საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოდის ცვალებადობა
    გამოიღვიძეთ! — 2003 | სექტემბერი 8
    • მოდის ცვალებადობა

      ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებაზე, თუ რა ჩავიცვათ, გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს მოდა. მოდა იმასაც განსაზღვრავს, თუ უმეტესწილად რა სტილის სამოსი და აქსესუარები გაიყიდება.

      ჩვენი სამოსის ცალკეული ელემენტებიც კი, რომლებსაც დღესდღეობით განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ, ერთ დროს უკანასკნელ მოდად ითვლებოდა. მაგალითად, მამაკაცის პერანგი და ჰალსტუხი (რა სახითაც დღეს არსებობს), საუკუნეზე მეტი ხნის წინათ შემოვიდა მოდაში და ულტრამოდურ ატრიბუტებად იქცა. ქალის სვიტერი XX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს გაჩნდა და მანდილოსნების გარდერობში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

      მოდის ინდუსტრიას ორი ძირითადი მისწრაფება წარმართავს — მისწრაფებები სიახლისა და იმისკენ, რომ სხვებს ვგავდეთ. თითქმის ყველას მოსწონს რაიმე ახლით შემოსვა. ამიტომაც ზოგჯერ ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ — ვყიდულობთ არა იმიტომ, რომ ძველი უკვე გაგვიცვდა, არამედ უბრალოდ იმ მიზეზით, რომ გარდერობში ცვლილების შეტანა გვსურს. ამავე დროს, არ გვინდა შეუფერებლად გამოვიყურებოდეთ, რის გამოც ვყიდულობთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც გარშემო მყოფთა ჩაცმულობის სტილს ასე თუ ისე შეესაბამება. საუკუნეების განმავლობაში ტანსაცმლის ინდუსტრია აკმაყოფილებდა — ზოგჯერ კი მწარმოებლების პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა — მისწრაფებებს სიახლისკენ და სხვებთან მსგავსებისკენ.

      ცოტა რამ მოდის ისტორიიდან

      გარკვეული სტილის შესაქმნელად დიზაინერები ხუთ ძირითად ელემენტს ეყრდნობიან: ფერს, სილუეტს, ქსოვილის ფაქტურას, ხაზების ვიზუალურ შერწყმას (ანუ მათ განლაგებას) და ქსოვილის დანაოჭებას. დროთა განმავლობაში მოდელიერებსა და მკერავებს ამ ხუთივე სფეროში სულ უფრო და უფრო დიდი გასაქანი ეძლეოდათ. ძველ ეგვიპტეში, მაგალითად, ადგილობრივად წარმოებული გამჭვირვალე სელი საუკეთესო ქსოვილად ითვლებოდა, და ის მართლაც იდეალური იყო თბილი ჰავისთვის. იმ მიზეზით კი, რომ სელი ადვილად არ იღებებოდა, ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ერთი ფერის იყო — თეთრი. მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, იმ დროის ეგვიპტელი მოდელიერები ქსოვილს ნაკეცებს უკეთებდნენ, რის წყალობითაც მათი სამოსი სასიამოვნოდ ნაოჭდებოდა და კოხტა სილუეტს იძენდა. ასე წარმოიშვა ერთ-ერთი იმ სტილთაგანი, რომელმაც მსოფლიო მოდის ისტორიაში ძალიან დიდხანს იარსება.

      ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ქსოვილები, ახალი ფერები. მდიდარ რომაელებს ჩინეთიდან თუ ინდოეთიდან შემოჰქონდათ აბრეშუმი. ისინი არ ეპუებოდნენ იმას, რომ ნაქსოვი აბრეშუმის ტრანსპორტირება ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ქსოვილის ფასი ოქროს ფასს უტოლდებოდა. სხვა მოდურ ქსოვილად ითვლებოდა ტვიროსიდან ჩამოტანილი შეღებილი შალი, რომლის ერთი კილოგრამი ჯდებოდა 2 000 დინარი — ჩვეულებრივი მუშის ექვსი წლის გასამრჯელოს ტოლფასი თანხა. ახალი ქსოვილებითა და საღებავებით ტანსაცმლის ახალი მოდელები იქმნებოდა. მაგალითად, მდიდარი რომაელი ქალები შეიმოსნენ ინდოეთიდან შემოტანილი ლურჯი ბამბის ქსოვილისგან თუ ჩინური ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი გრძელი, განიერი ზედა სამოსლით — სტოლათი.

      მართალია, ახალი სტილები პერიოდულად ვითარდებოდა, მაგრამ წარსულში ეს პროცესი არც ისე სწრაფად ხდებოდა. თანაც, ცვლილებები მოდის სამყაროში, ჩვეულებრივ, ეხებოდა მხოლოდ არისტოკრატებს, რომლებსაც შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სტილის მდიდრული სამოსით ევლოთ. სამრეწველო გადატრიალების შემდეგ კი უბრალო ხალხისთვისაც შესაძლებელი გახდა მოდურად ჩაცმა.

      XIX საუკუნეში შეიქმნა მთელი რიგი სამრეწველო საწარმოები, რომლებიც მოსავდნენ როგორც მდიდრებს, ისე ღარიბებს. მომრავლდა ბამბისა და შალის სართავი ფაბრიკები, რის წყალობითაც ქსოვილების ფასმა იკლო. საკერავი მანქანების გამოგონებამაც საგრძნობლად გააიაფა ტანსაცმლის წარმოების პროცესი. ახალი სინთეტიკური საღებავების წყალობით კი ქსოვილები ათასგვარი ფერით დამშვენდა.

      საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ტექნოლოგიაში მომხდარმა ცვლილებებმა კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულა მასების შემოსვაში. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხალხს უფრო მეტი სახარჯო ფული გაუჩნდა. XIX საუკუნის 50-იან წლებში გაიხსნა მანდილოსნებისთვის განკუთვნილი პირველი მაღაზიები. ცოტა ხანში უნივერმაღებმაც დაიწყეს მომხმარებლისთვის სტანდარტული ზომების მზა ტანსაცმლის შეთავაზება. ამავე საუკუნეში ჩარლზ ფრედერიკ ვორტმა წამოიწყო ახალი ტანსაცმლის დემონსტრირება ცოცხალი მოდელების მეშვეობით, რითაც კლიენტებს იზიდავდა.

      XX საუკუნეში ისეთი ახალი სინთეტიკური ნივთიერებებისგან, როგორიცაა ვისკოზა, ნეილონი და პოლიესტერი, მეწარმეებმა ათასგვარი ქსოვილების შექმნა დაიწყეს. კომპიუტერის მეშვეობით შექმნილმა ესკიზებმა უფრო გააიოლა ახალი მოდური ტენდენციების წარმოშობა, ხოლო გლობალიზაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ ტოკიოს, ნიუ-იორკის, პარიზისა თუ სან-პაულუს ქუჩებში თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ უკანასკნელ მოდაზე შემოსილი ქალ-ვაჟები. ამასობაში, დიზაინერები და მეწარმეები თავიანთი საქონლის გასაღების ახალ გზებს პოულობდნენ.

      დღესდღეობით, მოდის ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები არიან ახალგაზრდები, და არა მაინცდამაინც მდიდრები. მილიონობით ახალგაზრდა ყოველთვიურად ყიდულობს ახალ ტანსაცმელს. ტანსაცმლის ინდუსტრიაც ყოველწლიურად უშვებს და უშვებს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამოსსa. მაგრამ ხომ არ იმალება აქ რამე მახე?

      [სქოლიო]

      a მხოლოდ გასულ წელს წარმოებული ტანსაცმელი 335 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

      [ჩარჩო⁄სურათები 4, 5 გვერდებზე]

      მოდების კანონმდებლები

      საუკუნეების განმავლობაში ჩაცმულობის სტანდარტებს ადგენდნენ მეფეები და დიდებულები. XVII საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII-მ თავისი სიმელოტის დასამალავად პარიკის ტარება გადაწყვიტა. არ გასულა დიდი დრო და ევროპელმა დიდებულებმაც გადაიპარსეს თავები და პარიკების ტარება დაიწყეს — ამ მოდურმა მიმდინარეობამ საუკუნეზე მეტხანს გასტანა.

      XIX საუკუნეში, ქალთა ჟურნალებში მანდილოსნებს მოდურ ტენდენციებს აცნობდნენ და იაფფასიან თარგებსაც კი ურთავდნენ, რათა თავადვე შეძლებოდათ სასურველი სამოსის შეკერვა. XX საუკუნეში კი, რაც უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭდა ტელევიზია და კინოინდუსტრია, ტელე- და კინოვარსკვლავები მსოფლიოსთვის სათაყვანებელი კერპები ხდებოდნენ და მოდის დამკვიდრებაშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ისინი ამბობდნენ. პოპულარული მუსიკოსები რადიკალური სტილის ტანსაცმლით იმოსებოდნენ, ბევრი ახალგაზრდა კი სწრაფადვე ჰბაძავდა მათ ჩაცმულობაში. დღეისათვის თითქმის არაფერი შეცვლილა: ახალ ტანსაცმელზე მოთხოვნის გასაზრდელად სარეკლამო სააგენტოები ეფექტურად იყენებენ მოდების ჩვენებებს, სარეკლამო დაფებს, პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილ ჟურნალებს, ვიტრინებსა და სარეკლამო რგოლებს.

      [სურათი]

      მეფე ლუდოვიკო XIII.

      [საავტორო უფლება]

      From the book The Historian’s History of the World

      [სურათი 4 გვერდზე]

      სელისგან დამზადებულმა ამ ძველმა ეგვიპტურმა სამოსმა მსოფლიო მოდის ისტორიაში ძალიან დიდხანს იარსება.

      [საავტორო უფლება]

      Photograph taken by courtesy of the British Museum

      [სურათი 4 გვერდზე]

      ძველ რომში ქალები სტოლას იცვამდნენ.

      [საავტორო უფლება]

      From the book Historia del Traje, 1917

      [სურათი 4, 5 გვერდებზე]

      კიმონომ ახ. წ. დაახლოებით 650 წლიდან დაიწყო არსებობა და დღემდე მოაღწია.

      [საავტორო უფლება]

      From the newspaper La Ilustración Artística, Volume X, 1891

      [სურათი 5 გვერდზე]

      წარსულში არისტოკრატებს შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სტილის მდიდრული სამოსით ევლოთ.

      [საავტორო უფლება]

      EclectiCollections

      [სურათი 5 გვერდზე]

      სამრეწველო გადატრიალებამ უბრალო ხალხს მოდურად ჩაცმის საშუალება მისცა.

      [საავტორო უფლება]

      EclectiCollections

  • გარეგნული ბრწყინვალების ბნელი მხარე
    გამოიღვიძეთ! — 2003 | სექტემბერი 8
    • გარეგნული ბრწყინვალების ბნელი მხარე

      რასაკვირველია, მოდურად ჩაცმამ შეიძლება უფრო ლამაზად წარმოაჩინოს თქვენი გარეგნობა და საკუთარ თავში დაჯერებულობაც შეგმატოთ. სწორად შერჩეულმა სამოსმა შეიძლება ფიზიკური ხარვეზებიც დამალოს და თქვენი მიმზიდველი ნაკვთები უფრო გამოკვეთოს. თქვენი ჩაცმის სტილმა შეიძლება იმაზეც მოახდინოს გავლენა, თუ როგორი თვალით შემოგხედავენ სხვები.

      მოდის სამყაროს აქვს ბნელი მხარეც, რომელზეც არ შეიძლება თვალის დახუჭვა. გარდერობის შევსების სურვილით შეპყრობილი მყიდველები შეიძლება გაუთავებელი წრებრუნვის მახეში მოექცნენ. მოდის ინდუსტრია ხომ სულ ახალ და ახალ ტენდენციებს ნერგავს. და ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან მოდების სახლები უფრო დიდ მოგებას მაშინ ნახულობენ, როდესაც ტანსაცმელი მოდიდან მალე გადადის. როგორც მოდელიერმა გაბრიელ შანელმა აღნიშნა, „მოდა იმიტომ არსებობს, რომ მოდიდან გავიდეს“. ამიტომაც ხდება ისე, რომ არაშორსმჭვრეტელი მომხმარებელი თავს ვალდებულად თვლის, იყიდოს ახალი ტანსაცმელი მხოლოდ იმიტომ, რომ მოდას არ ჩამორჩეს.

      არსებობს იმის საშიშროებაც, რომ რეკლამის შეუმჩნეველი გავლენის ქვეშ მოექცეთ. კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ თავიანთი ნაწარმის რეკლამირებისთვის. რეკლამებში ისინი ხშირად უდარდელი ცხოვრების სტილს წარმოსახავენ და ხალხს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიან, თითქოს ცხოვრებით მხოლოდ ისინი ხარობენ, ვისაც მათი კომპანიისა თუ ფირმის ტანსაცმელი აცვია. ასეთ რეკლამებს ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. „არაფერი ისე არ ტკენს გულს მოზარდებს, როგორც ყველაზე პოპულარული ფირმის ფეხსაცმლის არქონა“, — ამბობს ერთი ესპანელი მასწავლებელი.

      მოდის მაცდუნებელი ხიბლი

      ზოგი ჯგუფი საკუთარი „მე“-ს წარმოსაჩენად გარკვეული სტილის ტანსაცმელს ატარებს. მათი ჩაცმულობა შეიძლება საზოგადოების უარმყოფელ დამოკიდებულებას, თავისუფალი ცხოვრების სტილს ან მოძალადეობრივ თუ რასისტულ შეხედულებებსაც კი ირეკლავდეს. და თუმცა ამ სტილებიდან ზოგი შეიძლება აღმაშფოთებელი ან სკანდალური იყოს, ზემოხსენებულ ჯგუფებში უმრავლესობა, როგორც წესი, ასეთ ტანსაცმელს იცვამს. იმ ადამიანებსაც კი, ვინც ჯგუფის იდეალებს არ იწონებს, შეიძლება მათი ჩაცმის სტილი იზიდავდეს. მათ, ვინც ასეთ ჯგუფებს ჩაცმულობაში ჰბაძავს, შეიძლება სხვებს აფიქრებინონ, რომ ამ წრის შეხედულებებს იზიარებენ და პროპაგანდას უწევენ.

      მოდური ტენდენციები, ჩვეულებრივ, როგორც ჩნდება, ისე ქრება; ზოგი სულ რამდენიმე თვეში. ისინი შეიძლება წარმოშვას რომელიმე პოპულარულმა მუსიკოსმა ან მოდის სხვა კანონმდებელმა. მაგრამ, ზოგჯერ ასეთი ტენდენცია მკვიდრდება და ძირითად სტილად იქცევა ხოლმე. ლურჯი ჯინსი, მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა XX საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდებში. დღეს კი ჯინსებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ბევრნაირ სიტუაციაში იცვამენ.

      სწრაფვა იდეალური ფიგურისკენ

      ისინი, ვინც მოდას ფეხდაფეხ მისდევს, შეიძლება მეტისმეტად წუხდნენ საკუთარი გარეგნობის გამო. მოდელები, როგორც წესი, მაღლები და სუსტი აღნაგობისანი არიანa. ჩვენ კი განუწყვეტლივ ვიბომბებით მათი გამოსახულებებით. მოდელების ამ „იდეალურ“ ფიგურას იყენებენ იმისთვის, რომ რეკლამა გაუწიონ ყველაფერს, მანქანებით დაწყებული და კანფეტებით დამთავრებული. დიდი ბრიტანეთის სოციალური საკითხების კვლევითი ცენტრი ასკვნის, რომ „ახალგაზრდა ქალები დღეს გაცილებით მეტ არაჩვეულებრივად ლამაზ ქალს ხედავენ ერთ დღეში, ვიდრე ჩვენს დედებს უნახავთ მთელ თავიანთ ახალგაზრდობაში“.

      მოდელების გაუთავებელ ცქერას ზიანის მოტანა შეუძლია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის შესახებაც ჟურნალ „ნიუსუიკში“ იყო მოთხრობილი, გამოავლინა, რომ თეთრკანიან მოზარდთა 90 პროცენტი თავისი ფიგურით უკმაყოფილო იყო. ზოგი მათგანი არაფერზე დაიხევდა უკან, ოღონდაც „იდეალური ფიგურა“ დაეყენებინა. სოციალური საკითხების კვლევითი ცენტრი კი იუწყება, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა 5 პროცენტზე ნაკლები თუ შეესაბამება მასმედიის მიერ თავს მოხვეული იდეალური წონისა და ზომის ეტალონებს. მიუხედავად ამისა, ტანწერწეტობის გაკერპებამ მილიონობით ახალგაზრდა ქალი მონად აქცია. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ანორექსია განუვითარდაb. ესპანელი მოდელი, ნიევეს ალვარესი, რომელიც ანორექსიით იტანჯებოდა, აღიარებს: „წონაში მომატების უფრო მეშინოდა, ვიდრე სიკვდილის“.

      მართალია, კვებითი მოშლილობები, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ როგორც ექიმები მიშელ ლაქსენერი და ან გიიმო ამბობენ, „სიგამხდრის კულტსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი“.

      ცხადია, მოდას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ის აკმაყოფილებს ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას, გამოიყურებოდეს ლამაზად და ეცვას რამე ახალი, მაგრამ მოდის რადიკალური ტენდენციების გამო შეიძლება ისე შევიმოსოთ, რომ სხვებს ჩვენზე არასწორი შთაბეჭდილება შევუქმნათ. და თუ გარეგნობას გადამეტებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შეიძლება მცდარ დასკვნამდე მივიდეთ, თითქოს ჩვენი ღირსებები „ჩაცმულობით“ განისაზღვრება და არა პიროვნული თვისებებით. „საჭიროა ვისწავლოთ ის, რომ ადამიანში უფრო მეტად დავაფასოთ მისი უნარიანობა და შინაგანი ბუნება, ვიდრე სამოსი“, — ამბობს ალვარესი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი. მაგრამ საეჭვოა, რომ დადგენილი სტანდარტების შეცვლა მალე მოხდეს. მაშ, როგორ გამოვიმუშავოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე?

      [სქოლიოები]

      a მოდელებისგან, ჩვეულებრივ, მოითხოვება, რომ „სიმაღლეში იყვნენ, სულ მცირე, 1,74 მ., იყვნენ ძვალწვრილები, ჰქონდეთ სავსე ტუჩები, მაღალი ყვრიმალები, დიდი თვალები, გრძელი ფეხები და სწორი, მაგრამ არა ზედმეტად გამოშვერილი ცხვირი“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმში“.

      b აშშ-ის ანორექსიისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების ეროვნული ასოციაცია იუწყება, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში რვა მილიონ ადამიანს აქვს ანორექსია და მთელ რიგ შემთხვევებში ეს დარღვევა სიკვდილის მიზეზი ხდება. უმრავლესობას (86 პროცენტს) კვებითი მოშლილობები 21 წლამდე განუვითარდა.

      [ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

      ნუთუ ამას ვინმე ჩაიცვამს?

      ყოველ ზაფხულს და შემოდგომით ნიუ-​იორკის, პარიზისა და მილანის მოდების სახლები აწყობენ წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოლექციების ჩვენებას. გარდა უზომო სიძვირისა, ამ ტანსაცმლიდან ბევრი აბსოლუტურად არაპრაქტიკულია, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ მათი ტარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. „არაორდინალური და ექსტრავაგანტური სამოსი, რომელსაც თქვენ ხედავთ, სინამდვილეში მომხმარებლისთვის არ იქმნება, — ამბობს ესპანელი დიზაინერი ხუან დუიოსი. — მოდების ჩვენების მიზანი, ალბათ, უფრო ის არის, რომ წარმოჩნდეს დიზაინერი ან ფირმა, და არა ის, რომ პოდიუმზე გამოტანილი მოდელები გაიყიდოს. მაგალითად, შთამბეჭდავმა კოლექციამ, რომელსაც მასმედია ხოტბას ასხამს, შეიძლება ხელი შეუწყოს დიზაინერის სახელის მატარებელი სუნამოს გაყიდვას“.

      [სურათი 7 გვერდზე]

      მოდური ტენდენციების ფეხდაფეხ მიყოლა ძვირი ჯდება.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ ანორექსია განუვითარდა.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ზოგი სტილის ჩაცმულობამ შეიძლება სხვებს აფიქრებინოს, რომ გარკვეულ წრეს მიეკუთვნებით.

  • გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე
    გამოიღვიძეთ! — 2003 | სექტემბერი 8
    • გაწონასწორებული თვალსაზრისი მოდაზე

      ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა „ყოველივე ლამაზად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:11; „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ბუნებაში ყველგან სილამაზეს ვხედავთ. გამონაკლისი არც ადამიანები არიან.

      დიზაინერის მიზანია, რომ ტანსაცმლის მეშვეობით უფრო ლამაზად წარმოაჩინოს ჩვენი გარეგნობა, მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, მოდის ინდუსტრიას სილამაზეზე თავისებური წარმოდგენა აქვს. ფსიქოლოგი, პროფესორი რუთ სტრიგელ-მური შენიშნავს: „იმდენად მივეჩვიეთ უკიდურესად გამხდარი ქალების ყურებას, რომ ვფიქრობთ: სწორედ ესაა სილამაზე“.

      ცხადია, ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გონივრული იმის დაშვება, რომ ქვეყნიერებაში გავრცელებულმა წარმოდგენამ სილამაზეზე ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გვაიძულოს, ყველას დავემსგავსოთ. თავის წიგნში „როცა გემოვნებით გაცვია“ დორის პუზერი აღნიშნავს: «დღევანდელ ქალს არა სჭირდება ახალი „იდეალის“ გამოჩენისთანავე საკუთარი გარეგნობის გადასხვაფერება ან შენიღბვა». მართლაცდა, რატომ უნდა დავრთოთ მასმედიას იმის ნება, რომ თავისი სტერეოტიპები მოგვახვიოს? „გაცილებით ადვილია, ვიყოთ ის, რაც ვართ, ნაცვლად იმისა, რომ გაშმაგებით ვეცადოთ საკუთარი გარეგნობის შეცვლას“, — ამბობს პუზერი.

      უჭკნობი სილამაზე

      საკუთარ თავში რომ დაჯერებული იყოთ და ცხოვრებაში კმაყოფილება ჰპოვოთ, მიმზიდველ გარეგნობაზე გაცილებით მეტი რამ არის საჭირო. „ჭეშმარიტი ბედნიერება შინაგანი განწყობიდან მომდინარეობს, — წერს ჯუდი სარჯენტი, რომელიც წინათ ანორექსიით იყო დატანჯული. — მას დაკლებული კილოგრამებით ვერ მიაღწევ“. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია უფრო მეტს გვეუბნება. „თქვენი მშვენება, — წერდა პეტრე მოციქული, — უნდა ვლინდებოდეს თქვენი შინაგანი ბუნებით, მშვიდი და წყნარი სულის უჭკნობი სილამაზით, რაც უძვირფასესია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 3:4; „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

      უჭკნობი სილამაზე, რომელსაც პეტრე მოიხსენიებს, ფიზიკურ მომხიბვლელობაზე გაცილებით მაღლა დგას, ვინაიდან ის მუდმივი და ძვირფასია ღვთის თვალში. მრავალი საუკუნის წინათ ერთმა ბრძენმა მეფემ თქვა: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“ (იგავები 31:30).

      და თუმცა გარეგნულმა სილამაზემ დღეს შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს, მრავალი მაინც პატივსა სცემს მათ, ვინც ქრისტიანულ თვისებებს ავლენს. პავლე მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებდა: „შეიმოსეთ ახალი [პიროვნებით] . . . შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:10, 12).

      მოდა წარმავალია. ყველაზე მეტი, რაც ახალმოდურ სტილს შეუძლია — ცოტა ხნით დაგვამშვენოს. მაგრამ ნებისმიერ სასიამოვნო შთაბეჭდილებას, რომელსაც კოხტა სამოსით ვქმნით, მომენტალურად გავაქარწყლებთ, თუკი ჩვენი პიროვნული თვისებები გარეგნობის შესაფერისი არ იქნება. გახსოვდეთ, „სულის ნაყოფი“, რომელშიც სხვა თვისებებთან ერთად სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკარგე და თავშეკავება შედის — მოდიდან არასოდეს გადავა (გალატელთა 5:22, 23; 1 ტიმოთე 2:9, 10).

      ცხადია, არ არის ურიგო სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჩაცმულობას. საფრანგეთში მცხოვრები ალინი აღიარებს, რომ მისთვის რთული იყო ამ მხრივ გაწონასწორებული თვალსაზრისის გამომუშავება. „თინეიჯერულ ასაკში, — ამბობს ის, — ჩაცმას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მინდოდა, უკანასკნელ მოდაზე ვყოფილიყავი შემოსილი, რადგან ეს საკუთარ თავში დაჯერებულობას მმატებდა. და თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერის მარკიან ტანსაცმელს ვიყიდდი, ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი“.

      „როცა ამ ასაკიდან გამოვედი, — განაგრძობს ალინი, — საკუთარი თავი თავადვე უნდა მერჩინა. გარდა ამისა, დროის უმეტეს ნაწილს ქრისტიანულ მსახურებაში ვატარებდი. ერთ რამეს მივხვდი: თუკი საკუთარი სახსრებით ცხოვრებას ვაპირებდი, მოდას მეტად ვეღარ დავემონებოდი. იმ დროიდან ტანსაცმელს ვყიდულობდი ჩამოფასების შემდეგ ან ისეთ მაღაზიებში, სადაც ის ფასდაკლებით იყიდებოდა. შევატყვე, რომ კვლავაც შემეძლო ლამაზად ჩაცმა, თანაც მეოთხედ ფასად. მთავარია ისწავლო ისეთი სამოსის ყიდვა, რომელიც გიხდება, პრაქტიკულია, მალე არ გადავა მოდიდან და იმ ტანსაცმელსაც ეხამება, რომელიც უკვე გაქვს. ნაცვლად იმისა, რომ მოდის კარნახს ავყვე, ახლა ვცდილობ ისეთი სტილის სამოსი შევირჩიო, რომელიც მიხდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა მაცვია, მაგრამ ჩემი, როგორც პიროვნების, ღირსებები გაცილებით მეტ რამეზეა დამოკიდებული, ვიდრე გარეგნობაზე“.

      საზოგადოებაში, რომელშიც ხშირად ადამიანის თვისებებზე მეტად მის გარეგნობას აფასებენ, ქრისტიანები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან შეხსენებას: „ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:16, 17).

      [სურათი 9 გვერდზე]

      ჭეშმარიტი სილამაზე ვლინდება შინაგანი ბუნებით და არა ტანსაცმლით.

      [სურათი 10 გვერდზე]

      შეარჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც პრაქტიკულია და იმ ტანისამოსსაც შეეხამება, რომელიც უკვე გაქვთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება