-
იეჰოვა ამდაბლებს მედიდურთესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
‘დამდაბლდება ამაყი მზერა’
6, 7. ა) რა ემართებათ მედიდურებს იეჰოვას განაჩენის აღსრულებისას? ბ) რას და ვის ატყდება ღვთის რისხვა? რატომ?
6 ესაია განაგრძობს: „კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!“ (ესაია 2:10). მაგრამ ვერავითარი უზარმაზარი კლდე და ვერავითარი საიმედო საფარი ვერ დამალავს მათ, რადგან იეჰოვა ყოვლისშემძლეა. მისი განაჩენის აღსრულებისას „[დამდაბლდება] ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!“ (ესაია 2:11).
7 ახლოვდება „ცაბაოთ უფლის დღე“, როდესაც ღვთის რისხვა დაატყდება „ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას“ (ესაია 2:12—16). დიახ, მრისხანების დღეს ადამიანთა მიერ აღზევებული არანაირი ორგანიზაცია, რაც მათი მედიდურობის გამოხატულებას წარმოადგენს, არ დარჩება იეჰოვას შეუმჩნეველი და არც ერთ უღვთო ადამიანს არ დატოვებს დაუსჯელს. „დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს“ (ესაია 2:17).
8. როგორ დაატყდა ნაწინასწარმეტყველები რისხვა იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს?
8 ნაწინასწარმეტყველები რისხვა იუდაელებს ძვ. წ. 607 წელს დაატყდათ თავს, როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი ააოხრა. მისმა მცხოვრებლებმა იხილეს, როგორ გადაიწვა მათი საყვარელი ქალაქი, დაინგრა საამაყო შენობები და ჩამოიქცა დიდებული კედელი. იეჰოვას ტაძრისგან ნანგრევებიღა დარჩა. საგანძურიც და ეტლებიც ყოვლად უსარგებლო გახდა „ცაბაოთ უფლის დღეს“. რა დაემართა მათ კერპებს? ზუსტად შესრულდა ესაიას სიტყვები: „ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება“ (ესაია 2:18). იუდაელები — მათ შორის მთავრები და დიდებულებიც — ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ. იერუსალიმი 70 წლით გაუკაცრიელდა.
9. რით ჰგავს ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა ესაიას დროინდელი იერუსალიმისა და იუდას მდგომარეობას?
9 რა ძალიან ჰგავს ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა ესაიას დროინდელი იერუსალიმისა და იუდას მდგომარეობას! ქრისტიანული სამყარო ნამდვილად მჭიდროდ არის დაკავშირებული წუთისოფლის ერებთან. ის აქტიურად უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ავსებს თავის სახლს კერპებითა და ისეთი საქმეებით, რომლებსაც ბიბლია გმობს. მისი წევრები მატერიალისტები არიან და სამხედრო ძალაზე ამყარებენ იმედს. გარდა ამისა, განა არ განადიდებენ ისინი სამღვდელოებას ტიტულებითა და უდიდესი პატივის მიგებით? ქრისტიანული სამყაროს ქედმაღლობას უეჭველად მოეღება ბოლო. მაგრამ როდის?
კარს მომდგარი „უფლის დღე“
10. რას დაუკავშირეს „უფლის დღე“ პავლე და პეტრე მოციქულებმა?
10 საღვთო წერილში მოხსენიებულია „უფლის დღე“, რომელიც იერუსალიმისა და იუდას განაჩენის შესრულების დღეზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება. მოციქულმა პავლემ მოახლოებული „უფლის დღე“ ღვთის შთაგონებით იესო ქრისტეს, როგორც ტახტზე აღზევებული მეფის, თანდასწრებას დაუკავშირა (2 თესალონიკელთა 2:1, 2). პეტრემ კი ეს დღე ‘სამართლიან ახალ ცასა და ახალ მიწასთან’ დაკავშირებით მოიხსენია (2 პეტრე 3:10—13). ამ დღეს იეჰოვა განაჩენს აღასრულებს მთელ ბოროტ სისტემაზე და არც ქრისტიანულ სამყაროს დატოვებს უპასუხოდ.
11. ა) ვინ „გაუძლებს“ კარს მომდგარ „უფლის დღეს“? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ იეჰოვამ დაგვიფაროს?
11 „ვაი ჩვენს დღეს! — ამბობს იოველ წინასწარმეტყველი, — რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან“. ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი ეს შიშის მომგვრელი „დღე“, განა ყველას არ უნდა აფიქრებდეს უსაფრთხოების საკითხი? „ვინ გაუძლებს მას?“ — კითხულობს იოველი უფლის დღის შესახებ. „უფალი დაიცავს თავის ერს“, — თვითონვე პასუხობს შემდგომ (იოველი 1:15; 2:11; 4:16). დაიფარავს თუ არა იეჰოვა ღმერთი მედიდურთ, ვინც სიმდიდრეზე, სამხედრო ძალასა და ადამიანის ნახელავ ღმერთებზე ამყარებს იმედს? შეუძლებელია! ღმერთმა თავისი რჩეული ერიც კი მიატოვა, როდესაც ხალხი ამგვარად მოიქცა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ღვთის ყველა მსახურმა ‘ეძიოს სიმართლე და თვინიერება’ და სერიოზულად დაფიქრდეს, რა ადგილზე აყენებს იეჰოვას თაყვანისმცემლობას ცხოვრებაში (სოფონია 2:2, 3).
„თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან“
12, 13. რატომ იქნება შესაფერისი კერპთაყვანისმცემელთა მიერ თავიანთი კერპების გადაყრა თხუნელებისა და ღამურებისთვის იეჰოვას რისხვის დღეს?
12 რა ფასი ექნება კერპებს მათი თაყვანისმცემლებისთვის იეჰოვას დიად დღეს? ესაია გვპასუხობს: „შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს... რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?“ (ესაია 2:19—22).
13 თხუნელები სოროებში ცხოვრობენ, ხოლო ღამურები ბნელ და უკაცრიელ მღვიმეებს აფარებენ თავს. იქ, სადაც ბევრი ღამურა ერთად ბინადრობს, საშინელი სუნი დგება და ირგვლივ მათი ექსკრემენტები გროვდება. კერპები ნამდვილად სათანადო ადგილზე ხვდებიან. ისინი სიბნელისა და სიბინძურის მეტს არაფერს იმსახურებენ. რაც შეეხება ხალხს, იეჰოვას რისხვის დღეს გამოქვაბულებსა და კლდის ნაპრალებში დაიწყებენ თავშესაფრის ძებნას. ასე რომ, კერპებსა და მათ თაყვანისმცემლებს ერთი და იგივე ხვედრი ეწევათ. ძვ. წ. 607 წელს ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები — უსიცოცხლო კერპებმა ვერც თავიანთი თაყვანისმცემლები იხსნეს და ვერც იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელიდან.
14. როგორ მოიქცევა ხალხი, როდესაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელთან დაკავშირებით?
14 როგორ მოიქცევა ხალხი, როდესაც ქრისტიანულ სამყაროსა და, მთლიანობაში, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს თავს იეჰოვას რისხვა დაატყდება? როდესაც მთელ მსოფლიოში გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება, სავარაუდოა, რომ უმრავლესობა დაინახავს თავისი კერპების უსარგებლობას. მათ ნაცვლად ისინი მფარველად და დამცველად ადამიანთა მიერ შექმნილ ორგანიზაციებს აღიარებენ და მთელ იმედს მათზე, მათ შორის, შესაძლებელია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზეც, დაამყარებენ, რომელიც გამოცხადების მე-17 თავში „შავწითელ მხეცად“ არის აღწერილი. ამ სიმბოლური მხეცის „ათი რქა“ გაანადგურებს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელ დიდ ბაბილონს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ქრისტიანული სამყაროა (გამოცხადება 17:3, 8—12, 16, 17).
15. როგორ იქნება ‘მხოლოდ უფალი მაღალი’ თავისი განაჩენის აღსრულების დღეს?
15 მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური ათი რქა დაარბევს და დაწვავს დიდ ბაბილონს, ეს იეჰოვას განაჩენის აღსრულება იქნება. დიდი ბაბილონის შესახებ გამოცხადების 18:8-ში ნათქვამია: „ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას“. ასე რომ, ცრუ რელიგიისგან კაცობრიობის გათავისუფლებისთვის ყოვლადძლიერ იეჰოვა ღმერთს უნდა მივაგოთ პატივი. ესაიას სიტყვების თანახმად, „მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს“ ანუ „ცაბაოთ უფლის დღეს“ (ესაია 2:11ბ, 12ა).
-
-
იეჰოვა ამდაბლებს მედიდურთესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
[სურათი 55 გვერდზე]
„უფლის დღეს“ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს განადგურება ელის.
-