-
შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
ისწავლეთ იესოსგან
7. ზოგი მშობლისგან განსხვავებით, როგორ ავლენდა იესო ინტერესსა და თანაგრძნობას „ადამის მოდგმის“ მიმართ?
7 სამწუხაროდ, ყველა მშობელი არ თვლის, რომ შვილები ღვთისგან ბოძებული ჯილდოა. ბევრი ნაკლებად უთმობს ყურადღებას ბავშვებს. ასეთი მშობლები არ ირეკლავენ იეჰოვასა და მისი ძის თვალსაზრისს (ფსალმუნები 26:10; ესაია 49:15). გავიხსენოთ, როგორ ეპყრობოდა იესო ბავშვებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედამიწაზე მოსვლამდეც კი, იესო, როგორც ძლიერი სულიერი პიროვნება ზეცაში, ‘ადამის მოდგმაში ნახულობდა სიხარულს’ (იგავები 8:31, სსგ). მას იმდენად უყვარდა ადამიანები, რომ ნებაყოფლობით გაიღო მსხვერპლად თავისი სიცოცხლე, რათა ჩვენ მარადიულად გვეცხოვრა (მათე 20:28; იოანე 10:18).
8. როგორი მაგალითი დაუტოვა იესომ მშობლებს?
8 დედამიწაზე მსახურებისას იესომ მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა მშობლებს. იესო დროს უთმობდა ბავშვებს და ამას მაშინაც აკეთებდა, როდესაც ძალიან გადატვირთული ან დაღლილი იყო. ის თვალყურს ადევნებდა მოედანზე მოთამაშე ბავშვებს და სწავლების დროს მაგალითად მოჰყავდა მათი საქციელი (მათე 11:16, 17). იესომ იცოდა, რომ იერუსალიმში უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. იქ უკანასკნელად ყოფნის დროს მასთან პატარები მიიყვანეს; იესოს მოწაფეები ცდილობდნენ, არ მიეშვათ ბავშვები მასთან. შესაძლოა, ისინი ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ იესო უფრო მეტად არ გადაღლილიყო. მაგრამ იესომ მოწაფეებს აზროვნება გაუსწორა და დაანახვა, რომ ‘სიხარულს ნახულობდა’ ბავშვებთან ყოფნით. მან თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“ (მარკოზი 10:13, 14).
9. რატომ არის საქმეები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიტყვები?
9 ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს. როგორ ვექცევით ბავშვებს, როდესაც ჩვენთან ყოფნა უნდათ თუნდაც მაშინ, როცა დაკავებულები ვართ? ვბაძავთ იესოს? ბავშვებს დრო და ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით, მშობლების მხრიდან. იესო სიხარულით უთმობდა დროს პატარებს. ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ გიყვართ ისინი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ საქმეები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. შვილებისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, არამედ მათზე ზრუნვით, ყურადღების გამოვლენითა და დროის გამოყოფით. თუმცა ამან შეიძლება სწრაფად ვერ გამოიღოს სასურველი შედეგი. საჭიროა მოთმინების გამოვლენა. ეს შესაძლებელია, თუ მივბაძავთ იესოს, რომელიც მოთმინებით ეპყრობოდა მოწაფეებს.
იესო მოთმინებასა და სიყვარულს ავლენდა
10. როგორ ასწავლიდა იესო მოწაფეებს თავმდაბლობას, და მოიტანა ამან მაშინვე შედეგი?
10 იესომ იცოდა, რომ მოწაფეებს შორის დიდების მოპოვების მიზნით მეტოქეობის სული არსებობდა. როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა, მათ ჰკითხა: «„რაზე კამათობდით გზაში?“ ყველა გაჩუმდა, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო». ნაცვლად იმისა, რომ გაეკიცხა ისინი, იესომ მოთმინება გამოავლინა და მაგალითის გამოყენებით შეეცადა, მათთვის თავმდაბლობა ესწავლებინა (მარკოზი 9:33—37). მიაღწია მან სასურველ შედეგს? მაშინვე არა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იაკობმა და იოანემ თავიანთი დედა მიაგზავნეს იესოსთან, რათა მათთვის ღვთის სამეფოში საპატიო ადგილი ეთხოვა. იესომ ამ შემთხვევაშიც გამოავლინა მოთმინება, რათა მათთვის აზროვნება გაესწორებინა (მათე 20:20—28).
11. ა) იესოსთან ერთად ზემოთა ოთახში შეკრებისას, რა არ გააკეთეს იესოს მოწაფეებმა, რაც ტრადიციის თანახმად მოითხოვებოდა? ბ) როგორ მოიქცა იესო, და მაშინვე გამოიღო თუ არა მისმა მცდელობამ შედეგი?
11 ახ. წ. 33 წელს, როდესაც პასექის დღესასწაული დადგა, იესომ გადაწყვიტა, ეს დღესასწაული უშუალოდ მოციქულებთან ერთად აღენიშნა. როცა ზემოთა ოთახში ავიდნენ, 12 მოციქულიდან არავინ გამოავლინა ინიციატივა, რომ ტრადიციის თანახმად, ერთმანეთისთვის მტვრიანი ფეხები დაებანათ. ჩვეულებრივ, ეს სათაკილო საქმედ ითვლებოდა, რომელსაც ოჯახში მსახური ასრულებდა ან დიასახლისი (1 მეფეთა 25:41; 1 ტიმოთე 5:10). როგორ დაწყდებოდა იესოს გული, როდესაც დაინახავდა, რომ მისი მოწაფეები კვლავაც დიდებისკენ ისწრაფოდნენ! ამიტომ, იესომ თავად დაბანა თითოეულ მათგანს ფეხები და შემდეგ მთელი გულით სთხოვა, მისთვის მიებაძათ და სხვებს მომსახურებოდნენ (იოანე 13:4—17). მიჰყვნენ ისინი იესოს მაგალითს? ბიბლია ამბობს, რომ იმავე ღამეს „ატყდა გაცხარებული დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი“ (ლუკა 22:24).
12. როგორ შეუძლიათ მშობლებს მიჰბაძონ იესოს და მთელი ძალისხმევა მოახმარონ შვილების აღზრდას?
12 მშობლებო, როდესაც შვილები არ ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს, ალბათ, უკეთ ხვდებით, რა გრძნობა დაეუფლებოდა იესო ქრისტეს მსგავს მდგომარეობაში. იესოს არ შეუწყვეტია მოწაფეების დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად იცვლიდნენ აზროვნებას. მისმა მოთმინებამ საბოლოოდ ნაყოფი გამოიღო (1 იოანე 3:14, 18). მშობლებო, იესოს მსგავსად, თქვენც გამოავლინეთ სიყვარული და მოთმინება და მთელი ძალისხმევა მოახმარეთ შვილების აღზრდას.
13. რატომ არ არის სწორი, რომ მშობელმა ცნობისმოყვარე ბავშვი სწრაფად მოიშოროს თავიდან?
13 ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს უყვართ ისინი და მათდამი ინტერესს ავლენენ. იესოს სურდა, სცოდნოდა, რას ფიქრობდნენ მისი მოწაფეები. ამიტომ ყოველთვის უსმენდა მათ, როცა კითხვებს უსვამდნენ. იესოს უნდოდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოწაფეების აზრი გაეგო (მათე 17:25—27). დიახ, ნაყოფიერი სწავლება ყურადღებით მოსმენასა და გულწრფელი ინტერესის გამოვლენას გულისხმობს. არ იქნებოდა სწორი, მშობელს ცნობისმოყვარე ბავშვი სწრაფად მოეშორებინა თავიდან ასეთი სიტყვებით: „თავი დამანებე! ვერ ხედავ, რომ დაკავებული ვარ?“ თუ მშობელი ნამდვილად დაკავებულია, მან უნდა უთხრას ბავშვს, რომ მის შეკითხვას მოგვიანებით უპასუხებს. პირობა კი უსათუოდ უნდა შეასრულოს. ამგვარად ბავშვი მიხვდება, რომ მშობელი ნამდვილად დაინტერესებულია მისით და უფრო ადვილად მიენდობა მას.
14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, იესოს მსგავსად, შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენა?
14 განა სიყვარულის გამოვლენა არ იქნება, თუ მშობელი მოეხვევა შვილს და გულში ჩაიკრავს? მშობლებს ამ მხრივაც შეუძლიათ იესოს მიჰბაძონ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:16). როგორ ფიქრობთ, რა გრძნობა დაეუფლათ პატარებს? რასაკვირველია, ასეთი თბილი მოპყრობის შედეგად უფრო მეტად მიუწევდათ გული იესოსკენ! თუ თქვენსა და შვილებს შორის ნამდვილი სიყვარული არსებობს, ისინი უფრო მეტი ხალისით დაგემორჩილებიან აღზრდის დროს.
რამდენი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს?
15, 16. ბავშვის აღზრდის როგორი მეთოდი გახდა პოპულარული და რამ განაპირობა ამ მეთოდის შემოღება?
15 ზოგიერთ მშობელს კითხვა ებადება, ნამდვილად თუ არის საჭირო, შვილებზე სიყვარულით ზრუნვას დროის დიდი ნაწილი დაუთმონ. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ბავშვის აღზრდის მეთოდი, რომელსაც „ხარისხიან დროს“ უწოდებენ. ამ მეთოდის მხარდამჭერთა აზრით, ბავშვისთვის საჭირო არ არის ბევრი დროს დათმობა; სრულიად საკმარისი იქნება, თუ კარგად მოფიქრებული განრიგის მიხედვით, მშობლები მათთან აზრიანად და ხარისხიანად გაატარებენ დროს. ეფექტურია ეს მეთოდი და ნამდვილად უწყობს ხელს ბავშვების კეთილდღეობას?
16 ერთი სპეციალისტი, რომელიც ბევრ ბავშვს გაესაუბრა, ამბობს: „უმრავლესობას უნდოდა, მშობლებს უფრო მეტი დრო გაეტარებინათ მათთან და მთელი ყურადღება მათთვის დაეთმოთ“. ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა კი აღნიშნა: «ეს ტერმინი [„ხარისხიანი დრო“] მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც მშობლებმა იგრძნეს, რომ ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ამით საკუთარ თავს ნება დართეს, შვილებისთვის ძალიან ცოტა დრო დაეთმოთ». რამდენი დრო უნდა დაუთმონ მშობლებმა შვილებს?
17. რა ესაჭიროებათ შვილებს?
17 ბიბლიაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რამდენი დრო უნდა დავუთმოთ შვილებს. მაგრამ ისრაელი მშობლების საყურადღებოდ რჯულში ეწერა, რომ უნდა ესაუბრათ შვილებთან სახლში ყოფნისას, სიარულისას, დაწოლისას თუ ადგომისას (მეორე რჯული 6:7). აქედან კარგად ჩანს, რომ მშობლებს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ შვილებთან და ყოველდღიურად ესწავლებინათ მათთვის.
18. როგორ იყენებდა იესო მოწაფეების სასწავლებლად ნებისმიერ შესაძლებლობას და რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს?
18 იესო თავის მოწაფეებს ჭამის, მოგზაურობისა და თვით დასვენების დროსაც კი ასწავლიდა, რასაც კარგი შედეგი მოჰქონდა. ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა (მარკოზი 6:31, 32; ლუკა 8:1; 22:14). ქრისტიანმა მშობლებმაც ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რათა ახლო ურთიერთობა დაამყარონ შვილებთან და ისინი იეჰოვას გზებით აღზარდონ.
რა უნდა ასწავლოთ და როგორ?
19. ა) ბავშვებისთვის დროის გამოყოფის გარდა, რა არის კიდევ საჭირო? ბ) პირველ რიგში რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს?
19 შვილის კარგად აღსაზრდელად საკმარისი არ არის დროის გამოყოფა და მათთვის სწავლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვასწავლით შვილებს. მოდი ვნახოთ, ბიბლიის თანახმად, რა უნდა ვასწავლოთ შვილებს: „ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს . . . ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. რა „სიტყვანი“ უნდა ჩავუნერგოთ შვილებს? ცხადია, ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე-5 მუხლშია მოხსენიებული, კერძოდ: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“ (მეორე რჯული 6:5—7). იესომ თქვა, რომ ღვთის მცნებებს შორის ამაზე მნიშვნელოვანი მცნება არ არსებობდა (მარკოზი 12:28—30). პირველ რიგში მშობლებმა შვილებს იეჰოვას შესახებ უნდა ასწავლონ და აუხსნან, რატომ იმსახურებს ის მთელი გულით სიყვარულსა და ერთგულებას.
20. ღვთის მცნებების თანახმად, როგორ უნდა აღეზარდათ მშობლებს შვილები?
20 მაგრამ „სიტყვებში“, რომლებიც მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მთელი გულით უყვარდეთ ღმერთი. „მეორე რჯულის“ მე-5 თავში შენიშნავთ, რომ მოსე ხელმეორედ უცხადებს ხალხს კანონებს, კერძოდ, ათ მცნებას, რომლებიც ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა. ამ კანონებში ანუ მცნებებში წერია, რომ ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს, არ უნდა მოიპაროს, არ უნდა მოკლას და არ უნდა იმრუშოს (მეორე რჯული 5:11—22). ამიტომ, ძველ დროში მშობლებს შვილებისთვის ზნეობრივი ფასეულობები უნდა ჩაენერგათ. დღესაც მსგავსად უნდა დამოძღვრონ ქრისტიანმა მშობლებმა შვილები, რათა უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ.
21. რა იგულისხმებოდა მითითებაში — მშობლებს შვილებისთვის ღვთის სიტყვები ‘ჩაენერგათ’?
21 იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მშობლებს მითითება მიეცათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ შვილებისთვის „ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები: „ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. „ჩანერგვად“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ნიშნავს „გამეორებას“, „არაერთხელ თქმას“, „გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას“. აქედან გამომდინარე, ღმერთი მოუწოდებს მშობლებს, შეიმუშაონ ბიბლიის სწავლების პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანიც ბავშვის გონებაში სულიერი საკითხების ჩაბეჭდვაა.
22. რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელ მშობლებს შვილების სასწავლებლად და რას ნიშნავდა ეს?
22 ასეთი პროგრამა მშობლების მხრიდან ინიციატივის გამოვლენას მოითხოვს. ბიბლიაში ნათქვამია: «შეიბი ისინი [„ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები] ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და წააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს» (მეორე რჯული 6:8, 9). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ღვთის კანონები პირდაპირი მნიშვნელობით წააწერონ კარის წირთხლსა და კარიბჭეზე ან შვილს ხელსა და შუბლზე შეაბან. ამაში ის იგულისხმება, რომ მშობლებმა განუწყვეტლივ ასწავლონ შვილებს ღვთის კანონები. ეს მათ ისე ხშირად და რეგულარულად უნდა აკეთონ, თითქოს, ღვთის კანონები ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ.
23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 განსაკუთრებით რის შესახებ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს? რატომ არის დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვების სწავლება და აღზრდა მათი დაცვის მიზნით? დღეს რა დამხმარე საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მშობლებმა შვილებს ეფექტურად ასწავლონ? ეს და სხვა საკითხები, რომლებიც დღეს ბევრ მშობელს აღელვებს, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
-
-
მშობლებო, დაიცავით ძვირფასი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 აპრილი
-
-
მშობლებო, დაიცავით ძვირფასი მემკვიდრეობა
‘სიბრძნე დაიფარავს კაცს; მის მფლობელს აცოცხლებს’ (ეკლესიასტე 7:12, სსგ).
1. რატომ უნდა მიიჩნიონ მშობლებმა შვილები ძვირფას საჩუქრად?
მშობლებს გარკვეული წვლილი მიუძღვით ფიზიკურად თუ პიროვნული თვისებებით თავიანთი მსგავსი შთამომავლის დაბადებაში. ბიბლია ბავშვებს უწოდებს „მემკვიდრეობას იეჰოვასგან“ (ფსალმუნები 127:3, აქ; [126:3]). სინამდვილეში, რადგან იეჰოვაა სიცოცხლის მომცემი, ის თავის საკუთრებას მშობლებს ანდობს (ფსალმუნები 35:10). მშობლებო, როგორ უყურებთ ღვთისგან ბოძებულ ასეთ ძვირფას საჩუქარს?
2. რა რეაქცია ჰქონდა მანოახს, როდესაც შეიტყო, რომ მამა უნდა გამხდარიყო?
2 რასაკვირველია, ასეთი საჩუქრის მიღება დიდ პატივად უნდა ჩავთვალოთ და მადლიერება გამოვავლინოთ. 3 000 წელზე მეტი ხნის წინათ ერთმა ებრაელმა მამაკაცმა, მანოახმა, მადლიერება გამოხატა, როდესაც მის ცოლს ანგელოზმა აუწყა, რომ შვილი შეეძინებოდა. სასიხარულო ამბის გაგებისთანავე მანოახმა იეჰოვას მიმართა ლოცვით: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება“ (მსაჯულთა 13:8). მშობლებო, რისი სწავლა შეგიძლიათ მანოახის მაგალითიდან?
რატომ არის ღვთის დახმარება საჭირო განსაკუთრებით ახლა?
3. რატომ ესაჭიროებათ განსაკუთრებით დღეს მშობლებს შვილების აღსაზრდელად იეჰოვას დახმარება?
3 ახლა, ისე როგორც არასდროს, მშობლებს შვილების აღსაზრდელად იეჰოვას დახმარება ესაჭიროებათ. რატომ? სატანა ეშმაკი დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზეა გადმოგდებული. ბიბლიაში ნათქვამია: „ვაი მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—9, 12). ბიბლია ხსნის, რომ სატანა „დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ლომები, ჩვეულებრივ, ხელში ადვილად ჩასაგდებ მსხვერპლზე ნადირობენ და ხშირად ასეთი მსხვერპლი პატარები ხდებიან. ამიტომ გონივრულია, რომ ქრისტიანმა მშობლებმა შვილების დასაცავად იეჰოვას ხელმძღვანელობა ეძებონ. რამდენად დიდ ძალისხმევას ახმართ შვილების დაცვას?
4. ა) როგორ მოიქცევა მშობელი, თუ ეცოდინება, რომ ახლომახლო მბრდღვინავი ლომი დახეტიალობს? ბ) რა ესაჭიროებათ ბავშვებს თავის დასაცავად?
4 თუ იცით, რომ ახლომახლო მბრდღვინავი ლომი დახეტიალობს, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებთ შვილების დასაცავად. სატანაც ლომის მსგავსი მტაცებელია. ის ყველანაირად ცდილობს ღვთის ხალხის ზნეობრივად გარყვნას, რათა ისინი აღარ იყვნენ ღვთისთვის მოსაწონი (იობი 2:1—7; 1 იოანე 5:19). ბავშვები ადვილი სამიზნეები არიან. ეშმაკის მახისგან რომ თავი დააღწიონ, ბავშვებმა უნდა გაიცნონ იეჰოვა და დაემორჩილონ მას. მნიშვნელოვანია ბიბლიური შემეცნების მიღება. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). გარდა ამისა, ბავშვებს ესაჭიროებათ სიბრძნე — გაგების უნარი და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. ‘სიბრძნე აცოცხლებს მის მფლობელს’; ამიტომ, მშობლებო, თქვენ უნდა ჩაუბეჭდოთ შვილებს გულში ჭეშმარიტება (ეკლესიასტე 7:12). როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
5. ა) როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს სიბრძნე? ბ) როგორ არის წიგნ „იგავებში“ სიბრძნე აღწერილი?
5 შვილებს ღვთის სიტყვა უნდა უკითხოთ. მაგრამ იმისათვის, რომ უყვარდეთ იეჰოვა და დაემორჩილონ მას, უფრო მეტია საჭირო — გაგების უნარი. მაგალითად, შესაძლოა ბავშვს ეუბნებიან, რომ ქუჩის გადაკვეთამდე მარჯვნივ და მარცხნივ გაიხედოს. მაგრამ ბევრი არ აკეთებს ამას. რატომ? შესაძლოა ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად ბავშვებს კარგად არ უხსნიან, რა მოჰყვება იმას, თუ მათ მანქანა დაარტამს; ან ამას ისე ეუბნებიან, რომ ბავშვები ბოლომდე ვერ ათვითცნობიერებენ მოსალოდნელ საშიშროებას და „უგუნურებას“ სჩადიან. ბავშვებში სიბრძნის ჩანერგვას დრო და დიდი მოთმინება სჭირდება. სიბრძნე მართლაც ძვირფასია! „მისი გზები საამური გზებია, — ნათქვამია ბიბლიაში. — და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. სიცოცხლის ხეა ის მათთვის, ვინც ეჭიდება მას, და მას მინდობილნი ნეტარნი არიან“ (იგავები 3:13—18; 22:15).
სწავლება, რომელიც სიბრძნის ჩანერგვას უწყობს ხელს
6. ა) რატომ იქცევიან ხშირად ბავშვები უგუნურად? ბ) რა ბრძოლას ეწევა ეშმაკი?
6 ხშირად ბავშვები არასწორად იმიტომ კი არ იქცევიან, რომ არ ასწავლეს სწორისა და არასწორის გარჩევა, არამედ იმიტომ, რომ ნასწავლი მათ გულს არ შეეხო. ეშმაკი ბრძოლას ეწევა, რომ ბავშვის გულზე იმოქმედოს. მისი მიზანია, ბავშვი უღვთო ქვეყნიერების ზეგავლენაში მოაქციოს. ის აგრეთვე ცდილობს, გამოიყენოს ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილება და ბავშვს ცუდი საქმეები ჩაადენინოს (დაბადება 8:21; ფსალმუნები 50:7). მშობლებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ, სინამდვილეში, ეშმაკი ბავშვის გულის დასამონებლად იბრძვის.
7. რატომ არ არის საკმარისი ბავშვისთვის მხოლოდ იმის თქმა, რა არის სწორი და რა — არასწორი?
7 მშობლები, ჩვეულებრივ, ეუბნებიან შვილს, რა არის სწორი და რა — არასწორი, და დარწმუნებულები არიან, რომ შვილებს მორალურ ნორმებს ასწავლიან. ისინი, შესაძლოა, ეუბნებიან შვილებს, რომ ტყუილის თქმა, ქურდობა ან ქორწინების გარეშე სექსი არასწორია. თუმცა, ბავშვმა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გამოავლინოს მორჩილება, რომ ამას მშობლები ეუბნებიან, არამედ მთელი გულით უნდა სურდეს ამის გაკეთება. ზნეობრივი ნორმები იეჰოვამ დაგვიდგინა. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ღვთის მცნებების დაცვით სიბრძნეს გამოავლენს (იგავები 6:16—19; ებრაელები 13:4).
8. რისი ახსნა დაეხმარება ბავშვს ბრძნულად მოქცევაში?
8 სამყაროს რთული აგებულება, ცოცხალი არსებების მრავალფეროვნება, წელიწადის დროების მონაცვლეობა — ეს ყველაფერი ბავშვს დაარწმუნებს, რომ არსებობს ყოვლადბრძენი შემოქმედი (რომაელები 1:20; ებრაელები 3:4). უფრო მეტიც, ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ ღმერთს უყვარს ის და თავისი ძის მსხვერპლის საფუძველზე მას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვს ისიც უნდა აუხსნათ, რომ ღვთის სიტყვისადმი მორჩილებით იეჰოვას გაახარებს. ამგვარად, ეშმაკის წინააღმდეგობების მიუხედავად, ბავშვს სურვილი ექნება, ემსახუროს იეჰოვას (იგავები 22:6; 27:11; იოანე 3:16).
9. ა) რას მოითხოვს სიცოცხლის გადამრჩენი სწავლება? ბ) რისკენ მოუწოდებენ მამებს და რა შედის ამაში?
9 სწავლება, რომელიც იცავს ბავშვს და სწორის კეთებისკენ აღძრავს, დროს, ყურადღების გამოვლენასა და კარგ დაგეგმვას მოითხოვს. ასევე საჭიროა, მშობლებმა ღვთის სიტყვით იხელმძღვანელონ. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ კი, მამებო . . . იზრუნეთ მათზე [შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). რას ნიშნავს ეს? „დარიგებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აზრების ჩადებას“. ასე რომ, მამებს მოუწოდებენ, შვილებს იეჰოვას აზრები ჩაუნერგონ. მართლაც, როგორ დაიცავს ასეთი აზროვნება ბავშვებს! თუ ბავშვებს ღვთის აზრები გონებაში ექნებათ ჩაბეჭდილი, ბოროტებას აღარ ჩაიდენენ.
სიყვარულით აღძრულნი
10. რა არის საჭირო შვილის სწორად აღსაზრდელად?
10 იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და შვილი სწორად აღზარდოთ, საჭიროა თქვენს მცდელობას სიყვარული დაურთოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა. გაარკვიეთ, რა ხდება შვილის პირად ცხოვრებაში და გაიგეთ მისი თვალსაზრისი. მშვიდ ატმოსფეროში, ტაქტიანობის გამოვლენით აღძარით ის, გული გადაგიშალოთ. ზოგჯერ შესაძლოა გაგაოცოთ მისმა ნათქვამმა. თავი შეიკავეთ აღშფოთებისგან და დიდი ინტერესით უსმინეთ.
11. როგორ შეუძლია მშობელს ღვთის აზრები ჩაუნერგოს შვილს?
11 თქვენ, ალბათ, უკითხავთ შვილს ბიბლიიდან ღვთის კანონს, რომ ღმერთი კრძალავს სექსუალურ უზნეობას (1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:5). ასეთნაირად შესაძლოა ჩააგონოთ შვილს, რა მოსწონს იეჰოვას და რა — არა. თუმცა იეჰოვას აზრების ჩასანერგად უფრო მეტია საჭირო. ბავშვებს უნდა აუხსნათ, რატომ არის იეჰოვას კანონების დაცვა მნიშვნელოვანი. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მისი კანონები სწორი და სასარგებლოა. სწორედ ამიტომ არის მართებული მათი დაცვა. შვილებს ღვთის აზრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუნერგავთ, თუ მათთან ერთად იმსჯელებთ ღვთის სიტყვაზე.
12. როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს შვილს, სწორი თვალსაზრისი ჰქონდეს სქესობრივ კავშირზე?
12 სქესობრივ კავშირზე საუბრისას შეგიძლიათ ჰკითხოთ: „შენი აზრით, მოაკლდება ადამიანს სიხარული, თუ დაემორჩილება იეჰოვას და თავს შეიკავებს ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირისგან?“. წაახალისეთ ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებთ, თუ რა სასწაულებრივად შექმნა იეჰოვამ ადამიანი, ჰკითხეთ: „განა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი ისეთ კანონებს დაგვიდგენდა, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს წაგვართმევს? ან განა იეჰოვამ კანონები ჩვენს დასაცავად და სიხარულის მოსანიჭებლად არ შექმნა?“ (ფსალმუნები 118:1, 2; ესაია 48:17). გაიგეთ ბავშვის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ მოუყვანეთ მაგალითები, თუ რა გულისტკივილი და სავალალო შედეგები მოჰყვება სექსუალური უზნეობის ჩადენას (2 მეფეთა 13:1—33). თუ მსჯელობის შედეგად ბავშვი გაიგებს და გაითვალისწინებს ღვთის თვალსაზრისს, კარგ ნიადაგს მოამზადებთ მასში ღვთის აზრების ჩასანერგად. თუმცა მხოლოდ ამის გაკეთება არ არის საკმარისი.
13. განსაკუთრებით, რის გაგებამ შეიძლება აღძრას ბავშვი იეჰოვასადმი მორჩილებისკენ?
13 გონივრულია, შვილებს მხოლოდ ის კი არ ასწავლოთ, თუ რა სამწუხარო შედეგები მოჰყვება დაუმორჩილებლობას, არამედ ისიც აუხსნათ, როგორ მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ცხოვრების წესი. ბიბლიიდან უჩვენეთ, რამხელა ტკივილს ვაყენებთ იეჰოვას, როდესაც მისი ნებისამებრ არ ვიქცევით (ფსალმუნები 77:41). ჰკითხეთ: „რატომ არ უნდა ატკინო გული იეჰოვას?“ და აუხსენით: „ღვთის მტერი — სატანა, აცხადებს, რომ იეჰოვას ეგოისტური მიზნების გამო ვემსახურებით და არა სიყვარულის გამო“. შემდეგ უთხარით, რომ იობმა უმწიკვლობის დაცვით გაახარა ღმერთი, რითაც პასუხი გასცა სატანის ცილისმწამებლურ ბრალდებას (იობი 1:9—11; 27:5). ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თავისი საქციელით შეუძლია გაახაროს იეჰოვა ან გული ატკინოს მას (იგავები 27:11). ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ წიგნის, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“a, გამოყენებით.
სასურველი შედეგი
14, 15. ა) წიგნის რომელი გაკვეთილები აღძრავს ბავშვებს სწორად მოქცევისკენ? ბ) პირადად თქვენს შვილებს რა სარგებლობა მოუტანა ამ წიგნმა? (იხილეთ აგრეთვე მე–18 და მე–19 გვერდებზე მოცემული ჩარჩო).
14 ხორვატიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელიც თავის შვიდი წლის შვილიშვილს ამ წიგნს უკითხავს, გვწერს, რა უთხრა ბავშვმა: «დედამ რაღაცა დამავალა, მაგრამ არ მინდოდა მისი გაკეთება. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა წიგნის ერთ–ერთი თავი, „მორჩილება დაგიცავს“, და დედას ვუთხარი, რომ დავემორჩილებოდი». 22–ე თავის შესახებ, რომლის სათაურიცაა „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“, ფლორიდიდან (აშშ) ერთმა წყვილმა მოგვწერა: „იქ დასმული კითხვები ბავშვებს აღძრავს, გამოხატონ გრძნობები და აღიარონ შეცდომები, რასაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდნენ“.
15 წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ 230–ზე მეტ სურათს შეიცავს. თითოეულ სურათთან (ან სურათებთან) გაკეთებულია წარწერა. «ხშირად ჩემი ბავშვი ისე გაფაციცებით აკვირდება სურათებს, რომ გადაფურცვლის საშუალებას არ მაძლევს, — შენიშნავს მადლიერი დედა. — სურათები არა მარტო მიმზიდველია, არამედ ბევრ რამეს ასწავლის ბავშვს და მას კითხვების დასმისკენ აღძრავს. იმ სურათთან დაკავშირებით, სადაც ბავშვი ბნელ ოთახში ტელევიზორს უყურებს, ჩემმა ბიჭმა მკითხა: „დედიკო, რას აკეთებს ეს ბიჭი?“; მან ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ესმოდა, რომ სურათზე გამოსახული ბიჭი რაღაც არასწორს აკეთებდა». ამ სურათთან კითხვაა დასმული: „ვინ ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ?“.
უაღრესად მნიშვნელოვანი განათლება
16. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს და რატომ?
16 ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა სასქესო ორგანოებზე. თუმცა ამაზე საუბარი ყოველთვის იოლი არ არის. ერთი გაზეთის მიმომხილველმა აღნიშნა, რომ მისი მოზარდობის პერიოდში ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც სქესობრივ კავშირთან ან სასქესო ორგანოებთან იყო დაკავშირებული, სასირცხვილოდ ითვლებოდა. თავის შვილებთან დაკავშირებით ის წერს: „გადავწყვიტე, დამეძლია სირცხვილის გრძნობა“. როდესაც მშობლები უხერხულობის გამო თავს არიდებენ შვილთან სქესობრივ კავშირზე საუბარს, ამით მათ ვერ დაიცავენ. ბავშვების უცოდინარობით შეიძლება ისარგებლონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც არასწორი განზრახვა აქვთ. წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ამ საკითხს მოკრძალებით განიხილავს და სასარგებლო მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული საკითხების ახსნით ბავშვის აზროვნებას რყვნის. პირიქით, თუ მშობელი ამას არ გააკეთებს, შესაძლოა ბავშვმა ვერ შეინარჩუნოს ზნეობრივი სისუფთავე.
17. როგორ ეხმარება ახალი წიგნი მშობლებს, რომ ბავშვებს სწორი თვალსაზრისი განუვითარონ სქესობრივ კავშირზე?
17 წიგნის მე-10 თავში საუბარია ბოროტ ანგელოზებზე, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ქალებთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამ თავში ბავშვების საყურადღებოდ ასეთი კითხვაა დასმული: „იცი, რა არის სქესობრივი კავშირი?“. წიგნში ძალიან მარტივად და მოკრძალებით არის ამ კითხვაზე პასუხი გაცემული. 32-ე თავში კი ახსნილია, როგორ შეუძლიათ ბავშვებს თავი დაიცვან ისეთი ადამიანისგან, რომელიც მათთან სქესობრივი კავშირის დამყარებას შეეცდება. ჩვენი ჟურნალის რედაქციამ ბევრი წერილი მიიღო, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ასეთი სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი წერილის ავტორი ამბობს: „გასულ კვირას, როდესაც ჩვენი ვაჟი, ჯეივანი, თავის პედიატრთან მივიყვანეთ, მან გვკითხა, თუ გვიმსჯელია მასთან სასქესო ორგანოების შესახებ სწორ თვალსაზრისზე. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ბავშვთან ამ საკითხზე ახალი წიგნის მეშვეობით ვმსჯელობდით“.
18. რა არის ნათქვამი ახალ წიგნში ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემასთან დაკავშირებით?
18 ამ წიგნის 27-ე თავში საუბარია სამ ახალგაზრდა ებრაელზე — შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე, რომლებმაც უარი თქვეს ბაბილონელთა კერპის თაყვანისცემაზე (დანიელი 3:1—30). ზოგი შეიძლება ვერ ხედავდეს, თუ რა კავშირია კერპისადმი თაყვანისცემასა და დროშისთვის სალმის მიცემას შორის, როგორც ეს ამ წიგნშია აღნიშნული. მაგრამ შენიშნეთ, რას ამბობს მწერალი ედვარდ გაფნი ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის იხსენებს, რომ მის ქალიშვილს სკოლაში მისვლის პირველივე დღეს ასწავლეს „ახალი ლოცვა“. როდესაც შვილმა ამის შესახებ მოუყვა, მამამ სთხოვა, გაემეორებინა ეს ლოცვა. გაფნი ყვება: «მან გულზე ხელი მიიდო და ამაყად წარმოთქვა: „ვფიცავ, დროშის ერთგული ვიქნები . . .“». მამა განაგრძობს: «უცბად, მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები მართლები იყვნენ. ჩვენს სკოლებში სახელმწიფო დაწყებითი კლასებიდანვე „საკუთარ რელიგიას“ — ქვეყნისადმი აბსოლუტურ ერთგულებას — უწევს პროპაგანდას» (U.S. Catholic).
ღირს ძალისხმევად
19. რა ჯილდოს იღებენ მშობლები შვილების სათანადოდ აღზრდის შედეგად?
19 ბავშვის სათანადოდ აღზრდა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. კანზასში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა დედამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ვაჟისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ბედნიერი ვარ, რომ კარგი აღზრდის წყალობით ემოციურად სტაბილური და გაწონასწორებული ვარ. შენ და მამა ნამდვილად იმსახურებთ შექებას“ (იგავები 31:28). წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ბევრ მშობელს დაეხმარება, სათანადოდ აღზარდონ შვილები და დაიცვან ძვირფასი მემკვიდრეობა.
20. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან მათზე?
20 შვილები მთელ ჩვენს დროს, ყურადღებასა და ძალისხმევას იმსახურებენ. ისინი ხომ ყოველთვის პატარები არ იქნებიან! ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მათ გვერდით იყოთ და დაეხმაროთ. ამას არასოდეს ინანებთ. ისინი შეგიყვარებენ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შვილები ღვთისგან ბოძებული ჯილდოა. მართლაც, რა ძვირფასი მემკვიდრეობაა! (ფსალმუნები 126:3—5). ამიტომ, ისე მოეპყარით შვილებს, თითქოს ღმერთმა პირადად მოგანდოთ ეს ძვირფასი მემკვიდრეობა და, როგორც დავინახეთ, მათ აღზრდაზე ჩვენ, მართლაც, ღვთის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.
-