საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიური მუხლების ხაზგასმით წაკითხვა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 21

      ბიბლიური მუხლების ხაზგასმით წაკითხვა

      რა უნდა გააკეთო?

      ხაზი გაუსვი იმ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მსჯელობის საგანს. სათანადო გრძნობით წაიკითხე.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      კითხვის დროს მუხლების ხაზგასმით წაკითხვა საშუალებას გვაძლევს, მთელი სისავსით გადმოვცეთ მოყვანილი სიტყვების ძალა.

      ღვთის განზრახვებზე ლაპარაკის დროს — როგორც ვინმესთან საუბრისას, ისე სცენაზე გამოსვლისას — ჩვენი მსჯელობა ბიბლიაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ დროს ხშირად გვიწევს ბიბლიური მუხლების წაკითხვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა, მუხლები კარგად წავიკითხოთ.

      სათანადო ხაზგასმისთვის საჭიროა გრძნობით წაკითხვა. ბიბლიური მუხლები გრძნობით უნდა წაიკითხო. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. როდესაც ფსალმუნის 37:11-ს კითხულობ, შენს ხმაში აღთქმული მშვიდობის გამო სიხარული უნდა შეინიშნებოდეს. ხოლო როდესაც გამოცხადების 21:4-ში კითხულობ, რომ ბოლო მოეღება ტანჯვასა და სიკვდილს, ხმაში ნაწინასწარმეტყველები სასწაულებრივი ხსნისთვის ღვთისადმი მადლიერება უნდა იგრძნობოდეს. გამოცხადების 18:2, 4, 5-ის კითხვისას კი მსმენელს ხმის ტონითაც უნდა დაანახვო, რამდენად აუცილებელია ცოდვით დამძიმებული „დიდი ბაბილონიდან“ სასწრაფოდ გამოსვლა. დიახ, მუხლები გრძნობით უნდა წაიკითხო, მაგრამ საჭიროა ზომიერება. უნდა გაითვალისწინო თვით ბიბლიური მუხლის შინაარსი და ის, თუ რასთან დაკავშირებით იყენებ მას.

      საჭირო სიტყვების ხაზგასმა. თუ რომელიმე მუხლის შესახებ ლაპარაკობ და მის მხოლოდ ერთ მონაკვეთს ეხები, კითხვის დროს სწორედ ამ მონაკვეთს უნდა გაუსვა ხაზი. მაგალითად, მათეს 6:33-ის კითხვის დროს თუ გსურს განმარტო, რას ნიშნავს სიტყვები „უპირველესად ეძებეთ სამეფო“, ყურადღება არ უნდა გაამახვილო სიტყვებზე „მამის სიმართლე“ და „სხვა დანარჩენი“.

      დავუშვათ, სამსახურებრივ შეხვედრაზე მათეს 28:19-ის წაკითხვას აპირებ. რომელ სიტყვებს უნდა გაუსვა ხაზი? თუ გსურს მსმენელი აღძრა, რომ ვინმესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყოს, ხაზგასმით უნდა წაიკითხო ფრაზა „მოწაფეებად მოამზადეთ“. ხოლო თუ შენი მიზანია, მაუწყებლები აღძრა იმისკენ, რომ იმიგრანტებსაც გააცნონ ბიბლიური ჭეშმარიტება ან იმსახურონ იქ, სადაც მქადაგებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა, ხაზი უნდა გაუსვა სიტყვებს „ხალხი ყველა ერიდან“.

      ხშირად ბიბლიური მუხლი კითხვაზე პასუხის გასაცემად ან იმ აზრის დასამტკიცებლად მოგვყავს, რომელსაც მსმენელი არ ეთანხმება. თუ მუხლში ყველა აზრს ხაზგასმით წავიკითხავთ, მსმენელმა შეიძლება ვერ გაიგოს, საერთოდ რატომ მოვიყვანეთ ეს მუხლი. აზრი ჩვენთვის გასაგები იქნება, მისთვის კი — კვლავაც გაუგებარი.

      მაგალითად, კითხულობ ეზეკიელის 18:4-ს, რომელშიც ნათქვამია, რომ სული კვდება. თუ გამოყოფ ფრაზას „რომელიც სცოდავს“, შესაძლოა მსმენელმა ვერც კი შენიშნოს ის აზრი, რომ სულის სიკვდილი შესაძლებელია. ამიტომაც ხაზი უნდა გაუსვა ფრაზას „სული . . . მოკვდება“. იმ შემთხვევაში კი, როდესაც გინდა, მსმენელს დაანახვო, რომ სიკვდილის მიზეზი ცოდვაა, ხაზი უნდა გაუსვა სიტყვებს: „რომელიც სცოდავს“ და „მოკვდება“. მსგავსად ამისა, როდესაც იაკობის 2:24-ს კითხულობ იმის საჩვენებლად, რომ რწმენა საქმეებით უნდა დავამტკიცოთ, ხაზი არ გაუსვა ფრაზას „იქნება მართლად აღიარებული“; გამოყავი სიტყვა „საქმეებით“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსმენელმა შეიძლება აზრი ვერ გაიგოს.

      კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რომაელების 15:7—13. ეს იმ წერილის ნაწილია, რომელიც პავლე მოციქულმა ებრაელებისა და სხვა ეროვნების ქრისტიანებისგან შემდგარ კრებას მისწერა. მოციქული აღნიშნავს, რომ ქრისტეს მსახურებამ არა მხოლოდ წინადაცვეთილ იუდეველებს მოუტანა სარგებლობა, არამედ სხვა ერებსაც, რათა „ხალხებს განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის“. შემდეგ პავლეს ებრაული წერილებიდან მოჰყავს ოთხი ციტატა, რომელთა მეშვეობითაც ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სხვა ეროვნების ადამიანებს ამის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ. როგორ უნდა წაიკითხო ეს ციტატები, რომ სწორედ ის გამოყო, რაზეც პავლე ამახვილებდა ყურადღებას? მე-9 მუხლში ხაზგასმით გამოყავი „ხალხებს“ და „ერებს“, მე-10 და მე-11 მუხლებში — „ერებო“, ხოლო მე-12 მუხლში — „ხალხთა“ და „ხალხები“. ახლა შეეცადე რომაელების 15:7—13 ისე წაიკითხო, რომ ეს სიტყვები გამოყო. თუ ამას კარგად გაართმევ თავს, პავლეს მსჯელობა მსმენელისთვის უფრო ნათელი და ადვილად გასაგები იქნება.

      ხაზგასმის მეთოდები. იმ აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების ხაზგასმა, რომელთა გამოკვეთაც გინდა კონკრეტულ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარად შეგიძლია. სწორი ხერხი რომ შეარჩიო, მხედველობაში უნდა მიიღო ბიბლიური მუხლი და განსახილველი საკითხი. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს.

      ხმით ხაზგასმა. ამაში იგულისხმება ხმის ნებისმიერი ცვლილება, რომლითაც წინადადებაში აზრობრივი დატვირთვის მატარებელი სიტყვები გამოიყოფა. ხაზგასმის მიზნით შეგიძლია გამოიყენო ხმის სიმაღლის ცვლილება — აწევა ან დაწევა. ბევრ ენაში ხაზგასმა ბგერის სიმაღლის ცვლილებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ზოგ ენაში ამან შეიძლება სიტყვის აზრი შეცვალოს. ტემპის შენელება წონას მატებს ძირითად სიტყვებსა და ფრაზებს. იმ ენებში, რომლებშიც აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვებს ხმით ვერ გამოყოფ, საჭიროა ენაში მიღებული მეთოდების გამოყენება.

      პაუზები. პაუზა უნდა გააკეთო ხაზგასასმელი მონაკვეთის წინ, შემდეგ ან ორივეგან. მთავარი აზრის წაკითხვამდე პაუზის გაკეთებით მსმენელს ინტერესს აღუძრავ; წაკითხვის შემდეგ შეყოვნებით კი უფრო შთამბეჭდავს ხდი აზრს. მაგრამ პაუზებს თუ ხშირად გააკეთებ, ტექსტში აღარაფერი გამოიკვეთება.

      გამეორება. აზრის ხაზგასასმელად შეგიძლია წინადადება გაწყვიტო და ხელმეორედ წაიკითხო საჭირო სიტყვა ან ფრაზა. ხშირად უმჯობესია მუხლის ბოლომდე წაკითხვა და ხაზგასასმელი მონაკვეთის შემდეგ გამეორება.

      ჟესტები. ხშირად ჟესტ-მიმიკა ძალას მატებს სიტყვასა თუ ფრაზას.

      ხმის ტონი. ზოგ ენაში სათანადო ტონით წაკითხვა საჭირო სიტყვებს გამოყოფს და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას. სიტყვების ხაზგასასმელად ხმის ტონის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სარკასტულ ტონს.

      როდესაც ბიბლიურ მუხლებს სხვა კითხულობს. ქადაგებისას, როდესაც მოსაუბრეს ბიბლიურ მუხლს აკითხებ, შესაძლებელია, მან სულ სხვა სიტყვებს გაუსვას ხაზი ან საერთოდაც არაფერი გამოკვეთოს. როგორ უნდა მოიქცე ამ შემთხვევაში? ხშირად უმჯობესია, უბრალოდ განმარტო მუხლი და ამის შემდეგ გაამახვილო ყურადღება აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვებზე.

      რა დაგეხმარება ხაზგასმაში

      • დაფიქრდი თითოეულ მუხლზე, რომელიც უნდა წაიკითხო: რა გრძნობებსა და ემოციებს გამოხატავს თითოეული სიტყვა? როგორ უნდა გადმოვცე იგივე გრძნობები და ემოციები?

      • გააანალიზე ბიბლიური მუხლები, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. დაფიქრდი, რა მიზნით გსურს მათი წაკითხვა. რომელ სიტყვებს უნდა გაესვას ხაზი ამ მიზნის მისაღწევად?

      სავარჯიშოები: 1) გააანალიზე ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ქადაგებისას უნდა გამოიყენო. რამდენჯერმე წაიკითხე სათანადო გრძნობით. მხედველობაში მიიღე ის, თუ როგორ აპირებ ამ მუხლის გამოყენებას და ხმამაღლა კითხვის დროს ხაზი გაუსვი სათანადო სიტყვას ან სიტყვებს. 2) ამ კვირაში განსახილველ სასწავლო სტატიაში შეარჩიე ერთი აბზაცი, რომელშიც ციტირებულია ბიბლიური მუხლები. დააკვირდი, რატომ არის მოყვანილი ეს მუხლები. მონიშნე აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვები. მთელი აბზაცი ხმამაღლა ისე წაიკითხე, რომ სათანადოდ გაუსვა ხაზი ბიბლიურ მუხლებს.

  • ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 22

      ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა

      რა უნდა გააკეთო?

      უნდა დარწმუნდე, რომ ბიბლიური მუხლის ახსნისას შენი სიტყვები შეთანხმებულია კონტექსტთან და მთელ ბიბლიასთან, აგრეთვე შეესაბამება „ერთგული და გონიერი მონისგან“ მოწოდებულ ინფორმაციას.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      ღვთის სიტყვის სწავლება სერიოზული პასუხისმგებლობაა. ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ (1 ტიმ. 2:3, 4). ამიტომ ადამიანებს სწორად უნდა ვასწავლოთ ღვთის სიტყვა.

      ღვთის სიტყვის სწავლებისას საკმარისი არ არის მხოლოდ ბიბლიური მუხლების წაკითხვა. პავლე მოციქული თანამსახურ ტიმოთეს სწერდა: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმ. 2:15).

      ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიური მუხლები უნდა ავხსნათ იმის საფუძველზე, რასაც თვით ბიბლია გვასწავლის. ამისათვის საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ კონტექსტი. არ იქნებოდა სწორი მხოლოდ იმ სიტყვის ან ფრაზის შერჩევა, რომელიც პირადად მოგვწონს და მისთვის საკუთარი ინტერპრეტაციის მიცემა. იეჰოვა იერემიას პირით განსჯიდა იმ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ვითომცდა იეჰოვას სიტყვებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სინამდვილეში „საკუთარი გულის ხილვას“ ქადაგებდნენ (იერ. 23:16). პავლე მოციქული ქრისტიანებს აფრთხილებდა, ადამიანური ფილოსოფიებით არ წაებილწათ ღვთის სიტყვა. ის წერდა: „ღვთის სიტყვით . . . არ ვვაჭრობთ, როგორც მრავალნი, არამედ გულწრფელად, დიახ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად“. პავლეს დროს ზოგი უპატიოსნო ვაჭარი ღვინოს წყლით აზავებდა, რომ უფრო მეტი გაეყიდა და დიდი მოგება ჰქონოდა. ჩვენ ღვთის სიტყვას ადამიანთა ფილოსოფიებში არ ვაზავებთ ანუ არ ვაყალბებთ. „უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით . . . არ დავდივართ და ღვთის სიტყვას . . . არ ვაყალბებთ“, — თქვა პავლემ (2 კორ. 2:17; 4:2).

      ზოგჯერ შეიძლება მსმენელისთვის ამა თუ იმ პრინციპის დასანახვებლად რომელიმე მუხლი მოიყვანო. ბიბლიაში გვხვდება მრავალი პრინციპი, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა სიტუაციაშია შესაძლებელი (2 ტიმ. 3:16, 17). მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად იყენებ ბიბლიურ მუხლს და მასში იმას არ დებ, რის თქმაც თავად გსურს (ფსალმ. 91:11, 12; მათ. 4:5, 6). მუხლის ახსნა შეთანხმებული უნდა იყოს იეჰოვას განზრახვასთან და მთელ ბიბლიასთან.

      ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ იმასაც ნიშნავს, რომ ჩასწვდე ბიბლიაში ნათქვამის სულს. ღვთის სიტყვა „ხელკეტი“ არ არის, მისით ადამიანები რომ შეაშინო. იესოს მოწინააღმდეგე რელიგიური წინამძღოლები წმინდა წერილებიდან ციტირებდნენ, მაგრამ, სხვა დანარჩენთან ერთად, ყურადღებას არ აქცევდნენ სამართალს, გულმოწყალებასა და ერთგულებას — სწორედ იმას, რაც ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (მათ. 22:23, 24; 23:23, 24). იესო კი ღვთის სიტყვის სწავლებისას ზეციერ მამას ჰბაძავდა. ის მთელი ენთუზიაზმით ასწავლიდა ჭეშმარიტებას და, ამასთანავე, დიდ სიყვარულს ავლენდა ადამიანების მიმართ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მივბაძოთ იესოს (მათ. 11:28).

      როგორ დავრწმუნდეთ, რომ სწორად ვიყენებთ ბიბლიურ მუხლებს? რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია. აგრეთვე უნდა დავაფასოთ სულიერი საზრდო, რომელსაც იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“, ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფის, მეშვეობით აწვდის თავის ერთგულ მსახურებს (მათ. 24:45). პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და მათში მონაწილეობა დაგვეხმარება, უკეთ შევითვისოთ ის, რასაც „ერთგული და გონიერი მონის“ კლასი გვასწავლის.

      თუ შენს ენაზე არსებობს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ და მის გამოყენებას ისწავლი, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად ნახავ, როგორ იხსნება ასობით ბიბლიური მუხლი, რომლებიც ხშირად გვჭირდება ქადაგებისას. თუ უცნობი მუხლის გამოყენებას აპირებ, კარგი იქნება, თავმდაბლობა გამოავლინო და ის წინასწარ გამოიკვლიო, რომ ქადაგებისას მსმენელს სწორად გადასცე ჭეშმარიტება (იგავ. 11:2).

      გასაგებად განმარტე. დარწმუნდი, რომ მსმენელისთვის ნათელია კავშირი მსჯელობის საგანსა და იმ მუხლს შორის, რომელსაც იყენებ. მუხლის წაკითხვამდე თუ შეკითხვა დასვი, მსმენელმა უნდა დაინახოს, როგორ გაეცა მას პასუხი მუხლის საშუალებით. თუ ბიბლიურ მუხლს რაიმე აზრის დასასაბუთებლად იყენებ, მსმენელისთვის ცხადი უნდა იყოს, როგორ ადასტურებს ამ აზრს წაკითხული მუხლი.

      მუხლის მხოლოდ წაკითხვა — თუნდაც ხაზგასმით — ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის. გახსოვდეს, რომ ბევრი არ იცნობს ბიბლიას და ადამიანი, ალბათ, ერთი წაკითხვით ვერ მიხვდება, რა აზრის გადაცემა გსურს. ყურადღება გაამახვილე მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს.

      საჭიროა, გამოყო მთავარი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება განსახილველ საკითხს. ამის გასაკეთებლად უმარტივესი მეთოდია აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების გამეორება. თუ ვინმეს პირადად ელაპარაკები, შეგიძლია შეკითხვები დაუსვა და ამით დაეხმარო, თვითონ გამოყოს მთავარი სიტყვები. სცენაზე გამოსვლისას კი ზოგი მომხსენებელი სინონიმებს იყენებს ან თავისი სიტყვებით იმეორებს მუხლის აზრს. თუ ამ მეთოდს გამოიყენებ, ყურადღება მიაქციე, რომ მსმენელი არ დაიბნეს; ისე არ მოხდეს, რომ მან განსახილველ საკითხსა და უშუალოდ მუხლის სიტყვებს შორის კავშირი ვეღარ დაინახოს.

      მთავარი სიტყვების გამოყოფით მტკიცე საძირკველს უყრი მსჯელობის შემდგომ განვითარებას. განაგრძე დაწყებული საქმე. დაანახვე მსმენელს მუხლის წაკითხვამდე ამ მუხლის გამოყენების მიზეზი? თუ დაანახვე, ახლა შეეცადე აუხსნა, როგორ უკავშირდება გამოყოფილი სიტყვები იმას, რის გაგებასაც მოელოდა. მსმენელისთვის ნათელი უნდა იყოს ეს კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ აგიხსნია მუხლის წაკითხვის მიზეზი, საჭიროა წაკითხვის შემდეგ მაინც ახსნა.

      ერთხელ ფარისევლებმა, თავიანთი აზრით, რთული კითხვა დაუსვეს იესოს. მათ ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“. პასუხის გაცემისას იესო დაბადების 2:24-ს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ მან მუხლის მხოლოდ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა კონკრეტული შემთხვევისთვის. იესომ ხაზი გაუსვა, რომ ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი“ არიან, და შემდეგ დასკვნა გააკეთა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6).

      რამდენად ვრცლად უნდა განუმარტო მსმენელს ბიბლიური მუხლი, რათა გაიგოს, რატომ გამოიყენე? ეს დამოკიდებულია თავად მსმენელზე და განსახილველი საკითხის სერიოზულობაზე. ყოველთვის უმჯობესია მარტივად და კონკრეტულად ლაპარაკი.

      იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. საქმეების 17:2, 3-ში ნათქვამია, რომ პავლე მოციქული თესალონიკეში „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ასეთი მსჯელობის უნარი იეჰოვას თითოეულმა მსახურმა უნდა განივითაროს. პავლემ ჯერ აღნიშნა, რომ იესოს ცხოვრებითა და მსახურებით შესრულდა წინასწარმეტყველებები ებრაული წერილებიდან, ბოლოს კი განაცხადა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“.

      ებრაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ბევრი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. აზრის ხაზგასასმელად ან საკითხისთვის ნათელის მოსაფენად ის ხშირად ტექსტიდან ერთ სიტყვას ან მოკლე ფრაზას გამოყოფდა და შემდეგ მის მნიშვნელობას ხსნიდა (ებრ. 12:26, 27). ებრაელების მე-3 თავში პავლემ ციტატები მოიყვანა ფსალმუნის 95:7—11-დან. ყურადღება მიაქციე, რომ ამ მონაკვეთიდან ის კონკრეტულად შეეხო სამ საკითხს: 1) რა როლს ასრულებს გული (ებრ. 3:8—12); 2) რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა „დღეს“ (ებრ. 3:7, 13—15; 4:6—11); 3) რა იგულისხმება სიტყვებში „ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:11, 18, 19; 4:1—11). ეცადე, მის მაგალითს მიჰბაძო, როდესაც ბიბლიურ მუხლს კონკრეტული შემთხვევისთვის იყენებ.

      ვნახოთ, რა ეფექტურად მსჯელობს იესო წმინდა წერილების საფუძველზე ლუკას 10:25—37-ში. ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. იესომ ჯერ თავად კანონის მცოდნეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და შემდეგ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია იმის კეთება, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ვინაიდან კანონის მცოდნემ ნათქვამის არსი მაინც ვერ გაიგო კარგად, იესომ მუხლში მოხსენიებულ მხოლოდ ერთ სიტყვაზე — „მოყვასზე“ — დაიწყო დაწვრილებით მსჯელობა. იესომ თავად კი არ განმარტა ამ სიტყვის მნიშვნელობა, არამედ იგავით დაეხმარა კანონის მცოდნეს სწორი დასკვნის გამოტანაში.

      ნათელია, რომ იესოს არ ახასიათებდა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ციტატების მოყვანა წმინდა წერილებიდან. ის განიხილავდა მუხლის სიტყვებს და შემდეგ მას დასმულ შეკითხვას უსადაგებდა.

      როდესაც ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ აღდგომის საკითხს, იესომ მათი ყურადღება გაამახვილა გამოსვლის 3:6-ის ერთ მონაკვეთზე, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. იესომ იმსჯელა ამ მუხლის საფუძველზე და ცხადყო, რომ ღვთის განზრახვით მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (მარ. 12:24—27).

      წმინდა წერილების საფუძველზე სწორად და ეფექტურად მსჯელობის უნარი ნამდვილად დაგეხმარება დახელოვნებულ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.

      რა დაგეხმარება ბიბლიური მუხლების სწორად ახსნაში

      • რეგულარულად იკითხე ბიბლია. გულდასმით შეისწავლე „საგუშაგო კოშკი“ და კარგად მოემზადე კრების შეხვედრებისთვის.

      • ბიბლიური მუხლის გამოყენებამდე შეამოწმე, იცი თუ არა მასში გამოყენებული ყველა სიტყვის მნიშვნელობა. ყურადღებით წაიკითხე მუხლი, რომ სწორად გაიგო, რა არის მასში ნათქვამი.

      • ჩვევად გაიხადე ბიბლიური მუხლების გამოკვლევა ჩვენი ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით.

      სავარჯიშო: დაფიქრდი 2 პეტრეს 3:7-ის მნიშვნელობაზე. ადასტურებს ეს მუხლი იმას, რომ დედამიწა ცეცხლით განადგურდება? (როდესაც განმარტავ, რა იგულისხმება სიტყვაში „დედამიწა“, განმარტე „ცის“ მნიშვნელობაც. რომელი მუხლებიდან ჩანს, რომ სიტყვა „დედამიწა“ შეიძლება ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით იყოს გამოყენებული? სინამდვილეში, ვის ან რის განადგურებაზეა ლაპარაკი მე-7 მუხლში? როგორ შეესაბამება ეს ნოეს დროს მომხდარ მოვლენას, რომელიც მე-5 და მე-6 მუხლებშია მოხსენიებული?).

  • პრაქტიკული ღირებულების ჩვენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 23

      პრაქტიკული ღირებულების ჩვენება

      რა უნდა გააკეთო?

      დაეხმარე მსმენელს იმის დანახვაში, თუ როგორ ეხება მის ცხოვრებას ის, რაზეც ელაპარაკები და როგორ უნდა გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია თავისდა სასიკეთოდ.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      თუ მსმენელი შენი სიტყვების პრაქტიკულ ღირებულებას ვერ დაინახავს, შეიძლება უყურადღებოდ მოგისმინოს ან გითხრას, რომ არ აინტერესებს.

      ერთ კაცს ელაპარაკები თუ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, ნებისმიერ შემთხვევაში, არაგონივრული იქნება იფიქრო, რომ თუ შენთვის საინტერესოა შენი მსჯელობის საგანი, მსმენელიც აუცილებლად დაინტერესდება. ინფორმაცია მნიშვნელოვანიც რომ იყოს, ადამიანმა შეიძლება დიდხანს არ მოგისმინოს, თუ ვერ დაანახვებ პრაქტიკულ ღირებულებას.

      გამონაკლისი არც სამეფო დარბაზში მოსული მსმენელია. ალბათ, ყველა მოგისმენს, როდესაც ისეთ მაგალითს ან შემთხვევას მოიყვან, რომელიც არასდროს გაუგიათ. მაგრამ ზოგს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს, როდესაც კარგად ნაცნობ თემაზე ილაპარაკებ, მით უმეტეს, თუ ამ თემას ახალს არაფერს შემატებ. მსმენელს იმის დანახვაში უნდა დაეხმარო, თუ რატომ და რა მხრივ არის მისთვის ნამდვილად სარგებლობის მომტანი ის, რის შესახებაც ლაპარაკობ.

      ბიბლია პრაქტიკული აზროვნებისკენ ანუ სიბრძნის გამოვლენისკენ მოგვიწოდებს (იგავ. 3:21). იეჰოვამ იოანე ნათლისმცემლის საშუალებით ადამიანები ‘მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნა’ (ლუკ. 1:17). ასეთი სიბრძნის სათავე იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშია (ფსალმ. 111:10). სიბრძნე ადამიანს დღესვე ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, სამომავლოდ კი ჭეშმარიტი, მარადიული სიცოცხლის მიღწევის შესაძლებლობასაც აძლევს (1 ტიმ. 4:8; 6:19).

      როგორ უნდა გახადო პრაქტიკული შენი გამოსვლა. შენი გამოსვლა პრაქტიკული რომ იყოს, მომზადებისას მხოლოდ მასალაზე კი არა, მსმენელზეც უნდა იფიქრო. მსმენელს მთლიან ჯგუფად ნუ აღიქვამ. ეს ჯგუფი ცალკეული ადამიანებისგან და ოჯახებისგან შედგება. მსმენელთა შორის იქნებიან ბავშვები, მოზარდები, უფროსი ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები. მათ შორის იქნებიან ახალი დაინტერესებულებიც და ისინიც, ვინც იეჰოვას მსახურება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ დაბადებულიც არ იყავი. მსმენელთა შორის ზოგი სულიერად მოწიფული იქნება, ზოგი კი შეიძლება კვლავაც ამ ქვეყნიერების ძლიერი გავლენის ქვეშ იყოს. დაფიქრდი: „რა სარგებლობას მოუტანს მსმენელებს ის, რის განხილვასაც ვაპირებ? როგორ დავანახვო, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნება?“ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიო მსმენელთა რომელიმე ჯგუფისთვის ან ჯგუფებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც არ დაივიწყო.

      რა უნდა გააკეთო, თუ კრებაში ბიბლიის რომელიმე ძირითადი სწავლება გაქვს განსახილველი? როგორ უნდა გახადო მასალა პრაქტიკული იმ მსმენელისთვის, რომელსაც ისედაც სწამს ეს სწავლება? შეეცადე უფრო მეტად განამტკიცო მათი რწმენა. როგორ? იმსჯელე იმ ბიბლიური მუხლების საფუძველზე, რომლებზეც ეს სწავლებაა დაფუძნებული. აგრეთვე შეგიძლია მსმენელს დაეხმარო, უფრო ღრმად ჩასწვდეს ამ სწავლებას. ამისათვის დაანახვე, როგორ შეესაბამება ის სხვა ბიბლიურ სწავლებებს და თავად იეჰოვას თვისებებს. მოიყვანე მაგალითები, თუ როგორ დაეხმარა ეს სწავლება სხვებს და რა გავლენა მოახდინა მან მომავლის შესახებ მათ თვალსაზრისზე.

      ნუ მოიტოვებ მასალის პრაქტიკული ღირებულების ჩვენებას გამოსვლის ბოლოსთვის. თითოეულმა მსმენელმა თავიდანვე უნდა იფიქროს: „ეს მე მეხება“. შესავალში ასეთი საფუძვლის ჩაყრის შემდეგ ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ როგორ შეიძლება მასალის გამოყენება. ეს გააკეთე როგორც ძირითად ნაწილში თითოეულ მთავარ აზრზე მსჯელობისას, ისე დასკვნის დროს.

      როდესაც ბიბლიური მუხლის პრაქტიკულ ღირებულებას ხსნი, ბიბლიური პრინციპები უნდა გაითვალისწინო. რა იგულისხმება ამაში? უნდა ილაპარაკო სიყვარულით და თანაგრძნობით (1 პეტ. 3:8; 1 იოან. 4:8). პავლე მოციქული თესალონიკეს კრებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ლაპარაკის დროსაც კი აღნიშნავდა იმ კრების წევრთა სულიერ წინსვლასთან დაკავშირებულ დადებით მხარეებს. აგრეთვე, როგორც მისი სიტყვებიდან ვხედავთ, პავლეს სჯეროდა, რომ ისინი მოინდომებდნენ იმის კეთებას, რაც სწორია (1 თეს. 4:1—12). პავლე ნამდვილად შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს!

      რა არის შენი გამოსვლის მიზანი? თუ გინდა, რომ მსმენელი სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სხვების სწავლებისკენ აღძრა, დაეხმარე ამ შესაძლებლობის დაფასებაში და ენთუზიაზმის გაღვივებაში. ამავე დროს, გაითვალისწინე, რომ ყველას სხვადასხვა მდგომარეობა აქვს, რის გამოც ზოგი მეტს გააკეთებს და ზოგი ნაკლებს, რაც ბიბლიაშიც არის აღნიშნული (მათ. 13:23). ძმებს თავს დამნაშავედ ნუ აგრძნობინებ. ებრაელების 10:24 მოგვიწოდებს, რომ „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“. წახალისება ადამიანს კარგი საქმეების კეთების სურვილს აღუძრავს. გახსოვდეს, რომ იეჰოვა არ გვაიძულებს მორჩილებას; მას სურს, რომ ‘რწმენით დავემორჩილოთ’ (რომ. 16:26). სწორედ ამიტომ უნდა შევეცადოთ როგორც საკუთარი, ისე სულიერი ძმების რწმენის განმტკიცებას.

      როგორ დავეხმაროთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულების დანახვაში. ქადაგებისას მსმენელს ყოველთვის დაანახვე სასიხარულო ცნობის პრაქტიკული ღირებულება. ამისათვის საჭიროა, იცოდე, რა აღელვებს შენს უბანზე მცხოვრებ ხალხს. როგორ გაიგებ ამას? მოისმინე რადიოთი და ტელევიზიით გადმოცემული ახალი ამბები. ყურადღება მიაქციე, რა არის დაბეჭდილი გაზეთების პირველ გვერდებზე. აგრეთვე შეეცადე, საუბარში ჩააბა მსმენელი და ყურადღებით მოუსმინო. ასეთი სახით დაინახავ, რომ ყველას რაღაც აწუხებს — ზოგი სამსახურს კარგავს, ზოგს გადასახადები აწევს მძიმე ტვირთად, სხვები ავადმყოფობენ ან ოჯახის დაღუპულ წევრს გლოვობენ, ვიღაც დანაშაულისა და უსამართლობის მსხვერპლი ხდება, ბევრს ოჯახი ენგრევა, მშობლებს ბავშვები არ ემორჩილებიან და ასე შემდეგ. დაეხმარება მათ ბიბლია? უეჭველად.

      საუბრის დაწყებისას, ალბათ, უკვე გეცოდინება, რა საკითხზე ილაპარაკებ. მაგრამ, თუ ხედავ, რომ შენს მოსაუბრეს სხვა საკითხი აინტერესებს, შესაბამისად შეცვალე საუბრის თემა. თუ მზად არა ხარ მისთვის საინტერესო საკითხზე სასაუბროდ, უთხარი, რომ შემდეგი შეხვედრისას მიაწოდებ პრაქტიკულ ინფორმაციას. თუმცა ვერიდებით ‘იმაში ჩარევას, რაც არ გვეხება’, ყველას სიამოვნებით ვაგებინებთ, რა პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ბიბლია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (2 თეს. 3:11). ცხადია, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ადამიანებზე ბიბლიის ის რჩევები მოახდენს, რომლებიც პირადად მათ ეხება.

      საუბარი შეიძლება მაშინვე შეგვაწყვეტინონ, თუ ადამიანებს ვერ დავანახვებთ, პირადად მათ როგორ ეხებათ ის, რის შესახებაც ვქადაგებთ. რომც მოგვცენ ლაპარაკის საშუალება, პრაქტიკულ ღირებულებას თუ ვერ დავანახვებთ, სასიხარულო ცნობა გავლენას ვერ მოახდენს მათ ცხოვრებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ შევძლებთ მისი პრაქტიკული ღირებულების ჩვენებას, შეიძლება ჩვენმა საუბარმა მათ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინოს.

      დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას ყოველთვის გაამახვილე ყურადღება მასალის პრაქტიკულ ღირებულებაზე (იგავ. 4:7). დაეხმარე შემსწავლელს ბიბლიაში მოცემული იმ რჩევების, პრინციპებისა და მაგალითების ღირებულების გაგებაში, რომლებიც იეჰოვას გზებით სიარულს ასწავლის. ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რა სიკეთეს მოუტანს მას ღვთის გზებით სიარული (ეს. 48:17, 18). სწორედ ეს აღძრავს შემსწავლელს ცხოვრებაში საჭირო ცვლილებების მოხდენისკენ. გაუღვივე მას იეჰოვას სიყვარული და მის მოსაწონად მოქცევის სურვილი; დაე, საკუთარმა გულმა უკარნახოს, რომ გამოიყენოს ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები.

      დაანახვე პრაქტიკული ღირებულება

      • გამოსვლისთვის მომზადებისას მასალის გარდა მსმენელებზეც იფიქრე. შეეცადე მასალა ისე გადმოსცე, რომ სარგებლობა მოუტანოს მათ.

      • ნუ მოიტოვებ მასალის პრაქტიკული ღირებულების ჩვენებას მოხსენების ბოლოსთვის. ეს მთელ თემაში უნდა ჩანდეს.

      • ქადაგებისთვის მომზადებისას მხედველობაში მიიღე, რა აღელვებს შენს უბანზე მცხოვრებ ხალხს.

      • ქადაგებისას ყურადღებით მოუსმინე მოსაუბრეს და შესაბამისად შეცვალე საუბრის თემა.

      სავარჯიშო: გადახედე „ჩვენი სამეფო მსახურების“ ნომრებს და შეარჩიე ერთი-ორი შეთავაზება, რომლებიც ყველაზე პრაქტიკული იქნება შენს უბანზე. შეეცადე, შერჩეული შეთავაზებები ქადაგებისას გამოიყენო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება