-
ვინ არის იესო ქრისტე?რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
თავი 4
ვინ არის იესო ქრისტე?
რა განსაკუთრებული როლი დააკისრა ღმერთმა იესოს?
სად იყო ის დედამიწაზე მოსვლამდე?
როგორი პიროვნება იყო იესო?
1, 2. ა) რატომ არ ნიშნავს ვინმეს სახელის ცოდნა იმას, რომ ნამდვილად იცნობ ამ ადამიანს? ბ) რა აზრთა სხვაობაა ხალხში იესოს შესახებ?
მსოფლიოში ბევრი ცნობილი ადამიანი არსებობს. ზოგი თავის წრეში, თავის ქალაქში ან ქვეყანაშია ცნობილი. ზოგს კი სახელი მთელ მსოფლიოში აქვს განთქმული. მაგრამ ვინმეს სახელის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იცნობ ამ ადამიანს; შენ ხომ არაფერი იცი მისი ცხოვრების შესახებ და არც ის იცი, როგორი პიროვნებაა.
2 იესო ქრისტეზე ბევრს სმენია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწაზე დაახლოებით 2 000 წლის წინათ ცხოვრობდა. მაგრამ ხალხში აზრთა სხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო. ზოგი მას უბრალოდ კარგ ადამიანად მიიჩნევს. სხვების აზრით, ის მხოლოდ წინასწარმეტყველი იყო. ბევრს კი სწამს, რომ იესო ღმერთია და მას თაყვანს უნდა სცემდნენ. სწორია ასეთი თვალსაზრისი?
3. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იესოს შესახებ ჭეშმარიტება იცოდე?
3 მნიშვნელოვანია, იესოს შესახებ ჭეშმარიტება იცოდე. რატომ? ბიბლია ამბობს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს (იოანე 14:6). ამასთანავე, იესომ დაგვიტოვა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვეპყროთ სხვებს (იოანე 13:34, 35). ამ წიგნის პირველ თავში ჩვენ გავიგეთ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. ახლა განვიხილოთ, რას გვასწავლის ბიბლია იესო ქრისტეს შესახებ.
აღთქმული მესია
4. რას ნიშნავს წოდებები „მესია“ და „ქრისტე“?
4 იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოვიდოდა ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია ანუ ქრისტე. წოდებები „მესია“ (ებრაული სიტყვა) და „ქრისტე“ (ბერძნული სიტყვა) ნიშნავს „ცხებულს“. ის, ვინც მოვიდოდა, ცხებული იქნებოდა, ანუ ღვთის მიერ განსაკუთრებული მოვალეობის შესასრულებლად დაინიშნებოდა. მოგვიანებით ამ წიგნიდან უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მესია ღვთის განზრახვის შესრულებაში. ასევე გავიგებთ, თუ რა დახმარების მიღება შეგვიძლია იესოსგან დღესვე. იესოს დაბადებამდე, უეჭველია, ბევრს აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა მესია.
5. რაში იყვნენ იესოს მოწაფეები სრულიად დარწმუნებული?
5 პირველ საუკუნეში იესო ნაზარეთელის მოწაფეები სრულიად დარწმუნებული იყვნენ, რომ ის აღთქმული მესია იყო (იოანე 1:41). ერთ-ერთმა მოწაფემ, სიმონ პეტრემ, იესოს უთხრა: „შენ ხარ ქრისტე“ (მათე 16:16). როგორ შეეძლოთ იესოს მოწაფეებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ იმაში დარწმუნება, რომ იესო ნამდვილად აღთქმული მესიაა?
6. მაგალითის მეშვეობით ახსენი, თუ როგორ დაეხმარა იეჰოვა გულწრფელ ადამიანებს მესიის ამოცნობაში.
6 ღვთის წინასწარმეტყველებმა, რომლებიც იესოს დაბადებამდე ცხოვრობდნენ, მესიის შესახებ ბევრი რამ დაწერეს. ეს წინასწარმეტყველებები ხალხს მის ამოცნობაში დაეხმარებოდა. შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ ხალხმრავალ ავტოსადგურში, რკინიგზის ვაგზალზე ან აეროპორტში უნდა დახვდე ვინმეს, ვინც არასდროს გინახავს. განა დამხმარე არ იქნებოდა შენთვის, თუ მას წინასწარ აღგიწერდნენ? მსგავსად, თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით იეჰოვამ საკმაოდ დეტალურად აღგვიწერა მესიის ცხოვრება. ამ მრავალი წინასწარმეტყველების შესრულება გულწრფელ ადამიანებს დაეხმარებოდა იმის განსაზღვრაში, თუ ვინ იყო მესია.
7. რომელი ორი წინასწარმეტყველება შესრულდა იესოზე?
7 მაგალითად მოვიყვანოთ ორი წინასწარმეტყველება. პირველი: წინასწარმეტყველმა მიქამ 700 წელზე მეტი ხნით ადრე დაწერა, რომ აღთქმული მესია იუდას პატარა ქალაქ ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2). სად დაიბადა იესო სინამდვილეში? სწორედ ამ ქალაქში (მათე 2:1, 3—9). მეორე: დანიელის 9:25-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მრავალი საუკუნით ადრე მიუთითებდა, რომ მესია ახ. წ. 29 წელს მოვიდოდა.a ამ და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულება ამტკიცებს, რომ იესო აღთქმული მესია იყო.
იესო მონათვლისთანავე მესია ანუ ქრისტე გახდა
8, 9. როგორ გახდა ნათელი იესოს ნათლობისას, რომ ის მესია იყო?
8 ახ. წ. 29 წელს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ იესო მესია იყო. ეს ის წელია, როცა იესო იოანე ნათლისმცემელთან მივიდა, რათა მდინარე იორდანეში მონათლულიყო. იეჰოვა იოანეს დაჰპირდა, რომ ნიშანს მისცემდა, რაც მას მესიის ამოცნობაში დაეხმარებოდა. ეს ნიშანი იოანემ იესოს მონათვლის დროს დაინახა. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა. და აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც მოისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მათე 3:16, 17). ამის დანახვისა და მოსმენის შემდეგ იოანეს არავითარი ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ იესო ღვთის მიერ იყო გამოგზავნილი (იოანე 1:32—34). როდესაც იესოზე ღვთის სული, ანუ მოქმედი ძალა, გადავიდა, ის გახდა მესია ანუ ქრისტე — მომავალი მეფე და წინამძღოლი (ესაია 55:4).
9 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება და უშუალოდ იეჰოვა ღმერთის დამოწმება აშკარად აჩვენებს, რომ იესო აღთქმული მესია იყო. ბიბლია პასუხს გვცემს კიდევ ორ მნიშვნელოვან კითხვაზე, რომლებიც იესო ქრისტეს უკავშირდება: სად იყო ის დედამიწაზე მოსვლამდე? როგორი პიროვნება იყო იესო?
სად იყო იესო დედამიწაზე მოსვლამდე?
10. ბიბლიის თანახმად, სად ცხოვრობდა იესო დედამიწაზე მოსვლამდე?
10 ბიბლია გვასწავლის, რომ იესო დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა. მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, მაგრამ ისიც თქვა, რომ „ძველი დროიდან“ იყო „მისი წარმოშობა“ (მიქა 5:2). იესომ თვითონვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანად დაბადებამდე ზეცაში ცხოვრობდა (წაიკითხეთ იოანეს 3:13; 6:38, 62; 17:4, 5). ზეცაში იესო სულიერი ქმნილება იყო და იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.
11. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იესო იეჰოვას უსაყვარლესი ძეა?
11 იესო იეჰოვა ღმერთის უსაყვარლესი ძეა და არცთუ უსაფუძვლოდ. იესოს ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, რადგან ის ღვთის პირველი ქმნილებაა (კოლოსელები 1:15).b იესო სხვა მიზეზის გამოც არის განსაკუთრებული ძე. ის არის „მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 3:16). ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იესოა უშუალოდ ღვთის მიერ შექმნილი. ასევე მხოლოდ იესოა ის, ვისი მონაწილეობითაც ღმერთმა სხვა ყველაფერი შექმნა (კოლოსელები 1:16). გარდა ამისა, იესოს ეწოდება „სიტყვა“ (იოანე 1:14). ეს ნიშნავს იმას, რომ ის მამის სიტყვებს და მითითებებს გადასცემდა სხვა ძეებს, სულიერ ქმნილებებსა თუ ადამიანებს.
12. საიდან ვიცით, რომ იესო არ არის ღვთის თანასწორი?
12 არის იესო ღვთის თანასწორი, როგორც ეს ზოგს სწამს? ბიბლია ამას არ გვასწავლის. როგორც წინა აბზაციდან დავინახეთ, ღვთის ძე შექმნილი იყო. ამიტომ აშკარაა, რომ მას ჰქონდა დასაწყისი, იეჰოვა ღმერთს კი არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული (ფსალმუნი 90:2). ღვთის მხოლოდშობილ ძეს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ მამის თანასწორი ყოფილიყო. ბიბლიაში აშკარად არის ნათქვამი, რომ მამა ძეზე დიდია (წაიკითხეთ იოანეს 14:28; 1 კორინთელები 11:3). მხოლოდ იეჰოვაა „ყოვლისშემძლე ღმერთი“ (დაბადება 17:1). ამგვარად, არავინაა მისი თანასწორი.c
13. რატომ ეწოდება ბიბლიაში იესოს „უხილავი ღვთის ანარეკლი“?
13 იეჰოვასა და მის ძეს მილიარდობით წლის განმავლობაში — ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ცა და დედამიწა შექმნილი არ იყო — ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. უეჭველია, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი! (იოანე 3:35; 14:31). ღვთის ძე ყოველმხრივ თავისი მამის მსგავსია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ბიბლიაში „უხილავი ღვთის ანარეკლი“ (კოლოსელები 1:15). ისევე როგორც ბავშვი შეიძლება ჰგავდეს მამას ბევრ რამეში, ღვთის ზეციერ ძესაც თავისი მამის მსგავსი თვისებები აქვს.
14. როგორ დაიბადა ადამიანად იეჰოვას მხოლოდშობილი ძე?
14 იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ ნებაყოფლობით დატოვა ზეცა და დედამიწაზე მოვიდა. ის ადამიანი გახდა. მაგრამ შეიძლება იფიქრო: „როგორ უნდა დაბადებულიყო სულიერი ქმნილება ადამიანად?“. ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, იეჰოვამ სასწაული მოახდინა. მან თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. იესოს მიწიერი მამა არ ჰყოლია. ამგვარად, მარიამს სრულყოფილი ვაჟი შეეძინა და მას იესო დაარქვა (ლუკა 1:30—35).
როგორი პიროვნება იყო იესო?
15. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს მეშვეობით უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ?
15 თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც იესო დედამიწაზე ყოფნისას ამბობდა და აკეთებდა, უკეთესად გავეცნობით მას. უფრო მეტიც, იესოს მეშვეობით უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესო მამის სრულყოფილი ანარეკლია. ამიტომაც უთხრა მან თავის ერთ-ერთ მოწაფეს: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). ბიბლიის ოთხი წიგნი, რომლებიც „მათეს“, „მარკოზის“, „ლუკას“ და „იოანეს“ სახარებებადაა ცნობილი, მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრების, მსახურებისა და თვისებების შესახებ.
16. ძირითადად, რას ქადაგებდა იესო და საიდან მომდინარეობდა მისი სწავლება?
16 იესო ცნობილი იყო როგორც „მოძღვარი“ (იოანე 1:38; 13:13). რას ქადაგებდა ის? ძირითადად, იესო ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“. ის ხალხს ასწავლიდა ღვთის სამეფოზე, ანუ ზეციერ ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს და მორჩილ ადამიანებს მარადიულ კურთხევებს მოუტანს (მათე 4:23). ვისგან მომდინარეობდა ეს სწავლება? იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“, ანუ იეჰოვა ღმერთის (იოანე 7:16). იესომ იცოდა, რომ ზეციერ მამას სურდა, ხალხს მოესმინა სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. მე-8 თავში უფრო მეტს გავიგებთ, თუ რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს ის.
17. სად ქადაგებდა იესო და რატომ არ იშურებდა ძალ-ღონეს სხვების სასწავლებლად?
17 სად ქადაგებდა იესო? ყველგან, სადაც ხალხი იყო — ქალაქებში, სოფლებში, მოედნებზე და სახლებში. იესო არ ფიქრობდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო მასთან. ის მათთან თვითონ მიდიოდა (მარკოზი 6:56; ლუკა 19:5, 6). რატომ არ იშურებდა იესო ძალ-ღონესა და დროს ქადაგებისა და სწავლებისთვის? იმიტომ რომ ამას ღმერთი მოელოდა მისგან. იესო ყოველთვის მამის ნებას ასრულებდა (იოანე 8:28, 29). მაგრამ ის სხვა მიზეზის გამოც ქადაგებდა. იესოს ებრალებოდა ხალხი (წაიკითხეთ მათეს 9:35, 36). ხალხს ყურადღებას არ აქცევდნენ რელიგიური წინამძღოლები, რომლებსაც მათთვის ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინათ. იესომ იცოდა, თუ რამდენად ესაჭიროებოდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა.
18. იესოს რომელი თვისებებია შენთვის მიმზიდველი?
18 იესო თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყო და ხალხს სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. იესოსთან ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს (მარკოზი 10:13—16). იესო იყო მიუკერძოებელი. მას სძულდა უპატიოსნობა და უსამართლობა (მათე 21:12, 13). მართალია, იესოს დღეებში ქალებს სათანადოდ არ აფასებდნენ და მათ უფლებებს ზღუდავდნენ, მაგრამ იესო პატივისცემით ეპყრობოდა მათ (იოანე 4:9, 27). იესო თავმდაბალი იყო. ერთხელ მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, რაც, ჩვეულებრივ, მოსამსახურის მოვალეობად ითვლებოდა.
იესო ხალხს ყველგან უქადაგებდა
19. რომელი შემთხვევიდან ჩანს, რომ იესო ზრუნავდა ხალხზე?
19 იესო ზრუნავდა ხალხზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, როდესაც ღვთის წმინდა სულის მეშვეობით ის სასწაულებს ახდენდა ხალხის განსაკურნავად (მათე 14:14). მაგალითად, ერთხელ იესოსთან კეთრით დაავადებული მამაკაცი მივიდა და უთხრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესომ გულთან ახლოს მიიტანა ამ კაცის ტკივილი და ტანჯვა. თანაგრძნობით აღძრულმა ხელი გაუწოდა მას, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“. დაავადებული მამაკაცი განიკურნა! (მარკოზი 1:40—42). შეგიძლია წარმოიდგინო, რას იგრძნობდა ეს კაცი?
ბოლომდე ერთგული
20, 21. როგორ დაგვიტოვა იესომ ღვთისადმი ერთგულებისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი?
20 იესომ ღვთისადმი ერთგულებისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ის თავისი ზეციერი მამის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდა. იესო მტკიცედ უწევდა წინააღმდეგობას სატანას, როცა ეს უკანასკნელი მის შეცდენას ცდილობდა, და არასდროს ნებდებოდა (მათე 4:1—11). ერთხელ იესოს ნათესავებმა, რომლებიც იმ დროს მის მიმართ რწმენას არ ავლენდნენ, ისიც კი თქვეს, რომ „ჭკუაზე შეიშალაო“ (მარკოზი 3:21). მაგრამ იესო არ ექცეოდა მათი გავლენის ქვეშ და ღვთის საქმის კეთებას განაგრძობდა. შეურაცხყოფის მიუხედავად, იესო თავშეკავებას ავლენდა და არასდროს ცდილობდა მოწინააღმდეგეთათვის სამაგიეროს გადახდას (1 პეტრე 2:21—23).
21 იესო ერთგული დარჩა სიკვდილამდე — მტრების ხელით წამებით სიკვდილამდე (წაიკითხეთ ფილიპელების 2:8). დაფიქრდი, რა გადაიტანა მან დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს: ის დააპატიმრეს, ცრუმოწმეებმა ცილი დასწამეს, უპატიოსნო მოსამართლეებმა მსჯავრი დასდეს, ხალხმა მასხრად აიგდო და ჯარისკაცებმა აწამეს. უკანასკნელი ამოსუნთქვისას, როდესაც ძელზე იყო გაკრული, იესომ თქვა: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). სიკვდილიდან მესამე დღეს ზეციერმა მამამ იესო აღადგინა როგორც სულიერი ქმნილება (1 პეტრე 3:18). რამდენიმე კვირაში ის ზეცას დაუბრუნდა და „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“. ამის შემდეგ იესო ელოდებოდა გამეფებას და ძალაუფლების მიღებას (ებრაელები 10:12, 13).
22. რა არის იმის შედეგი, რომ იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა?
22 რა არის იმის შედეგი, რომ იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა? ამის წყალობით ჩვენ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცა, როგორც ეს იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა განზრახული. მომდევნო თავში განხილული იქნება, თუ როგორ გახდა ეს იესოს სიკვდილით შესაძლებელი.
a მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შესრულდა იესოზე დანიელის წინასწარმეტყველება, იხილეთ დანართი „როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?“.
b ვინაიდან იეჰოვა შემოქმედია, მას ეწოდება მამა (ესაია 64:8). რამდენადაც იესო ღმერთმა შექმნა, მას ეწოდება ღვთის ძე. ამავე მიზეზების გამო სხვა სულიერი ქმნილებები და თვით ადამიც კი ღვთის შვილებად იწოდებიან (იობი 1:6; ლუკა 3:38).
c დამატებითი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ იესო ღვთის თანასწორი არ არის, იხილეთ დანართში „ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ“.
-
-
გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარირას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
თავი 5
გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი
რა არის გამოსასყიდი?
როგორ მოხდა გამოსყიდვა?
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შენთვის?
როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ მადლიერი ხარ გამოსასყიდისთვის?
1, 2. ა) როდის არის შენთვის საჩუქარი ძალიან ძვირფასი? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარია?
რა უჩუქებიათ შენთვის, რასაც საუკეთესო საჩუქარს უწოდებდი? აუცილებელი არაა, რომ კარგი საჩუქარი ძვირადღირებული იყოს. საჩუქრის ღირებულება ხომ მაინცდამაინც ფასით არ განისაზღვრება. როცა გვჩუქნიან იმას, რაც სიხარულს გვანიჭებს ან ნამდვილად გვჭირდება, საჩუქარს ჩვენთვის დიდი ფასი აქვს.
2 მაგრამ არსებობს საჩუქარი, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ეს არის საჩუქარი თავად იეჰოვა ღმერთისგან. იეჰოვამ ბევრი რამ გვიბოძა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მან ჩვენთვის გაიღო, არის გამოსასყიდი — მისი ძის, იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე (წაიკითხეთ მათეს 20:28). ამ თავიდან დაინახავ, რომ გამოსასყიდი მართლაც უძვირფასესი საჩუქარია, რადგან მას შეუძლია ნამდვილი ბედნიერება მოგიტანოს და მოგცეს ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. გამოსასყიდით იეჰოვამ შენდამი უდიდესი სიყვარული გამოავლინა.
რა არის გამოსასყიდი?
3. რა არის გამოსასყიდი და რა შემთხვევაში დავინახავთ, რომ ეს მართლაც უძვირფასესი საჩუქარია?
3 მარტივად რომ ვთქვათ, გამოსასყიდი არის საშუალება, რომლის წყალობითაც იეჰოვამ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაიხსნა (ეფესოელები 1:7). ბიბლიის ამ სწავლებაში რომ გავერკვეთ, გავიხსენოთ, რა მოხდა ედემის ბაღში. საჭიროა, გვესმოდეს, თუ რა დაკარგა ადამმა, როცა შესცოდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავინახავთ, რატომაა გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარი.
4. რას ნიშნავდა ადამისთვის სრულყოფილი სიცოცხლე?
4 როცა იეჰოვამ ადამი შექმნა, უძვირფასესი საჩუქრით — სრულყოფილი სიცოცხლით — დააჯილდოვა. დაფიქრდი, რას ნიშნავდა ეს ადამისთვის. ვინაიდან ფიზიკურად და გონებრივად სრულყოფილი იყო, ადამი არასდროს გახდებოდა ავად, არასდროს დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ადამს, როგორც სრულყოფილ ადამიანს, იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამი „ღვთის ძე“ იყო (ლუკა 3:38). ასე რომ, ადამი იეჰოვა ღმერთთან ისევე ახლოს იყო, როგორც შვილი მამასთან. იეჰოვა ესაუბრებოდა თავის მიწიერ ძეს, სასიამოვნო დავალებებს აძლევდა და უხსნიდა, რას მოელოდა მისგან (დაბადება 1:28—30; 2:16, 17).
5. რა გაგებით არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ ღმერთმა ადამი „თავის ანარეკლად“ შექმნა?
5 ადამი ღმერთმა შექმნა „თავის ანარეკლად“ (დაბადება 1:27). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამი ღმერთს გარეგნულად ჰგავდა. როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იეჰოვა უხილავია (იოანე 4:24). იეჰოვას არა აქვს ფიზიკური სხეული. ადამი ღვთის „ანარეკლად“ იმ გაგებით იყო შექმნილი, რომ მას ისეთივე თვისებები ჰქონდა, როგორიც ღმერთს — მაგალითად, სიყვარული, სიბრძნე, სამართლიანობა და ძლიერება. ადამი სხვა მხრივაც ჰგავდა თავის მამას — მას ჰქონდა ნების თავისუფლება. ადამი არ ყოფილა დაპროგრამებული რობოტი. მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილებები და სწორსა და არასწორს შორის არჩევანი გაეკეთებინა. ადამი რომ ღვთის მორჩილი დარჩენილიყო, მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე სამოთხეში.
6. რა დაკარგა ადამმა თავისი დაუმორჩილებლობით და რა გავლენა იქონია ამან მის შთამომავლებზე?
6 დაუმორჩილებლობა ადამს საკმაოდ ძვირად დაუჯდა — მან სიკვდილი დაიმსახურა. ცოდვის გამო მან დაკარგა სრულყოფილი სიცოცხლე და ყველა ის კურთხევა, რაც მას სდევს თან (დაბადება 3:17—19). სამწუხაროდ, ადამმა თავის შთამომავლებსაც წაართვა შესაძლებლობა, სრულყოფილი სიცოცხლე ჰქონოდათ. ღვთის სიტყვა ამბობს: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). დიახ, ადამისგან მემკვიდრეობით ყველამ მივიღეთ ცოდვა. ამიტომაც ბიბლია ამბობს, რომ ადამმა საკუთარი თავიც და თავისი შთამომავლებიც, ასე ვთქვათ, ცოდვასა და სიკვდილს მიჰყიდა და დაუმონა (რომაელები 7:14). ვინაიდან ადამმა და ევამ შეგნებულად თქვეს უარი ღვთის მორჩილებაზე, სამუდამოდ დაკარგეს მომავლის იმედი. მაგრამ რის თქმა შეიძლება ადამისა და ევას შთამომავლებზე, მათ შორის ჩვენზე?
7, 8. ძირითადად, რა ორი მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „გამოსასყიდი“?
7 იეჰოვამ კაცობრიობა გამოსასყიდის საშუალებით დაიხსნა. ჩვეულებრივ, რას გულისხმობენ „გამოსასყიდში“? ეს სიტყვა, ძირითადად, ორი მნიშვნელობით გამოიყენება. პირველი: გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც გამოიხსნიან ან უკან იბრუნებენ ვინმეს ან რამეს. მაგალითად, საფასური შეიძლება ტყვეების გასათავისუფლებლად გადაიხადონ. მეორე: გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ფარავენ ან ანაზღაურებენ რამის ღირებულებას. ასეთი საფასური შეიძლება გადაიხადონ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. მაგალითად, თუ ვინმეს მიზეზით სხვები ზარალდებიან, მან სრულად უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
8 როგორ იქნებოდა შესაძლებელი იმ ყველაფრის სრულად ანაზღაურება, რაც ადამის შეცოდების გამო თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ? როგორ შეიძლებოდა ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან ჩვენი დახსნა? განვიხილოთ, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შენთვის.
რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად?
9. როგორი გამოსასყიდის გაღება იყო საჭირო?
9 ადამმა სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. ამიტომ ამ დანაკარგს ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე ვერ აანაზღაურებდა (ფსალმუნი 49:7, 8). საჭირო იყო ისეთი გამოსასყიდის გაღება, რომელიც სრულად დაფარავდა იმის ღირებულებას, რაც დაიკარგა. ეს შეესაბამება სრულყოფილი სამართლიანობის პრინციპს, რომელიც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი: „სულის სანაცვლოდ სული“ (კანონი 19:21). რა დაფარავდა ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილი სიცოცხლის ღირებულებას? სხვა სრულყოფილი სიცოცხლე — „შესაბამისი გამოსასყიდი“ (1 ტიმოთე 2:6).
10. როგორ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი?
10 როგორ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი? მან დედამიწაზე გამოგზავნა ერთ-ერთი სრულყოფილი სულიერი ძე. იეჰოვამ თავისი არჩევანი უბრალოდ ნებისმიერ სულიერ ქმნილებაზე როდი შეაჩერა. მან ყველაზე საყვარელი, მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10). თავის მხრივ, ძემ ნებაყოფლობით დატოვა ზეცა (ფილიპელები 2:7). როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იეჰოვამ სასწაული მოახდინა და თავისი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ღვთის წმინდა სულის მოქმედების შედეგად, იესო სრულყოფილ და უცოდველ ადამიანად დაიბადა (ლუკა 1:35).
იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო მსხვერპლად
11. როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მილიონობით ადამიანის გამოსყიდვა?
11 როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მილიონობით ადამიანის გამოსყიდვა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავფიქრდეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მილიონობით ადამიანი ცოდვის მონობაში. გაიხსენე, რომ როცა ადამმა ცოდვა ჩაიდინა, სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. ასე რომ, ის სრულყოფილებას ვეღარ გადასცემდა თავის შთამომავლებს. მას მხოლოდ ცოდვისა და სიკვდილის გადაცემა შეეძლო. ბიბლია იესოს „უკანასკნელ ადამს“ უწოდებს. მას სრულყოფილი სიცოცხლე ჰქონდა და არასოდეს შეუცოდავს (1 კორინთელები 15:45). იესომ ჩვენი ხსნის მიზნით, ასე ვთქვათ, ადამის ადგილი დაიკავა. მან ნებაყოფლობით გაიღო საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე და ღვთისადმი უპირობო მორჩილება გამოავლინა, რის წყალობითაც კაცობრიობა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან გამოისყიდა. ამგვარად, იესომ ადამის შთამომავლები უიმედო მდგომარეობიდან დაიხსნა (რომაელები 5:19; 1 კორინთელები 15:21, 22).
12. რა დაამტკიცა იესომ უკიდურესად მძიმე განსაცდელის დროს?
12 ბიბლიაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა გადაიტანა იესომ სიკვდილის წინ — უმოწყალო გაშოლტვა, ძელზე გაკვრა და წამება (იოანე 19:1, 16—18, 30; დანართი „რატომ არ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ჯვარს თაყვანისცემის დროს?“). აუცილებელი იყო, რომ იესო ასე დატანჯულიყო? ამ წიგნის ერთ-ერთი მომდევნო თავიდან გავიგებთ, რომ სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ადამიანთა ერთგულება; მისი მტკიცებით, განსაცდელების დროს ღვთის მსახურები უღალატებდნენ იეჰოვას. უდიდესი ტანჯვის მიუხედავად, იესომ ერთგულება შეინარჩუნა და ამგვარად საუკეთესოდ უპასუხა სატანის გამოწვევას. იესომ დაამტკიცა, რომ, რა მზაკვრული ხერხისთვისაც არ უნდა მიემართა ეშმაკს, ნების თავისუფლებით დაჯილდოებულ სრულყოფილ ადამიანს შეეძლო ღვთისადმი სრულყოფილი ერთგულების შენარჩუნება. უეჭველია, იეჰოვა ძალიან გაახარა საყვარელი ძის ერთგულებამ! (იგავები 27:11).
13. როგორ მოხდა გამოსასყიდის გადახდა?
13 როგორ მოხდა გამოსასყიდის გადახდა? იეჰოვამ დაუშვა, რომ ახ. წ. 33 წელს, ებრაული კალენდრის მიხედვით, 14 ნისანს, მისი სრულყოფილი და უცოდველი ძე მომკვდარიყო. ამგვარად, იესომ „მხოლოდ ერთხელ“ გაიღო მსხვერპლად თავისი სრულყოფილი სიცოცხლე (ებრაელები 10:10). სიკვდილიდან მესამე დღეს იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო, როგორც სულიერი ქმნილება. ზეცაში იესომ ღმერთს წარუდგინა მსხვერპლად შეწირული სრულყოფილი სიცოცხლის საფასური, რომელიც მან ადამის შთამომავლობის გამოსასყიდად გაიღო (ებრაელები 9:24). იეჰოვამ მიიღო იესოს მსხვერპლის საფასური, როგორც ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან კაცობრიობის დასახსნელად გაღებული გამოსასყიდი (წაიკითხეთ რომაელების 3:23, 24).
რას შეიძლება ნიშნავდეს გამოსასყიდი შენთვის?
14, 15. რა უნდა გავაკეთოთ, ცოდვები რომ მოგვეტევოს?
14 მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, გამოსასყიდის წყალობით ენით აუწერელი კურთხევების მიღება შეგვიძლია. განვიხილოთ, რის მოცემა შეუძლია ჩვენთვის ამ უძვირფასეს საჩუქარს ახლაც და მომავალშიც.
15 ცოდვების მიტევება. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ჩვენთვის ნამდვილად არ არის ადვილი იმის კეთება, რაც სწორია. სიტყვით თუ საქმით ყველა ვცოდავთ. მაგრამ იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდის საფუძველზე „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლოსელები 1:13, 14). ღმერთმა რომ გვაპატიოს ცოდვები, აუცილებელია, გულწრფელად მოვინანიოთ. გარდა ამისა, იეჰოვას თავმდაბლურად უნდა ვთხოვოთ ცოდვების პატიება მისი ძის მიერ გადახდილი გამოსასყიდისადმი ჩვენი რწმენის საფუძველზე (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:8, 9).
16. რა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღმერთს სუფთა სინდისით ვცეთ თაყვანი, და რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა სინდისი?
16 სუფთა სინდისი ღვთის წინაშე. სინდისის ქენჯნის გამო შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს და თავი უღირსად ვიგრძნოთ. მაგრამ იეჰოვა ღმერთი გამოსასყიდის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს, რითაც ჩვენდამი სიკეთეს ავლენს და შესაძლებლობას გვაძლევს, არასრულყოფილების მიუხედავად, სუფთა სინდისით ვცეთ თაყვანი (ებრაელები 9:13, 14). ამის წყალობით შეგვიძლია იეჰოვასთან „სიტყვაში სითამამე“ გვქონდეს და თავისუფლად მივუახლოვდეთ მას ლოცვის მეშვეობით (ებრაელები 4:14—16). სუფთა სინდისი სულის სიმშვიდეს გვაძლევს, პირადი ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში გვეხმარება და ბედნიერებას გვანიჭებს.
17. რა კურთხევების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა?
17 დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — ნათქვამია რომაელების 6:23-ში. ამავე მუხლში ვკითხულობთ: „ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. ამ წიგნის მე-3 თავში განვიხილეთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე სამოთხეში (გამოცხადება 21:3, 4). მარადიული სიცოცხლის, სრულყოფილი ჯანმრთელობისა და სხვა კურთხევების მიღება იმის წყალობითაა შესაძლებელი, რომ იესო მოკვდა ჩვენთვის. ამ ყველაფრის მისაღებად ჩვენი მხრიდან აუცილებელია, მადლიერება გამოვავლინოთ გამოსასყიდისთვის.
როგორ შეგიძლია მადლიერების გამოვლენა?
18. რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი გამოსასყიდისთვის?
18 რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი გამოსასყიდისთვის? ვინმესგან საჩუქრის მიღება განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ამისთვის მას საკმაო დრო, ძალისხმევა ან თანხა დასჭირდა. საჩუქარი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება, როცა ხედავ, რომ ის სიყვარულით გაჩუქეს. გამოსასყიდი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან იეჰოვამ ამისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო. „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“, — ნათქვამია იოანეს 3:16-ში. გამოსასყიდი ყველაზე ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ. გამოსასყიდი იესოს სიყვარულზეც მეტყველებს, რადგან მან ჩვენთვის ნებაყოფლობით გასწირა სიცოცხლე (წაიკითხეთ იოანეს 15:13). დიახ, გამოსასყიდმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ იეჰოვას და მის ძეს თითოეული ჩვენგანი ვუყვარვართ (გალატელები 2:20).
თუ იეჰოვას შესახებ მეტს გაიგებ, მადლიერებას გამოავლენ მის მიერ გაღებული გამოსასყიდისთვის
19, 20. როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ მადლიერი ხარ გამოსასყიდისთვის?
19 მაშ, როგორ შეგიძლია იმის ჩვენება, რომ მადლიერი ხარ ღვთის ამ საჩუქრისთვის, გამოსასყიდისთვის? უპირველესად, უფრო მეტი გაიგე იეჰოვას შესახებ, ვისგანაც ეს საჩუქარი მივიღეთ (იოანე 17:3). თუ ამ სახელმძღვანელოს საშუალებით შეისწავლი ბიბლიას, უკეთ გაიცნობ იეჰოვას. რაც უფრო მეტს გაიგებ იეჰოვას შესახებ, მით უფრო მეტად შეიყვარებ მას. ასეთი სიყვარული კი მისი ნების შესრულების სურვილს აღგიძრავს (1 იოანე 5:3).
20 გამოავლინე რწმენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ. იესოს შესახებ ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:36). რა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ გვწამს იესო? რწმენა მხოლოდ სიტყვებში არ ვლინდება. იაკობის 2:26-ში ნათქვამია, რომ რწმენა „მკვდარია საქმეების გარეშე“. დიახ, ნამდვილი რწმენა „საქმეებით“ უნდა დამტკიცდეს. იესოსადმი რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა, ყოველმხრივ შევეცადოთ, მივბაძოთ მას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც (იოანე 13:15).
21, 22. ა) რატომ უნდა დავესწროთ უფლის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება? ბ) რა საკითხს შევეხებით მე-6 და მე-7 თავებში?
21 დაესწარი უფლის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე იესომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, საღამოს, დააწესა და ის ბიბლიაში „უფლის ვახშმად“ არის მოხსენიებული (1 კორინთელები 11:20; მათე 26:26—28). მას ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც ეწოდება. ეს საღამო იესომ იმიტომ დააწესა, რომ მოციქულებს და ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ხსომებოდათ, რომ მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გამოსასყიდად გაიღო. ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). როდესაც გახსენების საღამოს აღვნიშნავთ, საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ჩვენ მიმართ. თუ ყოველწლიურად დავესწრებით გახსენების საღამოს, მადლიერებას გამოვავლენთ გამოსასყიდისთვის.a
22 გამოსასყიდი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია იეჰოვასგან (2 კორინთელები 9:14, 15). ამ უძვირფასეს ძღვენს სიკეთის მოტანა გარდაცვლილთათვისაც კი შეუძლია. მე-6 და მე-7 თავებში ამ საკითხს შევეხებით.
a უფლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი „უფლის გახსენების საღამო — მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს“.
-