საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სასწაულები“
  • სასწაულები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სასწაულები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რისი სწავლა შეგიძლიათ იესოს სასწაულებიდან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სასწაულები“

სასწაულები

განსაცვიფრებელი და საკვირველი შემთხვევები; ფიზიკურ სამყაროში მომხდარი ზეადამიანური და ზებუნებრივი მოვლენები, რომლებსაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ. ებრაულ წერილებში სიტყვა მოფეთ ზოგჯერ „სასწაულად“ ითარგმნება, თუმცა აგრეთვე ნიშნავს საკვირველებას და ნიშანს (კნ. 28:46; 1მტ. 16:12). ხშირად ის გამოიყენება ებრაულ სიტყვასთან ʼოთ, რომელიც ნიშანს ნიშნავს (კნ. 4:34). ბერძნულ წერილებში სიტყვა დინამის (ძალა) გადმოტანილია „სასწაულად“ და „უნარად“ (მთ. 25:15; ლკ. 6:19; 1კრ. 12:10).

სასწაული, რომელიც აოცებს თვითმხილველს, აღემატება მის შესაძლებლობებს და აუხსნელი რჩება. სასწაულის მოსახდენად იმაზე მეტი ძალა და ცოდნაა საჭირო, ვიდრე მას აქვს. მაგრამ ასეთი ძალის პატრონისთვის ეს სასწაული არ არის — მისთვის ყველაფერი გასაგებია და მისი მოხდენაც შეუძლია. ამგვარად, ღვთის ბევრი საქმე, რომლებიც ადამიანს სასწაულად მიაჩნია, სინამდვილეში უბრალოდ მისი ძალის გამოვლინებაა. თუ ადამიანს სწამს ზებუნებრივი ძალის, მეტადრე შემოქმედი ღმერთის, ის ვერ უარყოფს, რომ მას საკვირველი საქმეების მოხდენის ძალა შესწევს (რმ. 1:20; იხ. ძალა, სასწაულები).

ექვემდებარება სასწაულები ბუნების კანონებს?

კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად მეცნიერებმა სამყაროში აღმოაჩინეს არაერთი უცვლელი მოვლენა და კანონი, რომლებიც ბუნებრივი მოვლენების მუდმივობას არეგულირებს. ერთ-ერთი ასეთი კანონია მიზიდულობის კანონი. მეცნიერები აღიარებენ ასეთი კანონების სირთულესა და საიმედოობას. კანონებად მათი აღიარება იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს პიროვნება, ვინც ამ კანონებს ამოქმედებს. სკეპტიკოსები სასწაულს ბუნებრივი, შეუქცევადი და ურყევი კანონების დარღვევად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სასწაულები არ ხდება. მათი აზრით, თუ ადამიანისთვის ამ კანონების საფუძველზე რამე გაუგებარი ან აუხსნელია, შეუძლებელია ის მოხდეს.

მაგრამ მოწინავე მეცნიერები შედარებით ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს და ამბობენ, რომ შეუძლებელი არაფერია. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ბრობეკმა თქვა: „მეცნიერი გულახდილად ვეღარ იტყვის, რომ რაღაც შეუძლებელია. მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ რაღაც ნაკლებად სავარაუდოა ან მისი ახსნა შეუძლებელია დღევანდელი ცოდნიდან გამომდინარე. მეცნიერები არ ამბობენ, რომ მატერიის ყველა თვისება და ენერგიის ყველა ფორმა ცნობილია მათთვის ... [სასწაულისთვის] საჭიროა ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის მეცნიერებების დარგებისთვის უცნობი ენერგიის წყარო. ბიბლია ასეთი ენერგიის წყაროდ ღვთის ძალას მიიჩნევს“ (Time, ივლისი 4, 1955). შემდგომმა მეცნიერულმა პროგრესმა დაამტკიცა ამ სიტყვების ჭეშმარიტება.

მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით ნორმალურ პირობებში სითბოს, სინათლის, ელექტრობის ან მატერიის ნებისმიერი ფორმის თვისებები და ატომური თუ ბირთვული პროცესები, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ თვისებებზე უჩვეულო ან უცნაურ პირობებში. მაგალითად, უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე ჩატარდა გამოკვლევა, რომლის დროსაც საკმაოდ მცირე ხანში გამოჩნდა ქიმიური ელემენტების არაერთი უცნაური რეაქცია. როცა ტყვიას, რომელიც არ გამოირჩევა ელექტროგამტარობით, −271° C-ზე გაციებულ თხევად ჰელიუმში დებენ, ის ზეგამტარი ხდება, ხოლო როცა მაგნიტის გვერდით დებენ — ძლიერ ელექტრომაგნიტური. ასეთ უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე ჰელიუმი თითქოსდა აღარ ემორჩილება მიზიდულობის კანონს — კოლბის კედლებზე ცოცდება და გადმოდის (Matter, Life Science Library, 1963, გვ. 68, 69).

ეს აღმოჩენა ერთ-ერთია იმ მრავალი აღმოჩენიდან, რომლებმაც გააოცა მეცნიერები და გააბათილა მათი ძველი შეხედულებები. მაშ, რატომ უნდა თქვას ვინმემ, რომ ღმერთი არღვევს საკუთარ კანონებს ადამიანისთვის საოცარი და სასწაულებრივი საქმეების მოსახდენად?! ცხადია, ფიზიკური სამყაროს შემოქმედი სრულყოფილად აკონტროლებს თავის ქმნილებას და შეუძლია მისთვის დადგენილი კანონების ფარგლებში მართოს ის (იობ. 38). სასწაულის მოსახდენად ღმერთს შეუძლია სათანადო პირობების შექმნა; მას შეუძლია დააჩქაროს, შეანელოს, გაანეიტრალოს ესა თუ ის რეაქცია ან ცვლილებები შეიტანოს მასში. ამის გაკეთება იეჰოვას ნების შესასრულებლად ანგელოზებსაც შეუძლიათ, რომლებიც ადამიანებზე ძლიერები არიან (გმ. 3:2; ფს. 78:44—49).

ცხადია, მეცნიერები არ ცვლიან ფიზიკურ კანონებს ან ზღვარს არ გადადიან, როცა აცხელებენ, აცივებენ, ჟანგბადით აჯერებენ ან სხვა რამეს აკეთებენ ქიმიური პროცესების დასაჩქარებლად ან შესანელებლად. მიუხედავად ამისა, სკეპტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ბიბლიაში მოხსენიებულ სასწაულებს, მათ შორის შემოქმედების სასწაულს. ფაქტობრივად, ისინი აცხადებენ, რომ მათ კარგად იციან ყველანაირი ვითარება და პროცესი, რაც კი ოდესმე მომხდარა. ისინი ირწმუნებიან, რომ შემოქმედის სამოქმედო არეალი ვერ სცდება ფიზიკურ სამყაროში მოქმედ მათთვის ცნობილ კანონებს, რომელთა შესახებაც სინამდვილეში მათ მწირი ცოდნა აქვთ.

მეცნიერების უმწეობას აღიარებს პლაზმური ფიზიკის პროფესორი: „არავის ეპარება ეჭვი, რომ დედამიწის ატმოსფერო ექვემდებარება მექანიკისა და ატომური ფიზიკის კანონებს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ძალიან რთული იყოს იმის განსაზღვრა, როგორ მოქმედებს ეს კანონები ატმოსფეროში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენის დროს“ (Worlds-Antiworlds, ჰ. ალფენი, 1966, გვ. 5). პროფესორმა ეს აზრი სამყაროს წარმოშობას დაუკავშირა. ღმერთმა დაადგინა ფიზიკური კანონები, რომლებსაც ექვემდებარება დედამიწა, მზე და მთვარე. ამ კანონების ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ საოცარი საქმეები აკეთონ. ცხადია, ღმერთს შეუძლია ეს კანონები ადამიანისთვის მოულოდნელი შედეგის მისაღებად გამოიყენოს. მისთვის რთული არ იქნებოდა წითელი ზღვის გაყოფა და წყლის კედლებად აღმართვა (გმ. 14:22). თუმცა ადამიანისთვის წყალზე სიარული გასაოცარი რამ არის, ეს ძალიან ადვილია იმ პიროვნების ძალით, ვინც „მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას, საცხოვრებელი კარავივით შლის მას“. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა შექმნა ყველა ციური სხეული, ის აკონტროლებს მათ და „მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“ (ეს. 40:21, 22, 25, 26).

ვინაიდან ისეთი კანონების აღიარება, როგორიცაა მიზიდულობის კანონი, გულისხმობს ზეადამიანური ინტელექტისა და ძალის მქონე კანონმდებლის არსებობას, რატომღა უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ მას სასწაულების მოხდენა შეუძლია?! რატომ უნდა განვსაზღვროთ მისი მოქმედების არეალი ჩვენი უკიდურესად მწირი ცოდნითა და გამოცდილებით?! იობის სიტყვების თანახმად, ღმერთი სიბნელესა და უცოდინარობაში ატარებს მათ, ვინც თავისი სიბრძნით უპირისპირდება (იობ. 12:16—25; შდრ. რმ. 1:18—23).

ღმერთი თავისი ზნეობრივი კანონების ერთგულია. შემოქმედი არასდროს მოქმედებს ნაჩქარევად და არასდროს არღვევს თავის კანონებს (მლ. 3:6). ის თავისი ზნეობრივი კანონების ერთგულია, რომლებიც მის ფიზიკურ კანონებს ეთანხმება, თუმცა მათზე აღმატებული და დიდებულია. თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, ის არ იწყნარებს უსამართლობას. ღვთის წინასწარმეტყველმა უთხრა მას: „იმდენად სუფთაა შენი თვალები, რომ ვერ უყურებ ბოროტებას და ვერ უმზერ სიავეს“ (აბკ. 1:13; გმ. 34:7). ღმერთმა დაუდგინა ისრაელს: „სულის სანაცვლოდ სული, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი“ (კნ. 19:21). თავისი კანონები რომ არ დაერღვია, უმწეო და მომნანიებელი ადამიანებისთვის სასიკვდილო ცოდვის საპატიებლად ღმერთს კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონოდა (რმ. 5:12; ფს. 49:6—8). ღმერთმა ზედმიწევნით დაიცვა თავისი კანონი და კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძეც კი გაიღო მსხვერპლად (მთ. 20:28). მოციქული პავლე ამბობს, რომ „ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით“ იეჰოვამ აჩვენა „თავისი სიმართლე ... რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:24, 26). იმის ცოდნა, რომ ღმერთმა თავისი ზნეობრივი კანონების დასაცავად საყვარელი ძეც კი გაიმეტა სასიკვდილოდ, გვარწმუნებს, რომ ის არასდროს დაარღვევს თავის ფიზიკურ კანონებს ფიზიკურ სამყაროში სასურველი შედეგის მისაღწევად.

ეწინააღმდეგება გამოცდილებას? მხოლოდ იმის თქმა, რომ სასწაულები არ მომხდარა, არ ნიშნავს, რომ ისინი მართლა არ ხდებოდა. დღეს შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს რომელიმე ისტორიული მოვლენის სინამდვილეში, რადგან თვითონ არ უნახავს და ამ მოვლენის თვითმხილველებიც აღარ არიან. მაგრამ ეს არ ცვლის ისტორიულ ფაქტებს. ზოგი სასწაულების სინამდვილეს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან, მათი აზრით, ისინი ეწინააღმდეგება გამოცდილებას, ანუ დაკვირვებებიდან, წიგნებიდან თუ სხვა წყაროებიდან მიღებულ ცოდნას, რაც ჭეშმარიტებად არის აღიარებული. თუ მეცნიერები ასეთ პოზიციას დაიკავებდნენ, მაშინ შემცირდებოდა კვლევები, ახალ-ახალი გამოგონებები და სხვადასხვა პროცესის განვითარება. მაგალითად, ისინი მეტად აღარ ჩაატარებდნენ კვლევებს უკურნებელი დაავადებების აღმოსაფხვრელად და სხვა პლანეტებზე ან სამყაროს შორეულ ნაწილებში ფრენების განსახორციელებლად. მაგრამ ისინი იკვლევენ, სრულიად ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და ახალ გამოცდილებას გვძენენ. თანამედროვე მიღწევები გააოგნებდა ძველად მცხოვრებთ და, რაც დღეს ჩვენთვის ჩვეულებრივია, მათთვის სასწაული იქნებოდა.

მხოლოდ ლოგიკით არ იხსნება. ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მეცნიერება და ლოგიკა ხსნის ამ სასწაულებს და ის, რაც ბიბლიის დამწერებმა ღმერთს მიაწერეს, უბრალოდ, ბუნებრივი მოვლენებია. ცხადია, ამ სასწაულების დროს ხდებოდა ბუნებრივი მოვლენები, მაგალითად მიწისძვრა (1სმ. 14:15, 16; მთ. 27:51). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაში ღვთის ხელი არ ერია. არა მხოლოდ მოვლენები იყო გასაოცარი (მაგალითად, ზემოხსენებული მიწისძვრა), არამედ მათი მოხდენის დროც, რაც სავსებით გამორიცხავს შემთხვევითობას. მაგალითად, ზოგი აცხადებს, რომ უდაბნოში ისრაელისთვის მიცემული მანანა არის იალღუნისა და ზოგიერთი ბუჩქის ტკბილი, წებოვანი წვენი. ეს საეჭვო მტკიცება მართალიც რომ იყოს, ისრაელისთვის მანანის მიცემა მაინც სასწაული იყო, რადგან არ ეძლეოდათ ის კვირის მეშვიდე დღეს (გმ. 16:4, 5, 25—27). გარდა ამისა, თუ მანანას მეორე დღისთვის შეინახავდნენ, ის ყროლდებოდა და მატლი უჩნდებოდა, მაგრამ შაბათისთვის შენახული მანანა არ ფუჭდებოდა (გმ. 16:20, 24). ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ხეების გამოყოფილი წვენის აღწერილობა არ ემთხვევა ბიბლიაში მოხსენიებული მანანის აღწერილობას. ბიბლიის თანახმად, მანანა მიწაზე ეყარა და მცხუნვარე მზეზე დნებოდა, შეიძლებოდა მისი როდინში დანაყვა, ხელსაფქვავში დაფქვა, მოხარშვა ან გამოცხობა (გმ. 16:19—23; რც. 11:8; იხ. მანანა).

ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები სარწმუნოა. ქრისტიანული მრწამსი მჭიდროდ უკავშირდება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სასწაულს (1კრ. 15:16—19). ამ სასწაულის დამადასტურებელი მტკიცება ბევრია — 500-ზე მეტმა თვითმხილველმა დაამოწმა ქრისტეს აღდგომის შესახებ (1კრ. 15:3—8; სქ. 2:32).

გასათვალისწინებელია იმ ადამიანების მოტივიც, რომელთათვისაც იესოს მკვდრეთით აღდგომა სიმართლე იყო. ბევრი ადამიანი თავისი რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების გამო იდევნებოდა და სიკვდილზეც კი მიდიოდა. მაგრამ ქრისტიანებს, რომლებიც მსგავსად იტანჯებოდნენ, არც პოლიტიკური გამორჩენა ჰქონდათ და არც ფინანსური. ხშირად ისინი კარგავდნენ კიდეც ძალაუფლებას, სიმდიდრესა და გავლენას. ისინი ქადაგებდნენ იესოს აღდგომას, მაგრამ თავიანთი მრწამსის გასავრცელებლად ან საკუთარი თავის დასაცავად არანაირ ძალადობას არ მიმართავდნენ. მათი არგუმენტების კითხვისას ვრწმუნდებით, რომ ისინი ფანატიკოსები კი არა, გონიერი ადამიანები იყვნენ. ისინი მთელი გულით ცდილობდნენ მოყვასის დახმარებას.

რით გამოირჩევა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები. ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები გამოირჩევა სიცხადით, საჯაროობით, სიმარტივით, თავისი მიზნითა და მოტივით. ზოგჯერ სასწაული ერთი ადამიანის თვალწინ ხდებოდა, ზოგჯერ კი — პატარა ჯგუფის წინაშე (1მფ. 17:19—24; მრ. 1:29—31; სქ. 9:39—41), მაგრამ ხშირად ის საჯაროდ, ათასობით ან მილიონობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა (გმ. 14:21—31; 19:16—19). იესო საჯაროდ ახდენდა სასწაულებს. ისინი საიდუმლოებით არ იყო მოცული. ის კურნავდა მასთან მისულებს და არავის ეუბნებოდა უარს იმ მიზეზით, რომ რწმენა აკლდათ (მთ. 8:16; 9:35; 12:15).

როგორც სასწაულებრივი განკურნებები, ისე ბუნების ძალების დამორჩილება სიმარტივით გამოირჩეოდა (მრ. 4:39; 5:25—29; 10:46—52). ილუზიონისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოკუსებისთვის სპეციალურ რეკვიზიტს, გაფორმებას, განათებასა და რიტუალებს იყენებენ, ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები ყოველგვარი პომპეზურობის, წინასწარ მომზადებისა და დაგეგმვის გარეშე ხდებოდა, ხშირ შემთხვევაში ადგილზე, თხოვნისთანავე (1მფ. 13:3—6; ლკ. 7:11—15; სქ. 28:3—6).

სასწაულმოქმედის მოტივი სახელის განთქმა ან ვიღაცის გამდიდრება კი არ იყო, არამედ უპირველესად ღვთის განდიდება (ინ. 11:1—4, 15, 40). სასწაულები საიდუმლოებით მოცული არ იყო, მათ არც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ახდენდნენ და არც ვინმეს შეცდომაში შესაყვანად. ისინი ყოველთვის ხალხის დასახმარებლად ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ხალხი პირდაპირი გაგებით იკურნებოდა, ყველა სასწაული სულიერ სიჯანსაღეს ემსახურებოდა, რადგან ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზაზე აყენებდა. როგორც „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი [„წინასწარმეტყველების სული“, სსგ]“, ისე უამრავი სასწაული ამოწმებს, რომ იესო ღვთის გამოგზავნილი იყო (გმც. 19:10; იხ. ძალა, სასწაულები [რას მოასწავებდა იესოს სასწაულები?]).

ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები არა მხოლოდ სულიერ ქმნილებებს ეხებოდა, არამედ უსულოსაც. ასეთი სასწაულები იყო: ქარისა და აღელვებული ზღვის დამორჩილება (მთ. 8:24—27), გაწვიმება და წვიმის შეწყვეტა (1მფ. 17:1—7; 18:41—45) და წყლის სისხლად ან ღვინოდ ქცევა (გმ. 7:19—21; ინ. 2:1—11). სასწაულები ყოველგვარი ფიზიკური დაავადების, მათ შორის განუკურნებელი კეთრისა (2მფ. 5:1—14; ლკ. 17:11—19) და თანდაყოლილი სიბრმავის განსაკურნავად ხდებოდა (ინ. 9:1—7). ამ სასწაულების ნაირფეროვნება ცხადყოფს, რომ მათ უკან შემოქმედი იდგა, რადგან მხოლოდ შემოქმედს შეუძლია ნებისმიერ მოვლენასა თუ მატერიის ნებისმიერ ფორმაზე გავლენის მოხდენა.

სასწაულების მიზანი ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში. სასწაულები სხვადასხვა მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა. უპირველესად, ისინი ადასტურებდა, რომ სასწაულის მომხდენი მათ ღვთის ძალითა და მხარდაჭერით ახდენდა (გმ. 4:1—9). სწორედ ამ დასკვნამდე მიდიოდა მოსესა და იესოს სასწაულების შემხედვარე ხალხი (გმ. 4:30, 31; ინ. 9:17, 31—33). მოსეს პირით ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა მისნაირი წინასწარმეტყველი. იესოს სასწაულები თვითმხილველებს დაარწმუნებდა, რომ ის დაპირებული წინასწარმეტყველი იყო (კნ. 18:18; ინ. 6:14). როცა ქრისტიანული კრება ახალჩამოყალიბებული იყო, სასწაულები ნაქადაგებ ცნობასთან ერთად ხალხს იმის დანახვაში ეხმარებოდა, რომ ღმერთი უკვე ქრისტიანებთან იყო და არა იუდეველებთან (ებ. 2:3, 4). სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ, დროთა განმავლობაში გაუქმდა. ისინი მხოლოდ ქრისტიანული კრების ადრეული ეტაპისთვის იყო საჭირო (1კრ. 13:8—11).

„მოციქულთა საქმეებიდან“ ჩანს, რომ იეჰოვას სულის ძლიერი და სწრაფი მოქმედების შედეგად ახალ-ახალი კრებები ყალიბდებოდა და ქრისტიანობა მყარად იკიდებდა ფეხს (სქ. 4:4; თ-ები 13, 14, 16—19). ახ. წ. 33—70 წლებში, საკმაოდ მოკლე პერიოდში, ბაბილონიდან რომამდე, და შესაძლოა კიდევ უფრო დასავლეთით, ათასობით ადამიანი გაქრისტიანდა და უამრავი კრება ჩამოყალიბდა (1პტ. 5:13; რმ. 1:1, 7; 15:24). აღსანიშნავია, რომ წმინდა წერილების ასლები იმ პერიოდში ძალიან ცოტა იყო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს მიუწვდებოდათ ხელი გრაგნილებზე. წარმართულ ქვეყნებში ხალხმა არც ბიბლიის შესახებ იცოდა რამე და არც იეჰოვა ღმერთის შესახებ. იმ დროს, ფაქტობრივად, ცოდნის მიღება ზეპირგადმოცემით ხდებოდა. ხელმისაწვდომი არ იყო ბიბლიის კომენტარები, სიმფონიები და ენციკლოპედიები. ამიტომ განსაკუთრებული ცოდნის, სიბრძნის, ენებზე ლაპარაკისა და შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის სასწაულებრივი ძღვენი იმდროინდელ კრებას ძალიან სჭირდებოდა (1კრ. 12:4—11, 27—31). მაგრამ, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა, როცა სხვადასხვა ძღვენი თავის მიზანს შეასრულებდა, ისინი გაუქმდებოდა.

მდგომარეობა შეიცვალა. დღეს ღმერთი თავისი ქრისტიანი მსახურების ხელით ასეთ სასწაულებს აღარ ახდენს, რადგან სულიერი საზრდო მთელ მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომია. წერა-კითხვის უცოდინართ ეხმარებიან მოწიფული ქრისტიანები, რომლებსაც შესწავლითა და გამოცდილებით შეძენილი ცოდნა და სიბრძნე აქვთ. ამიტომ საჭიროებას აღარ წარმოადგენს, ღმერთმა სასწაულებით დაამტკიცოს, რომ იესო ქრისტე არის მის მიერ არჩეული მხსნელი ან ის, რომ მხარს უჭერს თავის მსახურებს. ღმერთს თავისი მსახურებისთვის კვლავაც რომ მიეცა სასწაულების მოხდენის უნარი, ყველას მაინც ვერ დაარწმუნებდა, რადგან იესოს სასწაულების თვითმხილველებიდანაც ყველამ არ ირწმუნა ის (ინ. 12:9—11). თუმცა ბიბლია აფრთხილებს დამცინავებს, რომ ქვეყნიერების განადგურების დროს ღმერთი კვლავ მოახდენს გამაოგნებელ საქმეებს (2პტ. 3:1—10; გმც. თ-ები 18, 19).

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სასწაულების უარმყოფელებს ან არ სწამთ უხილავი შემოქმედის არსებობის, ან არ სჯერათ, რომ მან შემოქმედების დასრულების შემდეგ სასწაულებრივი სახით გამოავლინა თავისი ძალა. მაგრამ მათი ურწმუნოება ღვთის სიტყვას სანდოობას არ უკარგავს (რმ. 3:3, 4). ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები და მათი სასიკეთო შედეგები ყოველთვის ეთანხმება ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებასა და პრინციპებს და ღვთისადმი ნდობას გვინერგავს. ისინი გვარწმუნებს, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე, მას შეუძლია თავისი მსახურების დაცვა და დაიცავს კიდეც მათ. ეს სასწაულები იმის პირველსახეა, რაც მომავალში მოხდება. ისინი რწმენას გვიმტკიცებს, რომ მომავალში ღმერთი სასწაულებს მოახდენს და ერთგულ ადამიანებს განკურნავს და აკურთხებს (გმც. 21:4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება