საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოთხი რამ, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებაზე
    გამოიღვიძეთ! — 2010 | თებერვალი
    • ოთხი რამ, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებაზე

      სახლის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, მის პატრონებს ორი არჩევანიღა რჩებათ — დაანგრიონ ან შეინარჩუნონ ის.

      თქვენც ასეთი არჩევნის წინაშე დგახართ? შესაძლოა თქვენმა მეუღლემ იმედი გაგიცრუათ ან გაუთავებელმა კამათმა ერთად ცხოვრების ხალისი დაგიკარგათ. ამ დროს შესაძლოა ასეთი ფიქრები მოგდით თავში: „ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი“, „ჩვენ ვერ ვუგებთ ერთმანეთს“ ან „რაზე ვფიქრობდით, როცა დავქორწინდით?“. ამ დროს ადვილად შესაძლებელია, რომ განქორწინებაზეც დაიწყოთ ფიქრი.

      ნუ იჩქარებთ ოჯახის დანგრევას; ჯერ დაფიქრდით. განქორწინებით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ. პირიქით, შეიძლება ახალმა პრობლემებმაც კი იჩინოს თავი. დოქტორი ბრედ ზაქსი თავის წიგნში გვაფრთხილებს: „გაყრის მსურველებს ჰგონიათ, რომ განქორწინებით კონფლიქტისგან ერთხელ და სამუდამოდ დაიხსნიან თავს და ამის შემდეგ მშვიდი, სასიამოვნო ცხოვრება დაიწყება. მაგრამ ეს ისეთივე არარეალურია, როგორც იდეალური ქორწინება“ (The Good Enough Teen). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბოლომდე გვესმოდეს, რასთან არის დაკავშირებული განქორწინება, რათა უფრო ობიექტურად მივუდგეთ ამ საკითხს.

      რას ამბობს ბიბლია გაყრაზე?

      ბიბლია საკმაოდ სერიოზულად უდგება გაყრის საკითხს. მასში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთს სძულს და ვერაგობად თვლის, როცა ვინმე მეუღლეზე უარს ამბობს, თანაც სხვაზე დაქორწინების მიზნით (მალაქია 2:13—16). ქორწინება მუდმივი კავშირია (მათე 19:6). ბევრი ოჯახი არასერიოზული მიზეზების გამო ინგრევა. ეს ასე არ მოხდებოდა, ცოლსაც და ქმარსაც მეტი პატიების უნარი რომ ჰქონოდათ (მათე 18:21, 22).

      ბიბლიის თანახმად განქორწინება და სხვაზე დაქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა რომელიმე მეუღლე მოღალატეა (მათე 19:9). ასე რომ, თუ მეუღლემ გიღალატათ, სრული უფლება გაქვთ დაშორდეთ მას. სხვებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე. არც ეს სტატიაა გამიზნული იმისთვის, რომ გიკარნახოთ, როგორ მოიქცეთ. თქვენი მომავალი გარკვეულწილად დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე; ამიტომ არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა (გალატელები 6:5).

      ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). გაყრისათვის ბიბლიური საფუძველი რომც გქონდეთ, გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც სერიოზულად გმართებთ დაფიქრება (1 კორინთელები 6:12). „ზოგი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღო, — ამბობს ბრიტანელი დეივიდი. — საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ გაყრამდე ჯობია ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო“.a

      განვიხილოთ ოთხი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც უნდა დაფიქრდეთ. ამ სტატიაში მოხსენიებული ადამიანებიდან არც ერთი არ თვლის, რომ მეუღლესთან დაშორება შეცდომა იყო. მაგრამ მათი კომენტარებიდან ისიც ჩანს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ სირთულეები თვეების, ზოგჯერ კი წლების შემდეგაც იჩენს თავს.

      1 ფინანსური პრობლემები

      იტალიელმა დანიელამ 12-წლიანი ქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ქმარს თანამშრომელთან ჰქონდა რომანი. „როცა ეს ამბავი გავიგე, ის ქალი უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო“, — ამბობს ის.

      დანიელა და მისი მეუღლე გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ბოლოს დანიელამ გადაწყვიტა, ოფიციალურად გაყროდა მეუღლეს. „ვცდილობდი, ოჯახი შემენარჩუნებინა, მაგრამ ჩემი ქმარი ისევ მღალატობდა“, — ამბობს ის. დანიელა თვლის, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ დასძენს: „როგორც კი დავშორდი, ეკონომიკურად ძალიან გამიჭირდა. ზოგჯერ ვახშმად ჭიქა რძის მეტი არაფერი მქონდა“.

      ესპანელი მარიაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ჩემი ყოფილი მეუღლე საერთოდ არ გვეხმარება ფინანსურად. ამიტომ მე მიწევს მძიმედ შრომა, რომ მისი ვალები გადავიხადო. კომფორტული სახლიდან პატარა ბინაშიც კი მომიწია გადასვლა, თანაც კრიმინალურ უბანში“.

      როგორც ამ შემთხვევებიდან ჩანს, განქორწინება ხშირად სერიოზულ დარტყმას აყენებს ქალის ფინანსურ მდგომარეობას. ევროპაში ჩატარებული შვიდწლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ მამაკაცების შემოსავალი 11 პროცენტით იზრდება, ხოლო ქალების შემოსავალი 17 პროცენტით კლებულობს. „ზოგი ქალისთვის ეს მძიმე ტვირთია, რადგან მათ არა მარტო შვილებზე უნდა იზრუნონ, არამედ სამსახურიც უნდა იშოვონ და ემოციურ ტრავმასაც გაუმკლავდნენ“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, მიკე იანსენი. ლონდონში გამომავალ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ ადვოკატების თქმით ეს ფაქტორები ბევრს აიძულებს „გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეს“ (Daily Telegraph).

      შედეგები: განქორწინებამ შეიძლება თქვენს შემოსავალზე მოახდინოს გავლენა. შეიძლება საცხოვრებლად სხვაგანაც მოგიწიოთ გადასვლა. ადვილი არც საკუთარ თავზე და შვილებზე ზრუნვა იქნება (1 ტიმოთე 5:8).

      2 მშობლის ტვირთი

      „ჩემი ქმრის ღალატმა შოკში ჩამაგდო, — ამბობს ბრიტანელი ჯეინი. — ვერ ვიჯერებდი, რომ მას მართლა უნდოდა ჩვენი მიტოვება“. ჯეინი ქმარს გაეყარა. ის დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ აღიარებს: „ძალიან გამიჭირდა ბავშვებისთვის დედაც ვყოფილიყავი და მამაც. ყველა გადაწყვეტილების მიღება მე მიწევდა“.

      ესპანელი გრასიელაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ჩემი ბიჭი 16 წლის იყო, როცა მასზე მზრუნველობა მთლიანად მე დამეკისრა, — ამბობს ის. — მოზარდობის წლები ყველაზე რთულია ბავშვებისთვის. მე კი მზად არ ვიყავი, რომ მარტო აღმეზარდა შვილი. დღედაღამ ვტიროდი. თავი უვარგისი დედა მეგონა“.

      თუ ორივე მშობელს უწევს ბავშვზე ზრუნვა, ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები წარმოშვას. მაგალითად ყოფილ მეუღლესთან შეიძლება მოგიწიოთ იმაზე შეთანხმება, როდის მოინახულებთ ბავშვს, როგორ მოუვლით ან როგორ აღზრდით. შეერთებულ შტატებში მცხოვრები კრისტინი ამბობს: „ადვილი არ არის ყოფილ მეუღლესთან საქმიანი ურთიერთობა. რთულია ამ საკითხს ცივი გონებით მიუდგე. თუ ფრთხილად არ იქნები, ამ სიტუაციაში შეიძლება ბავშვი იარაღად გამოიყენო“.

      შედეგები: ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლომ შეიძლება თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღოს. თუ პასუხისმგებლობები თანაბრად დაგეკისრათ, შეიძლება ყოფილ მეუღლესთან ვერ შეთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვის მონახულება, ფინანსური მხარდაჭერა და სხვა.

      3 როგორ შეიძლება იმოქმედოს განქორწინებამ თქვენზე

      ბრიტანელ მარკს მეუღლემ ორჯერ უღალატა. ის ამბობს: „მეორედ რომ მიღალატა, მივხვდი, რომ ამას უკვე ვეღარ ავიტანდი“. მარკი გაეყარა ცოლს, მაგრამ მისდამი გრძნობა არ განელებია. „ზოგს ჰგონია, რომ თუ ჩემთან უარყოფითად ილაპარაკებს მასზე, ტკივილის ატანაში დამეხმარება, მაგრამ ეს ასე არ არის. სიყვარული ასე ადვილად არ ქრება“, — ამბობს მარკი.

      ზემოთ ხსენებულმა დეივიდმაც ძალიან განიცადა ცოლის ღალატი. „ვერ ვიჯერებდი, — იხსენებს ის. — მინდოდა, მთელი ცხოვრება ცოლ-შვილის გვერდით გამეტარებინა“. დეივიდმა განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ცოლთან დაშორებამ მას ადამიანების მიმართ ნდობა შეურყია. „არა მგონია, ოდესმე ვინმეს კიდევ შევუყვარდე, თუნდაც ხელმეორედ დავქორწინდე, — ამბობს ის. — საკუთარი თავის რწმენა დავკარგე“.

      თუ განქორწინებული ხართ, შეიძლება ათასნაირი გრძნობა დაგეუფლოთ. ერთი მხრივ, შეიძლება ისევ გიყვართ ის ადამიანი, რომელიც ერთ დროს თქვენი მეორე ნახევარი იყო (დაბადება 2:24). მეორე მხრივ კი, შეიძლება გამწარებული ხართ მომხდარის გამო. ზემოთ ხსენებული გრასიელა ამბობს: „წლების შემდეგაც კი საკუთარ ადგილს ვერ პოულობ. თავს დამცირებულად და უმწეო ბავშვივით გრძნობ. გახსენდება მასთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები და ფიქრობ: რამდენჯერ მითხრა, უშენოდ ცხოვრება არ შემიძლიაო. ნუთუ ყოველთვის მატყუებდა? რატომ მოხდა ეს?“.

      შედეგები: შესაძლოა დიდხანს ვერ მოერიოთ სიბრაზეს და გულისწყრომას თქვენი მეუღლის საქციელის გამო. ზოგჯერ მარტოობის გრძნობაც შეიძლება აუტანელი გახდეს (იგავები 14:29; 18:1).

      4 როგორ შეიძლება იმოქმედოს განქორწინებამ ბავშვებზე

      „შოკში ვიყავი, — ამბობს ესპანელი ხოსე. — ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ცოლი ჩემი დის ქმართან მღალატობდა. სიკვდილს ვნატრობდი“. დედის საქციელმა ხოსეს ორი და ოთხი წლის ვაჟებზეც ძალიან იმოქმედა. „ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. მათ არ ესმოდათ, რატომ ცხოვრობდა მათი დედა ბიძასთან და ჩვენ რატომ გადავედით საცხოვრებლად ჩემს დასთან და დედასთან. როცა სადმე ვაპირებდი წასვლას, სულ იმას მეკითხებოდნენ: როდის მოხვალ? შენც ხომ არ მიგვატოვებო?“.

      მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, როგორ იმოქმედებს განქორწინება ბავშვებზე. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ ერთმანეთს ვერ ეგუებიან? ნამდვილად „უკეთესი იქნება ბავშვებისთვის“, თუკი ისინი ერთმანეთს გაეყრებიან? ბოლო წლებში ამ შეხედულებას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი გაყრას გაუმართლებლად თვლიან განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში სიტუაცია უკიდურესად არ არის დაძაბული. ერთ წიგნში, რომელიც განქორწინების პრობლემებს ეხება, აღნიშნულია: „ისინი, ვისაც ქორწინებაში არ გაუმართლა, შეიძლება გააკვირვოს იმის გაგებამ, რომ მათი შვილები მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი ხვედრით. მათ სულ არ ანაღვლებთ, უგებენ თუ არა მშობლები ერთმანეთს. მთავარია, დედა და მამა გვერდით ჰყავდეთ“ (The Unexpected Legacy of Divorce).

      ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს კარგად ესმით, რომ ოჯახში სიტუაცია დაძაბულია. ოჯახური კონფლიქტები უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განქორწინება მათ ინტერესებს ემსახურება. „ოჯახის სტრუქტურა საშუალებას აძლევს მშობლებს იზრუნონ ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე მაშინაც კი, თუ მათი ოჯახი იდეალისგან შორს დგას“, — ნათქვამია წიგნში, რომელიც ოჯახურ პრობლემებს ეხება (The Case for Marriage, by Linda J. Waite and Maggie Gallagher).

      შედეგები: განქორწინებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვების ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ მეორე მშობელთან ნორმალური ურთიერთობის საშუალებას არ აძლევთ (იხილეთ ჩარჩო „ორ ცეცხლს შუა“).

      ამ სტატიაში განვიხილეთ ოთხი ფაქტორი, რომლებზეც ღირს დაფიქრება, სანამ განქორწინებას გადაწყვეტთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ მეუღლემ გიღალატათ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, დაშორდეთ თუ არა მას. ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინეთ შედეგები. წინასწარ განსაზღვრეთ, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეთ და მზად იყავით მათთან გასამკლავებლად.

      ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდეთ, რომ თქვენ შემთხვევაში ოჯახის შენარჩუნება აჯობებს. რამდენად რეალურია ეს მიზანი?

  • შეგიძლიათ ოჯახი დანგრევას გადაარჩინოთ?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | თებერვალი
    • შეგიძლიათ ოჯახი დანგრევას გადაარჩინოთ?

      პატრონები ხვდებიან, რომ მათი სახლი ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც მის შეკეთებას ამჯობინებენ.

      თქვენც გინდათ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახი დანგრევას? თუ დიახ, რითი უნდა დაიწყოთ აღდგენითი სამუშაოები? შეიძლება თქვენთვის პრაქტიკული აღმოჩნდეს შემდეგი რჩევები.

      1 მიიღეთ გადაწყვეტილება

      შეთანხმდით თქვენს მეუღლესთან, რომ ეცდებით ოჯახში მშვიდობის აღდგენას. ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი მიზნები. თუ ორივე საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას, მაშინ თქვენი ოჯახის შენარჩუნება საერთო საქმე გახდება (ეკლესიასტე 4:9, 10).

      2 დაადგინეთ პრობლემის მიზეზი

      რა უქმნის საფრთხეს თქვენს ქორწინებას? მოკლედ დაწერეთ, თქვენი აზრით რა სჭირდება თქვენს ოჯახს და რას შეცვლიდით (ეფესოელები 4:22—24). შეიძლება თქვენი და თქვენი მეუღლის აზრები ერთმანეთს არ დაემთხვეს და ეს ბუნებრივიცაა.

      3 დაისახეთ მიზანი

      როგორი გინდათ იყოს თქვენი ოჯახური ცხოვრება ექვსი თვის შემდეგ? რა გინდათ, რომ შეიცვალოს? ჩამოწერეთ თქვენი მიზნები. მიზანს უფრო ადვილად მიაღწევთ, თუ კარგად გესმით, რა სჭირდება თქვენს ოჯახს (1 კორინთელები 9:26).

      4 გამოიყენეთ ბიბლიური რჩევა

      მას შემდეგ, რაც კარგად გაერკვევით თქვენს პრობლემაში და განსაზღვრავთ, რა უნდა შეცვალოთ, რჩევებისთვის ბიბლიას მიმართეთ. მასში ჩაწერილი პრინციპები არ ძველდება (ესაია 48:17; 2 ტიმოთე 3:17). მაგალითად, ბიბლია მოგიწოდებთ, რომ იყოთ მიმტევებლები. მასში ნათქვამია: „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11; ეფესოელები 4:32).

      თუ პირველივე მცდელობისას სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, ნუ დანებდებით! ერთ წიგნში, რომელიც ოჯახურ პრობლემებს ეხება, მოყვანილი იყო ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგები: „საოცარია, მაგრამ იმ ცოლ-ქმართა 86 პროცენტი, რომლებიც სირთულეების მიუხედავად არ ანგრევენ ოჯახებს, ხუთი წლის შემდეგ უფრო ბედნიერები არიან“ (The Case for Marriage). იმ წყვილებმაც კი, რომლებიც უბედური ქორწინების მსხვერპლად თვლიდნენ თავს, აზრი შეიცვალეს.

      ამან შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც გაამართლოს. ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები თავად დარწმუნდნენ, რომ ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს დაქორწინებულებს. მაგალითად, მრავალ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უმჯობესდება, თუ ისინი კეთილად ექცევიან ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნობენ და მთელი გულით პატიობენ. ცოლებმა თავად დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია „სიმშვიდე და რბილი ხასიათი“, ქმრები კი მიხვდნენ, რამდენად გონივრულია რჩევა, არ იყვნენ სასტიკნი ცოლების მიმართ (1 პეტრე 3:4; კოლოსელები 3:19).

      ბიბლიური რჩევები მართლაც პრაქტიკულია, რადგან მასში ჩაწერილი სიტყვების ავტორი, ოჯახის დამფუძნებელი, იეჰოვა ღმერთია. თუ გაინტერესებთ როგორ შეუძლია ბიბლიას თქვენი ოჯახის დახმარება, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს და ისინი სიამოვნებით მოგაწვდიან მეტ ინფორმაციას.a

      [სქოლიო]

      a იეჰოვას მოწმეებმა ოჯახების დასახმარებლად გამოსცეს 192-გვერდიანი წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მეტი ინფორმაციისთვის მისწერეთ გამომცემლებს ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება