ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?
ბეჭდვითი საქმიანობის გამარტივება ხელს უწყობს პუბლიკაციების უფრო მეტ ენაზე გამოცემას
2025 ᲬᲚᲘᲡ 1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
იეჰოვას „სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ჩვენი თანაქრისტიანები და ის ხალხი, ვისაც ვუქადაგებთ, ასობით ენაზე საუბრობენ. ამიტომ ყოველწლიურად ორ მილიარდამდე პუბლიკაცია იბეჭდება ამ ენებზე, რადგან სულიერი საზრდო ადამიანებისთვის მშობლიურ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი. კონკრეტულად რა კეთდება იმისთვის, რომ ეს საქმე შესრულდეს და ამავე დროს, გაღებული შესაწირავებიც გონივრულად იქნეს გამოყენებული?
ნაკლები სტამბა, მეტი პუბლიკაცია
1980-იან წლებში ჩვენს პუბლიკაციებს 40-ზე მეტ ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ვბეჭდავდით. დროთა განმავლობაში ბეჭდვით საქმიანობაში ცვლილებები შევიტანეთ, რის შედეგადაც, ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვა დღეს მხოლოდ 9 ქვეყანაში მიმდინარეობს. თუმცა ენების რაოდენობა, რომელზეც პუბლიკაციები იბეჭდება, 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, თითქმის 500%-ით გაიზარდა. რამ გახადა შესაძლებელი, რომ სტამბების რაოდენობის შემცირების მიუხედავად უფრო მეტ ენაზე იბეჭდება პუბლიკაციები? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უკეთესი დანადგარებია.
ახალი საბეჭდი მანქანებით შეგვიძლია მეტი ლიტერატურა დავბეჭდოთ ნაკლებ დროში. ადრე სხვადასხვა პუბლიკაციის დასაბეჭდად დანადგარების სხვადასხვა რეჟიმზე გადაყვანა იყო საჭირო, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. დღეს კი ახალ საბეჭდ მანქანებზე ბეჭდვის რეჟიმების შეცვლა ოთხჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. შედეგად, ნაკლებ დროში მეტი საქმე კეთდება და უფრო სწრაფად იბეჭდება პუბლიკაციები, მათ შორის იმ ენებზე, რომლებზეც ცოტა ადამიანი საუბრობს. ცხადია, ამა თუ იმ ენაზე სხვადასხვა პუბლიკაციის დაბეჭდვას ახალი საბეჭდი ფორმა სჭირდება. ბოლო 12 თვის განმავლობაში მხოლოდ ამ საბეჭდი ფორმების შესაძენად დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დავხარჯეთ. როცა რომელიმე ენაზე მცირე რაოდენობის ლიტერატურა იბეჭდება, ციფრულ საბეჭდ დანადგარებს ვიყენებთ, რომელთაც ეს საბეჭდი ფორმები არ სჭირდება. ამ ციფრული დანადგარებით, მათ შორის ისეთებით, რომლებიც ლაზერულ ტექნოლოგიას იყენებს, პუბლიკაციების ბეჭდვა გაცილებით იაფი ჯდება და ნაკლები რესურსი სჭირდება.
საბეჭდი ფორმების შეცვლის პროცესი
ბოლო 3 წელიწადში 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი საბეჭდი და საამკინძაო დანადგარები შევისყიდეთ მსოფლიო მასშტაბით. მაგალითისთვის ვნახოთ, როგორ ვიყენებთ ამ ახალ დანადგარებს ბიბლიების დასამზადებლად. ადრე, დაბეჭდილ ბიბლიას საბოლოო სახე რომ მისცემოდა, 40 ეტაპის გავლა იყო საჭირო: აკინძვა, დაჭრა, კიდეების შესწორება, გაპრიალება, მოვარაყება და სხვა. თითოეული ეტაპის შესასრულებლად ბიბლიები ერთი ადგილიდან მეორეზე ხელით გადაგვქონდა და დასტებად ვაწყობდით. დღეს იმავე საქმის შესასრულებლად მხოლოდ 10 ეტაპია საჭირო, რადგან ახალი დანადგარებით ბეჭდვის სხვადასხვა პროცესი გაერთიანდა და ბიბლიების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაც კონვეიერების მეშვეობით ხდება. შესაბამისად, ხელით შესასრულებელი სამუშაოები დაახლოებით 55%-ით შემცირდა. მაგალითად, ადრე იაპონიის ფილიალის საამკინძაო საამქროში 8 საათში 2 ათასი ბიბლიის დამზადება იყო შესაძლებელი, დღეს კი იმავე დროში დაახლოებით 35 ათასი ბიბლია მზადდება.
შტრიხკოდები ბიბლიის ამა თუ იმ ნაწილის დასახარისხებლად გამოიყენება.
ნაკლები სივრცე, ნაკლები ხარჯი
ზემოაღნიშნული მიდგომების გამოყენება შესაწირავების დაზოგვას უწყობს ხელს. მაგალითად, ახლა ამა თუ იმ პუბლიკაციას მცირე ტირაჟით ვბეჭდავთ, რის გამოც მათი დასაწყობების საჭიროება აღარ არსებობს. ერთი ძმა გარი, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალში მსახურობს, ასეთ რამეს ამბობს: „თავიდან იდეა, რომ პუბლიკაციები მცირე ტირაჟით, მაგრამ უფრო ხშირად დაგვებეჭდა, მთლად კარგად არ ჟღერდა. როცა ეს იდეა განვახორციელეთ, ერთი მხრივ, ხარჯმა მართლაც მოიმატა – ერთ წელიწადში საბეჭდი ფორმებისა და ქაღალდის ნარჩენების ხარჯი 60 ათასი დოლარით გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, თანხა, რომელიც ადრე საბეჭდი ქაღალდისა თუ ლიტერატურის საწყობებში შენახვას ხმარდებოდა, მილიონ-ნახევარ დოლარზე მეტით შემცირდა“. დაზოგილი თანხა სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ხმარდება, იქნება ეს დარბაზების მშენებლობა თუ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება.
ვინაიდან სასაწყობე სივრცეები გამოთავისუფლდა, ზოგიერთ ფილიალში ეს სივრცეები უკვე სხვა მიზნებისთვის გამოიყენება. როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეს ბეჭდვითი საქმიანობისთვის მხოლოდ რამდენიმე სტამბაა საჭირო. ეს საშუალებას გვაძლევს, შედარებით პატარა ზომის ფილიალები ავაშენოთ. მაგალითად, ბეჭდვითი საქმიანობა, რომელიც ადრე ბრიტანეთის ფილიალში ხორციელდებოდა, 2018 წლიდან ცენტრალური ევროპის ფილიალის სტამბამ და სხვა სტამბებმა შეითავსა. შედეგად ჩელმსფორდის (ბრიტანეთი) ახალი ფილიალის მშენებლობის დროს მილიონობით დოლარი დაიზოგა, რადგან აღარ არსებობს ლიტერატურის შესანახი სივრცის საჭიროება.
„მადლობა, რომ არ დამივიწყე!“
რაც ყველაზე მთავარია, ბეჭდვითი საქმიანობის გამარტივების შედეგად უამრავი ადამიანი იღებს სულიერ საზრდოს მშობლიურ ენაზე. დღეს უფრო მეტ ენაზე ვბეჭდავთ პუბლიკაციებს, მათ შორის ისეთ ენებზე, რომლებზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს და მხოლოდ რამდენიმე ასეული ტირაჟია საჭირო. მაგალითად, ახალ კალედონიასა და უოლისი და ფუტუნაში მხოლოდ 35 ათასი ადამიანი საუბრობს ვალისიურ ენაზე. ამის მიუხედავად, 2024 წლის აგვისტოში გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვალისიურ ენაზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ენაზე მოსაუბრე იეჰოვას მოწმემ, სელაფინამ, ასეთი სიტყვები თქვა: „მანამდე ფრანგულ ბიბლიას ვიყენებდი, თუმცა ბევრი სიტყვა და ტერმინი არ მესმოდა. როცა გავიგე, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვალისიურ ენაზე გამოიცა, სიხარულისგან ცრემლები წამსკდა და ლოცვაში იეჰოვას ვუთხარი: მადლობა, რომ არ დამივიწყე! შენ ნამდვილად მიუკერძოებელი ღმერთი ხარ!“.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ვალისიურ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სანგა ენაზე, სულ რაღაც, 500 ათასი ადამიანი საუბრობს. მიუხედავად ამისა, ამ ენაზე გამოიცა წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ერთი ძმა ჟოზუე, რომელიც სანგაენოვან კრებაშია, ამბობს: „ზოგჯერ ძალიან რთული იყო შემსწავლელებისთვის ამა თუ იმ საკითხის ახსნა, რადგან ბიბლიური ტერმინების ან გამოთქმების თარგმნა და განმარტება მიწევდა. მაგრამ ზოგჯერ აზრს ბოლომდე მაინც ვერ წვდებოდნენ. ეს წიგნი ნამდვილი შვება აღმოჩნდა. ახლა უკვე შემსწავლელები ადვილად იგებენ ბიბლიურ საკითხებს ზედმეტი ახსნის გარეშე“.
ბიბლიის შესწავლა ტარდება ჰონდურასში წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ გარიფუნა ენაზე, რომელზეც დაახლოებით 120 000 ადამიანი საუბრობს.
სულიერი საზრდო ამდენ ენაზე ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები, მათ შორის ის, რომელსაც ვებსაიტის donate.jw.org მეშვეობით იღებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დიდი მადლობა გულუხვობისთვის!