ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘ
(არევ-დარევა).
1. ბაბელის სახელწოდება, რომელიც მას მოგვიანებით შეარქვეს. ეს სახელგანთქმული ქალაქი მდებარეობდა შინარის ველზე, მდინარე ევფრატის სანაპიროზე იერუსალიმის აღმ. დაახლ. 870 კმ-ში და ბაღდადის სამხრ. დაახლ. 80 კმ-ში. ბაბილონის ნანგრევები ვრცელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული და ფორმით სამკუთხედს მოგვაგონებს. აქა-იქ რამდენიმე ბორცვს შეხვდებით. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს თელ-ბაბილი (მუჯელიბე), რომელიც ერაყის ქალაქ ჰილადან ჩრდ. დაახლ. 10 კმ-ში მდებარეობს. სახელწოდება თელ-ბაბილში შენარჩუნებულია ქალაქის ძველი სახელი (იხ. ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘ, №2, ᲨᲘᲜᲐᲠᲘ).
ბაბილონი მდინარე ევფრატის ორივე სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქს ორმაგი გალავანი ერტყა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ქალაქის აღება შეუძლებელი იყო.
შიდა გალავანი გამოუმწვარი აგურით აშენებული ორი კედლისგან შედგებოდა. შიდა კედელი 6,5 მ სისქის იყო. გარეთა კედელი 7 მეტრით იყო დაცილებული შიდა კედელს და სისქით დაახლოებით 3,5 მ-ს შეადგენდა. ამ კედლებში ჩაშენებული იყო დამცავი კოშკები, რაც გალავანს დამატებით სიმაგრეს სძენდა. გარე გალავნის გარეთა კედლიდან 20 მეტრის მოშორებით გაკეთებული იყო თხრილი, რომელიც გამომწვარი აგურითა და ფისით იყო გამაგრებული. ამ კედლის გარეთ იყო არხი, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდინარე ევფრატს უკავშირდებოდა. შედეგად მოსახლეობას სასმელი წყალიც ჰქონდა და მტრისგანაც დაცული იყო. ძველი ბაბილონის ტერიტორიაზე მოპოვებული წყაროებიდან ჩანს, რომ ქალაქის გალავანს რვა კარიბჭე ჰქონდა ჩაშენებული. დღეისათვის ოთხი მათგანია აღმოჩენილი და ამოთხრილი.
გარე გალავანი, რომელიც ევფრატის აღმოსავლეთით მდებარეობდა, მოგვიანებით ააგო ნაბუქოდონოსორ II-მ (რომელმაც სოლომონის ტაძარი დაანგრია). ამ გალავნით მან შემოიერთა ვრცელი ტერიტორია ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, რაც ახლო-მახლო მცხოვრებ ხალხს ომის შემთხვევაში გაქცევის საშუალებას მისცემდა. ეს გარე გალავანიც ორი კედლისგან შედგებოდა. გამოუმწვარი აგურისგან აგებული შიდა კედელი 7 მ სისქის იყო და დამცავი კოშკებით იყო გამაგრებული. მისგან 12 მეტრის მოშორებით გამომწვარი აგურისგან აგებული გარე კედელი იდგა. ეს კედელი ორი მწკრივისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთს ჩაშენებული კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდნენ. ერთი მწკრივი 8 მეტრამდე სისქის იყო, მისი მომიჯნავე კი — დაახლოებით 3,5 მეტრის.
ნაბონიდმა გარე გალავნის კიდეები ერთმანეთს დაუკავშირა მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ აგებული კედლის მეშვეობით. ეს კედელი სიგანეში დაახლოებით 8,5 მეტრის იყო. მასაც ჰქონდა კოშკები და მის გაყოლებაზეც იყო თხრილი, რომელიც სიგანეში 3,5 მეტრს შეადგენდა.
ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამბობს, რომ სანაპირო, რომელიც ქალაქიდან კარიბჭიანი კედლებით იყო გამოყოფილი, მდინარე ევფრატს ორივე მხრიდან მიუყვებოდა. მისივე სიტყვების თანახმად, ქალაქის კედლების სიმაღლე შეადგენდა დაახლოებით 90 მეტრს, სისქე — 26,5 მეტრს, ხოლო სიგრძე — 95 კილომეტრს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰეროდოტემ ბაბილონის შესახებ ეს მონაცემები გააზვიადა. არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ბაბილონი გაცილებით პატარა იყო და მისი გარე გალავანიც სიგრძესა და სიმაღლეში ბევრად ნაკლები იყო. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მდინარის დასავლეთ ნაპირს ნამდვილად ჰქონდა სანაპირო.
კარიბჭეებიდან მოყოლებული ქალაქი ქუჩებად იყო დაყოფილი. საპროცესიო გზა, იგივე მთავარი გზატკეცილი, მოკირწყლული იყო, გარშემო კედლები კი ლომების გამოსახულებებით იყო დამშვენებული (სურათი, ტომი 2, გვ. 323). ნაბუქოდონოსორ II-მ შეაკეთა და გააფართოვა ძველი სასახლე და მისგან დაახლ. 2 კილომეტრში ჩრდილოეთით საზაფხულო სასახლე ააგო. მან აგრეთვე ააშენა თაღოვანი გასასვლელებისგან შემდგარი ტერასებიანი დიდებული ნაგებობა, რომელიც „ბაბილონის დაკიდებული ბაღების“ სახელითაა ცნობილი და ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებადაა მიჩნეული.
მდინარე ევფრატის ორივე მხარეს გაშენებული ეს უზარმაზარი ქალაქი იმდროინდელი მსოფლიოს მნიშვნელოვან კომერციულ და ინდუსტრიულ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ამასთანავე, ბაბილონში იკვეთებოდა სახმელეთო და საზღვაო გზები, და აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ჩასული ხალხი იქ კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. ბაბილონის სანაოსნო ხომალდები სპარსეთის ყურეში და იმის იქითაც კი დაცურავდნენ.
ისტორია. ნიმროდმა, რომელიც ძვ. წ. მესამე ათასწლეულის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, დააარსა ბაბილონი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი იმპერიის დედაქალაქის სახელით შევიდა. თუმცაღა, ქალაქის მშენებლობა მოულოდნელად შეჩერდა იმის გამო, რომ მშენებლებმა ვეღარ გაიგეს ერთმანეთის ენა (დბ. 11:9). დროთა განმავლობაში, არაერთი თაობა დაბრუნდა ამ ქალაქის მშენებლობის გასაგრძელებლად. სემიტმა მმართველმა ხამურაბიმ ქალაქი გააფართოვა, გაამაგრა და ბაბილონის იმპერიის დედაქალაქად აქცია.
იმდროინდელი მსოფლიო იმპერიის, ასურეთის, უღელქვეშ ბაბილონელებმა არაერთი ბრძოლა და აჯანყება მოაწყვეს. მეორე მსოფლიო იმპერიის, ასურეთის დასუსტების პერიოდში ქალდეველმა ნაბოფალასარმა დაახლ. ძვ. წ. 645 წელს ბაბილონში ახალი დინასტია დააარსა. მისმა ვაჟმა ნაბუქოდონოსორ II-მ დაასრულა ქალაქის აღდგენა და მას ისეთი სილამაზე და დიდება შესძინა, როგორიც ქალაქს მანამდე არ ჰქონია. მეფე იკვეხნიდა: „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, თავად მე ... რომ ავაშენე?“ (დნ. 4:30). ეს აყვავებული ქალაქი თავის, როგორც მესამე მსოფლიო იმპერიის დედაქალაქის, დიდებას ინარჩუნებდა ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამემდე (გრიგორიანული კალენდრით). იმ ღამით კიროს დიდის ბრძანებით მიდია-სპარსეთის ჯარი შეიჭრა ბაბილონში და დასცა ქალაქი.
იმ საბედისწერო ღამეს ქალაქ ბაბილონში ბელშაცარს ნადიმი გაემართა ათასი დიდგვაროვნისთვის. უეცრად კედლის ბათქაშზე ავისმომასწავებელი წარწერა გამოჩნდა: „მენე, მენე, თეკელ, უფარსინ“ (დნ. 5:5—28). ნაბონიდი იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა. სპარსელებთან დამარცხების შემდეგ ის თავს აფარებდა ქალაქ ბორსიპას, რომელიც ბაბილონიდან სამხრ.-დას. მდებარეობდა. კედელზე გაჩენილი წარწერის მნიშვნელობა იეჰოვას წინასწარმეტყველმა დანიელმა ახსნა. კიროსის ჯარი კი ამ დროს ბაბილონის ერთი შეხედვით აუღებელი კედლების გარშემო იყო დაბანაკებული. მეომრებს ბრწყინვალე სტრატეგიული გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. მათ კალაპოტი შეუცვალეს მდინარე ევფრატს, რომელიც ქალაქზე გაედინებოდა. შემდეგ სპარსელები მდინარის ფსკერზე გავლით ავიდნენ ნაპირზე და სანაპიროზე არსებული კარიბჭით ბაბილონელებისთვის მოულოდნელად ქალაქში შეიჭრნენ. მათ სწრაფად გაიარეს ქუჩები, დახოცეს ყველა, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, აიღეს სასახლე და ბელშაცარი სიცოცხლეს გამოასალმეს. აი ასე, სულ რაღაც ერთ ღამეში დაეცა ბაბილონი. დასრულდა სემიტების საუკუნოვანი მმართველობა; ბაბილონზე კონტროლი არიელებმა (ინდო-ევროპელები) მოიპოვეს. იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა შესრულდა (ეს. 44:27; 45:1, 2; იერ. 50:38; 51:30—32; იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 325; ᲙᲘᲠᲝᲡᲘ).
ქალაქის დაცემის დღიდან, ძვ. წ. 539 წლიდან მოყოლებული, ბაბილონმა თანდათანობით დაკარგა უწინდელი დიდება. ის ორჯერ აუჯანყდა სპარსეთის მეფე დარიოს I-ს (ჰისტასპი). მეორე აჯანყების ჩახშობისას სპარსელებმა გაანადგურეს ბაბილონის სიმაგრეები. მოგვიანებით, ნაწილობრივ აღდგენილი ქალაქი ქსერქსე I-ს აუჯანყდა, რის შემდეგაც ის გაძარცვეს. ალექსანდრე მაკედონელს სურდა ბაბილონი თავისი იმპერიის დედაქალაქად ექცია, თუმცა ის ძვ. წ. 323 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ნიკატორმა (იგივე სელევკე I) ძვ. წ. 312 წელს ბაბილონი დაიპყრო. მან დაშალა ქალაქის ნაგებობები, მასალის დიდი ნაწილი მდინარე ტიგროსის ნაპირებზე გაიტანა და ააშენა ახალი დედაქალაქი სელევკია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაბილონის ტერიტორიაზე პირველი ქრისტიანების დროსაც არსებობდა ებრაელთა დასახლებები, რამაც აღძრა მოციქული პეტრე ჩასულიყო ბაბილონში, როგორც ამას მისივე წერილიდან ვიგებთ (1 პტ. 5:13). ქალაქში აღმოჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ ახ. წ. 75 წელს ჯერ კიდევ იდგა ბელის ტაძარი. ახ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ქალაქისგან ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. საბოლოოდ, ის აღიგავა პირისაგან მიწისა და მისგან „ქვების გროვაღა“ დარჩა (იერ. 51:37).
დღევანდელი ბაბილონი ფაქტობრივად გაუდაბურებულია. მის ადგილას ნანგრევები და ბორცვებიღაა შემორჩენილი (სურათი, ტ. 2, გვ. 324). ერთ წყაროში ნათქვამია: „არქეოლოგ რობერტ კოლდევაის მიერ გაწეული დიდი შრომის მიუხედავად, ამ უშველებელი ტერიტორიის ძალზედ მცირე ნაწილია შესწავლილი, რადგან საუკუნეების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა მისი ძარცვა სამშენებლო მასალის გატანის მიზნით. ნაწილობრივ ამ მიზეზითაც აიხსნება ის, რომ ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ძალზედ აოხრებულია. მისი შემხედვარე ძალაუნებურად გახსენდება ესაიას 13:19—22-სა და იერემიას 50:39-სა და შემდგომ მუხლებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. აქაურობის სრულ გაპარტახებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიწის დიდი ნაწილი მზისგან არის გადახრუკული“ (Archaeology and Old Testament Study, D. W. Thomas, Oxford, 1967, გვ. 41).
რელიგია. ბაბილონი უაღრესად რელიგიური ქალაქი იყო. არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ტექსტები ცხადყოფს, რომ ქალაქში 50-ზე მეტი ტაძარი იდგა. ბაბილონელთა მთავარი ღმერთი იყო მარდუქი, რომელიც ბიბლიაში მეროდაქის სახელით არის მოხსენიებული. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მარდუქი გაღმერთებული ნიმროდი იყო. თუმცა მკვლევრების აზრი განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, უკავშირებდნენ თუ არა ღმერთებს კონკრეტულ ადამიანებს. ბაბილონურ რელიგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ღვთაებათა ტრიადები. ერთ-ერთ ასეთ ტრიადაში შედიოდნენ მთვარის ღმერთი სინი, მზის ღმერთი შამაში და ქალღმერთი იშთარი. ბაბილონელთა წარმოდგენით, ეს ტრიადა მართავდა ზოდიაქოს. მეორე ტრიადაში კი შედიოდნენ დემონები ლაბართუ, ლაბასუ და ახაზუ. კერპთაყვანისმცემლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო გავრცელებული. ბაბილონი მართლაც რომ ბინძური და „საზიზღარი კერპებით“ სავსე „ქანდაკებების ქვეყანა“ გახლდათ (იერ. 50:1, 2, 38).
ბაბილონელებს სწამდათ სულის უკვდავების (The Religion of Babylonia and Assyria, by M. Jastrow, Jr., 1898, გვ. 556).
ბაბილონში ჩაეყარა საფუძველი ასტროლოგიას, რომლის საშუალებითაც ცდილობდნენ მომავლის გაგებას ვარსკვლავებზე დაკვირვებით (იხ. ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲔᲑᲘ). მაგიას, ჯადოქრობას და ასტროლოგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბაბილონელთა რელიგიაში (ეს. 47:12, 13; დნ. 2:27; 4:7). ბევრ ციურ სხეულს ბაბილონელთა ღვთაებების სახელები ჰქონდა შერქმეული. მკითხაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნაბუქოდონოსორის დროსაც, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად თავადაც მიმართავდა მკითხაობას (ეზკ. 21:20—22).
ისრაელის უძველესი მტერი. ბიბლიაში ბაბილონი ხშირად მოიხსენიება. პირველად ქალაქის სახელწოდებას, ბაბელს, ვხვდებით წიგნ „დაბადებაში“ (დბ. 10:10; 11:1—9). აქანის მიერ იერიხონიდან წამოღებულ ნადავლს შორის იყო „შინარული მოსასხამი“ (იეს. 7:21). ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს დაცემის შემდეგ ტყვედ წაყვანილი ისრაელების მიწაზე ბაბილონიდან და სხვა მხარეებიდან ჩამოყვანილი ხალხი ჩაასახლეს (2მფ 17:24, 30). მეფე ხიზკიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ბაბილონელ მაცნეებს თავისი სახლის მთელი საგანძური უჩვენა. მოგვიანებით, ბაბილონელებმა ეს საგანძური ბაბილონში გაზიდეს, ხიზკიას „შთამომავალთაგან ზოგიერთი“ კი ტყვედ წაიყვანეს (2მფ. 20:12—18; 24:12; 25:6, 7). ბაბილონის ტყვეობაში აღმოჩნდა მეფე მენაშეც (ძვ. წ. 716—662). თუმცა მას შემდეგ, რაც მან თავი დაიმდაბლა, იეჰოვამ მას სამეფო ტახტი დაუბრუნა (2მტ. 33:11). მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას ტაძრიდან ძვირფასი ნივთები ბაბილონში წაიღო და ათასობით ადამიანი ტყვედ წაასხა (2მფ. 24:1—25:30; 2მტ. 36:6—20).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული იექონია (იეჰოიაქინი), რომელიც ბაბილონში საპატიმროში იმყოფებოდა, იესოს გენეალოგიური ხაზის დამაკავშირებელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდა (მთ. 1:11, 12, 17). პეტრე მოციქულმა თავისი პირველი წერილი ბაბილონში დაწერა (1პტ. 5:13; იხ. პᲔᲢᲠᲔᲡ ᲬᲔᲠᲘᲚᲔᲑᲘ). ეს „ბაბილონი“ იყო მდინარე ევფრატზე გაშენებული ქალაქი, და არა რომი, როგორც ამას ზოგიერთი აცხადებდა.
იხ. ᲓᲘᲓᲘ ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘ.
2. ბაბილონის სამეფოს აგრეთვე მისი დედაქალაქის, ბაბილონის, სახელითაც მოიხსენიებდნენ. ამ სამეფოს ცენტრალური ნაწილი მდებარეობდა შუამდინარეთის დაბლობის სამხრეთ მონაკვეთში (რუკა, ტ. 2, გვ. 321).
ზოგჯერ ისტორიკოსები ბაბილონეთს ორ ნაწილად ყოფენ: ჩრდილოეთ ნაწილს აქადს უწოდებენ, სამხრეთს — კი შუმერს ანუ ქალდეას. თავდაპირველად ამ ტერიტორიას, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეწოდებოდა „შინარის მიწა“ (დბ. 10:10; 11:2; იხ. ᲨᲘᲜᲐᲠᲘ). მოგვიანებით, როდესაც ქალაქმა ბაბილონმა დედაქალაქის სტატუსი მიიღო, ეს მიწა ბაბილონეთის სახელით გახდა ცნობილი. რამდენადაც ბაბილონეთს დროდადრო ქალდეველები მართავდნენ, ამ მიწას „ქალდეველთა მიწაც“ ეწოდებოდა (იერ. 24:5; 25:12; ეზკ. 12:13). ძველი ბაბილონეთის ქალაქებიდან ზოგიერთი იყო ადაბი, აქადი, ბაბილონი, ბორსიპა, ერექი, კიში, ლაგაში, ნიფური და ური. ბაბილონის სამეფო, ბაბილონეთის გარდა მოიცავდა სირიასა და პალესტინას, და ეგვიპტის საზღვრამდე იყო გადაჭიმული.
დაახლ. ძვ. წ. მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ბაბილონეთს მართავდა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (2მფ. 15:29; 16:7; 1მტ. 5:26). მოგვიანებით ქალდეველი მეროდაქ-ბალადანი გახდა ბაბილონის მეფე, თუმცა 12 წლის შემდეგ ის გააძევა სარგონ II-მ და მისი ადგილი დაიკავა. სინახერიბს, რომელიც სარგონ II-ის შემდეგ ავიდა ტახტზე, ბაბილონელებმა მეროდაქ-ბალადანის მეთაურობით აჯანყება მოუწყვეს. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 732 წელს სინახერიბმა იერუსალიმის აღების მცდელობისას სასტიკი მარცხი განიცადა, მეროდაქ-ბალადანმა იუდას მეფე ხიზკიას მაცნეები გაუგზავნა, რათა მისი სახით შესაძლო მოკავშირე შეეძინა ასურეთის წინააღმდეგ (ეს. 39:1, 2; 2მფ. 20:12—18). მოგვიანებით სინახერიბმა განდევნა მეროდაქ-ბალადანი და თვითონ დაჯდა ბაბილონის ტახტზე. ის სიკვდილამდე რჩებოდა ბაბილონის მმართველად. მისმა ვაჟმა ასარხადონმა აღადგინა ბაბილონი. გარკვეული დროის შემდეგ ბაბილონელები გაერთიანდნენ ნაბოფალასარის მეთაურობით და გაამეფეს ის. მისი მეფობით საფუძველი ჩაეყარა ახალბაბილონური სამეფო დინასტიის მმართველობას, რომელიც გაგრძელდა ბელშაცარის დრომდე. ეს დინასტია — ნაბოფალასარის ვაჟის, ნაბუქოდონოსორიდან დაწყებული ბელშაცარამდე — ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში, კერძოდ კი ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების ოქროს თავით იყო წარმოდგენილი (დნ. 2:37—45). ხოლო დანიელის მიერ ნანახ ხილვაში ეს სამეფო დინასტია წარმოდგენილი იყო ლომით, რომელსაც ჰქონდა არწივის ფრთები და კაცის გული (დნ. 7:4).
ძვ. წ. 632 წელს ქალდეველთა ამ ახალმა დინასტიამ მიდიელებისა და სკვითების მხარდაჭერით დაიმორჩილა ასურეთი. ძვ. წ. 625 წელს ნაბოფალასარის უფროსმა ვაჟმა, ნაბუქოდონოსორ II-მ ქარხემიშთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ეგვიპტის ფარაონი ნექო და იმავე წელს ხელთ იგდო მართვის სადავეები (იერ. 46:1, 2). ნაბუქოდონოსორის მმართველობის დროს ბაბილონი გახდა „ოქროს თასი“ იეჰოვას ხელში, რომლიდანაც მან თავისი რისხვა გადმოღვარა ორგულ იუდასა და იერუსალიმზე (იერ. 25:15, 17, 18; 51:7). ძვ. წ. 620 წელს ნაბუქოდონოსორმა ხარკი დააკისრა მეფე იეჰოიაკიმს, მაგრამ დაახლოებით სამი წლის შემდეგ იეჰოიაკიმი მას აუჯანყდა. ძვ. წ. 618 წელს, ანუ იეჰოიაკიმის მმართველობის მესამე წელს, ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრა (2მფ. 24:1; 2მტ. 36:6). თუმცაღა, იეჰოიაკიმი ბაბილონში ტყვედ წაყვანამდე მოკვდა. მისი ვაჟი იეჰოიაქინი, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო, მალევე ჩაჰბარდა მტერს, და ძვ. წ. 617 წელს ის სხვა დიდებულებთან ერთად ბაბილონში გადაასახლეს (2მფ. 24:12). ბაბილონის მეფემ იუდას მომდევნო მეფედ ციდკია დანიშნა, მაგრამ ისიც აუჯანყდა მას. ძვ. წ. 609 წელს ბაბილონელებმა კვლავ ალყაში მოაქციეს იერუსალიმი და ბოლოს, ძვ. წ. 607 წელს, მისი კედლები გაარღვიეს და დასცეს ქალაქი (2მფ. 25:1—10; იერ. 52:3—12). ძვ. წ. 607 წელი — ანუ იერუსალიმის გაპარტახების წელი გახდა მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან აქედან გადაითვლებოდა დრო, როდესაც იეჰოვა, სამყაროს უზენაესი მმართველი, თავის რჩეულ მეფეს გაამეფებდა მთელ დედამიწაზე (იხ. ᲣᲪᲮᲝᲢᲝᲛᲔᲚᲗᲐᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲔᲑᲘ, „გათელვის დასაწყისი“).
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ თიხის ფირფიტაზე გაკეთებული ლურსმული წარწერიდან ირკვევა, რომ ნაბუქოდონოსორმა თავისი მმართველობის 37-ე წელს (ძვ. წ. 588) ეგვიპტის წინააღმდეგ გაილაშქრა. შესაძლოა, სწორედ ამ დროს დაიმორჩილა ბაბილონმა ძლევამოსილი ეგვიპტე, როგორც ეს წინასწარმეტყველ ეზეკიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები დაახლ. ძვ. წ. 591 წელს (ეზკ. 29:17—19). 43-წლიანი მმართველობის განმავლობაში ნაბუქოდონოსორმა ბევრი ერი დაიპყრო, ამასთანავე მან გრანდიოზული სამშენებლო პროექტები განახორციელა ბაბილონეთში. ნაბუქოდონოსორ II გარდაიცვალა ძვ. წ. 582 წლის ოქტომბერში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა აველ-მარდუქი (ევილ-მეროდაქი). ამ ახალმა მმართველმა წყალობა გამოავლინა ტყვეობაში მყოფი მეფე იეჰოიაქინის მიმართ (2მფ. 25:27—30). ძალზედ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ნერიგლისარის მმართველობის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ევილ-მეროდაქის შემდეგ მართავდა ბაბილონს, და აგრეთვე, ლაბაშ-მარდუქის მეფობის შესახებ.
ისტორიულ წყაროებში გაცილებით მეტი ინფორმაციაა შემონახული ნაბონიდისა და მისი ვაჟის, ბელშაცარის, შესახებ, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთდროულად მართავდნენ სამეფოს ბაბილონის დაცემის პერიოდში.
ამ მეფეების მმართველობის დროს მიდიელებმა და სპარსებმა კიროს დიდის ხელმძღვანელობით აიღეს ბაბილონეთი, რის შემდეგაც მიდია-სპარსეთის სახით არენაზე მეოთხე მსოფლიო იმპერია გამოჩნდა. ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის ღამეს (გრიგორიანული კალენდრით) ბაბილონი დაეცა, ბელშაცარი კი სიცოცხლეს გამოასალმეს. ბაბილონის აღებიდან პირველივე წელს კიროსმა გამოსცა ცნობილი დადგენილება, რომელმაც 42 360 ისრაელს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. მათ გარდა, იერუსალიმში მრავალი მონა და დახელოვნებული მომღერალი დაბრუნდა. ბაბილონეთზე სპარსელების ბატონობა დასრულდა დაახლ. 200 წლის შემდეგ, როდესაც ძვ. წ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელმა აიღო ბაბილონი. ძვ. წ. მეორე საუკუნის შუა პერიოდისთვის კი ბაბილონეთი დაიპყრეს პართელებმა, რომელთაც სათავეში ედგა მეფე მითრიდატე I.
რამდენადაც ამ ტერიტორიაზე მრავლად იყო იუდეველთა დიასპორები, პეტრე მოციქული, რომელიც თავს მოვალედ თვლიდა, ექადაგა იუდეველებისთვის, ჩავიდა ბაბილონში, სადაც ღვთის შთაგონებით, სულ მცირე, ერთი წერილი დაწერა (გლ. 2:7—9; 1პტ. 5:13). ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა რაბინებმა შეადგინეს ბაბილონური თარგუმი, რომელიც ონკელოსის თარგუმის სახელითაც არის ცნობილი, და გააკეთეს ებრაული წერილების არაერთი ხელნაწერი. აღსანიშნავია ახ. წ. 916 წლით დათარიღებული გვიანდელ წინასწარმეტყველთა წიგნების პეტერბურგის კოდექსი, რადგან მასში ერთდროულადაა მოცემული ტექსტის ვოკალიზაციის ანუ წაკითხვის როგორც აღმოსავლური (ბაბილონური), ისე დასავლური (ტიბერიული) სისტემები.
[რუკა 236, 237 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ძველი ქალაქი ბაბილონი
ახალი ქალაქი
არხი
ზაფხულის სასახლე
იშთარის კარიბჭე
დაკიდებული ბაღები
ქალაქი სასახლე
ეთემენანქის ზიკურათი
კარიბჭე და ხიდი
მარდუქის ტაძარი
საპროცესიო გზა
კედელი მდინარის გასწვრივ
მდინარე ევფრატი
ქალაქის შიდა გალავანი
არხი
ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული გარე გალავანი
არხი