-
აბორტი გამოსავალი არ არისგამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
-
-
აბორტი გამოსავალი არ არის
ბილი აბორტს ყოველთვის სერიოზულ ცოდვად მიიჩნევდა, მისთვის ეს მკვლელობის ტოლფასი იყო. მაგრამ 1975 წელს, როცა მისი მეგობარი გოგონა, ვიქტორია მისგან დაორსულდა, აზრი შეიცვალა. მას არ სურდა ვიქტორიას ცოლად მოყვანა და ოჯახური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. „მე ადვილი გამოსავალი ვიპოვე — ვიქტორიას ვუთხარი, ბავშვი მოეშორებინა“, — ამბობს ბილი.
არასასურველი თუ დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში დღეს ბევრისთვის აბორტი ადვილი გამოსავალია. 2007 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 2003 წელს 42 მილიონმა ქალმა გაიკეთა აბორტი. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას მიმართავენ ქალები განურჩევლად რასის, ეროვნების, რელიგიის, განათლების, შემოსავლის ოდენობისა თუ ასაკისა. როგორ მოიქცეოდი, თუ გაიგებდი, რომ ორსულად ხარ, ბავშვის გაჩენა კი არ გინდა? რატომ არჩევს ბევრი აბორტის გაკეთებას?
„სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი!“
„არც ისე დიდი ხანია, რაც ვიმშობიარე. ორსულობა და მშობიარობა ძალიან რთული მქონდა, ფინანსური და ოჯახური პრობლემებიც ტვირთად მაწვა. მშობიარობიდან ექვსი კვირის შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ აბორტს გავიკეთებდი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი!“, — ამბობს 35 წლის მანდილოსანი.
ქალები აბორტს სხვადასხვა მიზეზის გამო იკეთებენ. მაგალითად, ფინანსური პრობლემების გამო, ან შესაძლოა პარტნიორებს შორის იმდენად ცუდი ურთიერთობაა, რომ ქალს არ უნდა მასთან რაიმე აკავშირებდეს. გარდა ამისა, შეიძლება ქალის ან წყვილის გეგმაში ბავშვის ყოლა არ შედის.
ზოგჯერ ბავშვს იმის გამო იშორებენ, სახელი რომ არ შეელახოთ. დოქტორ სიუზენ უიკლანდმა თავის წიგნში დაწერა ერთი თავისი პაციენტის სიტყვები, რომელიც აბორტის გაკეთებას აპირებდა: „ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები არიან . . . თუ უკანონო ბავშვს გავაჩენ, ოჯახს სახელს გავუტეხ. ყველა მათი მეგობარი გაიგებს, რომ შევცოდე“ (This Common Secret — My Journey as an Abortion Doctor).
დოქტორმა უიკლანდმა ჰკითხა თავის პაციენტს: „დავუშვათ, რომ მათ თვალში შესცოდე, მაგრამ აბორტზე რას ფიქრობენ შენი მშობლები?“. გოგონამ გულახდილად უთხრა: „ოჰ, ეს მიუტევებელი ცოდვაა. მაგრამ ასე აჯობებს, რადგან ამის შესახებ არავინ გაიგებს. ბავშვს თუ მოვიშორებ, [ჩემი მშობლების] მეგობრები ამას ვერასოდეს გაიგებენ“.
რა მიზეზითაც არ უნდა იკეთებდეს ქალი აბორტს, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. ეს პროცედურა დიდ ემოციურ ტკივილს აყენებს ქალს. მაგრამ ისმის კითხვა: არის აბორტი ადვილი გამოსავალი?
შედეგები
2004 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 331 რუსი და 217 ამერიკელი ქალი, ცხადყო, რომ აბორტის შემდეგ ორივე ჯგუფიდან დაახლოებით ნახევარი ემოციურად თავს განადგურებულად გრძნობდა. რუსი ქალების დაახლოებით 50 პროცენტსა და ამერიკელების თითქმის 80 პროცენტს ამ პროცედურის შემდეგ დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ. ამერიკელი ქალების 60 პროცენტზე მეტი თავს ვერ პატიობდა ამას. თუ ასეთი გრძნობა ქალების უმრავლესობას ეუფლება, თვით ისეთებსაც, ვინც მორწმუნეები არ არიან, მაშ, რატომღა დგამს ბევრი ახალგაზრდა ქალი ამ ნაბიჯს?
ხშირად ქალი სხვებისგან ზეწოლას ხვდება. მშობლები, მეუღლე და კეთილმოსურნე მეგობრები შეიძლება არწმუნებენ ქალს, რომ აბორტი „უკეთესი“ გამოსავალია. ამას კი ხშირად ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მოსდევს. დოქტორი პრისკილა ქოლმენი, რომელიც იკვლევს აბორტის შემდეგ ქალების ემოციურ რისკ-ფაქტორებს, აღნიშნავს: „სტრესული პროცედურის შემდეგ ქალი ყველაფერს აცნობიერებს, რის შემდეგაც დანაშაულის მწვავე გრძნობა, სევდა და სინანული ეუფლება“.
ამ დროს უმეტესობას უჩნდება კითხვა: არის ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა მკვლელობა? როგორც ერთ ანგარიშშია ნათქვამი, მრავალი ორსული, რომელმაც აბორტის გაკეთება დააპირა, „შეცდომით ფიქრობდა, რომ აბორტი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმიდან ქსოვილების მოცილება. ისინი ამბობენ, რომ სიმართლე რომ სცოდნოდათ, აბორტს არ გაიკეთებდნენ“ (South Dakota Task Force to Study Abortion).
მას შემდეგ, რაც 1 940 ქალის „გულის ამაჩუყებელი აღიარება“ მოისმინეს, ასეთი დასკვნა გააკეთეს: „ბევრი გულმოკლული ქალი დარდობდა იმ დაღუპული ბავშვის გამო, რომელიც, როგორც მათ უთხრეს, არასოდეს არსებობდა“. ამ ანგარიშში აგრეთვე ნათქვამი იყო: „იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი შვილის მკვლელია, ქალს ემოციურად ანადგურებს“.
მაგრამ რა არის სიმართლე? არის აბორტი მხოლოდ და მხოლოდ ქალის სხეულიდან ქსოვილების მოშორება? არის ჯერ არშობილი ბავშვი დედის მუცელში ცოცხალი არსება?
[ჩარჩო⁄სურათები 4 გვერდზე]
რა ცხადყო გამოკვლევებმა?
2006 წლის გამოკვლევაში მოცემული იყო იმ ქალების ისტორია, რომლებიც მოზარდობისას დაორსულდნენ. მათგან ნახევარმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, ნახევარმა კი აბორტი გაიკეთა. გამოკვლევის დასკვნის თანახმად, „მათთან შედარებით, ვინც აბორტი გაიკეთა, იმ გოგონებს, რომლებმაც ბავშვი გააჩინეს, ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფსიქოლოგის კონსულტაციები, ნაკლებად აღენიშნებოდათ ძილის დარღვევა და ნაკლები ალბათობა იყო იმისა, რომ მოეწიათ მარიხუანა“ (Journal of Youth and Adolescence).
ერთი წყაროს მონაცემებით, მსოფლიოს ოთხმა ფართომასშტაბიანმა გამოკლვევამ დაადასტურა: „იმ ქალებს, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, უფრო ხშირად აქვთ სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემა, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს გადაუდგამს ეს ნაბიჯი“ (Report of the South Dakota Task Force to Study Abortion—2005).
-
-
როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
-
-
როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?
„დედაჩემი ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, აბორტი გაეკეთებინა. ის უკვე შვიდთვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო, — გვიყვება ჯანი. — ის ბავშვი, რომლის მოსაცილებლადაც აბორტი მარილის ხსნარითa გაიკეთა, მე ვიყავი. საბედნიეროდ, გადავრჩი“.
ეს სიტყვები წარმოთქვა 19 წლის ჯანიმ 1996 წელს შეერთებული შტატების სამთავრობო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელზეც აბორტის თემა განიხილებოდა. დედის მუცელში შვიდთვე-ნახევრის ჯანის სხეულის ყველა ნაწილი განვითარებული ჰქონდა. ალბათ დაეთანხმებით იმას, რომ ის უკვე ადამიანი იყო, რადგან სიცოცხლისუნარიანი დაიბადა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჯანიზე, როცა ის ხუთი კვირის ერთსანტიმეტრიანი ემბრიონი იყო? მართალია, მისი სხეულის ნაწილები ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ნერვული სისტემა, მათ შორის ტვინი, ნაწილობრივ უკვე განვითარებული ჰქონდა. გული წუთში 80-ჯერ უცემდა, რაც სისხლის ცირკულაციას ახდენდა. ასე რომ, თუ შვიდთვე-ნახევრის ჯანი უკვე ადამიანი იყო დედის მუცელში, ბუნებრივია, რომ ხუთი კვირის ემბრიონიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ იყო განვითარებული, უკვე ცოცხალი არსება იყო.
ჩასახვა — ნამდვილი სასწაული
ემბრიონის ყველა ნაწილის განვითარება ჩასახვისას იწყება, ანუ მას შემდეგ, რაც სპერმატოზოიდი დედის კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს. უახლესმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა, რომ მეცნიერებმა თვალყური ადევნონ იმ ცვლილებებს, რომელიც ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვში მიმდინარეობს. დედის და მამის დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულების შეერთების შედეგად ისახება ახალი სიცოცხლე — განუმეორებელი ადამიანი.
ამ ერთ უჯრედში იწყება ადამიანის შექმნის სასწაულებრივი პროცესი. ამ „სამშენებლო პროექტს“ განსაზღვრავს ჩვენი გენები, რომელიც დნმ-ის ნაწილია. ფაქტობრივად, გენების „ხელთაა“ ყველაფერი — ჩვენი სიმაღლე, სახის ნაკვთები, თვალისა და თმის ფერი და სხვა მრავალი ნიშან-თვისება.
როგორც კი პირველი უჯრედი იწყებს გაყოფას, მისი სრული გენეტიკური ინფორმაცია ყოველ ახალ უჯრედს გადაეცემა. თითოეული უჯრედი ამა თუ იმ უჯრედის, მაგალითად ტვინის უჯრედების, გულის, ძვლის, კანისა და თვალის რქოვანას ქსოვილების შესაქმნელად არის დაპროგრამებული. თავდაპირველ უჯრედში ჩადებულ ინფორმაციას, რაც ახალი, სრულიად განუმეორებელი ადამიანის განვითარებას განაპირობებს, თამამად შეიძლება ეწოდოს სასწაული.
„ადამიანის ზრდისა და განვითარების პროგრამა ერთ უჯრედშია მოცემული“, — აღნიშნავს მოლეკულური ბიოლოგიის ცნობილი დოქტორი დეივიდ ფუ-ჩი მარკი. ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩასახვის დღიდან ყოველი ადამიანი უნიკალურია“.
ადამიანია დედის მუცელში?
როგორც კი ბავშვი ჩაისახება, ის მხოლოდ დედის ორგანიზმის ნაწილი კი არა, ინდივიდიცაა. დედის ორგანიზმი მას უცხო სხეულად აღიქვამს. ის მაშინვე მოიშორებდა მას, რომ არა დედის საშვილოსნოში არსებული „დამცავი მექანიზმი“. ეს ახალი სიცოცხლე, რომელიც დედისგან გამოყოფილია დამცავი მემბრანით, არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი უნიკალური დნმ.
ზოგი ამტკიცებს, რომ თუკი სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზით ქალს ზოგჯერ მუცელი ეშლება, რატომ არ შეიძლება ექიმის ჩარევით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა? უნდა ითქვას, რომ თვითნებურ აბორტსა და დაგეგმილ მკვლელობას შორის დიდი სხვაობაა. სამხრეთ ამერიკის ერთ ქვეყანაში ერთ წლამდე ასაკის 1 000-დან 71 ბავშვი კვდება. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგი ბავშვი ნაადრევად კვდება, განა გამართლებული იქნებოდა, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს დახოცავდნენ? ცხადია, ეს ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.
ბიბლიაშიც ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლე დედის მუცელში იწყება. ფსალმუნმომღერალი დავითი ღმერთს ეუბნებოდა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“ (ფსალმუნი 139:16). მიაქციეთ ყურადღება, რომ დავითმა მხოლოდ „ჩანასახი“ არ მოიხსენია, არამედ მან თქვა, რომ ღმერთმა იხილა მისი ჩანასახი, რაც იმას ნიშნავს, რომ დავითის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე დაიწყო, ანუ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. ღვთივშთაგონებით დაწერილი დავითის ნათქვამიდან ისიც გამოჩნდა, რომ მისი სხეულის ნაწილები გეგმის ანუ „ჩაწერილი“ ინსტრუქციების მიხედვით ვითარდებოდა, რისი წყალობითაც ის იმ ადამიანად დაიბადა, რომელიც მოგვიანებით დავით მეფედ გახდა ცნობილი.
გარდა ამისა, ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ქალის ორგანიზმში ქსოვილი ისახება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაჟკაცი ჩაისახაო!“ (იობი 3:3). ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ბიბლიის თანახმად ბავშვი ჩასახვისთანავე იწყებს არსებობას. დიახ, სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის სიცოცხლე.
[სქოლიო]
a საშვილოსნოში შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი, რომელსაც ბავშვი ყლაპავს. როგორც წესი, ეს ორ საათში ბავშვის სიკვდილს იწვევს. ამ პროცედურიდან დედას დაახლოებით 24 საათში ეწყება მშობიარობა და მკვდარ ან, იშვიათ შემთხვევაში, მომაკვდავ ბავშვს ბადებს.
[სურათები 6, 7 გვერდებზე]
ხუთი კვირის ემბრიონი მხოლოდ ქსოვილი როდია; ემბრიონი შეიცავს ყველა იმ უჯრედს, რაც ადამიანის ყველა ორგანოს განვითარებისთვისაა საჭირო
(ნატურალური ზომა)
-
-
რატომ ვთქვით უარი აბორტზე?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
-
-
რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
ვიქტორიამ, რომელიც პირველ სტატიაში იყო მოხსენიებული, თავის შეყვარებულს უთხრა, რომ აბორტს არ გაიკეთებდა. ის ამბობს: „ვგრძნობდი, რომ ჩემში სიცოცხლე იყო. ვიცოდი, რომ თუ ბილთან დავრჩებოდი, მხარში არ ამომიდგებოდა, ამიტომ მივატოვე“.
მოგვიანებით ბილმა აზრი შეიცვალა და ვიქტორიას სთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა, თუმცა ახალშობილზე ზრუნვა ადვილი არ აღმოჩნდა. „ჩვენ არც მანქანა გვყავდა, არც ფული გაგვაჩნდა, ტანსაცმელიც რამდენიმე ხელი გვქონდა, თითქმის არაფერი გვებადა, — იხსენებს ვიქტორია. — ბილს დაბალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, ვცხოვრობდით ქირით კეთილმოუწყობელ ბინაში. საბედნიეროდ, ყველაფერს გავუძელით“.
არასასურველი ფეხმძიმობის გამო სირთულეები სხვებსაც შეხვდათ, მაგრამ აბორტზე უარი თქვეს. როგორ შეძლეს მათ ამ სირთულეების გადალახვა? მათ გადაწყვეტილება ბიბლიური სიბრძნის წყალობით მიიღეს.
ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად დაგეგმეთ
ბიბლიაში ბრძნულ აზრს ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5).
კონი სამი ვაჟის დედაა, რომელთაგანაც ერთი ინვალიდია. ამიტომ, კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მისთვის წარმოუდგენელი იყო. ის ამბობს: „კიდევ ერთი შვილის რჩენას ვეღარ შევძლებდით. გადავწყვიტეთ, აბორტი გამეკეთებინა“. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, კონი თავის თანამშრომელს, კეის დაელაპარაკა. კეიმ დაანახვა კონის, რომ ის მუცლით ცოცხალ არსებას ატარებდა, რამაც კონი დააფიქრა და გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
კონის პრაქტიკული დახმარება სჭირდებოდა, რომ ყველაფერი კარგად დაეგეგმა. კეიმ ურჩია კონის, რომ დახმარებისთვის დეიდასთვის მიემართა, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. კონის დეიდა სიხარულით ამოუდგა მხარში. მალე კონის მეუღლემ მეორე სამსახური იშოვა; ისინი ისეთ ბინაში გადავიდნენ, სადაც შედარებით ნაკლებ ქირას იხდიდნენ. ამგვარად ისინი, ბავშვის დაბადებისთვის მოემზადნენ.
კეი აგრეთვე კონის იმ სააგენტოების მისამართების მოძებნაშიც დაეხმარა, რომლებიც დახმარებას უწევენ დაუგეგმავი ბავშვების მომლოდინე დედებს. ბევრ ქვეყანაში ასეთი სააგენტოები ეხმარებიან ახალბედა უმწეო დედებს. ინტერნეტი თუ ადგილობრივი სატელეფონო ცნობარები, რომლებიც უმეტესად ხელმისაწვდომია საჯარო ბიბლიოთეკებში, ამ სააგენტოების მისამართების მოძებნაში დაგეხმარებათ. დახმარების მიღება დიდი ძალისხმევის ფასად დაგიჯდებათ, მაგრამ სწორედ ეს არის „მუყაითის გეგმები“, რომელსაც უთუოდ კარგი შედეგი მოჰყვება.
თვალი გაუსწორეთ რეალობას
„ბრძენს თვალები თავის ადგილზე აქვს, სულელი კი უკუნ სიბნელეში დადის“ (ეკლესიასტე 2:14).
ბრძენი ქალი თვალს არ ხუჭავს რეალობაზე და, ასე ვთქვათ, არ დადის სიბნელეში. მას „თვალები თავის ადგილზე აქვს“, რაც ეხმარება, ყველაფერს გონების თვალით უყუროს. გონიერ ქალს შეუძლია შეაფასოს თავისი საქციელის შედეგები. ამიტომ, იმ ქალისგან განსხვავებით, ვინც თვალს ხუჭავს რეალობაზე, და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ხდება მის ორგანიზმში, გონიერი ქალი ყოველმხრივ უფრთხილდება თავის მუცლის ნაყოფს.
სტეფანის, რომელიც ბავშვის მოშორებას აპირებდა, სონოგრამის დროს თავისი ორი თვის ჩანასახი ანახეს. ის ამბობს: „თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. გავიფიქრე, როგორ გავიმეტო ცოცხალი არსება-მეთქი?“
ახალგაზრდა დენიზა, რომელიც დაუქორწინებელი იყო, მიხვდა, რომ ცოცხალ არსებას ატარებდა მუცლით. როდესაც მისმა შეყვარებულმა ფული მისცა ბავშვის მოსაცილებლად, დენიზამ უთხრა: „აბორტი?! ამას არასოდეს გავაკეთებ!“ ის არ დათახმდა საკუთარი შვილის მკვლელობაზე.
რა გავლენას ახდენს კაცთმოშიშება?
კარგია, თუ ის ქალები, რომლებიც ბავშვის მოშორებას ფიქრობენ და ამისკენ სხვებიც უბიძგებენ, დაფიქრდებიან ბიბლიის შემდეგ სიტყვებზე: „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“ (იგავები 29:25).
ჩვიდმეტი წლის მონიკა თავის შეყვარებულისგან ზუსტად იმ დროს დაფეხმძიმდა, როცა ბიზნეს-სკოლაში აპირებდა სწავლის დაწყებას. როცა ეს დედამისმა, ხუთი შვილის დედამ და ქვრივმა, გაიგო, შოკში ჩავარდა. მას ძალიან სურდა, რომ მის ქალიშვილს განათლება მიეღო და თავი დაეღწია სიღარიბისთვის. სასოწარკვეთილი დედა დაჟინებით სთხოვდა მონიკას ბავშვის მოშორებას. მონიკა ყვება: „როცა ექიმმა მკითხა, მსურდა თუ არა აბორტის გაკეთება, გადაჭრით ვუთხარი უარი“.
გამწარებულმა დედამ, რომელსაც უნდოდა, რომ თავის შვილს უკეთესი მომავალი ჰქონოდა, წარმოიდგინა, რამხელა სირთულეს წარმოქმნიდა ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი, ამიტომ მონიკა სახლიდან გააგდო. მონიკა დეიდამ შეიფარა. რამდენიმე კვირაში დედას გული მოულბა და მონიკა სახლში დააბრუნა. ის დაეხმარა მონიკას პატარა ლიონის გაზრდაში. მას ძალიან შეუყვარდა თავისი შვილიშვილი.
ერთ გათხოვილ ქალს, რობინს, სხვა სახის ზეწოლა ჰქონდა. „მაშინ დავფეხმძიმდი, როცა თირკმელებზე ვკურნალობდი. ჩემი ექიმის აზრით, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი დაიბადებოდა“. ექიმი მას აბორტის გაკეთებას ურჩევდა. რობინი ყვება: „მე ავუხსენი მას ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე და ვუთხარი, რომ აბორტს ვერ გავიკეთებდი“.
ექიმის შიში უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ უშუალოდ რობინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.a „როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, მას მსუბუქი ცერებრული დამბლა აღმოაჩნდა. ახლა ის 15 წლისაა და თავს კარგად გრძნობს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო უკეთ კითხულობს. დღეში რამდენჯერმე ვუხდი იეჰოვას მადლობას, რომ ქალიშვილი მაჩუქა, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.
ღმერთთან სიახლოვე ძალას მოგცემთ
ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნი 25:14).
მიზეზი იმისა, თუ რატომ ამბობს ბევრი უარს აბორტზე, არის ის, რომ ისინი ითვალისწინებენ ამ საკითხზე შემოქმედის თვალსაზრისს. ღმერთთან ახლო ურთიერთობა და მის მოსაწონად ცხოვრება მათი ცხოვრების კრედოა. სწორედ ამის გამო გადადგა ზემოხსენებულმა ვიქტორიამ ასეთი გაბედული ნაბიჯი. ვიქტორია ამბობს: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთია სიცოცხლის მომცემი და ბავშვის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ მქონდა“.
ვიქტორიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით ღმერთს დაუახლოვდა. ის აღნიშნავს: „სწორმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დამაახლოვა ღმერთთან და სურვილი გამიჩინა, რომ ყოველთვის მესიამოვნებინა მისთვის. როცა ღმერთს ხელმძღვანელობას ვთხოვდი, ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა“.
თუ ღმერთთან, სიცოცხლის წყაროსთან ვიმეგობრებთ, მეტი პატივისცემით განვიმსჭვალებით ჯერ არდაბადებული სიცოცხლის მიმართ (ფსალმუნი 36:9). გარდა ამისა, ღმერთი მომავალ დედას და მის ოჯახს მისცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). ახლა ვნახოთ, რას ფიქრობენ ისინი, ვინც ღვთის აზრი გაითვალისწინა და ბავშვის სიცოცხლე არ ხელყო.
არავითარი სინანული
მშობლებს, რომლებმაც ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, არ სტანჯავთ დანაშაულისა და დანაკლისის გრძნობა. რაც დრო გადის, უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ „მუცლის ნაყოფი“ ჯილდოა და არა წყევლა (ფსალმუნი 127:3). ზემოხსენებულმა კონიმ ეს მშობიარობიდან სულ რაღაც ორ საათში გააცნობიერა. გახარებულმა კონიმ დაურეკა თავის თანამშრომელ კეის და უთხრა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა თავის პატარა გოგონაზე ზრუნვას. სიხარულით აღვსილმა კონიმ დასძინა: „ღმერთი ნამდვილად არ აკლებს კურთხევას მათ, ვინც მის მოსაწონად იქცევა!“
რატომ უნდა ვაფასებდეთ სიცოცხლეს? ღმერთი, სიცოცხლის წყარო, გვიდგენს კანონებსა და ნორმებს ‘ჩვენდა სასიკეთოდ’ (კანონი 10:13).
აბორტზე უარის თქმამ ბილისა და ვიქტორიას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. „ჩვენ ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები ვიყავით, ასე რომ გაგვეგრძელებინა, სიკვდილს ვერ გადავურჩებოდით. მაგრამ ჩვენი არშობილი ბავშვის წყალობით საკუთარ ცხოვრებაზე დავფიქრდით და იეჰოვას მოწმეების დახმარებით შევიცვალეთ“.
ბილისა და ვიქტორიას ვაჟი, ლანსი ახლა 34 წლისაა და 12 წელზე მეტია, რაც დაქორწინებულია. ლანსი ამბობს: „მშობლები ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთის სიტყვით მეხელმძღვანელა. მე, ჩემი მეუღლე და შვილი ბედნიერი ვართ, ამ რჩევას რომ ვითვალისწინებთ“. ლანსის მამა, რომელიც თავიდან ვიქტორიას აბორტის გაკეთებას სთხოვდა, ამბობს: „ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა ჩვენი საყვარელი შვილი მოგვეკლა“.
ახლა დავუბრუნდეთ მონიკას, რომელმაც დედის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, აბორტი არ გაიკეთა. ის ყვება: „ჩემი ბიჭის დაბადებიდან ორ კვირაში იეჰოვას მოწმეებმა მომაკითხეს და ამიხსნეს, რას ნიშნავს ღვთის მოსაწონად ცხოვრება. ლეონსაც ვასწავლიდი, რომ ყოფილიყო ღვთის მორჩილი და მალე მას ძალიან შეუყვარდა ღმერთი. ლეონი ახლა იეჰოვას მოწმეა და მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს“.
ლეონი დედამისის შესახებ ამბობს: „დედაჩემს იმდენად ვუყვარდი, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, სასიკვდილოდ არ გამიმეტა. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი სიცოცხლის წლები საუკეთესოდ გამოვიყენო და ამით მადლიერება გამოვხატო ღვთის მიმართ, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა“.
ბევრი, ვინც გაიგო ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე, არ ნანობს, რომ შეინარჩუნეს ბავშვი, რომელიც ახლა მათთვის ძალიან ძვირფასია. მათი გულები სავსეა მადლიერების გრძნობით. ისინი სიამაყით ამბობენ: „ჩვენ აბორტი არ გავიკეთეთ!“
[სქოლიო]
a თუ მშობიარობა საფრთხეს უქმნის დედის ან ნაყოფის სიცოცხლეს, პირადი გადასაწყვეტია, დედას გადაარჩენენ თუ ბავშვს. თუმცა ბევრ ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო მიღწევების წყალობით, ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება.
[სურათი 7 გვერდზე]
სონოგრამაზე ორი თვის ნაყოფის ხილვამ სტეფანის სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა
(მონახაზი დამატებულია)
[სურათი 8 გვერდზე]
ვიქტორია და ლანსი
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ვიქტორია და ბილი ლანსთან და მის ოჯახთან ერთად დღეს
[სურათი 9 გვერდზე]
მონიკა და მისი ვაჟი, ლეონი ძალიან ბედნიერები არიან, რომ 36 წლის წინ მონიკამ წინააღმდეგობის მიუხედავად, აბორტი არ გაიკეთა
-