ფინიკია
[სავარაუდოდ, ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს პალმის ხეს]
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში, სირიასა და ისრაელს შორის მდებარე მხარე, რომელსაც აღმოსავლეთიდან ლიბანის მთები ერტყა. იგი მდებარეობდა დაახლოებით თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე. მრავალი წლის განმავლობაში ძველი ფინიკიის მთავარ ქალაქად სიდონი ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით ის ყოფილმა კოლონიამ, ტვიროსმა დაჩრდილა (იხ. სიდონი, სიდონელები; ტვიროსი).
გეოგრაფიული თავისებურებები. ამ ვიწრო, ზღვისპირა დაბლობებზე ალაგ-ალაგ შეჭრილი იყო მთისწინეთი, რომელიც ზღვამდე ეშვებოდა. დაბლობები კარგად ირწყვებოდა მთათა სისტემიდან მოჩუხჩუხე წყაროებით. ეს მთათა სისტემა კი, თავის მხრივ, აღმოსავლეთით ბუნებრივ საზღვარს ქმნიდა. ამ სისტემაში რამდენიმე მწვერვალი 3 000 მ-ზე მეტს აღწევს (უმაღლესი მწვერვალი 3 350 მ-ია) და უმეტესწილად თოვლით არის დაფარული. ერთ დროს ამ მიწის დიდი ნაწილი ეკავა ტყეებსა და ბაღებს, სადაც კარგად ხარობდა მუხა, წიფელი, თუთა, ლეღვი, ზეთისხილი და ფინიკის პალმა.
ისტორია და სახელწოდება. ფინიკიის ისტორია დასაბამს წარღვნის შემდეგ იღებს. ფინიკიელების მამამთავარი იყო ნოეს შვილიშვილი ქანაანი (ქამის ვაჟი). ქანაანი 11 ტომის ფუძემდებელი გახდა. აქედან ერთ-ერთი ტომის, სიდონელების წინაპარი იყო ქანაანის პირმშო სიდონი (დბ. 10:15—18; 1მტ. 1:13—16). ასე რომ, სიდონელები სინამდვილეში ქანაანელები იყვნენ (იეს. 13:4—6; მსჯ. 10:12). ისინი საკუთარ მიწას ქანაანს უწოდებდნენ, ისევე როგორც სხვები. ანტიოქე ეპიფანესდროინდელ მონეტაზე სიროფინიკიურ ქალაქ ლაოდიკეას „ქანაანის დედა“ ეწოდება.
დროთა განმავლობაში ბერძნებმა ქანაანელ სიდონელებს ახალი სახელი, ფინიკიელები შეარქვეს. ასე რომ, ეს ხალხი ქანაანელების, სიდონელებისა და ფინიკიელების სახელით იწოდებოდა. ესაიას წინასწარმეტყველებაში ფინიკია ქანაანად მოიხსენიება (ეს. 23:11, სსგ, ბსგ).
ზღვაოსანი ვაჭრების ქვეყანა. ფინიკიელები ძველ მსოფლიოში სახელგანთქმული ზღვაოსნები იყვნენ. ზომიდან გამომდინარე მათი ხომალდები ზღვაში ცურვისთვის იყო ზედგამოჭრილი. მათ ხომალდებს მაღალი ცხვირი და კიჩო და განიერი გემბანი ჰქონდა. მათ აფრებითა და ნიჩბებით მართავდნენ (ეზკ. 27:3—7). ფინიკიელთა სავაჭრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვის აუზში პირველობდნენ. ძვ. წ. XI ს-ში სოლომონმა ფინიკიელი „ხირამის მსახურები“ დაიქირავა, რომლებიც მის ხომალდებს თარშიშში (ესპანეთი) მიჰყვებოდნენ (2მტ. 9:21). ფინიკიელი მეზღვაურები სოლომონის იმ ხომალდებსაც მიჰყვებოდნენ, რომლებიც ეციონ-გებერიდან ოფირისკენ მიემართებოდნენ (1მფ. 9:26—28; 10:11). ძვ. წ. VII ს-შიც ფინიკიელთა ხომალდებს თარშიშიდან ვერცხლი, რკინა, კალა და ტყვია ჩამოჰქონდათ (ეზკ. 27:12).
ხელოვნება და ხელოსნობა. ფინიკიელი ხელოსნები დაოსტატებული იყვნენ ოქრო-ვერცხლის ჩამოსხმაში, ჭედურობასა და გამოკვეთაში. გარდა ამისა, ფინიკიელი ხელოსნები ამუშავებდნენ ხესა და სპილოს ძვალს, ამზადებდნენ შუშის ნაკეთობებს, ქსოვდნენ და ღებავდნენ შალისა და სელის ქსოვილებს. ფინიკიელებს განსაკუთრებით მეწამული ქსოვილების დამზადებით ჰქონდათ სახელი განთქმული. ტვიროსული ძოწეულის მოსასხამები ძალიან ძვირად ფასობდა. რამდენიმე მეტრი ქსოვილის შესაღებად ათასობით მოლუსკი მურექსი იყო საჭირო, თითოეული მოლუსკი კი მხოლოდ ერთ წვეთ საღებავს იძლეოდა. საღებავის ელფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ხმელთაშუა ზღვის რომელ სანაპიროზე იყო მოპოვებული მოლუსკები. გარდა ამისა, ფინიკიელი მღებავები ორგზის ან სამგზის ღებავდნენ ერთსა და იმავე ქსოვილს. მათ მიერ დამზადებული მრავალფეროვანი ძვირფასი ქსოვილები ძალიან ფასობდა წარჩინებულთა და დიდებულთა შორის (ეზკ. 27:2, 7, 24).
დავითისა და სოლომონის დროს ფინიკიელებს სახელი ჰქონდათ განთქმული, როგორც ქვის მთლელებსა და ვეებერთელა ხეების ჭრაში დახელოვნებულ ხის მჭრელებს (2სმ. 5:11; 1მფ. 5:1, 6—10, 18; 9:11; 1მტ. 14:1).
რელიგია. სხვა ქანაანელთა მსგავსად ფინიკიელებიც მეტად ზნედაცემულ კულტს, ნაყოფიერების ღვთაება ბაალს ემსახურებოდნენ. მათი თაყვანისმცემლობა მოიცავდა ჰომოსექსუალიზმს, ზოოფილიასა და რიტუალურ პროსტიტუციას, აგრეთვე, ბავშვების მსხვერპლშეწირვის ამაზრზენ რიტუალს (იხ. სურათი, ტ. 1, გვ. 739; ქანაანი, ქანაანელი №2 [ისრაელის მიერ ქანაანის დაპყრობა]). ფინიკიელთა ქალაქი ბაალბეკი (ბეირუთის ჩრდ.-აღმ-ით დაახლ. 65 კმ-ში) ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ პოლითეისტურ ცენტრს წარმოადგენდა. რომის ბატონობის ხანაში ამ ქალაქში არაერთ ღვთაებასა თუ ქალღმერთს აუგეს ტაძარი, რომელთა ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.
ახ. წ. 31 წლის გაზაფხულზე რწმენით აღძრული ფინიკიის ზოგიერთი მკვიდრი გალილეაში ჩავიდა იესოს მოსასმენად და განსაკურნავად (მრ. 3:7—10; ლკ. 6:17). დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იესო ფინიკიის ზღვისპირა დაბლობს ესტუმრა. ის ისე გააოცა ერთი სიროფინიკიელი ქალის რწმენამ, რომ მისი დემონით შეპყრობილი ქალიშვილი სასწაულებრივად განკურნა (მთ. 15:21—28; მრ. 7:24—31).
სტეფანეს მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ იუდეაში ქრისტიანთა დევნის დაწყების გამო ზოგიერთმა ქრისტიანმა ფინიკიას შეაფარა თავი. თავიდან ისინი მხოლოდ იუდეველებთან ქადაგებდნენ, მაგრამ კორნელიუსის გაქრისტიანების შემდეგ ჩამოყალიბდა ებრაელებისა და არაებრაელებისგან შემდგარი კრებები, როგორც ფინიკიის სანაპიროზე, ისე რომის იმპერიის სხვა მხარეებში. ფინიკიის ზოგიერთი კრება პავლე მოციქულმაც მოინახულა თავისი მოგზაურობების დროს. ბიბლიიდან ცნობილი მისი ბოლო შეხვედრა იქაურ მორწმუნეებთან სიდონში შედგა დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, მაშინ როცა დაპატიმრებული პავლე რომში მიჰყავდათ (სქ. 11:19; 15:3; 21:1—7; 27:1—3).