-
შიშისა და სასოწარკვეთილების დროს აკიაფებული იმედის ნაპერწკალიგამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
-
-
შიშისა და სასოწარკვეთილების დროს აკიაფებული იმედის ნაპერწკალი
„ჩემს გარშემო ყველა შენობა ირყეოდა და მათში წამდაუწუმ ცეცხლის ალი ჩნდებოდა. გავრბოდი. ყველა მხრიდან ხალხის ყვირილი და მუდარა მესმოდა — ისინი შველას ითხოვდნენ. მეგონა, რომ ქვეყნიერების აღსასრული დადგა“
ყოველ წელს მილიონობით მიწისძვრა არყევს ჩვენი მოუსვენარი პლანეტის ქერქს. აქედან უმეტესობა ადამიანისთვის შეუმჩნეველიაa. მაგრამ ყოველ წელს, საშუალოდ, დაახლოებით 140 ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა ხდება, რომლებიც შეიძლება დახასიათდეს როგორც „ძლიერი“, „მეტად ძლიერი“ ან სულაც „კატასტროფული“. კაცობრიობის ისტორიაში ასეთმა მიწისძვრებმა სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს და აუარებელი ქონება მოსპო.
ეს სტიქიური უბედურება გადარჩენილებზეც ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ასე, მაგალითად, 2001 წლის დასაწყისში სალვადორში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კომიტეტის კოორდინატორმა თქვა: „ადამიანებს ემოციური პრობლემები გაუჩნდათ, რაც იმით გამოიხატება, რომ ისინი ნაღველით არიან მოცული, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და გულისწყრომა ეუფლებათ“. და გასაკვირიც არაა, რომ, როგორც ჯანდაცვის მუშაკები იტყობინებოდნენ, სალვადორში 73 პროცენტით იმატა იმ ავადმყოფების რაოდენობამ, რომლებიც განუწყვეტელი შიშითა და დეპრესიით იტანჯებიან. გამოკვლევებიდანაც ჩანს, რომ დროებით ბანაკებში შეფარებული ხალხი წყლის მერე ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.
მიწისძვრებს მოსდევს ნგრევა, სიკვდილი და სასოწარკვეთილება. მაგრამ ამ ტრაგედიების ხსენებისას შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ის, თუ რა უჩვეულო ძალით ავლენენ ამ დროს ადამიანები თავგანწირვასა და დახმარებისთვის მზადყოფნას. ბევრნი დაუღალავად შრომობენ დანგრეული შენობების აღსადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად. და როგორც შემდგომ დავინახავთ, შიშისა და სასოწარკვეთილების მიუხედავად, ხალხს არ უქრება იმედის ნაპერწკალი.
[სქოლიო]
a ყოველდღე ათასობით ასეთი შეუმჩნეველი მიწისძვრა ხდება.
-
-
როგორ ხდება მიწისძვრაგამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
-
-
როგორ ხდება მიწისძვრა
„იმდენად მივეჩვიეთ მყარ მიწაზე დგომას, რომ, როდესაც ის რყევას იწყებს, თავზარი გვეცემა“ (წიგნიდან „ბობოქარი პლანეტა“).
მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი და საშინელი ძალის მქონე მოვლენაა“, — აღნიშნულია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ვინაიდან ერთი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია 10 000-ჯერ აღემატება პირველი ატომური ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ენერგიას! ამ სტიქიას კიდევ უფრო საშიშს ხდის ის ფაქტი, რომ მიწისძვრა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, წელიწადისა თუ დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. თუმცა კი მეცნიერებს შეიძლება გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ სად დაიწყება მიწისქვეშა ბიძგები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ როდის.
მიწისძვრები ხდება დედამიწის წიაღში ქანთა მასების გადაადგილების შედეგად. ეს მუდმივი პროცესია. ხშირად, ამის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღები არ არის ისეთი სიძლიერის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ, მაგრამ ისინი ფიქსირდება და იწერება სეისმოგრაფის მეშვეობითa. ზოგჯერ დედამიწის ქერქის საკმაოდ დიდი მონაკვეთების გახლეჩა და გადაადგილება ხდება ხოლმე, რის გამოც დედამიწის ზედაპირი ძლიერ ირყევა.
მაგრამ რა იწვევს დედამიწის ქერქის განუწყვეტელ მოძრაობას? «ამის ახსნა შეგვიძლია ვიპოვოთ „ახალ გლობალურ ტექტონიკაში“, ჰიპოთეზაში, რომელმაც მთლიანად შეცვალა გეოლოგიაში მანამდე არსებული წარმოდგენები, — ამბობენ შეერთებული შტატების სეისმურ სამსახურთან არსებული ეროვნული საინფორმაციო ცენტრის (NEIC) წარმომადგენლები. — დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწის ქერქი შვიდი უშველებელი ფილაქნისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, უფრო მომცრო ზომის რამდენიმე ფილისგან არიან წარმოქმნილი. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ ერთიმეორის მიმართ და წელიწადში 10-დან 130 მილიმეტრამდე მანძილით გადაადგილდებიან». ამ ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, მიწისქვეშა ბიძგების კერა უმეტესწილად ამ დიდი ფილაქნების ვიწრო სასაზღვრო ზონებში ანუ სეისმურ სარტყლებში წარმოიქმნება. როგორც ჩანს, ძლიერ მიწისძვრათა 90 პროცენტი სწორედ ამ ზონებზე მოდის.
მაგნიტუდა და ინტენსიურობა
მიწისძვრის სიძლიერე განისაზღვრება მისი მაგნიტუდით ან ინტენსიურობით, რომელიც ბალებში იზომება. XX საუკუნის 30-იან წლებში ჩარლზ რიხტერმა მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდის დასადგენი სკალა შექმნა. სეისმური სადგურების ქსელი ფართოვდებოდა და ამასთანავე, რიხტერის სკალაზე დაყრდნობით ახალი სკალებიც იქმნებოდა. მაგალითად, სეისმური მომენტის სიდიდის განმსაზღვრელი სკალით იზომება მიწისძვრის კერაში გამოთავისუფლებული ენერგია.
მაგრამ ფაქტია, რომ ამ სკალების მეშვეობით ყოველთვის სრულად არ ხერხდება მიწისძვრით მიყენებული ზარალის განსაზღვრა. შესადარებლად ავიღოთ ორი მიწისძვრა. აქედან ერთი მოხდა 1994 წლის ივნისში ბოლივიაში, მისი მაგნიტუდა იყო 8, 2; მიწისძვრამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოლო 1976 წელს ტანშანში (ჩინეთი) მომხდარი მიწისძვრის დროს, რომლის მაგნიტუდა შედარებით ნაკლები იყო — 8, 0 — ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა!
მაგნიტუდისგან განსხვავებით, ინტენსიურობა, რომელიც გამოიხატება ბალებით, უჩვენებს, თუ რა ზარალი მიაყენა მიწისქვეშა ბიძგებმა ადამიანებს, შენობებსა და გარემოს მთლიანობაში. მიწისძვრის სიძლიერის შეფასების ეს სისტემა უფრო თვალსაჩინოა. ჩვეულებრივ, არა თავად მიწისძვრა აზიანებს ადამიანებს, არამედ მისი შედეგები: ჩამოქცეული კედლები, გაზსადენებისა თუ ელექტროგადაცემის ხაზების დაზიანება, ჩამოვარდნილი საგნები და ასე შემდეგ. ძირითადად, ზუსტად ამის გამო ზიანდება ხალხი და სიკვდილსაც სწორედ ეს იწვევს.
სეისმოლოგების ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი წინასწარ გააფრთხილონ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. ამ მიზნით მუშავდება სპეციალური ციფრული პროგრამა — Advanced Seismic Research and Monitoring System. სი-ენ-ენის შეტყობინების თანახმად, ეს სისტემა, აგრეთვე უფრო ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფა და ისიც, რომ უფრო სწრაფად ხდება ციფრული ხელსაწყოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მიღება, სეისმოლოგებს დაეხმარება იმაში, რომ „პრაქტიკულად მაშინვე დაადგინონ, თუ რა არეებში გამოიწვია სეისმურმა ტალღებმა მიწის ზედაპირის უფრო ძლიერი რყევა“. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიწისძვრით დაზარალებული რაიონებისთვის დროული დახმარების აღმოჩენას გაუადვილებს.
მიწისძვრის შესახებ დროულ შეტყობინებას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და ზარალი, და რაც ყველაზე მთავარია, იხსნას ადამიანთა სიცოცხლე. რადგან მიწისძვრები მუდმივად ხდება, იბადება კითხვა: როგორ ეხმარებიან დაზარალებულებს?
[სქოლიო]
a სეისმოგრაფი არის ხელსაწყო, რომელიც იწერს დედამიწის ქერქის რხევებს მიწისძვრის დროს. პირველი სეისმოგრაფი შეიქმნა 1890 წელს. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 4 000-ზე მეტი სეისმური სადგური ფუნქციონირებს.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მიწისძვრების სიხშირე
დახასიათება მაგნიტუდა საშუალო რიცხვი წელიწადში
კატასტროფული 8 და მეტი 1
მეტად ძლიერი 7—7,9 18
ძლიერი 6—6,9 120
ზომიერი 5—5,9 800
უმნიშვნელო 4—4,9 6 200*
სუსტი 3—3,9 49 000*
ძალიან სუსტი 3,0-ზე ნაკლები მაგნიტუდა 2—3:
დღეში 1000-მდე
მაგნიტუდა 1—2:
დღეში 8000-მდე
* მიახლოებით.
[საავტორო უფლება]
წყარო: National Earthquake Information Center
USGS/National Earthquake Information Center, USA-ს ნებართვით
[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Seismogram on pages 4 and 5: Figure courtesy of the Berkeley Seismological Laboratory
-
-
სტიქიის შემდეგგამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
-
-
სტიქიის შემდეგ
„დილიდან გზაში ვართ. გავრბივართ, თავი რომ გადავირჩინოთ. არც წყალი გვაქვს და არც საჭმელი. ყველა სახლი დაინგრა“ (ხარჯივანი, რომელიც 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრას გადაურჩა ინდოეთში).
გამძვინვარებულ სტიქიასთან შეხვედრა ადამიანებს თავზარს სცემს. „ჩემს საწოლთან მდგარი ხის მაღალი კარადიდან სეტყვასავით წამოვიდა წიგნები, — იხსენებს ერთი ქალი, რომელიც ტაივანში 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას გადაურჩა. — მოტოციკლით მგზავრობისთვის ახლახან შეძენილი კასკა კარადიდან გადმოვარდა და საწოლზე მწოლარეს კინაღამ თავზე დამეცა და მომკლა“.
მიწისძვრის შემდეგ
მიწისძვრა საშინელი მოვლენაა და ისინიც კი, ვინც მას გადაურჩა, მდგომარეობიდან ადვილად ვერ გამოდიან. განმეორებითი ბიძგების საშიშროების მიუხედავად, მიწისძვრის შემდგომ პირველივე საათებში მაშველები ვაჟკაცურად ცდილობენ დაზარალებულთა მოძებნასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას. „უაღრესად ფრთხილად უნდა ვიყოთ, — თქვა ერთმა მამაკაცმა, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო სალვადორში ამას წინათ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული კვარტლის გაწმენდაში. — თუ ბიძგები განმეორდება, ამ ნანგრევების დარჩენილი ნაწილიც შეიძლება ჩამოიქცეს“.
ზოგჯერ ადამიანები დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისას თავგანწირვის არნახულ სულს ავლენენ. მაგალითად, 2001 წლის დასაწყისში ინდოეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ხანში შესულმა მამაკაცმა, სახელად მანუმ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. „მე უნდა დავბრუნდე, — ფიქრობდა ის, — არა მხოლოდ ჩემი ოჯახის, არამედ ყველა იმ ადამიანის დასახმარებლად, ვინც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა“. იმ რეგიონებში, რომლებსაც ის ეწვია, მანუმ ფრიად დამთრგუნველი სურათი იხილა, მაგრამ აღნიშნა: „ხალხი გასაოცარ სიმამაცეს ავლენს“. ერთი ჟურნალისტი კი წერდა: „ჩემი ნაცნობებიდან ერთ ადამიანსაც კი ვერ დავასახელებ, რომელსაც სხვისთვის თავისი სარჩო-საბადებელი არ გაეყო — ზოგმა ერთი დღის, კვირის თუ თვის ხელფასი გაიღო, სხვებმა კი თავისი დანაზოგიდან რაღაც უწილადეს ან კიდევ სხვა რამ მისცეს დაზარალებულებს“.
ერთია, გაწმინდო ნანგრევები და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინო, მაგრამ სულ სხვაა ის, რომ გადატანილი საშინელების შემდეგ ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნო. აი, რას ამბობს დელორესი, რომელსაც სალვადორში მომხდარი მიწისძვრის დროს სახლი დაენგრა: „ეს ომზე უარესია. მაშინ, სხვა თუ არაფერი, თავზე ჭერი მაინც გვეფარა“.
როგორც პირველ სტატიაში იყო ნახსენები, ყველაზე მეტად ხალხი ზოგჯერ არა მხოლოდ მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, არამედ ემოციურ მხარდაჭერასაც. მაგალითად, როდესაც 1999 წლის დასაწყისში მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა დასავლეთ კოლუმბიის ქალაქი არმენია, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი შოკში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ექიმი-ფსიქიატრი რობერტო ესტეფანი, რომელსაც ამ სტიქიის დროს თავადაც დაენგრა სახლი, ამბობს: „სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველგან დახმარებას ითხოვდნენ. წასახემსებლად გავედი და გზაში ვისაც კი შევხვდი, ყველა უძილობას უჩიოდა და ამბობდა, რომ დათრგუნული იყო“.
როგორც ექიმისთვის, დ-რ ესტეფანისთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიწისძვრამ შეიძლება საკმაოდ შემაძრწუნებლად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკაზე. ერთმა ქალმა, რომელიც დროებითი ბანაკების მოწყობაზე მოხალისედ მუშაობდა, აღნიშნა, რომ ზოგი ადამიანი სამსახურში წასვლას უაზრობად თვლიდა — მაინც მალე უნდა მოვკვდეთო.
სასოწარკვეთილებს იმედს უნერგავენ
ასეთი უბედურებების დროს იეჰოვას მოწმეები ყოველ ღონეს ხმარობენ გადარჩენილთა დასახმარებლად; ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ისინი დაზარალებულთა სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავენ. მაგალითად, კოლუმბიაში მომხდარი ზემოხსენებული მიწისძვრის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა მყისვე შექმნა ადგილობრივი საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენაზე უნდა ეზრუნა. ქვეყნის ყველა კუთხეში მცხოვრები ათასობით მოწმე სწირავდა ფულსა და საკვებს. მალე მიწისძვრით გაჩანაგებულ ტერიტორიებში 70 ტონამდე საკვები გაიგზავნა.
ასეთ დროს ადამიანებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სულიერი დახმარება. კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ერთ დილას, ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ შეამჩნია ქალი, რომელიც დანგრეული ქალაქის ქუჩაში მძიმედ მიდიოდა. ქალს სახეზე ღრმა მწუხარება აღბეჭდოდა. მოწმე მივიდა მასთან და შესთავაზა ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“a.
ქალმა ტრაქტატი სახლში წაიღო და ყურადღებით წაიკითხა. სხვა დროს, როდესაც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მიაკითხა, მან თავისი ამბავი მოუთხრო მას. თურმე, მიწისძვრამ ქალაქში რამდენიმე სახლი დაუნგრია, საიდანაც კარგი შემოსავალი ჰქონდა. ახლა ის გაღარიბდა, მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა — მოხდა საშინელება: მისი 25 წლის ვაჟი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. ქალმა უთხრა მოწმეს, რომ ადრე მას არასოდეს აინტერესებდა რელიგია, მაგრამ ახლა ბევრი კითხვა გაუჩნდა. ტრაქტატმა ნამდვილი იმედი ჩაუსახა. მალე მასთან ბიბლიის საშინაო შესწავლა დაიწყეს.
იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სჯერათ, რომ მალე დადგება დრო, როდესაც კაცობრიობას აღარ დაემუქრება არანაირი სტიქია, მიწისძვრების ჩათვლით. მომდევნო სტატიაში ახსნილია, თუ რატომ არიან ისინი ამაში დარწმუნებული.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
უსაფრთხოების ზომები
◼ შეამოწმეთ, კარგადაა თუ არა დამაგრებული წყლის გამაცხელებლები და დგას თუ არა მძიმე საგნები იატაკზე ან ქვედა თაროებზე.
◼ ასწავლეთ ოჯახის წევრებს ელექტრობისა და გაზის გამორთვა, და წყლის დაკეტვა.
◼ ოჯახში იქონიეთ ცეცხლსაქრობი და პირველი დახმარების საგნები.
◼ ახლოს გქონდეთ პორტატიული რადიომიმღები ახალი ბატარეებით.
◼ ასწავლეთ ოჯახის წევრებს უსაფრთხოების ზომები და განუმარტეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებელია: 1) სიმშვიდის შენარჩუნება, 2) ღუმელისა და ყველა გასათბობი ხელსაწყოს გამორთვა, 3) კარებში ჩადგომა ან მაგიდის ქვეშ შეძრომა, და 4) ფანჯრების, სარკეებისა და საკვამურისგან მოშორებით ყოფნა.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
მიწისძვრები ისრაელში
როგორც პროფესორი ამოს ნური ამბობს, „ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით“ ისრაელში „უხსოვარი დროიდან ხდებოდა მიწისძვრები და თანაც ბევრად უფრო ხშირად“. ეს აიხსნება იმით, რომ აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის ნაწილი, რომელიც ხმელთაშუა ზღვისა და არაბეთის ფილაქნებს ყოფს, გადის პირდაპირ ისრაელის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.
ინტერესს იწვევს ის, რომ, არქეოლოგების აზრით, ძველი ინჟინრები გარკვეულ ზომებს იღებდნენ, რათა შენობები სეისმურად უფრო მედეგი გაეხადათ. ეს მოსაზრება ეთანხმება ბიბლიაში სოლომონის მიერ წარმოებული სამშენებლო პროგრამის აღწერას: „დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი“ (მესამე მეფეთა 6:36; 7:12). არქეოლოგებმა სხვაგანაც აღმოაჩინეს მშენებლობაში ხის ძელებისა და ქვების ერთად გამოყენების მტკიცებები. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობა მეგიდოს კარიბჭეა. როგორც ვარაუდობენ, ეს კარიბჭე სოლომონის დროს ან უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული. მეცნიერ დეივიდ როულის აზრით, ეს ძელები „იმისთვის იყო დართული ნაგებობებში, რომ მიწისძვრის დროს შენობები ნაკლებად დაზიანებულიყო“.
[სურათი]
ბეთ-შეანში (ისრაელი) მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დარჩენილი ნანგრევები.
[ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]
ორი საშინელი წუთი მიწისძვრის დროს გადარჩენილის მონათხრობი
აჰმადაბადში (ინდოეთი) ჩვენი ოჯახი ახლო ნათესავის ქორწილისთვის ემზადებოდა. 2001 წლის 26 იანვარს ხმაურმა გამაღვიძა: ეს არ იყო მაღვიძარას ხმა; ძლიერი რყევა ვიგრძენი. გავიგონე, როგორ ეხეთქებოდნენ აქეთ-იქით რკინის კარადები და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ბიძეჩემმა დაიყვირა: „გამოდით მალე გარეთ!“. ქუჩაში გავვარდით და დავინახეთ, რომ ჩვენი სახლი აკვანივით ირწეოდა. ეს წუთები მთელ მარადისობად მოგვეჩვენა, თუმცა, სინამდვილეში, მიწისძვრა სულ ორ წუთს გრძელდებოდა.
გონს მოსვლა გვიჭირდა. შევამოწმეთ, ვინმე ხომ არ იყო დაშავებული ჩვენი ოჯახიდან. ტელეფონი აღარ მუშაობდა და ელექტროენერგიაც გამოირთო, ამიტომ თავიდან გაგვიჭირდა იმის გაგება, რამე ხომ არ დაემართათ ახლომდებარე ქალაქებში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში თითქმის ერთი საათი დავყავით, მერე კი შევიტყვეთ, რომ ყველანი ცოცხლები იყვნენ. მაგრამ ყველას ჩვენსავით როდი გაუმართლა. აჰმადაბადში ასზე მეტი შენობა დაინგრა და 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა განუწყვეტლივ შიშში იყო. დასაძინებლად წასულ ხალხს ყოველღამე მოსალოდნელი განმეორებითი ბიძგების ეშინოდა. ბევრი უსახლკაროდ დარჩა, აღდგენითი სამუშაოები კი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. აი, რა მოჰყვა ერთ მიწისძვრას, რომელიც სულ რაღაც ორი წუთი გაგრძელდა, მაგრამ არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან (მოგვითხრო სამირ სარაიამ).
[სურათი 6, 7 გვერდებზე]
2001 წლის იანვარში ინდოეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გადარჩენილ მამაკაცს ნანგრევებში დაღუპული დედის სურათი უკავია, რომლის სხეულიც ცეცხლს მისცეს
[საავტორო უფლება]
© Randolph Langenbach/UNESCO (www.conservationtech.com)
-
-
მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენგამოიღვიძეთ! — 2002 | აგვისტო 8
-
-
მიწისძვრები, ბიბლიური წინასწარმეტყველებები და თქვენ
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ „წუთისოფლის აღსასრულის“ მომასწავებელი მოვლენები იწინასწარმეტყველა. მან თქვა, რომ ეს დრო ეპიდემიებით, საკვების უკმარისობითა და დიდი მასშტაბის ომებით იქნებოდა გამორჩეული. იესომ ისიც ახსენა, რომ „ადგილ-ადგილ“ „დიდი მიწისძვრანი“ მოხდებოდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). ნამდვილად ჩვენს დღეებს ეხებოდა იესოს წინასწარმეტყველება?
ბევრი თვლის, რომ არა. ისინი ამტკიცებენ, რომ ბოლო ათწლეულებში მიწისძვრათა რიცხვი მაინცდამაინც საგრძნობლად არ გაზრდილა. შეერთებული შტატების სეისმურ სამსახურთან არსებული ეროვნული საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მთელი XX საუკუნის მანძილზე „პრაქტიკულად უცვლელი“ იყო 7, 0 და მეტი მაგნიტუდის მიწისძვრების რაოდენობაa.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იესოს არ უწინასწარმეტყველებია მიწისძვრების რაოდენობისა და ძალის ზრდა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილ-ადგილ დიდი მიწისძვრები მოხდებოდა; თანაც ახსენა, რომ ეს მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი“ იქნებოდა (მათე 24:8). ხოლო მიწისძვრით მიყენებული ტკივილი და ტანჯვა არა მათი რაოდენობითა თუ რიხტერის სკალის მაჩვენებლით განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა მან ადამიანებს.
ეს მიწისქვეშა სტიქია დღეს მართლაც ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ხალხს. XX საუკუნის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა ან უსახლკაროდ დარჩა. სპეციალისტთა აზრით, ბევრი ასეთი მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. „განვითარებად ქვეყნებში, — იტყობინება ბი-ბი-სი, — ურბანიზაციის ტემპების ზრდასთან ერთად მეორე ადგილზე გადადის სეისმომედეგი მშენებლობის საჭიროება და ხშირად, სახლების უფრო სწრაფად და იაფად აშენების გამო, სამშენებლო ნორმების უგულებელყოფა ხდება“. ბოლო დროს დატრიალებული ორი ტრაგედიის კომენტირებისას, ბენ უისნერი, რომელიც ქალაქებში მომხდარ კატასტროფებს იკვლევს, ამბობს: „ხალხს მიწისძვრები კი არ კლავს — კლავს ადამიანების გულგრილობა, შეცდომები, კორუმპირებულობა და სიხარბე“.
მართლაც, მიწისძვრების დროს ხალხი ზოგჯერ სწორედ რომ ადამიანთა ეგოიზმისა და დაუდევრობის გამო იღუპება. საინტერესოა, რომ ეს თვისებები მოხსენიებულია ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებაში, რომელიც აგრეთვე ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებს“ ეხება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ დროს ადამიანები იქნებოდნენ „ეგოისტები, ფულის მოყვარულნი“ და „გულქვები“ (2 ტიმოთე 3:1—5, The Amplified Bible). იესო არა მხოლოდ ამ სისტემის აღსასრულზე წინასწარმეტყველებდა, მისი სიტყვები იმაშიც გვარწმუნებს, რომ ახლოა დრო, როდესაც ღმერთი შვებას მოუტანს ტანჯულ კაცობრიობას და გაათავისუფლებს მას ყველანაირი საწუხრისგან, მიწისძვრების ჩათვლით (ფსალმუნი 36:11).
თუ გსურთ მეტის გაგება ამ ბიბლიური იმედის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მოგვწერეთ მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
[სქოლიო]
a ნებისმიერ შეტყობინებას მიწისძვრების რიცხვის ზრდაზე ზოგი მიაწერს იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი ხდება სეისმური აქტივობის უფრო მეტი შემთხვევის აღრიცხვა.
-