მირიამი
[შესაძლოა ნიშნავს ურჩს].
1. ლევისტომელი ცოლ-ქმრის, ამრამისა და იოქებედის ასული, მოსესა და აარონის და (რც. 26:59; 1მტ. 6:1—3); მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში დაკონკრეტებული არ არის, როგორც ჩანს, ის იყო „ბავშვის და“, რომელიც აკვირდებოდა, რა მოუვიდოდა მდინარე ნილოსის პირას კალათაში ჩაწვენილ პატარა მოსეს (გმ. 2:3, 4). როცა ფარაონის ასულმა იპოვა ბავშვი, შეებრალა. ის მიხვდა, რომ ბავშვი ებრაელი იყო. მაშინ მირიამმა ჰკითხა, ბავშვის ძიძად ებრაელი ქალი ხომ არ მოეყვანა. ფარაონის ასულისგან თანხმობის მიღების შემდეგ „წავიდა გოგონა და ბავშვის დედას [იოქებედს] დაუძახა“, რომელსაც ფარაონის ასული გასამრჯელოს შეჰპირდა ბავშვზე ზრუნვისთვის (გმ. 2:5—10).
ისრაელი ქალები სიმღერაში შეუერთდნენ. წლების შემდეგ, რაც წითელ ზღვაში ფარაონის ჯარზე იეჰოვას გამარჯვება იხილა და მოსესა და ისრაელი მამაკაცების სიმღერა მოისმინა, წინასწარმეტყველმა მირიამმა დაირით ხელში ცეკვა დაიწყო და მას ისრაელი ქალები შეუერთდნენ. მოსეს სიმღერაზე მირიამი სიმღერით მიუგებდა: „უმღერეთ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“ (გმ. 15:1, 20, 21).
მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდა. ისრაელის უდაბნოში ყოფნის დროს მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდნენ მისი ქუშელი ცოლის გამო. შესაძლოა, მათ შეშურდათ მოსეს გამოჩენილი მდგომარეობისა და გავლენის და თავისთვის მეტი ძალაუფლება მოისურვეს. ისინი ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“. იეჰოვა ისმენდა ამას და მოულოდნელად უთხრა მოსეს, მირიამსა და აარონს, შეხვედრის კარავში მისულიყვნენ. ღმერთმა შეახსენა მდრტვინავებს, რომ მათი ძმა, მოსე, მისი მსახური იყო, რომელსაც ის ვიღაცის მეშვეობით კი არა, პირისპირ ელაპარაკებოდა. შემდეგ მირიამსა და აარონს ჰკითხა: „მაშ, რატომ არ შეგეშინდათ, ჩემი მსახური მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“. ღვთის რისხვა აენთო მათზე და, როცა ღრუბელი მოსცილდა კარავს, „კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი“. აარონმა წყალობა სთხოვა მოსეს, მოსემაც უშუამდგომლა მირიამს და იეჰოვამ შვიდდღიანი დამამცირებელი კარანტინის შემდეგ მირიამს ბანაკში დაბრუნების უფლება მისცა (რც. 12:1—15).
მხოლოდ მირიამისთვის კეთრის შეყრა, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდა, რომ ის იყო მოსეს წინააღმდეგ წასვლის ინიციატორი (იხ. აარონი). შესაძლოა, მისი დანაშაული აარონის დანაშაულზე უფრო მძიმე იყო. როგორც ჩანს, მას სხვა ქალის შეშურდა (რადგან ისინი მოსეს წინააღმდეგ მისი ქუშელი ცოლის გამო ალაპარაკდნენ), აარონმა კი თავისი დის მხარე დაიკავა და არა რძლის. ვინაიდან მირიამი წინასწარმეტყველად ითვლებოდა, ის, შესაძლოა, ისრაელში ყველაზე გამოჩენილი ქალი იყო. ალბათ, მას ეშინოდა, რომ მოსეს ცოლი დაჩრდილავდა. როგორც უნდა ყოფილიყო, მირიამისა და აარონის მხრიდან დიდი შეცდომა იყო მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა, მაგრამ განსაკუთრებით მირიამი იყო დასაძრახი, რადგან ღვთის მითითებით ქალი მამაკაცს უნდა დამორჩილებოდა (1კრ. 11:3; 1ტმ. 2:11—14). ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დასასრულს მოსემ ეს შემთხვევა ხალხის გასაფრთხილებლად გამოიყენა, რათა მიყოლოდნენ კეთრის წყლულის შესახებ მღვდლის მითითებებს და მოუწოდა მათ, ხსომებოდათ, რა გაუკეთა იეჰოვამ მირიამს, როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოდიოდა (კნ. 24:8, 9).
მირიამი აარონის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოკვდა და კადეშში, ცინის უდაბნოში დამარხეს (რც. 20:1, 28). საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ წინასწარმეტყველი მიქას მეშვეობით გაიხსენა, რა უპირატესობა ჰქონდათ მირიამსა და მის ძმებს ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლისას: „ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანე და მონობის სახლიდან გამოგისყიდე. წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი“ (მქ. 6:4).
2. იუდას შთამომავალი (1მტ. 4:1, 17, 18).