-
დღეს ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
-
-
დღეს ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა
გვიან საღამოს რესტორნის მეპატრონე სახლში წასასვლელად ემზადება. ის უკვე აპირებს რესტორნის დაკეტვას, მაგრამ ამ დროს ორი ქალი შემოდის ბავშვთან ერთად და უკვეთავს ვახშამს. მეპატრონე ძალიან დაღლილია და მათთვის იმის თქმას ცდილობს, რომ რესტორანი იკეტება, მაგრამ გადაწყვეტს, მაინც მოემსახუროს. სანამ ქალები ერთმანეთში ლაპარაკობენ და საჭმელს მიირთმევენ, ბავშვი აქეთ-იქით დარბის, იატაკზე ნამცხვრის ნაფხვენებს ყრის და ფეხით სრესს. ბავშვის დედა იღიმის, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ყურადღება მიაქციოს და გააჩეროს. მათი წასვლის შემდეგ რესტორნის ქანცგაწყვეტილ მეპატრონეს უწევს იქაურობის წესრიგში მოყვანა.
ალბათ, თქვენთვის ცნობილია, და ამას ეს შემთხვევაც ცხადყოფს, რომ ბევრ ოჯახში ბავშვს სათანადოდ არ ზრდიან. ეს სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ შვილებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მოქმედების უფლება, რის გამოც მათ საკუთარი სურვილისამებრ მოქცევის ნებას რთავს. ზოგჯერ მშობლები იმდენად დაკავებულები არიან, რომ ვერ ახერხებენ შვილებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას და საჭირო აღმზრდელობითი ზომების მიღებას. ზოგი მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შვილმა განათლება მიიღოს. ამიტომ თითქმის სრულ თავისუფლებას აძლევენ შვილებს იმ პირობით, თუ კარგ ნიშნებზე ისწავლიან სკოლაში და შემდეგ პრესტიჟულ ინსტიტუტში ჩააბარებენ.
ზოგი ადამიანი კი გამოთქვამს აზრს, რომ მშობლებმა და მთელმა საზოგადოებამ თვალსაზრისი უნდა შეიცვალოს ფასეულობებზე. ისინი ამ აზრის დასამტკიცებლად იმას ასახელებენ, რომ დღეს ბავშვები ყველანაირი სახის დანაშაულს სჩადიან და დღითიდღე უფრო მეტ ძალადობას ავლენენ სკოლებში. ამიტომ სეულის (სამხრეთ კორეა) ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აღზრდის დროს პირველ რიგში ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბებას უნდა მიექცეს ყურადღება. მან თქვა: „სანამ შვილებს განათლებას მიაღებინებთ, კარგი თვისებები ჩაუნერგეთ მათ“.
ბევრი მშობელი, რომლებსაც სურთ, რომ შვილებმა ინსტიტუტში ჩააბარონ და წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში, ყურადღებას არ აქცევს მსგავს გაფრთხილებებს. თუ მშობელი ხართ, როგორ პიროვნებად გსურთ, რომ ჩამოყალიბდეს თქვენი შვილი? გინდათ, რომ ზნეობრივად სუფთა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი იყოს? გსურთ, რომ ყურადღებიანი იყოს სხვების მიმართ, ადვილად ერგებოდეს სხვადასხვა სიტუაციას და დადებით განწყობას ინარჩუნებდეს? თუ ასეა, განიხილეთ მომდევნო სტატია.
-
-
შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
-
-
შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
ორქიდეა ძალიან ლამაზი ყვავილოვანი მცენარეა, მაგრამ მისი გახარება საკმაოდ რთულია. ამ მცენარის გასახარებლად აუცილებელია სათანადო ტემპერატურა, საჭირო განათება და შესაფერისი ზომის ქოთნის შერჩევა. ორქიდეა მგრძნობიარეა ნიადაგისა და სასუქის მიმართ და მას ადვილად აზიანებს დაავადებები თუ მავნებლები. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ამ მცენარის გახარების პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდება.
ბავშვების აღზრდა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და უფრო დიდ ყურადღებასაც მოითხოვს. ამიტომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მშობლები თავს დაჯერებულად არ გრძნობენ ბავშვის აღზრდის დროს. ბევრი გრძნობს, რომ დახმარებას საჭიროებს ორქიდეას მომვლელის მსგავსად, რომელსაც გამოცდილი მეყვავილის რჩევა სჭირდება. რასაკვირველია, ყველა მშობელს სურს საუკეთესო ხელმძღვანელობის მიღება. სად შეიძლება ასეთი ხელმძღვანელობის პოვნა?
მართალია, ბიბლია არ არის ბავშვის აღზრდის სახელმძღვანელო, მაგრამ შემოქმედის შთაგონებით ბიბლიის დამწერებმა ბევრი პრაქტიკული რჩევა დაწერეს ამის თაობაზე. ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ ძალისხმევაა საჭირო სასურველი თვისებების განვითარებისათვის. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ამ რჩევებს ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ (ეფესელთა 4:22—24). ასეთი ბიბლიური რჩევების გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის გაწონასწორებულად აღზრდაში; მისი გამოყენება სასარგებლო აღმოჩნდა უკვე ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ და განსხვავებულ კულტურებს მიეკუთვნებოდნენ. ასე რომ, ბიბლიური რჩევის მიყოლა თქვენც დაგეხმარებათ შვილების კარგ პიროვნებებად აღზრდაში.
მშობლების მაგალითი — აღზრდის საუკეთესო საშუალება
„როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი! ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ!“ (რომაელთა 2:21, 22).
ქალაქ სეულში არსებული განათლების სამინისტროს უფროსმა აღნიშნა: „ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალება მისთვის საქმითა თუ სიტყვით კარგი მაგალითის მიცემაა“. თუ მშობლები შვილებს რამეს ასწავლიან, სიტყვითა და საქმით კი კარგ მაგალითს არ აძლევენ, ბავშვები მაშინვე იფიქრებენ, რომ მშობლები თვალთმაქცობენ; მათ სიტყვებს ძალა აღარ ექნება. მაგალითად, თუ მშობლებს სურთ, რომ შვილებს პატიოსნება ჩაუნერგონ, თავად უნდა იყვნენ პატიოსნები. ზოგი მშობელი ძალიან ხშირად, როდესაც არ სურს სატელეფონო ზარს უპასუხოს, შვილს ასეთი რამის თქმას ავალებს: „იცით, მამა (ან დედა) სახლში არ არის“. როდესაც ბავშვს ასეთ რამეს ავალებენ, ის თავს უხერხულად გრძნობს და იბნევა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, თუ არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდება, შეიძლება თავადაც თქვას ტყუილი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ამიტომ, თუ მშობლებს ნამდვილად სურთ, რომ მათი შვილი პატიოსანი ადამიანი იყოს, თავად უნდა ილაპარაკონ გულახდილად და შესაბამისად იმოქმედონ.
გსურთ, რომ თქვენი შვილი საუბარში თავაზიანობას ავლენდეს? მაშინ თქვენ უნდა მისცეთ კარგი მაგალითი. ბავშვი მალევე მოგბაძავთ. სიუნ-სიკი, ოთხი შვილის მამა, ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, საუბრის დროს არ გამოვიყენოთ უხეში სიტყვები“. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და მაშინაც კი არ ვუწევთ ხმას, როდესაც გუნება გვაქვს გაფუჭებული ან გაბრაზებულები ვართ. კარგ მაგალითს ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე მხოლოდ სიტყვებს. გვიხარია, რომ ჩვენი შვილები სხვებთან საუბრისას პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენენ“. ბიბლიაში, კერძოდ გალატელთა 6:7-ში, ნათქვამია: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მშობლებმა, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილები მაღალზნეობრივ ნორმებს იცავდნენ, პირველ რიგში თავად უნდა ცხადყონ, რომ ასეთი ნორმების თანახმად ცხოვრობენ.
შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა შვილებთან
„ჩაუნერგე ისინი [ღვთის მცნებები] შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7).
დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სამუშაო საათების შემდეგაც უწევს მუშაობა. როდესაც ქმარიც მუშაობს და ცოლიც, ეს სერიოზულ გავლენას ახდენს შვილებზე. მრავალი მშობელი სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას. სახლში ყოფნისას მათ საოჯახო და სხვა ყოველდღიური საქმეების გაკეთება უწევთ, რის გამოც შეიძლება ძალები გამოეცალოთ და ვერ შეძლონ შვილებთან ურთიერთობა. როგორ შეგიძლიათ ასეთ ვითარებაში ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ შვილებთან? საუბრის შესაძლებლობა შეიძლება მაშინ მოგეცეთ, თუ შვილებთან ერთად გააკეთებთ საოჯახო საქმეებს. ერთმა ოჯახისთავმა ტელევიზორის ქონაზეც კი თქვა უარი უმთავრესად იმიტომ, რომ მეტი დრო ჰქონოდა შვილებთან სასაუბროდ. მან აღნიშნა: „თავიდან ბავშვებმა უტელევიზოროდ მოიწყინეს, მაგრამ მათთან ერთად როდესაც თავსატეხების ამოხსნა და საინტერესო წიგნების განხილვა დავიწყე, თანდათანობით შეეჩვივნენ ამ ცვლილებას“.
მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა პატარაობიდანვე ისწავლონ მშობლებთან ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში თუ პრობლემების წინაშე დადგებიან, არ ჩათვლიან მშობლებს ახლო მეგობრებად და საკუთარ პრობლემებს არ გაუზიარებენ. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, რომ გაგიმჟღავნონ გულისნადები? იგავების 20:5-ში ნათქვამია: „ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას“. შვილებს მათი თვალსაზრისის გასაგებად დაუსვით ისეთი კითხვები, როგორიცაა „რას ფიქრობ?“ ამგვარად მშობლებს შეუძლიათ აღძრან შვილები აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად.
როგორ მოიქცევით, თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს? ამ დროს მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოსმენისას შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები. ერთი მამა გვიყვება, თუ როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში: „როდესაც შვილები შეცდომებს უშვებენ, ვცდილობ, ძალიან მწვავე რეაგირება არ მოვახდინო. ყურადღებით ვუსმენ მათ, რომ ჩავწვდე მომხდარის არსს. როდესაც ვგრძნობ, რომ მიჭირს თავის ხელში აყვანა, ვცდილობ, თავი დავიწყნარო“. თუ ემოციებს თოკავთ და ყურადღებით უსმენთ შვილს, მას უფრო გაუადვილდება, დაგემორჩილოთ და გამოსწორდეს.
სიყვარულით აღზრდა
„მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
შვილების აღზრდაში სასურველი შედეგების მისაღწევად საჭიროა, აღმზრდელობითი ზომები სიყვარულით იყოს მიღებული. შეიძლება მშობლებმა ‘გააღიზიანონ შვილები’? თუ ისინი ბავშვს იმაზე მეტად სჯიან, რამდენსაც იმსახურებს, ან მეტისმეტად კრიტიკულ შენიშვნებს აძლევენ, ბავშვზე ეს უარყოფითად იმოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებმა სიყვარულით უნდა აღზარდონ შვილი (იგავები 13:24). თუ შვილებს აუხსნით დასჯის მიზეზს, მიხვდებიან, რომ ამას იმიტომ აკეთებთ, რომ გიყვართ ისინი (იგავები 22:15; 29:19).
მეორე მხრივ, კარგი იქნება, თუ ბავშვებს საკუთარ თავზე ექნებათ გამოცდილი, რომ არასწორი საქციელის გამო ვერ ასცდებიან არასასურველ შედეგებს. მაგალითად, თუ ბავშვი სხვას ცუდად მოექცევა, უნდა მოსთხოვოთ მას ბოდიშის მოხდა. როდესაც ის არ ემორჩილება ოჯახში დადგენილ წესებს, შეგიძლიათ შეუზღუდოთ თავისუფლება და სასიამოვნო რამის გაკეთება აუკრძალოთ; ამით მან უნდა დაინახოს, რომ მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა.
სასურველია, რომ ბავშვი დროულად დაისაჯოს. ეკლესიასტეს 8:11-ში ხაზგასმულია: „სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება“. ბევრი ბავშვი ამოწმებს, გადაურჩება თუ არა დასჯას ცუდად მოქცევის შემთხვევაში. ამიტომ, თუ ბავშვს ერთხელ გააფრთხილებთ, რომ ცუდი საქციელის გამო აუცილებლად დაისჯება, შეასრულეთ თქვენი სიტყვა.
სასარგებლო გართობა და დასვენება
„ყოველივეს თავისი დრო აქვს . . . [არის] ჟამი სიცილისა . . . ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4).
დასვენება და სასარგებლო, გაწონასწორებული გართობა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. როდესაც მშობლები შვილებთან ერთად ისვენებენ და ერთობიან, ოჯახური კვანძები მტკიცდება და ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს ერთად დასვენება და გართობა? თუ ამაზე დასაფიქრებლად დროს გამონახავთ, უამრავ სასიამოვნო გასართობ საშუალებას გამოძებნით. მაგალითად, შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ ველოსიპედით სეირნობა, ტენისის, ბადმინტონის ან ფრენბურთის თამაში. წარმოიდგინეთ, რა მხიარულად გაატარებთ დროს, თუ ერთად დაუკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ, თუ ერთად დაათვალიერებთ ახლოს მდებარე საინტერესო ადგილებს და ბუნების სილამაზით დატკბებით.
ასეთ დროს მშობლებს შეუძლიათ, შვილებს გართობასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის განვითარებაში დაეხმარონ. ერთი ქრისტიანი მამა, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავს, ამბობს: „შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ შვილებთან ერთად დავისვენო და გავერთო. მაგალითად, როდესაც ისინი კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, ვეკითხები, როგორ თამაშობენ. ისინი დიდი მონდომებით მიხსნიან თამაშის წესებს; სწორედ ამ დროს ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ვესაუბრო არაჯანსაღი გართობის საშიშროებაზე. შევნიშნე, რომ ისინი თავს არიდებენ გართობის მიუღებელ სახეობებში მონაწილეობას“. დიახ, ბავშვები, რომლებსაც სიამოვნებთ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება და გართობა, ნაკლებად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ უყურონ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების, ძალადობისა და უზნეობის ამსახველ სატელევიზიო პროგრამებსა და ფილმებს ან ინტერნეტში არსებული ამგვარი თამაშებით გაერთონ.
დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების შეძენაში
„ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20).
ერთმა ქრისტიანმა მამამ, რომელმაც სამაგალითოდ აღზარდა ოთხი შვილი, აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მეგობრებს ირჩევენ შვილები. ერთი ცუდი მეგობრის გამო შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ“. ის თავის შვილებს კარგი მეგობრების შეძენაში იმით ეხმარებოდა, რომ დამაფიქრებელ კითხვებს უსვამდა: „ვინ არის თქვენი უახლოესი მეგობარი? რატომ მოგწონთ ის? რაში გინდათ, რომ მას მიჰბაძოთ?“ სხვა მშობელი იმაზე ზრუნავდა, რომ მის შვილებს სახლში მიეპატიჟებინათ ახლო მეგობრები. შემდეგ ის აკვირდებოდა მათ და შვილებს სათანადო რჩევა-დარიგებას აძლევდა.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ასწავლოთ შვილებს, რომ თანატოლების გარდა ასაკოვან ადამიანებსაც დაუმეგობრდნენ. ბემ-სენი, სამი ვაჟის მამა, ამბობს: „შვილებს იმის დანახვაში ვეხმარები, რომ აუცილებელი არ არის, მეგობრები მაინცდამაინც თანატოლები ჰყავდეთ და მაგალითად მომყავს ბიბლიური პერსონაჟები, დავითი და იონათანი, რომლებიც არ იყვნენ თანატოლები. ვეპატიჟები სხვადასხვა ასაკის ქრისტიანებს, რათა მათ ჩემს შვილებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. შედეგად, ბავშვები ბევრ ისეთ ადამიანთან ამყარებენ ახლო ურთიერთობას, რომლებიც არ არიან მათი თანატოლები“. სამაგალითო ასაკოვან ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად ბავშვებს ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.
თქვენ შეგიძლიათ კარგ პიროვნებად აღზარდოთ შვილი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ბევრმა მშობელმა, რომლებიც ცდილობდნენ შვილებში ისეთი თვისებების ჩანერგვას, როგორიცაა თავშეკავება, თვითდისციპლინა და პატიოსნება, თითქმის ვერაფერს მიაღწია. რატომ არის ასე რთული შვილების აღზრდა? ერთმა დედამ, რომელიც ამ გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნა: „სამწუხაროდ, ერთადერთი საშუალება, რითაც შვილების დაცვა შემიძლია, ის არის, რომ ჩავკეტო ოთახში და არსად გავუშვა“. მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საზოგადოება, რომელთა გარემოცვაშიც ამჟამად მისი შვილები იზრდებიან — ისე, როგორც არასდროს უწინ — დაცემულია. შესაძლებელია რეალურად ასეთ გარემოში ბავშვების სათანადოდ აღზრდა?
თუ ორქიდეას გახარება გსურთ, მაგრამ შიშობთ, რომ გაგიხმებათ, შეიძლება ამან გული აგიცრუოთ. თქვენთვის დიდი შვება იქნება, თუ ამ მცენარის გაზრდაში დახელოვნებული სპეციალისტი შემოგთავაზებთ დახმარებას, მოგცემთ კარგ რჩევებს და დაგარწმუნებთ, რომ, თუ მიჰყვებით მათ, შეძლებთ მის გახარებას! იეჰოვა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, საუკეთესო რჩევებს იძლევა შვილების აღზრდის საკითხში. ის ამბობს: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6, სსგ). თუ ბიბლიური რჩევების თანახმად ზრდით შვილებს, ისინი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ყურადღებიან და მორალურად სუფთა პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, რაც სიხარულს მოგიტანთ. ისინი ეყვარებათ სხვებს და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას.
-
-
უძვირფასესი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 ივნისი
-
-
უძვირფასესი მემკვიდრეობა
მოციქულმა იოანემ, როდესაც ცხოვრების გზა თითქმის ბოლომდე ჰქონდა გავლილი, დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4).
ეს ერთგული მოციქული ამ სიტყვებში თავის სულიერ შვილებს გულისხმობდა, მაგრამ მის გრძნობებს ბევრი მშობელი იზიარებს. მშობლებისთვის, რომლებსაც ძალ-ღონე არ დაუშურებიათ შვილების ‘უფლის მოძღვრებითა და დარიგებით აღსაზრდელად’, უდიდესი სიხარული მოაქვს იმის დანახვას, რომ მათი უკვე ზრდასრული შვილები „ჭეშმარიტებით დადიან“ (ეფესელთა 6:4). მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დაყენებით მშობლები შვილებს ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას გადასცემენ. ღვთისადმი ერთგულება, რომელიც იეჰოვასთვის მოსაწონი ქრისტიანული გზით ცხოვრებას მოიცავს, „აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8).
იეჰოვასთვის, სრულყოფილი მამისათვის, ძვირფასნი არიან ღვთისმოშიში მშობლები, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ შვილების სულიერად აღზრდას. როცა შვილები დადებითად ეხმაურებიან სულიერ სწავლებას, მათთვის დიდი სიხარულის წყარო ხდება მშობლებთან ერთად ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება. როდესაც ბავშვები იზრდებიან, მსახურებასთან დაკავშირებული ბევრი შემთხვევა სასიამოვნო მოგონებად რჩება მათ მეხსიერებაში. ზოგი სიხარულით იხსენებს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში თავის პირველ გამოსვლასa; ან ახსენდებათ ის დღე, როცა მშობელთან ერთად კარდაკარ მსახურებისას პირველად წაიკითხეს ბიბლიური მუხლი. განა მათ ოდესმე დაავიწყდებათ, როგორ უკითხავდნენ მშობლები წიგნებს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“b? გაბრიელი იხსენებს იმას, რაც ბავშვობაში ძალიან უყვარდა: „მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, დედა რომ ყოველდღე მიმღეროდა სამეფოს სიმღერებს და თან სადილს ამზადებდა. დღემდე დიდი სითბოთი ვიხსენებ ერთ სიმღერას, რომელიც იეჰოვას მსახურების მნიშვნელოვნების დანახვაში დამეხმარა“. შესაძლოა თქვენც გახსოვთ ის ლამაზი სიმღერა, რომელზეც გაბრიელი ლაპარაკობს. იგი 157-ე ნომერია სიმღერების წიგნში „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“. მისი სახელწოდებაა „თაყვანი ეცი იეჰოვას შენს სიჭაბუკეში“.
ეს სიმღერა შემდეგი სიტყვებით იწყება: „ერთხელ ადიდებდნენ ბავშვები ღმერთს, / ხმამაღლა ესალმებოდნენ ქრისტეს“. ზოგ ბავშვს ჰქონდა იესოსთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ისინი, ალბათ, დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ მას თავიანთი გულწრფელობით. იესომ მისაბაძ მაგალითადაც კი მოუყვანა თავის მიმდევრებს ბავშვები მათი სწავლისთვის მზადყოფნის გამო (მათე 18:3, 4). როგორც ვხედავთ, ბავშვებს თავიანთი ადგილი უჭირავთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში. სიმღერაშიც ნათქვამია: „მათაც შეუძლიათ, ღმერთი აქონ“.
სახლში, სასწავლებელში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სამაგალითო ქცევით ბევრ ბავშვს დიდება მოაქვს ღვთისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. მართლაც რომ კურთხეულნი არიან ბავშვები, რომელთაც ჭეშმარიტების მოყვარული „ქრისტიანი მშობლები“ ჰყავთ (მეორე რჯული 6:7). ღვთისმოშიში მშობლები ერთგულებას ავლენენ ღვთისადმი, მოსიყვარულე მამისადმი, რომელიც თავის ქმნილებებს სწორ გზაზე სიარულს ასწავლის. ამისთვის დიდ კურთხევებს იღებენ ისინი! როგორ ხარობენ მშობლები, როცა ხედავენ, რომ მათი სწავლება ამაო არ ყოფილა ბავშვებისთვის, რომელთაც „მართებთ დამორჩილება“ (ესაია 48:17, 18). ანხელიკა, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში მსახურობს, ამბობს: „ჩემი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. ამის შედეგად, ბედნიერი ბავშვობა მქონდა“.
ასეთი ქრისტიანების აზრით, ნამდვილად დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია სულიერი მემკვიდრეობა. თუ თქვენც ისეთ ოჯახში იზრდებით, სადაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ფასეულობების სიყვარული ჩაგინერგეს, ზემოხსენებული სიმღერა მოგიწოდებთ: „ყმაწვილნო, ღვთის გზით წმინდად იარეთ“. დადგება დრო, როცა პირადად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომაც „იეჰოვაზე ნდობა ისწავლეთ, არ ესწრაფოთ ქვეყნიურ დიდებას“.
პოპულარობას ცხოვრებაში პირველ ადგილზე თუ დააყენებთ, მშობლებს წყალში ჩაუყრით ამაგს, და მომავლის იმედს, რომელიც დღეს გაქვთ, ძირს გამოუთხრით. პოპულარობის მოპოვების სურვილმა შესაძლოა სიფხიზლე დაგაკარგვინოთ. ზოგი ურთიერთობას იწყებს ახალგაზრდებთან, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინრები და მიმზიდველებიც კი ჩანან, მაგრამ ქრისტიანული ნორმებისადმი ინტერესს არ ავლენენ. ამის მაგალითია ტარას, მთავარი გმირის, შემთხვევა ვიდეოფილმში „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ ტარას მსგავსად, ახალგაზრდა ქრისტიანები, რომელთა მეგობრებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას არ აფასებენ, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ცუდი საზოგადოება, როგორც სიმღერაში აღინიშნება, „რყვნის კარგ ჩვევას“. კარგი ჩვევების განვითარებას წლების ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ მათი დაკარგვა სწრაფად არის შესაძლებელი.
ცხადია, ღვთისმოშიშებით ცხოვრება ადვილი არაა. და მაინც, როგორც სიმღერა გრძელდება, „თუ სიყმაწვილეში გახსოვთ ღმერთი [და] სიმართლით, სულით ემსახურებით“, კარგ ნიადაგს მოამზადებთ წარმატების მისაღწევად და „გაიხარებთ, როცა გაიზრდებით“. თანდათანობით დაინახავთ, რომ იეჰოვას შეწევნით ვერაფერი შეგაჩერებთ იმის კეთებისგან, რასაც ის სწორად მიიჩნევს. ასე ჩამოყალიბდებით მოწიფულ, ღვთისმოშიშ პიროვნებებად. გარდა ამისა, ქრისტიანი მშობლებისგან ნასწავლის ცხოვრებაში გონივრულად გამოყენებით „ღვთის გულს აღავსებთ კმაყოფილებით“. განა არსებობს ადამიანისთვის ამაზე დიდი პატივი? (იგავები 27:11).
ასე რომ, ახალგაზრდებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რამდენად ძვირფასია ის, რასაც იეჰოვა და ქრისტიანი მშობლები გასწავლიან. დაე თქვენდამი მათმა ძლიერმა სიყვარულმა აღგძრათ იმის კეთებისკენ, რაც იეჰოვასთვის მოსაწონია. მაშინ იესო ქრისტესა და ახალგაზრდა ტიმოთეს მსგავსად, ზეციერ მამასაც გაახარებთ და მშობლებსაც. და, თუ ოდესმე თვითონაც გეყოლებათ შვილები, ალბათ, ისევე მოიქცევით, როგორც ანხელიკა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: „შვილი თუ მეყოლება, ყოველმხრივ შევეცდები ბავშვობიდანვე ჩავუნერგო გულში იეჰოვას სიყვარული, რათა ის მისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრინციპად იქცეს“. დიახ, ჭეშმარიტების გზას, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მიყვანა შეუძლია, თამამად შეიძლება ეწოდოს უძვირფასესი მემკვიდრეობა!
[სქოლიოები]
a ამ სკოლაში, რომელიც ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, იეჰოვას მოწმეთა კრებებში როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმულები სწავლობენ.
b ზემოხსენებული წიგნები გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-