-
ის ფხიზლობდა და ელოდამიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 11
ის ფხიზლობდა და ელოდა
1, 2. რა არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია ელიას, და როგორ განსხვავდებოდნენ ის და ახაბი ერთმანეთისგან?
ელიას სურდა, განმარტოებულიყო და თავისი ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. მაგრამ ირგვლივ მყოფი ხალხი სულ ახლახან გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ჩამოვარდა ცეცხლი ზეციდან ამ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ლოცვის შემდეგ. მრავალ მათგანს სურდა, მოეპოვებინა მისი კეთილგანწყობა. ვიდრე ქარმელის მთის წვერზე ავიდოდა და იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ელიას არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია. მას მეფე ახაბთან უნდა ელაპარაკა.
2 იშვიათად თუ მოიძებნება ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი ადამიანი. მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი ახაბი ორგული, ხარბი და სუსტი ნებისყოფის კაცი იყო. ელია კი, რომელსაც წინასწარმეტყველის უბრალო, ცხოველის უხეში ტყავისგან შეკერილი (ან აქლემისა თუ თხის ბეწვით ნაქსოვი) სამოსი ეცვა, ძალიან გაბედული, პატიოსანი და დიდი რწმენის მქონე კაცი იყო. ამ დღის ბოლოს ბევრი რამ გახდა ცნობილი ამ ორი მამაკაცის შესახებ.
3, 4. ა) რატომ არ გაუთენდა კარგი დღე ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს? ბ) რაზე ვისაუბრებთ?
3 ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს ნამდვილად არ გაუთენდა კარგი დღე. წარმართულმა რელიგიამ, რომელიც ახაბმა და მისმა ცოლმა, დედოფალმა იზებელმა, ისრაელის ათტომიან სამეფოში გაავრცელეს, კრახი განიცადა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბაალი გამოგონილი ღმერთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაალის წინასწარმეტყველები დაჟინებით უხმობდნენ თავიანთ ღვთაებას, ცეკვავდნენ და სხეულს ისერავდნენ, ამ უსიცოცხლო ღმერთმა საპასუხოდ ცეცხლიც კი ვერ გაუჩაღა. ბაალმა თავისი 450 წინასწარმეტყველი ვერ იხსნა სიკვდილისგან და ისინი სამართლიანად დაისაჯნენ. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდებოდა, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო. სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს შესთხოვდნენ გვალვის შეწყვეტას, მაგრამ ბაალი სრულიად უძლური აღმოჩნდა. მალე თავად იეჰოვა, რომელიც გვალვას დაასრულებდა, ყველას დაანახვებდა, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი (1 მეფ. 16:30—17:1; 18:1—40).
4 როდის ამოქმედდებოდა იეჰოვა? როგორ მოიქცეოდა ელია? რის სწავლა შეგვიძლია ამ ერთგული კაცისგან? მოდი, ამ კითხვებზე გავიგოთ პასუხი (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:41—46).
ის გამუდმებით ლოცულობდა
5. რა უთხრა ელიამ ახაბს და ისწავლა რამე ახაბმა?
5 ელია ახაბთან მივიდა და უთხრა: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან წვიმის ხმაური ისმის“. ისწავლა რამე ამ ბოროტმა მეფემ? როგორც ჩანს, არა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მან მოინანია ან ელიას სთხოვა, ელოცა მისთვის და ღმერთთან შეერიგებინა. ახაბი, უბრალოდ, „წავიდა . . . ჭამა და დალია“ (1 მეფ. 18:41, 42). რას აკეთებდა ამ დროს ელია?
6, 7. რაზე ლოცულობდა ელია, და რატომ?
6 „ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო“. როცა ახაბი მუცლის ამოსავსებად წავიდა, ელიას შესაძლებლობა მიეცა, ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. ყურადღება მიაქციეთ სურათს, რა მდგომარეობაში ლოცულობს ელია — მას იმდენად დაბლა ჰქონდა თავი დახრილი, რომ სახით თითქმის მუხლისთავებს ეხებოდა. რაზე ლოცულობდა ელია? ბიბლია იაკობის 5:18-ში გვეუბნება, რომ ელია ლოცულობდა, გვალვა დასრულებულიყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ლოცვას ქარმელის მთაზე წარმოთქვამდა.
ელიას ლოცვებიდან ჩანდა, რომ მას მთელი გულით ეწადა იეჰოვას ნების შესრულება
7 ადრე იეჰოვამ ელიას უთხრა: „უნდა ვაწვიმო მიწას“ (1 მეფ. 18:1). ელია ლოცულობდა, რომ იეჰოვას ნება შესრულებულიყო. დაახლოებით ათასი წლის შემდეგ სწორედ ამის შესახებ ასწავლა ლოცვა იესომ თავის მიმდევრებს (მათ. 6:9, 10).
8. როგორ ლოცულობდა ელია და რას ვსწავლობთ აქედან?
8 ელიას მაგალითიდან ვსწავლობთ, როგორ უნდა ვილოცოთ. ელიასთვის უმნიშვნელოვანესი ღვთის ნების შესრულება იყო. როდესაც ვლოცულობთ, კარგია, გვახსოვდეს: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). ამიტომ, ღვთისთვის მისაღები სახით რომ ვილოცოთ, საჭიროა, ვიცოდეთ, რა არის მისი ნება; ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბიბლიის შესწავლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. ცხადია, ელიას გვალვის დასრულება იმიტომაც სურდა, რომ მისი ხალხის ტანჯვა დასრულებულიყო. წინასწარმეტყველს გულს მადლიერებით აუვსებდა სასწაული, რომელიც იმ დღეს იეჰოვამ მოახდინა. ჩვენც უნდა ვილოცოთ სხვების კეთილდღეობაზე და ლოცვებში გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:11; ფილიპელების 4:6).
ის რწმენას ავლენდა და ფხიზლობდა
9. რა დაავალა ელიამ თავის მსახურს, და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
9 ელია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ძალით გვალვა დასრულდებოდა, თუმცა არ იცოდა, როდის. რას აკეთებდა წვიმის მოლოდინში წინასწარმეტყველი? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ბიბლიაში: «თავის მსახურს უთხრა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“» (1 მეფ. 18:43). ელიას მაგალითიდან, სულ მცირე, ორ რამეს ვსწავლობთ: პირველი, წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შეასრულებდა დანაპირებს; მეორე, ის ფხიზლობდა, რაც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის.
ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა დანაპირებს
10, 11. ა) როგორ აჩვენა ელიამ, რომ სჯეროდა იეჰოვას დანაპირების? ბ) რატომ უნდა ვენდობოდეთ ჩვენც მის მსგავსად იეჰოვას?
10 ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა დანაპირებს; ამიტომ გაგზავნა თავისი მსახური, იქნებ ჰორიზონტზე წვიმის მომასწავებელი რაღაც ნიშანი დაენახა. მსახურმა წინასწარმეტყველს სასიამოვნო ვერაფერი უთხრა: „არაფერი მოჩანს“. ცა მოწმენდილი იყო — ღრუბლის ნასახიც კი არსად ჩანდა. თუმცა, გაიხსენეთ, ელიამ ცოტა ხნის წინ მეფე ახაბს უთხრა: „წვიმის ხმაური ისმის“. როგორ შეეძლო წინასწარმეტყველს ამ სიტყვების თქმა მაშინ, როცა ცა მოწმენდილი იყო?
11 ელიას სჯეროდა იეჰოვას დანაპირების. როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი, ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის სიტყვას. წინასწარმეტყველი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მას თითქოს უკვე ესმოდა წვიმის ხმა. შეიძლება გაგვახსენდა, რას ამბობდა ბიბლია მოსეზე: „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. თქვენთვისაც ასეთივე რეალურია ღმერთი? ის უამრავ მიზეზს გვაძლევს იმისათვის, რომ მისდამი და მისი დაპირებებისადმი ასეთი რწმენა გვქონდეს (ებრ. 11:1, 27).
12. როგორ ფხიზლობდა ელია და როგორ მოიქცა, როცა შეატყობინეს, რომ პატარა ღრუბელი გამოჩნდა?
12 ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ ფხიზლობდა ელია. მან მსახური ერთხელ და ორჯერ კი არა, შვიდჯერ გაგზავნა! მსახური შეიძლება დაიღალა იმით, რომ ერთი და იმავე დავალების შესრულება ამდენჯერ მოუწია, მაგრამ ელია გულს არ იტეხდა და კვლავ ელოდა ნიშანს. ბოლოს, მეშვიდეჯერ რომ მივიდა, მსახურმა ელიას უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსახური, რომელიც ელიას ხელის გულს აჩვენებს და ეუბნება, რომ დიდი ზღვიდან ამომავალი ღრუბელი სწორედ ხელისგულისოდენა იყო. მსახური შეიძლება ფიქრობდა, რომ ეს პაწაწინა ღრუბელი წვიმას ვერ მოიყვანდა, მაგრამ ელიასთვის ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მან დაუყოვნებლივ დაავალა თავის მსახურს: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი, რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“ (1 მეფ. 18:44).
13, 14. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ელიას და სიფხიზლე გამოვავლინოთ? ბ) რა მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ?
13 ელია კვლავ კარგ მაგალითს გვაძლევს. ჩვენც ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ღმერთი მალე თავის განზრახვას შეასრულებს. ელია გვალვის დასრულებას ელოდა, ჩვენ კი ამ გახრწნილი ქვეყნიერების დასასრულს ველით (1 იოან. 2:17). სანამ იეჰოვა ღმერთი თავის დანაპირებს შეასრულებს, საჭიროა, ელიასავით ვიფხიზლოთ. ღვთის ძემ, იესომ, თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). მაგრამ გულისხმობდა იესო, რომ მის მიმდევრებს საერთოდ არაფერი ეცოდინებოდათ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის მომასწავებელი? არა, რადგან მან დაწვრილებით აღუწერა თავის მიმდევრებს, როგორი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დააკვირდეს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (წაიკითხეთ მათეს 24:3—7).
ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. ბოლო დღეების ნიშანი მეტ საფუძველს გვაძლევს, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ
14 ამ ნიშნის თითოეული ნაწილი იმის საფუძველს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. არის ეს მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და იეჰოვას მთელი გულით ვემსახუროთ? ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. გაუცრუვდა იმედი ამ ერთგულ წინასწარმეტყველს?
იეჰოვა გვანუგეშებს და გვაჯილდოებს
15, 16. როგორ განვითარდა მოვლენები და რას იმედოვნებდა ელია?
15 ბიბლიაში ნათქვამია: „ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ახაბი იზრეელში მიდიოდა“ (1 მეფ. 18:45). მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. სანამ ელიას მსახური ახაბს წინასწარმეტყველის სიტყვებს გადასცემდა, პატარა ღრუბელი დიდ ღრუბლად იქცა, მთელ ცას გადაეკრა და მოიქუფრა. ძლიერმა ქარმა დაუბერა. ბოლოს და ბოლოს, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, ისრაელში წვიმა წამოვიდა. გამომშრალმა მიწამ წვიმის წყალი ხარბად შეისრუტა. მალე კოკისპირულმა წვიმამ მდინარე კიშონი აადიდა და ბაალის წინასწარმეტყველთა სისხლი გადარეცხა. გზასაცდენილ ისრაელებსაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბაალის ამაზრზენი თაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი წაეშალათ.
„კოკისპირულმა წვიმამ დასცხო“
16 ელიას იმედი ჰქონდა, რომ ისრაელები გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას! მოინანიებდა ახაბი და ზურგს აქცევდა ბაალის გახრწნილ თაყვანისმცემლობას? მას ნამდვილად ჰქონდა ამის საფუძველი. ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ახაბი მაშინ. ბიბლიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „ახაბი იზრეელში მიდიოდა“. ისწავლა მან რამე? მზად იყო, რომ ცვლილებები მოეხდინა? მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ეს ასე არ მოხდა. მაგრამ ის დღე ახაბისთვის და ელიასთვის ამით არ დასრულებულა.
17, 18. ა) რა მოხდა, როცა ელია იზრეელში მიდიოდა? ბ) რატომ იყო უჩვეულო ის, რომ ელია სირბილით ჩავიდა ქარმელიდან იზრეელში? (იხილეთ სქოლიო)
17 იეჰოვას წინასწარმეტყველი იმ გზას დაადგა, რა გზითაც ახაბი წავიდა. მას წვიმასა და სიბნელეში გრძელი გზა უნდა გაევლო. მაგრამ უჩვეულო რამ მოხდა.
18 „იეჰოვას ხელი იყო ელიასთან; მან კალთები აიკეცა, გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“ (1 მეფ. 18:46). უდავოა, „იეჰოვას ხელი“ იყო ელიაზე, რომელიც მას აღმატებულ ძალას აძლევდა. იზრეელამდე რომ ჩაეღწია, უკვე ხანში შესულ ელიას 30 კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო.a წარმოიდგინეთ, წინასწარმეტყველი გრძელი სამოსის კალთებს იკეცავს, სირბილში ხელი რომ არ შეუშალოს. ის დატბორილ და ატალახებულ გზაზე ისე სწრაფად გარბის, რომ სამეფო ეტლს ეწევა და უსწრებს კიდეც!
19. ა) რომელი წინასწარმეტყველებები შეიძლება გაგვახსენოს ელიას შემთხვევამ? ბ) რა იცოდა დანამდვილებით იზრეელში მიმავალმა ელიამ?
19 რა ბედნიერი იქნებოდა ელია და როგორ გაოცდებოდა, როცა ისეთ მოზღვავებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობდა, როგორიც შესაძლოა ახალგაზრდობის დროსაც კი არ ჰქონია! ამან შეიძლება ის წინასწარმეტყველებები გაგვახსენოს, რომელთა თანახმადაც ღვთის ერთგულები დედამიწაზე სამოთხეში ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი იქნებიან (წაიკითხეთ ესაიას 35:6; ლუკ. 23:43). ელიამ, რომელიც დატბორილ გზაზე მთელი ძალით გარბოდა, დანამდვილებით იცოდა, რომ ზეციერი მამა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ამაყობდა მისით!
20. როგორ მივიღებთ იეჰოვას კურთხევებს?
20 იეჰოვას მთელი გულით სწადია, რომ ყველა უხვად აკურთხოს. ამ კურთხევების მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ელიას მსგავსად, ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ და დავფიქრდეთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბოლო დღეებში იეჰოვა მალე დაიწყებს მოქმედებას. ჩვენც ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ბოლომდე გვჯეროდეს იეჰოვას, „ჭეშმარიტების ღმერთის“, დაპირებების (ფსალმ. 31:5).
a ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ელიას დაავალა, წინასწარმეტყველად მოემზადებინა ელისე, რომელიც მოგვიანებით „ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფ. 3:11). ელისე ელიას ემსახურებოდა; როგორც ჩანს, ხანდაზმულ წინასწარმეტყველს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა.
-
-
მან ღმერთთან პოვა ნუგეშიმიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
თავი 12
მან ღმერთთან პოვა ნუგეში
1, 2. რა მოხდა იმ დღეს, როცა ელია განსაკუთრებული მოვლენის თვითმხილველი გახდა?
ცა მოქუფრული იყო და კოკისპირულად წვიმდა; ელია გამალებით გარბოდა. მას გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი იზრეელამდე, თუმცა უკვე არ იყო ახალგაზრდა. და მაინც, იგი თავდაუზოგავად გარბოდა, რადგან „იეჰოვას ხელი იყო“ მასთან. იეჰოვას დახმარებით იგი ისეთ ძალას გრძნობდა, რომელიც მანამდე არასდროს უგრძნია. როგორ ჩაასწრო იზრეელში ელიამ მეფე ახაბის სამეფო ეტლში შებმულ ცხენებს? (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:46).
2 ელიამ მეფე ახაბი უკან მოიტოვა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი. ელია გარბოდა და წვიმა სახეს უსველებდა. იგი ფიქრობდა იმ დღეზე, როცა განსაკუთრებული მოვლენის თვითმხილველი გახდა. რასაკვირველია, ეს მისი ღმერთის, იეჰოვასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდებული გამარჯვება იყო. მის უკან ძლივს მოჩანდა შავ ღრუბლებში ჩაკარგული ქარმელის მთა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც იეჰოვა ელიას მეშვეობით ბაალის თაყვანისმცემლებს დაუპირისპირდა და თავისი ძალა სასწაულებრივად აჩვენა. მან ასობით ბაალის თაყვანისმცემელი ამხილა მზაკვრობაში და სამართლიანად დასაჯა. ამის შემდეგ ელიამ იეჰოვას მიმართა თხოვნით, რომ ბოლო მოეღო გვალვისთვის, რომელმაც სამწელიწად-ნახევარს გასტანა. ელიამ ლოცვაზე პასუხი მიიღო — ცამ პირი გახსნა და წვიმა წამოვიდა (1 მეფ. 18:18—45).
3, 4. ა) რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა იზრეელში მიმავალ ელიას? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
3 ელია, რომელსაც კოკისპირულ წვიმაში იზრეელამდე მისასვლელად 30 კილომეტრი ჰქონდა გასავლელი, ფიქრობდა, რომ მომხდარს ყველაფერი უნდა შეეცვალა. წესით, ახაბი უნდა გამოსწორებულიყო! იმას, რაც ახაბმა საკუთარი თვალით იხილა, უნდა აღეძრა იგი, ბაალის თაყვანისმცემლობა მიეტოვებინა, დედოფალი იზებელი შეეჩერებინა და იეჰოვას მსახურთა დევნა შეეწყვიტა.
ელია „გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“
4 როცა მოვლენები, ერთი შეხედვით, ისე ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა, იმედის ნაპერწკალი გვიჩნდება. ზოგჯერ, როდესაც ყველაზე რთულ დაბრკოლებებს ვლახავთ, გვგონია, რომ ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვლება. ბუნებრივია, ელიასაც ასე ეფიქრა, რადგან იგი „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (იაკ. 5:17). მაგრამ ელიას წინ კიდევ არაერთი განსაცდელი ელოდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში იგი ისე შეშინდა და იმდენად დაითრგუნა, რომ სიკვდილი ინატრა. რა იყო ამის მიზეზი? როგორ გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი და როგორ შემატა გაბედულება?
მოულოდნელად ყველაფერი იცვლება
5. გამოავლინა ახაბმა იეჰოვასადმი რწმენა ქარმელის მთაზე მომხდარი მოვლენების შემდეგ და, რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
5 იზრეელში, თავის სასახლეში, დაბრუნებულ ახაბს, ეტყობოდა, რომ შეიცვალა და სულიერზე ფიქრი დაიწყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით“ (1 მეფ. 19:1). ყურადღება მიაქციეთ, რომ ახაბი ისე მოუყვა იმ დღის მოვლენებს იზებელს, რომ ელიას ღმერთი, იეჰოვა არც კი უხსენებია. ახაბს არ ჰქონდა სულიერი ხედვა და მხოლოდ ის დაინახა, რაც „ელიამ გააკეთა“ ანუ ის, რაც ადამიანის თვალისთვისაა შესამჩნევი. აშკარად გამოჩნდა, რომ ახაბმა არ გამოავლინა რწმენა იეჰოვა ღმერთის მიმართ. როგორ მოიქცა შურისძიების სურვილით შეპყრობილი მისი ცოლი?
6. რა შეუთვალა იზებელმა ელიას?
6 გააფთრებულმა იზებელმა ელიას მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც, თუ ხვალ ამ დროს შენი სული მათ სულებს არ დავამსგავსო!“ (1 მეფ. 19:2). იზებელი ელიას მოკვლით ემუქრებოდა. მან დაიფიცა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, შურს იძიებდა ბაალის წინასწარმეტყველთა გამო და მოკლავდა ელიას. ეს ამბავი ელიამ იზრეელში შეიტყო; ელია, რომელმაც მთელი ღამე კოკისპირულ წვიმაში ირბინა, მაცნემ გამოაღვიძა და დედოფლისგან ასეთი თავზარდამცემი ცნობა გადასცა. როგორ იმოქმედა მასზე ამ სიტყვებმა?
წინასწარმეტყველი შეშინებული და გულგატეხილია
7. როგორ იმოქმედა ელიაზე იზებელის მუქარამ?
7 თუ ელია ფიქრობდა, რომ ბაალის თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ომი დასრულდა, ამის გაგონებაზე მაშინვე იმედი გაუცრუვდებოდა. ისე ჩანდა, რომ იზებელს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მისი ბრძანებით, ღვთის მრავალი ერთგული წინასწარმეტყველი უკვე მოკლეს და ახლა, როგორც ჩანს, ელიას ჯერი დადგა. ბიბლიაში ნათქვამია: „შეეშინდა ელიას“. წარმოიდგინა მან, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა იზებელი? თუ ელია ასე იფიქრებდა, უეჭველად, გული გაუტყდებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ის „სულის გადასარჩენად . . . გაიქცა“ (1 მეფ. 18:4; 19:3).
თუ გვინდა, რომ გაბედულება არ დავკარგოთ, ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაშინებს
8. ა) რით ჰგავდა პეტრეს შემთხვევა ელიას შემთხვევას? ბ) რას ვსწავლობთ ელიასა და პეტრესგან?
8 ღვთის ერთგული მსახურებიდან ელია ერთადერთი არ ყოფილა, ვინც შიშმა შეიპყრო. კარგა ხნის შემდეგ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მოციქული პეტრეც. მაგალითად, როცა იესომ პეტრეს უთხრა, წყალზე გაევლო და მასთან მისულიყო, მოციქული „ქარიშხალმა შეაშინა“. მან გაბედულება დაკარგა და ჩაძირვა დაიწყო (წაიკითხეთ მათეს 14:30). პეტრესა და ელიას მაგალითიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თუ გვინდა, რომ გაბედულება არ დავკარგოთ, ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაშინებს. ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც იმედსა და ძალას გვაძლევს.
„აღარ შემიძლია!“
9. სად წავიდა ელია და რა მდგომარეობაში იყო?
9 შეშინებული ელია სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრით დაშორებულ, იუდას საზღვართან მდებარე ქალაქ ბეერ-შებაში გაიქცა. იქ თავისი მსახური დატოვა, თვითონ კი მარტომ გასწია უდაბნოსკენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის „ერთი დღის სავალზე“ წავიდა. ელია მზის ამოსვლისას გაუდგა გზას და თან არაფერი წაუღია. დაბნეული და შეშინებული პაპანაქება სიცხეში უდაბნოს ოღროჩოღრო გზაზე მიაბიჯებდა. როდესაც მზე ჰორიზონტზე გადაიხარა და მცხუნვარება დაკარგა, ელია ფეხზე ძლივსღა იდგა. ძალაგამოცლილი ახლომახლო მდგარი ერთადერთი ბუჩქის ძირას ჩამოჯდა (1 მეფ. 19:4).
10, 11. ა) რაზე ლოცულობდა ელია და რას გულისხმობდა თავის სიტყვებში? ბ) ციტირებული მუხლების საფუძველზე აღწერეთ, რას გრძნობდნენ ღვთის სხვა მსახურები, რომლებიც დათრგუნულნი იყვნენ.
10 სასოწარკვეთილმა ლოცვა დაიწყო. მან სიკვდილი ინატრა და ღმერთს შეღაღადა: „არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“. ელიამ იცოდა, რომ მისი მამა-პაპა უკვე მტვრად იყო ქცეული, სამარხში მხოლოდ მათი ძვლებიღა ელაგა, და აღარავისთვის შეეძლოთ სიკეთის გაკეთება (ეკლ. 9:10). ელია ფიქრობდა, რომ მათსავით არაფერში გამოდგებოდა. ამიტომ აღმოხდა: „აღარ შემიძლია!“. რატომ დაკარგა მან სიცოცხლის ხალისი?
11 გასაკვირია, რომ ღვთისმოშიში კაცი ასე დაითრგუნა? ბიბლიაში მოხსენიებულ არაერთ ღვთის ერთგულ მსახურს უნატრია სიკვდილი — მათ შორის იყვნენ რებეკა, იაკობი, მოსე და იობი (დაბ. 25:22; 37:35; რიცხ. 11:13—15; იობ. 14:13).
12. როგორ შეგიძლია მიჰბაძო ელიას, თუ თავს განადგურებულად იგრძნობ?
12 დღეს ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის ღვთის ერთგული მსახურებიც, თავს დროდადრო განადგურებულად გრძნობს (2 ტიმ. 3:1). თუ ოდესმე ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მიჰბაძეთ ელიას და გადმოუღვარეთ გული ღმერთს. იეჰოვა ხომ „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ელიაც ანუგეშა იეჰოვამ?
იეჰოვამ დაიცვა თავისი წინასწარმეტყველი
13, 14. ა) როგორ იზრუნა იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით ელიაზე? ბ) რატომ არის მანუგეშებელი ის, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ?
13 თქვენი აზრით, რას გრძნობდა იეჰოვა, როცა ზეციდან გადმოჰყურებდა თავის ერთგულ წინასწარმეტყველს და ხედავდა, როგორ ნატრობდა ბუჩქის ძირას მჯდომი ელია სიკვდილს? ალბათ, რთული არა არის იმის წარმოდგენა, რას გრძნობდა ის. როდესაც ელიას ჩაეძინა, იეჰოვამ მასთან ანგელოზი გააგზავნა. ანგელოზმა ფრთხილად გააღვიძა ელია და უთხრა: „ადექი, ჭამე!“. ელია ასეც მოიქცა, რადგან ანგელოზმა ცხელი პური და წყალი მიუტანა. ის მაინც მოახერხა ელიამ, რომ ანგელოზისთვის მადლობა გადაეხადა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველმა შეჭამა, დალია და კვლავ დაიძინა. ნუთუ იმდენად დათრგუნული იყო ელია, რომ ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა? რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ანგელოზმა მეორედ გააღვიძა იგი, როგორც ჩანს, გამთენიისას. მან კიდევ ერთხელ სთხოვა ელიას, რომ ამდგარიყო და ეჭამა და თან მნიშვნელოვანი რამ უთხრა: „შორი გზა გაქვს გასავლელი“ (1 მეფ. 19:5—7).
14 ღვთის მიერ ბოძებული წვდომის უნარის წყალობით ანგელოზმა იცოდა, სად უნდა წასულიყო ელია. მისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ელიას საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი, რასაც ის საკუთარი ძალით ვერ შეძლებდა. რა მანუგეშებელია, ემსახურო ღმერთს, რომელმაც კარგად იცის, რა მიზნები და რა შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14). მოძლიერდა ელია ჭამის შემდეგ?
15, 16. ა) რა შეძლო ელიამ იეჰოვას დახმარებით? ბ) რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ იეჰოვა დღეს თავის მსახურებს სულიერი საზრდოს მეშვეობით აძლიერებს?
15 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე“ (1 მეფ. 19:8). მოსესა და იესოს მსგავსად, ელიამ 40 დღე და 40 ღამე იმარხულა; მოსე ელიამდე დაახლოებით ექვსი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, ხოლო იესო ელიას დროიდან თითქმის ათი საუკუნის გასვლის შემდეგ მოევლინა დედამიწას (გამ. 34:28; ლუკ. 4:1, 2). მართალია, უდაბნოში ერთმა წახემსებამ ელიას ყველა პრობლემა არ გადაუჭრა, მაგრამ სასწაულებრივად გააძლიერა. წარმოიდგინეთ, ეს ხანდაზმული მამაკაცი უდაბნოში დღეებისა და კვირების მანძილზე მიიკვლევდა გზას და ეს თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა!
16 იეჰოვა დღესაც აძლიერებს თავის მსახურებს, მაგრამ ამას ფიზიკური საზრდოს მეშვეობით კი არა, გაცილებით მნიშვნელოვანი, სულიერი საზრდოს საშუალებით აკეთებს (მათ. 4:4). ღვთის სიტყვიდან და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგება სულიერად გვაძლიერებს. ასეთი მსუყე სულიერი საზრდოთი კვება ყველა პრობლემას არ გვაცილებს თავიდან, სამაგიეროდ, სირთულეების ასატანად ძალას გვაძლევს, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. სულიერი საზრდოთი გონების კვება აგრეთვე შესაძლებლობას გვაძლევს, მომავალში მარადიულად ვიცოცხლოთ (იოან. 17:3).
17. სად წავიდა ელია, და რატომ იყო ეს ისტორიული მნიშვნელობის ადგილი?
17 ელიამ თითქმის 320 კილომეტრი იარა ფეხით, სანამ ხორების მთამდე მიაღწევდა. ეს სწორედ ის მთა იყო, სადაც ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ღმერთი დიდი ხნით ადრე მოსეს გამოეცხადა ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში და მოგვიანებით, ამავე მთაზე კანონის საფუძველზე ისრაელთან დადო შეთანხმება. ელიამ იქ გამოქვაბულს შეაფარა თავი.
როგორ ანუგეშა და გააძლიერა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი?
18, 19. ა) რა კითხვა დაუსვა იეჰოვას ანგელოზმა ელიას და რა უპასუხა მან? ბ) რომელია ის სამი მიზეზი, რის გამოც ელია სულით დაეცა?
18 ხორების მთაზე ელიას გამოეცხადა „იეჰოვას სიტყვა“ — როგორც ჩანს, ღვთის ანგელოზი, რომელმაც ასეთი კითხვა დაუსვა: „აქ რა გინდა, ელია?“. მუხლიდან ჩანს, რომ ეს კითხვა რბილად იყო დასმული, რადგან ელია აღიძრა, მისთვის გული გადაეშალა. მან თქვა: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები; მარტო მე დავრჩი და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“ (1 მეფ. 19:9, 10). ელიას სიტყვებში, სულ მცირე, სამი მიზეზი ჩანს, რამაც ის სულით დასცა.
19 პირველ რიგში, ელია ფიქრობდა, რომ ის ტყუილუბრალოდ გაისარჯა. წლების მანძილზე იგი იეჰოვასადმი მოშურნეობას ავლენდა, მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ღვთის წმინდა სახელის გაწმენდა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განდიდება იყო. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა. ხალხი ღალატობდა იეჰოვას, რადგან ცრუ თაყვანისმცემლობას ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ისრაელში. გარდა ამისა, ელია სრულიად მარტო გრძნობდა თავს. „მარტო მე დავრჩი“, — ამბობდა ის. თითქოს ისრაელ ერში ელია იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურებოდა იეჰოვას. ამას ისიც ემატებოდა, რომ იგი შიშს შეეპყრო. ბევრი ერთგული წინასწარმეტყველი მოკლეს და ელია დარწმუნებული იყო, რომ შემდეგი ის იქნებოდა. შესაძლოა, ელიასთვის არ იყო ადვილი, ასე გულახდილად გამოეთქვა თავისი გრძნობები, მაგრამ მან დასძლია სიამაყე და ყველაფერი გულწრფელად აღიარა. მან გული გადმოუღვარა იეჰოვას ლოცვაში, რითაც ღვთის ყველა ერთგულ მსახურს კარგი მაგალითი მისცა (ფსალმ. 62:8).
20, 21. ა) აღწერეთ, რა მოვლენების მოწმე გახდა ელია ხორების მთის გამოქვაბულის შესასვლელთან. ბ) როგორ დაეხმარა ელიას ის, რაც იეჰოვამ უჩვენა?
20 რა გააკეთა იეჰოვამ შეშინებული და დათრგუნული ელიას გასაძლიერებლად? ანგელოზმა უთხრა ელიას, რომ მთის გამოქვაბულის შესასვლელთან დამდგარიყო. ისიც დაჰყვა მის ნებას, თუმცა არ იცოდა, რა მოხდებოდა. ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდა. ალბათ, ქარიშხალს გამაყრუებელი ხმა ექნებოდა, რადგან მთები თავისი ადგილიდან მოგლიჯა და კლდეები დაანგრია. ალბათ, ელია მთელი ძალით ებღაუჭებოდა თავის მძიმე, უხეში ბეწვის მოსასხამს და მის სახეზე აფარებას ცდილობდა, რადგან ქარი პირდაპირ სახეში სცემდა. შემდეგ ქარს მიწისძვრა მოჰყვა; ელიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. იგი მთელი ძალით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას, რამეთუ ძლიერ ირყეოდა მიწა. თითქოს ეს არ კმაროდა, მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, რამაც ძლივს გადარჩენილი წინასწარმეტყველი აიძულა, შესულიყო გამოქვაბულში და აბრიალებული ცეცხლის ძლიერი სიმხურვალისგან დაეცვა თავი (1 მეფ. 19:11, 12).
იეჰოვამ თავისი შიშის მომგვრელი ძალით ანუგეშა ელია და გაბედულება შემატა
21 ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვხედავთ, რომ ამ შიშის მომგვრელ ბუნებრივ მოვლენებში „არ იყო იეჰოვა“. ელიამ იცოდა, რომ იეჰოვა არ იყო რაღაც მითიური ბუნების ღვთაება, როგორიცაა ბაალი, რომელიც მის თაყვანისმცემლებს „ღრუბლებზე ამხედრებულ“ ან „წვიმის მომყვან“ ღმერთად წარმოედგინათ. იეჰოვა თავად არის ყველა ამ მოწიწების მომგვრელი ბუნების ძალების სულისჩამდგმელი, მაგრამ ის გაცილებით დიდ ძალას ფლობს, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მან შექმნა. ზეცაც კი ვერ იტევს იეჰოვა ღმერთს! (1 მეფ. 8:27). როგორ დაეხმარა ელიას ის, რაც იეჰოვამ უჩვენა? ის შეშინებული იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ იეჰოვა ღმერთი, უსაზღვრო ძალის პატრონი, მის გვერდით იყო, ყველანაირი შიში გაუქრა. მას უწინდებურად აღარ ეშინოდა ახაბისა და იზებელის (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:6).
22. ა) როგორ დაარწმუნა ელია „მშვიდმა და ჩუმმა ხმამ“, რომ იგი არ იყო გამოუსადეგარი? ბ) ვისგან მომდინარეობდა „მშვიდი და ჩუმი ხმა“? (იხილეთ სქოლიო.)
22 ცეცხლს „მშვიდი და ჩუმი ხმა“ მოჰყვა. ამ ხმის გაგონებაზე ელიამ კვლავ გამოხატა თავისი გრძნობები — მან მეორედ გამოთქვა თავისი საწუხარი.a როგორც ჩანს, ამან კიდევ ერთხელ ანუგეშა ელია. უეჭველია, იგი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა მას შემდეგ, რაც ყურს დაუგდებდა ამ „მშვიდ და ჩუმ“ ხმას. იეჰოვამ დაარწმუნა ელია, რომ იგი არ იყო გამოუსადეგარი. ღმერთმა მას გაუმჟღავნა თავისი განზრახვა, რომ მომავალში გაილაშქრებდა ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. ასე რომ, ელიას შრომა ამაო არ იყო, რადგან სადაცაა ღვთის განზრახვა შესრულდებოდა. უფრო მეტიც, ელია თავად მიიღებდა მონაწილეობას ამ განზრახვის შესრულებაში, ვინაიდან იეჰოვამ მას განსაკუთრებული მითითებები მისცა (1 მეფ. 19:12—17).
23. როგორ დაეხმარა იეჰოვა ელიას მარტოობის დაძლევაში?
23 როგორ დასძლია ელიამ მარტოობის გრძნობა? იეჰოვამ მისთვის ორი რამ გააკეთა. თავდაპირველად მან უთხრა ელიას, რომ წინასწარმეტყველად ეცხო ელისე, რომელიც საბოლოოდ მას შეცვლიდა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ელიას თანამსახური უნდა გამხდარიყო და წლების მანძილზე უნდა დახმარებოდა მას. როგორ ანუგეშებდა ელიას ამის გაგება! გარდა ამისა, იეჰოვამ ელიას მეტად სასიხარულო ამბავი აცნობა: „მე კიდევ შვიდი ათასი კაცი მყავს ისრაელში, ვისაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის“ (1 მეფ. 19:18). ასე რომ, ელია არ იყო მარტო! მას უსაზღვროდ გაუხარდებოდა იმის გაგება, რომ ისრაელში ათასობით ერთგულმა კაცმა თქვა უარი ბაალის თაყვანისცემაზე. ელიას სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა, რათა კვლავაც ერთგულად გაეგრძელებინა თავისი მსახურება და იმ ბნელ ხანაში იეჰოვასადმი ურყევი ერთგულება შეენარჩუნებინა. ელია, უდავოდ, ვერ დამალავდა თავის სიხარულსა და აღფრთოვანებას იმ სიტყვების მოსმენაზე, რომელიც იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით „მშვიდი და ჩუმი ხმით“ გაანდო.
ბიბლია ჰგავს „მშვიდ და ჩუმ ხმას“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მიგვიძღვება
24, 25. ა) რა გაგებით შეიძლება გავიგონოთ იეჰოვას „მშვიდი და ჩუმი ხმა“ დღეს? ბ) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ელიამ იეჰოვასგან ნუგეში მიიღო?
24 ელიას მსგავსად, ჩვენც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა იეჰოვასადმი შიში და მოკრძალება შთაგვინერგოს. შემოქმედება აშკარად მოწმობს შემოქმედის ძლევამოსილებაზე (რომ. 1:20). იეჰოვა დღესაც სიამოვნებით იყენებს თავის უსაზღვრო ძალას თავის ერთგულ მსახურთა დასახმარებლად (2 მატ. 16:9). მაგრამ ღმერთი გაცილებით მეტ ნათელს ჰფენს ყველაფერს თავისი სიტყვის, ბიბლიის ფურცლებზე (წაიკითხეთ ესაიას 30:21). ბიბლია ჰგავს „მშვიდ და ჩუმ ხმას“, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა მიგვიძღვება, უკეთეს პიროვნებებად გვაყალიბებს, გვამხნევებს და თავის სიყვარულში გვარწმუნებს.
25 მიიღო ელიამ იეჰოვასგან ნუგეში ხორების მთაზე? რასაკვირველია. მალე მან კვლავ გაბედულად დაიწყო მოქმედება. ეს ერთგული წინასწარმეტყველი კიდევ უფრო მეტი შემართებით აღდგა ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. თუ ღვთის შთაგონებულ სიტყვებს გულთან ახლოს მივიტანთ და „წმინდა წერილებიდან“ მივიღებთ ნუგეშს, ჩვენც შევძლებთ ისეთივე რწმენის გამოვლენას, როგორიც ელიას ჰქონდა (რომ. 15:4).
a „მშვიდი და ჩუმი ხმა“ შეიძლება მიუთითებდეს ღვთის იმავე ანგელოზზე, რომელიც 1 მეფეების 19:9-ში „იეჰოვას სიტყვად“ არის მოხსენიებული. მე-15 მუხლში ღვთის ეს სულიერი ქმნილება თავად „იეჰოვაზე“ მიანიშნებს. ამ მუხლების წაკითხვისას შეიძლება გაგვახსენდეს ანგელოზი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა ისრაელს მიუძღოდა უდაბნოში და რომლის შესახებაც ღმერთმა თქვა: „მასშია ჩემი სახელი“ (გამ. 23:21). რაიმეს დაბეჯითებით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი ვარაუდი არ იქნება საფუძველს მოკლებული, თუ აღვნიშნავთ, რომ განკაცებამდე იესო იყო „სიტყვა“, ანუ ღვთის განსაკუთრებული წარმომადგენელი, რომელიც იეჰოვას სიტყვას გადასცემდა მის მსახურებს (იოან. 1:1).
-