თავი 2
იესო ქრისტე — ერთგული მოწმე
ქრისტიანობამდე დაახლოებით 4 000 წლის განმავლობაში ღვთის მრავალი მსახური ამოწმებდა იეჰოვას შესახებ. თუმცა ღვთის უზენაესობასა და მისი მსახურების ერთგულებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ არ იყო გადაჭრილი. მაგრამ დადგა დრო, დედამიწაზე მოსულიყო მესია, აღთქმული „შთამომავალი“, რომელსაც სამეფო ძალაუფლება ექნებოდა (დაბ. 3:15).
ვინ აირჩია იეჰოვამ მილიონობით სულიერი ქმნილებიდან ამ დავალების შესასრულებლად? თითოეულმა მათგანმა საკუთარი თვალით ნახა, რაც ედემის ბაღში მოხდა და უეჭველად ეცოდინებოდათ წამოჭრილი საკამათო საკითხები. მაგრამ ყველაზე მეტად ვის ენდომებოდა იეჰოვას სახელის განწმენდა და მისი უზენაესობის დაცვა? ყველაზე კარგად ვინ უპასუხებდა სატანის ბრალდებას, რომ განსაცდელის დროს არავინ დარჩებოდა ღვთის ერთგული? ამ დავალებისთვის იეჰოვამ თავისი პირველი ქმნილება, მხოლოდშობილი ძე, იესო აირჩია (იოან. 3:16; კოლ. 1:15).
იესო უყოყმანოდ და თავმდაბლად დათანხმდა იეჰოვას ამ დავალების შესრულებაზე, თუმცა მას ზეციერი სახლის დატოვება მოუწევდა, სადაც ყველაზე დიდხანს ცხოვრობდა მამასთან ერთად (იოან. 8:23, 58; ფილ. 2:5—8). რამ აღძრა ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად? მას ძალიან უყვარდა მამა და სურდა, რომ მისი სახელი განწმენდილიყო (იოან. 14:31). იესომ ეს ადამიანების სიყვარულითაც გააკეთა (იგავ. 8:30, 31; შეადარეთ იოანეს 15:13). ძვ. წ. მეორე საუკუნის ადრეულ შემოდგომაზე იესოს დაბადება წმინდა სულის ძალით მოხდა — იეჰოვამ იესოს სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა (მათ. 1:18; ლუკ. 1:26—38). ამგვარად, იესო ისრაელ ერში დაიბადა (გალ. 4:4).
იესოს ნებისმიერ ისრაელზე უკეთ ესმოდა, რომ იეჰოვას მოწმე უნდა ყოფილიყო, რადგან იმ ერში დაიბადა, რომელზეც იეჰოვას ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი ჰქონდა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები“ (ეს. 43:10). ამასთანავე, ახ. წ. 29 წელს მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ იეჰოვამ ის წმინდა სულით სცხო (მათ. 3:16). იესომ მიიღო ძალა, რომ „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადი“ გამოეცხადებინა, რაც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:16—19).
იესომ ერთგულად შეასრულა თავისი დავალება და დედამიწაზე მცხოვრებთაგან იეჰოვას უდიდესი მოწმე გახდა. სწორედ ამიტომ, მოციქულმა იოანემ, რომელიც იესოს სიკვდილის დროს მასთან ახლოს იდგა, სრულიად საფუძვლიანად მოიხსენია იესო „ერთგულ მოწმედ“ (გამოცხ. 1:5). გამოცხადების 3:14-ში კი განდიდებულმა იესომ საკუთარ თავს „ამინი“ და „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ უწოდა. მაგრამ რის შესახებ ამოწმებდა ეს „ერთგული მოწმე“?
ის ჭეშმარიტების შესახებ ამოწმებდა
რომაელ მმართველ პილატეს იესომ უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოან. 18:37). რა იყო ჭეშმარიტება, რაზეც იესო ამოწმებდა? ეს იყო ღვთის ჭეშმარიტება, იეჰოვას მარადიული განზრახვების გაცხადება (იოან. 18:33—36).
მაგრამ როგორ ამოწმებდა იესო ჭეშმარიტებაზე? ბერძნული ზმნა, რომელიც „დამოწმებად“ ითარგმნა, აგრეთვე ნიშნავს „გაცხადებას, დადასტურებას, დაცვას, დადებითად ლაპარაკს და მოწონებას“. ძველბერძნულ პაპირუსებში ამ ზმნის სხვა ფორმა (მარტჳრეო) ხშირად გვხვდება საქმიან დოკუმენტებში ხელმოწერის შემდეგ. თავისი მსახურებით იესოს უნდა დაედასტურებინა ღვთის ჭეშმარიტება. ამისთვის კი საჭირო იყო, მას ჭეშმარიტება გაეცხადებინა, ანუ სხვებისთვის ექადაგა, რაშიც მხოლოდ ლაპარაკი არ იგულისხმებოდა.
„მე ვარ . . . ჭეშმარიტება“, — თქვა იესომ (იოან. 14:6). მან მართლაც ღვთის ჭეშმარიტების თანახმად იცხოვრა! ამ მესიანური მეფისა და სამეფოს შესახებ ღვთის განზრახვა დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები. დედამიწაზე ცხოვრებითა და თავისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით იესომ ყველა ეს წინასწარმეტყველება შეასრულა. ამით მან დაადასტურა, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა ჭეშმარიტია. ამიტომ პავლე მოციქულს შეეძლო ეთქვა: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით. ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“ [ნიშნავს „დაე იყოს ასე, ჭეშმარიტად“]» (2 კორ. 1:20). იესო არის ის, ვინც ღვთის ყველა დაპირებას ასრულებს (გამოცხ. 3:14).
ის ღვთის სახელის შესახებ ამოწმებდა
იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ ზეციერ მამას ლოცვაში უთხრა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოან. 17:6, 26). შეიძლება ითქვას, რომ იესო სწორედ ამ მიზნით მოვიდა დედამიწაზე. რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ ადამიანებს ღვთის სახელი ამცნო?
იესოს მიმდევრებმა უკვე იცოდნენ ღვთის სახელი და იყენებდნენ მას. ისინი სინაგოგებში არსებულ ბიბლიის ებრაულ ხელნაწერებში კითხულობდნენ ღვთის სახელს. გარდა ამისა, ღვთის სახელს ხედავდნენ და კითხულობდნენ სეპტუაგინტაში (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი), რომელსაც სწავლებისას და ხელნაწერების გაკეთების დროს იყენებდნენ. მაშ, რა გაგებით გამოუცხადა იესომ მათ ღვთის სახელი?
ბიბლიურ დროში თითოეულ სახელს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯ. ჰ. ტეიერის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისურ ლექსიკონში ნათქვამია: «„ახალ აღთქმაში“ გამოყენებული ღვთის სახელი მიუთითებს ყველა იმ თვისებაზე, რომლებსაც მისი თაყვანისმცემლები ამ სახელის მიღმა ხედავენ და რომლითაც ღმერთი ადამიანებს თავს აცნობს» (A Greek-English Lexicon of the New Testament). იესომ ღვთის სახელი ამცნო ხალხს არა იმ გაგებით, რომ უბრალოდ გამოიყენა ის, არამედ ხალხს გააცნო ამ სახელის უკან მდგომი პიროვნება — მისი განზრახვები, საქმეები და თვისებები. „მამის მკერდთან მყოფ“ იესოზე უკეთ არავის შეეძლო ხალხისთვის ღვთის გაცნობა (იოან. 1:18). უფრო მეტიც, ღვთის ძე სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, ამიტომ მის მოწაფეებს შეეძლოთ, იესოში ზეციერი მამა დაენახათ (იოან. 14:9). სიტყვითა და საქმით იესომ ღვთის სახელის შესახებ დაამოწმა.
ის ღვთის სამეფოს შესახებ ამოწმებდა
„ერთგული მოწმე“, იესო, ღვთის სამეფოს შესახებ ამოწმებდა, რაც კარგად ჩანს მის სიტყვებში: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43). მან მთელ პალესტინას აუწყა ამ ზეციერი სამეფოს შესახებ, რისთვისაც ასობით კილომეტრი გაიარა ფეხით. ის ქადაგებდა ყველგან, სადაც ხალხი მოუსმენდა: სანაპიროებსა და მთის ფერდობებზე, ქალაქებსა და სოფლებში, სინაგოგებსა და ტაძარში, ბაზრებსა და სახლებში. თუმცა იესომ იცოდა, რომ ყველგან და ყველასთან პირადად ვერ იქადაგებდა (შეადარეთ იოანეს 14:12). რამდენადაც ეს ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები, იესომ მოწაფეები მოამზადა და სამეფოს მაუწყებლებად გაგზავნა (მათ. 10:5—7; 13:38; ლუკ. 10:1, 8, 9).
იესო გულმოდგინედ ამოწმებდა და საკუთარ თავს ყურადღების სხვა რამეზე გადატანის უფლებას არ აძლევდა. თუმცა ზრუნავდა ადამიანების მოთხოვნილებებზე, იესო არ გადაჰყოლია ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც დროებით შვებას მოუტანდა ხალხს. მისი მიზანი მამის მიერ დაკისრებული უმთავრესი დავალების შესრულება იყო — ის ხალხს ყურადღებას ღვთის სამეფოზე უმახვილებდა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა მათ პრობლემებს. ერთხელ იესომ სასწაულებრივად დააპურა 5 000 კაცი (ქალებისა და ბავშვების ჩათვლით მათი რიცხვი შესაძლოა 10 000-ზე მეტი იყო), რის გამოც ზოგ იუდეველს მისი შეპყრობა და გამეფება უნდოდა. რა გააკეთა იესომ? ის მთაზე განმარტოვდა (იოან. 6:1—15; შეადარეთ ლუკას 19:11, 12; საქმეები 1:6—9). იესოს მისი მიმდევრები თუ მოწინააღმდეგეები, ძირითადად, „მოძღვრის“ სახელით იცნობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ სასწაულს ახდენდა და ბევრს კურნავდა (მათ. 8:19; 9:11; 12:38; 19:16; 22:16, 24, 36; იოან. 3:2).
აშკარაა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ დამოწმება იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო. იეჰოვას ნებაა, რომ ყველამ გაიგოს, რა არის მისი სამეფო და როგორ შეასრულებს ის მის განზრახვებს. ეს სამეფო ძალიან ძვირფასია იეჰოვასთვის, რადგან მისი მეშვეობით განწმენდს თავის სახელს. ამიტომ იესოს ქადაგების მთავარი თემა სამეფო იყო (მათ. 4:17). ის ძალ-ღონეს არ იშურებდა ამ ცნობის საუწყებლად, რითაც მხარს უჭერდა იეჰოვას სამართლიან უზენაეს ხელისუფლებას.
მოწმე სიკვდილამდე ერთგული იყო
შეუძლებელია იესოზე მეტად უყვარდეს ვინმეს იეჰოვა და აფასებდეს მის უზენაესობას. იესო, როგორც „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, ყველაზე კარგად იცნობდა მამას, რადგან ზეცაში სულიერ პიროვნებად ყოფნის დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან (კოლ. 1:15; მათ. 11:27). პირველი ადამიანების შექმნამდე ის მთელი გულით ემორჩილებოდა უზენაეს ღმერთს უთვალავი წლის განმავლობაში (შეადარეთ იოანეს 8:29, 58). ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ეტკინებოდა გული, როცა ადამმა და ევამ უარყვეს იეჰოვას მმართველობა! მიუხედავად ამისა, ის 4 000 წელს თავმდაბლად იცდიდა ზეცაში, სანამ არ დადგა დრო, მოსულიყო დედამიწაზე და იეჰოვას უდიდესი მოწმე გამხდარიყო!
იესოს კარგად ესმოდა, რომ სამყაროში წამოჭრილი საკამათო საკითხების გადაჭრაში უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო. შეიძლებოდა შექმნილიყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ იეჰოვა მას ყოველმხრივ მფარველობდა (შეადარეთ იობის 1:9—11). მართალია, ზეცაში ყოფნის დროს იესო ღვთის ერთგული იყო, მაგრამ შეინარჩუნებდა ერთგულებას ნებისმიერი განსაცდელის დროს დედამიწაზე ადამიანად მოსვლის შემდეგაც? შეძლებდა ის სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც ერთი შეხედვით მასზე ძლიერი იქნებოდა?
გველს, რომლითაც ღვთის მტერი იყო წარმოდგენილი, დრო არ დაუკარგავს. იესოს ნათლობისა და სულით ცხების შემდეგ მალევე სატანა შეეცადა, ეცდუნებინა იესო, რომ მას ეგოიზმი გამოევლინა, განდიდებულიყო და ზურგი ექცია მამის უზენაესობისთვის. მაგრამ იესომ არაორაზროვნად უთხრა სატანას: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“. ამით მან ცხადი გახადა, ვის ემხრობოდა საკამათო საკითხში. როგორ განსხვავდებოდა ეს ადამის საქციელისგან! (მათ. 4:1—10).
ის გზა, რომელიც იესოს დედამიწაზე უნდა გაევლო, მის ტანჯვასა და სიკვდილს ნიშნავდა და ეს იესომაც კარგად იცოდა (ლუკ. 12:50; ებრ. 5:7—9). მიუხედავად ამისა, მან „ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილ. 2:7, 8). იესომ სატანას დაუმტკიცა, რომ საშინელი მატყუარა იყო და პასუხი გასცა წამოჭრილ კითხვას, დარჩებოდა თუ არა ვინმე ღვთის ერთგული სატანის მიერ გამოწვეული განსაცდელების დროს. მაგრამ იესომ თავისი სიკვდილით უფრო მეტი გააკეთა.
წამების ძელზე სიკვდილით იესომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათ. 20:28; მარ. 10:45). მის სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეს გამოსყიდვის ძალა ჰქონდა. იესოს მიერ გაღებულმა გამოსასყიდმა არა მხოლოდ ჩვენი ცოდვების პატიება გახადა შესაძლებელი, არამედ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობაც მოგვცა სამოთხეში დედამიწაზე, რაც ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო (ლუკ. 23:43; საქ. 13:38, 39; ებრ. 9:13, 14; გამოცხ. 21:3, 4).
იეჰოვამ „ერთგული მოწმისადმი“ სიყვარული და მოწონება იმით გამოხატა, რომ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ ის მკვდრეთით აღადგინა. ამით დამტკიცდა, რომ სამეფოს შესახებ იესოს მოწმობა ჭეშმარიტი იყო (საქ. 2:31—36; 4:10; 10:36—43; 17:31). მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცი დღის მანძილზე იესო დედამიწაზე დარჩა და არაერთხელ ეჩვენა თავის მოციქულებს, შემდეგ კი ზეცად ამაღლდა (საქ. 1:1—3, 9).
იესომ აღნიშნა, რომ ღვთის მესიანური სამეფო შორეულ მომავალში დამყარდებოდა (ლუკ. 19:11—27). ამ მოვლენის მაჩვენებელი აგრეთვე იქნებოდა იესოს „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის“ დასაწყისი (მათ. 24:3). მაგრამ, როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ იესოს ერთგული მიმდევრები დედამიწაზე, როდის დაიწყებოდა ეს მოვლენები? იესომ მათ მისცა „ნიშანი“, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგება, მათ შორისაა მიწისძვრები, შიმშილი, ეპიდემიები და უკანონობის გამრავლება. ამ ნიშნის განსაკუთრებული ნაწილი იქნებოდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. ამ ნიშნის დამახასიათებელი მოვლენები ჩვენს დღეებში სრულდება, რაც იმაზე მოწმობს, რომ ზეცაში იესოს გამეფებისა და ქვეყნიერების აღსასრულის პერიოდში ვცხოვრობთ (მათ. 24:3—14).a
რა შეიძლება ითქვას იესოს მიმდევრებზე? იესოს მოსვლის პერიოდში მრავალი რელიგიის წევრი თავს ქრისტეს მიმდევრად აცხადებს (მათ. 7:22). მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ არსებობს „ერთი რწმენა“ (ეფეს. 4:5). როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რომელია ჭემშარიტი ქრისტიანული რელიგია, რომელსაც ღმერთი იწონებს და ხელმძღვანელობს? თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ, რას ამბობს წმინდა წერილები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაზე და შემდეგ დაფიქრდეთ, დღეს ვინ მიჰყვება პირველი ქრისტიანების მაგალითს.
[სქოლიო]
a იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, თავი 10, სათაურით „ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩვენ თვალწინ სრულდება“ (გამოცემულია «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» მიერ სხვადასხვა ენაზე).
[ჩანართი 20 გვერდზე]
„იმიტომ დავიბადე . . . რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“
[ჩანართი 21 გვერდზე]
იესოს ქადაგების თემა ღვთის სამეფო იყო
[ჩანართი 22 გვერდზე]
დედამიწაზე მცხოვრებთაგან იესო ქრისტე იეჰოვას უდიდესი მოწმე იყო
[გვერდი 23 დათმობილი აქვს სურათს]