დებორა
[ფუტკარი].
1. რებეკას ძიძა; ის რებეკას გაჰყვა, როცა მან მამამისის, ბეთუელის სახლი დატოვა და პალესტინაში გაემგზავრა ისაკზე დასაქორწინებლად (დბ. 24:59). დებორა მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ისაკის ოჯახს და, სავარაუდოდ, რებეკას სიკვდილის შემდეგ იაკობის ოჯახის წევრი გახდა. როგორც ჩანს, რებეკასა და ისაკის დაქორწინებიდან დაახლოებით 125 წლის შემდეგ დებორა მოკვდა. ის ბეთელში დიდი ხის ქვეშ დამარხეს. ამ ხისთვის დარქმეული სახელი (ალონ-ბაქუთი, ნიშნავს: დიდი ხე გლოვისა) მიუთითებს, რომ იაკობსა და მის ოჯახს ის ძალიან უყვარდათ (დბ. 35:8).
2. წინასწარმეტყველი ქალი ისრაელში; ლაფიდოთის ცოლი (მსჯ. 4:4); ზოგის აზრით, ლაფიდოთი და ბარაკი ერთი და იგივე ადამიანი იყო, თუმცა ამის მტკიცებულებები არ არსებობს. დებორა და ბარაკი გაერთიანდნენ ერთი მიზნით — ქანაანელთა ჩაგვრისგან ისრაელების გასათავისუფლებლად. დებორა პალმის ქვეშ ცხოვრობდა რამასა და ბეთელს შორის ეფრემის მთიან მხარეში. „მასთან ადიოდნენ ისრაელის ძეები სამართლის საკითხავად“ (მსჯ. 4:5).
იეჰოვამ დებორას კედეშ-ნაფთალიდან მოაყვანინა ბარაკი და გაუცხადა თავისი ჩანაფიქრი, რომ 10 000 კაცით დაამარცხებდა ქანაანელი მეფის, იაბინის მრავალრიცხოვან ჯარს, რომელსაც სისერა მეთაურობდა. იეჰოვა დაჰპირდა ბარაკს, რომ მტერს ხელში ჩაუგდებდა. ბარაკმა შეკრიბა ლაშქარი და თაბორის მთისკენ გაუძღვა, მაგრამ დაჟინებით ითხოვდა, რომ, თუმცა დებორა ქალი იყო, მათთან ერთად წასულიყო როგორც იეჰოვას წარმომადგენელი. დებორა დათანხმდა, დაეტოვებინა შედარებით უსაფრთხო ადგილი და ბარაკთან ერთად წასულიყო. თუმცა მან იწინასწარმეტყველა, რომ ამ გამარჯვებისთვის დიდებას ქალი მიიღებდა. ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა იაელმა სიცოცხლეს გამოასალმა სისერა (მსჯ. 4:6—10, 17—22).
მტრის განადგურების დღეს დებორამ და ბარაკმა ერთად იმღერეს გამარჯვების სიმღერა, რომლის ნაწილიც პირველ პირშია დაწერილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მთლიანი სიმღერა თუ არა, მისი ნაწილი მაინც დებორამ დაწერა (მსჯ. 5:7). იმ დროს ქალები გამარჯვებას სიმღერითა და ცეკვით ზეიმობდნენ (გმ. 15:20, 21; მსჯ. 11:34; 1სმ. 18:6, 7; ფს. 68:11). ამ სიმღერაში მთელი პატივი და დიდება მიაგეს იეჰოვას, რომელმაც თავის ხალხს გამარჯვება მოაპოვებინა. მასში მოცემულია ბევრი წვრილმანი, რომლებიც გამოტოვებულია ზემოთ და გვეხმარება სრული სურათის აღდგენაში. იეჰოვას ძლიერებისა და ძლევამოსილების აღწერისა და ბარაკის ბრძოლამდე ისრაელში არსებული მდგომარეობის მიმოხილვის შემდეგ სიმღერაში ქება ეძღვნება იმ ტომებს, რომლებიც გამოეხმაურნენ მოწოდებას და საყვედურია გამოთქმული იმ ტომების მიმართ, რომლებმაც არ გააკეთეს ეს. მასში მხატვრულად არის აღწერილი ბრძოლა და ქანაანელების დამარცხება, იაელის გაბედულება, რომელმაც სისერა მოკლა, და სისერას დედის იმედგაცრუება, რომელიც ამაოდ ელოდა, რომ მისი ვაჟი გაიმარჯვებდა ისრაელთან ბრძოლაში და დიდძალი ნადავლითა და მონებით დაბრუნდებოდა (მსჯ. 5).