-
აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას?
თუ ვინმეს თქვენთვის უკითხავს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა თქვენს ენაზე, ალბათ, გეცოდინებათ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის ზუსტი პასუხის გაცემა. რატომ? ზოგიერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ალბათ ასეთი ადამიანისთვის გითხოვიათ, მოეყვანა კონკრეტული მაგალითი ან წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული. კონტექსტის გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, კონკრეტულ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სიტყვას. მაგალითად, შეიძლება ვინმემ გკითხოთ, რას ნიშნავს ქართული სიტყვა „თავი“. ამ სიტყვას კონტექსტის მიხედვით შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ის შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის ან ცხოველის ყელს ზევითა ნაწილს, მეთაურს ან თხზულების დასრულებულ ნაწილს. ზოგჯერ შეიძლება საუკეთესო ხარისხის ან რაიმეს წამომწყების მნიშვნელობით იყოს გამოყენებული. მაგალითად, ფრაზაში „თავს დაანებებს“, ამ სიტყვას სრულიად ეცვლება მნიშვნელობა და ვინმეს მიტოვების, მოშორების მნიშვნელობა აქვს. როგორ უნდა გავიგოთ, რომელი მნიშვნელობით არის ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული?
ლექსიკონში შეიძლება კონკრეტული სიტყვის მრავალი მნიშვნელობა ნახოთ. ზოგ ლექსიკონში სიტყვების მნიშვნელობა იმის მიხედვით არის ჩამოწერილი, თუ როგორ გამოიყენება მეტყველებაში. მაგრამ მხოლოდ კონტექსტის მეშვეობით შეიძლება ამა თუ იმ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მეტ-ნაკლებად ერკვევით მედიცინაში და გინდათ დაადგინოთ, რომელ დაავადებას ახასიათებს სიმპტომები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. შეგიძლიათ სამედიცინო ლექსიკონი გამოიყენოთ. ლექსიკონში შეიძლება ახსნილი იყოს, რომ გამოვლენილი სიმპტომების 90 პროცენტი მოდის ერთ კონკრეტულ დაავადებაზე, 10 პროცენტი კი სრულიად განსხვავებულ დაავადებაზე. სწორი დიაგნოზის დასასმელად უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ. მსგავსადვე, რომელიმე სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის ცოდნა ვერ დაგეხმარებათ იმ საკვანძო ტექსტის სწორად გაგებაში, რომელშიც ეს სიტყვა სხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. სიტყვის სწორად გასაგებად თქვენ უფრო მეტი უნდა გაიგოთ კონტექსტის შესახებ.
იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვებზეც. უნდა იცოდეთ, რა კონტექსტშია ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული. მაგალითად, ორიგინალში გამოყენებულ სიტყვას, რომელიც ხშირ შემთხვევაში „სულად“ ითარგმნება, კონტექსტის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. ზოგჯერ ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „ქარი“ (გამოსვლა 10:13; იოანე 3:8). ზოგ კონტექსტში ის აღნიშნავს ყოველი ცოცხალი ქმნილების, ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო ძალას (დაბადება 7:22; ფსალმუნი 104:29; იაკობი 2:26). უხილავ ზეციერ ქმნილებებსაც სულები ეწოდებათ (1 მეფეები 22:21, 22; მათე 8:16). ღვთის მოქმედ ძალასაც წმინდა სული ეწოდება (დაბადება 1:2; მათე 12:28). იგივე სიტყვა გამოიყენება იმ ძალის აღსაწერად, რომელიც ადამიანში გარკვეულ განწყობას, დამოკიდებულებას ან ემოციას აღძრავს. ეს ეხება იმ განწყობასაც, რომელსაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ავლენს (დაბადება 26:34, 35; გალატელები 6:18).
შეიძლება ებრაულ ან ბერძნულ ლექსიკონში ერთი სიტყვის მრავალი მნიშვნელობა ნახოთ, მაგრამ მხოლოდ კონტექსტი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, კონკრეტულ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას.b მნიშვნელობა არა აქვს, ბიბლიას ორიგინალის ენაზე ვკითხულობთ თუ მშობლიურ ენაზე, ეს პრინციპი ორივე შემთხვევაში მოქმედებს.
-
-
აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
b უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ზოგიერთ ლექსიკონში რომელიმე სიტყვის ცალკეული მნიშვნელობა კი არ არის განმარტებული, არამედ ის, თუ როგორ არის ნათარგმნი კონკრეტული სიტყვა ამა თუ იმ თარგმანში, მაგალითად ერთ-ერთ ცნობილ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“.
-