საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
    • ქორწინება და მიმოსვლითი მსახურება

      1955 წელს გავიცანი ჯონ კუკი. მან ხელი შეუწყო სამქადაგებლო საქმიანობის დაწყებას საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში მეორე მსოფლიო ომის წინ და შემდეგ. იმ წელს, როცა ჯონი გავიცანი, ის მისიონერად დაინიშნა აფრიკაში. მოგვიანებით ჯონი წერდა: „ერთ კვირაში სამი მოულოდნელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში . . . ერთმა ხელგაშლილმა ძმამ პატარა მანქანა მაჩუქა; საოლქო მსახურად დამნიშნეს; და ერთი და შემიყვარდა“a. ჩვენ 1957 წლის დეკემბერში დავქორწინდით.

      დაქორწინებამდე ჯონმა მითხრა, რომ მასთან ცხოვრება არასდროს იქნებოდა მოსაწყენი. და ის მართალი აღმოჩნდა. ჩვენ ვინახულებდით კრებებს მთელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ძირითადად, შავკანიანებით დასახლებულ ადგილებს. ასეთ ტერიტორიებზე შესასვლელადაც კი ყოველკვირეულად ნებართვა უნდა მიგვეღო, რომ აღარაფერი ვთქვა იქ დარჩენაზე. ზოგჯერ თეთრკანიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ დაცარიელებულ მაღაზიებში იატაკზე ვიძინებდით და ვცდილობდით, გამვლელებს თვალში არ მოვხვედროდით. ჩვეულებრივ, ჩვენ გვიწევდა დარჩენა თეთრკანიან იეჰოვას მოწმეებთან, რომლებიც ხშირად მრავალი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ.

      კიდევ ერთი სირთულე დაკავშირებული იყო ტყიან ტერიტორიებზე შეხვედრებისთვის უბრალო ნაგებობების მომზადებასთან. ჩვენ დამსწრეებს ვაჩვენებდით იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებულ კინოფირებს, რაც ეხმარებოდა მათ, უფრო დაეფასებინათ მსოფლიო საძმო. ჩვენ თან ვატარებდით საკუთარ გენერატორს, რადგან იმ ტერიტორიებზე, ჩვეულებრივ, ელექტრობა არ ჰქონდათ. ასევე სირთულეებს ვაწყდებოდით ზულუ ენის სწავლისას და დიდი ბრიტანეთის მორჩილების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ქადაგებისას, სადაც ჩვენი ლიტერატურა აკრძალული იყო. მაგრამ კმაყოფილებას გვანიჭებდა ის, რომ ძმებს ვემსახურებოდით.

      1961 წლის აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა ოთხკვირიანი სამეფო მსახურების სკოლის კურსი, რომელიც კრების ზედამხედველების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ჯონი ამ სკოლის პირველი მასწავლებელი იყო. ის დახელოვნებული სწავლების, მარტივი ლოგიკისა და ცოცხალი მაგალითების საშუალებით მსმენელთა გულებამდე აღწევდა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით, სადაც ეს კურსები ტარდებოდა. იმ დროს, როცა ჯონი კურსებს ატარებდა, მე ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად ვქადაგებდი. მოგვიანებით, მოულოდნელად წერილით შეგვატყობინეს, რომ 1964 წლის 1 ივლისიდან მიწვეულები ვიყავით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალში, რომელიც იოჰანესბურგის მახლობლად მდებარეობდა.

      მაგრამ ამ დროისთვის ჯონის ჯანმრთელობამ ძალიან შეგვაშფოთა. 1948 წელს მას ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მას შემდეგ იგი ხშირად გრძნობდა სისუსტეს. ჯონს დროდადრო გრიპის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა, სახლიდან ვერ გადიოდა, არაფრის კეთება არ შეეძლო და არავისთან საუბრის თავი არ ჰქონდა. ექიმმა, რომელსაც ბეთელში მიწვევამდე ცოტა ხნით ადრე მივმართეთ, ჯონს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა.

      ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ცხოვრების ისე შეცვლა, როგორც ექიმმა გვირჩია. ფილიალში ჯონი სამსახურებრივ განყოფილებაში დანიშნეს, მე კი კორექტორად ვმუშაობდი. ჩვენთვის კურთხევა იყო, საკუთარი ოთახი რომ გვქონდა. ქორწინებამდე ჯონი იმ ტერიტორიებზე მსახურობდა, სადაც ხალხი პორტუგალიურ ენაზე საუბრობდა. ამიტომ 1967 წელს გვთხოვეს, დახმარება გაგვეწია პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე ერთადერთი ოჯახისთვის, რომელიც იოჰანესბურგში და მის მახლობლად მცხოვრებ პორტუგალიელებთან ქადაგებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი ენა უნდა მესწავლა.

      პორტუგალიელები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ მიმოფანტულები. ამიტომ ბევრს ვმოგზაურობდით. ზოგჯერ 300 კილომეტრსაც კი გავდიოდით, რათა გულწრფელ ადამიანებამდე მიგვეღწია. ამ დროისთვის, პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეები მოზამბიკიდან ჩამოდიოდნენ კონგრესების დროს, რაც დიდ დახმარებას უწევდა ახლებს. 11 წლის მანძილზე ჩვენ იმის მოწმე გავხდით, თუ როგორ იქცა 30-კაციანი პატარა ჯგუფი ოთხ კრებად.

  • ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
    • ჯონის ავადმყოფობასთან გამკლავება

      70-იან წლებში აშკარა გახდა, რომ ჯონის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. ნელ-ნელა მას უწევდა სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მაგალითად, ფილიალში ის აღარ უძღვებოდა დილის ბიბლიურ განხილვას და „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ ოჯახურ შესწავლას. სამსახურებრივი განყოფილებიდან ის ჯერ კორესპონდენციის, შემდეგ კი გამწვანების განყოფილებაში გადავიდა.

      ჯონს მებრძოლი სული ჰქონდა და გაუჭირდა ასეთ ცვლილებებთან შეგუება. როდესაც ვეუბნებოდი, რომ თავი არ გადაეტვირთა, ის „სულთამხუთავს“ მიწოდებდა და თან სიყვარულით გულში მიკრავდა. დროთა განმავლობაში ვარჩიეთ, პორტუგალიურიდან ადგილობრივ კრებაში გადმოვსულიყავით, რომლის შეხვედრებიც ფილიალის სამეფო დარბაზში ტარდებოდა.

      რაც უფრო უუარესდებოდა ჯონს ჯანმრთელობა, მით უფრო ამაღელვებელი იყო იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობის დანახვა. როდესაც ღრმა დეპრესიაში მყოფს შუაღამით გაეღვიძებოდა, ჩვენ ვსაუბრობდით, სანამ საკმარის სიმშვიდეს არ იგრძნობდა იმისათვის, რომ იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. თანდათანობით ის მარტო ახერხებდა ასეთ მძიმე წუთებთან გამკლავებას; ჯონი აიძულებდა საკუთარ თავს, ნელა გაემეორებინა ფილიპელების 4:6, 7: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს . . “. შემდეგ მას სიმშვიდე ეუფლებოდა და ლოცვას იწყებდა. ხშირად მეღვიძებოდა და ჩუმად ვუყურებდი, როგორ ამოძრავებდა ნელ-ნელა ტუჩებს და როგორ ევედრებოდა იეჰოვას.

      ფილიალი გაფართოებას საჭიროებდა და ამიტომ ახალი კომპლექსის აგება დაიწყეს იოჰანესბურგის გარეუბანში. მე და ჯონი ხშირად მივდიოდით ამ ადგილზე. ის მოწყვეტილი იყო ქალაქის ხმაურსა და დაბინძურებას. ჩვენ ნება დაგვრთეს, ახალი ფილიალის აგების დასრულებამდე იქ დროებით საცხოვრებელში გადავსულიყავით. ეს ჯონს ძალიან დაეხმარა.

      ახალი სირთულეები

      ვინაიდან ჯონს აზროვნებისა და მსჯელობის უნარი თანდათან უქვეითდებოდა, მას უფრო ურთულდებოდა თავისი დავალებების შესრულება. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ვხედავდი, როგორ ედგნენ თანაქრისტიანები ჯონს მხარში. მაგალითად, როდესაც ძმა გამოსაკვლევად ბიბლიოთეკაში მიდიოდა, ჯონიც თან მიჰყავდა. როდესაც სასეირნოდ გადიოდა, ჯონს ჯიბეები სავსე ჰქონდა ტრაქტატებითა და ჟურნალებით. ქადაგება მას ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

      საბოლოოდ, ალცჰეიმერის დაავადების გამო ჯონს აღარ შეეძლო კითხვა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყავით, რომ ვიღებდით ბიბლიური ლიტერატურისა და სამეფოს სიმღერების აუდიოჩანაწერებს. ჩვენ მათ ხშირად ვუსმენდით. ჯონი ღელავდა, თუ მასთან ერთად არ ვიჯექი და არ ვისმენდი. ამ დროს თან ვქარგავდი ან ვქსოვდი. ასე რომ, სვიტერები და გადასაფარებლები არ გვაკლდა!

      თანდათან ჯონზე ზრუნვას უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდებოდა. თუმცა ხშირად აღარ მქონდა წაკითხვისა და შესწავლის თავი, სიცოცხლის ბოლომდე მასზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებდა. ჯონმა 1998 წელს, 85 წლის ასაკში მშვიდად დალია სული ჩემს მკლავებში. ის სიცოცხლის ბოლომდე ურყევი და ერთგული იყო. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც მკვდრეთით აღდგენისას ჯონი ყოველმხრივ ჯანმრთელი დამიბრუნდება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება