საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ უყურებს ღმერთი ომს?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • ჯარისკაცები, ტანკები და ბომბდამშენები

      მთავარი თემა

      როგორ უყურებს ღმერთი ომს?

      თქვენ როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვას? ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი იწონებს ომებს. ამის მიზეზად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ წარსულში ღმერთი თავის ზოგიერთ თაყვანისმცემელს ომისკენ მოუწოდებდა, რასაც არც ბიბლია უარყოფს. სხვები განსხვავებულად ფიქრობენ და ამბობენ, რომ ღვთის ძე, იესო, თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ჰყვარებოდათ მტრები (მათე 5:43, 44). მათი მსჯელობით, ღმერთმა თვალსაზრისი შეიცვალა და დღეს უკვე აღარ იწონებს ომს.

      თქვენ რას ფიქრობთ? იწონებს ღმერთი საომარ მოქმედებებს? თუ დიახ, ვის მხარეს იკავებს დღევანდელ კონფლიქტებში? ამ კითხვებზე პასუხებმა შეიძლება სრულიად შეცვალოს ომთან დაკავშირებით თქვენი შეხედულება. მაგალითად, თუ გეცოდინებოდათ, რომ ღმერთი არათუ იწონებს ომს, არამედ თქვენ მხარესაა, ალბათ, გაგიხარდებოდათ და გამარჯვების რწმენაც შეგემატებოდათ. მეორე მხრივ, რას იგრძნობდით იმ შემთხვევაში, თუ გაიგებდით, რომ ღმერთი მოწინააღმდეგე მხარეს ემხრობა? არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ამ საკითხზე შეხედულება შეგცვლოდათ.

      თუმცა ეს საკითხი უფრო სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ომზე ღვთის თვალსაზრისის გაგებამ შესაძლოა ღმერთზე შეგიცვალოთ შეხედულება. თუ თქვენც იმ მილიონებს შორის ხართ, რომელთაც ომმა თავისი დაღი დაასვა, უდავოდ ისურვებდით შემდეგ კითხვაზე პასუხის მიღებას: ღმერთი დგას ომებისა და ომებით გამოწვეული ტანჯვის უკან, თუ ის შორიდან უყურებს ამ ყველაფერს და საერთოდ არ ანაღვლებს ჩაგრულთა ბედი?

      შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ რამდენად განსხვავდება ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიური პასუხები ზემოხსენებული აზრებისგან. უფრო მეტიც, უძველესი დროიდან მოყოლებული ღვთის შეხედულება ომზე დღემდე არ შეცვლილა. მოდი, ბიბლიიდან გავიგოთ, რა თვალსაზრისი ჰქონდა ომზე ღმერთს ძველ დროში და იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს, პირველ საუკუნეში. ამგვარად გავიგებთ, როგორ უყურებს ღმერთი დღეს წარმოებულ ომებს და მუდმივად იქნება თუ არა ომი კაცობრიობის განუყოფელი ნაწილი.

  • ღვთის შეხედულება ომზე ძველ დროში
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

      ღვთის შეხედულება ომზე ძველ დროში

      ფარაონსა და მის ჯარს წითელი ზღვა თავზე ექცევა

      ჩაგრული ხალხი ტანჯვისგან ოხრავდა და მოთქვამდა. გამწარებულები გამუდმებით ღმერთს შეღაღადებდნენ, მაგრამ შველა არა და არ მოდიოდა. ასეთ სავალალო მდგომარეობაში ძველ დროში მცხოვრები ღვთის ხალხი, ისრაელები, იყვნენ ჩაცვენილი, რომელთაც ძლევამოსილი ეგვიპტე ჩაგრავდა (გამოსვლა 1:13, 14). მრავალი წლის განმავლობაში ისრაელები მტარვალი ეგვიპტელების ხელიდან ხსნას ღვთისგან ელოდნენ. ბოლოს, ღვთის დანიშნული დღეც დადგა და მან მოქმედება დაიწყო (გამოსვლა 3:7—10). ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა ომი წამოიწყო ეგვიპტელების წინააღმდეგ. მან ეგვიპტელებს გამანადგურებელი სასჯელებით შეუტია, ბოლოს კი ეგვიპტის ფარაონი თავისი ჯარითურთ წითელ ზღვაში დაასამარა (ფსალმუნი 136:15). იეჰოვა ღმერთმა დაამტკიცა, რომ „მამაცი მეომარია“ და იბრძვის თავისი ხალხის დასაცავად (გამოსვლა 15:3, 4).

      ის ფაქტი, რომ ღმერთმა ეგვიპტელების წინააღმდეგ გაილაშქრა, იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ არის ყველა ომის წინააღმდეგი. ზოგჯერ ღმერთი ისრაელებს აძლევდა ომის წამოწყების უფლებამოსილებას. მაგალითად, მან თავის ხალხს უბრძანა, გაელაშქრათ ქანაანელების წინააღმდეგ, რომლებიც უმძიმეს ბოროტებას სჩადიოდნენ (კანონი 9:5; 20:17, 18). ღმერთმა ისრაელის მეფე დავითსაც მისცა მითითება, შეეტია ფილისტიმელებისთვის, რომლებიც ავიწროებდნენ მის ხალხს. მან საბრძოლო გეგმაც კი მისცა დავითს, რაც უცილობელ გამარჯვებას მოაპოვებინებდა (2 სამუელი 5:17—25).

      ბიბლიის ამ ეპიზოდებიდან ვიგებთ, რომ როდესაც ისრაელების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ღმერთი უშვებდა ომებს თავისი ხალხისა და წმინდა თაყვანისმცემლობის დასაცავად. მოდი, ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება მივაქციოთ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს.

      1. მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, ვინ იბრძოლებდა. ერთხელ ღმერთმა ისრაელებს ასეთი სიტყვები უთხრა: „ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა“. რატომ? იმიტომ, რომ მათ სახსნელად თავად ღმერთი იბრძოლებდა (2 მატიანე 20:17; 32:7, 8). ღმერთს არაერთხელ უბრძოლია თავისი ხალხისთვის. ის ასე მოიქცა თუნდაც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ სიტუაციაში. სხვა შემთხვევებში ის მოუწოდებდა ისრაელებს, ჩაბმულიყვნენ ისეთ ომებში, რომლებსაც თავად უჭერდა მხარს, მაგალითად აღთქმული მიწის დასაუფლებლად და დასაცავად გამართულ ბრძოლებში (კანონი 7:1, 2; იესო ნავეს ძე 10:40).

      2. მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, როდის დაწყებულიყო ომი. ისრაელები მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ ღვთის მიერ დანიშნულ დროს და ამ დროის დადგომამდე არ უნდა გასულიყვნენ მტერთან საბრძოლველად. და თუ მაინც თვითნებურად იმოქმედებდნენ, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რა სავალალო შედეგებს იმკიდნენ ისრაელები, როცა გაკადნიერდებოდნენ და ღვთის მითითების გარეშე ომში ებმეოდნენ.a

      3. გადარჩენილი რახაბი და მისი ოჯახი იერიხონის ნანგრევებთან დგანან

        მიუხედავად იმისა, რომ ქანაანელების წინააღმდეგ ომი თავად ღმერთმა წამოიწყო, მან დაინდო ზოგი ქანაანელი, მაგალითად რახაბი და მისი ოჯახი

        ღმერთს არ ახარებს ადამიანების სიკვდილი, მათ შორის ბოროტების. იეჰოვა ღმერთი სიცოცხლის წყარო და ჩვენი შემოქმედია (ფსალმუნი 36:9). ამიტომ მას არ სურს ადამიანების დაღუპვა. სამწუხაროდ, ღვთისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების დასაჩაგრად და დასახოცად მზაკვრულ გეგმებს ადგენენ (ფსალმუნი 37:12, 14). ამგვარი ბოროტების შესაჩერებლად ღმერთი ზოგჯერ უშვებდა ომებს. თუმცა ამ დროსაც კი იგი გულმოწყალებასა და მოთმინებას ავლენდა მტრისადმი (ფსალმუნი 86:15). მაგალითად, ღვთის ბრძანებით, როცა ისრაელები ქალაქს დასაპყრობად მიადგებოდნენ, „ზავის პირობები“ უნდა გამოეცხადებინათ, რაც მოსახლეობას ცხოვრების წესის შეცვლისა და ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემდა (კანონი 20:10—13). ამგვარად ღმერთი ცხადყოფდა, რომ „ბოროტის სიკვდილი კი არ [ახარებს], არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი თავისი გზიდან და იცოცხლოს“ (ეზეკიელი 33:11, 14—16).b

      როგორც ვხედავთ, ძველ დროში ამ თუ იმ სახის ბოროტებისა და ჩაგვრის მოსასპობად, ღმერთი ომს კანონიერ ღონისძიებად მიიჩნევდა. თავად იეჰოვა წყვეტდა, როდის დაიწყებოდა ომი და ვინ იომებდა, და არა ადამიანი. სისხლი ხომ არ სწყუროდა ღმერთს და სიამოვნებას ხომ არ ანიჭებდა ომები? არამც და არამც! სინამდვილეში, მას სძულს ძალადობა (ფსალმუნი 11:5). შეიცვალა ომის მიმართ ღვთის დამოკიდებულება პირველ საუკუნეში, იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს?

      a მაგალითად, ერთხელ ისრაელებმა დიდი მარცხი იწვნიეს, როდესაც ღვთის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეებრძოლნენ ამალეკელებსა და ქანაანელებს (რიცხვები 14:41—45). მრავალი წლის შემდეგ ღვთის ერთგულ მეფე იოშიას, რომელიც ღვთის მითითების გარეშე გავიდა საომრად, სიცოცხლის ფასად დაუჯდა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება (2 მატიანე 35:20—24).

      b ისრაელებმა ქანაანელებს ზავის პირობები არ წაუყენეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქანაანელებს 400 წელი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მიეტოვებინათ ბოროტება და გამოსწორებულიყვნენ. იმ დროისთვის, როცა ისრაელები ქანაანელების წინააღმდეგ გავიდნენ, მათი უმრავლესობა გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი იყო (დაბადება 15:13—16). ამიტომ ისინი უნდა აღგვილიყვნენ მიწის პირისგან, თუმცა ღმერთმა დაინდო ის ქანაანელები, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების წესი (იესო ნავეს ძე 6:25; 9:3—27).

  • ღვთის შეხედულება ომზე პირველ საუკუნეში
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

      ღვთის შეხედულება ომზე პირველ საუკუნეში

      ხალხი კვლავაც იჩაგრებოდა. წინაპრების მსგავსად, ალბათ, პირველ საუკუნეში მცხოვრები ებრაელებიც გამუდმებით სთხოვდნენ ღმერთს ხსნას, ოღონდ ამჯერად რომის იმპერიის ბატონობისგან. ამ დროს იესოც გამოჩნდა. დაამტკიცებდა ის, რომ ნაწინასწარმეტყველები მესია იყო? ალბათ, ბევრი იმედოვნებდა, „რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს“ რომაელთა ჩაგვრისგან (ლუკა 24:21). მაგრამ ხსნა არა და არ მოდიოდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ბოლოს, ახ. წ. 70 წელს, რომის ჯარი იერუსალიმში შეიჭრა და ქალაქი და ტაძარი მიწასთან გაასწორა.

      რატომ არ იბრძოლა ღმერთმა მათ დასაცავად, როგორც ამას წარსულში აკეთებდა? ან რატომ არ მისცა მითითება, თავად ებრძოლათ მჩაგვრელთა უღლის გადასაგდებად? ხომ არ შეიცვალა ღმერთმა ომთან დაკავშირებით შეხედულება? არა, მაგრამ მისი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ნამდვილად შეიცვალა. მათ უარყვეს ღვთის ძე, იესო, როგორც მესია (საქმეები 2:36). ამიტომ, ისრაელმა, როგორც ერმა, დაკარგა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა (მათე 23:37, 38).

      ღმერთი მეტად აღარ იცავდა ებრაელებსა და აღთქმულ მიწას; ებრაელები ვეღარ იტყოდნენ, რომ ბრძოლებში ღმერთი უმაგრებდა ზურგს. იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ხორციელ ისრაელს წაერთვა ის კურთხევები, რაც ღვთის კეთილგანწყობას მოჰყვებოდა, და გადაეცა ახალ ერს, სულიერ ერს, რომელსაც ბიბლია „ღვთის ისრაელს“ უწოდებს (გალატელები 6:16; მათე 21:43). სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარმა კრებამ დაამტკიცა, რომ სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ საუკუნეში მათ „ღვთის ხალხი“ ეწოდა (1 პეტრე 2:9, 10).

      რადგან „ღვთის ხალხი“ ახლა უკვე პირველი საუკუნის ქრისტიანები გახდნენ, იბრძოლა ღმერთმა მათთვის და გაათავისუფლა რომაელებისგან? ან აღჭურვა უფლებამოსილებით, თავად ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ? არა, ღმერთს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია. რატომ? როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, როცა საქმე ღვთის ომს ეხება, მხოლოდ ის წყვეტს, როდის არის ამისთვის შესაფერისი დრო. ღმერთს არც თავად უბრძოლია პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის და არც მათთვის მიუცია ამის ნება. აშკარაა, რომ ღვთისთვის პირველი საუკუნე არ იყო ბოროტებისა და ჩაგვრის აღმოფხვრის დრო.

      ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, პირველი საუკუნის ქრისტიანებიც უნდა დალოდებოდნენ იმ დროს, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებდა ბოროტებასა და ჩაგვრას. ამ დროის დადგომამდე ღმერთი არ აძლევდა მათ ომების წარმოების უფლებას. იესო ქრისტემ ეს აზრი გასაგებად ჩამოაყალიბა თავის სწავლებებში, რომელთა თანახმადაც მის მიმდევრებს არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ომში. უფრო მეტიც, ის მათ ეუბნებოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). როცა რომაელთა მიერ იერუსალიმის განადგურებას წინასწარმეტყველებდა, იესომ თავის მოწაფეებს მითითება მისცა, არ დარჩენილიყვნენ ქალაქში და არ ეომათ. მისი ნათქვამისამებრ, ისინი უნდა გაქცეულიყვნენ და ასეც მოიქცნენ (ლუკა 21:20, 21).

      გარდა ამისა, ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა დაწერა: «ნუ იძიებთ შურს . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19). პავლე ლევიანების 19:18-სა და კანონის 32:35-ში საუკუნეების წინათ ჩაწერილ სიტყვებს ციტირებდა. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი შურს იძიებდა თავისი ხალხის მტრებზე, ის იყო, რომ მათ ბრძოლებში ეხმარებოდა. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის თვალსაზრისი ომზე არ შეცვლილა. ღმერთი პირველ საუკუნეშიც მიიჩნევდა ომს ჩაგვრისა და ბოროტების აღმოფხვრის კანონიერ ღონისძიებად. თუმცა, როგორც ძველად, ამჯერადაც მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, როდის უნდა დაწყებულიყო ომი და ვის უნდა ეომა.

      აშკარაა, რომ ღმერთი არ აძლევდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ომში ჩაბმის უფლებას. რის თქმა შეიძლება ჩვენს დროზე? აძლევს ღმერთი რომელიმე ერს ომის წამოწყების უფლებას? ან დადგა უკვე იმის დრო, რომ ღმერთმა შური იძიოს თავისი მსახურებისთვის? და საერთოდ, დღეს რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ომზე? შემდეგი სტატია სწორედ ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

  • ღვთის შეხედულება ომზე დღეს
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ნოემბერი
    • მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

      ღვთის შეხედულება ომზე დღეს

      ხალხი დღესაც იჩაგრება. მრავალი ადამიანი ხსნისთვის გამუდმებით ღმერთს შეღაღადებს. მათ აინტერესებთ, მოვა თუ არა ოდესმე შველა. ესმის ღმერთს მათი ღაღადი? რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც ჩაგვრის დამარცხებას ომით ცდილობს? უჭერს ღმერთი მხარს და ამართლებს მათ ქმედებებს?

      თეთრ ცხენებზე ამხედრებული იესო თავის ანგელოზებთან ერთად არმაგედონში

      არმაგედონი იქნება ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს

      უპირველესად, გვინდა, განუგეშოთ იმ აზრით, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ადამიანთა ტანჯვა და მას განზრახული აქვს, გამოასწოროს დღევანდელი მდგომარეობა (ფსალმუნი 72:13, 14). თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ღმერთი გვპირდება, რომ დაიხსნის გასაჭირში ჩაცვენილთ. როდის დადგება ეს დრო? მაშინ, „როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება . . . და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:7, 8). დროს, როცა იესო ქრისტე გამოცხადდება, ბიბლია „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უწოდებს. ღვთის სიტყვაში მას „არმაგედონიც“ ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16).

      ამ ომში ღმერთი ადამიანებს აღარ აომებს. ის ბოროტების წინააღმდეგ თავისი ძის, იესო ქრისტესა და სხვა სულიერი ქმნილებების მეშვეობით გაილაშქრებს. ეს ზეციერი ლაშქარი ჩაგვრას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს (ესაია 11:4; გამოცხადება 19:11—16).

      ღვთის თვალსაზრისი ომზე დღესაც არ შეცვლილა. ის ომს კვლავაც მიიჩნევს ჩაგვრისა და ბოროტების აღმოფხვრის კანონიერ ღონისძიებად. თუმცა, როგორც ოდითგანვე იყო, მხოლოდ ღმერთი წყვეტს, როდის უნდა დაიწყოს ომი და ვინ უნდა იომოს. როგორც გავიგეთ, ბოროტების მოსასპობად და ჩაგრულთა გასათავისუფლებლად ღმერთს უკვე დაგეგმილი აქვს ომი, რომელსაც მის ძე, იესო ქრისტე, გამართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს წარმოებულ ომებს, რაოდენ კეთილშობილურ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, ღვთის თვალში გამართლება არა აქვს.

      მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ძმები, რომლებიც მამის არყოფნაში ერთმანეთს წაეჩხუბნენ. უცებ ჩერდებიან და მამას ურეკავენ. ერთი ჩხუბის დაწყებას მეორეს აბრალებს, მეორე კი ირწმუნება, რომ მას ცუდად მოექცნენ. ორივეს იმედი აქვს, რომ ამ დავაში მამა მას მიემხრობა. თუმცა მამა ბიჭებს ეუბნება, შეწყვიტონ ჩხუბი და მის სახლში დაბრუნებას დაელოდონ. ძმები მცირე ხნით ითვალისწინებენ მამის ნათქვამს, მაგრამ მალე ისევ აჩაღებენ ჩხუბს. სახლში დაბრუნებული მამა ორივე შვილზე ბრაზდება და დაუმორჩილებლობის გამო სჯის.

      მართალია, ომში ჩაბმული ქვეყნები დახმარებისთვის ხშირად ღმერთს მიმართავენ, მაგრამ დღეს ის არავის მხარეს არ იკავებს. პირიქით, თავის სიტყვაში, ბიბლიაში, იგი გარკვევით ამბობს: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ და „ნუ იძიებთ შურს“ (რომაელები 12:17, 19). უფრო მეტიც, ღმერთი ადამიანებს მოუწოდებს, დაელოდონ მისი მოქმედების დროს — არმაგედონს (ფსალმუნი 37:7). როდესაც ერები არ ავლენენ მოთმინებას და ომებს აჩაღებენ, ღმერთი მათ აგრესიულ საქციელს კადნიერებად მიიჩნევს. ამიტომ არმაგედონში ის გამოხატავს თავის გულისწყრომას მათ მიმართ და ერებს შორის არსებულ კონფლიქტებს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9; ესაია 34:2). უდავოდ, არმაგედონი იქნება ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს.

      ომების მოსპობა ერთ-ერთია იმ კურთხევათა შორის, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს. ეს ხელისუფლება იესომ თავის ცნობილ ლოცვაში მოიხსენია, როცა თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთის სამეფო არა მარტო ომებს მოუღებს ბოლოს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზს — ბოროტებასაცa (ფსალმუნი 37:9, 10, 14, 15). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იესოს მიმდევრები მთელი გულით ელიან იმ კურთხევებს, რომლებსაც ღვთის სამეფო მოიტანს (2 პეტრე 3:13).

      ხალხი ტკბება სამოთხეში ცხოვრებით

      და მაინც, რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი იმ დრომდე, ვიდრე ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ტანჯვას, ბოროტებასა და ჩაგვრას? ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5).b ბოლო დღეების კულმინაცია კი ღვთის სამეფოს ომი, არმაგედონი, იქნება, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება.

      როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ომში მხოლოდ ისინი განადგურდებიან, „ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:8). არც ის დაივიწყოთ, რომ ღმერთს არ ახარებს ადამიანების, მათ შორის ბოროტების, სიკვდილი (ეზეკიელი 33:11). რადგან ღმერთს ამ საბოლოო ომში არავის დაღუპვა არ სურს, ის ზრუნავს იმაზე, რომ აღსასრულამდე სასიხარულო ცნობა ჩვენი უფლის იესოს შესახებ ნაქადაგები იყოს „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (2 პეტრე 3:8, 9; მათე 24:14; 1 ტიმოთე 2:3, 4). მართლაც, იეჰოვას მოწმეების გლობალური სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნონ ღმერთი, დაემორჩილონ სასიხარულო ცნობას იესოს შესახებ და იცხოვრონ იმ დღის მოლოდინში, როცა ომები საბოლოოდ ჩაჰბარდება წარსულს.

      a ღვთის სამეფო კაცობრიობის მტერს, სიკვდილსაც მოუღებს ბოლოს. როგორც ამ ჟურნალის სტატიიდან, „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ ვიგებთ, ღმერთი უთვალავ ადამიანს დაუბრუნებს სიცოცხლეს, მათ შორის ომში დაღუპულებსაც.

      b ბოლო დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-9. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება