23-ე გაკვეთილი
ნათლობა — ღირებული მიზანი
იესოს მითითებისამებრ ქრისტიანებისთვის ნათლობა აუცილებელია (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). რას ნიშნავს სიტყვა „ნათლობა“ და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მოინათლოს?
1. რას ნიშნავს სიტყვა „ნათლობა“?
ბერძნული სიტყვა, რომელიც „ნათლობად“ ითარგმნა, ნიშნავს „წყალში ჩაშვებას“. როცა იესო მდინარე იორდანეში ინათლებოდა, წყალმა მისი სხეული მთლიანად დაფარა, რაზეც ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები მიანიშნებს: „წყლიდან რომ ამოდიოდა . . .“ (მარკოზი 1:9, 10). ნამდვილი ქრისტიანებიც სწორედ ასე ინათლებიან.
2. რას ცხადვყოფთ ნათლობით?
ნათლობით ცხადვყოფთ, რომ თავი მივუძღვენით იეჰოვას. როგორ ვუძღვნით თავს ღმერთს? ნათლობამდე იეჰოვას ლოცვაში აღვუთქვამთ, რომ მარადიულად ვემსახურებით, მხოლოდ მას ვცემთ თაყვანს და მისი ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი იქნება. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ საკუთარ თავს უარვყოფთ და გვსურს, იესოს ნაკვალევს მივყვეთ (მათე 16:24). მიძღვნა და ნათლობა აუცილებელია, რომ დავუმეგობრდეთ იეჰოვას და მის თაყვანისმცემლებს.
3. რისი გაკეთებაა საჭირო ნათლობამდე?
ნათლობამდე საჭიროა, გაიცნოთ იეჰოვა და მისადმი რწმენა განიმტკიცოთ (წაიკითხეთ ებრაელების 11:6). რაც მეტს გაიგებთ იეჰოვას შესახებ და გაიძლიერებთ მისადმი რწმენას, მით უფრო შეგიყვარდებათ იგი. შედეგად, სურვილი გაგიჩნდებათ, სხვებსაც ესაუბროთ მასზე და მისი ნორმების თანახმად იცხოვროთ (2 ტიმოთე 4:2; 1 იოანე 5:3). თუკი იეჰოვას ღირსად ცხოვრობთ და ცდილობთ, ყოველმხრივ ასიამოვნოთ მას, ალბათ, აღიძვრებით, თავი მიუძღვნათ ღმერთს და მოინათლოთ (კოლოსელები 1:9, 10).a
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, თუ რას ვსწავლობთ იესოს ნათლობიდან. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ მოემზადოთ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.
4. რას ვსწავლობთ იესოს ნათლობიდან
წაიკითხეთ მათეს 3:13—17 და გაიგეთ მეტი იესოს ნათლობის შესახებ. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ჩვილი იყო იესო, როცა მოინათლა?
წყლის მიპკურებით მოინათლა იესო?
ნათლობის შემდეგ იესო ღვთის დავალების შესრულებას შეუდგა. წაიკითხეთ ლუკას 3:21—23 და იოანეს 6:38; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა იყო იესოსთვის უმთავრესი საქმე ნათლობის შემდეგ?
5. ნათლობა არ არის მიუღწეველი მიზანი
შესაძლოა იფიქროთ, რომ მიძღვნისა და ნათლობისთვის მზად ვერასდროს იქნებით. მაგრამ, თუ არ შეწყვეტთ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას და მის უკეთ გაცნობას, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს თამამად გადადგამთ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა დაეხმარა ზოგს, ეს ნაბიჯი გადაედგა.
წაიკითხეთ იოანეს 17:3 და იაკობის 1:5; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა დაგეხმარებათ, მოემზადოთ ნათლობისთვის?
ა. იეჰოვას თავს ვუძღვნით, როცა ლოცვაში აღვუთქვამთ, რომ მარადიულად მას ვემსახურებით.
ბ. ნათლობით ცხადვყოფთ, რომ ღმერთს თავი მივუძღვენით.
6. ნათლობით იეჰოვას სულიერი ოჯახის წევრი გახდებით
ნათლობით მსოფლიო საძმოს ვუერთდებით. ეროვნების, წარმომავლობისა თუ წარსულის მიუხედავად, ყველას ერთი მრწამსი და ერთნაირი ზნეობრივი ფასეულობები გვაქვს. წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14 და 1 პეტრეს 2:17; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, რისი შესაძლებლობა მოგეცემათ ნათლობის შემდეგ?
ზოგი ამბობს: „ნათლობისთვის ვერასდროს ვიქნები მზად“.
თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ნიშნავს ეს, რომ არ ღირს ამ მიზნის დასახვა?
შეჯამება:
იესოს მითითებისამებრ, ქრისტიანებისთვის ნათლობა აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა იეჰოვასადმი რწმენის განმტკიცება, მისი ნორმების თანახმად ცხოვრება და მისთვის თავის მიძღვნა.
გასამეორებელი კითხვები:
რას ნიშნავს სიტყვა „ნათლობა“ და რატომ არის ამ ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვანი?
რას ცხადვყოფთ ნათლობით?
რა ნაბიჯები უნდა გადადგათ მიძღვნასა და ნათლობამდე?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, რას ნიშნავს ნათლობა.
შეიტყვეთ, რისი გაკეთებაა საჭირო ნათლობამდე.
„იეჰოვასადმი სიყვარული და მადლიერება მონათვლისკენ აღგძრავთ“ („საგუშაგო კოშკი“, მარტი, 2020)
გაეცანით ერთი მამაკაცის ისტორიას და გაიგეთ, რამ აღძრა ის ნათლობისკენ.
„მათ უნდოდათ, ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნებულიყავი“ („საგუშაგო კოშკი“, 1 თებერვალი, 2013)
შეიტყვეთ, რატომ არის ნათლობა ღირებული მიზანი და რა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.
„მოვინათლო?“ („ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 37)
a ნათლობა აუცილებელია მაშინაც, თუ ვინმე უკვე მონათლულია რომელიმე რელიგიური წესით. ამის მიზეზი ისაა, რომ სხვა რელიგიები არ ასწავლიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იხილეთ საქმეების 19:1—5 და მე-13 გაკვეთილი).