საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ეს უნდა მოხდეს“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • „ეს უნდა მოხდეს“

      „მიუგო იესომ მათ პასუხად: . . . ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული“ (მათე 24:4–6).

      1. რა საკითხმა უნდა დაგაინტერესოთ?

      თქვენ, რა თქმა უნდა, გაინტერესებთ როგორი ცხოვრება და მომავალი გექნებათ. მაშინ ისიც უნდა გაინტერესებდეთ, რამაც 1877 წელს ჩ. ტ. რასელის ყურადღება მიიპყრო და რაც მოგვიანებით მის მიერ დაფუძნებულმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით — „უფლის მეორედ მოსვლა — რისთვის და როგორ?“. ამ 64-გვერდიან ბუკლეტში ლაპარაკია იესოს დაბრუნებაზე, ანუ მის მოსვლაზე (იოანე 14:3). ერთხელ, როდესაც იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა, მოციქულები მას ამ დაბრუნების შესახებ შეეკითხნენ: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).

      2. რატომ არსებობს მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი იესოს წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?

      2 იცით რა უპასუხა მათ იესომ და გესმით მისი პასუხის მნიშვნელობა? ეს სიტყვები მოცემულია სამ სახარებაში. პროფესორი დ. ა. კარსონი ამბობს: „ბიბლიაში რამდენიმე თავმა თუ გამოიწვია სპეციალისტებს შორის იმხელა აზრთა სხვაობა, რამხელაც მათეს 24-ე თავმა და მისმა პარალელურმა მუხლებმა — მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებიდან“. შემდეგ მას მოჰყავს საკუთარი მოსაზრება, რომელიც კიდევ ერთი განსხვავებული ადამიანური შეხედულებაა. მრავალი ასეთი თვალსაზრისი, რომელთა გამოთქმაც გასული საუკუნიდან დაიწყეს, მხოლოდ ურწმუნოებას ირეკლავდა. ამბობდნენ, რომ იესოს არასოდეს უთქვამს ის, რასაც სახარებებში ვკითხულობთ; რომ იესოს იგავები მოგვიანებით დამახინჯებულ იქნა; ან რომ მისი წინასწარმეტყველება არ შესრულებულა; ეს არის შეხედულებები, რომლებზეც აშკარად ბიბლიის კრიტიკოსები ახდენდნენ გავლენას. ერთ-ერთი ბიბლეისტი იქამდეც კი მივიდა, რომ მარკოზის სახარებას „ბუდისტური ფილოსოფიის — მაჰაიანას საფუძველზე“ აშუქებდა.

      3. როგორ უდგებიან იეჰოვას მოწმეები იესოს წინასწარმეტყველებას?

      3 ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, იეჰოვას მოწმეები აღიარებენ, რომ ბიბლია — იესოს მიერ სიკვდილამდე სამი დღით ადრე ზეთისხილის მთაზე ოთხი მოციქულისთვის ნათქვამის ჩათვლით — უტყუარი და სანდოა. ჩ. ტ. რასელის დროიდან მოყოლებული, ღვთის ხალხმა თანდათანობით უფრო მეტი რამ გაიგო იესოს ამ წინასწარმეტყველების შესახებ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი „საგუშაგო კოშკმა“ კიდევ უფრო მოჰფინა შუქი ამ წინასწარმეტყველებას. გახსოვთ ეს ინფორმაცია და მოახდინა მან თქვენს ცხოვრებაზე გავლენა?a მოდი კიდევ ერთხელ განვიხილოთ ის.

      წინასწარმეტყველების ტრაგიკული შესრულება ახლოს არის

      4. რატომ ჰკითხეს მოციქულებმა იესოს მომავლის შესახებ?

      4 მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესო მესია იყო. ამიტომ, როდესაც მისი სიკვდილის, აღდგენისა და დაბრუნების შესახებ მოისმინეს, შეიძლება გაუკვირდათ: „თუ იესო მოკვდება და, ფაქტიურად, აღარ იარსებებს, როგორღა გააკეთებს მესიის შესასრულებელ ბრწყინვალე საქმეებს?“ უფრო მეტიც, იესომ იერუსალიმისა და ტაძრის აღსასრულიც იწინასწარმეტყველა. მოციქულებს ალბათ აინტერესებდათ: „როდის და როგორ მოხდება ეს?“ და ამიტომ იესოს ჰკითხეს: „როდის მოხდება ეს, ანდა რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ (მარკოზი 13:4; მათე 16:21, 27, 28; 23:37—24:2).

      5. როგორ შესრულდა მოწაფეებისთვის იესოს ნათქვამი პირველ საუკუნეში?

      5 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ომები, შიმშილობა, ეპიდემიები, მიწისძვრები, ქრისტიანებისადმი ზიზღი და მათი დევნა, ცრუ მესიების გამოჩენა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საყოველთაოდ ქადაგება. შემდეგ კი დადგებოდა აღსასრული (მათე 24:4–14; მარკოზი 13:5–13; ლუკა 21:8–19). იესომ ეს სიტყვები ახ. წ. 33 წლის დასაწყისში თქვა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მის ფხიზელ მოწაფეებს შეეძლოთ შეენიშნათ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების გრანდიოზული შესრულება. დიახ, ისტორია ადასტურებს, რომ იმ დროს აღსრულდა იესოს მიერ მოცემული ნიშანი, რომელსაც ახ. წ. 66—70 წლებში რომაელების მიერ იუდეველთა სისტემის განადგურება მოჰყვა. როგორ მოხდა ყოველივე ეს?

      6. რა მოხდა რომაელებსა და იუდეველებს შორის ახ. წ. 66 წელს?

      6 ახ. წ. 66 წელს, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში იუდეველი ზელოტები ციხე-სიმაგრეში, იერუსალიმის ტაძრის მახლობლად, თავს დაესხნენ რომაელ ჯარისკაცებს, რამაც მთელ ქვეყანაში ძალადობის გაჩაღებას შეუწყო ხელი. წიგნში „იუდეველთა ისტორია“ პროფესორი ჰაინრიხ გრეტსი ყვება: „ცესტიუს გალუსი, სირიის მმართველი, რომლის მოვალეობა იყო, დაეცვა რომის ჯარების ღირსება . . . მშვიდად ვეღარ უყურებდა ამ აჯანყების გავრცელებას, რაღაც უნდა ეღონა მის შესაჩერებლად. გალუსმა თავი მოუყარა თავის მხედრობას, მეზობელმა მმართველებმა კი ნებაყოფლობით შეაშველეს თავიანთი ჯარები“ და ამ 30 000-იანმა ჯარმა იერუსალიმი ალყაში მოაქცია. ხანმოკლე შებრძოლების შემდეგ იუდეველებმა უკან დაიხიეს და ტაძრის მახლობლად მდებარე კედლებთან გამაგრდნენ. „მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რომაელები კედლებს უტევდნენ, მაგრამ იუდეველთა წინააღმდეგობამ ისინი უკუაქცია. რომაელებმა მხოლოდ მეექვსე დღეს შეძლეს ტაძრის წინ მდებარე, ჩრდილოეთ კედლისთვის ძირის გამოთხრა“.

      7. რატომ შეიძლებოდა იესოს მოწაფეებს იუდეველების უმრავლესობისგან განსხვავებული რეაქცია ჰქონოდათ?

      7 წარმოიდგინეთ, როგორ დაიბნეოდნენ იუდეველები, რადგან უკვე დიდი ხანია მიჩვეულები იყვნენ, რომ ღმერთი იცავდა მათ და მათს წმინდა ქალაქს. იესოს მოწაფეები კი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ იერუსალიმს უბედურება დაატყდებოდა თავს. „დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში“ — წინასწარმეტყველებდა იესო (ლუკა 19:43, 44). მაგრამ ნიშნავდა თუ არა ეს გარდაუვალ სიკვდილს ახ. წ. 66 წელს იერუსალიმში მყოფი ქრისტიანებისთვის?

      8. რა უბედურება იწინასწარმეტყველა იესომ და ვინ იყვნენ ის „რჩეულები“, რომელთა გამოც ის დღეები შემოკლდებოდა?

      8 ზეთისხილის მთაზე იესომ მოციქულების მიერ დასმულ კითხვას შემდეგი წინასწარმეტყველებით უპასუხა: „იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია“ (მარკოზი 13:19, 20; მათე 24:21, 22). ფაქტობრივად, დღეები შემოკლდებოდა და „რჩეულები“ გადარჩებოდნენ. ვინ იყვნენ ეს რჩეულები? ეჭვგარეშეა, არა აჯანყებული იუდეველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს, მაგრამ მის ძეს არ ღებულობდნენ (იოანე 19:1–7; საქმეები 2:22, 23, 36). იმ დროს რჩეულთა შორის ის იუდეველები და არაიუდეველები იყვნენ, რომლებიც იესოსადმი, როგორც მესიისა და მხსნელისადმი, რწმენას ავლენდნენ. ღმერთმა ასეთები აირჩია და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალ სულიერ ერად, „ღვთის ისრაელად“ ჩამოაყალიბა (გალატელთა 6:16; ლუკა 18:7; საქმეები 10:34–45; 1 პეტრე 2:9).

      9, 10. როგორ „შემოკლდა“ რომაელების შემოტევის დღეები და რა შედეგი მოჰყვა ამას?

      9 „შეამოკლა“ ღმერთმა ის დღეები და გადარჩნენ იერუსალიმში მყოფი ცხებული რჩეულები? პროფესორი გრეტსი ვარაუდობს, რომ „[ცესტიუს გალუსმა] მიზანშეწონილად არ ჩათვალა თავზეხელაღებულ, თავგამოდებულ მეომრებთან ბრძოლის გაგრძელება და ხანგრძლივი ბრძოლების გაჩაღება წელიწადის იმ დროისთვის, როდესაც მალე დაიწყებოდა შემოდგომის წვიმები . . . რასაც შეიძლება ჯარის უზრუნველყოფა დაებრკოლებინა. ამიტომ ალბათ იფიქრა, რომ უკან დაბრუნება უფრო გონივრული იქნებოდა“. ცესტიუს გალუსი ასე ფიქრობდა თუ სხვაგვარად, ფაქტი ის არის, რომ რომაელთა ჯარები ქალაქს გაეცალნენ, უკან დადევნებულმა იუდეველებმა კი მათ ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს.

      10 რომაელთა ჯარების უკან დახევამ, რაც ძალიან საოცარი იყო, „ხორციელს“ — იერუსალიმში საფრთხეში მყოფ იესოს მოწაფეებს — გადარჩენის საშუალება მისცა. მატიანე ამბობს, რომ ქრისტიანებმა ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და თავს უშველეს. რა დიდებულად გამოვლინდა იმ შემთხვევაში ღვთის მიერ მომავლის წინასწარ განჭვრეტისა და თავისი თაყვანისმცემლების გადარჩენის უნარი! მაგრამ რა მოუვიდათ იერუსალიმსა და იუდეაში დარჩენილ ურწმუნო ებრაელებს?

      ის თაობა იხილავდა

      11. რა თქვა იესომ „ამ მოდგმასთან“ დაკავშირებით?

      11 მრავალ იუდეველს ეგონა, რომ მათი თაყვანისმცემლობის სისტემა, რომელშიც ცენტრალური ადგილი ტაძარს ეჭირა, დიდხანს იარსებებდა, მაგრამ იესომ თქვა: „ლეღვისაგან ისწავლეთ. . : როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“ (მათე 24:32–35).

      12, 13. როგორ გაიგებდნენ მოწაფეები იესოს სიტყვებს „ეს მოდგმა“?

      12 ახ. წ. 66 წლამდე ქრისტიანები იხილავდნენ შედგენილი ნიშნის მომასწავებელი მრავალი ნაწილის შესრულებას — ომებს, შიმშილობას და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საყოველთაოდ ქადაგებასაც კი (საქმეები 11:28; კოლასელთა 1:23). როდისღა დადგებოდა აღსასრული? რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „არ გადავა ეს მოდგმა [ბერძნულად „გენეა]“? ქრისტე მის თანამედროვე მოწინააღმდეგე იუდეველებს — რელიგიურ წინამძღოლთა ჩათვლით — ხშირად „ბოროტ და მრუშ მოდგმას“ უწოდებდა (მათე 11:16; 12:39, 45; 16:4; 17:17; 23:36). ასე რომ, როცა ზეთისხილის მთაზე კვლავ „მოდგმაზე“ ლაპარაკობდა, მას ცხადია მხედველობაში არ ჰყოლია მთელი ისტორიის განმავლობაში მცხოვრები იუდეველები; არც თავისი მიმდევრები, თუმცა ისინი „რჩეული მოდგმის“ წარმომადგენლები იყვნენ (1 პეტრე 2:9). იესოს არც ის უთქვამს, რომ „ეს მოდგმა“ დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხებოდა.

      13 იესოს მხედველობაში ჰყავდა ის მოწინააღმდეგე იუდეველები, რომლებიც მის მიერ მიცემული ნიშნის შესრულებას იხილავდნენ. ლუკას 21:32-ში მოხსენიებული „მოდგმის“ შესახებ პროფესორი ჯოელ ბ. გრინი წერდა: «მესამე სახარებაში „ეს მოდგმა“ (და მასთან დაკავშირებული ფრაზები) ყოველთვის იმ კატეგორიის ადამიანთა მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც ღვთის განზრახვის წინააღმდეგ მიდიოდნენ . . . [ის მიუთითებდა] ადამიანებზე, რომლებიც ღვთის განზრახვას ჯიუტად ზურგს აქცევდნენ»b.

      14. რა მოუვიდა იმ „მოდგმას“, და როგორი, სრულიად განსხვავებული შედეგით დასრულდა ომი ქრისტიანებისთვის?

      14 იუდეველ მოწინააღმდეგეთა ბოროტი მოდგმა, რომელიც იხილავდა ნიშნის შესრულებას, შეესრწრებოდა ამ აღსასრულს (მათე 24:6, 13, 14). და ეს ასეც მოხდა! ახ. წ. 70 წელს რომაელები დაბრუნდნენ, ამჯერად იმპერატორ ვესპასიანეს ძის, ტიტუსის, მეთაურობით. ენით აუწერელი იყო იმ იუდეველთა ტანჯვა, რომლებიც ისევ ქალაქში მომწყვდეულები აღმოჩნდნენc. ამ ამბების თვითმხილველი იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, რომ რომაელების მიერ ქალაქის დანგრევისას დაახლოებით 1 100 000 დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 000 ტყვედ წაასხეს, რომელთა უმრავლესობა მალე შიმშილისგან ან რომის არენებზე დაიღუპა. მართლაც ახ. წ. 66—70 წლების გასაჭირი იერუსალიმისა და იუდეველთა სისტემისთვის უდიდესი იყო. მსგავსი რამ იქ არასოდეს მომხდარა, და არც მოხდებოდა. სრულიად განსხვავებულად დასრულდა ეს ომი ქრისტიანებისთვის, რომლებმაც ყურად იღეს იესოს წინასწარმეტყველური გაფრთხილება და ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარების უკან დახევის შემდეგ იერუსალიმიდან გაიქცნენ. ახ. წ. 70 წელს ცხებული ქრისტიანები ანუ „რჩეულები გადარჩნენ“ (მათე 24:16, 22).

      ამ წინასწარმეტყველებას სხვა შესრულებაც უნდა ჰქონოდა

      15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს წინასწარმეტყველება ახ. წ. 70 წლის შემდეგ გლობალური მასშტაბით შესრულდებოდა?

      15 ეს წინასწარმეტყველება ამით ბოლომდე არ შესრულებულა. ადრე იესომ აღნიშნა, რომ ქალაქის გაპარტახების შემდეგ იეჰოვას სახელით მოვიდოდა (მათე 23:38, 39; 24:2). ზეთისხილის მთაზე ქადაგებისას კი თავის წინასწარმეტყველებაში ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა. მან თქვა, რომ „დიდი გასაჭირის“ შემდეგ გამოჩნდებოდნენ ცრუ ქრისტეები და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იერუსალიმი წარმართთა მიერ იქნებოდა გათელილი (მათე 24:21, 23–28; ლუკა 21:24). ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ მოსალოდნელი იყო ამ წინასწარმეტყველების გლობალური მასშტაბით შესრულება? ფაქტები ამ კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. თუ გამოცხადების 6:2–8-ს (რომელიც იერუსალიმში ახ. წ. 70 წელს მომხდარი დიდი გასაჭირის შემდეგ დაიწერა) მათეს 24:6–8-სა და ლუკას 21:10, 11-თან შევადარებთ, დავინახავთ, რომ წინ უფრო დიდი ომები, საკვების მეტი უკმარისობა და ეპიდემიები იყო მოსალოდნელი. ასე რომ, იესოს სიტყვების უფრო დიდი შესრულება 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებით დაიწყო.

      16–18. რას ველოდებით მომავალში?

      16 უკვე ათეული წლებია იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, რომ დღეს ამ ნიშნის შესრულება „დიდი გასაჭირის“ ჯერ კიდევ მომავალში ყოფნის დამადასტურებელია. დღევანდელი ბოროტი „მოდგმა“ დაინახავს ამ გასაჭირს. როგორც ჩანს, კვლავ იქნება რაღაც საწყისი ფაზა (ყველა ცრუ რელიგიის წინააღმდეგ გამოსვლა), რაც ძალიან ემსგავსება ახ. წ. 66 წელს გალუსის შეტევას, რითაც იერუსალიმში გასაჭირი დაიწყოd. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, რომლის ხანგრძლივობაც არ არის ცნობილი, დადგება აღსასრული — მსოფლიო მასშტაბის განადგურება, რომელიც ახ. წ. 70 წელს მომხდარი განადგურების ანალოგიური იქნება.

      17 მომავალ გასაჭირზე ლაპარაკისას იესომ აღნიშნა: „მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ [ცრუ რელიგიის განადგურების შემდგომ] მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით (მათე 24:29, 30).

      18 ამგვარად, იესომ თვითონვე აღნიშნა, რომ „გასაჭირის იმ დღეების შემდგომ“ გარკვეული ციური მოვლენები მოხდებოდა (შეადარეთ იოველი 3:1–5; 4:15). ეს ისე შეაძრწუნებს და თავზარს დასცემს ურჩ კაცობრიობას, რომ ‘მოთქმას მოჰყვებიან‘. მრავალს „გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით“. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანების საქმე სხვაგვარად წარიმართება. ისინი ‘თავებს ასწევენ, რადგან მოახლოებული იქნება მათი ხსნა’ (ლუკა 21:25, 26, 28).

      სამსჯავრო წინ არის!

      19. რის საფუძველზე შეგვიძლია დავადგინოთ, როდის შესრულდება იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?

      19 ყურადღება მიაქციეთ, რომ მათეს 24:29–31-ში შემდეგი წინასწარმეტყველებაა მოცემული: 1) ძე კაცისა მოდის; 2) დიდებით მოდის; 3) თან ახლავს ანგელოზები და 4) დედამიწის ყველა ტომი იხილავს მას. იესო ყოველივე ამას ცხვრებისა და თხების შესახებ იგავშიც იმეორებს (მათე 25:31–46). ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ იგავში ლაპარაკია დიდი გასაჭირის დაწყების შემდგომ პერიოდზე, როდესაც იესო თავის ანგელოზებთან ერთად მოვა და მოსამართლის ტახტზე დაჯდება (იოანე 5:22; საქმეები 17:31; შეადარეთ მესამე მეფეთა 7:7; დანიელი 7:10, 13, 14, 22, 26; მათე 19:28). ვინ გასამართლდება და რა შედეგით? იგავში ნაჩვენებია, რომ იესო ყოველ ერს მიაპყრობს ყურადღებას, თითქოს ისინი მისი ციური ტახტის წინ იყვნენ თავმოყრილი.

      20, 21. ა) რა მოუვათ იესოს იგავში მოყვანილ ცხვრებს? ბ) რა მომავალი ელით თხებს?

      20 ცხვრისმაგვარ ადამიანებს იესო თავის მარჯვნივ იყენებს, რაც მის კეთილგანწყობაზე მიუთითებს. რატომ? ამ ხალხმა ხელიდან არ გაუშვა მისი ძმებისადმი — ქრისტეს ზეციერ სამეფოში მასთან ერთად თანამმართველი ცხებული ქრისტიანებისადმი — სიკეთის გამოვლენის შესაძლებლობა (დანიელი 7:27; ებრაელთა 2:9–3:1). იგავის თანახმად, მილიონობით ცხვრისმაგვარმა ქრისტიანმა სცნო იესოს სულიერი ძმები და მხარს უჭერს მათ. შედეგად, ამ „უამრავ ხალხს“, ბიბლიის საფუძველზე, „დიდი გასაჭირიდან“ გადარჩენისა და ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოში, სამოთხეში, მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9, 14; 21:3, 4; იოანე 10:16).

      21 თხების საქმე კი სულ სხვაგვარად წარიმართება. მათეს 24:30-ის თანახმად, ისინი იესოს მოსვლისას ‘მოთქმას მოჰყვებიან’ და არა უმიზეზოდ, რადგან სამეფოს შესახებ ცნობის უარმყოფელებისა და იესოს მოწაფეების მოწინაღმდეგეების სახელი შეიქმნეს და ღვთის სამეფოს ამჯობინეს წუთისოფელი, რომელიც გადადის (მათე 10:16–18; 1 იოანე 2:15–17). თავად იესო ადგენს — და არა დედამიწაზე მცხოვრები მისი მოწაფეები — თხების ვინაობას, რომლებიც ქრისტეს სიტყვების თანახმად, ‘საუკუნოდ მოიკვეთებიან’ (მათე 25:46, აქ).

      22. იესოს წინასწარმეტყველების კიდევ რა ნაწილი მოითხოვს ჩვენს ყურადღებას?

      22 ნამდვილად აღმაფრთოვანებელია მათეს 24-ე და 25-ე თავებში მოცემული წინასწარმეტყველებების უფრო ღრმა გაგება. მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებაში არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს — ეს არის ‘წმიდა ადგილზე მდგომი გატიალების სიბილწე’. იესო მოწაფეებს მოუწოდებდა, გონიერება გამოევლინათ ამ საკითხთან დაკავშირებით და მზად ყოფილიყვნენ მოქმედებისთვის (მათე 24:15, 16). რა არის „გატიალების სიბილწე“? როდის დგება წმინდა ადგილზე? როგორ ეხება ყოველივე ეს ჩვენს დღევანდელ და მომავალ ცხოვრებას? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ 1994 წლის 1 აგვისტოს, br-10, მე-5, მე-6 და 1996 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები.

      b ინგლისელი სწავლული ჯ. რ. ბიზლი-მერი აღნიშნავს: «მთარგმნელებისთვის ფრაზა „ეს მოდგმა“ არავითარ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს მაშინ, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულზე „გენეა“ ნიშნავდა დაბადებას, შთამომავლობას, და აქედან გამომდინარე მოდგმას . . . [ბერძნულ „სეპტუაგინტაში“] ის ხშირად გამოიყენებოდა ებრაული სიტყვის „დორ“- ის სათარგმნად, რომელიც ნიშნავდა ადამიანის ასაკს, კაცობრიობის ასაკს ან მოდგმას თაობის გაგებით . . . იესოს სიტყვებში ეს გამოთქმა ორგვარი მნიშვნელობით გვხვდება: პირველი — ის ყოველთვის მიუთითებს თავის თანამედროვე ხალხზე, და მეორე — ყოველთვის უარყოფითი დატვირთვით იყენებს».

      c წიგნში „იუდეველთა ისტორია“ პროფესორი გრეტსი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ რომაელები დღეში 500 ტყვეს აკრავდნენ ძელზე. სხვა იუდეველ ტყვეებს ხელებს ჰკვეთდნენ და ქალაქში აბრუნებდნენ. რა მდომარეობა იყო იქ? „ფულმა ფასი დაკარგა. პურის ყიდვა შეუძლებელი იყო. მამაკაცები ქუჩებში აქოთებული და გაფუჭებული საზრდოსთვის, ერთი მუჭა ნამჯისთვის, ტყავის ნაგლეჯისა თუ ძაღლებისთვის გადაგდებული გუჯაბისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ . . . ზაფხულის თაკარა სიცხეში დაუმარხავი გვამების მომრავლებამ გადამდები დაავადებების გავრცელება გამოიწვია, შედეგად კი ზოგი დაავადებისგან, ზოგი შიმშილისგან, და ზოგიც მახვილისგან დაიხოცა“.

      d მომავალი გასაჭირის ეს მხარე განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

      შეგიძლიათ გაიხსენოთ?

      ◻ როგორ შესრულდა მათეს 24:4–14 პირველ საუკუნეში?

      ◻ დედამიწაზე მოციქულების ცხოვრების პერიოდში როგორ შემოკლდნენ დღეები, და მათეს 21:21, 22-ის წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ გადარჩა „ხორციელი“?

      ◻ რა ახასიათებს მათეს 24:34-ში მოხსენიებულ „მოდგმას“?

      ◻ საიდან ვიცით, რომ ზეთისხილის მთაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას სხვა, უფრო ფართო მასშტაბის შესრულება ექნებოდა?

      ◻ როდის და როგორ შესრულდება იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?

      [სურათი 12 გვერდზე]

      რომში, ტიტუსის თაღზე, გამოსახულია იერუსალიმის დანგრევისას გატაცებული ნადავლი.

      [საავტორო უფლება]

      Soprintendenza Archeologica di Roma

  • „წამკითხველმა გონიერება გამოავლინოს“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • „წამკითხველმა გონიერება გამოავლინოს“

      „როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს . . . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ“ (მათე 24:15, 16).

      1. რა გაფრთხილებას იძლევა იესო ლუკას 19:43, 44-ში და რა შედეგი მოჰყვა ამას?

      მოახლოებული უბედურებისადმი სიფხიზლის შენარჩუნება, მისი არიდების საშუალებას მოგვცემს (იგავნი 22:3). მაგალითად, წარმოიდგინეთ ახ. წ. 66 წელს რომაელთა შემოტევის შემდეგ იერუსალიმში მყოფი ქრისტიანების მდგომარეობა. ადრე იესომ ხალხი გააფრთხილა, რომ ქალაქს ალყაში მოაქცევდნენ და გაანადგურებდნენ (ლუკა 19:43, 44). იუდეველთა უმეტესობამ ეს გაფრთხილება უგულებელყო, მაგრამ მოწაფეებმა ყურად იღეს და ახ. წ. 70 წელს მომხდარ უბედურებას გადაურჩნენ.

      2, 3. რატომ უნდა დავინტერესდეთ იესოს წინასწარმეტყველებით, რომელიც მათეს 24:15–21-შია ჩაწერილი?

      2 წინასწარმეტყველებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვეხება, იესომ ზოგადად ილაპარაკა მრავალი ნაწილისგან შემდგარ ნიშანზე, რომელშიც ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, ეპიდემიები და ღვთის სამეფოს მქადაგებელ ქრისტიანთა დევნა შედის (მათე 24:4–14; ლუკა 21:10–19). გარდა ამისა, იესომ თავის მოწაფეებს აღსასრულის მოახლოების ამოსაცნობი გასაღები მისცა — მან აღნიშნა, რომ ‘გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე იდგებოდა’ (მათე 24:15). მოდი კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთ ეს მნიშვნელოვანი სიტყვები და ვნახოთ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ჩვენს ცხოვრებაზე დღეს და მომავალში.

      3 ნიშნის ზოგადად აღწერის შემდეგ იესომ თქვა: «როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა — წამკითხველმა გაიგოს [„გონიერება გამოავლინოს“, აქ], — მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ; ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად; ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან» (მათე 24:15–21).

      4. რა ცხადყოფს მათეს 24:15-ის პირველ საუკუნეში შესრულებას?

      4 დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მარკოზისა და ლუკას სახარებები. იქ, სადაც მათე ‘წმიდა ადგილზე მდგომ’ გატიალების სიბილწეზე ლაპარაკობს, მარკოზის 13:14 ამბობს, რომ იხილავთ „იქ მდგომარეს, სადაც არ უნდა იყოს“. ლუკას 21:20-ში იესო ამატებს: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება“. ეს გვეხმარება, გავიგოთ, რომ პირველ შესრულებაში შედის ახ. წ. 66 წლიდან დაწყებული რომაელთა თავდასხმა იერუსალიმსა და მის ტაძარზე — იუდეველთათვის წმიდაზე, მაგრამ იეჰოვასთვის უკვე სიწმიდედაკარგულზე. საბოლოო აოხრება მოხდა ახ. წ. 70 წელს, როდესაც რომაელებმა გაანადგურეს როგორც ქალაქი, ისე მისი ტაძარი. რა იყო მაშინ „გატიალების სიბილწე“? და როგორ ‘იდგა ის წმიდა ადგილზე’? ამ კითხვებზე პასუხი ნათელს მოჰფენს წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებას.

      5, 6. ა) რატომ სჭირდებოდათ დანიელის მე-9 თავის წამკითხველებს გონიერება? ბ) როგორ შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება „სიბილწის“ შესახებ?

      5 იესო წამკითხველს გონიერებისკენ მოუწოდებდა. რის წამკითხველს? როგორც ჩანს, დანიელის მე-9 თავის, სადაც მოცემულია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როდის უნდა გამოჩენილიყო მესია. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ის სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ‘მოიკვეთებოდა’. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს“ (დანიელი 9:26, 27; იხილეთ აგრეთვე დანიელი 11:31; 12:11).

      6 იუდეველები ფიქრობდნენ, რომ ეს დაახლოებით 200 წლის წინათ ანტიოქე IV-ის მიერ ტაძრის წაბილწვას ეხებოდა. მაგრამ როცა გონიერებისკენ მოუწოდა, იესომ სხვა რამ უთხრა მოწაფეებს, ვინაიდან „სიბილწე“ ჯერ კიდევ უნდა გამოჩენილიყო და „წმიდა ადგილზე“ დამდგარიყო. ნათელია, რომ იესო მიუთითებდა რომაელთა ჯარზე, რომელიც ახ. წ. 66 წელს ვიმპელების ფრიალით მოვიდოდა. ეს ვიმპელები, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდნენ, ფაქტობრივად კერპები და სიბილწე იყო იუდეველთათვისa. როდის უნდა დამდგარიყვნენ რომაელები „წმიდა ადგილზე“? ეს მოხდა მაშინ, როდესაც რომაელთა ჯარმა თავისი დროშებით ხელში იერუსალიმსა და მის ტაძარს შეუტია, ტაძარს, რომელსაც იუდეველები წმიდად მიიჩნევდნენ. რომაელებმა ტაძრის კედლებისთვის ძირის გამოთხრაც კი დაიწყეს. მართლაც, ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში სიბილწე იყო, ახლა წმინდა ადგილზე იდგა! (ესაია 52:1; მათე 4:5; 27:53; საქმეები 6:13).

      თანამედროვე „სიბილწე“

      7. იესოს რომელი წინასწარმეტყველება სრულდება ჩვენს დღეებში?

      7 პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული მათეს 24-ე თავში იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის უფრო ფართო მასშტაბით შესრულებას ვხედავთ. გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები: „როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს . . . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ“ (მათე 24:15, 16). წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ჩვენს დღეებშიც უნდა შესრულდეს.

      8. როგორ განსაზღვრავდნენ იეჰოვას მოწმეები წლების განმავლობაში, რა იყო თანამედროვე „სიბილწე“?

      8 ათას ცხრაას ოცდაერთი წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) ცხადყოფდა იეჰოვას მსახურთა დაჯერებულობას ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების შუქზე ამახვილებდა ამაზე ყურადღებას. შემდეგ 1929 წლის 15 დეკემბრის (ინგლ.) ნომერში 374-ე გვერდზე გადაჭრით იყო ნათქვამი: „ერთა ლიგა ყოველ ღონეს ხმარობს ღვთისა და ქრისტესგან ხალხის ჩამოსაშორებლად და ამიტომ ის არის სიბილწე, სატანის იარაღი და აქედან გამომდინარე, ღვთისთვის საზიზღრობა“. ამგვარად, „სიბილწე“ 1919 წელს გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ერთა ლიგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეცვალა. იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ეს სამშვიდობო ორგანიზაციები ღვთის თვალში სიბილწეა.

      9, 10. დიდი გასაჭირის შესახებ ადრინდელი გაგების საფუძველზე, როდის ელოდნენ წმინდა ადგილზე „სიბილწის“ დადგომას?

      9 წინა სტატიაში შეჯამებული იყო მათეს 24-ე და 25-ე თავების უმეტესი ნაწილის განახლებული გაგება. არის რამე ახალი „წმიდა ადგილზე მდგომ გატიალების სისაძაგლესთან“ დაკავშირებით? როგორც ჩანს, არის. იესოს წინასწარმეტყველებაში „წმიდა ადგილზე დგომა“ ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ დაწყებასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ „გატიალების სიბილწე“ დიდი ხანია რაც არსებობს, მის „წმიდა ადგილზე დგომასა“ და დიდ გასაჭირს შორის კავშირმა უნდა დაგვაინტერესოს. რატომ?

      10 ღვთის ხალხს ერთ დროს ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ დიდი გასაჭირის პირველი ფაზა 1914 წელს დაიწყო, ხოლო საბოლოო — არმაგედონის ომში დაიწყებოდა (გამოცხადება 16:14, 16; შეადარეთ 1939 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 110 [ინგლ.]). ასე რომ, გასაგებია, რატომ ფიქრობდნენ ერთ დროს, რომ თანამედროვე „სიბილწე“ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე წმინდა ადგილზე უნდა დამდგარიყო.

      11, 12. რა შესწორებები იქნა შემოთავაზებული 1969 წელს დიდ გასაჭირთან დაკავშირებით?

      11 ცოტა მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გაგება შეიცვალა. 1969 წლის 10 ივლისს, ხუთშაბათს, ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ვიცე-პრეზიდენტმა ფ. უ. ფრენცმა ამაღელვებელი მოხსენება წარმოთქვა. იესოს წინასწარმეტყველების ადრინდელი გაგების მოკლედ მიმოხილვისას ძმა ფრენცმა აღნიშნა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ დიდი გასაჭირი ახ. წ. 1914 წელს დაიწყო, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ბოლომდე გაგრძელებულიყო და პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის ნოემბერში დასრულდა. ამ დროიდან ღმერთმა, სანამ დიდ გასაჭირს არმაგედონის ომში დაასრულებდა, ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს მსახურებისთვის გარკვეული პერიოდი გამოუყო“.

      12 შემდეგ კი ძმამ ამ საკითხის მნიშვნელოვნად შესწორებული ახსნა შემოგვთავაზა: «პირველი საუკუნის მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ . . . დიდი გასაჭირი ახ. წ. 1914 წელს არ დაწყებულა. უფრო სწორად, დღევანდელ სიმბოლურ იერუსალიმში 1914—1918 წლებში მომხდარი მოვლენები მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი იყო“ . . . დიდი გასაჭირი ისეთი, რომლის მსგავსიც არასოდეს მოხდება, ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან ის ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის (ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით) განადგურებას ნიშნავს, რასაც „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“, არმაგედონი, მოჰყვება». ესე იგი, დიდი გასაჭირი მთლიანად ჯერ კიდევ წინ იყო.

      13. რატომ არის ლოგიკური დავასკვნათ, რომ „გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე“ ჯერ არ დამდგარა?

      13 ეს კი უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როდის დგება „სიბილწე“ წმინდა ადგილზე. გაიხსენეთ პირველი საუკუნის მოვლენები. ახ. წ. 66 წელს რომაელებმა იერუსალიმს შეუტიეს, მაგრამ მოულოდნელმა უკან დახევამ ქრისტიან „ძე ხორციელებს“ გადარჩენის საშუალება მისცა (მათე 24:22). შესაბამისად, ველით, რომ დიდი გასაჭირი მალე დაიწყება, მაგრამ ღვთის რჩეულთათვის შემოკლდება. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მთავარ მომენტს: ძველ მაგალითში „წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწე“ ძვ. წ. 66 წელს გენერალ ცესტიუს გალუსის მეთაურობით რომაელების შეტევასთან იყო დაკავშირებული. იმ შეტევის თანამედროვე პარალელი — დიდი გასაჭირის დასაწყისი — ჯერ კიდევ წინ არის. ასე რომ, „გატიალების სიბილწე“, რომელიც 1919 წლიდან არსებობს, როგორც ჩანს, წმიდა ადგილზე ჯერ არ დამდგარაb. როგორ მოხდება ეს? და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენზე?

      მომავალი შეტევა

      14, 15. როგორ გვეხმარება წიგნ „გამოცხადების“ მე-17 თავი არმაგედონის წინა მოვლენების გაგებაში?

      14 წიგნი „გამოცხადება“ ცრუ რელიგიაზე მომავალ გამანადგურებელ თავდასხმას აღგვიწერს. მე-17 თავში მოკლედ არის გადმოცემული „დიდი ბაბილონის, მეძავთა დედის“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის — წინააღმდეგ ღვთის სამსჯავრო. ქრისტიანული სამყარო ცენტრალურ ადგილზე დგას ამ რელიგიებს შორის და აცხადებს, რომ ღმერთმა მასთან დადო კავშირი (შეადარეთ იერემია 7:4). ცრუ რელიგიები, ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით, დიდი ხანია „დედამიწის მეფეებთან“ მეძაობენ, მაგრამ ამას ბოლო მოეღება და ეს რელიგიები განადგურებულ იქნება (გამოცხადება 17:2, 5). ვინ გაანადგურებს მათ?

      15 წიგნი „გამოცხადება“ გვიხატავს „შავწითელ მხეცს“, რომელიც იყო და არ არის, შემდეგ ისევ ბრუნდება (გამოცხადება 17:3, 8). ამ მხეცს მსოფლიო მმართველები უჭერენ მხარს. წინასწარმეტყველებაში მოცემული დეტალები გვეხმარება, სიმბოლურ მხეცში სამშვიდობო ორგანიზაცია ამოვიცნოთ, რომელმაც 1919 წელს ერთა ლიგის („სიბილწის“) სახით დაიწყო არსებობა და რომელიც ახლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელწოდებით არის ცნობილი. გამოცხადების 17:16, 17 ცხადყოფს, რომ ღმერთი გულში ჩაუდებს ზოგ მმართველს, „მხეცის“ გამორჩეულ წევრებს, გაატიალონ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. ეს შეტევა დიდი გასაჭირის დაწყების ნიშანი იქნება.

      16. რა საყურადღებო მოვლენები ვითარდება რელიგიასთან დაკავშირებით?

      16 ვინაიდან დიდი გასაჭირი ჯერ კიდევ არ დაწყებულა, „წმინდა ადგილზე დგომაც“ მომავლის საქმეა? როგორც ჩანს, ეს ასეა. თუმცა „სიბილწე“ ამ საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და უკვე ათეული წლებია არსებობს, ახლო მომავალში ის განსაკუთრებულ ადგილზე, „წმინდა ადგილზე“ დადგება. ქრისტეს პირველი საუკუნის მიმდევრებივით დღევანდელმა ქრისტიანებმაც დაკვირვებით უნდა ადევნონ თვალყური, როგორ მოხდება „წმინდა ადგილის“ დაკავება. რა თქმა უნდა, ყველა დეტალის გამოსარკვევად, წინასწარმეტყველების შესრულებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც რომ ზოგ ქვეყანაში უკვე არსებობს რელიგიის მიმართ აშკარა ანტიპათია, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. გარკვეული პოლიტიკური ელემენტები, განდგომილ ქრისტიანებთან ერთად, შუღლს აღვივებენ საერთოდ რელიგიის და, განსაკუთრებით კი, ჭეშმარიტი ქრისტიანების მიმართ (ფსალმუნი 93:20, 21; 1 ტიმოთე 6:20, 21). მაშასადამე, პოლიტიკური ძალები ახლაც კი ‘იბრძვიან კრავთან’ და როგორც გამოცხადების 17:14 ცხადყოფს, ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება. რადგან პირდაპირი გაგებით ვერ შეეხებიან იესო ქრისტეს, ღვთის კრავს, რომელსაც აღმატებული, დიდებული მდგომარეობა უჭირავს, ისინი განაგრძობენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების, განსაკუთრებით კი, მისი „წმიდანების“ წინააღმდეგ ბრძოლას (დანიელი 7:25; შეადარეთ რომაელთა 8:27; კოლასელთა 1:2; გამოცხადება 12:17). ღმერთი გვარწმუნებს, რომ კრავი და მისი თანამებრძოლები გაიმარჯვებენ (გამოცხადება 19:11–21).

      17. ყოველგვარი დოგმატიზმის გარეშე, რის თქმა შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, როგორ იდგება „სიბილწე“ წმინდა ადგილზე?

      17 ვიცით, რომ ცრუ რელიგიას განადგურება მოელის. დიდი ბაბილონი „მთვრალია წმიდათა სისხლით“ და თუმცა დედოფალივით იქცევა, მისი განადგურება გარდაუვალია. უწმინდური გავლენა, რომელიც დედამიწის მეფეებზე აქვს, დრამატულად შეიცვლება — „ათი რქა და მხეცი“ საშინლად შეიძულებენ მას (გამოცხადება 17:6, 16; 18:7, 8). რელიგიური მეძავის წინააღმდეგ „შავწითელი მხეცის“ გალაშქრებისას „სიბილწე“ ავის მომასწავებლად იდგება ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებულ წმიდა ადგილზეc. ასე რომ, განადგურება დაიწყება ურწმუნო ქრისტიანული სამყაროდან, რომელიც საკუთარ თავს წმინდად მიიჩნევს.

      „გაიქცნენ“ — როგორ?

      18, 19. რა მიზეზები არსებობს იმის ნათელსაყოფად, რომ „მთებში გაქცევა“ რელიგიის შეცვლას არ ნიშნავს?

      18 იმის შემდეგ რაც „სიბილწის წმიდა ადგილზე დადგომა“ იწინასწარმეტყველა, იესომ გონიერებს მოქმედებისკენ მოუწოდა. გულისხმობდა თუ არა ის, რომ იმ დროს, როდესაც „გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე იდგებოდა“, მრავალი ცრუ რელიგიიდან ჭეშმარიტებისკენ „გაიქცეოდა“? საეჭვოა. ყურადღება მიაქციეთ პირველ შესრულებას. იესომ თქვა: „მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებში გაიქცნენ. და ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა მაშინ და ნურც შევა შიგნით თავისი სახლიდან რაიმეს ასაღებად. და ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის ასაღებად, ხოლო ვაი ორსულებს და მათ, ვინც ძუძუს აწოვებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოხდეს ზამთარში“ (მარკოზი 13:14–18, აფ).

      19 იესოს არ უთქვამს, რომ მხოლოდ იერუსალიმში მყოფთათვის იყო ქალაქის დატოვება საჭირო, თითქოს მისი სიტყვების არსი იუდეველთა თაყვანისმცემლობის ცენტრის დატოვება იყო; მის გაფრთხილებაში არც რელიგიის შეცვლა ანუ ცრუდან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობისკენ გაქცევა იყო მოხსენიებული. იესოს მოწაფეებს სულაც არ სჭირდებოდათ გაფრთხილება ერთი რელიგიიდან მეორეში გაქცევის შესახებ; ისინი უკვე იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. არც ახ. წ. 66 წელს რომაელების შემოტევას აღუძრავს იერუსალიმსა და იუდეაში მყოფი იუდაიზმის მიმდევრები თავიანთი რელიგიის უარყოფისა და ქრისტიანობის მიღებისკენ. პროფესორი ჰაინრიხ გრეტსი ამბობს, რომ რომაელებს გამოდევნებულები ქალაქში დაბრუნდნენ: „ზელოტები ხმამაღლა მღეროდნენ გამარჯვების სიმღერას და ისე ბრუნდებოდნენ იერუსალიმში (8 ოქტომბერს); თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იმედი მათ გულებს სიხარულით ავსებდა . . . განა ღმერთი მათაც ისეთივე გულმოწყალებით არ დაეხმარა, როგორც მათ მამა-პაპას? ზელოტებს გულში მომავლის შიშის ნასახიც კი არ ჰქონდათ“.

      20. როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის მოწაფეები იესოს გაფრთხილებას მთებში გაქცევის შესახებ?

      20 მაშ, როგორ მოქმედებდა იმ დროს იესოს რჩევის თანახმად რჩეულთა შედარებით მცირე ნაწილი? იუდეის დატოვებითა და იორდანის გაღმა მთებში გაქცევით მათ ცხადყვეს, რომ არ იყვნენ იუდეველთა არც პოლიტიკური და არც რელიგიური სისტემის ნაწილი. მათ დატოვეს ყანები და სახლები ისე, რომ იქიდან არაფერი წამოუღიათ. იეჰოვასგან მფარველობისა და დახმარების მიღებაში დარწმუნებულები მისადმი თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდნენ; იმაზე წინაც კი, რაც ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა (მარკოზი 10:29, 30; ლუკა 9:57–62).

      21. რას არ უნდა მოველოდეთ მაშინ, როდესაც „სიბილწე“ შეტევაზე გადავა?

      21 ახლა კი განვიხილოთ ამ წინასწარმეტყველების უფრო ფართო მასშტაბით შესრულება. მრავალი ათწლეულია, რაც ხალხს ცრუ რელიგიის დატოვებისა და ჭეშმარიტი თაყვანისცემისკენ მოვუწოდებთ (გამოცხადება 18:4, 5). მილიონები გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას. რაც შეეხება იესოს წინასწარმეტყველებას, ის არ მიუთითებს „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას მასების მიერ უცებ წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მოქცევაზე; ფაქტია, რომ ახ. წ 66 წელს იუდეველთა მასობრივი გაქრისტიანება არ მომხდარა. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ექნებათ მძლავრი სტიმული, მიჰყვნენ იესოს რჩევას და გაიქცნენ.

      22. რა შეიძლება შედიოდეს იესოს რჩევაში მთებში გაქცევის შესახებ?

      22 დღესდღეობით შეუძლებელია დიდი გასაჭირის ყველა წვრილმანის დაზუსტება, მაგრამ შეგვიძლია ლოგიკური დასკვნის გამოტანა, რომ გაქცევა, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილს არ ეხება. ღვთის ხალხი მთელი დედამიწის ზურგზე, ფაქტობრივად, მის ყველა კუთხეში, იმყოფება. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაქცევის აუცილებლობის შექმნისას ქრისტიანები, როგორც ყოველთვის, აშკარად გამოყოფილი უნდა იყვნენ ცრუ რელიგიური ორგანიზაციებიდან. მნიშვნელოვანია აგრეთვე იესოს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მოწაფეები არ მიბრუნებულიყვნენ სახლში ტანსაცმლის ან სხვა ნივთების ასაღებად (მათე 24:17, 18). ასე რომ, შეიძლება წინ მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით გამოცდა გველოდებოდეს; ქონება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ხსნა, რომელსაც ღმერთი მოუტანს ყველას, ვინც მის მხარეზეა? დიახ, გაქცევასთან შეიძლება გარკვეული სირთულეები და ზარალი იყოს დაკავშირებული. პირველი საუკუნის ძმებივით, რომლებიც იუდეიდან იორდანეს გაღმა, პერეაში გაიქცნენ, ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

      23, 24. ა) მხოლოდ სად შევძლებთ თავშესაფრის პოვნას? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე „წმიდა ადგილზე მდგომი გატიალების სიბილწის“ შესახებ იესოს გაფრთხილებამ?

      23 დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი თავშესაფარი ყოველთვის იეჰოვა და მისი მთისმაგვარი ორგანიზაციაა (მეორე მეფეთა 22:2, 3; ფსალმუნი 17:3; დანიელი 2:35, 44). იქ ვპოვებთ თავშესაფარს და არ მივბაძავთ სხვებს, რომლებიც გაიქცევიან „მღვიმეებში“ და დაიმალებიან „მთის გამოქვაბულებში“ — ადამიანების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებში, რომლებმაც დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ძალიან ცოტა ხანს შეიძლება იარსებონ (გამოცხადება 6:15; 18:9–11). მართალია, შეიძლება მაშინ უფრო მძიმე დრო დადგეს — როგორც ეს ახ. წ. 66 წელს იუდეიდან გაქცევისას ორსულებისთვის ან მათთვის იყო, ვისაც ცივ, წვიმიან ამინდში მოუწია გამგზავრება, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ხსნის გზას გვიჩვენებს. ამიტომ დღესვე უფრო მეტად მივენდოთ იეჰოვასა და მის ძეს, რომელიც უკვე მეფობს ღვთის სამეფოში.

      24 მომავლის შიშისთვის არავითარი საფუძველი არა გვაქვს. იესოს არ სურდა, თავის მოწაფეებს შიშში ეცხოვრათ. მას არც ის უნდოდა, რომ ჩვენ ან ახლა, ან მომავალში გვეშინოდეს. იესომ გამოგვაფხიზლა, რათა გულითა და გონებით მომზადებული შევხვდეთ ყველაფერს. მორჩილ ქრისტიანებს არ შეეხება ცრუ რელიგიისა და ბოროტი სისტემის განადგურება. ისინი გონიერებას გამოავლენენ და ყურად იღებენ გაფრთხილებას „წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწის“ შესახებ და ურყევი რწმენის საფუძველზე გაბედულად იმოქმედებენ. ნურასოდეს დავივიწყებთ იესოს აღთქმას: „ვინც ბოლომდის მოითმენს, ის გადარჩება“ (მარკოზი 13:13).

      [სქოლიოები]

      a „რომაელების დროშები დიდი მოკრძალებით ინახებოდა რომის ტაძრებში და რაც უფრო ხშირად იმარჯვებდნენ სხვა ხალხებზე, მით უფრო იზრდებოდა ამ ალმებისადმი მათი მოწიწება . . . [ჯარისკაცებისთვის ისინი] დედამიწის ზურგზე უწმინდესი საგნები და საფიცარი იყო“ („ბრიტანიკა“, მე-11 გამოცემა).

      b აღსანიშნავია, რომ თუმცა იესოს სიტყვების ახ. წ. 66—70 წლებში შესრულება გვეხმარება გავიგოთ, როგორ შესრულდება ეს სიტყვები დიდი გასაჭირის დროს, ეს ორი შესრულება შეუძლებელია ზუსტად ერთნაირი იყოს, რადგან ისინი სხვადასხვა პირობებში სრულდება.

      c იხილეთ 1975 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 741—744 (ინგლ.).

      გახსოვთ თუ არა?

      ◻ რაში გამოვლინდა პირველ საუკუნეში „გატიალების სიბილწე“?

      ◻ რატომ არის გონივრული, ვიფიქროთ, რომ თანამედროვე „სიბილწე“ წმიდა ადგილზე ჯერ არ დამდგარა?

      ◻ „სიბილწის“ მხრივ რა შეტევაა ნაწინასწარმეტყველები წიგნ „გამოცხადებაში“?

      ◻ როგორი „გაქცევა“ შეიძლება დაგვჭირდეს?

      [სურათი 16 გვერდზე]

      დიდ ბაბილონს „მეძავთა . . . დედა“ ეწოდება.

      [სურათი 17 გვერდზე]

      წიგნ „გამოცხადების“ მე-17 თავში აღწერილი შავწითელი მხეცი იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები „სიბილწეა“.

      [სურათი 18 გვერდზე]

      მხეცი გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს რელიგიას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება