ართურ და ნელი კლაუსები ადრიანად მივიდნენ დარბაზში, რომ კარგი ადგილები დაეკავებინათ. „გაფაციცებით ვუსმენდი მოხსენებას“, — ამბობს ართური. მოულოდნელად მან მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო და იძულებული გახდა, დაეტოვებინა დარბაზი, არადა იცოდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. მომწესრიგებელმა უთხრა მას: „ასეთ დროს როგორ ტოვებ დარბაზს?!“. მაგრამ ართურს არჩევანი არ ჰქონდა.
მოგვიანებით შენობის გარეთ მყოფ ართურს მქუხარე აპლოდისმენტების ხმა შემოესმა. რადგან ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნით, ისეთ ადგილს დაუწყო ძებნა, საიდანაც შეძლებდა მოხსენების მოსმენას. მან იპოვა ასასვლელი და სახურავზე აძვრა, იქიდან კი სანათურის ღია ფანჯრიდან ჩაძვრა შენობაში.
ართურმა დაინახა საგონებელში ჩავარდნილი რამდენიმე ძმა, რომლებიც მომხსენებელს დაჰყურებდნენ. მათ მითითება ჰქონდათ, რომ პლაკატის ჩამოსაშვებად თოკები ერთდროულად გადაეჭრათ. მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი დანა სჭირდებოდათ. საბედნიეროდ, ართურს თან ჰქონდა პატარა დანა. ის და სხვა ძმები მოემზადნენ და ნიშანს დაელოდნენ — როგორც კი ძმა რუტერფორდი მეორედ იტყოდა „აუწყეთ!“, მათ თოკები უნდა გადაეჭრათ.
ამ მომენტის თვითმხილველები ყვებოდნენ, რა ლამაზად დაეშვა დიდი ფერადი პლაკატი, რომლის ცენტრშიც იესო იყო გამოსახული.
მოგვიანებით ძმებმა ართურს უთხრეს, რომ სახურავზე მათი ასვლის შემდეგ კიბე წაიღეს. რადგან დახმარებას ვეღარავის სთხოვდნენ, ილოცეს, რომ იეჰოვას ისეთი ძმა გამოეგზავნა, რომელსაც დანა ექნებოდა. ძმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვამ მოისმინა მათი ლოცვა და უჩვეულო სახით უპასუხა.