-
მნიშვნელოვანი აზრები კორინთელებისთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
პავლე მოციქული ძალიან არის დაინტერესებული კორინთის კრების სულიერი მდგომარეობით. ის იგებს, რომ იქ ძმებს შორის განხეთქილებაა და რომ კრებაში უზნეობას იწყნარებენ. პავლეს კრებისგან მისდის წერილი სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ამიტომ, დაახლოებით ახ. წ. 55 წელს ის კორინთის კრებას პირველ წერილს სწერს. ამ დროს ის ეფესოში, მესამე მისიონერულ მოგზაურობაში იმყოფება.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები კორინთელებისთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
-
-
‘იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით, გაძლიერდით’
‘ყველა ერთსა და იმავეს უნდა ლაპარაკობდეთ’, — მოუწოდებს პავლე კორინთელებს (1 კორ. 1:10). იესო ქრისტეს გარდა არ არსებობს „სხვა საძირკველი“, რომელზეც ქრისტიანული თვისებები უნდა „ავაშენოთ“ (1 კორ. 3:11—13). კრებაში მყოფი უზნეო კაცის შესახებ პავლე წერს, რომ ‘მოეშორებინათ ეს ბოროტი ადამიანი’ (1 კორ. 5:13). „სხეული სიძვისთვის კი არ არის, — ამბობს მოციქული, — არამედ უფლისთვის“ (1 კორ. 6:13).
პავლე მოციქული კორინთელ ქრისტიანებს იმ საკითხებზე აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, რაზეც მათ მისწერეს, კერძოდ, ქორწინებასა და დაუქორწინებლობაზე (1 კორ. 7:1). პავლე წერილში საუბრობს მეთაურობის პრინციპზე, წესრიგზე, რომელიც უნდა არსებობდეს ქრისტიანულ კრებაში და აღდგომის უტყუარ იმედზე. შემდეგ ის მოუწოდებს კორინთელებს: „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენაში, ვაჟკაცურად იყავით, გაძლიერდით“ (1 კორ. 16:13).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:21. მართლა „უგუნურებას“ იყენებს იეჰოვა მორწმუნეთა გადასარჩენად? არა, ეს ასე არაა. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იმას, რასაც ღმერთი ადამიანთა გადასარჩენად იყენებს, ქვეყნიერება მიიჩნევს უგუნურებად, რადგან „ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით ვერ შეიცნო ღმერთი“ (იოან. 17:25).
5:5. რას ნიშნავს ის, რომ ‘სატანას გადაეცეს [ბოროტი] კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული გადარჩეს’? როდესაც ადამიანი მძიმე ცოდვას სჩადის და ამას არ ინანიებს, ის კრებიდან ირიცხება და ისევ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი ხდება (1 იოან. 5:19). ამრიგად, მასზე შეიძლება ითქვას, რომ ის სატანას გადაეცემა. ასეთი ადამიანის გარიცხვა იმიტომ ხდება, რომ კრება დაცული იყოს გამხრწნელი გავლენისგან და კრებაში შენარჩუნდეს ქრისტიანული სული (2 ტიმ. 4:22).
7:33, 34. რა იგულისხმება „ქვეყნიურ საქმეებში“, რომლებიც დაქორწინებულებს აფიქრებთ? პავლე აქ გულისხმობს ყოველდღიურ საქმეებს, რომელთა კეთებაც უწევთ დაქორწინებულ ქრისტიანებს. აქ საუბარი არ არის ქვეყნიერების ბოროტ საქმეებზე, რასაც ქრისტიანები ერიდებიან, არამედ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, საჭმელზე, ტანსაცმელზე და სახლზე ზრუნვა (1 იოან. 2:15—17).
11:26. რამდენად ხშირად უნდა აღინიშნებოდეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო და როდემდე? პავლეს არ უთქვამს, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო ხშირად უნდა აღნიშნულიყო. ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „ყოველთვის“, ნიშნავს „რამდენჯერაც“ ან „როცა კი“. ამგვარად, პავლე იმას გულისხმობდა, რომ ყოველთვის, როცა ცხებული ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ სიმბოლოების მისაღებად, ანუ წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს, ისინი „უფლის სიკვდილს აუწყებდნენ“. ცხებულები ასე გააკეთებენ „მის მოსვლამდე“, ანუ მანამდე, სანამ იესო მათ ზეციერი ცხოვრებისთვის აღადგენს (1 თეს. 4:14—17).
13:13. რა მხრივ აღემატება სიყვარული რწმენასა და იმედს? როდესაც ის, „რასაც ვიმედოვნებთ“, სრულდება და რისი „საფუძვლიანი მოლოდინიც“ გვაქვს, მართლდება, მაშინ რწმენა და იმედი თავის მიზანს აღწევს და საჭირო აღარაა (ებრ. 11:1). სიყვარული უდიდესია. ის რწმენასა და იმედს იმ მხრივ აღემატება, რომ მარადიულად რჩება.
15:29. რა იგულისხმება შემდეგ სიტყვებში: „იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ“? პავლე აქ არ გულისხმობდა იმას, რომ ცოცხლები მათთვის უნდა მონათლულიყვნენ, ვინც მოუნათლავი მოკვდა. პავლე საუბრობს სულითცხებული ქრისტიანების მონათვლაზე, რომლებიც ნათლობის შემდეგ ადგებიან ისეთი ცხოვრების გზას, რომელიც ერთგულად უნდა გაიარონ და ბოლოს სიკვდილით დაასრულონ. შემდეგ ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებიან.
რას ვსწავლობთ:
1:26—31; 3:3—9; 4:7. ჩვენ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავით კი არ უნდა ვიამაყოთ, არამედ იეჰოვათი. ეს ხელს უწყობს კრების ერთიანობას.
2:3—5. როდესაც პავლე ქადაგებდა კორინთში, ბერძნული ფილოსოფიის ცენტრში, სადაც ხალხი განათლებას იღებდა, მას შესაძლოა აფიქრებდა, შეძლებდა თუ არა თავისი მსმენელის დარწმუნებას. მაგრამ სისუსტემ თუ შიშმა, რომელიც პავლეს, როგორც ჩანს, ჰქონდა, ხელი ვერ შეუშალა მას ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებაში. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმემ შეგვაწყვეტინოს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება. პავლეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია სრულად მივენდოთ იეჰოვას და გვქონდეს მისი დახმარების იმედი.
2:16. „ქრისტეს გონება“ რომ გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, როგორ აზროვნებდა იესო და ჩვენც მსგავსი აზროვნება უნდა განვივითაროთ; აგრეთვე კარგად უნდა ვიცნობდეთ მის პიროვნებას და უნდა მივყვებოდეთ მის მაგალითს (1 პეტ. 2:21; 4:1). ამისათვის კი საჭიროა, რომ ყოველთვის გულმოდგინედ ვსწავლობდეთ იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ.
3:10—15; 4:17. ჩვენ უნდა დავუკვირდეთ, როგორ ვასწავლით და გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი, რომ მოწაფეები მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20). თუ კარგად არ ვასწავლით, ჩვენმა შემსწავლელმა შესაძლოა რწმენის გამოცდებს ვერ გაუძლოს და მისმა დაკარგვამ შეიძლება დიდი ტკივილი განგვაცდევინოს. ამის შედეგად ჩვენი ხსნა ისეთი იქნება, თითქოს ‘ცეცხლს გადავურჩით’.
6:18. ‘სიძვას რომ გავექცეთ’, უნდა მოვერიდოთ არა მხოლოდ ისეთ რამეებს, რაც პორნიაში შედის, არამედ პორნოგრაფიის ყურებას, უწმინდურებას, გონებაში სექსუალური სცენების წარმოდგენასა და ფლირტს — ყველაფერს, რასაც შეუძლია საბოლოოდ სიძვა ჩაგვადენინოს (მათ. 5:28; იაკ. 3:17).
7:29. დაქორწინებული წყვილი იმდენად არ უნდა იყოს ერთმანეთის სიამოვნებაზე გადართული, რომ მათ ცხოვრებაში სამეფოს ინტერესებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.
10:8—11. იეჰოვა განრისხდა, როდესაც ისრაელმა მოსესა და აარონზე დაიწყო დრტვინვა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მდრტვინავები არ გავხდეთ.
16:2. ჩვენ ყოველთვის გავიღებთ შესაწირავს სამეფოს ინტერესებისთვის, თუ ამას წინასწარ დავგეგმავთ და არ დაგვავიწყდება ამის გაკეთება.
-