საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ის წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • წინასწარმეტყველი ელია

      თავი 10

      ის წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა

      1, 2. ა) რატომ იყო ისრაელი ქანცგაწყვეტილი? ბ) რა ხდებოდა ქარმელის მთაზე?

      ელია ქარმელის მთიდან გადმოჰყურებდა, როგორ ადიოდა ფერდობზე ქანცგაწყვეტილი ხალხი. დილის ბინდბუნდშიც კი აშკარად ჩანდა, რომ ხალხი სიღარიბესა და შიმშილს წელში გაეწყვიტა. გვალვას, რომელმაც სამწელიწად-ნახევარი გასტანა, მათზე თავისი დაღი დაესვა.

      2 ამ საწყალ ხალხს შორის ამაყად მოაბიჯებდა ბაალის 450 თავაწეული წინასწარმეტყველი, რომლებსაც საშინლად სძულდათ იეჰოვას წინასწარმეტყველი ელია. დედოფალმა იზებელმა იეჰოვას მრავალი მსახური დახოცა, მაგრამ ელია მაინც გაბედულად ილაშქრებდა ბაალის თაყვანისმცემლების წინააღმდეგ. მაგრამ როდემდე შეძლებდა ის წინააღმდეგობის გაწევას? შეიძლება ეს წინასწარმეტყველები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთი კაცი მათ ვერაფერს დააკლებდა (1 მეფ. 18:4, 19, 20). სხვებთან ერთად სამეფო ეტლით მეფე ახაბიც მოვიდა. არც მას უყვარდა ელია.

      3, 4. ა) რატომ დაეუფლებოდა ელიას შიში? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?

      3 ელიას, რომელიც იქ მისულთა შორის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთადერთი მომხრე იყო, წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი დღე ელოდა. მალე იგი და მის ირგვლივ მყოფნი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ მოვლენათა შორის ყველაზე საინტერესო მოვლენის მოწმე გახდებოდნენ — ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ, როგორ შეერკინებოდა ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება. რას გრძნობდა წინასწარმეტყველი, რაც უფრო ახლოვდებოდა ეს გადამწყვეტი წუთი? ვერ ვიტყვით, რომ მას არ ეშინოდა, რადგან „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (წაიკითხეთ იაკობის 5:17). მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რწმენადაკარგული ხალხის, მათი განდგომილი მეფისა და ბაალის სისხლისმსმელი წინასწარმეტყველების გარემოცვაში ელია მარტოსულად გრძნობდა (1 მეფ. 18:22).

      4 რამ მიიყვანა ისრაელი ამ სავალალო მდგომარეობამდე? რის სწავლა შეიძლება დღეს ამ შემთხვევიდან? ახლა, მოდი განვიხილოთ ელიას მაგალითი და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მივბაძოთ მას.

      დიდი ხნის ბრძოლა მწვავდება

      5, 6. ა) რა ბრძოლა მიმდინარეობდა ისრაელში? ბ) როგორ გაანაწყენა მეფე ახაბმა იეჰოვა?

      5 თითქმის მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ელია ხედავდა, როგორ უარყოფდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მისი მშობლიური ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე ძვირფასს, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. დიახ, ისრაელი უკვე დიდხანს იბრძოდა, რათა არჩევანი გაეკეთებინა წმინდა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის, იეჰოვა ღმერთისთვის თაყვანისცემასა და ირგვლივ მცხოვრები ერების კერპთაყვანისმცემლობას შორის. ელიას დღეებში ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა.

      6 მეფე ახაბმა ცოლად შეირთო იზებელი, სიდონის მეფის ასული. იზებელის მიზანი იყო, ბაალის თაყვანისცემა მთელ ისრაელში გაევრცელებინა და იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღმოეფხვრა. ახაბი მალევე მოექცა ცოლის გავლენის ქვეშ. მან ბაალს ტაძარი და სამსხვერპლო აუგო და ამ უცხო ღმერთს თაყვანს სცემდა. ახაბმა დიდად გაანაწყენა იეჰოვა (1 მეფ. 16:30—33).

      7. ა) რატომ იყო ბაალის თაყვანისცემა ამაზრზენი? ბ) რატომ არ ეწინააღმდეგება ბიბლიური მუხლები ერთმანეთს, როცა ელიას დროს მომხდარი გვალვის ხანგრძლივობაზეა საუბარია? (იხილეთ ჩარჩო).

      7 რატომ იყო ბაალის თაყვანისცემა ამაზრზენი? ბაალის თაყვანისმცემლებმა შეცდომაში შეიყვანეს მრავალი ისრაელი და ღმერთს ჩამოაშორეს. ბაალის თაყვანისცემა გახრწნილებითა და სისასტიკითაც გამოირჩეოდა. ბაალის ტაძარში ჰყავდათ როგორც მეძავი ქალები, ისე კაცები; ბაალის თაყვანისცემის რიტუალს თან ახლდა ორგიები — სექსუალური აღვირახსნილობა და ბაალისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ყოველივე ამის გამო იეჰოვამ ელიას პირით ახაბს შეუთვალა, რომ გვალვა იქნებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ ღვთის წინასწარმეტყველი არ გააცხადებდა მის დასასრულს (1 მეფ. 17:1). თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ელია კვლავ მივიდა ახაბთან და უთხრა, რომ ქარმელის მთაზე შეეკრიბა ხალხი და ბაალის წინასწარმეტყველები.a

      ბაალის თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები დღესაც ფართოდ არის გავრცელებული

      8. რა მხრივ არის ეს ისტორია ჩვენთვის საყურადღებო?

      8 რატომ არის საყურადღებო ეს ბრძოლა ჩვენთვის? ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბაალის თაყვანისცემას მათთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან აღარც ბაალის ტაძარი არსებობს და აღარც სამსხვერპლო. მაგრამ ეს ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორია (რომ. 15:4). სიტყვა „ბაალი“ „პატრონს“ ან „ბატონს“ ნიშნავს. იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა, რომ ის თავიანთ „ბაალად“ ანუ ქმრად უნდა აერჩიათ (ეს. 54:5). განა არ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ხალხი დღემდე ყოვლისშემძლე ღვთის ნაცვლად მრავალ „ბატონს“ ემსახურება? ზოგისთვის შეიძლება „ბატონი“ გახდეს ფული, კარიერა, გართობა, სექსი თუ სხვა უამრავი ღვთაება, რომელთაც იეჰოვას ნაცვლად სცემენ თაყვანს (მათ. 6:24; წაიკითხეთ რომაელების 6:16). ასე რომ, ბაალის თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, გარკვეულწილად, დღესაც ფართოდაა გავრცელებული. თუ კარგად გავაანალიზებთ ისტორიას, რომელიც იეჰოვასა და ბაალის დაპირისპირებას ეხება, გონივრულ არჩევანს გავაკეთებთ, თუ ვის ვემსახუროთ.

      როგორ „კოჭლობდნენ“ ისრაელები?

      9. ა) რატომ იყო ქარმელის მთა საუკეთესო ადგილი იმის გამოსააშკარავებლად, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო? (იხილეთ სქოლიო) ბ) რა უთხრა ელიამ ხალხს?

      9 ქარმელის მთის მწვერვალზე ასულ ადამიანს თვალწინ გადაეშლებოდა საოცარი ხედი — კიშონის ხევი, რომელიც დიდ ზღვამდე (ხმელთაშუა ზღვამდე) იყო გადაჭიმული, ხოლო შორს, ჩრდილოეთით ლიბანის მთები.b ამ გადამწყვეტ დღეს, როცა მზე ამოვიდა, კარგად გამოჩნდა, რა საშინელ მდგომარეობაში იყო ეს მიდამო. იეჰოვას მიერ აბრაამის შვილებისთვის მიცემული ერთ დროს ნაყოფიერი მიწა, ახლა უნაყოფო გამხდარიყო, მცხუნვარე მზის სხივებს კი ის მთლიანად გადაეხრუკა, რაშიც ბრალი უგუნურ ისრაელებს მიუძღოდათ! მას შემდეგ, რაც ხალხმა თავი მოიყარა, ელია მივიდა მათთან და უთხრა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (1 მეფ. 18:21).

      10. რა გაგებით კოჭლობდა ისრაელი ორივე ფეხით და რა გამორჩათ მათ მხედველობიდან?

      10 რას გულისხმობდა ელია, როცა ხალხს უთხრა, რომ „ორივე ფეხით კოჭლობდნენ“? ისრაელ ერს არ ესმოდა, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა და გადაეწყვიტა, იეჰოვასთვის ეცა თაყვანი, თუ ბაალისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამაზრზენი რიტუალებით ბაალსაც ასიამოვნებდნენ და, ამავე დროს, დახმარებისთვის იეჰოვა ღმერთსაც მიმართავდნენ. შეიძლება მათ ეგონათ, რომ ბაალი აკურთხებდა მათ მოსავალსა და საქონელს, „ლაშქართა . . . იეჰოვა“ კი ომში დაიცავდა (1 სამ. 17:45). მათ დაავიწყდათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღესაც მრავალს რჩება მხედველობიდან — იეჰოვა თავის დიდებას არავის მისცემს, რადგან ის მოითხოვს და იმსახურებს კიდეც განსაკუთრებულ ერთგულებას. ღვთისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როცა მისი თაყვანისმცემლები მის გარდა სხვა ვინმეს ან რამეს სცემენ თაყვანს! (წაიკითხეთ გამოსვლის 20:5).

      11. როგორ გვეხმარება ელიას სიტყვები დავფიქრდეთ, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს და რას ვანიჭებთ უპირატესობას?

      11 ამგვარად, ელიას თანამედროვე ისრაელები იმ ადამიანივით „კოჭლობდნენ“, რომელიც ერთდროულად ორ ბილიკზე სიარულს ცდილობს. დღეს მრავალი ადამიანი უშვებს მსგავს შეცდომას და მის ცხოვრებაში ჭეშმარიტი ღვთის ადგილს „ბაალი“ იკავებს! ელიას სიტყვები გვეხმარება, დავფიქრდეთ, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს და რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას.

      უმნიშვნელოვანესი გამოცდა

      12, 13. ა) რა გამოცდა მოაწყო ელიამ? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ისევე ვენდობით იეჰოვას, როგორც ელია ენდობოდა?

      12 ელიამ ბაალის ქურუმებს შესთავაზა, გამოეცადათ, თუ ვისი ღმერთი იყო ჭეშმარიტი. გამოცდა ძალიან მარტივი იყო. ბაალის ქურუმებს უნდა გაეკეთებინათ სამსხვერპლო, დაედოთ მასზე მსხვერპლი, შემდეგ კი ღვთისთვის ლოცვაში ეთხოვათ, ზეციდან ცეცხლი გამოეგზავნა. ელიაც იმავეს გააკეთებდა. მან თქვა: „ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ცეცხლით უპასუხებს“. ელიამ კარგად იცოდა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მას იმდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა, რომ ბაალის წინასწარმეტყველებს ყველა ხელსაყრელი პირობა შეუქმნა და საშუალება მისცა, ჯერ მათ შეეწირათ მსხვერპლი. ასე რომ, მათ შეეძლოთ თავად აერჩიათ შესაწირავი ხარი და პირველად მათ მიემართათ თავიანთი ღმერთისთვის ლოცვით (1 მეფ. 18:24, 25).c

      13 ჩვენ სასწაულების ეპოქაში არ ვცხოვრობთ. მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა. ჩვენც შეგვიძლია ისევე გვჯეროდეს მისი, როგორც ელიას. მაგალითად, როდესაც სხვები გვეკამათებიან ბიბლიურ სწავლებაზე, არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა მივცეთ საშუალება, პირველად მათ გამოთქვან თავიანთი აზრი. ელიას მსგავსად, ჩვენც ჭეშმარიტ ღმერთს უნდა მივენდოთ. ამ დროს საკუთარ თავზე კი არ ვართ დაიმედებული, არამედ ღვთის შთაგონებით დაწერილ მის სიტყვაზე, რომელიც „სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“ (2 ტიმ. 3:16).

      ელიასთვის ბაალის თაყვანისმცემლები სასაცილო თვითმარქვიები იყვნენ და მას სურდა, ღვთის ხალხს მათი ნამდვილი სახე დაენახა

      14. როგორ დასცინოდა ელია ბაალის წინასწარმეტყველებს, და რატომ?

      14 ბაალის წინასწარმეტყველებმა აღმართეს სამსხვერპლო და მოუხმეს თავიანთ ღმერთს. „ბაალ, გვიპასუხე!“ — ყვიროდნენ ისინი. გადიოდა წუთები, საათები, „მაგრამ არც ხმა ისმოდა და არც პასუხი“, — ნათქვამია ბიბლიაში. შუადღისას ელიამ დაცინვა დაუწყო მათ და ირონიულად ეუბნებოდა, რომ ბაალი, ალბათ, მეტისმეტად იყო დაკავებული და მათთვის პასუხის გასაცემად არ ეცალა ან საპირფარეშოში იყო გასული, ან ჩაეძინა და გასაღვიძებელი იყო. „მთელი ხმით დაუძახეთ“, — მოუწოდებდა ელია თვითმარქვიებს. ცხადია, ელიასთვის ბაალის თაყვანისმცემლები სასაცილო თვითმარქვიები იყვნენ და წინასწარმეტყველს სურდა, ღვთის ხალხს მათი ნამდვილი სახე დაენახა (1 მეფ. 18:26, 27).

      15. როგორ გამოჩნდა ბაალის ქურუმების მაგალითიდან, რომ იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევა უგუნურებაა?

      15 საპასუხოდ ბაალის ქურუმები კიდევ უფრო გახელდნენ, „მთელი ხმით ეძახდნენ და, ჩვეულებისამებრ, სისხლის დენამდე ისერავდნენ სხეულს ხანჯლებითა და შუბებით“. მაგრამ ამაოდ! „არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება“ (1 მეფ. 18:28, 29). ცხადია, არავითარი ბაალი არ არსებობდა. ის სატანის მიერ იმ მიზნით იყო გამოგონილი, რომ ხალხი მოეტყუებინა და იეჰოვასგან ჩამოეშორებინა. როგორც წარსულში, ისე დღესაც იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევას იმედგაცრუება და სირცხვილი მოჰყვება (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:3; 115:4—8).

      პასუხი

      16. ა) რა შეახსენა ხალხს ელიამ, როცა ქარმელის მთაზე იეჰოვასთვის სამსხვერპლო აღადგინა? ბ) კიდევ როგორ გამოავლინა ელიამ ღვთისადმი ნდობა?

      16 ნაშუადღევს ელიას ჯერიც დადგა. მან აღადგინა იეჰოვას სამსხვერპლო, რომელიც, ეჭვგარეშეა, ღვთის თაყვანისმცემლების მტრებმა დაანგრიეს. მან აიღო 12 ქვა, რითაც ისრაელის ათტომიანი სამეფოს მკვიდრთათვის შეეხსენებინა, რომ 12 ტომისთვის მიცემული კანონის შესრულება მათაც ევალებოდათ. შემდეგ სამსხვერპლოზე მსხვერპლი დადო და ყველაფერს გადაასხა წყალი, რომელიც, ალბათ, მახლობლად მდებარე ხმელთაშუა ზღვიდან მოზიდეს. მან სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილიც კი შემოავლო და წყლით აავსო. ელია იმდენად იყო თავის ღმერთში დარწმუნებული, რომ მან ბაალის თაყვანისმცემლებს ყველანაირად გაუადვილა საქმე, ხოლო იეჰოვას ყველანაირად გაურთულა (1 მეფ. 18:30—35).

      ელიას ლოცვიდან გამოჩნდა, რომ ის მაინც ფიქრობდა თავის ხალხზე, რადგან მთელი გულით სურდა, იეჰოვას „მოექცია მათი გული“

      17. როგორ გამოჩნდა ელიას ლოცვიდან, რა იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

      17 როცა ყველაფერი გაამზადა, ელიამ ილოცა. ეს ლოცვა უბრალო სიტყვებით იყო წარმოთქმული, მაგრამ მასში აშკარად ჩანდა, რა იყო წინასწარმეტყველისთვის უმნიშვნელოვანესი. პირველ რიგში, მას უნდოდა, ყველას გაეგო, რომ „ღმერთი ისრაელში“ იეჰოვა იყო და არა ბაალი. აგრეთვე, ყველასთვის ცხადი გაეხადა, რომ ის მხოლოდ იეჰოვას მსახური იყო და მთელი დიდება იეჰოვას ეკუთვნოდა. და ბოლოს, მან აჩვენა, რომ ის მაინც ფიქრობდა თავის ხალხზე, რადგან მთელი გულით სურდა, რომ იეჰოვას „მოექცია მათი გული“ (1 მეფ. 18:36, 37). მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა ურწმუნოების გამო საშინელ დღეში ჩაიგდო თავი, ელიას მაინც უყვარდა ისინი. კარგი იქნება, თუ ჩვენი ლოცვებიდანაც გამოჩნდება, რომ გვსურს განიწმინდოს ღვთის სახელი, ვართ თავმდაბლები და თანავუგრძნობთ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.

      18, 19. ა) როგორ უპასუხა იეჰოვამ ელიას ლოცვაზე? ბ) რა უბრძანა ხალხს ელიამ, და რატომ არ იმსახურებდნენ ბაალის ქურუმები შეწყალებას?

      18 ელიას ლოცვამდე ხალხს შეიძლება ეფიქრა, რომ იეჰოვას მიმართ აღვლენილი ლოცვაც ისევე ამაო აღმოჩნდებოდა, როგორიც ბაალის მიმართ აღვლენილი. მაგრამ ლოცვის შემდეგ ფიქრისთვის დროც კი აღარ დარჩათ. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი, შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო“ (1 მეფ. 18:38). რა დიდებული პასუხია! როგორი იყო ხალხის რეაქცია?

      ზეციდან ჩამოვარდნილი ცეცხლი ელიას შესაწირავს შთანთქავს. ბაალის წინასწარმეტყველები გაკვირვებულები შესცქერიან

      „ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი“

      19 „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ — წამოიძახეს მათ ერთხმად (1 მეფ. 18:39). ბოლოს და ბოლოს მათ დაინახეს, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ხალხმა ნამდვილი რწმენა გამოავლინა. მათ იეჰოვა ჭეშმარიტ ღმერთად მხოლოდ იმიტომ აღიარეს, რომ ლოცვის პასუხად ციდან ცეცხლი ჩამოვარდა. ამიტომ ელიამ მათ მოუწოდა, რომ თავიანთი რწმენა საქმით დაემტკიცებინათ. მან იმის გაკეთება მოსთხოვა მათ, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაეკეთებინათ — დამორჩილებოდნენ იეჰოვას კანონს. ღვთის კანონის თანახმად, ცრუ წინასწარმეტყველები და კერპთაყვანისმცემლები უნდა დაეხოცათ (კან. 13:5—9). ბაალის წინასწარმეტყველები იეჰოვა ღმერთის მტრები იყვნენ და მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ღვთის განზრახვის წინააღმდეგ. იმსახურებდნენ ისინი შეწყალებას? ვინ გამოავლინა გულმოწყალება იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც ბაალისთვის შესაწირავად ცოცხლად წვავდნენ? (წაიკითხეთ იგავების 21:13; იერ. 19:5). ეს წინასწარმეტყველები არ იმსახურებდნენ შეწყალებას. ამიტომ ელიამ ბრძანა, დაეხოცათ ისინი, და ეს ასეც მოხდა (1 მეფ. 18:40).

      20. რატომ არის დღეს ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრება უსაფუძვლო?

      20 დღეს ზოგი აკრიტიკებს იმას, რომ დაპირისპირება ქარმელის მთაზე ასე დასრულდა. ზოგი ფიქრობს, რომ რელიგიურმა ფანატიკოსებმა შეიძლება რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი ძალადობა ამ ბიბლიური მაგალითით გაამართლონ. სამწუხაროდ, დღეს ბევრი მოძალადე რელიგიური ფანატიკოსი არსებობს. მაგრამ ელია ფანატიკოსი არ იყო. ის იეჰოვას ნებისამებრ მოქმედებდა და სამართლიანი განაჩენი აღასრულა. გარდა ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ მათ არა აქვთ უფლება ელიასავით იშიშვლონ მახვილი და ბოროტები დახოცონ. მესიის მოსვლის შემდეგ იესოს ყველა მიმდევარმა უნდა იხელმძღვანელოს პრინციპით, რომელიც ქრისტეს მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52). ღვთის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვა თავის ძეს გამოიყენებს მომავალში.

      21. როგორ უნდა მიჰბაძონ ელიას ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა?

      21 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა რწმენა უნდა გამოავლინონ (იოან. 3:16). ამაში კი ის დაეხმარებათ, თუ ელიასა და იეჰოვას სხვა ერთგულ მსახურებს მიჰბაძავენ და მათსავით ძლიერ რწმენას გამოავლენენ. ელია იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. ის გაბედულად ამხელდა იმ ცრუ რელიგიას, რომელსაც სატანა იეჰოვასგან ხალხის ჩამოსაშორებლად იყენებდა. ის საკუთარ თავზე კი არ იყო მინდობილი, არამედ იეჰოვაზე და მისი ნების შესაბამისად მოქმედებდა. მართლაც, ელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო. მოდი, თითოეულმა მივბაძოთ მას!

      რამდენ ხანს გაგრძელდა გვალვა?

      იეჰოვას წინასწარმეტყველმა ელიამ მეფე ახაბს უთხრა, რომ მალე მათ ქვეყანაში ხანგრძლივი გვალვა დასრულდებოდა. ეს მოხდა „მესამე წელს“; როგორც ჩანს, ეს წლები უნდა ავითვალოთ იმ დღიდან, როცა ელიამ პირველად გააცხადა გვალვის შესახებ (1 მეფ. 18:1). მას შემდეგ, რაც ელიამ თქვა, რომ იეჰოვა „აწვიმებდა მიწას“, მალევე მოვიდა წვიმა. ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ გვალვა მესამე წლის განმავლობაში დასრულდა და, ამგვარად, სამ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. თუმცა, იესო და იაკობი გვეუბნებიან, რომ გვალვა „სამ წელსა და ექვს თვეს“ გაგრძელდა (ლუკ. 4:25; იაკ. 5:17). ეწინააღმდეგება ერთმანეთს ეს ბიბლიური მუხლები?

      არა. ძველ ისრაელში წვიმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, მაგალითად, ექვს თვეს, არ მოსულიყო. ეჭვგარეშეა, ელია ახაბთან გვალვის შესახებ ცნობის გადასაცემად მაშინ მივიდა, როდესაც მშრალი სეზონი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და წვიმა არ იქნა და არ მოვიდა. გამოდის, რომ გვალვა დაახლოებით ნახევარი წლის დაწყებული იყო. ამიტომ, როცა ელიამ მესამე წელს გააცხადა, რომ გვალვა დასრულდებოდა, ის უკვე სამწელიწად-ნახევარს გრძელდებოდა. ასე რომ, გვალვის დაწყებიდან სრული „სამი წელი და ექვსი თვე“ იყო გასული, როდესაც ქარმელის მთაზე შეკრებილი ხალხის წინაშე ელიამ დიდი გამოცდა მოაწყო.

      ვნახოთ, როდის მივიდა პირველად ელია ახაბთან. ხალხს სჯეროდა, რომ ბაალი „ღრუბლებზე ამხედრებული“ ღმერთი იყო, რომელსაც შეეძლო ეწვიმებინა მიწისთვის და გვალვა დაესრულებინა. თუ გვალვა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდებოდა, ხალხი, ალბათ, იფიქრებდა: „სად არის ბაალი? როდის აწვიმებს ის მიწას?“ ბაალის თაყვანისმცემლებისთვის არასასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ელიას სიტყვები იმის შესახებ, რომ არც წვიმა და არც ნამი არ მოევლინებოდა მიწას, სანამ თავად ელია არ გააცხადებდა (1 მეფ. 17:1).

      a იხილეთ ჩარჩო „რამდენ ხანს გაგრძელდა გვალვა?“.

      b ქარმელის მთა, ჩვეულებრივ, უხვი მცენარეული საფარით იყო დაფარული, რადგან ზღვიდან მონაქროლი ქარის წყალობით ხშირად წვიმდა და მთის კალთები კარგადაც ინამებოდა. ვინაიდან ბაალს წვიმის ღმერთად მიიჩნევდნენ, როგორც ჩანს, ხალხი სწორედ ამ მთაზე იკრიბებოდა მის თაყვანსაცემად. ამგვარად, უნაყოფო და გადახრუკული ქარმელი საუკეთესო ადგილი იყო იმის გამოსააშკარავებლად, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო.

      c საყურადღებოა ის, რაც ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა, რომ „ცეცხლი არ შეენთოთ“ შესაწირავისთვის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კერპთაყვანისმცემლები სამსხვერპლოს ქვემოდან უკეთებდნენ ხვრელს, სადაც ცეცხლს ანთებდნენ, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ცეცხლი ზებუნებრივი ძალით ჩნდებოდა.

  • ის ფხიზლობდა და ელოდა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • წინასწარმეტყველი ელია

      თავი 11

      ის ფხიზლობდა და ელოდა

      1, 2. რა არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია ელიას, და როგორ განსხვავდებოდნენ ის და ახაბი ერთმანეთისგან?

      ელიას სურდა, განმარტოებულიყო და თავისი ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. მაგრამ ირგვლივ მყოფი ხალხი სულ ახლახან გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ჩამოვარდა ცეცხლი ზეციდან ამ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ლოცვის შემდეგ. მრავალ მათგანს სურდა, მოეპოვებინა მისი კეთილგანწყობა. ვიდრე ქარმელის მთის წვერზე ავიდოდა და იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ელიას არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია. მას მეფე ახაბთან უნდა ელაპარაკა.

      2 იშვიათად თუ მოიძებნება ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი ადამიანი. მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი ახაბი ორგული, ხარბი და სუსტი ნებისყოფის კაცი იყო. ელია კი, რომელსაც წინასწარმეტყველის უბრალო, ცხოველის უხეში ტყავისგან შეკერილი (ან აქლემისა თუ თხის ბეწვით ნაქსოვი) სამოსი ეცვა, ძალიან გაბედული, პატიოსანი და დიდი რწმენის მქონე კაცი იყო. ამ დღის ბოლოს ბევრი რამ გახდა ცნობილი ამ ორი მამაკაცის შესახებ.

      3, 4. ა) რატომ არ გაუთენდა კარგი დღე ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს? ბ) რაზე ვისაუბრებთ?

      3 ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს ნამდვილად არ გაუთენდა კარგი დღე. წარმართულმა რელიგიამ, რომელიც ახაბმა და მისმა ცოლმა, დედოფალმა იზებელმა, ისრაელის ათტომიან სამეფოში გაავრცელეს, კრახი განიცადა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბაალი გამოგონილი ღმერთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაალის წინასწარმეტყველები დაჟინებით უხმობდნენ თავიანთ ღვთაებას, ცეკვავდნენ და სხეულს ისერავდნენ, ამ უსიცოცხლო ღმერთმა საპასუხოდ ცეცხლიც კი ვერ გაუჩაღა. ბაალმა თავისი 450 წინასწარმეტყველი ვერ იხსნა სიკვდილისგან და ისინი სამართლიანად დაისაჯნენ. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდებოდა, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო. სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს შესთხოვდნენ გვალვის შეწყვეტას, მაგრამ ბაალი სრულიად უძლური აღმოჩნდა. მალე თავად იეჰოვა, რომელიც გვალვას დაასრულებდა, ყველას დაანახვებდა, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი (1 მეფ. 16:30—17:1; 18:1—40).

      4 როდის ამოქმედდებოდა იეჰოვა? როგორ მოიქცეოდა ელია? რის სწავლა შეგვიძლია ამ ერთგული კაცისგან? მოდი, ამ კითხვებზე გავიგოთ პასუხი (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:41—46).

      ის გამუდმებით ლოცულობდა

      5. რა უთხრა ელიამ ახაბს და ისწავლა რამე ახაბმა?

      5 ელია ახაბთან მივიდა და უთხრა: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან წვიმის ხმაური ისმის“. ისწავლა რამე ამ ბოროტმა მეფემ? როგორც ჩანს, არა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მან მოინანია ან ელიას სთხოვა, ელოცა მისთვის და ღმერთთან შეერიგებინა. ახაბი, უბრალოდ, „წავიდა . . . ჭამა და დალია“ (1 მეფ. 18:41, 42). რას აკეთებდა ამ დროს ელია?

      6, 7. რაზე ლოცულობდა ელია, და რატომ?

      6 „ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო“. როცა ახაბი მუცლის ამოსავსებად წავიდა, ელიას შესაძლებლობა მიეცა, ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. ყურადღება მიაქციეთ სურათს, რა მდგომარეობაში ლოცულობს ელია — მას იმდენად დაბლა ჰქონდა თავი დახრილი, რომ სახით თითქმის მუხლისთავებს ეხებოდა. რაზე ლოცულობდა ელია? ბიბლია იაკობის 5:18-ში გვეუბნება, რომ ელია ლოცულობდა, გვალვა დასრულებულიყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ლოცვას ქარმელის მთაზე წარმოთქვამდა.

      ელია თითქმის მიწას ეხება თავით და ლოცულობს

      ელიას ლოცვებიდან ჩანდა, რომ მას მთელი გულით ეწადა იეჰოვას ნების შესრულება

      7 ადრე იეჰოვამ ელიას უთხრა: „უნდა ვაწვიმო მიწას“ (1 მეფ. 18:1). ელია ლოცულობდა, რომ იეჰოვას ნება შესრულებულიყო. დაახლოებით ათასი წლის შემდეგ სწორედ ამის შესახებ ასწავლა ლოცვა იესომ თავის მიმდევრებს (მათ. 6:9, 10).

      8. როგორ ლოცულობდა ელია და რას ვსწავლობთ აქედან?

      8 ელიას მაგალითიდან ვსწავლობთ, როგორ უნდა ვილოცოთ. ელიასთვის უმნიშვნელოვანესი ღვთის ნების შესრულება იყო. როდესაც ვლოცულობთ, კარგია, გვახსოვდეს: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). ამიტომ, ღვთისთვის მისაღები სახით რომ ვილოცოთ, საჭიროა, ვიცოდეთ, რა არის მისი ნება; ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბიბლიის შესწავლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. ცხადია, ელიას გვალვის დასრულება იმიტომაც სურდა, რომ მისი ხალხის ტანჯვა დასრულებულიყო. წინასწარმეტყველს გულს მადლიერებით აუვსებდა სასწაული, რომელიც იმ დღეს იეჰოვამ მოახდინა. ჩვენც უნდა ვილოცოთ სხვების კეთილდღეობაზე და ლოცვებში გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:11; ფილიპელების 4:6).

      ის რწმენას ავლენდა და ფხიზლობდა

      9. რა დაავალა ელიამ თავის მსახურს, და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

      9 ელია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ძალით გვალვა დასრულდებოდა, თუმცა არ იცოდა, როდის. რას აკეთებდა წვიმის მოლოდინში წინასწარმეტყველი? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ბიბლიაში: «თავის მსახურს უთხრა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“» (1 მეფ. 18:43). ელიას მაგალითიდან, სულ მცირე, ორ რამეს ვსწავლობთ: პირველი, წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შეასრულებდა დანაპირებს; მეორე, ის ფხიზლობდა, რაც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის.

      ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა დანაპირებს

      10, 11. ა) როგორ აჩვენა ელიამ, რომ სჯეროდა იეჰოვას დანაპირების? ბ) რატომ უნდა ვენდობოდეთ ჩვენც მის მსგავსად იეჰოვას?

      10 ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა დანაპირებს; ამიტომ გაგზავნა თავისი მსახური, იქნებ ჰორიზონტზე წვიმის მომასწავებელი რაღაც ნიშანი დაენახა. მსახურმა წინასწარმეტყველს სასიამოვნო ვერაფერი უთხრა: „არაფერი მოჩანს“. ცა მოწმენდილი იყო — ღრუბლის ნასახიც კი არსად ჩანდა. თუმცა, გაიხსენეთ, ელიამ ცოტა ხნის წინ მეფე ახაბს უთხრა: „წვიმის ხმაური ისმის“. როგორ შეეძლო წინასწარმეტყველს ამ სიტყვების თქმა მაშინ, როცა ცა მოწმენდილი იყო?

      11 ელიას სჯეროდა იეჰოვას დანაპირების. როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი, ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის სიტყვას. წინასწარმეტყველი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მას თითქოს უკვე ესმოდა წვიმის ხმა. შეიძლება გაგვახსენდა, რას ამბობდა ბიბლია მოსეზე: „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. თქვენთვისაც ასეთივე რეალურია ღმერთი? ის უამრავ მიზეზს გვაძლევს იმისათვის, რომ მისდამი და მისი დაპირებებისადმი ასეთი რწმენა გვქონდეს (ებრ. 11:1, 27).

      12. როგორ ფხიზლობდა ელია და როგორ მოიქცა, როცა შეატყობინეს, რომ პატარა ღრუბელი გამოჩნდა?

      12 ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ ფხიზლობდა ელია. მან მსახური ერთხელ და ორჯერ კი არა, შვიდჯერ გაგზავნა! მსახური შეიძლება დაიღალა იმით, რომ ერთი და იმავე დავალების შესრულება ამდენჯერ მოუწია, მაგრამ ელია გულს არ იტეხდა და კვლავ ელოდა ნიშანს. ბოლოს, მეშვიდეჯერ რომ მივიდა, მსახურმა ელიას უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსახური, რომელიც ელიას ხელის გულს აჩვენებს და ეუბნება, რომ დიდი ზღვიდან ამომავალი ღრუბელი სწორედ ხელისგულისოდენა იყო. მსახური შეიძლება ფიქრობდა, რომ ეს პაწაწინა ღრუბელი წვიმას ვერ მოიყვანდა, მაგრამ ელიასთვის ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მან დაუყოვნებლივ დაავალა თავის მსახურს: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი, რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“ (1 მეფ. 18:44).

      13, 14. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ელიას და სიფხიზლე გამოვავლინოთ? ბ) რა მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ?

      13 ელია კვლავ კარგ მაგალითს გვაძლევს. ჩვენც ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ღმერთი მალე თავის განზრახვას შეასრულებს. ელია გვალვის დასრულებას ელოდა, ჩვენ კი ამ გახრწნილი ქვეყნიერების დასასრულს ველით (1 იოან. 2:17). სანამ იეჰოვა ღმერთი თავის დანაპირებს შეასრულებს, საჭიროა, ელიასავით ვიფხიზლოთ. ღვთის ძემ, იესომ, თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). მაგრამ გულისხმობდა იესო, რომ მის მიმდევრებს საერთოდ არაფერი ეცოდინებოდათ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის მომასწავებელი? არა, რადგან მან დაწვრილებით აღუწერა თავის მიმდევრებს, როგორი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დააკვირდეს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (წაიკითხეთ მათეს 24:3—7).

      ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. ბოლო დღეების ნიშანი მეტ საფუძველს გვაძლევს, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ

      14 ამ ნიშნის თითოეული ნაწილი იმის საფუძველს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. არის ეს მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და იეჰოვას მთელი გულით ვემსახუროთ? ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. გაუცრუვდა იმედი ამ ერთგულ წინასწარმეტყველს?

      იეჰოვა გვანუგეშებს და გვაჯილდოებს

      15, 16. როგორ განვითარდა მოვლენები და რას იმედოვნებდა ელია?

      15 ბიბლიაში ნათქვამია: „ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ახაბი იზრეელში მიდიოდა“ (1 მეფ. 18:45). მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. სანამ ელიას მსახური ახაბს წინასწარმეტყველის სიტყვებს გადასცემდა, პატარა ღრუბელი დიდ ღრუბლად იქცა, მთელ ცას გადაეკრა და მოიქუფრა. ძლიერმა ქარმა დაუბერა. ბოლოს და ბოლოს, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, ისრაელში წვიმა წამოვიდა. გამომშრალმა მიწამ წვიმის წყალი ხარბად შეისრუტა. მალე კოკისპირულმა წვიმამ მდინარე კიშონი აადიდა და ბაალის წინასწარმეტყველთა სისხლი გადარეცხა. გზასაცდენილ ისრაელებსაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბაალის ამაზრზენი თაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი წაეშალათ.

      კოკისპირული წვიმის წამოსვლაზე ელიასთან ერთად ხალხი ხარობს

      „კოკისპირულმა წვიმამ დასცხო“

      16 ელიას იმედი ჰქონდა, რომ ისრაელები გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას! მოინანიებდა ახაბი და ზურგს აქცევდა ბაალის გახრწნილ თაყვანისმცემლობას? მას ნამდვილად ჰქონდა ამის საფუძველი. ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ახაბი მაშინ. ბიბლიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „ახაბი იზრეელში მიდიოდა“. ისწავლა მან რამე? მზად იყო, რომ ცვლილებები მოეხდინა? მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ეს ასე არ მოხდა. მაგრამ ის დღე ახაბისთვის და ელიასთვის ამით არ დასრულებულა.

      17, 18. ა) რა მოხდა, როცა ელია იზრეელში მიდიოდა? ბ) რატომ იყო უჩვეულო ის, რომ ელია სირბილით ჩავიდა ქარმელიდან იზრეელში? (იხილეთ სქოლიო)

      17 იეჰოვას წინასწარმეტყველი იმ გზას დაადგა, რა გზითაც ახაბი წავიდა. მას წვიმასა და სიბნელეში გრძელი გზა უნდა გაევლო. მაგრამ უჩვეულო რამ მოხდა.

      18 „იეჰოვას ხელი იყო ელიასთან; მან კალთები აიკეცა, გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“ (1 მეფ. 18:46). უდავოა, „იეჰოვას ხელი“ იყო ელიაზე, რომელიც მას აღმატებულ ძალას აძლევდა. იზრეელამდე რომ ჩაეღწია, უკვე ხანში შესულ ელიას 30 კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო.a წარმოიდგინეთ, წინასწარმეტყველი გრძელი სამოსის კალთებს იკეცავს, სირბილში ხელი რომ არ შეუშალოს. ის დატბორილ და ატალახებულ გზაზე ისე სწრაფად გარბის, რომ სამეფო ეტლს ეწევა და უსწრებს კიდეც!

      19. ა) რომელი წინასწარმეტყველებები შეიძლება გაგვახსენოს ელიას შემთხვევამ? ბ) რა იცოდა დანამდვილებით იზრეელში მიმავალმა ელიამ?

      19 რა ბედნიერი იქნებოდა ელია და როგორ გაოცდებოდა, როცა ისეთ მოზღვავებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობდა, როგორიც შესაძლოა ახალგაზრდობის დროსაც კი არ ჰქონია! ამან შეიძლება ის წინასწარმეტყველებები გაგვახსენოს, რომელთა თანახმადაც ღვთის ერთგულები დედამიწაზე სამოთხეში ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი იქნებიან (წაიკითხეთ ესაიას 35:6; ლუკ. 23:43). ელიამ, რომელიც დატბორილ გზაზე მთელი ძალით გარბოდა, დანამდვილებით იცოდა, რომ ზეციერი მამა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ამაყობდა მისით!

      20. როგორ მივიღებთ იეჰოვას კურთხევებს?

      20 იეჰოვას მთელი გულით სწადია, რომ ყველა უხვად აკურთხოს. ამ კურთხევების მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ელიას მსგავსად, ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ და დავფიქრდეთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბოლო დღეებში იეჰოვა მალე დაიწყებს მოქმედებას. ჩვენც ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ბოლომდე გვჯეროდეს იეჰოვას, „ჭეშმარიტების ღმერთის“, დაპირებების (ფსალმ. 31:5).

      a ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ელიას დაავალა, წინასწარმეტყველად მოემზადებინა ელისე, რომელიც მოგვიანებით „ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფ. 3:11). ელისე ელიას ემსახურებოდა; როგორც ჩანს, ხანდაზმულ წინასწარმეტყველს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება