ᲒᲐᲡᲐᲦᲔᲑᲘ
კარის ან ჭიშკრის გასაღებად და დასაკეტად გამიზნული ხელსაწყო. ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ გამოიყენება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
ბიბლიურ დროში გასაღებს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა ხის ბრტყელი ნაჭერი ამოშვერილი ნაწილებით, რომლებიც ზუსტად ერგებოდა კარის შიდა მხრიდან გაკეთებულ ურდულში დატანილ ნახვრეტებს. კარი რომ გაეღოთ, გასაღებით აწვებოდნენ კარის შიდა საკეტს, განსხვავებით თანამედროვე გასაღებისგან, რომელიც საკეტში ტრიალდება. გასაღებს ხშირად სარტყელზე იმაგრებდნენ ან რომელიმე ნივთზე ამაგრებდნენ და მხარზე გადაკიდებულს ატარებდნენ (ეს. 22:22).
ეგვიპტეში აღმოაჩინეს ბრინჯაოსა და რკინის გასაღებები, რომლებიც წარმოადგენდა 13 სმ სიგრძის ღერძებს, რომლებსაც ბოლოში ჰქონდა სამი ან მეტი შვერილი. რომაელებიც იყენებდნენ მეტალის გასაღებებს, რომელთაგან ზოგი საკეტში ტრიალდებოდა. ბრინჯაოსგან დამზადებული გასაღებები პალესტინაშიც იქნა აღმოჩენილი.
მოაბის მეფე ეგლონიც იყენებდა საკეტს და გასაღებს ზედა ოთახისთვის (მსჯ. 3:15—17, 20—25). ბაბილონში გადასახლების შემდგომ პერიოდში ზოგ ლევიანს მინდობილი ჰქონდა ტაძრის დაცვა. „მათ ებარათ გასაღები და ყოველ დილით აღებდნენ ტაძრის კარებს“ (1მტ. 9:26, 27).
„გასაღები“ გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ძალაუფლების, მმართველობის და ძალის აღსაწერად. ელიაკიმს, რომელიც ნდობითა და პატივით სარგებლობდა, „დავითის შთამომავალთა სახლეულობის გასაღები“ ჰქონდა მხარზე ჩამოკიდებული (ეს. 22:20—22). არც ისე დიდი ხნის წინ ახლო აღმოსავლეთში თუ მამაკაცს მხარზე დიდი გასაღები ექნებოდა ჩამოკიდებული, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ის გავლენიანი კაცი იყო. ძველად, მეფის მრჩეველს, რომელსაც მინდობილი ჰქონდა გასაღებები, რაც მისი ძალაუფლების სიმბოლო იყო, შეეძლო სასახლის დარბაზებისთვის ზედამხედველობის გაწევა და მეფის კარზე მსახურებისთვის შესაფერისი კანდიდატების შერჩევა. ანგელოზის მიერ ფილადელფიის კრებისადმი გადაცემულ ცნობაში ზეცად ამაღლებული იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომ მას აქვს „დავითის გასაღები“, და რომ იესო არის ის, ვის გაღებულსაც ვერავინ კეტავს და ვის დაკეტილსაც ვერავინ აღებს“ (გმც. 3:7, 8). იესო ქრისტეს, როგორც სამეფოსთან დაკავშირებით დავითთან დადებული შეთანხმების მემკვიდრეს, მიენდო ღვთის ერთგულ მსახურებზე მმართველობა და სულიერი ისრაელის წინამძღოლობა (ლკ. 1:32, 33). თავისი ძალაუფლებით, რომელიც სიმბოლურად „დავითის გასაღებით“ არის გამოხატული, მას შეუძლია გააღოს ან დაკეტოს სიმბოლური კარები, რაშიც იგულისხმება მსახურების შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები (შდრ. 1კრ. 16:9; 2კრ. 2:12, 13).
როგორ გამოიყენა პეტრემ მისთვის მინდობილი „სამეფოს გასაღებები“?
იესომ უთხრა პეტრეს: „მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში უკვე შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში უკვე გახსნილი იქნება“ (მთ. 16:19). იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმა იესომ ამ გასაღებებში, ლოგიკურია ვნახოთ სხვა ბიბლიური მუხლები. იესომ გასაღებები სხვა დროსაც მოიხსენია, კერძოდ მაშინ, როდესაც კანონის მცოდნე სულიერ წინამძღოლებს შემდეგი სიტყვები უთხრა: „წაღებული გაქვთ ცოდნის გასაღები; არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს უშვებთ!“ (ლკ. 11:52). თუ ამ მუხლს შევადარებთ მათეს 23:13-ს, დავინახავთ, რომ სიტყვა „შესვლა“ უკავშირდება „ზეციერ სამეფოში“ შესვლას. ამგვარად, პეტრესთან საუბარში სიტყვა „გასაღების“ მოხსენიებით იესომ იგულისხმა ის, რომ პეტრეს ექნებოდა პატივი, წამოეწყო დასწავლების პროგრამა, რომელიც ბევრს მისცემდა ზეციერი სამეფოს დამკვიდრების განსაკუთრებულ შესაძლებლობას.
თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით პეტრემ ნამდვილად გამოიყენა ღვთისგან მიღებული ცოდნა სხვების დასახმარებლად, რათა მათაც მისცემოდათ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა; ეს განსაკუთრებით გამოჩნდა სამი სიტუაციიდან. პირველად პეტრემ თავისი უფლებამოსილებით ისარგებლა ძვ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც შეკრებილ ხალხს ღვთის შთაგონებით უთხრა, რომ იეჰოვა ღმერთმა აღადგინა იესო, ზეცად აამაღლა ის და თავის მარჯვნივ დასვა, და რომ იესომ დაპირებული წმინდა სული ერთად შეკრებილ მოწაფეებს გადმოაფრქვია. ქადაგების შემდეგ პეტრემ ხალხს მოუწოდა: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ ძღვენს — წმინდა სულს“. შედეგად, დაახლოებით 3000-მა იუდეველმა (და იუდეველმა პროზელიტმა) გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რომ გამხდარიყვნენ „ზეციერი სამეფოს“ მომავალი წევრები. ამის შემდეგ სხვა იუდეველებმაც მიჰბაძეს მათ მაგალითს (სქ. 2:1—41).
მეორედ პეტრემ „გასაღები“ გამოიყენა მაშინ, როდესაც მოციქულებმა ის და იოანე გაგზავნეს სამარიელებთან, რომლებიც მონათლულები კი იყვნენ, მაგრამ წმინდა სული არ ჰქონდათ მიღებული. ლოცვის შემდეგ „დაადეს მოციქულებმა მათ ხელები და გადმოვიდა მათზე წმინდა სული“ (სქ. 8:14—17).
მესამე შემთხვევა, როდესაც პეტრემ გამოიყენა „გასაღები“, რითაც სხვებს სამეფოს მემკვიდრეებად გახდომის შესაძლებლობა მისცა, მოხდა მაშინ, როდესაც ის გაგზავნილ იქნა იტალიური რაზმის ასისთავის, წარმართი კორნელიუსის სახლში. ღვთისგან მიღებული გამოცხადების შემდეგ პეტრემ გააცნობიერა, რომ ღმერთი მიუკერძოებელი იყო ყველას მიმართ და მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას — იქნებოდა ის იუდეველი თუ უცხოტომელი წარმართი — და რომ მისთვის მთავარი იყო ის, რომ ადამიანი ყოფილიყო ღვთისმოშიში და სიმართლის მქნელი. იმ დროს, როცა პეტრე თავის უცხოტომელ მსმენელებს ამ საკითხზე ესაუბრებოდა, მათზე წმინდა სული გადმოვიდა და სასწაულებრივად აალაპარაკა უცხო ენებზე. ამის შემდეგ ისინი მოინათლნენ და გახდნენ „ზეციერი სამეფოს“ პირველი უცხოტომელი წევრები, რომლებიც მომავალში მიიღებდნენ ამ ჯილდოს. მას მერე უცხოტომელ მორწმუნეებსაც გაეხსნათ „კარი“, რომ გამხდარიყვნენ ქრისტიანული კრების წევრები (სქ. 10:1—48; 15:7—9).
ბერძნული ენის გრამატიკის გათვალისწინებით მათეს 16:19-ის ზუსტი თარგმანი ჟღერს შემდეგნაირად: „ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში უკვე შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში უკვე გახსნილი იქნება“. რამდენადაც ბიბლიის სხვა მონაკვეთებიდან ჩანს, რომ აღდგენილი იესო არის ქრისტიანული კრების ერთადერთი თავი, ცხადია, რომ მის მიერ პეტრესთვის ნათქვამ სიტყვებში ის კი არ იგულისხმებოდა, რომ პეტრე უკარნახებდა ზეცას, თუ რა უნდა „შეკრულიყო“ ან „გახსნილიყო“, არამედ ის, რომ ზეცა გამოიყენებდა პეტრეს, როგორც ერთგვარ იარაღს იმის „შესაკრავად“ ან „გასახსნელად“, რაც ზეცაში უკვე გადაწყვეტილი იყო (1კრ. 11:3; ეფ. 4:15, 16; 5:23; კლ. 2:8—10).
„უფსკრულის გასაღები“. გამოცხადების 9:1—11 აღგვიწერს ხილვას, რომელშიც წარმოდგენილია ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას მიეცა „უფსკრულის ნაპრალის გასაღები“ და ამ ნაპრალის გაღების შემდეგ ის უშვებს კალიების გუნდს, რომელთა მეფეც „უფსკრულის ანგელოზია“. ვინაიდან უფსკრულში, როგორც ეს რომაელების 10:6, 7-დან ჩანს, აშკარად მოიაზრება ჰადესი, ანუ სამარე (თუმცა, ის მხოლოდ ჰადესით არ შემოიფარგლება), ნათელია, რომ „უფსკრულის ნაპრალის გასაღებში“ იგულისხმება „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“, რომელთაც ფლობს აღდგენილი იესო ქრისტე, როგორც ამას გამოცხადების 1:18-დან ვიგებთ. ეს „გასაღებები“ ხაზს უსვამს იმას, რომ იესოს აქვს ძალაუფლება, გაათავისუფლოს ვინმე ისეთი მდგომარეობიდან, რომლიდან გათავისუფლებაც არავის ძალუძს, გარდა ღვთისა ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლისა. მაშასადამე, „გასაღებებში“ იგულისხმება ის, რომ მათ მფლობელს აქვს ძალაუფლება, პირდაპირი გაგებით აღადგინოს გარდაცვლილები, ანუ გაათავისუფლოს ისინი სამარის მარწუხებისგან, და ამასთანავე, სულიერი გაგებითაც გააცოცხლოს „მკვდრები“ ( ინ. 5:24—29; შდრ. გმც. 11:3—12; იხ. ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ [სულიერი მდგომარეობის ცვლილება]). ბიბლიაში „უფსკრულის გასაღები“ ბოლოს მოხსენიებულია გამოცხადების 20:1—7-ში. აქ აღწერილ ხილვაში ანგელოზმა, რომელსაც ხელში ეჭირა ეს გასაღები, უფსკრულში ჩააგდო სატანა, და ათასი წლით ჩაკეტა და დაბეჭდა უფსკრული. ათასი წლის გასვლის შემდეგ „სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან“. როგორც ჩანს, ამ მიზნისთვისაც იქნება გამოყენებული „გასაღები“, რომელიც ასიმბოლოებს ძალაუფლებას (იხ. უფსკრული).