საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! I ნაწილი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • მშობლები უსმენენ, თუ როგორ ლოცულობს მათი ქალიშვილი ძილის წინ

      იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! I ნაწილი

      „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9).

      შეგიძლიათ უპასუხოთ?

      • რის სწავლა შეგვიძლია ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული ფრაზიდან „ჩვენო . . . მამა“?

      • რატომ უნდა ვილოცოთ ღვთის სახელის განწმენდისთვის?

      • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ლოცვაში მოხსენიებული თხოვნის თანახმად, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე?

      1. როგორ ვიყენებთ მსახურებაში მათეს 6:9—13-ში ჩაწერილ უფლის ლოცვას?

      უფლის ლოცვა დღეს ბევრმა ზეპირად იცის. კარდაკარ მსახურების დროს ამ ლოცვას მობინადრისთვის ხშირად იმის დასანახვებლად ვიყენებთ, რომ ღვთის სამეფო რეალური მთავრობაა, რომელიც გასაოცარ ცვლილებებს მოახდენს დედამიწაზე. ზოგჯერ კი მობინადრეს ამ ლოცვაში მოხსენიებულ პირველ თხოვნაზე ვუმახვილებთ ყურადღებას იმის საჩვენებლად, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელიც უნდა განიწმინდოს (მათ. 6:9).

      2. საიდან ვიცით, რომ იესოს არ სურდა, ლოცვის ნიმუში სიტყვასიტყვით გაგვემეორებინა ყოველი ლოცვის დროს?

      2 სურდა იესოს, რომ მისი ლოცვა სიტყვასიტყვით გაგვემეორებინა ყოველი ლოცვის დროს, როგორც ამას ქრისტიანული სამყარო აკეთებს? არა. რადგან, ვიდრე იესო თავის მოწაფეებს ლოცვის ნიმუშს ასწავლიდა, ასეთი რამ უთხრა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათ. 6:7). მოგვიანებით ქრისტემ ამ ლოცვის წარმოთქმისას სხვა სიტყვები გამოიყენა (ლუკ. 11:1—4). ამგვარად, იესომ გაგვაგებინა, თუ რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და როგორი თანმიმდევრობით. ასე რომ, სავსებით მართებულია, თუ მას ლოცვის ნიმუშად მივიჩნევთ.

      3. რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ ლოცვის ნიმუშის მიმოხილვისას?

      3 ამ და მომდევნო სტატიებში ჩვენ ლოცვის ნიმუშის შინაარსს მიმოვიხილავთ. უპრიანია, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ შემდეგ კითხვებს: როგორ დამეხმარება ლოცვის ნიმუში პირადი ლოცვების გაუმჯობესებაში? და რაც უფრო მთავარია, ვცხოვრობ ლოცვის ნიმუშის თანახმად?

      „ჩვენო ზეციერო მამა“

      4. რას შეგვახსენებს ლოცვაში მოხსენიებული ფრაზა „ჩვენო . . . მამა“ და რა გაგებითაა იეჰოვა მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანთათვის მამა?

      4 ლოცვის ნიმუშში იესომ მოიხსენია ფრაზა „ჩვენო . . . მამა“ და არა „ჩემო მამა“; ეს იმას შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვეკუთვნით „საძმოს“, რომლის წევრებსაც მთელი გულით უყვართ ერთმანეთი (1 პეტ. 2:17). ეს მართლაც უდიდესი პატივია! ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ღმერთმა იშვილა და რომელთაც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ, სამართლიანად უწოდებენ იეჰოვას „მამას“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (რომ. 8:15—17). თუმცა მათაც, რომლებიც დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას მოელიან, შეუძლიათ ღმერთს უწოდონ „მამა“, ვინაიდან იგი სიცოცხლის მომცემია და სიყვარულით ზრუნავს თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საჭიროებებზე. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები ღვთის შვილები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გასრულყოფილებისა და საბოლოო გამოცდისას ერთგულების შენარჩუნების შემდეგ გახდებიან (რომ. 8:21; გამოცხ. 20:7, 8).

      5, 6. რომელია ის საუკეთესო საჩუქარი, რის გაკეთებაც მშობლებს შვილებისთვის შეუძლიათ და როგორ უნდა მოექცეს თითოეული ბავშვი ამ საჩუქარს? (იხილეთ სურათი მე-20 გვერდზე)

      5 როდესაც მშობლები თავიანთ შვილებს ასწავლიან, თუ როგორ ილოცონ და იმის დანახვაში ეხმარებიან, რომ იეჰოვა მზრუნველი ზეციერი მამაა, ეს შვილებისთვის მათ მიერ გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. ერთი ძმა, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, იხსენებს: „ჩვენი ქალიშვილების დაბადების დღიდანვე ყოველღამე მათთან ერთად ვლოცულობდი, იმ შემთხვევების გარდა, როცა სახლში არ ვიყავი. მართალია, ჩემი შვილები ხშირად ამბობენ, რომ არ ახსოვთ, რაზე ვლოცულობდით, მაგრამ არ ავიწყდებათ ის მშვენიერი ატმოსფერო, რაც ჩვენს ოჯახში სუფევდა — ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან წმინდა ურთიერთობა, სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა. როცა გოგონები წამოიზარდნენ და დამოუკიდებლად ლოცვა შეძლეს, ვთხოვდი მათ, რომ ხმამაღლა ელოცათ, რათა გამეგო, როგორ უზიარებდნენ თავიანთ აზრებსა და გრძნობებს იეჰოვას. ეს საუკეთესო საშუალება იყო, რომ მათ გულში ჩამეხედა. შემდეგ რბილად მივუთითებდი ხოლმე, რომ თავიანთ ლოცვებში ლოცვის ნიმუშში მოცემული მნიშვნელოვანი საკითხები მოეხსენიებინათ, რათა მათი ლოცვები უფრო აზრიანი და შინაარსიანი ყოფილიყო“.

      6 ამის წყალობით, პატარა გოგონები სულიერად გაიზარდნენ. ახლა მათ კარგი ოჯახები ჰყავთ და თავიანთ მეუღლეებთან ერთად სრული დროით ემსახურებიან ღმერთს. მშობლები თავიანთ შვილებს იეჰოვასთან დამეგობრებასა და დაახლოებაში უნდა დაეხმარონ; ამაზე უკეთეს საჩუქარს ისინი მათ ვერასოდეს გაუკეთებენ. თუმცა საბოლოოდ ბავშვის გადასაწყვეტია, რამდენად შეინარჩუნებს ღმერთთან ძვირფას ურთიერთობას. ამ ურთიერთობაში იგულისხმება ღვთის სახელის სიყვარული და ამ სახელისადმი დიდი პატივისცემის გამოვლენა (ფსალმ. 5:11, 12; 91:14).

      „განიწმინდოს შენი სახელი“

      7. რა პატივი ხვდა წილად ღვთის ხალხს და რა მოითხოვება მათგან?

      7 ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ არა მხოლოდ ვიცით ღვთის სახელი, არამედ ვიწოდებით კიდეც მისი სახელით (საქ. 15:14; ეს. 43:10). ზეციერ მამას ასე ვევედრებით: „განიწმინდოს შენი სახელი“. როდესაც ღმერთს ამ თხოვნით მივმართავთ, ამან შესაძლოა იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვთხოვოთ ღმერთს, დაგვეხმაროს — არ ვთქვათ ან არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მის სახელს შეურაცხყოფდა. ნამდვილად, არ გვსურს, დავემსგავსოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ ქრისტიანს, რომლებიც ერთს ქადაგებდნენ, მეორეს კი აკეთებდნენ. მოციქულმა პავლემ მათ შესახებ დაწერა: „თქვენ გამო უცხოტომელები ღვთის სახელს გმობენ“ (რომ. 2:21—24).

      8, 9. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მას, ვისაც მისი სახელის განწმენდა სურს.

      8 ჩვენ გვსურს, რომ განვწმინდოთ ღვთის სახელი. ვნახოთ ერთი ნორვეგიელი დის შემთხვევა, რომელსაც ახალგაზრდა მეუღლე გამოეცალა ხელიდან და ორი წლის ბიჭუნა დარჩა. იგი გვიამბობს: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ღმერთს ყოველდღე, თითქმის ყოველ საათში ერთხელ, ვთხოვდი დახმარებას ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად, რათა არაგონივრული გადაწყვეტილება არ მიმეღო, იეჰოვასთვის არ მეღალატა და სატანისთვის მისი დაცინვის საბაბი არ მიმეცა. ძალიან მინდოდა, რომ იეჰოვას სახელი განმეწმინდა და ჩემს შვილს მამამისი კვლავ ენახა სამოთხეში“ (იგავ. 27:11).

      9 უპასუხა იეჰოვამ ამ დის უანგარო ლოცვებს? დიახ. ამ დამ მზრუნველი თანაქრისტიანებისგან, რომლებთანაც ის ხშირად ურთიერთობდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო. 5 წლის შემდეგ ის ერთ უხუცესზე დაქორწინდა. მისი ვაჟი ახლა 20 წლისაა და მონათლული ძმაა. ეს და ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე შვილის აღზრდაში დამეხმარა“.

      10. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სახელი სრულად განიწმინდოს?

      10 რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სახელი სრულად განიწმინდოს და აღარავინ შეურაცხყოს ის? ამისათვის იეჰოვამ ბოლო უნდა მოუღოს ყველას, ვინც შეგნებულად არ აღიარებს მის უზენაესობას (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:22, 23). ამის შემდეგ ადამიანებს თანდათან დაუბრუნდებათ სრულყოფილება. მთელი გულით ველით იმ დროს, როცა ყველა მოაზროვნე ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, დაამტკიცებს, რომ მათთვის იეჰოვას სახელი წმინდაა. ბოლოს კი, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა იქნება „ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28).

      „მოვიდეს შენი სამეფო“

      11, 12. რა გახდა ცხადი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მე-19 საუკუნის მიწურულს?

      11 იესოს მოციქულებმა მას ზეცაში ასვლამდე ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“. იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ ჯერ ადრე იყო მათთვის იმის გაგება, თუ როდის უნდა დაეწყო ღვთის სამეფოს მმართველობა. ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მათ მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეზე, ქადაგებაზე, უნდა გადაეტანათ (წაიკითხეთ საქმეების 1:6—8). თუმცა იესო თავის მიმდევრებს იმასაც ასწავლიდა, რომ ელოცათ ღვთის სამეფოს მოსვლაზე და დალოდებოდნენ მას. ამიტომ მოციქულების დროიდან მოყოლებული ქრისტიანები დღემდე ვლოცულობთ ღვთის სამეფოს მოსვლაზე.

      12 როდესაც ზეცაში იესოს გამეფებისა და ღვთის სამეფოს მმართველობის დაწყების დრო მოახლოვდა, იეჰოვა თავის ხალხს იმის გაგებაში დაეხმარა, თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს. 1876 წელს ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარში“ ჩარლზ რასელის სტატია დაიბეჭდა. სტატიაში, „როდის დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები?“, ყურადღება გამახვილდა 1914 წლის მნიშვნელოვნებაზე. რასელმა ამ სტატიაში დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „შვიდი დრო“ იესოს ნაწინასწარმეტყველებ „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებს“ დაუკავშირაa (დან. 4:16; ლუკ. 21:24).

      13. რა მოხდა 1914 წელს და რას ადასტურებს მას შემდეგ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები?

      13 ევროპის ქვეყნებს შორის 1914 წელს ომმა იფეთქა. ამ ომში სხვა ქვეყნებიც ჩაება და საბოლოოდ, ომმა მთელი მსოფლიო მოიცვა. 1918 წლის დასასრულს შიმშილობა ჩამოვარდა, ხოლო გრიპის ეპიდემიას უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვიდრე — ომს. ამგვარად, დაიწყო იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები „ნიშნის“ შესრულება, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იგი უხილავად დედამიწის ახალი მეფე გახდა (მათ. 24:3—8; ლუკ. 21:10, 11). უდავოდ, ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ უფალ იესო ქრისტეს 1914 წელს „გვირგვინი მიეცა“. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხ. 6:2). მან ზეცაში ომი გამოუცხადა სატანასა და მის დემონებს და დედამიწაზე გადმოყარა ისინი. ამგვარად, განწმინდა ქრისტემ ზეცა. იმ დროიდან მოყოლებული, კაცობრიობამ მთელი სიმძაფრით შეიგრძნო ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:7—12).

      14. ა) რატომ უნდა ვილოცოთ ჯერ კიდევ ღვთის სამეფოს მოსვლაზე? ბ) რა პატივი გვხვდა წილად?

      14 გამოცხადების 12:7—12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვიხსნის, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ღვთის სამეფოს დაბადებისთანავე ის საზარელი მოვლენები, რაც დღემდე ტანჯავს ადამიანებს. როგორც ვიცით, იესომ, ღვთის სამეფოს მეფემ, მმართველობა თავის მტრებს შორის დაიწყო. ჩვენ ღვთის სამეფოს მოსვლაზე მანამ უნდა ვილოცოთ, სანამ ქრისტე სრულად არ დაიპყრობს მტრებს და დედამიწიდან ბოროტებას არ აღგვის. ამასთანავე, უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ლოცვების შესაბამისად და მონაწილეობა მივიღოთ „ნიშნის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაში. იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).

      „იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“

      15, 16. როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ლოცვაში მოხსენიებული თხოვნის თანახმად, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე?

      15 დაახლოებით 6 000 წლის წინ ღვთის ნება დედამიწაზე სრულყოფილად სრულდებოდა. ამიტომაც ღმერთს, რომელმაც კაცობრიობისთვის თავდაპირველად ყველაფერი შექმნა, შეეძლო ეთქვა: „ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სატანა იეჰოვას აუჯანყდა და მას შემდეგ დედამიწაზე ღვთის ნებას თითო-ოროლა ადამიანი თუ ასრულებდა. სამაგიეროდ, დღეს ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ვიცხოვროთ იმ დროში, როცა დაახლოებით რვა მილიონი მოწმე დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე არა მხოლოდ ლოცულობს, არამედ ამ ლოცვის თანახმად ცხოვრებასაც ცდილობს. ისინი ამას თავიანთი ცხოვრების წესითა და მოწაფეების მომზადების საქმეში სრული ჩართულობით ადასტურებენ.

      1) ოჯახი მსახურებისთვის ამზადებს შეთავაზებას; 2) მამა ქალიშვილთან ერთად მსახურობს

      ეხმარებით შვილებს, იცხოვრონ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის თანახმად, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე? (იხილეთ მე-16 აბზაცი)

      16 მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს 1948 წელს მონათლული ერთი და, რომელიც აფრიკაში მისიონერად მსახურობდა: „ხშირად ვლოცულობ, რომ ყველა ცხვრისმაგვარი ადამიანის ყურამდე მიაღწიოს სასიხარულო ცნობამ და ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიან, მათ იეჰოვა გაიცნონ. მაგალითად, როდესაც მინდა, რომ ვიღაცას ვუქადაგო, ღმერთს სიბრძნეს ვთხოვ, რათა ისე გადავცე მას სასიხარულო ცნობა, რომ ეს ცნობა გულში ჩასწვდეს. რაც შეეხება ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას, იეჰოვას ვთხოვ, რომ მოგვცეს მათზე ზრუნვის ძალა“. თუ ამ სიტყვებს გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ გაგვაოცებს ის ფაქტი, რომ ეს 80 წლის და მსახურებაში ძალიან წარმატებულია; იგი თანაქრისტიანებთან ერთად მრავალს დაეხმარა, რომ გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენც გაგახსენდეთ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხანდაზმულობის მიუხედავად, დაუღალავად შრომობენ ღვთის საქმეში (წაიკითხეთ ფილიპელების 2:17).

      17. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა პასუხს გასცემს თქვენს თხოვნას და შეასრულებს თავის ნებას დედამიწაზე?

      17 ჩვენ ვილოცებთ მანამ, სანამ ღვთის ნება არ შესრულდება და ღვთის სამეფოს მტრები დედამიწიდან არ მოისპობიან. შემდეგ სამოთხეში საკუთარი თვალით ვიხილავთ, როგორ შესრულდება უფრო სრულყოფილად ღვთის ნება, როცა მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება. იესომ იწინასწარმეტყველა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). მართლაც, რა გასაოცარი იქნება მკვდრეთით აღმდგარ ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებთან შეხვედრა! დიახ, ღმერთი, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „[მოგვწმენდს] . . . ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 21:4). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უმრავლესობა „უმართლო“ იქნება, ვინაიდან მათ თავიანთ სიცოცხლეში არ გაუგიათ ჭეშმარიტება ღვთისა და მისი ძის შესახებ. ნამდვილად, დიდი პატივი იქნება ჩვენთვის, რომ ამ ადამიანებს ღვთის ნებისა და მისი განზრახვის შესახებ ჭეშმარიტება გავაგებინოთ და ამგვარად, „მარადიული სიცოცხლის“ მიღებაში დავეხმაროთ (საქ. 24:15; იოან. 17:3).

      18. რა არის ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებები?

      18 მშვიდობა და ჰარმონია იეჰოვას სახელის განწმენდაზეა დამოკიდებული; იეჰოვას სახელს კი მისი სამეფო განწმენდს. ასე რომ, როცა სრულად გაეცემა პასუხი ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ პირველ სამ თხოვნას, მაშინ დაკმაყოფილდება ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებები. თუმცა ჩვენ სხვა მოთხოვნილებებიც გვაქვს, რომელთა შესახებაც ლოცვის ნიმუშის დანარჩენ ოთხ თხოვნაშია საუბარი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

      a 1914 წელს ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებისა და ღვთის სამეფოს დაბადების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218.

  • იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! II ნაწილი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივნისი
    • ჩვენ ხელი მიგვიწვდება დროულ სულიერ საზრდოზე

      იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! II ნაწილი

      „თქვენმა მამამ . . . იცის, რა გჭირდებათ“ (მათ. 6:8).

      შეგიძლიათ უპასუხოთ?

      • რა იგულისხმება ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ ფრაზაში „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“?

      • რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვეპატიოს „ვალები“?

      • როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ თხოვნაზე, „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“?

      1—3. როგორ დარწმუნდა ერთი ჩვენი და, რომ იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება?

      ლანას არასდროს დაავიწყდება 2012 წლის ზაფხულის ერთი დღე, როდესაც ის გერმანიაში იყო. მან იმ დღეს ორ კონკრეტულ საკითხზე ილოცა და იეჰოვას მისი ლოცვები უპასუხოდ არ დაუტოვებია. ლანამ პირველად მაშინ ილოცა, როცა მატარებლით აეროპორტისკენ მიემგზავრებოდა. მან იეჰოვას სთხოვა, რომ ქადაგების საშუალება მისცემოდა. მეორედ კი მაშინ ილოცა, როცა აეროპორტში მისულმა გაიგო, რომ ფრენა მომდევნო დღისთვის გადადებულიყო. ამჯერად ლანამ ღმერთს ლოცვაში თავისი წუხილი გაანდო, რადგან მას თითქმის მთელი ფული დახარჯვოდა და ღამის გასათევი ადგილიც არ ჰქონდა.

      2 ლანას ლოცვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ უცებ ვიღაცის ხმა მოესმა: „გამარჯობა, ლანა. აქ რას აკეთებ?“. მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა; ის მისი სკოლელი იყო. ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიფრინავდა და მას დედა და ბებია აცილებდნენ. როდესაც მისმა დედამ, ელკემ, შეიტყო, რომ ლანას კიდევ ერთ დღეს უწევდა გერმანიაში დარჩენა, შინ მიიპატიჟა. ელკე და დედამისი ლანას გულთბილად გაუმასპინძლდნენ; ისინი მას რწმენისა და სრული დროით მსახურების შესახებ კითხვას კითხვაზე უსვამდნენ.

      3 დილით მასპინძლებმა ლანა დაანაყრეს; საუზმობისას მას კიდევ უფრო მეტი კითხვა დაუსვეს, რაზეც ლანამ ბიბლიიდან უპასუხა; ბოლოს გამომშვიდობებისას ლანამ ამ ქალბატონებს საკონტაქტო ინფორმაცია გამოართვა, რათა ისინი სხვა იეჰოვას მოწმეს მოენახულებინა. ლანა შინ მშვიდობით დაბრუნდა; იგი დღესაც პიონერია. მას ნამდვილად არ ეპარება ეჭვი, რომ ამ ყველაფერში ლოცვების მომსმენი ღმერთის ხელი ერია (ფსალმ. 65:2).

      4. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

      4 ალბათ, ლოცვა არც ჩვენ გვიჭირს მაშინ, როცა მოულოდნელად რთული ვითარების პირისპირ აღმოვჩნდებით; ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც მას თავისი ერთგული მსახურები დახმარებისთვის მიმართავენ (ფსალმ. 34:15; იგავ. 15:8). თუმცა, თუ ლოცვის ნიმუშზე დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი სათხოვრითაც უნდა მივმართოთ ღმერთს, რაც ზოგჯერ მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ უსვამს ხაზს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული სამი თხოვნა და როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ მეოთხე თხოვნის, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, თანახმად (წაიკითხეთ მათეს 6:11—13).

      „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“

      5, 6. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“ მაშინაც კი, თუ საკმარისი საზრდო გვაქვს?

      5 მართალია, ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული ფრაზა, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, პირადი ხასიათის თხოვნაა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ იესომ გამოიყენა ზმნა, „მოგვეცი“ და არა „მომეცი“. ერთი სარაიონო ზედამხედველი, ვიქტორი, რომელიც აფრიკაში მსახურობს, ამბობს: „იეჰოვას ხშირად ვუხდი მადლობას, რომ მე და ჩემს მეუღლეს იმაზე ფიქრი არ გვიწევს, თუ რა ვჭამოთ ან როგორ გადავიხადოთ ბინის ქირა. და-ძმები ყოველდღე ზრუნავენ ჩვენზე. მე კი ყოველთვის ვლოცულობ მათზე, რომ თავი გაართვან ეკონომიკურ პრობლემებს“.

      6 თუ ჩვენ საკმარისი საზრდო გვაქვს, შეგვიძლია ვილოცოთ იმ თანაქრისტიანებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ ან რომელთაც სტიქიური უბედურებები დაატყდათ თავს. და მხოლოდ კი არ უნდა ვილოცოთ მათთვის, არამედ უნდა მოვიქცეთ კიდეც ჩვენი ლოცვების შესაბამისად. მაგალითად, შეგვიძლია გასაჭირში მყოფ და-ძმებს ის გავუზიაროთ, რაც გვაქვს. აგრეთვე შეგვიძლია რეგულარულად გავიღოთ შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის, იმაში დარწმუნებულებმა, რომ ძმები ამ თანხებს მიზანმიმართულად იყენებენ (1 იოან. 3:17).

      7. როგორ დაგვანახვა იესომ თვალსაჩინო მაგალითით, რომ ჩვენი საწუხარი არასოდეს ყოფილიყო ხვალინდელი დღე?

      7 იესომ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ ფრაზაში, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, როგორც ჩანს, ადამიანის აუცილებელი მოთხოვნილებები იგულისხმა. მან თავის მსმენელებს თვალსაჩინოებისთვის მინდვრის ყვავილების მაგალითი მოუყვანა, რომელთაც ღმერთი მოსავს და თქვა: «თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო? ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით . . . „რა ჩავიცვათ?“». ბოლოს მან მსმენელებს კიდევ ერთხელ გაუმეორა ეს მეტად მნიშვნელოვანი რჩევა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“ (მათ. 6:30—34). იესოს სიტყვებიდან თვალნათლივ ვხედავთ, რომ მატერიალიზმმა არ უნდა გვშთანთქოს და უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ყოველივე აუცილებლით, რაც გვაქვს. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი საცხოვრებელი, სამსახური, რომლითაც ოჯახს ვარჩენთ და სიბრძნე, რომლის დახმარებითაც მკურნალობასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მაგრამ, თუ მხოლოდ ამ საკითხებზე ვლოცულობთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გაწონასწორებულნი არ ვართ. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს სულიერი მოთხოვნილებები, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია.

      8. რა უმთავრესი საჭიროების შესახებ შეგვახსენებს გამოთქმა „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“? (იხილეთ სურათი 25-ე გვერდზე)

      8 იესოს მიერ ლოცვის ნიმუშში მოყვანილმა გამოთქმამ, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, უნდა შეგვახსენოს, რომ ჩვენ სულიერი საზრდოც გვჭირდება. ერთხელ ჩვენმა მოძღვარმა თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ასე რომ, ჩვენ გამუდმებით უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ ღმერთმა დროული სულიერი საზრდო არ მოგვაკლოს.

      „გვაპატიე ჩვენი ვალები“

      9. რა გაგებით არის ჩვენი ცოდვები ვალები?

      9 საინტერესოა, რატომ გამოიყენა იესომ პირველად ლოცვის ნიმუშის წარმოთქმისას სიტყვა „ვალები“, ხოლო მოგვიანებით იმავე ლოცვის წარმოთქმისას — „ცოდვები“? (მათ. 6:12; ლუკ. 11:4). 60 წელზე მეტი ხნის წინათ გამოცემულ ამ ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ნათქვამია: „როდესაც ღვთის კანონის წინააღმდეგ ვცოდავთ, ჩვენ ღვთის მოვალენი ვხდებით . . . ჩადენილი ცოდვის სანაცვლოდ ღმერთს შეეძლო ჩვენი სიცოცხლე მოეთხოვა . . . მას შეეძლო წაერთმია ჩვენთვის თავისი მშვიდობა და ჩვენთან მშვიდობიანი ურთიერთობა გაეწყვიტა . . . ჩვენ ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ღმერთი, რაც მისადმი მორჩილებით უნდა გამოიხატოს; და როდესაც ვცოდავთ, ჩვენ ვეღარ ვუხდით ღმერთს ვალს ანუ ვეღარ ვავლენთ მის მიმართ სიყვარულს“ (1 იოან. 5:3).

      10. რის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და ჩვენ რა გრძნობა უნდა გვეუფლებოდეს, როცა ამაზე ვფიქრობთ?

      10 ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ვსაჭიროებთ ცოდვების პატიებას, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ღვთისგან ცოდვების მიტევების ერთადერთი იურიდიული საფუძველი ქრისტეს გამოსასყიდია. მართალია, ქრისტემ სიცოცხლე დაახლოებით 2 000 წლის წინ გაიღო, მაგრამ მის მსხვერპლს ისე უნდა ვაფასებდეთ, თითქოს მას ეს ძვირფასი საჩუქარი დღეს მოერთმიოს ჩვენთვის. ჩვენი სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი, „იმდენად დიდია“, რომ ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ შეძლებდა ამ საფასურის გადახდას (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7—9; 1 პეტრეს 1:18, 19). ნამდვილად, ამ დიდებული საჩუქრისთვის ყოველთვის იეჰოვას მადლიერნი უნდა ვიყოთ! ამასთანავე, ლოცვის ნიმუშში მხოლობით რიცხვში კი არ არის ნათქვამი „მაპატიე ცოდვები“, არამედ მრავლობით რიცხვში — „გვაპატიე ცოდვები“; ამ ფრაზამ უნდა შეგვახსენოს, რომ იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს მისი გულმოწყალება გვჭირდება. ცხადია, ღმერთს სურს, რომ ჩვენ არა მარტო საკუთარ სულიერ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც, მათ შორის მათზეც, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა. როგორც წესი, ასეთი ცოდვები უმნიშვნელოა და ჩვენი და-ძმებისთვის იმის დამტკიცების შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნამდვილად გვიყვარს ისინი და მზად ვართ, ისევე ვაპატიოთ, როგორც ღმერთმა გვაპატია (კოლ. 3:13).

      1) ცოლი გაბრაზებულია ქმარზე; 2) ქმარი ესაუბრება მეუღლეს და პატიებას სთხოვს; 3) ცოლი პატიობს ქმარს

      თუ გსურთ, რომ ღმერთმა გაპატიოთ, თავადაც აპატიეთ სხვებს (იხილეთ მე-11 აბზაცი)

      11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივუტევოთ სხვებს?

      11 სამწუხაროდ, ჩვენ არასრულყოფილი ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება სხვების მიმართ ბოღმა ჩავიდოთ გულში (ლევ. 19:18). როდესაც კრების წევრებს ვუყვებით, რომ ვიღაცამ გული გვატკინა, მათ შეიძლება ჩვენი მხარე დაიკავონ; ეს კი კრებაში განხეთქილებას იწვევს. თუ პრობლემაზე გაუთავებლად ვსაუბრობთ, ამით უმადურობას ვავლენთ ღვთის გულმოწყალებისა და გამოსასყიდისადმი. იმ შემთხვევაში, თუ სხვებს არ ვპატიობთ, იეჰოვაც არ გვაპატიებს (მათ. 18:35). ამ საკითხზე იესომ უფრო კონკრეტულად ლოცვის ნიმუშის დასრულების შემდეგ ისაუბრა (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15). დაბოლოს, ღმერთმა რომ გვაპატიოს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ ჩავიდინოთ მძიმე ცოდვები. და, თუ მთელი გულით გვსურს, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ, იეჰოვას ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული იმ თხოვნით მივმართავთ, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ (1 იოან. 3:4, 6).

      „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“

      12, 13. ა) რა მოხდა იესოს ნათლობიდან მალევე? ბ) რატომ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ცდუნებას დავყვებით? გ) რა დაამტკიცა იესომ იმით, რომ ბოლომდე უერთგულა იეჰოვას?

      12 თუ გავიხსენებთ, რა მოხდა იესოს ნათლობიდან მალევე, უფრო მეტად დავინახავთ იმის საჭიროებას, რომ ღმერთს ვთხოვოთ: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“. როგორც ბიბლიიდან ვიცით, იესო ღვთის სულმა უდაბნოში წაიყვანა, „რათა ეშმაკს ეცდუნებინა“ (მათ. 4:1; 6:13). ეს ფაქტი ნამდვილად არ გაგვაკვირვებს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რისთვისაც ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა. როგორც ვიცით, ადამმა და ევამ ღვთის უზენაესობა უარყვეს, რის შედეგადაც წამოიჭრა საკამათო საკითხი — იყო თუ არა ღმერთი უზენაესი მმართველი. დრო უნდა გასულიყო იმისათვის, რომ პასუხი გასცემოდა შემდეგ კითხვებს: დააკლო ღმერთმა ადამიანს რაიმე, როცა ის შექმნა? შეძლებდა სრულყოფილი ადამიანი, მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესობისთვის „ბოროტის“ ზეწოლის ქვეშ? ანდა, იცხოვრებდნენ ადამიანები უკეთ ღვთისგან დამოუკიდებლად, როგორც ამას ეშმაკი ამტკიცებდა? (დაბ. 3:4, 5). მართალია, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო იყო საჭირო, მაგრამ ყველა გონიერი ქმნილება დაინახავდა, რომ იეჰოვა თავის უზენაესობას მათ საკეთილდღეოდ იყენებს.

      13 იეჰოვა წმინდა ღმერთია და ამიტომ ის არავის და არასოდეს ბოროტებით არ სცდის. მაცდური ეშმაკია (მათ. 4:3). მას შეუძლია შექმნას გარემო, რომლითაც ადამიანს აცდუნებს და ამ დროს ჩვენზეა დამოკიდებული, ვცდუნდებით თუ არა (წაიკითხეთ იაკობის 1:13—15). მაგალითად, როდესაც ეშმაკი იესოს შეცდენას შეეცადა, ღვთის ძემ მისი თითოეული ცდუნება ბიბლიური აზრებით მოიგერია. ამგვარად, იესომ მხარი დაუჭირა იეჰოვას უზენაესობას. მაგრამ სატანას ფარ-ხმალი არ დაუყრია; ის სხვა ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდა (ლუკ. 4:13). მაგრამ იესო არ შეჰპუებია სატანის შემოტევებს და ღვთის ერთგული დარჩა. ქრისტემ დაამტკიცა, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია და სრულყოფილ ადამიანს ურთულესი გამოცდის დროსაც კი შეუძლია ღმერთს უერთგულოს. თუმცა სატანა იესოს მიმდევრების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს. გახსოვდეს, რომ მას მიზანში შენც ჰყავხარ ამოღებული.

      14. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ვცდუნდეთ?

      14 ვინაიდან იეჰოვას უზენაესობა ჯერ არ დამტკიცებულა, იგი ნებას რთავს მაცდურს, რომ თავისი ქვეყნიერების მეშვეობით გამოგვცადოს. ერთი რამ კარგად დაიხსომეთ: ღმერთს არ სურს, რომ გვაცდუნოს. პირიქით, ღმერთი გვენდობა და უნდა, რომ დაგვეხმაროს. თუმცა იგი პატივს სცემს ჩვენი ნების თავისუფლებას და ცდუნებისგან ავტომატურად არ გვიცავს. ცდუნებებს რომ თავი დავაღწიოთ, ჩვენგან ორი რამ მოითხოვება — შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე და გამუდმებით ვილოცოთ. მაგრამ, საინტერესოა, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?

      დედა თავის ვაჟთან ერთად მსახურობს

      შეინარჩუნეთ სულიერობა და ყოველთვის გულმოდგინედ იმსახურეთ (იხილეთ მე-15 აბზაცი)

      15, 16. ა) რომელია ზოგიერთი საცდური, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ? ბ) ვინ იქნება დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცდუნდება?

      15 იეჰოვა გვაძლევს თავის უდიდეს ძალას, წმინდა სულს, რომელიც გვამაგრებს და გვეხმარება, რომ ცდუნებამ არ გვძლიოს. ღმერთი სხვა მხრივაც გვეხმარება — ის თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით გვაფრთხილებს, თუ რას უნდა ვერიდოთ; მაგალითად, დიდი დროის, ბევრი ფულისა და ენერგიის ხარჯვას არასაჭირო ნივთების შესაძენად. ესპენი და იანა ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი წლების განმავლობაში პიონერებად მსახურობდნენ თავიანთი ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. როდესაც ბავშვი შეეძინათ, მათ სრული დროით მსახურება შეწყვიტეს; ახლა მათ მეორე ბავშვიც ჰყავთ. ესპენი გვიზიარებს: „ხშირად ვევედრებით იეჰოვას, რომ არ ვცდუნდეთ, ვინაიდან დღეს თეოკრატიულ საქმეებს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობთ, რამდენსაც — უწინ. ღმერთს ვთხოვთ, რომ სულიერობისა და მსახურებისადმი მოშურნეობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს“.

      16 დღესდღეობით კიდევ ერთი მძლავრი იარაღი, რასაც ეშმაკი ჩვენ შესაცდენად იყენებს, პორნოგრაფიაა. თუ ამ სატყუარას წამოვეგებით, ეშმაკს ნუ დავადანაშაულებთ. იცით, რატომ? იმიტომ რომ, სატანა და მისი ქვეყნიერება ვერ გვაიძულებს იმის კეთებას, რაც თავად არ გვსურს. ზოგი იმიტომ შეცდა, რომ გონებას არასწორი ფიქრებით კვებავდა. მაგრამ ათასობით და-ძმის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ ცდუნებას (1 კორ. 10:12, 13).

      „გვიხსენი ბოროტისგან“

      17. ა) როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის, „გვიხსენი ბოროტისაგან“, თანახმად? ბ) რა შვებას მოგვგვრის ღმერთი მალე?

      17 იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის, „გვიხსენი ბოროტისაგან“, თანახმად, ჩვენ არ უნდა ვიყოთ „[სატანის] ქვეყნიერების ნაწილი“ და არ უნდა გვიყვარდეს არც სატანის ქვეყნიერება და არც ის, რაც ქვეყნიერებაშია (იოან. 15:19; 1 იოან. 2:15—17). ეს ჩვენგან გამუდმებულ ბრძოლას მოითხოვს. რაოდენ დიდ შვებას ვიგრძნობთ, როდესაც იეჰოვა სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს და პასუხს გაგვცემს ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ თხოვნაზე: „გვიხსენი ბოროტისაგან“. თუმცა უნდა გვახსოვდეს: როდესაც იესომ სატანა ზეციდან დედამიწაზე გადმოაგდო, სატანამ იცოდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ამიტომ ის განრისხებულია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღმერთს ზურგი ვაქციოთ. მაშ ასე, გამუდმებით ილოცეთ, რომ იეჰოვამ მისგან გიხსნათ (გამოცხ. 12:12, 17).

      18. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ გადავურჩეთ სატანის ქვეყნიერების აღსასრულს?

      18 გსურთ, საკუთარი თვალით იხილოთ ეს ბედნიერი მომავალი? თუ დიახ, ნუ შეწყვეტთ ლოცვას იმისათვის, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო, განიწმინდოს ღვთის სახელი და შესრულდეს მისი ნება დედამიწაზე. ევედრეთ იეჰოვას, რომ არ მოგაკლოთ სულიერი და ფიზიკური საზრდო. დაბოლოს, იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება