-
ისტორია, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმასაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2016 | No. 4
-
-
მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი
ისტორია, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა
ბიბლიას ვერც ერთი რელიგიური წიგნი ვერ შეედრება. საუკუნეების მანძილზე არც ერთ სხვა წიგნს არ მოუხდენია ხალხის რელიგიურ შეხედულებებზე ისეთი ძლიერი გავლენა, როგორიც ბიბლიას. ამის მიუხედავად, სწორედ ბიბლია იყო ერთადერთი წიგნი, რომელმაც საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა.
მაგალითად, ზოგ სწავლულს ეეჭვება, რომ ბიბლიის ტექსტმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ერთი რელიგიათმცოდნე აღნიშნავს: „დაბეჯითებით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ თანამედროვე ბიბლიის ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. ჩვენ დღეს ხელი მიგვიწვდება ბიბლიის ხელნაწერების ასლებზე, რომლებიც დედნისეული ტექსტის დაწერიდან საუკუნეების შემდეგ გაკეთდა და რომლებშიც უამრავი შეცდომაა დაშვებული“.
სხვები ბიბლიის უტყუარობას თავიანთი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე აყენებენ ეჭვქვეშ. მაგალითად, ფიზელს, რომელიც არაქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, ასწავლიდნენ, რომ ბიბლია წმინდა წიგნი იყო, თუმცა სახეცვლილი. ფიზელი ამბობს: „ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით ვუყურებდი მათ, ვინც ბიბლიაზე მესაუბრებოდა, რადგან ვიცოდი, რომ ორიგინალი ტექსტი აღარ არსებობდა“.
აქვს იმას მნიშვნელობა, შეიცვალა თუ არა ბიბლიის ტექსტი? დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ენდობოდით ბიბლიაში ჩაწერილ სასიხარულო დანაპირებს, თუ არ იქნებოდით დარწმუნებული, რომ ორიგინალშიც იგივე ეწერა? (რომაელები 15:4). იხელმძღვანელებდით ბიბლიური პრინციპებით სამსახურთან, ოჯახთან ან თაყვანისცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, თუკი გადამწერების მიერ ბიბლიის ტექსტში უამრავი შეცდომა იქნებოდა დაშვებული?
მართალია, ბიბლიის ორიგინალი ხელნაწერი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ, საბედნიეროდ, ხელი მიგვიწვდება ამ წიგნის ათასობით უძველეს ხელნაწერზე. როგორ გადაურჩა ბიბლია განადგურებას, როგორ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობას და როგორ შემოინახა დღემდე უცვლელი სახით? ამ ყველაფრის ცოდნა დაგარწმუნებთ, რომ თქვენს ხელთ არსებული ბიბლიის ტექსტი ნამდვილად სანდოა. მომდევნო სტატიები მოგვითხრობს ამ სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნის ისტორიას.
-
-
ბიბლია გადაურჩა განადგურებასსაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2016 | No. 4
-
-
მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი
ბიბლია გადაურჩა განადგურებას
რა საფრთხე ემუქრებოდა: ბიბლიის დამწერები და გადამწერები ტექსტს, ძირითადად, პაპირუსსა და პერგამენტზე წერდნენa (2 ტიმოთე 4:13). რატომ არსებობდა დიდი საშიშროება, რომ ამ საწერ მასალაზე დაწერილი ბიბლიის ტექსტი დროთა განმავლობაში დაკარგულიყო?
პაპირუსი ადვილად ცვდება, ხუნდება და იხევა. ეგვიპტოლოგები რიჩარდ პარკინსონი და სტეფან კუერკი აღნიშნავენ: „დროის სვლასთან ერთად პაპირუსის ქაღალდის ბოჭკოები ისე შეიძლება დაიშალოს, რომ მისგან ერთი მუჭა მტვერიღა დარჩეს; ნესტიან ადგილას შენახული ეს საწერი მასალა დაობდეს ან დალპეს კიდეც, მიწაში ჩამარხულ გრაგნილებს კი მღრღნელებმა და მწერებმა, განსაკუთრებით ტერმიტებმა, მოუღონ ბოლო“. მაგალითად, აღმოჩენის შემდეგ პაპირუსზე შესრულებული ზოგიერთი ისედაც დაზიანებული ხელნაწერი ნესტმა და სინათლემ კიდევ უფრო გააფუჭა.
პერგამენტი პაპირუსზე გაცილებით გამძლე მასალაა, თუმცა არასათანადო კლიმატურ პირობებში, მაგალითად ნესტიან ან ნათელ ადგილას, შესაძლოა ისიც დაზიანდეს.b პაპირუსის მსგავსად, პერგამენტს მწერებიც უქმნიან საფრთხეს. აქედან გამომდინარე, როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, „უძველესი ხელნაწერები რომ დღემდე შემოინახა, გამონაკლისი უფროა, ვიდრე კანონზომიერება“ (Everyday Writing in the Graeco-Roman East). თუ ის მასალა, რომელზეც ბიბლიის ტექსტი დაიწერა, განადგურდებოდა, მაშინ ბიბლიური ცნობაც უკვალოდ გაქრებოდა.
როგორ მოაღწია ჩვენამდე: ისრაელის მეფეები ვალდებულნი იყვნენ, გადაეწერათ კანონი, რომელშიც ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი შედიოდა (კანონი 17:18). გარდა ამისა, არსებობდნენ დახელოვნებული გადამწერები, რომლებმაც იმდენი ხელნაწერი დაამზადეს, რომ ახ. წ. I საუკუნეში არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შორეული მაკედონიის სინაგოგებშიც კი ინახებოდა (ლუკა 4:16, 17; საქმეები 17:11). როგორ მოაღწია ჩვენამდე ზოგიერთმა უძველესმა ხელნაწერმა?
გამოქვაბულში, თიხის ჭურჭელში შენახულმა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა, რომლებიც მშრალ კლიმატურ რეგიონში აღმოაჩინეს, საუკუნეებს გაუძლო
„ებრაელები გრაგნილებს თიხის დოქებსა და ქილებში ინახავდნენ, რათა ადვილად არ დაზიანებულიყო“, — აღნიშნავს ფილიპ კომფორტი, რომელიც „ახალ აღთქმას“ შეისწავლის. როგორც ჩანს, ქრისტიანებიც მათ კვალს მიჰყვნენ. ამიტომ იმ რეგიონებში, სადაც შედარებით მშრალი კლიმატია, ბიბლიის ზოგი უძველესი ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა თიხის ქილებში, საკუჭნაოებსა და გამოქვაბულებში.
შედეგი: დღეს ჩვენამდე მოაღწია ბიბლიის ათასობით ხელნაწერის ფრაგმენტმა, რომელთაგანაც ზოგი 2 000 წელზე მეტს ითვლის. ამდენი რაოდენობით დღემდე არც ერთი უძველესი ნაშრომის ხელნაწერი არ შემონახულა.
a პაპირუსი არის საწერი მასალა, რომელსაც ამავე სახელწოდების მქონე წყლის მცენარისგან ამზადებდნენ, პერგამენტს კი — ცხოველის ტყავისგან.
b მაგალითად, პერგამენტზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტი — ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია — რომელიც დაახლოებით 250 წელს ითვლის, იმდენად გახუნდა და გაიცრიცა, რომ თითქმის შეუძლებელია მასზე დაწერილი ტექსტის წაკითხვა.
-
-
ბიბლიამ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობასსაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2016 | No. 4
-
-
მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი
ბიბლიამ გაუძლო არაერთ წინააღმდეგობას
რა საფრთხე ემუქრებოდა: საუკუნეების მანძილზე ბევრი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერი ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიბლია ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო უბრალო ხალხისთვის. ისინი ხშირად ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას, რათა შეეჩერებინათ ამ წიგნის თარგმნა და გავრცელება. მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.
დაახლოებით ძვ. წ. 167 წელს სელევკიდების მეფე ანტიოქე ეპიფანემ, რომელიც იუდეველებს ბერძნული წეს-ჩვეულებებისა და რელიგიის მიღებას აიძულებდა, ბრძანება გასცა, რომ ებრაული წერილების ყველა ასლი უკლებლივ გაენადგურებინათ. როგორც ისტორიკოსი ჰაინრიხ გრეტსი წერდა, მეფის განკარგულებით, მისმა ხელქვეითებმა „დახიეს და დაწვეს ყველა გრაგნილი, რომელზეც კანონის სიტყვები ეწერა. აგრეთვე დახოცეს ყველა, ვინც არ უშინდებოდა მეფის ბრძანებას და მაინც კითხულობდა წმინდა წერილებს“.
შუა საუკუნეებში ზოგი კათოლიკური ეკლესიის ლიდერი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ხალხი კათოლიკურ მოძღვრებებზე მეტად ბიბლიურ სწავლებებს ეცნობოდა. ამიტომ ყველას, ვისაც ლათინურ ენაზე შესრულებული „ფსალმუნების“ გარდა, ბიბლიის რომელიმე წიგნს უპოვიდნენ, ერეტიკოსებად რაცხავდნენ. ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც, სასწრაფოდ უნდა შემოეარათ ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული, გაეჩხრიკათ ყველა ის სახლი და სარდაფი, რომლებიც რაიმე ეჭვს იწვევდა, მოეძებნათ ერეტიკოსები და დაეხოცათ ისინი.
ბიბლიის მტრებს რომ თავიანთი მიზნისთვის მიეღწიათ და წმინდა წერილები გაენადგურებინათ, მაშინ ბიბლიური ცნობაც უკვალოდ გაქრებოდა.
უილიამ ტინდალის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია გადაურჩა განადგურებას, თავად ტინდალი კი ამის გამო 1536 წელს სიკვდილით დასაჯეს
როგორ მოაღწია ჩვენამდე: მეფე ანტიოქე მხოლოდ ისრაელში ავიწროებდა ებრაელებს და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ცდილობდა ბიბლიის ხელნაწერების ასლების განადგურებას, მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან იუდეველთა სათვისტომოები სხვა მრავალ ქვეყანაშიც არსებობდა. სწავლულების აზრით, ახ. წ. I საუკუნეში ისრაელის საზღვრებს გარეთ იუდეველთა 60 პროცენტზე მეტი ცხოვრობდა. ისინი თავიანთ სინაგოგებში ინახავდნენ წმინდა წერილების ასლებს, რომელთაც მოგვიანებით შემდგომი თაობები, მათ შორის ქრისტიანები, იყენებდნენ (საქმეები 15:21).
შუა საუკუნეებში ისინი, ვისთვისაც ბიბლია ძალიან ძვირფასი წიგნი იყო, არ უშინდებოდნენ არანაირ წინააღმდეგობას და განაგრძობდნენ მის თარგმნასა და გადაწერას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბიბლიის ესა თუ ის მონაკვეთი XV საუკუნის შუა პერიოდისთვის, სანამ საბეჭდ დაზგას გამოიგონებდნენ, უკვე 33 ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბიბლიის თარგმნისა და გამოცემის საქმე საგრძნობლად დაჩქარდა.
შედეგი: ძლევამოსილი მეფეებისა და სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლია დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. ბიბლიამ დიდი გავლენა იქონია ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაზე, მათი ენის განვითარებასა და აგრეთვე მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე.
-
-
ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწიასაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2016 | No. 4
-
-
მასორეტები დიდი სიფრთხილით იწერდნენ ბიბლიის ტექსტს
მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი
ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია
რა საფრთხე ემუქრებოდა: ბიბლიას ვერაფერი დააკლო ვერც ჟამთა სვლამ და ვერც მისმა დაუძინებელმა მტრებმა. თუმცა ზოგ გადამწერსა და მთარგმნელს ჰქონდათ მცდელობა, შეეცვალათ მასში ჩაწერილი ცნობა. მათ სურდათ, ბიბლია თავიანთი სწავლებებისთვის მოერგოთ და არა — პირიქით. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
თაყვანისმცემლობის ადგილი: ძვ. წ. IV—II საუკუნეებში სამარიული ხუთწიგნეულის დამწერებმა გამოსვლის 20:17-ს დაუმატეს ასეთი სიტყვები: „ . . . გერიზიმის მთაზე უნდა ააგო სამსხვერპლო“. ამგვარად სამარიელები იმედოვნებდნენ, რომ მათ უკვე ბიბლიური საფუძველი ექნებოდათ გერიზიმის მთაზე ტაძრის ასაგებად.
სამების მოძღვრება: ბიბლიის წერის დასრულებიდან 300 წელიც არ იყო გასული, რომ ერთმა სამების მოძღვრების მომხრემ 1 იოანეს 5:7-ს ასეთი სიტყვები დაამატა: „ . . . ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). თუმცა დედნისეულ ტექსტში ეს სიტყვები არ წერია. როგორც ბიბლეისტი ბრუს მეცგერი აღნიშნავს, „VI საუკუნიდან მოყოლებული ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად გვხვდება წმინდა წერილების ძველ ლათინურ ხელნაწერებსა და [ლათინურ] ვულგატაში“.
ღვთის სახელი: ბევრმა მთარგმნელმა გადაწყვიტა, მიჰყოლოდა ებრაელთა ცრურწმენას და ღვთის სახელი ამოეღო წმინდა წერილებიდან. მათ ღვთის სახელი ჩაანაცვლეს ტიტულებით „ღმერთი“ და „უფალი“, თუმცა ეს ტიტულები ბიბლიაში გამოყენებულია არა მხოლოდ შემოქმედთან, არამედ ადამიანებთან, ცრუთაყვანისმცემლობის საგნებთან და ეშმაკთან მიმართებითაც კი (იოანე 10:34, 35; 1 კორინთელები 8:5, 6; 2 კორინთელები 4:4).a
როგორ მოაღწია ჩვენამდე: მართალია, ბიბლიის ზოგი გადამწერი ამ საქმეს დაუდევრად ეკიდებოდა ან განზრახ ცვლიდა ტექსტს, მაგრამ, საბედნიეროდ, ბევრი მათგანი თავის საქმეში დახელოვნებული იყო და გადაწერის დროს დიდ სიფრთხილეს იჩენდა. ახ. წ. VI—X საუკუნეებში ებრაული წერილების ასლებს მასორეტები აკეთებდნენ, რომლებიც დღეს მასორული ტექსტის სახელითაა ცნობილი. ისინი შეცდომების თავიდან არიდების მიზნით ტექსტში სიტყვებსა და ასოებს ითვლიდნენ; როდესაც შეცდომებს პოულობდნენ, შენიშვნებს არშიაზე აკეთებდნენ. მასორეტები თვითნებურად არ ცვლიდნენ ბიბლიის ტექსტს. პროფესორი მოშე გოშენ-გოტსტაინი აღნიშნავს: „ისინი თვლიდნენ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულს ჩაიდენდნენ, თუ მიზანმიმართულად შეიტანდნენ ტექსტში ცვლილებებს“.
დღეს ბიბლიის უამრავი ხელნაწერი მკვლევრებს უადვილებს, მასში უზუსტობები აღმოაჩინონ. მაგალითად, რელიგიური წინამძღოლები საუკუნეების განმავლობაში არწმუნებდნენ ხალხს, რომ ლათინური თარგმანები ზუსტად შეესაბამებოდა დედნისეულ ტექსტს, მიუხედავად იმისა, რომ 1 იოანეს 5:7-ში უკვე ჩამატებული ჰქონდათ ზემოხსენებული მცდარი სიტყვები. ეს დამახინჯებული აზრი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინგლისურ ბიბლიაში, „მეფე ჯეიმზის თარგმანშიც“, გაიპარა. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სხვა ხელნაწერებიც აღმოაჩინეს, ყველაფერს ნათელი მოეფინა. ბიბლეისტმა ბრუს მეცგერმა დაწერა: „[1 იოანეს 5:7-ში ჩამატებული] მონაკვეთი ლათინურის გარდა, არც ერთ უძველეს ხელნაწერში (სირიული, კოპტური, სომხური, ეთიოპური, არაბული და სლავური) არ გვხვდება“. ამიტომ „მეფე ჯეიმზის თარგმანიდან“ და ბიბლიის სხვა გადამუშავებული თარგმანებიდან ამოიღეს ყველა დამატებული ფრაზა.
ახ. წ. 200 წლით დათარიღებული ჩესტერ ბიტის პაპირუსი (P-46)
ამტკიცებს უძველესი ხელნაწერები, რომ ბიბლიურმა ცნობამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია? 1947 წელს, როდესაც მკვდარი ზღვის ხელნაწერები აღმოაჩინეს, სწავლულებს შესაძლებლობა მიეცათ, ეს გრაგნილები მასორეტების მიერ ზედმიწევნით გადაწერილ ებრაულ ტექსტთან შეედარებინათ. აღსანიშნავია, რომ მკვდარი ზღვის ხელნაწერები მასორული ტექსტის შედგენამდე ათასზე მეტი წლის წინათ გაკეთდა. მკვდარი ზღვის ხელნაწერების შემსწავლელმა ერთმა სპეციალისტმა დაასკვნა, რომ „ერთი გრაგნილის შესწავლაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ებრაელი გადამწერები დიდი სიზუსტითა და სიფრთხილით იწერდნენ ბიბლიის ტექსტს“.
დუბლინში (ირლანდია), ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში ინახება პაპირუსზე შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თითქმის ყველა ხელნაწერი; მათ შორისაა ახ. წ. II საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები, რომლებიც ბიბლიის წერის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ გაკეთდა. ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნულია: „გარდა იმისა, რომ ეს პაპირუსები ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტექსტის შესახებ, ისინი იმაზეც მოწმობენ, რომ გადამწერები ბიბლიურ ტექსტს დიდი სიზუსტით იწერდნენ“ (The Anchor Bible Dictionary).
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“
შედეგი: ვერც წლებმა და ვერც ხელნაწერების სიმრავლემ ვერაფერი დააკლო ბიბლიურ ცნობას, პირიქით, ამის წყალობით მან უცვლელი სახით მოაღწია ჩვენამდე. სწავლულმა ფრედერიკ კენიონმა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებთან დაკავშირებით აღნიშნა: „სხვა არც ერთ უძველეს წიგნს არ გააჩნია ასეთი სარწმუნო და მდიდარი მტკიცებულებები და ვერც ერთი ობიექტური სწავლული ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ჩვენს ხელთ არსებული ბიბლიის ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს“. ებრაული წერილების შესახებ კი ბიბლეისტმა უილიამ ჰენრი გრინმა დაწერა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიზუსტით არც ერთი უძველესი ნაშრომის ასლები არ გაკეთებულა!“.
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“, გვერდები 1—11; აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com.
-
-
ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია?საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2016 | No. 4
-
-
მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი
ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია?
რაოდენ სასიხარულოა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია და თავისუფლად შეგვიძლია გავეცნოთ მას! როდესაც ბიბლიის სანდო თარგმანს ვკითხულობთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს.a მაგრამ ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ გაუძლო არასათანადო კლიმატურ პირობებს, არაერთ წინააღმდეგობას და დღემდე უცვლელი სახით შემოინახა? რატომ არის ეს წიგნი ასეთი განსაკუთრებული?
„ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის საჩუქარია!“
ბევრმა, ვინც ბიბლიას სწავლობს, ისეთივე დასკვნა გააკეთა, როგორიც მოციქულმა პავლემ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). მათ სჯერათ, რომ ბიბლიამ ჩვენამდე იმიტომ მოაღწია, რომ ის ღვთის სიტყვაა და სწორედ მან დაიცვა განადგურებისგან. ფიზელმა, რომელიც შესავალ სტატიაში მოვიხსენიეთ, გადაწყვიტა, შეესწავლა ბიბლია და თავად დარწმუნებულიყო მის სანდოობაში. ის გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ რასაც ქრისტიანული რელიგიები ასწავლიდნენ, არ შეესაბამებოდა ბიბლიურ სწავლებებს. უფრო მეტიც, იგი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ მალე ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.
ფიზელი გვიზიარებს: „ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის საჩუქარია! განა ღმერთს, რომელმაც სამყარო შექმნა, არ ექნებოდა იმის ძალა, რომ თავისი სიტყვა დღემდე შემოენახა? წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ღმერთი არ ყოფილა ყოვლისშემძლე. ვინა ვარ მე, რომ ღვთის ძალაში ეჭვი შევიტანო?!“ (ესაია 40:8).
a ამავე ჟურნალის 2008 წლის 1 მაისის ნომერში იხილეთ სტატია „ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?“.
-