საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რობოამი“
  • რობოამი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რობოამი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მას შეეძლო მოეპოვებინა ღვთის კეთილგანწყობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • სამეფო გაიყო
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ყურად იღე ბრძნული რჩევა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • სამეფოს დაყოფა
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რობოამი“

რობოამი

[გააფართოვე ხალხის სამყოფელი]

სოლომონის ვაჟი, რომელიც მას ამონელი ცოლისგან, ნაამასგან შეეძინა. ის მამის შემდეგ ტახტზე ძვ. წ. 997 წელს ავიდა 41 წლის ასაკში და 17 წელი იმეფა (1მფ. 14:21; 1მტ. 3:10; 2მტ. 9:31). რობოამი იყო გაერთიანებული სამეფოს უკანასკნელი მეფე (თუმცაღა მცირე ხნით), ამავე დროს ბენიამინისა და იუდას ტომების გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფე, ვინაიდან შექემში ისრაელის მიერ მისი გამეფებიდან მალევე დავითისა და სოლომონის სამეფო ორად გაიყო. ათმა ტომმა ზურგი აქცია რობოამს და იერობოამი დაისვა მეფედ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები წინასწარმეტყველ ახიას პირით (1მფ. 11:29—31; 12:1; 2მტ. 10:1).

სამეფო მას შემდეგ გაიყო, რაც იერობოამი ხალხის სახელით წარდგა რობოამის წინაშე და სთხოვა სოლომონის მიერ მათთვის დაკისრებული მძიმე ტვირთი შეემსუბუქებინა. პასუხის გაცემამდე რობოამმა სხვებთან მოთათბირება გადაწყვიტა. მან ჯერ რჩევა უხუცესებს ჰკითხა, რომლებმაც ურჩიეს, შეესმინა ხალხის თხოვნა და მათთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. თუ ამ ბრძნულ რჩევას გაითვალისწინებდა, ხალხს თავს შეაყვარებდა. მაგრამ რობოამმა არაფრად ჩააგდო მათი ნათქვამი და მასთან ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს დაეკითხა. მათ ურჩიეს ხალხისთვის ეთქვა, რომ მისი ნეკი მამამისის თეძოზე მსხვილი იქნებოდა ანუ ხალხისთვის ტვირთი უფრო დაემძიმებინა და მათრახის ნაცვლად ისინი ეკლიანი შოლტებით დაესაჯა (1მფ. 12:2—15; 2მტ. 10:3—15; 13:6, 7).

რობოამის ქედმაღლურმა და დესპოტურმა დამოკიდებულებამ ხალხის უმეტესობა მის მიმართ მტრულად განაწყო. დავითის სახლს მხოლოდ იუდასა და ბენიამინის ტომებმა, ორივე სამეფოში მცხოვრებმა მღვდლებმა და ლევიანებმა დაუჭირეს მხარი, გარდა ამისა, ცალკეულმა პირებმა ათტომიანი სამეფოდან (1მფ. 12:16, 17; 2მტ. 10:16, 17; 11:13, 14, 16).

ამის შემდეგ მეფე რობოამი და სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ადორამი (ჰადორამი) განმდგარ ტომთა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ხალხმა ადორამი ჩაქოლა, მეფემ კი გაქცევით უშველა თავს (1მფ. 12:18; 2მტ. 10:18). მაშინ რობოამმა ათ ტომზე გასალაშქრებლად და მეფობის დასაბრუნებლად იუდასა და ბენიამინის ტომებიდან 180 000-კაციანი ჯარი შეკრიბა. მაგრამ იეჰოვამ წინასწარმეტყველ შემაიას პირით აუკრძალა მათ თავიანთი ძმების წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან თავად ღმერთს ჰქონდა გადაწყვეტილი სამეფოს ორად გახლეჩა. მართალია, საქმე ბრძოლის ველამდე არ მივიდა, მაგრამ ამ ორ სამეფოს შორის მტრობა რობოამის მეფობის წლებში არ შეწყვეტილა (1მფ. 12:19—24; 15:6; 2მტ. 10:19; 11:1—4).

იყო დრო, როცა რობოამი ზედმიწევნით იცავდა იეჰოვას კანონებს. თავისი მეფობის დასაწყისში მან ააშენა და გაამაგრა რამდენიმე ქალაქი, რომელთაგან ზოგიერთი სამარაგო ქალაქებად აქცია (2მტ. 11:5—12, 17). თუმცა როგორც კი მისი მეფობა განმტკიცდა, მიატოვა იეჰოვა და იუდაში აღვირახსნილი კულტი შემოიღო, როგორც ჩანს, ამონელი დედის ნათესავების გავლენით (1მფ. 14:22—24; 2მტ. 12:1). ამან იეჰოვა განარისხა. რობოამის მეფობის მეხუთე წელს მან ეგვიპტის მეფე შიშაკი თავის მოკავშირეებთან ერთად აღძრა, თავს დასხმოდნენ იუდას და დაეპყროთ მისი ქალაქები. რობოამსა და მის მთავრებს მონანიების ნიშნად თავი რომ არ დაემდაბლებინათ, იერუსალიმიც კი ვერ გადარჩებოდა. თუმცაღა შიშაკმა ნადავლად თან წაიღო ტაძრისა და მეფის სასახლის საგანძური და სოლომონის მიერ დამზადებული ოქროს ფარები, რომელთა სანაცვლოდ რობოამმა მოგვიანებით სპილენძის ფარები დაამზადებინა (1მფ. 14:25—28; 2მტ. 12:2—12).

რობოამს სულ 18 ცოლი ჰყავდა, მათ შორის დავითის შვილიშვილი მახალათი და დავითის ვაჟის, აბესალომის შვილიშვილი მააქა. მააქა რობოამის საყვარელი ცოლი და აბიას (აბიამი) დედა იყო. აბია რობოამის 28 ვაჟიდან და ტახტის სავარაუდო მემკვიდრეთაგან ერთ-ერთი იყო. გარდა ამისა, რობოამს ჰყავდა 60 ხარჭა და 60 ასული (2მტ. 11:18—22).

რობოამი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძვ. წ. 980 წელს ტახტზე მისი ვაჟი აბია ავიდა. სიკვდილამდე რობოამმა თავისი სხვა ვაჟები უხვად დაასაჩუქრა, რათა მისი სიკვდილის შემდეგ აბიას მეტოქე არ გამოსჩენოდა (1მფ. 14:31; 2მტ. 11:23; 12:16). მთლიანობაში, რობოამის ცხოვრება შეიძლება შემდეგნაირად შევაფასოთ: „ბოროტებას სჩადიოდა რობოამი, რადგან მთელი გულით არ ეძებდა იეჰოვას“ (2მტ. 12:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება