ზოდიაქოს თანავარსკვლავედები
ვარსკვლავთა ჯგუფი, რომელიც დედამიწიდან ჩანს დედამიწის ორბიტის სიბრტყის (ეკლიპტიკა) ორივე მხარეს 9-გრადუსიან სეგმენტში. იუდას მეფე იოშიას შესახებ 2 მეფეების 23:5-ში წერია: „მან დაითხოვა ქურუმები, იუდას მეფეებს რომ ჰყავდათ დაყენებული შესაწირავის ასაბოლებლად მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში, ასევე ისინი, ვინც შესაწირავს უბოლებდნენ ბაალს, მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს“. ზოდიაქოს თანავარსკვლავედებად ნათარგმნი ებრაული სიტყვა მაზზალოთ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, თუმცა იობის 38:32-ში გამოყენებული სიტყვა მაზზაროთ, შესაძლოა, მონათესავე სიტყვა იყოს. ამ სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტი განსაზღვრავს.
ზოდიაქოს წრის აღმოჩენას, ჩვეულებრივ, ძველ ბაბილონელებს მიაწერენ. ისინი აკვირდებოდნენ მზის წლიურ ხილულ გზას ვარსკვლავთა შორის, რასაც დღეს ეკლიპტიკას უწოდებენ. ასტრონომების დაკვირვებით, 18-გრადუსიან სეგმენტში (ეკლიპტიკის ორივე მხარეს 9-გრადუსიან სეგმენტში) მდებარეობს მზის, მთვარისა და დიდი პლანეტების ხილული გზა. თუმცა მხოლოდ ძვ. წ. II საუკუნეში ბერძენმა ასტრონომმა ზოდიაქოს წრე 12 თანაბარ სეგმენტად დაყო, სადაც თითოეულ სეგმენტს 30 გრადუსი უკავია. თითოეულ მათგანს ზოდიაქოს ნიშანი მიუჩინეს შესაბამისი თანავარსკვლავედის მიხედვით. სიტყვა „ზოდიაქო“ ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ცხოველთა წრეს, რადგან ზოდიაქოს 12 თანავარსკვლავედის უმეტესობას თავდაპირველად ცხოველის ან ზღვის ბინადრის სახელი დაარქვეს.
დღეს ზოდიაქოს ნიშნები აღარ ემთხვევა იმ თანავარსკვლავედებს, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად დაარქვეს სახელები. ამის მიზეზი შემოდგომისა და გაზაფხულის ბუნიობის წერტილების გადაადგილებაა, რომლის შედეგადაც თანავარსკვლავედები თანდათანობით აღმოსავლეთით გადაინაცვლებს 70 წელიწადში დაახლოებით 1 გრადუსით. სრული გარემოქცევის პერიოდი კი დაახლოებით 26 000 წელია. ამგვარად, ვერძის ნიშანი გასული 2000 წლის მანძილზე დაახლოებით 30 გრადუსით გადაადგილდა და ახლა თევზის თანავარსკვლავედში იმყოფება.
რა კავშირი აქვს ასტროლოგიასთან. ზოდიაქოს თანავარსკვლავედები ჯერ კიდევ ძველ შუამდინარეთში ცრუთაყვანისმცემლობის ობიექტი გახდა. თითოეულ თანავარსკვლავედს სხვადასხვა თვისება მიაწერეს, რასაც ასტროლოგიური პროგნოზებისთვის იყენებდნენ. პროგნოზები ეფუძნებოდა რომელიღაც კონკრეტულ პერიოდში ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნებთან მიმართებით. როგორც 2 მეფეების 23:5-დან ჩანს, ასტროლოგიის ეს სახეობა იუდაში ქურუმებმა შეიტანეს, რომლებიც ქვეყანაში ზოგიერთმა მეფემ მიიწვია. მაგრამ იეჰოვა ღმერთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა ნაბრძანები, რომ ვარსკვლავების თაყვანისცემისთვის ადამიანი სიკვდილით დაისჯებოდა (კნ. 17:2—7).
ასტროლოგია ბაბილონელთა თაყვანისცემის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა. ბაბილონელი ასტროლოგების ზოდიაქოზე დაფუძნებულმა წინასწარმეტყველებებმა ბაბილონი განადგურებისგან ვერ დაიხსნა, როგორც ეს ესაიას ჰქონდა ზუსტად ნაწინასწარმეტყველები (ეს. 47:12—15; იხ. ასტროლოგები).
დღესაც ზოდიაქოს ნიშნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი ადამიანის თაყვანისმცემლობაში. საინტერესოა, რომ ზოდიაქოს ნიშნები ასახულია ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთ საკათედრო ტაძარში, მაგალითად, ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში (პარიზი), აგრეთვე ამიენისა და შარტრის საკათედრო ტაძრებში (საფრანგეთი).