-
იეჰოვას ძალა გვაძლიერებდასაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
-
-
ბიოგრაფია
იეჰოვას ძალა გვაძლიერებდა
მოგვითხრო ერჟებეტ ჰაფნერმა
„მე მათ შენი დეპორტირების ნებას არ მივცემ, — მითხრა ტიბორ ჰაფნერმა, როცა გაიგო, რომ ჩეხოსლოვაკიის დატოვებას მაიძულებდნენ. — თუ თანახმა ხარ, დავქორწინდეთ და სამუდამოდ ჩემთან დარჩები“.
ამ მოულოდნელი წინადადების მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1938 წლის 29 იანვარს, ცოლად გავყევი ტიბორს, ქრისტიან ძმას, რომლისგანაც ჩემმა ოჯახმა ჭეშმარიტება გაიგო. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. ის-ის იყო 18 წლის გავხდი და, როგორც სრული დროით მქადაგებელს, მინდოდა, ახალგაზრდობის წლები ღვთის მსახურებისთვის მიმეძღვნა. ვტიროდი, ვლოცულობდი, და მხოლოდ მაშინ, როცა ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი, რომ ტიბორის წინადადება მისი მხრიდან მხოლოდ სიკეთის გამოვლენა არ იყო. ვიგრძენი, რომ მინდოდა ცხოვრება დამეკავშირებინა ამ ადამიანთან, რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი.
მაინც რატომ აღმოვჩნდი დეპორტირების საფრთხის წინაშე? როგორც ხედავთ, ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული სისტემითა და რელიგიური თავისუფლებით ამაყობდა.
-
-
იეჰოვას ძალა გვაძლიერებდასაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აგვისტო
-
-
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აღიარებული იყო, ძლიერ წინააღმდეგობას ვხვდებოდით, რომლის უკანაც სამღვდელოება იდგა.
დევნის პირველი შემთხვევა
ერთხელ, 1937 წლის მიწურულს, ერთ დასთან ერთად ლუჩენეცის მახლობლად მდებარე სოფელში ვქადაგებდი. მალე ორივე დაგვაპატიმრეს და ციხეში წაგვიყვანეს. „სული აქ აღმოგხდებათ“, — გვითხრა მცველმა და საკნის კარი მოგვიჯახუნა.
საღამოხანს საკანში ოთხი სხვა პატიმარი ქალი შემოიყვანეს. ჩვენ მათ დამშვიდებას შევეცადეთ და ქადაგება დავუწყეთ. ისინი ცოტა დაწყნარდნენ და მთელი ღამე არ შეგვიწყვეტია მათთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე საუბარი.
დილის ექვს საათზე მცველმა საკნიდან გამიყვანა. მე მეგობარს ვუთხარი, რომ ღვთის სამეფოში შევხვდებოდით. ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეთქვა, რაც მოხდა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა. ჩემთვის უხმოდ ვილოცე და მცველს გავყევი. მან მიმიყვანა თავის სახლში, რომელიც ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა, და მითხრა: „შენთან რამდენიმე კითხვა მაქვს, ქალო. გუშინ თქვი, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. შეგიძლია ბიბლიაში მანახო?“ მისი კითხვის გაგონებაზე გავოცდი და შვებით ამოვისუნთქე. მცველმა თავისი ბიბლია მოიტანა და მე იეჰოვას სახელი ვაჩვენე მას და მის ცოლს. მცველს სხვა კითხვებიც ჰქონდა იმავე საკითხებზე, რომლებზეც ღამის განმავლობაში ოთხ პატიმარ ქალთან ვსაუბრობდით. დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ მან ცოლს უთხრა, ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის საუზმე გაემზადებინა.
რამდენიმე დღეში ციხიდან გამოგვიშვეს, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩეხოსლოვაკია უნდა დამეტოვებინა, რადგან უნგრეთის მოქალაქე ვიყავი.
-