-
არის სიცოცხლის რომელიმე ფორმა მარტივი?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
უჯრედის დამცავი კედელი
პროკარიოტულ უჯრედში რომ ვიმოგზაუროთ, ამ წინადადების ბოლოში დასმულ წერტილთან შედარებით ასჯერ უნდა დავპატარავდეთ. უჯრედში ადვილად ვერ შეაღწევთ მაგარი და ამავე დროს დრეკადი მემბრანის გამო, რომელიც უჯრედს ისევე ეკვრის გარს, როგორც ქარხანას აგურის კედელი. მემბრანა ისეთი თხელია, რომ 10 000 ერთმანეთზე დალაგებული უჯრედის მემბრანის სისქე ფურცლის სისქეს უტოლდება. მაგრამ მემბრანა აგებულებით აგურის კედელზე გაცილებით რთულია. რა გაგებით?
ქარხნის კედელივით მემბრანაც უჯრედის შიგთავსს გარე საზიანო ფაქტორებისგან იცავს. მაგრამ მემბრანა ნახევარგამტარია; მისი მეშვეობით ჟანგბადის მცირე ზომის მოლეკულები უჯრედში შედიან და გამოდიან, რაც უჯრედს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს. მაგრამ მემბრანა უჯრედის ნებართვის გარეშე შიგ შეღწევის საშუალებას არ აძლევს უჯრედისთვის სახიფათო რთულ მოლეკულებს. ამავე დროს მემბრანა არც უჯრედისთვის საჭირო მოლეკულებს უშვებს გარეთ. როგორ ახერხებს ამას ის?
მოდით, ისევ ქარხანას დავუბრუნდეთ. მას ჰყავს დაცვა, რომელიც აკონტროლებს, ვინ შედის ქარხანაში და ვინ გამოდის. მსგავსადვე უჯრედის მემბრანაში არის სპეციალური ცილის მოლეკულები, რომლებიც შესასვლელში დაცვასავით „დგანან“.
უჯრედის მემბრანას ჰყავს „დაცვა“, რომელიც უჯრედში გარკვეული ნივთიერებების შესვლასა და გამოსვლას აკონტროლებს
ამ ცილებიდან ზოგიერთს (1) ცენტრში აქვს ხვრელი, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ტიპის მოლეკულები უჯრედში შედიან ან გამოდიან. ზოგიერთი ცილა უჯრედის მემბრანის ერთ მხარეს არის გახსნილი, (2) მეორე მხარეს კი დახურული. მას აქვს პატარა სადგური, (3) სადაც სპეციალური ნივთიერებები შედიან. როდესაც ნივთიერებები ერთად მოიყრიან თავს, (4) ცილის მეორე მხარე იხსნება და ტვირთს მემბრანის გავლით უჯრედში ატარებს. ეს ყოველივე უმარტივესი უჯრედის ზედაპირზე ხდება.
-