-
გაუსაძლისი ტკივილიგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 3
-
-
ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?
გაუსაძლისი ტკივილი
„მე და სოფიაa თითქმის 40 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, როცა იგი ხელიდან გამომეცალა. ის წლების მანძილზე სერიოზული დაავადებით იტანჯებოდა. მეგობრები გვერდიდან არ მცილდებოდნენ; თავადაც ვცდილობდი, ყოველთვის რაღაცით ვყოფილიყავი დაკავებული. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მთელი ერთი წლის მანძილზე გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს შუაზე ვიყავი გახლეჩილი. წამდაუწუმ მეცვლებოდა გუნება-განწყობილება. მისი დაღუპვიდან თითქმის სამი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც კი სრულიად მოულოდნელად მძიმე ნაღველი შემომაწვება ხოლმე“ (კოსტასი).
თუ თქვენც დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, შესაძლოა ისეთივე გრძნობები დაგეუფლოთ, როგორიც კოსტასს. ცოტა რამ თუ აგდებს ადამიანს ისეთ საშინელ მდგომარეობაში და ცოტა რამ თუ აყენებს ისეთ აუტანელ ტკივილს, როგორც მეუღლის, ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის სიკვდილი. ამას ეთანხმებიან სპეციალისტებიც, რომლებიც მგლოვიარეთა მდგომარეობას შეისწავლიან. ერთ ჟურნალში აღნიშნულია, რომ სწორედ ახლობლის სიკვდილი იწვევს ყველაზე ძლიერ ტკივილს და მგლოვიარეთ ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს იგი ერთხელ და სამუდამოდ დაკარგეს (The American Journal of Psychiatry). მას, ვინც ასეთ აუტანელ ტკივილს გრძნობს, შეიძლება დაებადოს კითხვები: რამდენ ხანს გასტანს ეს ტკივილი? ოდესმე დამიბრუნდება სიხარული? როგორ შევიმსუბუქო მდგომარეობა?
ამ კითხვებს პასუხს გასცემს „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება რეაგირებდეთ, თუ ახლახან დაგეღუპათ ახლობელი. სხვა სტატიებში კი ვისაუბრებთ, რა საშუალებები არსებობს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატიები ანუგეშებს მგლოვიარეებს და მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
a ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.
-
-
როგორ აისახება ადამიანზე ახლობლის სიკვდილი?გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 3
-
-
ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?
როგორ აისახება ადამიანზე ახლობლის სიკვდილი?
ზოგი სპეციალისტის აზრით, გლოვა სხვადასხვა ფაზად იყოფა, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისებურად გლოვობს. ნიშნავს ეს იმას, რომ ზოგი ნაკლებად განიცდის ან თავის გრძნობებს თრგუნავს? რასაკვირველია, არა. როცა ადამიანი თვალს უსწორებს რეალობას და გამოხატავს მწუხარებას, ამან შეიძლება გარკვეულწილად შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ყველამ ერთნაირად იგლოვოს. ბევრი რამ დამოკიდებულია კულტურაზე, პიროვნულ თვისებებზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲫᲐᲤᲠᲓᲔᲡ ᲢᲙᲘᲕᲘᲚᲘ?
ხშირად ჭირისუფლებს წარმოდგენა არა აქვთ, როგორ შეიძლება აისახოს მათზე ახლობლის სიკვდილი. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს მწვავე განცდები დაეუფლოს და გარკვეული სირთულეების წინაშე დადგეს.
მწვავე განცდები. ამ დროს ადამიანი შეიძლება უცაბედად ატირდეს, ძლიერი მონატრება იგრძნოს და უეცრად გუნება-განწყობილება შეეცვალოს. შესაძლოა ეს გრძნობები კიდევ უფრო გაამძაფროს ახლობლის სიზმარში ნახვამ ან მასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა. თუმცა ხშირ შემთხვევაში თავდაპირველად ადამიანი შოკში ვარდება და თვალს ვერ უსწორებს რეალობას. ტინა იხსენებს, თუ რა დაემართა, როცა მისი ქმარი ტიმო მოულოდნელად დაიღუპა: „თავიდან ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც კი ვტიროდი. დარდმა იმდენად მშთანთქა, რომ ზოგჯერ სუნთქვაც კი მიჭირდა. ვერ ვიჯერებდი იმას, რაც მოხდა“.
ბრაზი, დარდი, დანაშაულის გრძნობა. „ჩვენი 24 წლის ვაჟის, ერიკის სიკვდილის შემდეგ რაღაც პერიოდი მე და ჩემი ცოლი იოლანდა ბრაზს ვერ ვიოკებდით, — იხსენებს ივანი. — ჩვენი რეაქციის ჩვენ თვითონვე გვიკვირდა, რადგან ბრაზიანები არასდროს ვყოფილვართ. დანაშაულის გრძნობაც მოსვენებას გვიკარგავდა, ვაითუ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო ჩვენი შვილის დასახმარებლად“. დანაშაულის გრძნობა ალეხანდროსაც აწუხებდა, რომლის ცოლიც დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. ის ამბობს: „ვინაიდან ღმერთმა დაუშვა, რომ ასე მეტანჯა, დავასკვენი, რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვიყავი. შემდეგ კი თავის დადანაშაულება დავიწყე, მომხდარში ღმერთს რომ დავდე ბრალი“. წინა სტატიაში მოხსენიებულმა კოსტასმა თქვა: „რამდენჯერმე გავბრაზდი კიდეც სოფიაზე, რომ დამტოვა. შემდეგ ამის გამო თავს ვიდანაშაულებდი — ბოლოს და ბოლოს მისი ბრალი ხომ არ იყო, რომ მოკვდა“.
საღი აზროვნების დაქვეითება. დროდადრო მგლოვიარეს შესაძლოა უცნაური ფიქრები მოეძალოს. მაგალითად, მას შეიძლება მოელანდოს გარდაცვლილი, მისი ხმა მოესმას ან ისეთი შეგრძნება დაეუფლოს, თითქოს მის გვერდითაა. გარდა ამისა, შესაძლოა გაუჭირდეს კონცენტრირება ან რაღაცის დამახსოვრება. ტინა იხსენებს: „შუა საუბარში აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ გონებით სხვაგან ვიყავი. სულ ტიმოს სიკვდილის გარშემო ტრიალებდა ჩემი ფიქრები. ძალიან ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ გონება მეფანტებოდა“.
განმარტოების სურვილი. მგლოვიარემ ზოგჯერ სხვების გარემოცვაში შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი ან გაღიზიანდეს კიდეც. კოსტასმა თქვა: „წყვილების გვერდით თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზედმეტი ვიყავი, თუმცა დაუქორწინებლებთანაც ვერ ვპოულობდი საერთოს“. ივანის ცოლი იოლანდა იხსენებს: „ძალიან მიჭირდა მათთან ურთიერთობა, ვინც საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკებოდა; რა მოსატანი იყო ჩვენს პრობლემებთან მათი პრობლემები! იყვნენ ისეთებიც, ვინც თავიანთი შვილების წარმატებებზე გვესაუბრებოდა. მართალია, ვიზიარებდი მათ სიხარულს, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მიჭირდა მათი მოსმენა. მე და ჩემს მეუღლეს კი გვესმოდა, რომ ცხოვრება გრძელდება, მაგრამ არც ძალა გვქონდა და არც სურვილი, შევგუებოდით ჩვენს მდგომარეობას“.
ჯანმრთელობის პრობლემები. ხშირად მგლოვიარეებს უმადობა ახასიათებთ ან მეტისმეტად ბევრს ჭამენ, წონაში იკლებენ ან იმატებენ და ძილის დარღვევები აქვთ. აარონი ამბობს, რომ მამამისის სიკვდილის შემდეგ ერთი წლის მანძილზე ძილი ჰქონდა დარღვეული. ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა და მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ მამა ხელიდან გამოეცალა.
ალეხანდროს ეგონა, რომ ჯანმრთელობა შეერყა, რადგან უჩვეულო სიმპტომები აღენიშნებოდა. ის ამბობს: „რამდენჯერმე ექიმს გავესინჯე, მაგრამ ყველაფერი რიგზე მქონდა. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი უჩვეულო სიმპტომები მეუღლის სიკვდილით იყო გამოწვეული“. ბოლოს ეს სიმპტომები სადღაც გაქრა. და მაინც, ალეხანდრო გონივრულად მოიქცა, რომ ექიმს მიმართა. გლოვის დროს ადამიანს შეიძლება იმუნური სისტემა დაუქვეითდეს, ჯანმრთელობის პრობლემა გაუმწვავდეს ან ახალმა პრობლემამ იჩინოს თავი.
უჭირთ ელემენტარული საქმეების კეთება. ივანი ჰყვება: „ერიკის სიკვდილის ამბავი არა მხოლოდ ნათესავებისა და მეგობრებისთვის უნდა შეგვეტყობინებინა, არამედ სხვებისთვისაც, მათ შორის დამსაქმებლისა და ბინის მეპატრონისთვის. ამასთან, არაერთი საბუთი უნდა მოგვემზადებინა. შემდეგ ერიკის ნივთები უნდა დაგვეხარისხებინა. ამ ყველაფრისთვის კი საჭირო იყო კონცენტრირება, არადა იმ დროს გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურად ძალიან გადაღლილები ვიყავით“.
ზოგს მძიმე პერიოდი მაშინ უდგება, როცა ისეთ საქმეებს უნდა მოჰკიდონ ხელი, რომელთაც ერთ დროს მათი ახლობელი აკეთებდა. სწორედ ასე მოხდა ტინას შემთხვევაში. ის ამბობს: „ჩვენს ოჯახში ფინანსურ საკითხებს ტიმო აგვარებდა. ახლა უკვე ეს ჩემი პასუხისმგებლობა გახდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმა. მაფიქრებდა, შევძლებდი კი ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას“.
ზემოხსენებული პრობლემების ფონზე შეიძლება ყველაფერი შავბნელ ფერებში დაინახოთ. მართალია, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გაუსაძლისი იყოს, მაგრამ წინასწარ ამის ცოდნა შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილის ატანაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არც ისე დიდი ხნის წინ დაგეღუპათ ახლობელი. გახსოვდეთ ისიც, რომ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ყველას ის დაემართოს, რაც ზემოთ მოვიხსენიეთ. მეტიც, მგლოვიარეებს შეიძლება ანუგეშოს იმის ცოდნამ, რომ გლოვის დროს სავსებით ბუნებრივია, მწვავე განცდები დაეუფლოთ.
ᲝᲓᲔᲡᲛᲔ ᲓᲐᲛᲘᲑᲠᲣᲜᲓᲔᲑᲐ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ?
რას უნდა ელოდეთ. ძლიერი ტკივილი ნელ-ნელა დაგიცხრებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე გაიყუჩებთ ტკივილს და არასდროს გაიხსენებთ საყვარელ ადამიანს. მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი დაგიამდებათ და უწინდებურად მწვავე აღარ იქნება. თუმცა წარსულის მოგონებებმა ან, მაგალითად, ქორწინებისა თუ სიკვდილის წლისთავმა შეიძლება ეს ტკივილი უეცრად განგიახლოთ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ აღიდგინონ ემოციური წონასწორობა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ამაში კი მათ ხელს უწყობს გონივრული ნაბიჯების გადადგმა და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხარდაჭერა.
რამდენ ხანს გასტანს ტკივილი? ზოგი რამდენიმე თვეში გრძნობს შვებას. ბევრისთვის კი, მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს, ერთი ან ორი წელია საჭირო. ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდებაa. ალეხანდრო ამბობს, რომ მას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა, რომ ცოტა შვება ეგრძნო.
ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. ნუ იწუხებთ ხვალინდელ დღეზე, თქვენივე ტემპით განაგრძეთ ცხოვრება და გახსოვდეთ, რომ ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი სამუდამოდ არ გასტანს. მაგრამ შეგიძლიათ დღესვე შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ან რამე იღონოთ იმისთვის, რომ გლოვის პერიოდმა მეტისმეტად დიდხანს არ გასტანოს?
სავსებით ბუნებრივია, მგლოვიარეს მწვავე განცდები დაეუფლოს.
a იშვიათ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იმდენ ხანს და ისე ინტენსიურად გლოვობდეს, რომ ამან ქრონიკული ხასიათი შეიძინოს. ასეთებს შეიძლება ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდეთ.
-
-
რის გაკეთება შეუძლიათ მგლოვიარეებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად?გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 3
-
-
ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?
რის გაკეთება შეუძლიათ მგლოვიარეებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად?
თუ ახლობელი მოგიკვდათ და დახმარებას ეძებთ, ალბათ, უამრავ რჩევას მოისმენთ ან წაიკითხავთ, რომელთაგან ზოგი გამოგადგებათ, ზოგი კი — არა. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ყველა თავისებურად გლოვობს. ის, რაც ერთს ჰგვრის შვებას, მეორეს ვერ ანუგეშებს.
თუმცა არსებობს პრინციპები, რომლებიც ბევრს წაადგა. ხშირად სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, რომლებიც მგლოვიარეებს რჩევებს აძლევენ. მათი რჩევები ეთანხმება ერთ-ერთ უძველეს წიგნში, ბიბლიაში მოყვანილ დროში ნაცად პრინციპებს.
1: ᲣᲐᲠᲡ ᲜᲣ ᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ
ზოგი სპეციალისტის აზრით, სწორედ ეს თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს, რათა მგლოვიარე დარდმა არ შთანთქას. თუმცა ზოგჯერ შეიძლება განმარტოება გინდოდეთ. შეიძლება მათზეც კი გაღიზიანდეთ, ვინც დახმარებას გთავაზობთ, რაც სრულიად ბუნებრივია.
ნუ იფიქრებთ, რომ სულ სხვების გარემოცვაში უნდა იყოთ, მაგრამ ნურც გაერიყებით მათ. ბოლოს და ბოლოს, თქვენც ხომ შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში მათი დახმარება?! კარგი იქნება, თუ საქმის კურსში ჩააყენებთ და აუხსნით, მოცემულ მომენტში რა გჭირდებათ და რა არა.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრეთ, რამდენ ხანს იქნებით სხვების გარემოცვაში და რამდენ ხანს განმარტოვდებით.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან. . . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს“ (ეკლესიასტე 4:9, 10).
2: სწორად იკვებეთ და დრო დაუთმეთ ვარჯიშს
გაწონასწორებული კვება ამცირებს სტრესს, რომელსაც ახლობლის სიკვდილი იწვევს. ეცადეთ, მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და ცილებით მდიდარი, მაგრამ არა მეტისმეტად ცხიმიანი საკვები.
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, ნატურალური წვენები თუ სხვ.
თუ უმადობას უჩივით, ხშირ-ხშირად მიიღეთ საკვები პატარ-პატარა ულუფებად. შეგიძლიათ აგრეთვე ექიმს ჰკითხოთ, რომელი საკვები დანამატების მიღება იქნებოდა თქვენს შემთხვევაში კარგი.a
სწრაფი სიარული და სხვა სახის ვარჯიში სტრესს შეგიმცირებთ. ამ დროს შეგიძლიათ ან გააანალიზოთ მომხდარი, ან პირიქით, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:29).
3: ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲐᲓ ᲘᲫᲘᲜᲔᲗ
ძილი ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ახლობელი დაეღუპა. ასეთ დროს ადამიანს ძალები ეცლება და იფიტება.
ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით კოფეინს და ალკოჰოლს, რადგან შეიძლება ძილი დაგერღვეთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).
4: ᲜᲣ ᲛᲝᲔᲥᲪᲔᲕᲘᲗ ᲩᲐᲠᲩᲝᲔᲑᲨᲘ
გახსოვდეთ, რომ ყველა თავისებურად გლოვობს. ამიტომ თავად უნდა განსაზღვროთ, რისი გაკეთება იქნება საუკეთესო თქვენთვის.
ბევრმა აღმოაჩინა, რომ ტკივილის დაამებაში მათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა ეხმარება, სხვები კი ამჯობინებენ, შეიკავონ ემოციები. სპეციალისტებს არა აქვთ ერთი აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მდგომარეობის შესამსუბუქებლად გრძნობების გამოხატვა. შეიძლება გინდათ, სანდო მეგობართან დაიცალოთ, მაგრამ რაღაცნაირად თავს იკავებთ. ამის გაკეთება გაგიადვილდებათ, თუ მას ერთბაშად კი არ ეტყვით სათქმელს, არამედ თანდათანობით გადაუშლით გულს.
ზოგს ტირილი ჰგვრის შვებას, ზოგი კი ამის გარეშეც ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი“ (იგავები 14:10).
5: ᲛᲝᲔᲠᲘᲓᲔᲗ ᲛᲐᲕᲜᲔ ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲡ
ზოგი მგლოვიარე ცდილობს, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა თუ წამლების მეშვეობით გაიყუჩოს ტკივილი. მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, პირიქით, ამით უფრო მეტად ვნებენ საკუთარ თავს. და რომც იგრძნონ შვება, ეს ძალიან ხანმოკლეა; სინამდვილეში მათ უფრო უმძიმდებათ მდგომარეობა. ამიტომ ჯობს, დარდის გასაქარვებლად უვნებელ მეთოდებს მიმართოთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულს“ (2 კორინთელები 7:1).
6: ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲗ ᲓᲠᲝ
ბევრს უადვილდება მდგომარეობასთან გამკლავება, როცა ისეთი საქმეებით კავდება, რაც ყურადღებას დროებით სხვა რამეზე გადაატანინებს.
გარკვეულწილად შეიძლება შვება მოგგვაროთ ახალი მეგობრების შეძენამ, ძველ მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცებამ, რაღაც ახლის სწავლამ ან რამით გართობამ.
დროთა განმავლობაში იმდენს აღარ იფიქრებთ მომხდარზე და უწინდებურად აღარ იგლოვებთ. ეს ჭრილობის მოშუშების ბუნებრივი ნაწილია.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . ტირილის დრო და სიცილის დრო; მოთქმის დრო და ცეკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4).
7: ᲛᲘᲰᲧᲔᲕᲘᲗ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲡ
შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ ჩვეულ განრიგს.
თუ ყველაფერს სათანადო დროს მიუჩენთ, იქნება ეს ძილი, სამუშაო თუ სხვა საქმეები, დიდი ალბათობით, თქვენი ცხოვრება კალაპოტში ჩადგება.
თუ სასარგებლო საქმეებით დაკავდებით, შეიძლება დაგიამდეთ ტკივილი.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „აღარ გაახსენდება მას წარსული, რადგან ღმერთი გულს სიხარულით უვსებს“ (ეკლესიასტე 5:20).
8: ᲜᲐᲩᲥᲐᲠᲔᲕᲐᲓ ᲜᲣ ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲡ
ზოგმა, ვინც ახლობლის სიკვდილის შემდეგ მალევე მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები, მოგვიანებით ინანა.
თუ შესაძლებელია, უმჯობესი იქნება, გარკვეული დრო გავიდეს, ვიდრე შეიცვლით საცხოვრებელს, სამუშაოს ან გარდაცვლილის ნივთებს გადაახარისხებთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება, მოჩქარე კი გაღარიბდება“ (იგავები 21:5).
9: ᲒᲐᲘᲮᲡᲔᲜᲔᲗ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ ᲐᲮᲚᲝᲑᲔᲚᲘ
ბევრის შემთხვევაში კარგი აღმოჩნდა ისეთი საქმეებით დაკავება, რაც დაეხმარა მათ, ყოველთვის ტკბილად მოეგონებინათ გარდაცვლილი ახლობელი.
შეიძლება თქვენთვის ერთგვარი თერაპია იყოს ისეთი სურათებისა თუ ნივთების მოგროვება ან ისეთი შემთხვევებისა თუ ამბების ფურცელზე დაწერა, რაც თქვენს ახლობელს უკავშირდება და გინდათ, რომ სასიამოვნო მოგონებებად დაგრჩეთ.
შეინახეთ ასეთი ნივთები და მოგვიანებით, როცა ემოციურად მზად იქნებით, თვალი შეავლეთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაიხსენეთ ძველი დრო“ (კანონი 32:7).
10: ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲔᲗ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ
აიღეთ შვებულება.
თუ დიდი ხნით ვერ წახვალთ შვებულებაში, იქნებ ერთი-ორი დღით წახვიდეთ სადმე სალაშქროდ, რომელიმე მუზეუმს ესტუმროთ ან სადმე მანქანით გაისეირნოთ.
ჩვეულ განრიგში პატარა ცვლილებების შეტანაც კი მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:31).
11: ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ
ნუ დაგავიწყდებათ, რომ, როცა სხვებს ეხმარებით, ეს თქვენთვისაც სასიკეთოა.
შეგიძლიათ დაიწყოთ მათგან, ვინც თქვენთან ერთად განიცდის თქვენი ახლობლის სიკვდილს. ესენი შეიძლება იყვნენ მეგობრები, ნათესავები თუ სხვები.
სხვების დახმარება და ნუგეშისცემა სიხარულს დაგიბრუნებთ და თქვენს ცხოვრებას აზრს შესძენს.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
12: ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲔᲗ ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲔᲑᲡ
ახლობლის დაკარგვამ შეიძლება სხვა თვალით დაგანახვოთ, სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი.
გააანალიზეთ, რას ანიჭებთ უპირატესობას ცხოვრებაში.
მოახდინეთ საჭირო ცვლილებები.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია, რადგან ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია; ეს ცოცხალს კარგად უნდა ახსოვდეს“ (ეკლესიასტე 7:2).
ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტკივილის ბოლომდე გაყუჩება შეუძლებელია. თუმცა ბევრი მგლოვიარე ირწმუნება, რომ ისეთი რჩევების გათვალისწინება, როგორიც ამ სტატიაშია მოხსენიებული, შვების მომგვრელია. ცხადია, ზემოთ არ არის მოყვანილი იმ რჩევების სრული ჩამონათვალი, რომლებიც დაგიამებთ ტკივილს. და მაინც, თუ ზოგიერთ რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება მდგომარეობა საგრძნობლად შეგიმსუბუქდეთ.
a ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.
-
-
ნამდვილი ნუგეში მგლოვიარეთათვისგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 3
-
-
ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?
ნამდვილი ნუგეში მგლოვიარეთათვის
ᲑᲝᲚᲝ ᲓᲠᲝᲡ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ ᲘᲛᲘᲡ ᲗᲐᲝᲑᲐᲖᲔ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲘᲡᲐᲮᲔᲑᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲖᲔ ᲐᲮᲚᲝᲑᲚᲘᲡ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲕᲐ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული რჩევები ეთანხმება უძველეს წიგნში, ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიური რჩევები ფასს არასდროს კარგავს. თუმცა ბიბლიაში არა მარტო სანდო რჩევებია, არამედ ისეთი აზრებიც, რასაც სხვაგან ვერსად წავიკითხავთ, და რაც მგლოვიარეებს ნამდვილ ნუგეშს ჰგვრის.
ბიბლია გვარწმუნებს, რომ გარდაცვლილები ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობენ
ეკლესიასტეს 9:5-ში წერია, რომ „მკვდრებმა. . . არაფერი იციან“, „ფსალმუნებიდან“ კი ვიგებთ, რომ მათი ფიქრები ქრება (ფსალმუნი 146:4). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რატომ ადარებს ბიბლია სიკვდილს ძილთან (იოანე 11:11).
მანუგეშებელია, რომ ღმერთი მოსიყვარულეა
ფსალმუნის 34:15-ში ნათქვამია: „იეჰოვასa მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“. ლოცვა უბრალოდ ერთგვარი თერაპია ან აზრების თავმოყრის კარგი საშუალება როდია. ლოცვა გვეხმარება, პირადი ურთიერთობა განვავითაროთ ჩვენს შემოქმედთან, რომელსაც ჩვენი ნუგეშისცემის ძალა შესწევს.
ბიბლია შესანიშნავი მომავლის იმედს გვისახავს
წარმოიდგინეთ ის დრო, როცა უამრავი გარდაცვლილი მკვდრეთით აღდგება, რათა კვლავ გაიხარონ სიცოცხლით დედამიწაზე! ბიბლიაში არაერთხელ არის ამაზე საუბარი. მასში ნათქვამია, რომ იმ დროს ღმერთი მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
ბევრს, ვისაც სწამს იეჰოვა ღმერთის, ძალას მატებს მკვდრეთით აღდგომის იმედი და უადვილდება ჭრილობების მოშუშება. მაგალითად, ენი, რომელსაც 65-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე დაეღუპა, ასეთ რამეს ამბობს: „ბიბლიამ დამარწმუნა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით აღარ არიან, არანაირ ტკივილს არ გრძნობენ. მეტიც, ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებს ყველას, ვინც თავის მეხსიერებაში ჰყავს. ყოველთვის, როცა მეუღლე მახსენდება, ამ იმედზე ვფიქრობ. ეს კი მეხმარება, ავიტანო დარტყმა, რომელიც ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში!“.
ამ ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში მოხსენიებული ტინა აღნიშნავს: „მას მერე, რაც მეუღლე დამეღუპა, გამუდმებით ვგრძნობ ღვთის მხარდაჭერას. იმ უმძიმეს პერიოდში აშკარად ვხედავდი, როგორ მეხმარებოდა იეჰოვა. იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება. სწორედ ეს იმედი მაძლებინებს იმ დრომდე, სანამ ტიმოს კვლავ შევხვდები“.
ამ სიტყვებს ეთანხმება მილიონობით ადამიანი, რომლებიც ბიბლიის სანდოობაში დარწმუნდნენ. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ბიბლიური დანაპირები ზღაპარივით ჟღერს ან არარეალურად გეჩვენებათ, კარგი იქნება, თუ თავად გამოიკვლევთ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიბლიური რჩევები თუ დაპირებები სანდოა. შედეგად დარწმუნდებით, რომ მგლოვიარეთათვის სწორედ ბიბლიაა ნამდვილი ნუგეშის წყარო.
ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
უყურეთ ვიდეორგოლებს ვებგვერდზე jw.org
ბიბლია გვპირდება, რომ კვლავ შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს.
ᲠᲐ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲑᲘ?
რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ბიბლია ამაზე ნათელ პასუხს გვცემს, რაც ნუგეშსა და სიმშვიდეს გვგვრის.
ᲒᲡᲣᲠᲗ ᲡᲐᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲝ ᲪᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲐ?
სად შეგიძლიათ სასიხარულო ცნობის მოსმენა მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი უბედურება ხდება?
იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ > ᲡᲘᲛᲨᲕᲘᲓᲔ ᲓᲐ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.
-