საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კალენდარი“
  • კალენდარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კალენდარი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გამოკვლევა 2 — დრო და ბიბლია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • წელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნისანი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კალენდარი“

კალენდარი

დროის დღეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემა. ღმერთმა დროის აღრიცხვაზე ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე იზრუნა. დაბადების 1:14, 15-დან ვიგებთ, რომ ცის სივრცეში მნათობების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი „წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების“ აღნიშვნა იყო. აქედან გამომდინარე, მზისიერი დღე-ღამე, მზისიერი წელი და მთვარისმიერი თვე დროის ბუნებრივი დანაყოფებია, რასაც განაპირობებს დედამიწის დღეღამური ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, წლიური ბრუნვა მზის გარშემო და მთვარის თვიური ფაზები დედამიწისა და მზის მდებარეობის მიხედვით. რაც შეეხება დროის კვირებად და დღე-ღამის საათებად დაყოფის სისტემას, ის ბუნების კანონზომიერების მიხედვით არ შექმნილა.

დრო ადამიანის შექმნის დღიდან წლებით იზომება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამი „ას ოცდაათი“ წლისა იყო, როცა შეთი შეეძინა (დბ. 5:3).

დროთა განმავლობაში დროის თვეებად დანაწილების სისტემაც დამკვიდრდა. წარღვნის პერიოდში თვე 30-დღიანი იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ ბიბლია 5-თვიან პერიოდს 150 დღეს უტოლებს (დბ. 7:11, 24; 8:3, 4). იმავე ეპიზოდში ვკითხულობთ, რომ ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა (იხ. წელი).

ბიბლიის იმავე კონტექსტში შვიდდღიანი მონაკვეთიც მოიხსენიება. დროის აღრიცხვის ეს მეთოდი შესაძლოა წარღვნამდეც გამოიყენებოდა (დბ. 7:4, 10; 8:10, 12). თუმცა ყოველკვირეული შაბათის დაცვა ღმერთმა ისრაელს მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაუწესა (იხ. კვირა).

ისტორიის მანძილზე ადამიანმა მრავალი კალენდარული სისტემა შექმნა, რომელთაგან ზოგს დღესაც იყენებენ. ძველი კალენდრები ძირითადად მთვარისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადის თვეების ხანგრძლივობას განაპირობებდა მთვარის სრული ციკლი ანუ დროის მონაკვეთი ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე, რაც საშუალოდ 29 დღეს, 12 საათსა და 44 წუთს მოიცავდა. თვე, როგორც წესი, 29-30 დღისგან შედგებოდა, მაგრამ ბიბლია თვეში ზოგადად 30 დღეს გულისხმობს (შდრ. კნ. 21:13; 34:8; აგრეთვე გმც. 11:2, 3).

12 მთვარისმიერი თვისგან შემდგარი წელიწადი დაახლოებით 11 დღე-ღამით მოკლეა მზისიერ წელიწადზე, რომლის ხანგრძლივობაც 365, 25 დღე-ღამეა. ვინაიდან წელიწადის დროების მონაცვლეობა მზისიერი წელიწადის მიხედვით განისაზღვრება, საჭირო გახდა მთვარისმიერი კალენდრის მზისიერ წელიწადთან მორგება. შედეგად შეიქმნა მთვარე-მზისიერი წელიწადი, რომელშიც თვეები მთვარისმიერი იყო, წელი კი მზისიერი. 12 მთვარისმიერი ნაკლული თვის შესავსებად ყოველ წელიწადს რამდენიმე დღეს ან ერთ თვეს ამატებდნენ.

ებრაული კალენდარი. ებრაელები მთვარე-მზისიერი კალენდრით სარგებლობდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთმა წმინდა წლის დასაწყისად აბიბი (გაზაფხულის თვე) გამოაცხადა და დააკონკრეტა, როდის უნდა აღნიშნულიყო მოსავლის აღების დღესასწაულები. ეს თარიღები მოსავლის აღებას რომ დამთხვეოდა, ისეთი კალენდრის შედგენა იყო საჭირო, რომელიც მთვარისმიერ და მზისიერ წლებს შორის ცდომილებას შეავსებდა და შესაბამის წელიწადის დროს დაემთხვეოდა (გმ. 12:1—14; 23:15, 16; ლვ. 23:4—16).

ბიბლიიდან არ ჩანს, თავიდან რა მეთოდით ადგენდნენ იმ დროს, როცა წელიწადი დამატებითი დღეებითა და თვით უნდა შევსებულიყო. ადვილი შესაძლებელია, რომ სეზონებსა და კალენდარს შორის არსებულ ცდომილებას გაზაფხულის ან შემოდგომის ბუნიობით საზღვრავდნენ. ამ ცდომილების შესავსებად ებრაელები წელიწადს შიგადაშიგ მე-13 თვეს უმატებდნენ. გადასახლების შემდგომ პერიოდში ამ თვეს ვეადარს ანუ მეორე ადარს უწოდებდნენ, რაზეც ბიბლია არაფერს ამბობს.

ახ. წ. IV საუკუნემდე სტანდარტული ებრაული კალენდრის არსებობის შესახებ არც ერთი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება. მხოლოდ ჰილელ II-ის დროს (დაახლ. ახ. წ. 359) დადგინდა, რომ ყოველ 19-წლიან მონაკვეთში ყოველი მე-3, მე-6, მე-8, მე-11, მე-14, მე-17 და მე-19 წელიწადი ნაკიანი ანუ 13-თვიანი უნდა ყოფილიყო. ამ 19-წლიან ციკლს მეტონის ციკლი ეწოდა ბერძენი მათემატიკოსის მეტონის (ძვ. წ. V ს.) პატივსაცემად, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ეს ციკლი მეტონამდე ბაბილონელებმა დახვეწეს (იხ. Babylonian Chronology, 626 B.C.–A.D. 75, რ. ა. პარკერი და ვ. ჰ. დუბერშტაინი, 1971, გვ. 1, 3, 6). ამ ციკლის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში ერთხელ ახალმთვარობა და სავსემთვარობა მზისიერი წელიწადის ერთსა და იმავე დღეებს ემთხვევა.

ებრაული თვეები ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე გრძელდებოდა (ეს. 66:23), ამიტომ „თვედ“ (დბ. 7:11) და „ახალმთვარობად“ (1სმ. 20:27) ნათარგმნი ებრაული სიტყვა ხოდეშ ენათესავება სიტყვა ხადაშს, რაც ახალს ნიშნავს. თვის აღმნიშვნელი სიტყვა ჲერახ „მთვარისმიერ თვედ“ ითარგმნება (1მფ. 6:38). უფრო გვიანდელ ხანაში ახალი თვის დაწყების საუწყებლად ხალხს ცეცხლით ნიშანს აძლევდნენ ან მაცნეებს უგზავნიდნენ.

ბიბლიაში თითოეული თვე თავისი რიგის მიხედვით მოიხსენიება (იეს. 4:19; რც. 9:11; 2მტ. 15:10; იერ. 52:6; რც. 33:38; ეზკ. 8:1; ლვ. 16:29; 1მფ. 12:32; ეზრ. 10:9; 2მფ. 25:1; კნ. 1:3; იერ. 52:31). ბაბილონში გადასახლებამდე მხოლოდ ოთხი თვეა ნახსენები სახელით, კერძოდ, პირველი თვე აბიბი (გმ. 13:4), მეორე თვე ზივი (1მფ. 6:37), მეშვიდე თვე ეთანი (1მფ. 8:2) და მერვე თვე ბული (1მფ. 6:38). ამ სახელების მნიშვნელობა წელიწადის დროებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ებრაელები მთვარე-მზისიერი კალენდრით სარგებლობდნენ (იხ. თითოეული თვე სახელის მიხედვით).

ბაბილონში გადასახლების შემდეგ ისრაელებმა თვეების სახელწოდებები ბაბილონელთაგან გადმოიღეს. ცნობილია შვიდი მათგანის დასახელება: ნისანი, 1-ლი თვე, რომელმაც შეცვალა აბიბი (ესთ. 3:7), სივანი, მე-3 თვე (ესთ. 8:9), ელული, მე-6 თვე (ნემ. 6:15), ქისლევი, მე-9 თვე (ზქ. 7:1), ტებეთი, მე-10 თვე (ესთ. 2:16), შებატი, მე-11 თვე (ზქ. 1:7) და ადარი, მე-12 თვე (ეზრ. 6:15).

დანარჩენი ხუთი თვის სახელი, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ, ებრაულ თალმუდსა თუ სხვა წყაროებში გვხვდება. ესენია: იარი, მე-2 თვე, თამუზი, მე-4 თვე, აბი, მე-5 თვე, თიშრი, მე-7 თვე და ხეშვანი, მე-8 თვე. მე-13 თვეს, რომელიც პერიოდულად ემატებოდა წელიწადს, ვეადარი ანუ მეორე ადარი ეწოდებოდა.

საბოლოოდ თითქმის ყველა თვის ხანგრძლივობა დადგინდა და კონკრეტულად განისაზღვრა დღეთა რაოდენობა. მაგალითად, ნისანი (აბიბი), სივანი, აბი, თიშრი (ეთანი) და შებატი ყოველთვის 30-დღიანი იყო, ხოლო იარი (ზივი), თამუზი, ელული და ტებეთი 29 დღისგან შედგებოდა. ხეშვანი (ბული), ქისლევი და ადარი ხან 29, ხან 30-დღიანი იყო. ამ თვეების ხანგრძლივობის ცვალებადობა იმის საშუალებას იძლეოდა, რომ წელიწადი მთვარისმიერი კალენდრისთვის მოერგოთ და დღესასწაულები იმ დღეებში არ აღენიშნათ, რომლებიც რელიგიურმა წინამძღოლებმა მოგვიანებით აკრძალულ დღეებად გამოაცხადეს.

ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ღვთის მითითებით წმინდა წელიწადი გაზაფხულზე აბიბის (ნისანი) თვეში უნდა დაწყებულიყო (გმ. 12:2; 13:4). ბიბლია გვამცნობს, რომ მანამდე ებრაელები ახალ წელს შემოდგომიდან იწყებდნენ. ღმერთს არ გაუუქმებია წელიწადის ათვლის ძველი სისტემა, ამიტომ ღვთის ხალხი ორი კალენდრით სარგებლობდა, საერო ანუ სამიწათმოქმედო და რელიგიური ანუ წმინდა კალენდრით (გმ. 23:16; 34:22; ლვ. 23:34; კნ. 16:13). გადასახლების შემდეგ საერო წელი წლის მეორე ნახევარში ანუ 1-ლი თიშრით იწყებოდა. დღესაც ებრაელები ახალ წელს ანუ როშ-ჰაშანას (წლისთავი) ამ დღეს ზეიმობენ.

1908 წელს გეზერში აღმოაჩინეს ძვ. წ. X საუკუნით დათარიღებული ფილა. ის ერთადერთი წერილობითი წყაროა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ძველ ებრაულ კალენდარზე. ეს არის სამიწათმოქმედო კალენდარი, რომელიც აღწერს შემოდგომიდან მოყოლებულ სამიწათმოქმედო საქმიანობას. ამ კალენდრიდან ვიგებთ, რომ ორი თვე სჭირდებოდა მოსავლის დაბინავებას, ორი თვე თესვას, ორი თვე საგაზაფხულო ზრდას, ერთი თვე სელის აღებას, ერთი თვე ქერის აღებას, ერთი თვე ძირითადი მოსავლის აღებას, ორი თვე ვაზის გასხვლას და ერთი თვე ზაფხულის ხილის კრეფას (ლვ. 26:5).

თანდართულ სქემაზე მოცემულია თვეები წმინდა და საერო კალენდრის მიხედვით და მიახლოებითი შესაბამისობა თანამედროვე კალენდართან (იხ. bi12, დანართი 6ბ).

სახარებებსა და წიგნ „საქმეებში“ ხშირად არის მოხსენიებული სეზონური დღესასწაულები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იესოსა და მოციქულების დროს ებრაელები ჯერ კიდევ ძველი ებრაული კალენდრით სარგებლობდნენ. ეს დღესასწაულები გვეხმარება იმდროინდელი ბიბლიური მოვლენების სავარაუდო დროის განსაზღვრაში (მთ. 26:2; მრ. 14:1; ლკ. 22:1; ინ. 2:13, 23; 5:1; 6:4; 7:2, 37; 10:22; 11:55; სქ. 2:1; 12:3, 4; 20:6, 16; 27:9).

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანები არ ხელმძღვანელობენ რელიგიური ანუ წმინდა კალენდრით, რომელშიც კონკრეტული დღესასწაულებია აღნიშნული. ამის შესახებ პავლე მოციქულმა არაორაზროვნად დაწერა გალატელების 4:9—11-სა და კოლოსელების 2:16, 17-ში. ერთადერთი მოვლენა, რომელიც მთვარისმიერი კალენდრის მიხედვით ქრისტიანებმა ყოველწლიურად უნდა აღნიშნონ, არის უფლის გახსენების საღამო (მთ. 26:2, 26—29; 1კრ. 11:23—26; იხ. უფლის ვახშამი).

იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრები. ძვ. წ. 46 წელს იულიუს კეისარმა გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად რომის კალენდარში მთვარისმიერი წელიწადი მზისიერი წელიწადით შეიცვალა. ბერძენი ასტრონომის, სოსიგენეს გამოთვლებზე დაფუძნებული იულიუსის კალენდარი შედგებოდა 12 თვისგან, რომელთა ხანგრძლივობა გარკვეული კანონზომიერებით იყო დადგენილი. წელიწადი პირველი იანვრიდან იწყებოდა და 365 დღე-ღამეს მოიცავდა. ეს კალენდარი ითვალისწინებდა ნაკიან წელიწადს, კერძოდ, ყოველ მეოთხე წელს თითო დღე ემატებოდა, რათა გატოლებოდა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას (ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობა თითქმის 365,25 დღე-ღამეა).

სინამდვილეში, იულიუსის კალენდრით წელიწადი 11 წუთითა და 14 წამით გრძელი იყო ჭეშმარიტ მზისიერ წელიწადზე. ამ ცდომილების გამო მე-16 საუკუნისთვის 10 სრული დღე-ღამე დაგროვდა. 1582 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარში მცირედი ცვლილება შეიტანა. ნაკიანი წლები შენარჩუნდა, მაგრამ ნაკიანად ჩაითვალა მხოლოდ იმ საუკუნეების წლები, რომელთა რიცხვიც 400-ზე უნაშთოდ იყოფოდა. 1582 წელს გამოცემული პაპის ბულას თანახმად, დღეთა ანგარიში გადანაცვლებულ იქნა 10 დღით ანუ 4 ოქტომბრის მომდევნო დღედ 15 ოქტომბერი გამოცხადდა. დღეს ქვეყნების უმეტესობა გრიგორიანული კალენდრით სარგებლობს. წინამდებარე წიგნშიც ისტორიული თარიღები ამ კალენდრის მიხედვით არის მოცემული.

ქრისტიანები თავიანთ ქვეყანაში მიღებული კალენდრით სარგებლობენ, მაგრამ მათ ესმით, რომ მარადიულობის ღმერთი, იეჰოვა, დროსა და მოვლენებს ადამიანთა მიერ დადგენილი სისტემით არ აღრიცხავს. ამას ადასტურებს წინასწარმეტყველ დანიელის სიტყვები: „ის ცვლის დროებსა და ვადებს, ამხობს და აღაზევებს მეფეებს, ბრძენებს სიბრძნეს აძლევს და გამჭრიახებს — ცოდნას. ის ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა არის სიბნელეში. მასთან მკვიდრობს სინათლე“ (დნ. 2:21, 22). სამყაროს უზენაესი მმართველი დროის აღრიცხვისას არ არის დამოკიდებული დედამიწის ბრუნვაზე, დღე-ღამის მონაცვლეობაზე, მთვარის ფაზებსა და მზისიერ წელიწადზე. მაგრამ თავის სიტყვაში, ბიბლიაში, თავისი ქმედებებისა და განზრახვების გადმოსაცემად ღმერთი ამ ბუნებრივ მოვლენებზე დაფუძნებულ ჟამთააღწერას მიმართავს, რათა მიწიერი ქმნილებებისთვის გასაგები გახდეს, დროის რა მონაკვეთში უწევთ ცხოვრება იეჰოვას დიდებული კალენდრის მიხედვით (იხ. ქრონოლოგია).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება