-
რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
-
-
რით არის სასიკეთო ჩვენთვის ღვთისადმი მიძღვნა?
4. როგორ გამოჩნდა დავითისა და იონათანის მაგალითიდან, რომ ვალდებულების აღება მნიშვნელოვანია?
4 ქრისტიანებისთვის მიძღვნა სერიოზული საკითხია. მიძღვნა უბრალოდ პირობის მიცემაზე მეტს ნიშნავს, ეს უმნიშვნელოვანესი აღთქმაა. მაგრამ ისმის კითხვა: რით არის სასიკეთო ჩვენთვის მიძღვნა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, რატომ არის კარგი, როცა ადამიანები ერთმანეთის წინაშე იღებენ ვალდებულებას. მაგალითად, თუ გინდა, რომ გყავდეს მეგობარი, უნდა შეგეძლოს მეგობრობა, რაც საკუთარ თავზე ვალდებულების აღებას, კერძოდ, მეგობარზე ზრუნვას გულისხმობს. ბიბლიაში მოთხრობილია დავითისა და იონათანის სანიმუშო მეგობრობის შესახებ, რომლებმაც ერთმანეთს მეგობრობა შეჰფიცეს (წაიკითხეთ 1 სამუელის 17:57; 18:1, 3). მართალია, ასეთი ურთიერთობა იშვიათია, მაგრამ მეგობრობა უფრო მტკიცე იქნება, თუ ორივე მხარე იგრძნობს ერთიმეორის წინაშე ვალდებულებას (იგავ. 17:17; 18:24).
5. რა უნდა გაეკეთებინა მონას, თუ სურდა სამუდამოდ თავისი კეთილი ბატონის კუთვნილება გამხდარიყო?
5 ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემულ კანონში საუბარია ვალდებულებაზე, რომელიც სიკეთის მომტანი იყო. მაგალითად, თუ მონას სურდა თავისი კეთილი ბატონის მფარველობის ქვეშ ყოფნა და სამუდამოდ მის საკუთრებად დარჩენა, მასთან შეთანხმება უნდა დაედო. კანონში ეწერა: „თუ მონა დაჟინებით იტყვის, ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი-შვილი და არ მინდა გათავისუფლებაო, წარადგინოს იგი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, მიაყენოს კართან ან წირთხლთან, სადგისით გაუხვრიტოს ყური და სამუდამოდ მისი მონა გახდება“ (გამ. 21:5, 6).
6, 7. ა) რით არის სასიკეთო ვალდებულების აღება? ბ) რატომ არის იეჰოვასთან ურთიერთობის დროს ვალდებულების აღება ესოდენ მნიშვნელოვანი?
6 ქორწინება ის კავშირია, რომელიც განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებს ცოლ-ქმარს. ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე დადებული ფორმალური შეთანხმება კი არა, ადამიანის წინაშე აღებული ვალდებულებაა. ისინი, რომლებიც ხელმოუწერლად ცხოვრობენ, სინამდვილეში, ვერასოდეს იგრძნობენ თავს დაცულად, იმავეს თქმა შეიძლება მათ შვილებზეც; ხოლო ოფიციალურად დაქორწინებულები — ღირსეული კავშირით გაერთიანებულნი — ცდილობენ, ოჯახში წარმოქმნილი პრობლემები სიყვარულით მოაგვარონ, რადგან ამისკენ ბიბლია მოუწოდებთ (მათ. 19:5, 6; 1 კორ. 13:7, 8; ებრ. 13:4).
7 ბიბლიურ დროში საქმიანი ურთიერთობის დროს ხელშეკრულების დადება ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო (მათ. 20:1, 2, 8). დღესაც იმავეს თქმა შეიძლება. მაგალითად, ბიზნესის წამოწყებამდე ან კომპანიაში სამუშაოს დაწყებამდე, კარგია, როცა წერილობით ხელშეკრულებას ვაფორმებთ. თუ ვალდებულების აღება მეგობრებთან ურთიერთობისას, დაქორწინებისა თუ საქმიანი ურთიერთობის დროს ესოდენ მნიშვნელოვანია, რამდენად უფრო სასიკეთო იქნება ჩვენთვის, თუ სრულად მივუძღვნით თავს იეჰოვას! ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მხრივ იყო ძველ დროში კარგი იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნა და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მიძღვნა პირობის მიცემაზე მეტს ნიშნავდა.
რით იყო სასიკეთო ღვთისადმი მიძღვნა ისრაელისთვის?
8. რას ნიშნავდა ისრაელისთვის ღვთისადმი მიძღვნა?
8 მთელი ისრაელი იეჰოვას მიძღვნილი ერი მაშინ გახდა, როცა ღვთის წინაშე აღთქმა დადო. იეჰოვამ მათ სინას მთასთან მოუხმო და უთხრა: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის“. ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:4—8). ისრაელისთვის მიძღვნა ვალდებულების აღებაზე მეტს ნიშნავდა. ისინი იეჰოვას ეკუთვნოდნენ და მისთვის იყვნენ, როგორც „გამორჩეული საკუთრება“.
9. რა მხრივ იყო სასიკეთო ისრაელისთვის ღვთისადმი მიძღვნა?
9 იეჰოვას საკუთრებად ყოფნამ ისრაელებს ბევრი კურთხევა მოუტანა. ღმერთი მოსიყვარულე მშობელივით ერთგულობდა და ზრუნავდა ამ ერზე. მან უთხრა ისრაელს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ეს. 49:15). ღვთის წყალობით მათ სახელმძღვანელოდ ჰქონდათ კანონი, წინასწარმეტყველთა თანადგომა და ანგელოზებისგან დაცვა. ფსალმუნმომღერალი წერდა: „თავის სიტყვას ამცნობს იაკობს, თავის წესებსა და სამართალს — ისრაელს. სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე“ (ფსალმ. 147:19, 20; წაიკითხეთ ფსალმუნების 34:7, 19; 48:14 ). როგორც წარსულში არ აკლებდა იეჰოვა მზრუნველობას იმ ერს, რომელიც მას ეკუთვნოდა, ისე დღეს არ აკლებს ის ზრუნვას თავის მიძღვნილებს.
-
-
რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
-
-
ღვთისადმი მიძღვნას ბედნიერება მოაქვს
16, 17. რატომ მოაქვს იეჰოვასადმი მიძღვნას ბედნიერება?
16 ღვთისადმი მიძღვნას ბედნიერება მოაქვს, რადგან გაცემის საშუალება გვეძლევა. იესომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება შემდეგნაირად გადმოსცა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). დედამიწაზე მსახურების დროს იესომ სრულყოფილად შეიგრძნო გაცემით განცდილი ბედნიერება. საჭიროების შემთხვევაში ის დასვენებაზე, ჭამაზე და მშვიდ გარემოში ყოფნაზე უარს ამბობდა, სხვებს სიცოცხლის გზის პოვნაში რომ დახმარებოდა (იოან. 4:34). მამის გულის გახარება იესოს სიხარულს ჰგვრიდა. მან თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოან. 8:29; იგავ. 27:11).
17 ამრიგად, იესომ თავის მიმდევრებს ბედნიერი ცხოვრების გზა შემდეგი სიტყვებით დაანახვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი“ (მათ. 16:24). ასე უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას. სხვას ვის ვანდობთ თავს, თუ არა იეჰოვას, რომელიც სათუთად ზრუნავს ჩვენზე?!
18. რატომ მოაქვს იეჰოვასადმი მიძღვნას გაცილებით მეტი ბედნიერება, ვიდრე რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის თავის მიძღვნას?
18 იეჰოვასადმი მიძღვნა და მიძღვნის თანახმად ცხოვრება, რაც ღვთის ნების შესრულებას ნიშნავს, გაცილებით ბედნიერს გაგვხდის, ვიდრე რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის თავის მიძღვნა. მაგალითად, ბევრი თავს უძღვნის სიმდიდრეს, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებასა და კმაყოფილებას ვერ აღწევს, ხოლო ისინი, ვინც თავს იეჰოვას უძღვნიან, ხანგრძლივ ბედნიერებას პოულობენ (მათ. 6:24). „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა მათთვის პატივია და ამის გამო თავს ბედნიერად გრძნობენ. მაგრამ ისინი საქმეს კი არ უძღვნიან თავს, არამედ მადლიერ ღმერთს (1 კორ. 3:9). არავინ იქნება ისეთი მადლიერი მათი თავგანწირული სულისკვეთებისთვის, როგორც იეჰოვა. ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს ახალგაზრდულ წლებსაც კი დაუბრუნებს და მათზე მარადიულად იზრუნებს (იობ. 33:25; წაიკითხეთ ებრაელების 6:10).
19. რა პატივი აქვთ მათ, ვინც იეჰოვას მიუძღვნა თავი?
19 იეჰოვასთან სიახლოვეს უფრო მეტად ვიგრძნობთ, თუ მას ცხოვრებას მივუძღვნით. ბიბლიაში წერია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8; ფსალმ. 25:14).
-