტი აზრი შესძინა. მართალია, ღვთის გაცნობის შედეგად თავიდან ვერ აიცილებთ პრობლემებს, მაგრამ მის სიტყვაში მოცემული სიბრძნე დაგეხმარებათ ამ პრობლემებთან გამკლავებაში.
- უფრო ბედნიერი ოჯახი გექნებათ. 
- სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობით გაიხარებთ. 
- უფრო გაგიადვილდებათ დეპრესიასთან, ფინანსურ პრობლემებსა თუ ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავება. 
ბევრი რელიგია, რომელიც აღიარებს ბიბლიას, არ მიჰყვება მის სწავლებებს. ჭეშმარიტი რელიგია კი, რომელიც განუხრელად მიჰყვება ბიბლიის სწავლებებს, დაგეხმარებათ ღმერთის გაცნობაში.