საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ლოცვა“
  • ლოცვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ლოცვა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიური თემები საუბრებისთვის
    ბიბლიური თემები საუბრებისთვის
  • ძალა, სასწაულები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ლოცვა“

ლოცვა

ჭეშმარიტ ღმერთთან ან ცრუღმერთებთან მოწიწებით საუბარი. ღმერთთან საუბარი მაინცდამაინც ლოცვას არ ნიშნავს, როგორც ეს ედემში ადამისა და ევას გასამართლებიდან და კაენსა და ღმერთს შორის შემდგარი დიალოგიდან ჩანს (დბ. 3:8—13; 4:9—14). ლოცვაში ადამიანი გამოხატავს თავდადებას, ნდობასა და პატივისცემას მისდამი, ვისაც ლოცვას აღუვლენს და აღიარებს, რომ დამოკიდებულია მასზე. ლოცვის აღმნიშვნელი ებრაული და ბერძნული სიტყვები თხოვნის (მათ შორის წყალობის), ვედრების, ხვეწნის, მუდარის, ღაღადის, ქების, მადლიერებისა და კურთხევის აზრს ატარებს.

ზოგჯერ ეს დედნისეული სიტყვები გამოყენებულია კონტექსტებში, სადაც ვედრებითა და მუდარით ადამიანს მიმართავენ (დბ. 44:18; 50:17), მაგრამ ამას ვერ ვუწოდებთ ლოცვას, რადგან ლოცვას წმინდა წყლის რელიგიური დატვირთვა აქვს. კაცი კაცს შეიძლება რამეს შეევედროს ან შეეხვეწოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მას თავის ღმერთად თვლის. შეუძლებელია, ადამიანმა მეორე ადამიანს გულში ან მისი არყოფნის დროს მიმართოს თხოვნით, როგორც ამას ღმერთთან ლოცვისას გააკეთებდა.

„ლოცვების მომსმენი“. მთელი წმინდა წერილი იმაზე მოწმობს, რომ ლოცვით მხოლოდ იეჰოვას უნდა მივმართოთ (ფს. 5:1, 2; მთ. 6:9), ის არის „ლოცვების მომსმენი“ (ფს. 65:2; 66:19) და მას აქვს ძალა, თავის მლოცველთა სასიკეთოდ იმოქმედოს (მრ. 11:24; ეფ. 3:20). ცრუღმერთებისა და კერპებისთვის ლოცვის აღვლენა დიდი უგუნურებაა, რადგან კერპებს არც არაფერი ესმით და არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ცრუღმერთები კი ჭეშმარიტ ღმერთთან შედარებით არარაობას წარმოადგენენ (მსჯ. 10:11—16; ფს. 115:4, 6; ეს. 45:20; 46:1, 2, 6, 7). ქარმელის მთაზე მომხდარი მოვლენებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა იყო და არა ბაალი და, რომ ცრუღმერთების სახელზე ლოცვა დიდი უგუნურებაა (1მფ. 18:21—39; შდრ. მსჯ. 6:28—32).

ბევრი ამბობს, რომ ღვთის გარდა სხვებსაც, მაგალითად, ღვთის ძეს, შეგვიძლია მივმართოთ ლოცვით, მაგრამ ბიბლია ამის საფუძველს არ გვაძლევს. ბიბლია მოიხსენიებს რამდენიმე შემთხვევას, როცა ღვთის მსახურები ზეცად ამაღლებულ იესოს მიმართავდნენ. მაგალითად, სიკვდილამდე სტეფანემ იესოს შესთხოვა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“ (სქ. 7:59). კონტექსტიდან ვიგებთ, რამ ათქმევინა სტეფანეს ეს სიტყვები. ამ დროს სტეფანე ხილვაში „ღვთის მარჯვნივ მდგომ“ იესოს ხედავდა. ეს ხილვა მისთვის იმდენად რეალური იყო, რომ პირდაპირ იესოს, ქრისტიანული კრების თავს მიმართა (სქ. 7:55, 56; კლ. 1:18). მოციქულმა იოანემაც იესო ქრისტეს გამოცხადების დასასრულს ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გმც. 22:20). როგორც კონტექსტიდან ჩანს (გმც. 1:10; 4:1, 2), ამ შემთხვევაშიც იოანემ ქრისტეს მოსვლის სურვილი მას შემდეგ გამოხატა, რაც მოესმა თავად იესოს სიტყვები, რომლებიც მის მოსვლას ეხებოდა (გმც. 22:16, 20). ეს ორი ბიბლიური ეპიზოდი ძალიან ჰგავს იმ შემთხვევას, როცა იოანე ხილვაში ერთ-ერთ ზეციერ ქმნილებას ესაუბრებოდა (გმც. 7:13, 14; შდრ. სქ. 22:6—22). ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ სხვა შემთხვევებში ქრისტეს მოწაფეები მისი ზეცად ამაღლების შემდეგ ასე მიმართავდნენ მას. ამიტომაც სწერდა მოციქული პავლე ფილიპელებს: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფლ. 4:6).

სტატიაში ღვთის წინაშე წარდგომა, ღმერთთან მიახლოება განხილულია იესო ქრისტეს, როგორც ლოცვის დროს ღმერთთან შუამავლის როლი. ღვთისთვის მსხვერპლად წარდგენილი იესოს დაღვრილი სისხლის მეშვეობით „გამბედაობა გვაქვს ... წმინდა ადგილზე შესასვლელად“, ანუ გაბედულად ვუახლოვდებით ღმერთს ლოცვაში „წრფელი გულით და სრული რწმენით“ (ებ. 10:19—22). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტე ერთადერთი გზაა ღმერთთან შესარიგებლად და ლოცვაში დასაახლოებლად (ინ. 14:6; 15:16; 16:23, 24; 1კრ. 1:2; ეფ. 2:18; იხ. იესო ქრისტე [მისი მნიშვნელოვანი როლი ღვთის განზრახვაში]).

ვის ლოცვებს ისმენს ღმერთი. „ყოველ ხორციელს“ შეუძლია „ლოცვების მომსმენთან“, იეჰოვა ღმერთთან ლოცვით დაახლოება (ფს. 65:2; სქ. 15:17). ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისრაელი ერი ღვთის საკუთრებად ითვლებოდა და მასთან შეთანხმებით იყო შეკრული, უცხოტომელებსაც შეეძლოთ იეჰოვასთან ლოცვით დაახლოება, თუ ისრაელს ღვთის რჩეულ ხალხად აღიარებდნენ და ღვთის ნებისამებრ იერუსალიმის ტაძარში შესწირავდნენ მსხვერპლს (კნ. 9:29; 2მტ. 6:32, 33; შდრ. ეს. 19:22). მოგვიანებით ქრისტეს სიკვდილმა სამუდამოდ გააუქმა იუდეველებსა და არაიუდეველებს შორის არსებული ზღვარი (ეფ. 2:11—16). იტალიელი კორნელიუსის სახლში მისულმა პეტრემ აღიარა, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (სქ. 10:34, 35). აქედან გამომდინარე, გადამწყვეტ ფაქტორს ადამიანის გული და გულიდან გამომდინარე მისი საქმეები წარმოადგენს (ფს. 119:145; გდ. 3:41). ვინც იცავს ღვთის მცნებებს და აკეთებს „იმას, რაც მოსაწონია მის თვალში“, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა ყურს მიაპყრობს მის ლოცვას (1ინ. 3:22; ფს. 10:17; იგ. 15:8; 1პტ. 3:12).

ამის საპირისპიროდ, ღვთის სიტყვისა და კანონის უგულებელმყოფელნი, რომლებსაც ბრალი მიუძღვით სისხლის ღვრასა თუ სხვა ბოროტებაში, ღვთის მიერ შესმენილნი არ იქნებიან. მათი ლოცვები სისაძაგლეა ღვთისთვის (იგ. 15:29; 28:9; ეს. 1:15; მქ. 3:4). ასეთი ადამიანების ლოცვა შეიძლება „ცოდვად იქცეს“ (ფს. 109:3—7). მეფე საულმა კადნიერებისა და ურჩობის გამო ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაეკითხა საული იეჰოვას, მაგრამ არ გაუცია იეჰოვას პასუხი არც სიზმრით, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით“ (1სმ. 28:6). იესომ თქვა, რომ თვალთმაქცებმა, რომლებიც ლოცვებით ცდილობდნენ ღვთისმოსაობის ჩვენებას, „სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“ ადამიანებისგან, მაგრამ არა ღვთისგან (მთ. 6:5). ვითომდა ღვთისმოსაობის ნიშნად ფარისევლები დიდხანს ლოცულობდნენ და თავიანთი მაღალზნეობრიობით იწონებდნენ თავს, მაგრამ ღმერთმა ისინი თვალთმაქცობისთვის დაგმო (მრ. 12:40; ლკ. 18:10—14). ისინი ბაგეებით უახლოვდებოდნენ ღმერთს, მათი გული კი შორს იყო ღვთისა და მისი ჭეშმარიტი სიტყვისგან (მთ. 15:3—9; შდრ. ეს. 58:1—9).

ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებ. 11:6). ის ღმერთს „სრული რწმენით“ უნდა მიუახლოვდეს (ებ. 10:22, 38, 39). უაღრესად მნიშვნელოვანია, მან აღიაროს თავისი ცოდვილი მდგომარეობა და, თუ სერიოზული ცოდვა აქვს ჩადენილი, გული მოულბოს იეჰოვას (1სმ. 13:12; დნ. 9:13). ამას მაშინ შეძლებს, თუ ის წუხს თავისი საქციელის გამო, თავს იმდაბლებს და გულწრფელად ინანიებს (2მტ. 34:26—28; ფს. 51:16, 17; 119:58). ასეთ შემთხვევაში ღმერთი შეისმენს მის ლოცვას და აპატიებს (2მფ. 13:4; 2მტ. 7:13, 14; 33:10—13; იაკ. 4:8—10). ამ ადამიანს აღარ ექნება იმის გრძნობა, რომ ღმერთი ღრუბლებით კეტავს თავისთან მისასვლელს, „ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში“ (გდ. 3:40—44). ღვთის რჩევების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვინმეს შეიძლება ლოცვა დაუბრკოლდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი საერთოდ არ შეისმენს მის ლოცვებს (1პტ. 3:7). ვინც ღვთისგან პატიებას ითხოვს, თავად უნდა პატიობდეს სხვებს (მთ. 6:14, 15; მრ. 11:25; ლკ. 11:4).

რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?

ლოცვა, ძირითადად, მოიცავს აღიარებას (2მტ. 30:22), თხოვნასა და ვედრებას (ებ. 5:7), ღვთის განდიდებას, მადლიერების გამოხატვასა (ფს. 34:1; 92:1) და აღთქმების დადებას (1სმ. 1:11; ეკ. 5:2—6). მოწაფეებს იესოსგან ნასწავლი ლოცვა, როგორც ჩანს, ნიმუშად უნდა გამოეყენებინათ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოგვიანებით იესო და მისი მოწაფეები სიტყვასიტყვით არ იმეორებდნენ ლოცვის ნიმუშს (მთ. 6:9—13). ამ ლოცვის შესავალი სიტყვები ყურადღებას ამახვილებს უმნიშვნელოვანეს საკითხზე, კერძოდ, ედემში ურჩობის შედეგად შებღალული ღვთის სახელის განწმენდასა და ღვთის ნების შესრულებაზე აღთქმული სამეფოს მეშვეობით, რომელსაც ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი, მესია უხელმძღვანელებს (დბ. 3:15; იხ. იეჰოვა [უზენაესობის დამტკიცება და სახელის განწმენდა]). აქედან გამომდინარე, მლოცველმა უზენაესობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში იეჰოვას მხარე უნდა დაიკავოს.

ლუკას 19:11—27-ში ჩაწერილი იესოს იგავიდან კარგად ჩანს, რას ნიშნავს ღვთის სამეფოს მოსვლა. ეს ნიშნავს კაცობრიობის გასამართლებას, მოწინააღმდეგეთა განადგურებას და სამეფოს მოიმედეთა გათავისუფლებასა და კურთხევას (შდრ. გმც. 16:14—16; 19:11—21). აქედან გამომდინარე, იესოს მიერ მოხსენიებულ მომდევნო ფრაზაში, „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“, არა მარტო ადამიანების მიერ ღვთის ნების შესრულება იგულისხმება, არამედ, ძირითადად, თავად ღვთის მიერ დედამიწასა და მის მკვიდრებთან დაკავშირებული თავისი ნების შესრულება. ამგვარად ღმერთი დაამტკიცებს, რომ მას თავისი განზრახვის განხორციელების ძალა შესწევს. ვინც ამის შესახებ ლოცულობს, აჩვენებს, რომ ღვთის ნება მისთვის უპირატესია და ემორჩილება მას (მთ. 6:10; შდრ. მთ. 26:39). ყოველდღიური საზრდოს, პატიების, ცდუნებისა და ბოროტისგან თავის დახსნის შესახებ თხოვნა იმის მაჩვენებელია, რომ მლოცველს ღვთის კეთილგანწყობის შენარჩუნება სურს; და ამ ყველაფერს არა მარტო თავისთვის, არამედ თანამორწმუნეებისთვისაც ითხოვს (შდრ. კლ. 4:12).

ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული საკითხები ყველა მორწმუნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანის საჭიროებებს მოიცავს. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შეგვიძლია ბევრ ისეთ რამეზეც ვილოცოთ, რაც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება, ან რაც სხვადასხვა ვითარებისა თუ შემთხვევის დროს წამოიჭრება. მართალია, ლოცვის ნიმუშში ყველა ეს საკითხი კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ ისინი მაინც უკავშირდება ამ ლოცვაში მოხსენიებულ აზრებს. ამგვარად, პირადი ლოცვები შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს (ინ. 16:23, 24; ფლ. 4:6; 1პტ. 5:7).

აქედან გამომდინარე, ღვთის ყველა მსახური უფრო მეტ ცოდნას, გაგების უნარსა და სიბრძნეს უნდა ითხოვდეს (ფს. 119:33, 34; იაკ. 1:5). ეს ყველაფერი განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვისაც, მაგალითად, სამართლებრივი საკითხების მოგვარება უწევთ. მოსეს მსგავსად ისინიც ღვთისგან ითხოვენ დახმარებას (გმ. 18:19, 26; შდრ. რც. 9:6—9; 27:1—11; კნ. 17:8—13). მათ მაშინაც შეუძლიათ დახმარება სთხოვონ ღმერთს, როცა ღვთის ხალხს შორის ვინმესთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებენ (რც. 27:15—18; ლკ. 6:12, 13; სქ. 1:24, 25; 6:5, 6). შესაძლოა, ზოგმა ძალა ან სიბრძნე ითხოვოს ამა თუ იმ დავალების შესრულებისას ან სხვადასხვა განსაცდელისა თუ საფრთხის წინაშე ყოფნისას (დბ. 32:9—12; ლკ. 3:21; მთ. 26:36—44). პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას თავ-თავისი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ღვთის განდიდებისა და მადლიერებისთვის (1კრ. 7:7; 12:6, 7; 1თს. 5:18).

1 ტიმოთეს 2:1, 2-ში მოციქული საუბრობს ლოცვებზე „ყველანაირი ადამიანისთვის, მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“. მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესო ლოცულობდა არა ქვეყნიერებისთვის, არამედ მათთვის, ვინც მას ღმერთმა მისცა, და ამბობდა, რომ ისინი ქვეყნიერების ნაწილი არ იყვნენ, რის გამოც ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი (ინ. 17:9, 14). აქედან გამომდინარე, ქრისტიანი ლოცვაში განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ითხოვდეს სახელმწიფო მოხელეებისთვის. მოციქულის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მოხელეებისთვის წარმოთქმული ლოცვების მიზანი ღვთის ხალხის კეთილდღეობა უნდა იყოს. პავლე ამბობს: „რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1ტმ. 2:2). ამაზე მოწმობს ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურთა ლოცვებიც. ნეემიამ ღმერთს სთხოვა, მეფე არტაქსერქსესთვის მისდამი სიბრალული აღეძრა (ნემ. 1:11; შდრ. დბ. 43:14). იეჰოვამ ურჩია ისრაელებს, მშვიდობა ეძებნათ იმ ქალაქისთვის (ბაბილონი), სადაც გადაასახლებდა, და ელოცათ მისთვის, რადგან ამ ქალაქის მშვიდობა მათი მშვიდობა იქნებოდა (იერ. 29:7). პირველი საუკუნის ქრისტიანებიც ლოცულობდნენ, როცა მმართველები ემუქრებოდნენ (სქ. 4:23—30) და, როგორც ჩანს, დაპატიმრებული პეტრესთვის წარმოთქმულ ლოცვებში იმ მოხელეებსაც მოიხსენიებდნენ, რომელთაც პეტრეს გათავისუფლება ხელეწიფებოდათ (სქ. 12:5). ქრისტეს მითითებისამებრ ისინი თავიანთი მდევნელებისთვისაც ლოცულობდნენ (მთ. 5:44; შდრ. სქ. 26:28, 29; რმ. 10:1—3).

უხსოვარი დროიდან ღვთის მსახურები მადლობას სწირავდნენ ღმერთს მზრუნველობისთვის, მათ შორის საკვებისთვის (კნ. 8:10—18; იხ. აგრეთვე მთ. 14:19; სქ. 27:35; 1კრ. 10:30, 31). ღმერთს არა მხოლოდ მატერიალური კურთხევებისთვის უნდა ვმადლობდეთ, არამედ მისგან მიღებული ყველა სიკეთისთვის (1თს. 5:17, 18; ეფ. 5:19, 20).

თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, ქრისტიანის ლოცვის შინაარსს ღვთის ნების ცოდნა განსაზღვრავს, რადგან მან იცის, რომ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეისმენს ლოცვას, თუ მისი სათხოვარი მოსაწონი იქნება ღვთისთვის. მას ისიც ესმის, რომ ბოროტებსა და ღვთის სიტყვის უგულებელმყოფელთ ღმერთი არ სწყალობს, ამიტომაც არ სთხოვს იმას, რაც სამართლიანობის პრინციპებსა და კაცთათვის გაცხადებულ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, მათ შორის ღვთის ძისა და წმინდა სულით შთაგონებული მოწაფეების სწავლებებს (ინ. 15:7, 16). ასე რომ, იესოს სიტყვები, „რასაც კი სთხოვთ“ (ინ. 16:23), კონტექსტიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ. აშკარაა, ამ სიტყვებში არ იგულისხმება ის, რაც ადამიანმა კარგად იცის (ან ხვდება მაინც), რომ ღმერთს არ მოსწონს. იოანე ამბობს: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1ინ. 5:14; შდრ. იაკ. 4:15). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ორი თქვენგანი დედამიწაზე შეთანხმდება, რომ ითხოვონ რაიმე მნიშვნელოვანი, შეუსრულებს მათ ჩემი ზეციერი მამა“ (მთ. 18:19). მართალია, მატერიალურ საგნებზე, მათ შორის საკვებზე, ლოცვა მართებულია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მეტის მოხვეჭის სურვილით წარმოთქმულ ლოცვებზე, რაც კარგად ჩანს მათეს 6:19—34-სა 1 იოანეს 2:15—17-დან. მიუღებელია იმ ადამიანთათვის ლოცვაც, რომლებსაც ღმერთი გმობს (იერ. 7:16; 11:14).

რომაელების 8:26, 27-დან ვიგებთ, რომ გარკვეულ სიტუაციაში ქრისტიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რაზე ილოცოს. მაგრამ ღმერთს მაინც ესმის მისი „გამოუთქმელი ოხვრა“. მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთი ამას თავისი წმინდა სულის ანუ მოქმედი ძალის მეშვეობით იგებს. აღსანიშნავია, რომ წმინდა წერილები ღმერთმა ადამიანებს სწორედ თავისი სულით დააწერინა (2ტმ. 3:16, 17; 2პტ. 1:21). მასში აღწერილი მრავალი ვითარება და მოვლენა ჰგავს ამა თუ იმ მდგომარეობას, რომელშიც მოგვიანებით ღვთის მსახურები აღმოჩნდებოდნენ. წმინდა წერილების ამ მონაკვეთებიდან ჩანს, თუ როგორ უხელმძღვანელებდა და დაეხმარებოდა ღმერთი თავის მსახურებს (რმ. 15:4; 1პტ. 1:6—12). ქრისტიანი შეიძლება მხოლოდ ღვთისგან დახმარების მიღების შემდეგ მიხვდეს, რომ ის, რის შესახებაც შეეძლო ელოცა (მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდა რაზე), ღვთის სულით შთაგონებულ სიტყვაში უკვე ჩაწერილი იყო (შდრ. 1კრ. 2:9, 10).

როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს. ძველად ღმერთი ზოგ ადამიანს პირადად ესაუბრებოდა და ისიც, ძირითადად, თავის არჩეულ წარმომადგენლებს, მაგალითად, აბრაამსა და მოსეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არც თუ ისე ხშირად ხდებოდა (დბ. 15:1—5; გმ. 3:11—15; შდრ. გმ. 20:19). მაშინაც, როგორც ჩანს, სათქმელს ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როცა ღმერთი განკაცებულ იესოს ესაუბრებოდა ან მის შესახებ ამოწმებდა (შდრ. გმ. 3:2, 4; გლ. 3:19). ღმერთი ხორცშესხმული ანგელოზების მეშვეობით იშვიათად გადასცემდა ცნობებს, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ანგელოზების გამოცხადება ბევრს შიშს ჰგვრიდა (მსჯ. 6:22; ლკ. 1:11, 12, 26—30). აქედან გამომდინარე, ღმერთი უმეტესწილად ლოცვებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით პასუხობდა ან თავის პასუხს სათხოვრის შესრულებით ან შეუსრულებლობით ცხადყოფდა. ღვთის პასუხი ხშირად აშკარა იყო, მაგალითად, როცა თავის მსახურებს მტრის ხელიდან იხსნიდა (2მტ. 20:1—12, 21—24) ან რთულ პირობებში მათ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა (გმ. 15:22—25). მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ღვთის პასუხი არცთუ ისე ადვილი დასანახი იყო. ხშირად პასუხი იმაში გამოიხატებოდა, რომ თავის მსახურს ძალასა და ცოდნას აძლევდა სიმართლის გზაზე სიარულისა და მისგან მიღებული დავალების შესასრულებლად (2ტმ. 4:17). ქრისტიანების ლოცვები, ძირითადად, სულიერ საკითხებს ეხებოდა, შესაბამისად, ღვთის პასუხი ისეთი შთამბეჭდავი და სანახაობრივი არ იყო, როგორც ძველ დროს, მაგრამ მას არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა (მთ. 9:36—38; კლ. 1:9; ებ. 13:18; იაკ. 5:13).

ჩვენი ლოცვა შესმენილი რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ; ის ღვთის განზრახვებს უნდა შეესაბამებოდეს და ღვთის მიერ დანიშნული შუამდგომლის, იესო ქრისტეს, სახელით უნდა წარმოითქვას წრფელი გულითა და სუფთა მოტივებით (შდრ. იაკ. 4:3—6). გარდა ამისა, ლოცვაში დაჟინებულობაა საჭირო. იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „ითხოვეთ ... ეძებეთ ... და აკაკუნეთ“ ანუ არ დანებდეთ (ლკ. 11:5—10; 18:1—7). მას აინტერესებდა, თავის მოსვლისას იპოვიდა თუ არა დედამიწაზე ლოცვის ძალისადმი რწმენას (ლკ. 18:8). როგორც ბიბლიიდან ჩანს, თუ ღმერთი მაშინვე არ პასუხობს ლოცვას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ამის ძალა ან სურვილი არ გააჩნია (მთ. 7:9—11; იაკ. 1:5, 17). ზოგჯერ პასუხის მისაღებად ღვთის მიერ არჩეულ დროს უნდა დაველოდოთ (ლკ. 18:7; 1პტ. 5:6; 2პტ. 3:9; გმც. 6:9—11). ხშირად ღმერთი მლოცველს საშუალებას აძლევს, აჩვენოს, რამდენად აღელვებს ესა თუ ის საკითხი, რამდენად ძლიერია მისი სურვილი და რამდენად წრფელია მისი მოტივი (ფს. 55:17; 88:1, 13; რმ. 1:9—11). ზოგჯერ მლოცველს შეიძლება იაკობივით დიდხანს მოუწიოს კურთხევისთვის ბრძოლა (დბ. 32:24—26).

მართალია, მლოცველთა სიმრავლე არ განსაზღვრავს იმას, მიიღებს თუ არა ღმერთი რაიმე ზომებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას აინტერესებს, რამდენად არის ესა თუ ის საკითხი მის მსახურთა საერთო საზრუნავი. და შესაძლოა, მაშინ ამოქმედდეს, როცა დაინახავს, რომ ეს საკითხი ნამდვილად აღელვებთ და მათ ერთობლივ ინტერესებში შედის (შდრ. გმ. 2:23—25). მაგრამ მან შეიძლება არ იმოქმედოს, თუ მთხოვნელთა ნაკლებ მონდომებას ან გულგრილობას დაინახავს. გარკვეული დროის განმავლობაში ხალხი იერუსალიმის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს სათანადოდ არ უჭერდა მხარს (ეზრ. 4:4—7, 23, 24; ანგ. 1:2—12), სხვადასხვა მიზეზის გამო საქმე შეფერხდა და შეწყდა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით, ნეემიას დროს, მხურვალე ლოცვისა და ხალხის გულმოდგინების შედეგად ქალაქის გალავანი სულ რაღაც 52 დღეში აღდგა (ნემ. 2:17—20; 4:4—23; 6:15). კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში პავლე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაიხსნა ღმერთმა სიკვდილისგან. შემდეგ ის დასძენს: „თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხურვალედ ილოცოთ ჩვენთვის, რათა მრავალმა ჩვენთვის აღავლინოს მადლობა იმის გამო, რაც მრავალთა ლოცვის წყალობით მოგვენიჭა“ (2კრ. 1:8—11; შდრ. ფლ. 1:12—20). ბიბლია ხშირად ამახვილებს ყურადღებას სხვებისთვის ინდივიდუალური თუ ერთობლივი ლოცვის ძალაზე. ასეთ ლოცვებს გულისხმობდა იაკობი, როცა წერდა: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკ. 5:14—20; შდრ. დბ. 20:7, 17; 2თს. 3:1, 2; ებ. 13:18, 19).

ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული, როგორ შუამდგომლობენ თავს ღვთის მსახურები უზენაესი მმართველის, იეჰოვას წინაშე. ისინი ასახელებენ იმის მიზეზებს, თუ რატომ მიიჩნევენ თავიანთ სათხოვარს მართებულად, ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ გულწრფელი და უანგარო მოტივები ამოძრავებთ და არსებობს ფაქტორები, რომლებიც მათ პირად ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანია. ამაში შეიძლება შედიოდეს ღვთის სახელის განდიდება, მისი ხალხის კეთილდღეობა ან ის მოსალოდნელი შედეგები, რაც ღვთის მოქმედებას ან უმოქმედობას შეიძლება მოჰყვეს. ისინი, შესაძლოა, ამ დროს ღვთის სამართლიანობას, სიკეთესა და გულმოწყალებას იმოწმებენ (შდრ. დბ. 18:22—33; 19:18—20; გმ. 32:11—14; 2მფ. 20:1—5; ეზრ. 8:21—23). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იესო ქრისტეც შუამდგომლობს თავის ერთგულ მიმდევრებს (რმ. 8:33, 34).

წიგნი „ფსალმუნები“ ლოცვებისა და ღვთის განმადიდებელი სიმღერებისგან შედგება და წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი უნდა იყოს ლოცვა. ბიბლიაში ჩაწერილი მრავალი ღირშესანიშნავი ლოცვიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ იაკობის (დბ. 32:9—12), მოსეს (კნ. 9:25—29), იობის (იობ. 1:21), ხანას (1სმ. 2:1—10), დავითის (2სმ. 7:18—29; 1მტ. 29:10—19), სოლომონის (1მფ. 3:6—9; 8:22—61), ასას (2მტ. 14:11), იეჰოშაფატის (2მტ. 20:5—12), ელიას (1მფ. 18:36, 37), იონას (იონ. 2:1—9), ხიზკიას (2მფ. 19:15—19), იერემიას (იერ. 20:7—12; გოდება), დანიელის (დნ. 9:3—21), ეზრას (ეზრ. 9:6—15), ნეემიას (ნემ. 1:4—11), ზოგიერთი ლევიანის (ნემ. 9:5—38), აბაკუმის (აბკ. 3:1—19), იესოსა (ინ. 17:1—26; მრ. 14:36) და მისი მოწაფეების ლოცვები (სქ. 4:24—30; იხ. ჟესტები და პოზები; საკმეველი [მნიშვნელობა]).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება