-
დაუქორწინებლობა — კარი დაუბრკოლებელი მოღვაწეობისკენსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
„[ეს ნიშნავს,] განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს, დაუბრკოლებლივ“ (1 კორინთელთა 7:35).
1. რა აღმაშფოთებელი ცნობები მიიღო პავლემ კორინთელი ქრისტიანების შესახებ?
მოციქული პავლე წუხდა კორინთში (საბერძნეთი) მყოფი ქრისტიანი ძმების შესახებ. მანამდე, დაახლოებით ხუთი წლის წინ, მან კრება დააფუძნა ამ აყვავებულ, მაგრამ უზნეობით განთქმულ ქალაქში. ახალი წელთაღრიცხვით 55 წელს კი, როცა ეფესოში (მცირე აზია) იმყოფებოდა, მან კორინთიდან მიიღო აღმაშფოთებელი ცნობები, რომლებიც იუწყებოდა, რომ კრებაში ადამიანთა მიმდევრობით გამოწვეული იყო განხეთქილებები და საშინელ უზნეობას ითმენდნენ. გარდა ამისა, პავლემ მიიღო წერილი კორინთელი ქრისტიანებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ხელმძღვანელობას სექსუალური ურთიერთობის, დაუქორწინებლობის, დაქორწინების, განცალკევებისა და ხელახლა დაქორწინების საკითხებში.
2. როგორც ჩანს, რა ზეგავლენას ახდენდა კორინთელ ქრისტიანებზე ამ ქალაქში გავრცელებული უზნეობა?
2 კორინთში გავრცელებული დიდი უზნეობა, როგორც ეტყობოდა, ორმხრივ ზეგავლენას ახდენდა ადგილობრივ კრებაზე. ზოგიერთი ქრისტიანი დანებდა დაცემული მორალის ატმოსფეროს და ითმენდა უზნეობას (1 კორინთელთა 5:1; 6:15–17). სხვები კი, როგორც ჩანს, მთელ ქალაქში გავრცელებული სექსუალური სიამოვნებების წინააღმდეგ რეაგირებით ისეთ უკიდურესობამდე მიდიოდნენ, რომ ურჩევდნენ თავშეკავებას ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობისგან, თვით დაქორწინებულებსაც (1 კორინთელთა 7:5).
3. რომელ საკითხებს შეეხო პირველად პავლე თავის პირველ წერილში კორინთელთა მიმართ?
3 ვრცელ წერილში, რომელიც პავლემ კორინთელებს მისწერა, პირველად უთანხმოებების პრობლემა მოიხსენია (1 კორინთელთა, 1—4 თავები). მან შეაგონა ისინი, მორიდებოდნენ ადამიანთა მიმდევრობას, რასაც მხოლოდ საზიანო განხეთქილებების მოტანა შეეძლო. ისინი გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ღვთის „თანამშრომელნი“. შემდეგ მან განსაკუთრებული მითითებები მისცა კორინთელებს კრების მორალური სისუფთავის დასაცავად (5, 6 თავები). ამის შემდეგ მოციქული მათ წერილს შეეხო.
რჩევა დაუქორწინებლად დარჩენის შესახებ
4. რას გულისხმობდა პავლე, როდესაც თქვა, რომ „კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დიაცს“?
4 მან დაიწყო: „ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დიაცს“ (1 კორინთელთა 7:1). გამოთქმა „არ გაეკაროს დიაცს“ ნიშნავს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ქალთან ფიზიკური კონტაქტისგან თავის არიდებას. რადგან პავლემ უკვე მანამდე დაგმო სიძვა, ახლა ის მოიხსენიებდა სექსუალურ ურთიერთობებს ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შორის. ასე რომ, პავლე აქ სთავაზობდა დაუქორწინებლად დარჩენას (1 კორინთელთა 6:9, 16, 18; შეადარე დაბადება 20:6; იგავნი 6:29). ცოტა მოგვიანებით მან დაწერა: „ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ“ (1 კორინთელთა 7:8). პავლე დაუქორწინებელი იყო, ალბათ, ქვრივი (1 კორინთელთა 9:5).
5, 6. ა) რა ნათელყოფს, რომ პავლე არ სთავაზობდა მონასტრული ცხოვრების წესს? ბ) რატომ ურჩია პავლემ დაუქორწინებლობა?
5 დასაშვებია, რომ კორინთელი ქრისტიანებისთვის ცნობილი იყო ბერძნული ფილოსოფია, რომლის ზოგიერთი სკოლები განადიდებდნენ უკიდურეს ასკეტიზმს, ანუ საკუთარი თავის უარყოფას. იქნებ ეს იყო იმის მიზეზი, თუ რატომ ეკითხებოდნენ კორინთელები პავლეს, ‘კარგი’ იქნებოდა თუ არა ქრისტიანებისთვის, მორიდებოდნენ ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობას? პავლეს პასუხი არ ირეკლავდა ბერძნულ ფილოსოფიას (კოლასელთა 2:8). კათოლიკე ღვთისმეტყველთაგან განსხვავებით, მას არსად არ შემოუთავაზებია დაუქორწინებელი ასკეტური ცხოვრება მონასტერში, თითქოს ამით დაუქორწინებელი პირები განსაკუთრებულად წმინდები იქნებოდნენ და ლოცვებითა და ცხოვრების ასეთი წესით ხელს შეუწყობდნენ საკუთარ გადარჩენას.
6 პავლემ დაუქორწინებლობა ურჩია ‘ახლანდელი გასაჭირის’ მხედველობაში მიღებით (1 კორინთელთა 7:26). ეტყობა, ის მიუთითებდა რთულ დროზე, რომელსაც ქრისტიანები შეხვდებოდნენ და რასაც, შესაძლოა, ქორწინებაც გაართულებდა (1 კორინთელთა 7:28). მისი რჩევა დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის ასეთი იყო: „კარგია ჩემსავით დარჩნენ“. ქვრივ მამაკაცებს მან განუცხადა: „თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ“. ქვრივ ქრისტიან ქალებზე მან დაწერა: „უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ჩემი რჩევით. მე ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული“ (1 კორინთელთა 7:8, 27, 40).
არავითარი ძალდატანება დაუქორწინებლად დარჩენისთვის
7, 8. რა ცხადყოფს, რომ პავლე არც ერთ ქრისტიანს არ აძალებდა დაუქორწინებლად დარჩენას?
7 უეჭველად, პავლეს იეჰოვას წმინდა სული ხელმძღვანელობდა, როცა მან ეს რჩევა წარმოთქვა. მის მიერ დაუქორწინებლობისა და დაქორწინების საკითხების განხილვა გაწონასწორებულობასა და თავშეკავებულობას ცხადყოფს. მას ეს ერთგულებისა და ორგულობის საკითხად არ უქცევია. პირიქით, ეს არის პირადი არჩევნის საკითხი, რომელშიც გაწონასწორებულად არის მოცემული რჩევა დაუქორწინებლად დარჩენის შესახებ მათთვის, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ მდგომარეობაში სიწმინდის შენარჩუნება.
8 თავისი განაცხადის შემდეგ: „კარგია, არ გაეკაროს დიაცს“, პავლემ მყისვე დაუმატა: „მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს — თავისი ქმარი“ (1 კორინთელთა 7:1, 2). როცა პავლემ დაუქორწინებელი პირებისა და ქვრივებისთვის რჩევის სახით თქვა: „კარგია ჩემსავით დარჩნენ“, მან მაშინვე დაუმატა: „მაგრამ თუ თავშეკავება არ ძალუძთ, იქორწინონ. ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ“ (1 კორინთელთა 7:8, 9). აგრეთვე ქვრივ მამაკაცებს მან ურჩია: „ცოლს ნუ ეძებ. სხვაფრივ ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ“ (1 კორინთელთა 7:27, 28). ეს გაწონასწორებული რჩევა არჩევნის თავისუფლებაზე მეტყველებს.
9. იესოსა და პავლეს სიტყვების თანახმად, როგორ წარმოადგენს ქორწინება და დაუქორწინებლობა ღვთის ჯილდოს?
9 პავლემ აჩვენა, რომ ქორწინებაც და დაუქორწინებლობაც ღვთის ჯილდოს წარმოადგენს. „მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასე და ზოგს ისე“ (1 კორინთელთა 7:7). ეჭვგარეშეა, მას გონებაში იესოს სიტყვები ჰქონდა. როცა იესომ დაადასტურა, რომ ქორწინება ღვთის დადგენილებაა, ცხადყო, რომ დაუქორწინებლად დარჩენა სამეფოს ინტერესების გულისთვის განსაკუთრებული ჯილდოა: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათე 19:4–6, 11, 12).
დაუქორწინებლობის ჯილდოს „შეთვისება“
10. როგორ შეუძლია პიროვნებას „შეითვისოს“ დაუქორწინებლობის ჯილდო?
10 თუმცა იესო და პავლე ლაპარაკობდნენ დაუქორწინებლობაზე, როგორც ‘ნიჭზე’, ანუ ჯილდოზე, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს სასწაულებრივი ჯილდოა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს. იესომ თქვა, რომ „ყველა ვერ შეითვისებს“ ამ ჯილდოს და ის მოუწოდებდა მათ, ვისაც შეეძლოთ ამის გაკეთება, ‘შეეთვისებინათ’, როგორც ამას იესო და პავლე აკეთებდნენ. მართალია, პავლემ დაწერა: „უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ“, მაგრამ ის ლაპარაკობდა ისეთებზე, ვისაც „თავშეკავება არ ძალუძთ“ (1 კორინთელთა 7:9). თავის ადრინდელ წერილებში პავლემ ცხადყო, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ თავი აარიდონ აღგზნებას (გალატელთა 5:16, 22–24). სულით მოქცევა ნიშნავს იეჰოვას სულიწმიდას მისცე საშუალება, გიხელმძღვანელოს ყოველ ნაბიჯზე. შეუძლიათ ახალგაზრდა ქრისტიანებს ამის გაკეთება? დიახ, შეუძლიათ, თუ ზედმიწევნით მისდევენ იეჰოვას სიტყვას. ფსალმუნმომღერალი წერდა: „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ“ (ფსალმუნი 118:9).
11. რას ნიშნავს ‘იცხოვრო სულიერად’?
11 ამაში შედის საკუთარი თავის დაცვა უზნეო იდეებისგან, რომლებიც ვრცელდება ტელეპროგრამების, კინოფილმების, ჟურნალების სტატიების, წიგნებისა და სიმღერების ტექსტების საშუალებით. ასეთი იდეები გამიზნულია ხორციელი სიამოვნებებისკენ. ორივე სქესის ახალგაზრდა ქრისტიანმა, რომელსაც სურს „შეითვისოს“ დაუქორწინებლობა, უნდა ‘იცხოვროს არა ხორციელად, არამედ სულიერად, ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, [მათი გონება მიმართულია] სულიერზე’ (რომაელთა 8:4, 5). ის, რაც სულიერია, არის მართალი, წმინდა, საყვარელი და სათნო. ახალგაზრდა და ასაკოვანი ქრისტიანები კარგს აკეთებენ, რომ ‘ამაზე ფიქრობენ’ (ფილიპელთა 4:8, 9).
12. უმეტესწილად, რაზეა დამოკიდებული დაუქორწინებლობის ჯილდოს „შეთვისება“?
12 დაუქორწინებლობის ჯილდოს „შეთვისება“, უმეტესწილად, დამოკიდებულია გულში ასეთი მიზნის დასახვასა და ამ მიზნის განხორციელებაში დახმარებისთვის იეჰოვასადმი მიმართულ ლოცვებზე (ფილიპელთა 4:6, 7). პავლე წერდა: „ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულის დაცვა, ის კარგად იქცევა. ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა“ (1 კორინთელთა 7:37, 38).
დაუქორწინებლობა გარკვეული მიზნით
13, 14. ა) რა შედარება გააკეთა მოციქულმა პავლემ დაუქორწინებელსა და დაქორწინებულ ქრისტიანებს შორის? ბ) მხოლოდ რა შემთხვევაში შეუძლია დაუქორწინებელ ქრისტიანს ‘უკეთესად მოიქცეს’, ვიდრე დაქორწინებულს?
13 დაუქორწინებლობა, თავისთავად, შესაქები რამ არ არის. მაშინ, რა გაგებით შეიძლება ის ‘უკეთესი’ იყოს? სინამდვილეში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანი როგორ იყენებს დაუქორწინებლობისგან გამომდინარე თავისუფლებას. პავლემ დაწერა: „მე მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს [და ის გაყოფილია, აქ]. . . ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ რათა კეთილი მოქცევით და განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს, დაუბრკოლებლივ“ (1 კორინთელთა 7:32–35).
14 დაუქორწინებელი ქრისტიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობას იყენებს ეგოისტური მიზნებისთვის, არ აკეთებს ‘უკეთესს’, ვიდრე დაქორწინებული ქრისტიანი. ის დაუქორწინებლად რჩება არა სამეფოს გულისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვის (მათე 19:12). დაუქორწინებელი მამაკაცი ან ქალი უნდა ‘ზრუნავდეს უფლისაზე’, უნდა ცდილობდეს, „აამოს უფალს“ და ‘განუწყვეტლივ ემსახუროს უფალს, დაუბრკოლებლივ’. ეს ნიშნავს, მთელი ყურადღება უძღვნან იეჰოვასა და იესო ქრისტესადმი მსახურებას. დაუქორწინებელი ქრისტიანი მამაკაცები და ქალები მხოლოდ ასე მოქმედებით აკეთებენ ‘უკეთესს’, ვიდრე დაქორწინებული ქრისტიანები.
დაუბრკოლებელი მოღვაწეობა
15. რა არის პავლეს არგუმენტაციის არსი კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-7 თავში?
15 პავლეს მთელი არგუმენტაცია ამ თავში ასეთია: თუმცა ქორწინებას კანონიერი საფუძველი აქვს და გარკვეულ სიტუაციებში მიზანშეწონილიც კი არის ზოგიერთებისთვის, დაუქორწინებლობა, უეჭველად, ხელსაყრელია ქრისტიანი მამაკაცისთვის ან ქალისთვის, რომელსაც სურს, ემსახუროს იეჰოვას ნაკლები დაბრკოლებებით. იმ დროს, როცა დაქორწინებული პიროვნება „გაყოფილია“, დაუქორწინებელი ქრისტიანი თავისუფალია, რათა მთელი ყურადღება გადაიტანოს „უფლისაზე“.
16, 17. როგორ შეუძლია დაუქორწინებელ ქრისტიანს უკეთესად მოახდინოს კონცენტრირება „უფლისაზე“?
16 რა არის ის ‘უფლისა’, რომელსაც დაუქორწინებელი ქრისტიანი უფრო თავისუფლად აქცევს ყურადღებას, ვიდრე დაქორწინებული? სხვა კონტექსტში იესო ლაპარაკობდა ‘ღვთისაზე’, ანუ ისეთ რამეზე, რასაც ქრისტიანი ვერ მისცემს კეისარს (მათე 22:21). ძირითადად, ეს შეეხება ქრისტიანულ ცხოვრებას, თაყვანისმცემლობასა და მსახურებას (მათე 4:10; რომაელთა 14:8; 2 კორინთელთა 2:17; 3:5, 6; 4:1).
17 საერთოდ, დაუქორწინებელი პირები უფრო თავისუფლები არიან, რომ დრო უძღვნან იეჰოვას მსახურებას, რასაც შეუძლია კარგად იმოქმედოს მათ სულიერობასა და მსახურებაში მონაწილეობის გაზრდაზე. მათ შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ პირად შესწავლასა და ღრმად დაფიქრებას. დაქორწინებულებისგან განსხვავებით, დაუქორწინებელ ქრისტიანებს უფრო ადვილად შეუძლიათ ბიბლიის კითხვა ხშირად შეუთავსონ საკუთარ განრიგს. მათ საშუალება აქვთ უფრო უკეთესად მოემზადონ შეხვედრებისა და სამქადაგებლო მსახურებისთვის. და ყოველივე ეს ‘მათდა სასარგებლოდ’ არის (1 კორინთელთა 7:35).
18. როგორ შეუძლიათ უცოლო ძმებს აჩვენონ, რომ სურთ ემსახურონ იეჰოვას „დაუბრკოლებლივ“?
18 მრავალ დაუქორწინებელ ძმას, რომელიც უკვე სამსახურებრივ თანაშემწედ მსახურობს, შეუძლია უთხრას იეჰოვას: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). მათ შეუძლიათ შეავსონ განცხადება, რათა ისწავლონ სამსახურებრივი დახელოვნების სკოლაში, რომელიც განკუთვნილია დაუქორწინებელი სამსახურებრივი თანაშემწეებისა და უხუცესებისთვის, რომლებსაც არაფერი აბრკოლებთ, რომ იმსახურონ იქ, სადაც დიდი საჭიროებაა. ისეთ ძმებსაც კი, რომლებიც ვერ მიატოვებენ თავიანთ კრებას, შეუძლიათ საკუთარი თავი წარადგინონ ძმების სამსახურებლად, როგორც სამსახურებრივმა თანაშემწეებმა ან უხუცესებმა (ფილიპელთა 2:20–23).
19. რა კურთხევები აქვთ დაუქორწინებელ დებს და რომელ ერთ-ერთ სფეროში მოაქვთ კურთხევა კრებისთვის?
19 დაუქორწინებელ დებს, რომლებსაც არ ჰყავთ მეთაურად მამაკაცი, ვისგანაც რჩევას მოისმენდნენ და ვისი იმედიც ექნებოდათ, შეუძლიათ უფრო მეტად ‘მიანდონ უფალს თავიანთი საზრუნავი’ (ფსალმუნი 54:23; 1 კორინთელთა 11:3). განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია იმ დებისთვის, რომლებიც იეჰოვასადმი სიყვარულის გამო არიან დაუქორწინებლები. თუ, დროთა განმავლობაში, ასეთი და გათხოვდება, ეს უნდა იყოს ‘მხოლოდ უფალში’, ანუ ისეთ პიროვნებაზე, რომელიც იეჰოვასადმი მიძღვნილია (1 კორინთელთა 7:39). უხუცესები მადლიერები არიან, რომ კრებებში ჰყავთ დაუქორწინებელი დები; ხშირად, ეს დები აკითხავენ და ეხმარებიან ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს. ამას კი ყველასთვის, ვისაც ეს ეხება, სიხარული მოაქვს (საქმეები 20:35).
20. როგორ ცხადყოფს მრავალი ქრისტიანი, რომ ‘განუწყვეტლივ ემსახურება უფალს, დაუბრკოლებლივ’?
20 მრავალი ახალგაზრდა ქრისტიანი ისე აგვარებს საქმეებს, რომ ‘განუწყვეტლივ ემსახუროს უფალს, დაუბრკოლებლივ’ (1 კორინთელთა 7:35). ისინი ემსახურებიან იეჰოვას სრული დროით პიონერებად, მისიონერებად ან მსახურობენ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ერთ-ერთ ფილიალში. და რა ბედნიერები არიან ისინი! რა გამომაცოცხლებელია მათი ყოფნა ჩვენთან! იეჰოვასა და იესოს თვალში ისინი, მართლაც, ‘ნამივით’ არიან (ფსალმუნი 109:3).
ეს არ არის მუდმივი დაუქორწინებლობის აღთქმა
21. ა) რა ნათელყოფს, რომ პავლე არ აღძრავდა დაუქორწინებლობის აღთქმის დადებისკენ? ბ) რას გულისხმობდა პავლე, როცა საუბრობდა ‘სიყმაწვილის ასაკს გადაცილებულებზე’?
21 ძირითადი აზრი პავლეს რჩევაში ის არის, რომ ქრისტიანები ‘უმჯობესად’ მოიქცეოდნენ, თუ შეითვისებდნენ თავიანთ ცხოვრებაში დაუქორწინებლობას (1 კორინთელთა 7:1, 8, 26, 37). მაგრამ პავლე არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებდა მათ დაუქორწინებლობის აღთქმისკენ. პირიქით, მან დაწერა: „თუ ვინმეს [თავისი ქალწულობისათვის საძრახისად მიაჩნია, რომ, სსგ] სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე დაქორწინდნენ“ (1 კორინთელთა 7:36). ბერძნული სიტყვა (ჰი·პეʹრა·კმოს), რომელიც აქ გადმოთარგმნილია ფრაზით „სიყმაწვილის ასაკს გადასცდა“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „უმაღლეს წერტილს გადაცდენილს“ და მიუთითებს სექსუალურ სურვილთა ტალღების უმაღლესი წერტილის გავლას. ასე რომ, ვინც რამდენიმე წელი დაუქორწინებელი იყო და ბოლოს ფიქრობს, რომ უნდა დაქორწინდეს, სრულიად თავისუფალია დაქორწინდეს თანამორწმუნეზე (2 კორინთელთა 6:14).
-
-
ქმარი და უხუცესი — პასუხისმგებლობების გაწონასწორებასაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
1, 2. რატომ არის არაბიბლიური დაუქორწინებლობა, რომელიც მღვდლებს მოეთხოვება?
პირველ საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს აინტერესებდათ სხვადასხვა პასუხისმგებლობათა გაწონასწორების საკითხი. როცა მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ქრისტიანი, რომელიც დაუქორწინებლად რჩება, „უკეთესად იქცევა“, ნუთუ გულისხმობდა, რომ ასეთი მამაკაცი უფრო შესაფერისი იქნებოდა ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველად მსახურებისთვის? სინამდვილეში, ნუთუ უხუცესად ყოფნისთვის მან დაუქორწინებლობის მოთხოვნა დაადგინა? (1 კორინთელთა 7:38). დაუქორწინებლობა მოეთხოვება კათოლიკურ სამღვდელოებას. მაგრამ ნუთუ მღვდლების დაუქორწინებლობა ბიბლიურია? მართლმადიდებლური ეკლესია მღვდლებს, რომლებიც მრევლს ემსახურებიან, ნებას რთავს, იყვნენ ცოლიანები, ეპისკოპოსებს — კი არა. არის თუ არა ეს თანხმობაში ბიბლიასთან?
2 ქრისტიანული კრების საძირკვლის წევრებად მყოფი ქრისტეს 12 მოციქულიდან უმრავლესობა ცოლიანი იყო (მათე 8:14, 15; ეფესელთა 2:20). პავლემ დაწერა: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ [პეტრემ]?“ (1 კორინთელთა 9:5). კათოლიკური ენციკლოპედია აღიარებს იმის ალბათობას, რომ „დაუქორწინებლობის კანონს აქვს საეკლესიო წარმოშობა“ და რომ „ახალი აღთქმის მსახურებს არ მოეთხოვებოდათ დაუქორწინებლობა“ (New Catholic Encyclopedia). იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიურ ნიმუშს და არა საეკლესიო კანონს (1 ტიმოთე 4:1–3).
უხუცესობა და ქორწინება ერთმანეთის შეთავსებადია
3. რომელი ბიბლიური ფაქტები ცხადყოფს, რომ ქრისტიან ზედამხედველებად შეიძლება იყვნენ ცოლიანი მამაკაცები?
3 იმის ნაცვლად, რომ ზედამხედველებად დანიშნული მამაკაცებისგან მოეთხოვა დაუქორწინებლობა, პავლემ მისწერა ტიტეს: «იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები [ბერძნულად, „პრე·სბიʹტე·როს“], როგორც მე დაგავალე: თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი [ბერძნულად, „ე·პიʹსკო·პოს“, რომლისგანაც მოდის სიტყვა „ეპისკოპოსი“] უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის განმგებელი» (ტიტე 1:5–7).
4. ა) საიდან ვიცით, რომ ქრისტიან ზედამხედველებს არ მოეთხოვებათ დაქორწინება? ბ) რა უპირატესობა აქვს დაუქორწინებელ ძმას, რომელიც უხუცესია?
4 სხვა მხრივ, დაქორწინება არ წარმოადგენს მოთხოვნას უხუცესად გახდომისთვის. იესო დაუქორწინებელი დარჩა (ეფესელთა 1:22). პავლე, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების გამოჩენილი ზედამხედველი, იმ დროს დაუქორწინებელი იყო (1 კორინთელთა 7:7–9). დღეს მრავალი უცოლო ქრისტიანი მსახურობს უხუცესად. დაუქორწინებლობა მათ, შესაძლოა, უფრო მეტ დროს აძლევს, რათა, როგორც ზედამხედველებმა, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
‘ცოლიანი მამაკაცი გაყოფილია’
5. რომელი ბიბლიური ფაქტები უნდა აღიარონ ცოლიანმა ძმებმა?
5 როდესაც ქრისტიანი მამაკაცი ქორწინდება, მან უნდა შეიგნოს, რომ საკუთარ თავზე იღებს ახალ პასუხისმგებლობებს, რომლებიც მისგან მოითხოვს დროსა და ყურადღებას. ბიბლია აცხადებს: „უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს [და ის გაყოფილია, აქ]“ (1 კორინთელთა 7:32–34). გაყოფილი, რა გაგებით?
6, 7. ა) რომელია ის ერთ-ერთი მხარე, რაშიც ცოლიანი მამაკაცი ‘გაყოფილია’? ბ) რა რჩევას აძლევს პავლე დაქორწინებულ ქრისტიანებს? გ) როგორ შეუძლია ამას ზეგავლენა მოახდინოს მამაკაცის გადაწყვეტილებაზე, დათანხმდეს გარკვეულ სამუშაოზე?
6 უპირველესად, ცოლიანი მამაკაცი თმობს თავის ძალაუფლებას საკუთარ სხეულზე. პავლემ ეს სავსებით ნათელი გახადა: „ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ცოლი“ (1 კორინთელთა 7:4). ზოგიერთი პიროვნება, რომელიც დაქორწინებას აპირებს, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ეს მოწოდება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სექსუალური ურთიერთობები მის ქორწინებაში მთავარ ადგილს არ დაიკავებს. ბიბლია კი მოითხოვს ქორწინებამდე სიწმინდის დაცვას, მაგრამ ქრისტიანმა, სინამდვილეში, არ იცის თავისი მომავალი მეუღლის სექსუალური მოთხოვნილებები.
7 პავლემ აჩვენა, რომ იმ წყვილმაც კი, რომელიც ‘სულიერზე ფიქრობს’, უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებები. ის ურჩევდა კორინთელ ქრისტიანებს: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით“ (რომაელთა 8:5; 1 კორინთელთა 7:3, 5). სამწუხაროდ, როცა ამ რჩევას არ მიჰყვნენ, მრუშობას ჰქონდა ადგილი. რადგან ეს ასეა, დაქორწინებულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოს ყველა საკითხი, სანამ თანხმობას იტყვის სამუშაოზე, რომელიც ძალიან დიდი ხნით დააშორებდა მას ცოლისგან. მას მეტად აღარ აქვს მოქმედების ისეთი თავისუფლება, როგორიც დაუქორწინებლობის პერიოდში ჰქონდა.
8, 9. ა) რა იგულისხმა პავლემ, როცა თქვა, რომ დაქორწინებული ქრისტიანები ‘წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავენ’? ბ) რომელი საზრუნავის შესრულებას უნდა ცდილობდნენ დაქორწინებული ქრისტიანები?
8 რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ცოლიანი ქრისტიანები, უხუცესების ჩათვლით, ‘წუთისოფლის [„კოʹსმოს“] საქმეებზე ზრუნავენ’? (1 კორინთელთა 7:33). სავსებით ნათელია, რომ პავლე არ ლაპარაკობდა წუთისოფლის ცუდ საქმეებზე, რომლებსაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა გაექცეს (2 პეტრე 1:4; 2:18–20; 1 იოანე 2:15–17). ღვთის სიტყვა გვარიგებს, რომ «უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური [„კო·სმი·კოსʹ“] გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით» (ტიტე 2:12).
9 მაშასადამე, დაქორწინებული ქრისტიანი „წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს“, ანუ სამართლიანად არის დაკავებული ამქვეყნიური საქმეებით, რომლებიც ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრების ნაწილია. ამაში შედის საცხოვრებელი ადგილის საკითხები, კვება, ტანსაცმელი, დასვენება — თუ არ ჩავთვლით სხვა უთვალავ საზრუნავს, როცა ოჯახში ბავშვებია. მაგრამ უშვილო წყვილს წარმატებული ქორწინება რომ ჰქონდეს, ქმარიც და ცოლიც უნდა ცდილობდნენ ერთმანეთს ‘აამონ’. განსაკუთრებით, ეს ქრისტიან უხუცესებს უნდა აინტერესებდეთ იმ დროს, როცა აწონასწორებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს.
არა მარტო კარგი უხუცესები, არამედ კარგი ქმრებიც
10. ქრისტიანი რომ უხუცესობის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, რას უნდა ხედავდნენ მისი ძმები და გარეშე პირები?
10 მართალია, უხუცესებს არ მოეთხოვებათ დაქორწინება, მაგრამ თუ ქრისტიანი ცოლიანია, სანამ მას უხუცესად დანიშვნისთვის წარადგენენ, მან აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, რომ ცდილობს იყოს კარგი, მოსიყვარულე ქმარი ოჯახის უფროსის როლის სათანადოდ შესრულებისას (ეფესელთა 5:23–25, 28–31). პავლე წერდა: „თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომია. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი“ (1 ტიმოთე 3:1, 2). ყველანაირად უნდა ჩანდეს, რომ უხუცესი მაქსიმუმს აკეთებს, რათა იყოს კარგი მეუღლე, მიუხედავად იმისა, მისი ცოლი თანამორწმუნეა თუ არა. სინამდვილეში, გარეშე პირებმაც, რომლებიც კრების წევრები არ არიან, უნდა შეამჩნიონ, რომ ის ზრუნავს თავის ცოლზე და სხვა მოვალეობებზეც. პავლემ დაუმატა: „ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილსა და ეშმაკის მახეში არ გაებას“ (1 ტიმოთე 3:7).
11. რა იგულისხმება ფრაზაში „ერთი ცოლის ქმარი“ და ამიტომ რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უხუცესებმა?
11 რასაკვირველია, ფრაზა „ერთი ცოლის ქმარი“ გამორიცხავს მრავალცოლიანობას და, ამავე დროს, გულისხმობს მეუღლისადმი ერთგულებას (ებრაელთა 13:4). განსაკუთრებით უხუცესებს ესაჭიროებათ იყვნენ ძალიან ყურადღებიანნი, როცა კრებაში დახმარებას უწევენ დებს. უხუცესი უნდა მოერიდოს მარტომ მიაკითხოს დას, რომელსაც ესაჭიროება რჩევა და ნუგეშისცემა. კარგია, როცა უხუცესს ახლავს სხვა უხუცესი, სამსახურებრივი თანაშემწე ან მეუღლე, თუ საქმე მხოლოდ გასამხნევებელ მონახულებას ეხება (1 ტიმოთე 5:1, 2).
12. რომელი მოთხოვნების შესრულებას უნდა ცდილობდნენ უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების ცოლები?
12 სხვათა შორის, როცა პავლემ ჩამოთვალა მოთხოვნები უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეებისთვის, მან იმ პიროვნებების ცოლებისთვისაც ჩაწერა რჩევა, რომლებიც ასეთი უპირატესობებისთვის არიან წარდგენილი. მან დაწერა: „ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი“ (1 ტიმოთე 3:11). ქრისტიან ქმარს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ დაეხმაროს ცოლს, შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნას.
ბიბლიური მოვალეობა ცოლის მიმართ
13, 14. ცოლი თანამორწმუნეც რომ არ იყოს, რატომ უნდა დარჩეს უხუცესი მასთან და იყოს კარგი მეუღლე?
13 რა თქმა უნდა, რჩევაში, რომელიც მიეცა უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების ცოლებს, იგულისხმება, რომ ეს ცოლები თვითონ არიან მიძღვნილი ქრისტიანები. საერთოდ, ეს ასეც არის, ვინაიდან ქრისტიანებს მოეთხოვებათ დაქორწინება მხოლოდ უფალში (1 კორინთელთა 7:39). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ძმაზე, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო ურწმუნოზე, როცა სიცოცხლე მიუძღვნა იეჰოვას, ან რომლის ცოლიც გავიდა ჭეშმარიტებიდან, თუმცა ამაში ძმას არ მიუძღვის ბრალი?
14 ეს ხელს არ შეუშლის მას უხუცესობაში. თუმცა ეს არც იმის გამმართლებელია, რომ ქმარი გაშორდეს ცოლს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იზიარებს მის რწმენას. პავლემ ურჩია: „თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ“ (1 კორინთელთა 7:27). შემდეგ მან განაცხადა: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა. ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორინთელთა 7:12, 15, 16). მისი ცოლი მოწმეც რომ არ იყოს, უხუცესი კარგი ქმარი უნდა იყოს.
15. რა რჩევას აძლევს მოციქული პეტრე ქრისტიან ქმრებს და რა შეიძლება ამას მოჰყვეს შედეგად, თუ აღმოჩნდება, რომ უხუცესი დაუდევარი ქმარია?
15 ქრისტიანმა უხუცესმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ცოლი საჭიროებს სიყვარულით აღსავსე ყურადღებას, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (1 პეტრე 3:7). ქმარი, რომელიც შეგნებულად არ ზრუნავს ცოლის მოთხოვნილებებზე, საფრთხეში აგდებს თავის ურთიერთობას იეჰოვასთან; ამას შეუძლია დააბრკოლოს მიახლოება იეჰოვასთან, რომელიც თითქოს ‘ღრუბლით იბურება, რათა აირიდოს მისი ლოცვები’ (გოდება იერემიასი 3:44). ეს კი იმას გამოიწვევს, რომ აღარ ივარგებს იმსახუროს ქრისტიანულ ზედამხედველად.
16. რომელი ძირითადი აზრი გამოკვეთა პავლემ და რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ამაზე უხუცესებს?
16 როგორც აღნიშნული იყო, პავლეს მსჯელობის მთავარი არსი ის არის, რომ როცა მამაკაცი ქორწინდება, ის თმობს თავისუფლების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ჰქონდა როგორც დაუქორწინებელს, რაც მას საშუალებას აძლევდა ‘განუწყვეტლივ ემსახურა უფლისთვის, დაუბრკოლებლივ’ (1 კორინთელთა 7:35). ცნობები ცხადყოფს, რომ ზოგიერთ ცოლიან უხუცესს ყოველთვის არ ჰქონდა გაწონასწორებული მსჯელობა, პავლეს ინსპირირებულ სიტყვებთან დაკავშირებით. იმ სურვილით, რომ შეასრულონ ყველაფერი, რაც, მათი აზრით, კარგმა უხუცესებმა უნდა აკეთონ, მათ შეიძლება უგულებელყონ თავიანთი, როგორც ქმრების, მოვალეობები. ზოგიერთებისთვის ძნელია კრებაში პასუხისმგებლობის დათმობა მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე მის აღებას აშკარად სულიერი ზიანი მოაქვს ცოლისთვის. ისინი შეხარიან უპირატესობებს, რომლებიც ქორწინებას მოაქვს, მაგრამ მზად არიან ისინი ქორწინებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად?
17. რა დაემართა ზოგიერთ ცოლს და როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?
17 რა თქმა უნდა, საქებარია, როცა უხუცესს ასეთი გულმოდგინება აქვს. მაგრამ გაწონასწორებულია თუ არა ქრისტიანი, თუ კრებაში თავისი მოვალეობების შესრულებისას უგულებელყოფს ბიბლიურ პასუხისმგებლობებს საკუთარი ცოლის მიმართ? იმ დროს, როცა სურს დახმარება აღმოუჩინოს კრების წევრებს, გაწონასწორებული უხუცესი მეუღლის სულიერობაზეც იზრუნებს. ზოგიერთი უხუცესის ცოლი სულიერად მოსუსტდა, ზოგიერთმა კი სულიერი ‘მსხვრევა’ განიცადა (1 ტიმოთე 1:19). თუმცა ცოლი თვითონ არის პასუხისმგებელი, რომ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სულიერი პრობლემის თავიდან აცილება, უხუცესს რომ ‘ეკვება და მოევლო’ თავისი ცოლისთვის, როგორც ‘უფალს ეკლესიისთვის’ (ეფესელთა 5:28, 29). ამაში რომ იყვნენ დარწმუნებული, უხუცესები უნდა ‘გაუფრთხილდნენ საკუთარ თავსაც და თავიანთ სამწყსოსაც’ (საქმეები 20:28). თუ ისინი ცოლიანები არიან, ამ სამწყსოში მათი ცოლებიც შედიან.
„ხორციელი გაჭირვება“
18. რომელია ‘გაჭირვების’ ზოგი მხარე, რომლებსაც განიცდიან დაქორწინებული ქრისტიანები და როგორ შეიძლება ამან ზეგავლენა მოახდინოს უხუცესის საქმეებზე?
18 მოციქულმა აგრეთვე დაწერა: „თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გაჭირვება ექნებათ და მე არ მეთმობით“ (1 კორინთელთა 7:28). პავლეს სურდა ეხსნა ის ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ მისი მაგალითის მიყოლას დაუქორწინებლობის საკითხში, იმ მრავალი საზრუნავისგან, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება ქორწინებას. თვით უშვილო წყვილისთვის ასეთ საზრუნავში შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობის პრობლემები ან ფინანსური სიძნელეები, ასევე ბიბლიური ვალდებულებები რომელიმე მეუღლის ხანდაზმული მშობლების მიმართ (1 ტიმოთე 5:4, 8). უხუცესი სანიმუშოდ უნდა შეხვდეს ამ პასუხისმგებლობებს და ამან შეიძლება ზოგჯერ გავლენა იქონიოს მისი, როგორც ქრისტიანული ზედამხედველის, მოღვაწეობაზე. საბედნიეროდ, მრავალი უხუცესი შესანიშნავად უმკლავდება პასუხისმგებლობებს ოჯახშიც და კრებაშიც.
19. რა იგულისხმა პავლემ, როცა თქვა: „ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“?
19 პავლემ დაუმატა: „ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29). რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რაც პავლემ უკვე დაწერა ამ თავში კორინთელების მიმართ, ნათელია: ის არ გულისხმობდა, რომ დაქორწინებულმა ქრისტიანებმა როგორღაც უნდა უგულებელყონ თავიანთი ცოლები (1 კორინთელთა 7:2, 3, 33). თუ რას გულისხმობდა, მან აჩვენა, როცა დაწერა: ‘წუთისოფლით მოსარგებლენი იყვნენ როგორც არამოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე’ (1 კორინთელთა 7:31). პავლეს ან იოანეს დღეებთან შედარებით, დღეს წუთისოფელი უფრო მეტად „გადადის“ (1 იოანე 2:15–17). მაშასადამე, დაქორწინებული ქრისტიანები, რომლებიც გრძნობენ იმის საჭიროებას, რომ ქრისტეს მიყოლისას გარკვეული მსხვერპლი გაიღონ, ვეღარ იქნებიან დაკავებული მხოლოდ იმ სიხარულითა და უპირატესობებით, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას მოჰყვება (1 კორინთელთა 7:5).
-