-
სიცოცხლით სავსე პლანეტათავისით გაჩნდა სიცოცხლე?
-
-
სიცოცხლით სავსე პლანეტა
სიცოცხლე დედამიწაზე არასდროს გაჩნდებოდა, რომ არა რამდენიმე საოცარი „დამთხვევა“, რომელიც მე-20 საუკუნემდე მეცნიერებს ბოლომდე არ ესმოდათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:
დედამიწის მდებარეობა „ირმის ნახტომსა“ და მზის სისტემაში, მისი ორბიტა, დახრილობა, მოძრაობის სიჩქარე და მისი თანამგზავრი მთვარე.
მაგნიტური ველი და ატმოსფერო — დედამიწის ორმაგად დამცავი სისტემა.
ბუნებრივი ციკლები, რომლებიც დედამიწაზე წყლისა და ჰაერის რესურსების შევსებასა და გასუფთავებას უწყობს ხელს.
თითოეული მათგანის განხილვის შემდეგ დაფიქრდით: ეს ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია?
დედამიწის იდეალური „მისამართი“
შეიძლება სამყაროში დედამიწისთვის ამაზე უკეთესი ადგილის პოვნა?
როცა ჩვენს მისამართს ვწერთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ ქვეყანას, ქალაქსა და ქუჩას. დედამიწის შემთხვევაში „მისამართი“ ასეთია: ქვეყანა — გალაქტიკა „ირმის ნახტომი“, ქალაქი — მზის სისტემა ანუ მზე და მის ირგვლივ მბრუნავი პლანეტები, ქუჩა — დედამიწის ორბიტა მზის სისტემაში. ასტრონომიისა და ფიზიკის განვითარებასთან ერთად, მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს ჩვენი საოცარი პლანეტის თავისებურებების შესახებ.
ჯერ ვისაუბროთ ჩვენი პლანეტის „ქალაქზე“ ანუ მზის სისტემაზე, რომელიც „ირმის ნახტომის“ იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა შექმნილი. მასში თავმოყრილია სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ყველა ქიმიური ელემენტი. მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან უფრო შორს რომ ყოფილიყო, ქიმიური ელემენტები არასაკმარისად იქნებოდა, უფრო ახლოს ყოფნა კი სახიფათო იქნებოდა მომაკვდინებელი რადიაციისა და სხვა ფაქტორების გამო. „ჩვენ იდეალურ ადგილას ვცხოვრობთ“, — აღნიშნულია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.1
საუკეთესო „ქუჩა“: შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის „ქუჩაც“, ანუ მისი ორბიტა მზის სისტემაში, იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ორბიტა მზისგან 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. დედამიწა ზუსტად იმ სარტყელშია მოქცეული, სადაც ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. დედამიწა მზის ირგვლივ წრეხაზზე მოძრაობს, რის გამოც წლის განმავლობაში მისი დაშორება მზისგან თითქმის არ იცვლება.
მზე, ამავე დროს, ენერგიის უწყვეტი წყაროა. თავისი ზომიდან გამომდინარე, ის ზუსტად იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენიც სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად არის აუცილებელი. მას მართებულად ეწოდება „განსაკუთრებული ვარსკვლავი“.2
საუკეთესო „მეზობელი“: დედამიწისთვის მეზობლის არჩევა რომ მოგენდომებინათ, ალბათ, მთვარეზე კარგ მეზობელს ვერ იპოვიდით. მთვარის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის თითქმის მეოთხედია. მზის სისტემაში შემავალ სხვა მთვარეებთან შედარებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი გაცილებით დიდია. თუმცა არც ეს არის შემთხვევითი.
მთვარის მიზიდულობა იწვევს დედამიწაზე ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია პლანეტის ეკოლოგიისთვის. მთვარის გრავიტაცია დედამიწის ღერძის უძრაობასაც განაპირობებს. რომ არა მთვარე, ჩვენი პლანეტა ბზრიალასავით დაიწყებდა რყევას; ის შეიძლება ამოტრიალებულიყო ან გვერდზე გადახრილიყო. ეს კატასტროფულ ცვლილებებს მოახდენდა დედამიწის კლიმატსა და წყლის მიმოქცევაზე.
დედამიწის დახრილობა და ბრუნვის სიჩქარე: დედამიწის 23,4-გრადუსიანი დახრილობა განაპირობებს მასზე წელიწადის დროების მონაცვლეობას, ზომიერ ტემპერატურასა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების არსებობას. „ჩვენს პლანეტას იდეალური დახრილობა აქვს“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Rare Earth—Why Complex Life Is Uncommon in the Universe).3
დედამიწის ბრუნვის ზომიერი სიჩქარის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობაც დაბალანსებულია. დედამიწა შემობრუნებას უფრო დიდ დროს რომ ანდომებდეს, დღის ხანგრძლივობა უფრო დიდი იქნებოდა. გარდა ამისა, მზისკენ მიმართული მისი ერთი მხარე გადახურდებოდა, მეორე მხარე კი გაიყინებოდა. ამის საპირისპიროდ, დედამიწა უფრო სწრაფად რომ მოძრაობდეს და დღის ხანგრძლივობა თუნდაც რამდენიმე საათით მოკლე იყოს, ეს პლანეტაზე ძლიერ ქარიშხლებსა და სხვა არასასურველ მოვლენებს გამოიწვევდა.
დედამიწის „ჯავშანი“
კოსმოსში არსებული მომაკვდინებელი რადიაცია და მეტეოროიდები დიდ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენი ცისფერი პლანეტა ხიფათით სავსე გალაქტიკაში შედარებით უსაფრთხოდ მანევრირებს. ეს იმიტომ, რომ დედამიწა კარგი თავდაცვითი სისტემით — მძლავრი მაგნიტური ველითა და ატმოსფეროთი არის აღჭურვილი.
დედამიწის უხილავი მაგნიტური „ჯავშანი“
მაგნიტური ველი: დედამიწის გულში მდებარე გამდნარი რკინის დიდი ბირთვი მთელ პლანეტაზე ქმნის ძლიერ მაგნიტურ ველს, რომელიც დედამიწის გარშემო კილომეტრებზე ვრცელდება. ის გვიცავს მძლავრი კოსმოსური და მზის მიერ გამოსხივებული რადიაციისგან. მზის გამოსხივებას იწვევს მზის ქარი, ანუ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების მძლავრი გამოფრქვევა, და მზის აფეთქებები, რომელთა შედეგადაც ერთ წუთში გამოთავისუფლებული ენერგია მილიარდობით წყალბადის ბომბის მიერ გამოყოფილ ენერგიას უტოლდება. აგრეთვე მზის გვირგვინიდან პლაზმის გამოფრქვევა, რის შედეგადაც კოსმოსში მილიარდობით ტონა მატერიის ნაწილაკი გამოიტყორცნება. თვალითაც შეიძლება იმის დანახვა, როგორ გვიცავს მაგნიტური ველი. მზის აფეთქებებისა და პლაზმის გამოფრქვევის შედეგად წარმოიშობა ჩრდილოეთის ციალი — ზედა ატმოსფეროს ნაირფეროვანი ნათება, რომელიც მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს ჩნდება.
ჩრდილოეთის ციალი
ატმოსფერო: აირების ეს ნარევი არა მარტო სუნთქვის საშუალებას გვაძლევს, არამედ დედამიწის კიდევ ერთ დამცავ ფენას ქმნის. მის ზედა ფენაში, სტრატოსფეროში გვხვდება ჟანგბადის ნაირსახეობა — ოზონი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 99 პროცენტს შთანთქავს. ამგვარად, ოზონის ფენა მავნე გამოსხივებისგან იცავს ცოცხალ არსებებს, მათ შორის ადამიანებსა და პლანქტონს, რომელიც პლანეტაზე არსებული ჟანგბადის უმეტეს ნაწილს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროში ოზონის შემცველობა ერთნაირი არ არის. მისი რაოდენობა ულტრაიისფერი გამოსხივების სიმძლავრესთან ერთად იცვლება. დამოკიდებულია ოზონი დედამიწისთვის მართლაც კარგი ჯავშანია.
ატმოსფერო გვიცავს მეტეორებისგან
ატმოსფერო იგერიებს კოსმოსიდან მომავალ მილიონობით სხეულსაც, რომელთა ზომა შეიძლება უმცირესი ნაწილაკიდან უშველებელი ლოდის ზომამდე მერყეობდეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ატმოსფეროში მოხვედრისას წვას იწყებს და ცაზე ნათელ კვალს ტოვებს, რასაც მეტეორები ეწოდება. დედამიწის ჯავშანი მთლიანად არ აკავებს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო იმ რადიაციას, რომელიც სითბოსა და სინათლის სახით აღწევს ჩვენს პლანეტამდე. ატმოსფერო ხელს უწყობს დედამიწის ზედაპირზე სითბოს გადანაწილებას, ღამით კი სითბოს შენარჩუნებას.
დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლეველი საოცრებებია. იმავეს თქმა შეიძლება სასიცოცხლო ციკლებზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის.
უბრალო დამთხვევაა, რომ ჩვენს პლანეტას ორი ძლიერი „ჯავშანი“ იცავს?
სასიცოცხლო ციკლები
ერთ დღეს რომელიმე ქალაქში ჰაერისა და წყლის მარაგი რომ ამოიწუროს და საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს, ეპიდემია და სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მაგრამ ჩვენი პლანეტა საკუთარი რესურსების შევსებაზე თავად ზრუნავს. ის არ ჰგავს რესტორანს, რომელიც პროდუქტებით გარედან მარაგდება და საიდანაც ნარჩენები გარეთ გააქვთ. დედამიწაზე ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ სუფთა წყალსა და ჰაერს ის კოსმოსიდან არ იღებს და არც ნარჩენებით აბინძურებს მას. როგორ ინარჩუნებს დედამიწის ბიოსფერო სიჯანსაღეს? ამას ის ბუნებრივი ციკლების მეშვეობით ახერხებს, როგორიცაა მაგალითად წყლის, ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის წრებრუნვის ციკლები, რომლებიც ქვემოთ მოკლედ არის ახსნილი.
წყლის წრებრუნვა: წყალი სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელია. ადამიანი უწყლოდ მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. წყლის წრებრუნვა უზრუნველყოფს დედამიწაზე სუფთა, მტკნარი წყლის არსებობას. ის სამ ეტაპად მიმდინარეობს: 1) მზის ენერგიით ხდება წყლის აორთქლება ატმოსფეროში, 2) გასუფთავებული წყლის კონდენსაციის შედეგად წარმოიქმნება ღრუბლები, და 3) ღრუბლებიდან წყალი დედამიწაზე ბრუნდება წვიმის, სეტყვისა და თოვლის სახით, რათა კვლავ მოხდეს მისი აორთქლება. ამგვარად იკვრება წრე. როგორც ვარაუდობენ, ყოველწლიურად იმ რაოდენობის წყალი ბრუნავს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ყველა კონტინენტის დაახლოებით 80 სანტიმეტრზე დასაფარავად.4
ნახშირბადისა და ჟანგბადის ციკლები: როგორც ვიცით, სუნთქვის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს. რატომ არ ილევა ჟანგბადი ჩვენს პლანეტაზე და რატომ არ ივსება ატმოსფერო ნახშირორჟანგით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწაზე მილიარდობით ცოცხალი არსება სუნთქავს? ამას ჟანგბადის ციკლი განაპირობებს. 1) საოცარი პროცესის, ფოტოსინთეზის დროს მცენარეები ჩვენ მიერ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგთან ერთად შთანთქავენ მზის ენერგიას და წარმოქმნიან ნახშირწყლებსა და ჟანგბადს. 2) ეს ციკლი მაშინ სრულდება, როცა ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს. ეს ყველაფერი საათივით არის აწყობილი და ყოველგვარი დაბინძურებისა და დისკომფორტის გარეშე ხდება.
აზოტის ციკლი: სიცოცხლის არსებობა აგრეთვე დამოკიდებულია ისეთი ორგანული ნაერთების წარმოქმნაზე, როგორიცაა ცილები. ა) ამ ნაერთების წარმოსაქმნელად აზოტია საჭირო. ეს აირი ატმოსფეროს 78 პროცენტს შეადგენს. ელვა და ბაქტერიები ჰაერში არსებულ აზოტს მცენარეებისთვის ადვილად ასათვისებელ ნაერთებად გარდაქმნიან. ბ) თავის მხრივ, მცენარეები ამ ნაერთებს ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად იყენებენ. აზოტი ხვდება იმ ცხოველების ორგანიზმშიც, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. გ) მცენარეთა და ცხოველთა კვდომის შემდეგ ბაქტერიები შლიან აზოტშემცველ ნაერთებს. ამ პროცესის შედეგად აზოტი ხვდება ნიადაგსა და ჰაერში. ასე იკვრება წრე.
სრულყოფილი გადამუშავების სისტემა
ტექნოლოგიური პროცესების შედეგად ადამიანები დედამიწას ყოველწლიურად ტონობით გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენებით აბინძურებენ, მაშინ როცა დედამიწა საოცარი ქიმიური პროცესების წყალობით შესანიშნავად ამუშავებს მის მიერ გამოყოფილ ყველა ნარჩენს.
საიდან გაჩნდა დედამიწაზე ასეთი გადამუშავების სისტემა? სამეცნიერო და რელიგიური ნაშრომების ავტორი, მაიკლ კორი ამბობს: „დედამიწის ეკოსისტემა შემთხვევით რომ გაჩენილიყო, შეუძლებელი იქნებოდა მასზე არსებული იდეალური ბუნებრივი ბალანსის მიღწევა“.5 თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
-
-
ვინ შექმნა თავდაპირველად?თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
-
-
ვინ შექმნა თავდაპირველად?
ბოლო წლებში მეცნიერები და ინჟინრები, პირდაპირი გაგებით, მცენარეებისა და ცხოველებისგან სწავლობენ (იობი 12:7, 8). ისინი იკვლევენ სხვადასხვა ქმნილების აგებულებას და მათ იმიტაციას ახდენენ. მეცნიერების ამ დარგს ბიონიკა ეწოდება. მისი ამოცანაა, შექმნას ახალი პროდუქცია და გააუმჯობესოს უკვე არსებული მექანიზმები. ქვემოთ მოყვანილი მაგალითების განხილვისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: სინამდვილეში ვინ იმსახურებს ქებას ასეთი საუცხოო კონსტრუქციების შექმნისთვის?
ვეშაპის ფარფლები
ავიაკონსტრუქტორებს კუზა ვეშაპისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ზრდასრული ვეშაპი დაახლოებით 30 ტონას იწონის — იმდენს, რამდენსაც დატვირთული სატვირთო მანქანა. ვეშაპს შედარებით მოუქნელი სხეული აქვს და დიდი ფრთისმაგვარი ფარფლები. მიუხედავად ამისა, ეს 12-მეტრიანი ცხოველი საკმაოდ სხარტად მოძრაობს წყალში.
მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ ახერხებს ეს ტლანქი ცხოველი მკვეთრი წრიული მოძრაობების შესრულებას. მათ აღმოაჩინეს, რომ საიდუმლო ვეშაპის ფარფლებში იმალება. ვეშაპის ფარფლების წინა ნაწილი თვითმფრინავის ფრთისგან განსხვავებით, გლუვი არ არის — ის დაკბილულია და ამობურცული ხორკლების ზოლი გასდევს.
წყალში სწრაფად გადაადგილებისას ხორკლები ხელს უწყობს ამწევი ძალის ზრდას და წყლის წინაღობის შემცირებას. როგორ? ერთ საბუნებისმეტყველო ჟურნალში აღნიშნულია, რომ ხორკლების მეშვეობით წყლის ნაკადი თანაბრად ნაწილდება ფარფლებს ზემოთ მაშინაც კი, თუ ვეშაპი მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს (Natural History).10
ვის ეკუთვნის ბუნების „პატენტი“?
რაში გამოადგებათ მეცნიერებს ეს აღმოჩენა? კუზა ვეშაპის ფარფლების პრინციპით აგებული თვითმფრინავის ფრთებს, ჰაერის ნაკადის დასარეგულირებლად, უფრო ნაკლები ფრთაუკანები თუ სხვა მოწყობილობები დასჭირდება. ასეთი ფრთები უსაფრთხო იქნება და ნაკლები მოვლა დასჭირდება. ბიომექანიკოს ჯონ ლონგის აზრით, მალე „ყველა რეაქტიული თვითმფრინავის ფრთებს ექნება ისეთივე ხორკლები, როგორიც კუზა ვეშაპის ფარფლებზეა“.11
თოლიას ფრთები
თვითმფრინავის ფრთები ფრინველების ფრთებზე დაკვირვების შედეგად არის შექმნილი. მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს ინჟინრებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ ნათქვამია: „ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს დისტანციური მართვის საფრენი აპარატის მოდელი, რომელსაც თოლიას მსგავსად შეუძლია ილივლივოს, ელვის სისწრაფით დაეშვას ქვემოთ და შემდეგ ჰაერში აიჭრას“.12
თოლიები ასეთ შთამბეჭდავ მკვეთრ მოძრაობებს იმის წყალობით ასრულებენ, რომ ფრთებს ბეჭის სახსართან და იდაყვთან ხრიან. იმავე ჟურნალში ნათქვამია, რომ თოლიას მოქნილი ფრთების მიბაძვით ინჟინრებმა შექმნეს „საფრენი აპარატის 60-სანტიმეტრიანი მოდელი, რომელშიც პატარა მოტორი აკონტროლებს ფრთების მამოძრავებელ მეტალის რამდენიმე ღერძს“. ასეთი ფრთები ამ პატარა საფრენ აპარატს ჰაერში ლივლივისა და მაღალ შენობებს შორის პიკირების საშუალებას აძლევს. საჰაერო ძალების წარმომადგენლებს სურთ, შექმნან ადვილმანევრირებადი საჰაერო ხომალდები დიდ ქალაქებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აღმოსაჩენად.
თოლიას კიდურები
თოლიას კიდურები ყინულზეც კი არ ეყინება. როგორ ინარჩუნებს მისი სხეული სითბოს? ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმ საოცარი მექანიზმით, რომელიც ცივ რეგიონებში მობინადრე ცხოველებს აქვთ განვითარებული. ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემის მოქმედებით აიხსნება.
სითბო გადაეცემა და სხეულში რჩება. სიცივე ფეხებში რჩება.
რა არის ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემა? წარმოიდგინეთ ორი ერთმანეთზე მიტყუპებული მილი. აქედან ერთში თბილი წყალი მიედინება, მეორეში — ცივი. როდესაც მილებში სითხე ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება, ერთი მილიდან მეორეს სითბოს მხოლოდ 50 პროცენტი გადაეცემა. მაგრამ, როცა მილებში სითხე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინება, მაშინ ერთი მილიდან მეორეს სითბოს თითქმის 100 პროცენტი გადაეცემა.
როცა თოლია ყინულზე დგას, თბოგამცვლელი სისტემის საშუალებით კიდურებიდან ზემოთ მიმავალი სისხლი ნელ-ნელა თბება. თბოგამცვლელი სისტემა სითბოს უნარჩუნებს ფრინველის სხეულს და ხელს უშლის კიდურებიდან სითბოს დაკარგვას. ართურ ფრაასმა, საავიაციო ინჟინერ-მექანიკოსმა ამ სისტემას „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგენერატიული თბოგადამცემი სისტემა“ უწოდა.13 ეს სისტემა იმდენად უნიკალურია, რომ ინჟინრებმაც დანერგეს ის პრაქტიკაში.
ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე?
მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობის მქონე ავტომობილი, რომელსაც ხოკერა თევზის ფორმა აქვს
შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს მრავალფეხა რობოტის შექმნაზე, რომელიც მორიელის მსგავსად იმოძრავებს. ფინელმა ინჟინრებმა გამოიგონეს ექვსფეხა ტრაქტორი, რომელსაც უზარმაზარი მწერის მსგავსად შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. სხვა მკვლევარებმა შექმნეს ქსოვილი მიკროსკოპული სარქველებით, რომლებიც ფიჭვის გირჩზე არსებული ქერცლის მსგავსად იხსნება და იხურება. ასეთი ქსოვილი სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ავტომობილების მწარმოებლები მუშაობენ მანქანის ისეთ მოდელზე, რომელსაც ხოკერა თევზის მსგავსად მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობა ექნება. სხვა მეცნიერები იკვლევენ ერთ-ერთი მოლუსკის ამორტიზაციის უნარს, რათა შექმნან უფრო მსუბუქი და მტკიცე ტყვიაგაუმტარი ჟილეტები.
დელფინის სონარი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი მოწყობილობა
ბუნება იმდენ კარგ იდეას გვთავაზობს, რომ მეცნიერებმა შექმნეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც უკვე შეიტანეს ათასობით ბიოლოგიური სისტემა. მონაცემთა ეს ბაზა საშუალებას მისცემს მეცნიერებს, „ახალი გამოგონებებისთვის ბუნებას დაესესხონ“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“. ამ ბაზაში შესული ბუნებრივი სისტემები „ბიოლოგიური პატენტების“ სახელით არის ცნობილი. როგორც წესი, ამ პატენტების მფლობელი არის რომელიმე პირი ან კომპანია, რომელიც ოფიციალურად აცხადებს ახალი იდეისა თუ გამოგონების შესახებ. მონაცემთა ბაზაში არსებულ „ბიოლოგიურ პატენტებთან“ დაკავშირებით ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამია: «იმით, რომ მკვლევარებმა ბიონიკურ გამოგონებებს „ბიოლოგიური პატენტები“ უწოდეს, მათ ცხადყვეს, რომ ფაქტობრივად ამ პატენტების მფლობელი ბუნებაა».14
მეცნიერები ცდილობენ გამოიყენონ მოლუსკ ჰალიოტისის ნიჟარის ამორტიზაციის უნარი
საიდან აქვს ბუნებას ამდენი საოცარი იდეა? ბევრი მკვლევარის აზრით, ბუნებაში არსებული უამრავი სასწაული მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციური ცდებისა და შეცდომების შედეგია. მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ დასკვნას აკეთებენ. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 2005 წლის 7 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა მიკრობიოლოგ მაიკლ ბიჰის სიტყვები: „ბუნება იმაზე მოწმობს, რომ ეს ყველაფერი გონივრული ჩანაფიქრის შედეგია, ამიტომ შეგვიძლია შემდეგი არგუმენტის მოყვანა: თუ ვხედავთ, რომ რაიმე ძალიან ჰგავს იხვს, მასავით დადის და ყიყინებს, და არანაირი საწინააღმდეგო მოსაზრება არ გაგვაჩნია, უნდა დავასკვნათ, რომ ის იხვია“. რისი თქმა უნდოდა ამით ბიჰის? „თუ ყველაფერი ასე ცხადია, რატომღა უნდა უარვყოთ ის ფაქტი, რომ ბუნება გონივრული ჩანაფიქრის შედეგია“.15
მოლეკულური ძალების წყალობით გეკონს ყველაზე გლუვ ზედაპირსაც შეუძლია მიეკრას
ინჟინერი, რომელმაც გამოიგონა უსაფრთხო და უფრო ეფექტური თვითმფრინავის ფრთა, აღიარებას იმსახურებს. მოხერხებული ქსოვილის ან მრავალფუნქციური ავტომობილის გამომგონებლებიც ქებას იმსახურებენ. მაგრამ მეწარმე, რომელიც ითვისებს სხვის იდეას და არღვევს საავტორო უფლებებს, დამნაშავედ ითვლება.
გონივრულად მიგაჩნიათ, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რთული საინჟინრო პრობლემების გადასაჭრელად ბუნებისგან სესხულობენ გენიალურ იდეებს მაშინ, როცა ბუნების არსებობას ინტელექტს მოკლებულ ევოლუციას მიაწერენ? თუ იმიტაციას სჭირდება დიზაინერი, რა შეიძლება ითქვას ორიგინალზე? ვინ უფრო მეტ პატივს იმსახურებს, მთავარი ინჟინერი თუ მისი შეგირდი, რომელიც მას ჰბაძავს?
ლოგიკური დასკვნა
მრავალი ადამიანი, რომელიც აშკარად ხედავს ბუნებაში შემოქმედის ხელს, ეთანხმება პავლე მოციქულის სიტყვებს: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:19, 20).
-