შაბათი, 30 აგვისტო
ჩვენც შევძლოთ ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა ისე, როგორც ღმერთი გვანუგეშებს (2 კორ. 1:4).
იეჰოვას თამამად შეიძლება ეწოდოს „თანამგრძნობი მამა“, რადგან უზომოდ შესტკივა გული ადამიანებზე. თანაგრძნობა კი იმისკენ აღძრავს, რომ „ნებისმიერი გასაჭირის დროს“ გვანუგეშოს. ჩვენ როგორ მივბაძოთ ზეციერ მამას? მოდი გავიგოთ, რა გაგვიადვილებს თანაგრძნობის გამოვლენას და სხვების ნუგეშისცემას (1 თეს. 4:18). ზოგიერთი თვისება, რომლებიც დაგვეხმარება, არასდროს დავიღალოთ სხვების ნუგეშით, კოლოსელების 3:12-სა და 1 პეტრეს 3:8-შია მოხსენიებული. თუ ეს თვისებები ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება, ბუნებრივად გაგვიჩნდება სხვების ნუგეშისცემის სურვილი. იესომაც ხომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს. კარგ კაცს თავისი კარგი საგანძურიდან კარგი გამოაქვს“ (მათ. 12:34, 35). ნამდვილად, სხვების ნუგეშისცემა მათთვის სიყვარულის დამტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. w23.11 10 ¶10, 11
კვირა, 31 აგვისტო
სიტყვებს გამჭრიახნი ჩასწვდებიან (დან. 12:10).
წინასწარმეტყველებებს რომ ჩავწვდეთ, დახმარება უნდა ვითხოვოთ. მოდი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქალაქში ჩადიხართ, მაგრამ თან გახლავთ მეგობარი, რომელიც კარგად იცნობს იქაურობას და ზუსტად იცის, სად ხართ და რომელი გზა სად წაგიყვანთ. ამ დროს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ასეთი მეგობრის გვერდით ყოლა. იეჰოვაც ასეთ მეგობარს ჰგავს. მან ზუსტად იცის, დროის რა მონაკვეთში გვიწევს ცხოვრება და რა გველის წინ. ასე რომ, თუ გვინდა, ჩავწვდეთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, თავმდაბლები უნდა ვიყოთ და იეჰოვას ვთხოვოთ დახმარება (დან. 2:28; 2 პეტ. 1:19, 20). მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვასაც სურს, რომ ბედნიერი მომავალი გვქონდეს (იერ. 29:11). მეტიც, იეჰოვას მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია, თანაც აბსოლუტური სიზუსტით. მან თავის სიტყვაში წინასწარმეტყველებები შემოგვინახა, რადგან სურს, ჩვენც ვიცოდეთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა განვითარდეს მომავალში (ეს. 46:10). w23.08 8 ¶3, 4
ორშაბათი, 1 სექტემბერი
ცისკარი მოგვევლინა მაღლიდან (ლუკ. 1:78).
ღმერთმა იესოს კაცობრიობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ძალა მისცა. იესოს სასწაულები იმაზე მოწმობს, რომ მას ყველა იმ პრობლემის მოგვარების ძალა აქვს, რომელთაც ჩვენით ვერასდროს მოვაგვარებდით. მაგალითად, ის გაგვათავისუფლებს ცოდვისგან, რაც ყველა პრობლემის თავიდათავია, და მისი შედეგებისგანაც, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგან (მათ. 9:1–6; რომ. 5:12, 18, 19). იესოს სასწაულები მოწმობს, რომ მას ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება და მკვდრების გაცოცხლებაც შეუძლია (მათ. 4:23; იოან. 11:43, 44). მას იმის ძალაც აქვს, რომ დაიმორჩილოს სტიქიები და ბოროტი სულების ზეგავლენისგან გაათავისუფლოს ადამიანები (მარ. 4:37–39; ლუკ. 8:2). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ თავის ძეს ასეთი ძალა უბოძა! ეჭვი არ გვეპარება, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იეჰოვას ყველა დანაპირები შესრულდება. სასწაულები, რომლებსაც იესო დედამიწაზე ახდენდა, იმის ერთგვარი მონახაზია, თუ რას გააკეთებს ის ზეციდან, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. w23.04 3 ¶5–7