საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდებო, მზად ხართ მოსანათლად?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
    • ხალხი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალგაზრდა ბიჭის ნათლობას; იქვე დგას ერთი ახალგაზრდა, რომელიც ეჭვის თვალით იყურება

      ახალგაზრდებო, მზად ხართ მოსანათლად?

      „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკ. 14:28).

      სიმღერები: 120, 64

      რა ისწავლეთ?

      • რას ნიშნავს მოწიფულობა და რით დაამტკიცა დანიელმა, რომ მოწიფული იყო?

      • როგორ უნდა გაიგო, მონათვლა უშუალოდ შენი სურვილია თუ არა?

      • რას ნიშნავს ღვთისადმი თავის მიძღვნა და რა კავშირია მიძღვნასა და ნათლობას შორის?

      ეს და მომდევნო სტატიები განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც მონათვლა სურთ.

      1, 2. ა) რა ახარებს დღეს ღვთის ხალხს? ბ) როგორ უნდა დაანახვონ ქრისტიანმა მშობლებმა და უხუცესებმა ახალგაზრდებს ნათლობის მნიშვნელობა?

      «პატარაობიდან გიცნობ, — უთხრა ერთმა უხუცესმა 12 წლის კრისტოფერს. — მიხარია, რომ მონათვლის სურვილი გამოთქვი. ერთ რამეს გკითხავ: „რატომ გინდა მონათვლა?“». უხუცესმა მას მართებული კითხვა დაუსვა. რასაკვირველია, ყველას უზომოდ გვიხარია, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა რომ ინათლება (ეკლ. 12:1). თუმცა, როცა ახალგაზრდები მონათვლის სურვილს გამოთქვამენ, ქრისტიანი მშობლები და კრების უხუცესები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი მონათვლის გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილით იღებენ, და თანაც გააზრებულად.

      2 ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ ქრისტიანები იეჰოვასგან კურთხევებს იღებენ, ხოლო სატანისგან წინააღმდეგობას ხვდებიან (იგავ. 10:22; 1 პეტ. 5:8). ამიტომ ქრისტიანი მშობლები დროს უთმობენ თავიანთ შვილებს და ასწავლიან, თუ რას გულისხმობს ქრისტეს მოწაფეობა. იმ ახალგაზრდებს კი, ვისაც ქრისტიანი მშობლები არ ჰყავთ, კრების უხუცესები ასწავლიან, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მოწაფედ ყოფნა (წაიკითხეთ ლუკას 14:27—30). მაგალითად, მშენებლობა რომ წარმატებით დასრულდეს, კარგი დაგეგმვაა საჭირო. მსგავსად ამისა, იეჰოვას რომ ბოლომდე ერთგულად ემსახურო, წინასწარ მომზადებაა საჭირო (მათ. 24:13). მაგრამ რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება იეჰოვას ემსახურონ? ამაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ.

      3. ა) როგორ გვანახვებს ნათლობის მნიშვნელობას იესოსა და პეტრეს სიტყვები? (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 3:21) ბ) რომელი კითხვების ირგვლივ ვიმსჯელებთ და რატომ?

      3 ახალგაზრდებო, ვისაც მონათვლა გსურთ, ქებას იმსახურებთ. მართლაც, მონათვლა უდიდესი პატივია. ნათლობის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ხდებით. ამასთანავე, ქრისტეს მოწაფეებისთვის მონათვლა სავალდებულო ნაბიჯია და აუცილებელია ხსნისთვის (მათ. 28:19, 20; 1 პეტ. 3:21). თუმცა ნათლობისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინასწარ მომზადებაა საჭირო; წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ იმ პირობის შესრულება, რომელსაც იეჰოვას მისცემთ. იმის განსაზღვრაში, მზად ხართ თუ არა მონათვლისთვის, ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ: 1) ვარ იმდენად მოწიფული, რომ მოვინათლო? 2) მონათვლა ჩემი სურვილია? 3) მესმის ღვთისადმი თავის მიძღვნის მნიშვნელობა? მოდი, ამ კითხვების ირგვლივ ქვემოთ ვიმსჯელოთ.

      რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საკმარისად მოწიფული ხარ

      4, 5. ა) რატომ არ უნდა მოინათლონ მხოლოდ ისინი, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია? ბ) რას ნიშნავს მოწიფულობა?

      4 ბიბლია არ გვეუბნება, რომ მხოლოდ ისინი უნდა მოინათლონ, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია. იგავების 20:11-ში ვკითხულობთ: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“. აქედან გამომდინარე, მოზარდსაც შეუძლია, განსაზღვროს, რა არის სწორი და თავი მიუძღვნას შემოქმედს. ამიტომ მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, მართებულიც, რომ ვინც გარკვეულ მოწიფულობას მიაღწია და თავი მიუძღვნა იეჰოვას, მოინათლოს (იგავ. 20:7).

      5 მოწიფულობა მხოლოდ სრულწლოვანებას არ ნიშნავს. ბიბლია მოწიფულ ადამიანს უწოდებს მას, ვისაც გაწაფული აქვს აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად (ებრ. 5:14). მაშასადამე, მოწიფულმა იცის, რა არის სწორი იეჰოვას თვალში და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმის კეთება, რაც სწორია. ამიტომ მას ცუდს ადვილად ვერ გააკეთებინებ; ასეთ ადამიანს სწორის საკეთებლად არც მუდმივად სხვისი კარნახი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მოზარდი, რომელიც ინათლება, ღვთის ნორმებს იმ შემთხვევაშიც კი დაიცავს, როცა მის გვერდით არც მშობლები და არც უფროსები არ იქნებიან (შეადარეთ ფილიპელების 2:12).

      6, 7. ა) რა პრობლემების წინაშე დადგა დანიელი ბაბილონში? ბ) რით დაამტკიცა დანიელმა, რომ მოწიფული იყო?

      6 მართლა შესაძლებელია, რომ მოზარდები მოწიფულები იყვნენ? გავიხსენოთ ბიბლიური პერსონაჟის, დანიელის მაგალითი. დანიელი, სავარაუდოდ, მოზარდი იყო, როცა მშობლებს მოსწყვიტეს და ბაბილონში წაიყვანეს. იგი ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც სწორისა და არასწორის შესახებ სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. დანიელი სხვა პრობლემის წინაშეც დადგა; მას, როგორც ახალგაზრდას, რომელიც მეფის წინაშე უნდა წარედგინათ, განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ (დან. 1:3—5, 13). დანიელს ბაბილონში ისეთი მომავალი ელოდა, როგორიც ისრაელში შეიძლება არასოდეს ჰქონოდა.

      7 ხომ არ მოხიბლავდა მას ბაბილონის სამეფო კარის ფუფუნება? ან ხომ არ შეცვლიდა მას ახალი გარემო? ანდა რწმენას ხომ არ შეუსუსტებდა? არამც და არამც. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბაბილონში მყოფმა დანიელმა „გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა“ იმით, რაც ცრუთაყვანისმცემლობასთან იყო დაკავშირებული (დან. 1:8). მან ამგვარად შესაშური მოწიფულობა გამოიჩინა.

      ახალგაზრდა ისე როდი იქცევა, რომ სამეფო დარბაზში ღვთის მეგობარი იყოს, ხოლო სკოლაში — ქვეყნიერების

      მოწიფული ახალგაზრდა ისე როდი იქცევა, რომ სამეფო დარბაზში ღვთის მეგობარი იყოს, ხოლო სკოლაში — ქვეყნიერების (იხილეთ მე-8 აბზაცი)

      8. რის სწავლა შეგიძლია დანიელისგან?

      8 რის სწავლა შეგიძლია დანიელისგან? როგორც მისი შემთხვევიდან გამოჩნდა, მოწიფულ ახალგაზრდას შეუძლია მყარი პოზიცია დაიკავოს. ის არ ჰგავს ქამელეონს, რომელიც გარემო პირობების მიხედვით იცვლის ფერს. იგი ისე როდი იქცევა, რომ სამეფო დარბაზში ღვთის მეგობარი იყოს, ხოლო სკოლაში — ქვეყნიერების. როდესაც ის რწმენის გამოცდებს ხვდება, კი არ მერყეობს, სიმტკიცეს ინარჩუნებს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:14, 15).

      9, 10. ა) რა მხრივ შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდას იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეხვდა ბოლო დროს რწმენის გამოცდებს? ბ) რას ნიშნავს ნათლობა?

      9 რასაკვირველია, სრულყოფილი არავინაა. შეცდომებს ყველა უშვებს — დიდიც და პატარაც (ეკლ. 7:20). მთავარია, მონათვლამდე კარგად გააანალიზო, რამდენად მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი იეჰოვას პრინციპებით ცხოვრება. როგორ უნდა განსაზღვრო ეს? ჰკითხე საკუთარ თავს: რას აჩვენებს ჩემი ქრისტიანული ცხოვრება, ვიცავ ღვთის მოთხოვნებს? დაფიქრდი, როგორ მოიქეცი ბოლო დროს, როცა რწმენის გამოცდებს შეხვდი. აჩვენა შენმა საქციელმა, რომ გამჭრიახი ხარ და შეგიძლია სწორის არასწორისგან გარჩევა? მაგრამ როგორ მოიქცევი იმ შემთხვევაში, თუ სატანის ქვეყნიერებაში იმისკენ გიბიძგებენ, რომ შენი ნიჭი კარიერის შესაქმნელად გამოიყენო? შეგიძლია მაშინაც კი მიჰყვე იეჰოვას ნებას, როცა იმის ცდუნება გაქვს, რაც მის ნებას ეწინააღმდეგება? (ეფეს. 5:17).

      10 ამ კითხვებზე ფიქრი დაგანახვებს, თუ რა პასუხისმგებლობა სდევს ნათლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნათლობით საჯაროდ ადასტურებ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას, რომ მთელი გულით გეყვარება იგი და მარადიულად ემსახურები მას (მარ. 12:30). ვინც ინათლება, ამ პირობის შესრულება მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:4, 5).

      მონათვლა შენი სურვილია?

      11, 12. ა) რაში უნდა დარწმუნდეს ის, ვისაც მონათვლა სურს? ბ) რა დაგეხმარება, სწორი წარმოდგენა გქონდეს ნათლობაზე?

      11 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას ხალხი, მათ შორის ახალგაზრდები, „მზადყოფნით გამოვა“, რათა მას ემსახუროს (ფსალმ. 110:3). ამიტომ, თუ მონათვლა გსურს, უნდა დარწმუნდე, რომ ეს უშუალოდ შენი სურვილია. ამისათვის კი თვითშემოწმება გჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრისტიანულ ოჯახში იზრდები.

      12 წლების განმავლობაში შენ თვალწინ ალბათ არაერთი ადამიანი მონათლულა, მათ შორის შენი თანატოლები, შესაძლოა დედმამიშვილებიც კი. აქედან გამომდინარე, შეიძლება იფიქრო, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველა ახალგაზრდა უნდა მოინათლოს. რა დაგეხმარება, რომ სწორი წარმოდგენა გქონდეს ნათლობაზე, იეჰოვას ამ ღონისძიებაზე? ხშირად იფიქრე იმაზე, თუ რატომ არის ნათლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამის ზოგიერთი მიზეზი ამ და მომდევნო სტატიებშია მოყვანილი.

      13. როგორ უნდა გაიგო, მონათვლა უშუალოდ შენი სურვილია თუ არა?

      13 როგორ უნდა გაიგო, მონათვლა უშუალოდ შენი სურვილია თუ არა? ეს შენი ლოცვებიდან გამოჩნდება. ის, თუ რამდენად ხშირად და კონკრეტულად ლოცულობ, ცხადყოფს, რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს იეჰოვასთან (ფსალმ. 25:4). ღმერთი ლოცვებზე თავისი სიტყვის მეშვეობით გვპასუხობს. ამიტომ თუ ბიბლიას გულმოდგინედ იკვლევ, აქედანაც ჩანს, ნამდვილად გსურს თუ არა იეჰოვასთან დაახლოება და მისადმი მთელი გულით მსახურება (იეს. 1:8). ჰკითხე საკუთარ თავს: ვლოცულობ თუ არა კონკრეტულ საკითხებზე? მაქვს თუ არა რეგულარული პირადი შესწავლა? თუ თქვენს ოჯახში თაყვანისცემის საღამო ტარდება, დაუსვი საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა: სიამოვნებით ვმონაწილეობ ამ ღონისძიებაში? შენი პასუხებიდან დაინახავ, არის თუ არა მონათვლა უშუალოდ შენი სურვილი.

      ღვთისადმი თავის მიძღვნის მნიშვნელობა

      14. რა სხვაობაა მიძღვნასა და ნათლობას შორის?

      14 ზოგი ახალგაზრდა მიძღვნასა და ნათლობას შორის სხვაობას ვერ ხედავს. ისინი ამბობენ, რომ მონათვლისთვის ჯერ მზად არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე მიუძღვნეს თავი იეჰოვას. რამდენად ლოგიკურია ეს? როცა ადამიანი ღმერთს თავს უძღვნის, ეუბნება, რომ მარადიულად მისი მსახური იქნება, ხოლო, როცა ინათლება, სხვები ხედავენ, რომ მან ღმერთს უკვე მიუძღვნა თავი. ამგვარად, ნათლობა ლოცვაში იეჰოვასთვის თავის მიძღვნის საჯარო დადასტურებაა. მონათვლამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რომ მიძღვნის მნიშვნელობა სწორად გესმის.

      15. რას ნიშნავს მიძღვნა?

      15 როდესაც თავს უძღვნი იეჰოვას, საკუთარი თავი შენ აღარ გეკუთვნის. მიძღვნით მას აღუთქვამ, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ მის ნებას დააყენებ (წაიკითხეთ მათეს 16:24). ნებისმიერ პირობას სერიოზულად უნდა მოეკიდო, მით უმეტეს იეჰოვასთვის მიცემულ პირობას! (მათ. 5:33). მაგრამ რით უნდა აჩვენო, რომ საკუთარი თავი უარყავი და ახლა იეჰოვას ეკუთვნი? (რომ. 14:8).

      16, 17. ა) რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) ფაქტობრივად, რას ეუბნება ღმერთს ის, ვინც მას თავს უძღვნის?

      16 დავუშვათ, მეგობარი მანქანას გჩუქნის. გაძლევს კუთვნილების დამადასტურებელ მოწმობას და გეუბნება: „მანქანა შენია, ოღონდ გასაღები მე მექნება; მანქანის მძღოლიც მე ვიქნები“. მოგეწონებოდა ასეთი „საჩუქარი“? რას იფიქრებდი შენს მეგობარზე?

      17 მოდი, ახლა დაფიქრდი, რას მოელის იეჰოვა იმ ადამიანისგან, ვინც თავს უძღვნის მას და ეუბნება: „ჩემი სიცოცხლე შენია, შენ გეკუთვნის“. დავუშვათ, მერე ეს ადამიანი ორმაგი სტანდარტებით იწყებს ცხოვრებას, მაგალითად, ურთიერთობას საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე; ან თანხმდება ისეთ სამსახურს, რომელიც ხელს უშლის მთელი გულით მსახურებასა თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში. განა ეს იგივე არ იქნება, რომ მანქანის გასაღები მან თავისთვის დაიტოვოს? ის, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, მას, ფაქტობრივად, ეუბნება: „ჩემი სიცოცხლე, პირველ რიგში, შენ გეკუთვნის. თუ ოდესმე ჩვენი სურვილები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც შენ გსურს“. ასე ფიქრობდა იესოც, რომელმაც თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოან. 6:38).

      18, 19. ა) როგორ აჩვენებს როუზისა და კრისტოფერის სიტყვები, რომ მონათვლა უდიდესი პატივია და ამ ნაბიჯს კურთხევები მოჰყვება? ბ) შენ როგორ უყურებ მონათვლას?

      18 ნათლობა სერიოზული ნაბიჯია, რასაც ზერელედ არც შენ და არც სხვები არ უნდა მოეკიდონ. მეორე მხრივ, მიძღვნა და მონათვლა უდიდესი პატივია. ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ იეჰოვა და ესმით მიძღვნის მნიშვნელობა, არც თავს იკავებენ მონათვლისგან და არც ნანობენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ერთი მოზარდი, სახელად როუზი, რომელიც მონათლულია, ამბობს: „მიყვარს იეჰოვა. არაფერი მანიჭებს ისეთ ბედნიერებას, როგორსაც მისადმი მსახურება. ცხოვრებაში ჩემი ყველაზე გააზრებული გადაწყვეტილება მონათვლა იყო“.

      19 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული 12 წლის კრისტოფერიც მოინათლა. მისი გადაწყვეტილებაც გააზრებული იყო. იგი ძალიან ბედნიერია იმით, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. 17 წლის ასაკში კრისტოფერმა პიონერად დაიწყო მსახურება, ხოლო 18 წლის ასაკში მომსახურედ დაინიშნა. დღეს კი იგი ბეთელში მსახურობს. კრისტოფერი ამბობს: „სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოვინათლე. მიხარია, რომ იეჰოვას ვემსახურები; ის საქმე, რასაც მის ორგანიზაციაში ვაკეთებ, კმაყოფილებას მანიჭებს“. თუ მონათვლა გინდა, როგორ უნდა მოემზადო ამისთვის? ამ კითხვას პასუხი მომდევნო სტატიაში გაეცემა.

  • ახალგაზრდებო, როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის?
    საგუშაგო კოშკი — 2016 | მარტი
    • ახალგაზრდა იტარებს პირად შესწავლას, კითხულობს ბიბლიას, ალაგებს სამეფო დარბაზს და ქადაგებს

      ახალგაზრდებო, როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის?

      „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:8).

      სიმღერები: 51, 58

      როგორ უპასუხებთ?

      • რას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები: „რაშიც დარწმუნებულხარ“?

      • რა იგულისხმება „წმინდა საქციელსა“ და „ღვთისადმი ერთგულებაში“?

      • როგორ გაგიღრმავებს იეჰოვასადმი მადლიერებას გამოსასყიდზე ფიქრი?

      1, 2. ა) რატომ არის ნათლობა სერიოზული ნაბიჯი? ბ) რაში უნდა დარწმუნდეს ადამიანი მონათვლამდე და რატომ?

      გსურს, მოინათლო? მონათვლა ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება წილად ხვდეს ადამიანს. თუმცა, როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ეს არის საჯარო დადასტურება იმისა, რომ თავი მიუძღვენი იეჰოვას, ანუ მტკიცედ აღუთქვი, რომ მარადიულად ემსახურები მას და ცხოვრებაში ყველაფერზე წინ მისი ნების შესრულებას დააყენებ. მონათვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიიღო, როცა ამისთვის მზად იქნები, როცა ეს უშუალოდ შენი სურვილით იქნება ნაკარნახევი და როცა მიძღვნის მნიშვნელობა გეცოდინება.

      2 როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხვდები, ხარ თუ არა მზად მონათვლისთვის ან თუ შენი მშობლები ფიქრობენ, რომ ჯერ ადრეა მონათვლა და ჯობია, მეტი გამოცდილება შეიძინო ქრისტიანული ცხოვრების გზაზე? როგორც არ უნდა იყოს, გულს ნუ გაიტეხ! ეს დრო იმისთვის გამოიყენე, რომ ნათლობისთვის მოემზადო და უახლოეს მომავალში მოინათლო. ამისათვის საჭიროა ისეთი მიზნების დასახვა, რომლებიც დაგეხმარება: 1) დარწმუნდე, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, 2) დაინახო, როგორ იქცევი და 3) იყო ღვთის მადლიერი.

      დარწმუნდი, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა

      3, 4. რის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ტიმოთესგან?

      3 როგორ უპასუხებდი შემდეგ კითხვებს: რა მარწმუნებს ღვთის არსებობაში? რის საფუძველზე მჯერა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია? რატომ ვფიქრობ, რომ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება სჯობია ქვეყნიური ნორმებით ცხოვრებას? ამ კითხვების დასმის მიზანი ეჭვების ჩათესვა როდია. ეს კითხვები დაგეხმარება, ყურად იღო პავლე მოციქულის რჩევა, რომლის თანახმადაც უნდა დარწმუნდე, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). რატომ უნდა გაითვალისწინო ეს რჩევა?

      4 მოვიყვანოთ ბიბლიური პერსონაჟის, ტიმოთეს მაგალითი. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები, რომელიც დედისგან და ბებიისგან ჩვილობიდან ჰქონდა ნასწავლი. თუმცა პავლემ მას მაინც მისცა რჩევა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“ (2 ტიმ. 3:14, 15). ტიმოთემ გაითავისა ჭეშმარიტება, არა იმიტომ, რომ დედა და ბებია მოუწოდებდნენ ამისკენ, არამედ იმიტომ, რომ თავად დარწმუნდა ამაში (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:21).

      5, 6. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე იხელმძღვანელო რჩევით „ყველაფერში დარწმუნდი“?

      5 რა შეიძლება ითქვას შენზე? ჭეშმარიტება შეიძლება დიდი ხანია იცი. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ გააანალიზებ, რა უდევს საფუძვლად შენს მრწამსს. ეს უფრო გაამყარებს შენს რელიგიურ შეხედულებებს და დაგეხმარება, არ მოექცე თანატოლების გავლენაში, არ წამოეგო ქვეყნიერების პროპაგანდას და არ აჰყვე გულისთქმას.

      6 თუ თავიდანვე იხელმძღვანელებ რჩევით „ყველაფერში დარწმუნდი“, მომზადებული იქნები საიმისოდ, რომ გონივრული პასუხები გასცე შენს თანატოლებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „რა გარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი არსებობს?“, „რატომ უშვებს მოსიყვარულე ღმერთი ბოროტებას?“, „როგორ შეიძლება, რომ ღმერთს ყოველთვის ეარსება?“. როცა მომზადებული იქნები, ასეთი კითხვები რწმენას კი არ შეგირყევს, პირიქით, წაგახალისებს, რომ დამატებით გამოიკვლიო ესა თუ ის საკითხი.

      7—9. როგორ დაგეხმარება ონლაინ რუბრიკა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, დარწმუნდე, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა?

      7 საფუძვლიანი პირადი შესწავლა დაგეხმარება კითხვებზე პასუხების გაცემაში, ეჭვების გაქარწყლებასა და რელიგიური შეხედულებების გამყარებაში (საქ. 17:11). პირად შესწავლაში დამხმარე სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგალითად, ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს ჩვენი ვებ-გვერდის jw.org ონლაინ რუბრიკით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (ბიბლიური სწავლებები/ახალგაზრდები). ამ რუბრიკის თემები ისეა შედგენილი, რომ უფრო მეტად დარწმუნდე ამა თუ იმ ბიბლიური საკითხის ჭეშმარიტებაში.

      8 იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლია შენთვის ნაცნობი წიგნია, ამ რუბრიკაში დასმულ კითხვებს შეიძლება მაშინვე უპასუხო. მაგრამ რა გარწმუნებს, რომ შენი პასუხები სწორია? ზემოაღნიშნული კითხვები საშუალებას მოგცემს, დაფიქრდე ბიბლიურ მუხლებზე და შემდეგ შენი შეხედულებები წერილობით ჩამოაყალიბო. გარდა ამისა, ეს კითხვები დაგეხმარება, მოიფიქრო, როგორ აუხსნა სხვას შენი ბიბლიური შეხედულებები. რუბრიკა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ რაც სწამთ, ჭეშმარიტებაა. თუ ამ რუბრიკაზე ხელი მიგიწვდება, ჩართე ის შენი პირადი შესწავლის პროგრამაში.

      9 თუ თავად დარწმუნდები, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, ეს ნათლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ერთმა მოზარდმა დამ აღნიშნა: „ბიბლიის შესწავლამ დამანახვა, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგია იყო, რის შემდეგაც მონათვლა გადავწყვიტე. ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ რაც მწამს, ჭეშმარიტებაა“.

      შენი საქციელი

      10. რატომ უნდა ვლინდებოდეს მონათლული ქრისტიანის რწმენა მის საქციელში?

      10 ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკ. 2:17). თუ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ რაც გწამს, ჭეშმარიტებაა, ეს შენს საქციელშიც უნდა ვლინდებოდეს. როგორი უნდა იყოს შენი საქციელი? ბიბლია მოგიწოდებს „წმინდა საქციელისა და ღვთისადმი ერთგულებისკენ“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11).

      11. რა იგულისხმება „წმინდა საქციელში“?

      11 „წმინდა საქციელში“ ზნეობრივად სუფთა ცხოვრება იგულისხმება. დაფიქრდი საკუთარ ქცევებზე. რა აჩვენა შენმა ცხოვრებამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ გაწაფული გაქვს „აღქმის უნარი“ კარგისა და ცუდის გასარჩევად? (ებრ. 5:14). შეგიძლია გაიხსენო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც არ აჰყევი ამა თუ იმ ცდუნებას ან თანატოლების ზეწოლას გაუძელი? სკოლაში შენი საქციელით როგორ შთაბეჭდილებას უქმნი სხვებს შენს რწმენაზე? იცავ ხოლმე შენს რწმენას, თუ თანაკლასელებს ჰყვები იმის შიშით, რომ არ დაგცინონ? (1 პეტ. 4:3, 4). ფაქტია, სრულყოფილი არავინ არის. რწმენის საჯაროდ დაცვა ზოგჯერ შეიძლება მათაც კი გაუჭირდეთ, ვინც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურება. თუმცა ის, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას, იამაყებს იმით, რომ ღვთის სახელს ატარებს, და ამას თავისი საქციელით ცხადყოფს.

      12. რა იგულისხმება „ღვთისადმი ერთგულებაში“ და როგორი განწყობა უნდა გქონდეს სულიერი საქმეების მიმართ?

      12 რა იგულისხმება „ღვთისადმი ერთგულებაში“? სულიერი საქმეები, მათ შორის, კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. მასში აგრეთვე შედის ლოცვა და პირადი შესწავლა, რასაც, სხვები, როგორც წესი, ვერ ხედავენ. ვინც თავს მიუძღვნის იეჰოვას, ეს საქმეები მას ტვირთად კი არ ექცევა, არამედ სიხარულს მოჰგვრის. მას ისეთივე განწყობა ექნება, როგორიც მეფე დავითს ჰქონდა, რომელმაც დაწერა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8).

      13, 14. ა) რა დაგეხმარება „ღვთისადმი ერთგულებისკენ“ სწრაფვაში? ბ) როგორ ეხმარება „სამუშაო ფურცელი“ ახალგაზრდებს?

      13 სულიერი მიზნების დასახვაში დაგეხმარება „სამუშაო ფურცელი“, რომელიც მოცემულია წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2, გვერდები 308, 309). „სამუშაო ფურცელში“ შეგიძლია პასუხი გასცე ისეთ კითხვებს როგორიცაა: „ლოცულობ ხოლმე კონკრეტულ საკითხებზე?“, „როგორ გამოხატავ ლოცვებში იეჰოვასადმი სიყვარულს?“, „რას იკვლევ ხოლმე პირადი შესწავლის დროს?“, „დადიხარ საქადაგებლად მაშინაც კი, თუ შენი მშობლები არ ქადაგებენ?“. „სამუშაო ფურცელში“ აგრეთვე შეგიძლია ჩამოწერო, რომელი მიზნების დასახვა დაგეხმარება ლოცვების, პირადი შესწავლისა თუ მსახურების გაუმჯობესებაში.

      14 „სამუშაო ფურცელი“ ნათლობის მსურველ არაერთ ახალგაზრდას დაეხმარა. ერთ-ერთი მათგანია და ტილდა, რომელიც ამბობს: «„სამუშაო ფურცელზე“ ჩემს მიზნებს ვწერდი ხოლმე. შემდეგ ვცდილობდი, თითოეული მიზნისთვის მიმეღწია. დაახლოებით ერთ წელიწადში უკვე მზად ვიყავი მოსანათლად». „სამუშაო ფურცელი“ ახალგაზრდა ძმას, პატრიკსაც დაეხმარა. იგი იხსენებს: „მიზნები დასახული მქონდა, მაგრამ როდესაც ჩამოვწერე, უფრო მოვინდომე, რომ მიმეღწია ამ მიზნებისთვის“.

      ახალგაზრდა კომენტარს აკეთებს კრების შეხვედრაზე

      გააგრძელებ იეჰოვასადმი მსახურებას მაშინაც კი, თუ შენი მშობლები მიატოვებენ მას? (იხილეთ მე-15 აბზაცი)

      15. რატომ უნდა იყოს მიძღვნა შენი პირადი გადაწყვეტილება?

      15 „სამუშაო ფურცელში“ ერთი მეტად საყურადღებო შეკითხვაა დასმული: „გააგრძელებ იეჰოვასადმი მსახურებას მაშინაც კი, თუ შენი მშობლები და მეგობრები მიატოვებენ მას?“. გახსოვდეს, რომ როგორც მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანი, ღვთის წინაშე პირადად ხარ ანგარიშვალდებული. შენ იმის გამო არ უნდა ემსახურებოდე იეჰოვას, რომ შენი მშობლები ან შენი მეგობრები ემსახურებიან მას. „წმინდა საქციელითა და ღვთისადმი ერთგულებით“ შეგიძლია აჩვენო, რომ გათავისებული გაქვს ჭეშმარიტება და ნათლობისთვის ემზადები.

      იყავი მადლიერი

      16, 17. ა) რამ უნდა აღგძრას მონათვლისკენ? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ უნდა ვიყოთ გამოსასყიდისთვის მადლიერნი?

      16 ერთხელ მოსეს კანონის მცოდნემ იესოს ჰკითხა: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“. იესომ მიუგო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:35—37). იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქრისტიანის საქმეებს იეჰოვას მთელი გულით სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. იმავეს თქმა შეიძლება ნათლობაზეც. ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმაზე ფიქრია, თუ რაოდენ დიდი მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ, როდესაც თავისი ძე შემოგვწირა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15; 1 იოანეს 4:9, 19). გამოსასყიდსა და მის მნიშვნელობაზე ფიქრი უდავოდ აღგიძრავს მადლიერებას, რაც შენს საქმეებში აისახება.

      17 წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ დახრჩობას გადაგარჩინა. სახლში მისვლისთანავე დაგავიწყდებოდა, რა გააკეთა მან შენთვის? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, მისგან ძალიან დავალებულად იგრძნობდი თავს! მან ხომ სიცოცხლე გაჩუქა! იეჰოვასა და იესოსგან უფრო მეტად ვართ დავალებულნი. რომ არა გამოსასყიდი, თითოეულ ჩვენგანს ცოდვა და სიკვდილი გვშთანთქავდა. მაგრამ ღმერთმა უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჩვენდამი და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცა.

      18, 19. ა) რატომ არ უნდა გეშინოდეს იეჰოვასთვის თავის მიძღვნის? ბ) როგორ გაგიუმჯობესებს იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრებას?

      18 მადლიერი ხარ იეჰოვასი იმის გამო, რაც მან შენთვის გააკეთა? მაშინ მიუძღვენი თავი ღმერთს და მოინათლე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიძღვნა ნიშნავს იეჰოვასთვის პირობის მიცემას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შეასრულებ მის ნებას. უნდა გეშინოდეს ამ აღთქმის დადების? რა თქმა უნდა, არა. გახსოვდეს, რომ იეჰოვას შენთვის საუკეთესო სურს; იგი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). იეჰოვასთვის თავის მიძღვნა, მონათვლა და მსახურება ცხოვრებას არ გაგიუარესებს, პირიქით, გაგიუმჯობესებს. 24 წლის ძმა, რომელიც ათი წლისაც არ იყო, რომ მოინათლა, ამბობს: „უფრო დიდი რომ ვყოფილიყავი, უფრო მეტი მეცოდინებოდა, მაგრამ პატარაობაშივე რომ მივუძღვენი თავი იეჰოვას, ამან ქვეყნიერებისგან დამიცვა“.

      19 როგორ განსხვავდება იეჰოვა სატანისგან, რომელსაც სურს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოს! სატანა თავის მხარდამჭერებს ისეთს არაფერს სთავაზობს, რაც მათ მარადიულ კეთილდღეობას მოუტანს, და ვერც შესთავაზებს. მას არანაირი სასიხარულო ამბავი და არანაირი იმედი არ გააჩნია. რაც არა აქვს, რას შემოგთავაზებს?! ის შენ უიმედო მომავლის მეტს ვერაფერს დაგპირდება, რადგან ასეთი მომავალი თავად მას ელის (გამოცხ. 20:10).

      20. რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ, რომ მოემზადოს მიძღვნისა და ნათლობისთვის? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „სულიერ ზრდაში დაგეხმარება . . .“)

      20 მართლაც, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად? თუ დიახ, ნუ დააყოვნებ. მაგრამ თუ გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო გჭირდება, იხელმძღვანელე ამ სტატიაში მოცემული რჩევებით. პავლე მოციქულმა ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა: „რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ“ (ფილ. 3:16). თუ ამ მითითებას გაითვალისწინებ, მალე მიუძღვნი თავს იეჰოვას და მოინათლები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება