ბათ-შება
[ასული ბარაქისა; ან შესაძლოა, მეშვიდე [დღეს დაბადებული] ასული]
ელიამის (ამიელი, 1მტ. 3:5) ასული; შესაძლოა, იყო ახითოფელის შვილიშვილი (2სმ. 11:3; 23:34). თავიდან იყო ხეთელი ურიას, დავითის ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცის ცოლი. მას შემდეგ, რაც დავითის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ეპიზოდის მონაწილე გახდა, ცოლად გაჰყვა დავითს (2სმ. 23:39).
გაზაფხულის ერთ საღამოს მობანავე ბათ-შებას თავისი სასახლის ბანიდან თვალი მოჰკრა მეზობლად მცხოვრებმა მეფე დავითმა. „ქალი ძალიან ლამაზი იყო“. როცა გაიგო, რომ ქმარი ომში ჰყავდა, ვნებააღძრულმა დავითმა ქალი სასახლეში მოაყვანინა და დაწვა მასთან. მოგვიანებით ბათ-შება „სახლში დაბრუნდა“ და რამდენიმე ხნის შემდეგ შეუთვალა დავითს, რომ ორსულად იყო. მრუშობის დამალვის მიზნით დავითი შეეცადა, ისე მოეწყო, რომ ურიას ღამე ცოლთან გაეტარებინა, მაგრამ მისი გეგმის ჩაშლის შემდეგ ურია ბრძოლის დროს მოაკვლევინა. ქმარზე გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, ბათ-შება დავითის ცოლი გახდა და ბავშვი გაუჩინა მას (2სმ. 11:1—27).
მაგრამ „არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი“. ღვთის წინასწარმეტყველმა ნათანმა ამხილა მეფე მაგალითის მეშვეობით, რომელშიც ბათ-შება წარმოდგენილი იყო ღარიბის, ურიას, პატარა „დედალ ბატკნად“, რომელიც მდიდარმა კაცმა, დავითმა, წაართვა სტუმრის გასამასპინძლებლად. დამწუხრებულმა დავითმა მოინანია (ფს. 51), მაგრამ ამ მრუშობის შედეგად დაბადებული, უსახელოდ დარჩენილი ბავშვი მოკვდა (იხ. დავითი). წლების შემდეგ დავითს ამ ცოდვის გამო სხვა უბედურებაც დაატყდა — მისმა ვაჟმა აბესალომმა შეურაცხყო მისი ხარჭები (2სმ. 11:27—12:23; 16:21, 22).
ბათ-შება ანუგეშა მომნანიებელმა ქმარმა, რომელსაც მან სარას მსგავსად არაერთხელ მიმართა სიტყვებით „ჩემო ბატონო“ (1მფ. 1:15—21; 1პტ. 3:6). დროთა განმავლობაში ბათ-შებამ დავითს გაუჩინა ვაჟი, სოლომონი, რომელიც იეჰოვას უყვარდა და კურთხევას არ აკლებდა (2სმ. 12:24, 25). დავითთან მას აგრეთვე ეყოლა სამი ვაჟი — შიმეა, შობაბი და ნათანი. ეს უკანასკნელი იესოს დედის, მარიამის წინაპარი გახდა. ვინაიდან იოსები სოლომონის შთამომავალი იყო, იესოს ორივე მიწიერი მშობლის საგვარეულო ხაზს ბათ-შებასა და დავითთან მივყავართ (1მტ. 3:5; მთ. 1:6, 16; ლკ. 3:23, 31).
ბათ-შება ისევ ჩნდება ბიბლიაში დავითის 40-წლიანი მმართველობის მიწურულს. დავითმა ადრე შეჰფიცა მას: „შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ“. ამიტომ, როცა სოლომონის უფროსი ნახევარძმა ადონია დავითის სიკვდილამდე ცდილობდა ტახტის ხელში ჩაგდებას, ბათ-შებამ ნათან წინასწარმეტყველის რჩევით დავითს ეს ფიცი შეახსენა. დავითმა დაუყოვნებლივ აიყვანა ტახტზე სოლომონი და ბათ-შება დედა-დედოფალი გახდა (1მფ. 1:5—37).
ისრაელის ტახტზე სოლომონის მეფობის განმტკიცების შემდეგ ბათ-შება წარდგა სოლომონის წინაშე როგორც ადონიას გავლენიანი შუამავალი მეფისთვის მისი თხოვნის გადასაცემად. სოლომონი მაშინვე „შეეგება და მდაბლად თაყვანი სცა“ და ბრძანა, დედამისისთვის ტახტი დაედგათ, „რომ თავის მარჯვნივ დაესვა“. მაგრამ ბათ-შებას გადაცემულმა თხოვნამ გამოააშკარავა ადონიას ორპირობა და სოლომონმა ადონიას მოკვლა ბრძანა (1მფ. 2:13—25).