წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
6–12 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 127–134
მშობლებო, გაუფრთხილდით ძვირფას მემკვიდრეობას!
დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას ოჯახში
9 იეჰოვამ ადამიანებს შვილების ყოლის უნარი მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა, რომ მათთვის ღვთის სიყვარული და მისი მსახურების სურვილი ჩაენერგათ. თუ მშობელი ხართ, აფასებთ ამ განსაკუთრებულ ძღვენს? მართალია, იეჰოვამ ანგელოზები მრავალი არაჩვეულებრივი უნარით აღჭურა, მაგრამ მათთვის შვილების ყოლის უნარი არ მიუცია. ასე რომ, მშობლებო, დააფასეთ ეს ძვირფასი ძღვენი – შვილების ყოლისა და მათი აღზრდის პატივი. იეჰოვამ მშობლებს უდიდესი ნდობა გამოუცხადა, როცა შვილების მის მოსაწონად აღზრდისა და დარიგების პასუხისმგებლობა მიანდო (ეფეს. 6:4; კან. 6:5–7; ფსალმ. 127:3). ამ საპასუხისმგებლო საქმეს მშობლებმა თავი კარგად რომ გაართვან, ღვთის ორგანიზაცია დიდ დახმარებას უწევს მათ ბიბლიური პუბლიკაციების, ვიდეოების, სიმღერებისა და ონლაინსტატიების მეშვეობით. აშკარაა, რომ იეჰოვასაც და იესოსაც უყვართ ბავშვები (ლუკ. 18:15–17). იეჰოვა ხარობს, როცა მშობლები მას ენდობიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ ძვირფას შვილებზე იზრუნონ. ასეთი მშობლები საშუალებას აძლევენ შვილებს, რომ იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ მარადიულად.
მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
20 იყავით გამჭრიახი. 127-ე ფსალმუნში შვილები ისრებს არიან შედარებული (წაიკითხეთ ფსალმუნის 127:4). ისრები შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული და ერთმანეთისგან ზომაშიც განსხვავდებოდეს. მსგავსად ამისა, არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური ბავშვი. ამიტომ მშობლები შვილებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ. ისრაელში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი გვიხსნის, რა დაეხმარათ ქალ-ვაჟის იეჰოვას მოსაწონად აღზრდაში. ისინი ამბობენ: „ბავშვებს ცალ-ცალკე ვასწავლიდით ბიბლიას“. ოჯახისთავმა უნდა განსაზღვროს, რამდენად აუცილებელია, შვილებს ცალ-ცალკე ჩაუტარონ ბიბლიის შესწავლა.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
6 ფსალმუნის 131:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები საყურადღებოა მშობლებისთვის (წაიკითხეთ). მეფე დავითი ამბობს: „არც დიდ რამეს ვესწრაფვი და არც მიუწვდომელს ვეპოტინები“. მას თავმდაბლობა და მოკრძალება დაეხმარა, ამბიციებს არ აჰყოლოდა და კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც ჰქონდა. რას ასწავლის ეს მშობლებს? თავმდაბლობა და მოკრძალება მშობლებს დაეხმარებათ, ზედმეტად მომთხოვნები არ იყვნენ საკუთარი თავისა თუ შვილების მიმართ. მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს, სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი მიზნები დაისახოს. ერთი და, სახელად მარინა, თავის ბავშვობას ასე იხსენებს: „დედაჩემი არც ჩემს ძმებს და არც სხვა ბავშვებს არასდროს მადარებდა. ის მიხსნიდა, რომ ყველას განსხვავებული ნიჭი და უნარი აქვს და ყველა ძვირფასია იეჰოვასთვის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს თითქმის არავის ვადარებ თავს“.
13–19 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 135–137
„ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია ჩვენი უფალი“
it „ძალა, სასწაულები“ ¶19, 20
ღმერთი აკონტროლებს ბუნების ძალებს. თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოსალოდნელია, იეჰოვა ისე აკონტროლებდეს ბუნების ძალებს, რომ ადამიანები ამას აშკარად მის სახელს უკავშირებდნენ (ფს. 135:5, 6). მხოლოდ მზის, მთვარის, პლანეტებისა და ვარსკვლავების უცვლელი კურსით მოძრაობა, დედამიწის ატმოსფერული პირობების (იწვევს ქარს, წვიმასა და სხვა მოვლენებს) მათთვის დადგენილი კანონებისთვის მორჩილება, კალიების გუნდური გადაადგილება, ჩიტების მიგრაცია და სხვა ბუნებრივი მოვლენები საკმარისი არ არის, რომ ღმერთმა თავისი სახელი განწმინდოს მოწინააღმდეგეთა და ცრუთაყვანისმცემელთა თვალში.
იეჰოვამ ქმნილებები და ბუნებრივი ძალები თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად განსაზღვრულ დროს განსაკუთრებული მიზნით, არადანიშნულებისამებრ გამოიყენა. ისეთ მოვლენებში, როგორიცაა გვალვა, ქარიშხალი ან სხვა მსგავსი, თავისთავად განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია, მაგრამ როცა მათი მეშვეობით იეჰოვას წინასწარმეტყველებები შესრულდა, ისინი განსაკუთრებული გახდა (შდრ. 1მფ. 17:1; 18:1, 2, 41–45). თუმცა ეს მოვლენები ხშირ შემთხვევაში მათი მასშტაბურობის, სიძლიერისა და ინტენსიურობის (გმ. 9:24) ან იმის გამო იყო განსაკუთრებული, რომ ისინი გაუგონარი სახით ან უჩვეულო დროს ხდებოდა (გმ. 34:10; 1სმ. 12:16–18).
თქვენდამი იეჰოვას სიყვარული ურყევია
16 თუ იეჰოვას ჩვენს თავშესაფრად მივიჩნევთ, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს და მასთან გამკლავება გაგვიჭირდეს. როგორ დაგვეხმარება ამ დროს იეჰოვა? (წაიკითხეთ ფსალმუნის 136:23). ჩვენ ვიგრძნობთ „მისი მარადიული მკლავების“ ძალას, როცა ხელს მოგვაშველებს და ფეხზე წამოგვაყენებს (ფსალმ. 28:9; 94:18). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შეგვიძლია ყოველთვის იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს კი ორ რამეს შეგვახსენებს: პირველი, სადაც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვა ყველგან ჩვენი თავშესაფარი იქნება და მეორე, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას ძალიან აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
იაჰს, ჩვეულებრივ, ვხვდებით ღვთისთვის აღვლენილ სახოტბო სიმღერებში, ლოცვებსა და სავედრებელში, აგრეთვე ისეთ კონტექსტებში, რომლებიც ძირითადად გამარჯვებითა და ხსნით განცდილ სიხარულს უკავშირდება ან ღვთის ძლევამოსილებისა და ძალაუფლების აღიარებას ეხება. ასეთი კონტექსტები მრავლად არის. ფრაზა „ადიდეთ იაჰი“ (ალილუია) გამოყენებულია ღვთის სადიდებელ ფსალმუნებში, პირველად ფსალმუნის 104:35-ში. ზოგან „იაჰი“ მხოლოდ ფსალმუნის დასაწყისშია (ფს. 111; 112), ზოგ ადგილას შუაში (135:3), ზოგან კი მხოლოდ ბოლოში (ფს. 104; 105; 115–117), თუმცა ხშირად არის ნახმარი თავსა და ბოლოში (ფს. 106; 113; 135; 146–150). წიგნ „გამოცხადებაში“ ამ შეძახილით ზეციერი ქმნილებები განუწყვეტლივ ასხამენ ქება-დიდებას იეჰოვას (გმც. 19:1–6).
სხვა კონტექსტებშიც „იაჰი“ ღვთის სახოტბო სიმღერებსა და სავედრებელში გვხვდება. მაგალითად, მოსეს სიმღერაში ხსნის შესახებ (გმ. 15:2). ესაია თავის სიმღერაში ღვთის სახელის შემოკლებული და გავრცობილი ფორმის კომბინაციას („იაჰი, იეჰოვა“) იყენებს (ეს. 12:2; 26:4). სიკვდილის პირას მყოფმა ხიზკიამ სასწაულებრივად განკურნების შემდეგ პოეტურად განადიდა იეჰოვა და თავისი ამაღლებული გრძნობების გამოსახატავად ორჯერ ზედიზედ მოიხსენია „იაჰი“ (ეს. 38:9, 11). ბიბლია მკვდრებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იაჰის განდიდება, აპირისპირებს ცოცხლებთან, რომლებსაც სურთ, მარადიულად ადიდონ იეჰოვა (ფს. 115:17, 18; 118:17–19). მადლიერება ხსნისთვის, მფარველობისა და შეგონებისთვის სხვა ფსალმუნებშიცაა გამოხატული (ფს. 94:12; 118:5, 14).
20–26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 138, 139
ნუ შეიბოჭებით ღელვის გამო
განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე
10 უსიამოვნო შეგრძნება ხომ არ გეუფლებათ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ კრების შეხვედრაზე ხელი უნდა აიწიოთ და კომენტარი გააკეთოთ? თუ ასეა, თქვენ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენთ. რეალურად კომენტარის გაკეთების დროს თითქმის ყველა ნერვიულობს. შიშს ადვილად დაძლევთ, თუ ჯერ მის გამომწვევ მიზეზს დაადგენთ. ის აზრი ხომ არ გაშინებთ, რომ დაგავიწყდებათ სათქმელი ან არასწორად უპასუხებთ? ხომ არ წუხხართ, რომ სხვებივით კარგ კომენტარს ვერ გააკეთებთ? ასეთი შიში სინამდვილეში კარგის ნიშანიც კია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავმდაბალი ხართ და სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად მიიჩნევთ. იეჰოვას უყვარს თავმდაბალი ადამიანები (ფსალმ. 138:6; ფილ. 2:3). თუმცა ის მოელის, რომ შეხვედრების დროს განადიდებთ მას და გაამხნევებთ და-ძმებს (1 თეს. 5:11). ღმერთს უყვარხართ და გამბედაობას შეგმატებთ.
გაამხნევეთ ერთმანეთი კრების შეხვედრებზე
7 შეიძლება ამ მხრივ დამხმარე აღმოჩნდეს წლების მანძილზე „საგუშაგო კოშკში“ მოცემული რჩევები, მაგალითად ის, რომ კარგად მოვემზადოთ (იგავ. 21:5). ბუნებრივია, რომ როცა კარგად გვესმის განსახილველი საკითხი, ნაკლებადაც ვღელავთ. სტრესს ისიც შეგვიმცირებს, თუ მოკლე კომენტარებს გავაკეთებთ (იგავ. 15:23; 17:27). თანაც და-ძმებს ერთი და ორი წინადადების გაგება უფრო უადვილდებათ, ვიდრე გრძელი და ჩახლართული კომენტარების. თუ საკუთარი სიტყვებით მოკლედ ვაყალიბებთ აზრს, ესე იგი, კარგადაც ვართ მომზადებული და საკითხიც გვესმის.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
გარდა ამისა, ყოველი ქრისტიანის ვალია, აპატიოს სხვას მის წინააღმდეგ თუნდაც მრავალგზის ჩადენილი დანაშაული (ლკ. 17:3, 4; ეფ. 4:32; კლ. 3:13). ღმერთი არ პატიობს მათ, ვინც სხვებს არ პატიობს (მთ. 6:14, 15). მაშინაც კი, თუ სერიოზული დანაშაულის გამო „ბოროტი ადამიანები“ ირიცხებიან ქრისტიანული კრებიდან, გულწრფელი მონანიების შემდეგ მათ შეიძლება თავის დროზე მიეტევოთ ცოდვები. ასეთების მიმართ კრების ყველა წევრმა სიყვარული უნდა გამოავლინოს (1კრ. 5:13; 2კრ. 2:6–11). მაგრამ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მათი პატიება, ვინც ბოროტი განზრახვით, შეგნებულად სცოდავს და არ ინანიებს. ასეთები ღვთის მტრები ხდებიან (ებ. 10:26–31; ფს. 139:21, 22).
27 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ – 2 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 140–143
იმოქმედეთ ლოცვის შესაბამისად
ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
13 რჩევის მიღმა ღვთის სიყვარული დაინახეთ. იეჰოვას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის (იგავ. 4:20–22). იგი თავის სიყვარულს მაშინ გვიმტკიცებს, როცა რჩევას თავისი სიტყვის, ბიბლიური პუბლიკაციებისა თუ მოწიფული ქრისტიანის მეშვეობით გვაძლევს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, იეჰოვა ამას ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს (ებრ. 12:9, 10).
14 ყურადღება თავად რჩევაზე გაამახვილეთ და არა იმაზე, თუ რა ფორმით მოგცეს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთლად კორექტულად ვერ მოგვცეს რჩევა. ცხადია, რჩევის მიმცემი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მისი ნათქვამი ადვილი მისაღები იყოს (გალ. 6:1). მაშინაც კი, თუ არ მოგვწონს, როგორ მოგვცეს რჩევა, აჯობებს, მის შინაარსობრივ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, რაც გვირჩიეს, იქნებ სულაც არ იყო ურიგო. რჩევის მომცემის გაკრიტიკებას აჯობებს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ წაგვადგება მისი ნათქვამის გათვალისწინება. ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ შევეცდებით, ყველა რჩევაში საჩვენოდ დავინახოთ რამე (იგავ. 15:31).
შეინარჩუნეთ „სუფთა გული“ ამ მძიმე დროში
წინააღმდეგობები, ეკონომიკური პრობლემები და სერიოზული ავადმყოფობა ღვთის ზოგიერთ მსახურს თრგუნავს. ზოგჯერ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ გულზე. თავად მეფე დავითმაც გამოსცადა ეს: „სული დამიუძლურდა; გული ჩამიკვდა“ (ფსალმ. 143:4). როგორ მოერია დავითი საკუთარ თავს? ის ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა თავის მსახურებს და იხსენებდა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა ის სხვადასხვა სიტუაციაში. დავითი ფიქრობდა ღვთის ნამოქმედარსა და იმაზე, რა გააკეთა იეჰოვამ თავისი დიდებული სახელის გულისთვის (ფსალმ. 143:5). იმაზე ფიქრი, თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ჩვენი შემოქმედი ჩვენთვის, განსაცდელების დროს ჩვენც დაგვეხმარება.
დღესაც პრაქტიკულია პრინციპი: დაქორწინდი, „ოღონდ უფალში“?
ზოგჯერ შეიძლება თავი ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსად იგრძნოთ, რომელმაც თქვა: „იჩქარე და მიპასუხე, იეჰოვა. ბოლო მოეღო ჩემს სულს. ნუ დამალავ სახეს ჩემგან“ (ფსალმ. 143:5–7, 10). ამ დროს კარგი იქნება, თუ იეჰოვას დროს მისცემთ, დაგანახოთ, რა სურს მას თქვენთვის. ამას კი იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დროს გამოუყოფთ ბიბლიის კითხვასა და წაკითხულზე ფიქრს. ამგვარად გაიგებთ მის მითითებებსა თუ მცნებებს და დაინახავთ, რას აკეთებდა ის წარსულში თავისი ხალხისთვის. თუ გულისყურით მოუსმენთ ღმერთს, მიხვდებით, რომ ნამდვილად ღირს, დაემორჩილოთ მას.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „შხამი“
გადატანითი მნიშვნელობით. ბოროტთა ცრუ და ცილისმწამებლური სიტყვები, რომლებიც სხვის რეპუტაციას ლახავს, გველის მომაკვდინებელ შხამთანაა შედარებული (ფს. 58:3, 4). ცილისმწამებლებზე ნათქვამია: „გველგესლასავით შხამი აქვთ ბაგეზე“; გველგესლებს შხამიანი ჯირკვლები ზედა ყბის წინა კიდესთან, თითქოსდა ბაგეზე, აქვთ განლაგებული (ფს. 140:3; რმ. 3:13). ენა, რომელსაც ვინმე ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, ცრუ სწავლებების გასავრცელებლად ან სხვა საზიანო ქმედებისთვის იყენებს, „მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“ (იაკ. 3:8).
3–9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 144–146
„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“
მკითხველთა შეკითხვები
2. გადამუშავებული ტექსტი სრულად ეთანხმება მთლიან ფსალმუნს. მე-12 მუხლში გამოყენებული სიტყვა „მაშინ“ იმაზე მიანიშნებს, რომ მე-12–14 მუხლებში მოხსენიებულ კურთხევებს მართლები მიიღებენ, რომლებიც გათავისუფლებასა და ხსნას ითხოვენ ბოროტთა ხელიდან (მე-11 მუხლი). გარდა ამისა, ეს ცვლილება შეეხო მე-15 მუხლსაც, სადაც ორჯერ გვხვდება სიტყვა „ბედნიერი“. გადამუშავებული ტექსტის ამ მუხლში ეს სიტყვა ერთი და იმავე აზრის ხაზგასასმელად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში სიტყვა „ბედნიერი“ ეხება ერთსა და იმავე ხალხს, „რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ დედნისეულ ებრაულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ გვხვდება, მაგალითად არ არის გამოყენებული ბრჭყალები. ასე რომ, მთარგმნელებს თავად უნდა განესაზღვრათ ტექსტის ზუსტი აზრი, გაეთვალისწინებინათ ებრაული ენის პოეტური სტილი, კონტექსტი და მასთან დაკავშირებული სხვა ბიბლიური მონაკვეთები.
3. გადამუშავებული ტექსტი ეთანხმება სხვა ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებიც ღვთის ერთგულ მსახურებს კურთხევებს ჰპირდება. სიტყვა აშერის ახლებურად თარგმნის შედეგად ეს ფსალმუნი გამოხატავს დავითის მტკიცე იმედს, რომ მტრების ხელიდან დახსნის შემდეგ ღმერთი ისრაელ ერს აკურთხებდა, ანუ მათ ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე იზრუნებდა (ლევ. 26:9, 10; კან. 7:13; ფსალმ. 128:1–6). მაგალითად, მეორე კანონის 28:4-ში ნათქვამია: „კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი პირუტყვის, შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი“. დავითის ძის, სოლომონის მეფობის დროს ისრაელი ერი მართლაც ტკბებოდა წარმოუდგენელი მშვიდობითა და მატერიალური კეთილდღეობით. უფრო მეტიც, სოლომონის მეფობა გარკვეულწილად მესიის მმართველობას უკავშირდება (1 მეფ. 4:20, 21; ფსალმ. 72:1–20).
განიმტკიცეთ იმედი
16 მარადიული სიცოცხლის იმედი უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან. ჩვენ ველით ღვთის ამ უტყუარი და შესანიშნავი დაპირების შესრულებას. ეს იმედი ჩვენთვის ღუზასავითაა, რომელიც განსაცდელებსა და დევნებს გვატანინებს და ძალას გვაძლევს, არ შევუშინდეთ სიკვდილს. ის ჩვენთვის მუზარადივითაცაა, რომელიც იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება, რომ შევიძულოთ ბოროტება და შევიყვაროთ სიკეთე. ბიბლიური იმედი ღმერთთან გვაახლოებს და მის უსაზღვრო სიყვარულში გვარწმუნებს. დაე ყოველთვის გვიღვიოდეს იმედი გულში!
17 პავლე მოუწოდებდა რომაელ ქრისტიანებს, რომ ეხარათ იმედით (რომ. 12:12). იგი თავადაც ხარობდა იმედით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ერთგულების სანაცვლოდ ზეცაში მარადიულ სიცოცხლეს მიიღებდა. ჩვენც ვხარობთ იმედით, რადგან გვჯერა, რომ იეჰოვა თავის დაპირებებს შეასრულებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენზეც სრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ბედნიერია ის,.. ვინც იმედს თავის ღმერთ იეჰოვაზე ამყარებს, [მასზე], ვინც ყოველთვის ერთგულია“ (ფსალმ. 146:5, 6).
როგორი სიყვარული უწყობს ხელს ნამდვილ ბედნიერებას?
19 სატანის ქვეყნიერებაში ადამიანები თითქმის 6 000 წელია იტანჯებიან, მაგრამ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გახდა საკუთარი თავის, ფულისა და სიამოვნების მოყვარული. ისინი მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ და მთლიანად თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებაზე არიან კონცენტრირებულნი. მაგრამ ასეთი ხალხი ბედნიერი არასდროს იქნება. ამის საპირისპიროდ, ფსალმუნმომღერალი წერდა: „ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე“ (ფსალმ. 146:5).
20 იეჰოვას ხალხს უყვარს ღმერთი და წლიდან წლამდე მათ რიგებს ბევრი ახალი უერთდება. ეს ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს და მალე ენით აუწერელ კურთხევებს მოიტანს დედამიწაზე. ნამდვილი და მარადიული სიხარული მოაქვს ღვთის ნების შესრულებას, რადგან გვესმის, რომ ჩვენი საქციელით გულს ვუხარებთ უზენაესს. იეჰოვას მოყვარულები მარადიულად გაიხარებენ! შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რა თვისებებს ავითარებს ეგოისტური სიყვარული და დავინახავთ, რამხელა განსხვავებაა ამ თვისებებსა და იეჰოვას მსახურთა თვისებებს შორის.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ბიბლია მოუწოდებს ადამიანებს, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ქმნილებებს სამართლიანად და გულმოწყალედ მოეპყრონ. თავად იეჰოვა კარგ მაგალითს იძლევა და სიყვარულით ზრუნავს მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე (იგ. 12:10; ფს. 145:15, 16). მოსეს კანონიც შეიცავდა მითითებებს, რომ სათანადოდ ეზრუნათ შინაურ ცხოველებზე. თუ ვინმე დაკარგულ ცხოველს წააწყდებოდა, პატრონისთვის უვნებელი უნდა დაებრუნებინა. თუ ტვირთქვეშ მოყოლილს დაინახავდნენ, მისთვის ტვირთი უნდა მოეხსნათ (გმ. 23:4, 5). მუშაობის დროს ცხოველებს უმოწყალოდ არ უნდა მოქცეოდნენ (კნ. 22:10; 25:4). ადამიანების მსგავსად შაბათ დღეს მათაც უნდა დაესვენათ (გმ. 20:10; 23:12; კნ. 5:14). აგრესიული ცხოველისთვის თვალყური უნდა ედევნებინათ ან მოეკლათ (დბ. 9:5; გმ. 21:28, 29). აკრძალული იყო სხვადასხვა ჯიშის ცხოველის შეჯვარება (ლვ. 19:19).
10–16 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 147–150
ჩვენ მრავალი მიზეზი გვაქვს, რომ ვადიდოთ იაჰი
რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?
5 იეჰოვა არა მხოლოდ მთელ ერს ანუგეშებდა და ეხმარებოდა, არამედ ისრაელიდან თითოეულს. ეს ასეა დღესაც. ფსალმუნმომღერალმა ღვთის შესახებ თქვა: „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3). მნიშვნელობა არა აქვს, ღვთის ხალხს ფიზიკური დახმარება სჭირდება თუ ემოციური, იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს. მას ძალიან სურს, გვანუგეშოს და ემოციური ჭრილობები მოგვიშუშოს (ფსალმ. 34:18; ეს. 57:15). ღმერთი საჭირო სიბრძნესა და ძალას გვაძლევს, რომ ნებისმიერ სირთულეს გავართვათ თავი (იაკ. 1:5).
6 შემდეგ ფსალმუნმომღერალს ყურადღება გადააქვს ციურ სხეულებზე და ისე ჩანს, თითქოს თემას ცვლის. ის ამბობს, რომ იეჰოვა ითვლის ვარსკვლავებს და „ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს“ (ფსალმ. 147:4). რატომ გადაიტანა ფსალმუნის დამწერმა ყურადღება ციურ სხეულებზე? მას შეეძლო დაენახა ვარსკვლავები, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, სინამდვილეში რამდენი ვარსკვლავი არსებობდა. დღეს გაცილებით ბევრი ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი. ზოგის აზრით, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში, მილიარდობით ვარსკვლავია, სამყაროში კი შესაძლოა ტრილიონობით გალაქტიკა იყოს. ფაქტია, ჩვენთვის ვარსკვლავების დათვლა შეუძლებელია, შემოქმედი კი თითოეულ მათგანს სახელს არქმევს და ერთმანეთისგან განასხვავებს (1 კორ. 15:41). ღმერთმა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული ვარსკვლავის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, პირადად თქვენ შესახებაც იცის ყველაფერი – სად ხართ, რას გრძნობთ და მოცემულ მომენტში რა გჭირდებათ!
რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?
7 იეჰოვა არა მხოლოდ თითოეული ადამიანით არის დაინტერესებული, არამედ ძალაც აქვს და სურვილიც, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:5). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად რთულია, ჩვენი ტვირთი კი – მეტისმეტად მძიმე. ღმერთს ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). არასრულყოფილების გამო ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ. ძალიან ვნანობთ ხოლმე, როცა ენა წინ გვისწრებს, ჩვენი ხორციელი სისუსტეები იჩენს თავს ან ვინმეს მიმართ შური გვიჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შეცდომებს არასდროს უშვებს, მას შესანიშნავად ესმის ჩვენი, რადგან განუზომელია მისი წვდომის უნარი (ეს. 40:28).
რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა?
18 ფსალმუნმომღერალმა იცოდა, რამხელა პატივი ხვდა წილად ძველ ისრაელს. ის ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ღვთის სიტყვა, „წესები და სამართალი“ ჰქონდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 147:19, 20). დღეს ჩვენ კურთხეული ხალხი ვართ, რადგან მთელ დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ ვიწოდებით ღვთის სახელით. გული მადლიერებით გვაქვს სავსე, რომ ვიცნობთ იეჰოვას, ვხელმძღვანელობთ მისი სიტყვით და ვხარობთ მასთან ახლო ურთიერთობით. 147-ე ფსალმუნის დამწერის მსგავსად, ჩვენც უამრავი მიზეზი გვაქვს, ვადიდოთ იეჰოვა და სხვებსაც მოვუწოდოთ ამისკენ.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
22 „მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო“, – ნათქვამია ფსალმუნების 148:10-ში. ბევრი ცხოველი და ფრინველი საოცარი უნარით გამოირჩევა. შავზურგა ალბატროსს წარმოუდგენლად დიდი მანძილის გადაფრენა შეუძლია (ერთმა ალბატროსმა 90 დღეში 40 000 კილომეტრი გადაიფრინა). ტყის მომღერალა ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ ამერიკაში გადაფრენისას 80-ზე მეტი საათის განმავლობაში რჩება ჰაერში ისე, რომ ერთხელაც არ ჩერდება. აქლემი წყალს იგროვებს, მაგრამ კუზში კი არა, როგორც მრავალი ფიქრობს, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში, და დიდი ხნის განმავლობაში დადის ისე, რომ მის ორგანიზმს გაუწყლოება არ ემუქრება. გასაკვირი არაა, რომ ინჟინრები გულდასმით აკვირდებიან ცხოველთა სამყაროს, როცა ახალ მექანიზმებსა თუ მასალებს ქმნიან. „თუ გსურთ ისეთი მექანიზმი შექმნათ, რომელიც ეფექტურად იმუშავებს . . . და გარემოსაც კარგად მოერგება, – ამბობს გეილ კლირი, – ალბათ, საუკეთესო ნიმუშს ბუნებაში ნახავთ“.
17–23 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 1
ახალგაზრდებო, ვის უგდებთ ყურს?
არაფერს დართოთ ნება, წაგართვათ ჯილდო!
16 როგორ უნდა მოიქცე, თუ მოზარდი ხარ და თვლი, რომ ქრისტიანი მშობლები ვერ გიგებენ და ძალიან მკაცრად გექცევიან? შეიძლება მათზე განაწყენებამ იქამდე მიგიყვანოს, რომ დაეჭვდე კიდეც, არის თუ არა იეჰოვასადმი მსახურება საუკეთესო არჩევანი. მაგრამ თუ გულს გაიტეხ და ღვთის მსახურებას შეწყვეტ, მალევე მიხვდები, რომ ღვთისმოშიშ მშობლებზე და კრების წევრებზე მეტად არავინაა დაინტერესებული შენი კეთილდღეობით.
17 როცა მშობლები გსჯიან ან შენიშვნას გაძლევენ, ისინი შენდამი სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენენ (ებრ. 12:8). მაგრამ შეიძლება შენი მშობლების აღზრდის მეთოდები გაღიზიანებდეს. ასეთ დროს უმჯობესი იქნება, ყურადღება იმაზე კი არ გაამახვილო, თუ რა ფორმით მოგცეს შენიშვნა, არამედ იმაზე, თუ რატომ მოგცეს ეს შენიშვნა. ასე რომ, სიმშვიდე შეინარჩუნე და მწვავე რეაქცია ნუ გექნება, როცა მშობლები შეცდომაზე მიგითითებენ. ბიბლია ამბობს: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“ (იგავ. 17:27). მიზნად დაისახე, მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბდე, რომელიც შენიშვნებს მშვიდად იღებს, ითვალისწინებს და ნაკლებად ნერვიულობს იმაზე, თუ რა ფორმით მისცეს ესა თუ ის რჩევა (იგავ. 1:8). იეჰოვას მოყვარული მშობლები ნამდვილი კურთხევაა! ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მათ მთელი გულით სურთ, დაგეხმარონ ჯილდოს მოპოვებაში.
არ დავკარგოთ ქრისტიანული მეობა!
11 ეცადეთ ასიამოვნოთ ღმერთს და არა ადამიანს. ბუნებრივია, გვსურდეს, რომ სხვებმა გვაღიარონ. ყველას სჭირდება მეგობრები და ის, რომ რომელიმე წრეში თავს კარგად გრძნობდეს. მოზარდობის ასაკში და მოგვიანებითაც, თანატოლების ზეგავლენა შეიძლება ძალიან დიდი იყოს, რაც იმის სურვილს აძლიერებს, რომ ადამიანმა მიბაძოს ან ასიამოვნოს სხვებს. მაგრამ მეგობრები და თანატოლები შეიძლება ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ არ იღვწოდნენ. ზოგს ვიღაცა მხოლოდ ცუდ საქმეებში თანამზრახველად სჭირდება (იგავები 1:11–19). როცა ქრისტიანი თანატოლების უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ის, ჩვეულებრივ, ცდილობს დამალოს, რომ ღვთის მსახურია (ფსალმუნები 25:4). „ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე“, – გვაფრთხილებს პავლე მოციქული (რომაელები 12:2, „იერუსალიმის ბიბლია“). იეჰოვა გვაძლევს შინაგან ძალებს, რომ გავუძლოთ ნებისმიერ ზეწოლას (ებრაელები 13:6).
12 როდესაც უარყოფითი გავლენა ჩვენს ქრისტიანულ მეობას საფრთხეს უქმნის, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი ერთგულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი აზრი თუ უმრავლესობის შეხედულებები. გამოსვლის 23:2-ში ჩაწერილია პრინციპი, რომელიც დაგვიცავს: „ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში“. როცა ისრაელთა უმრავლესობას ეჭვი შეეპარა იმაში, შეასრულებდა თუ არა იეჰოვა თავის დანაპირებს, ქალებ იეფუნის ძემ მტკიცედ გადაწყვიტა, არ აჰყოლოდა უმრავლესობას. ის დარწმუნებული იყო, რომ ღვთის აღთქმები შესრულდებოდა, რისთვისაც უხვად დაჯილდოვდა (რიცხვნი 13:31; იესო ნავეს ძე 14:6–11). გსურთ თუ არა თქვენც, არ მოექცეთ საზოგადოებაში გავრცელებული თვალსაზრისის გავლენის ქვეშ, რათა ღმერთთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ?
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ბიბლია „უგუნურში“ გულისხმობს არა გონებრივად შეზღუდულ, არამედ ისეთ ადამიანს, რომელიც არაფრად აგდებს საღ აზრს და ირჩევს ზნეობრივად გაუმართლებელ გზას, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან ნორმებს. უგუნურად ითარგმნება შემდეგი ებრაული სიტყვები: ქესილ, ’ევილ, ნავალ (იგ. 1:22, 12:15; 17:7) და ლეც (იგ. 13:1, „დამცინავი“), აგრეთვე ბერძნული აფრონ, ანოეტოს და მოროს (ლკ. 12:20; გლ. 3:1; მთ. 23:17; 25:2).
24 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ – 2 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 2
რაში გვეხმარება ბიბლიის გულმოდგინე კვლევა?
იარეთ „ჭეშმარიტების გზით“!
16 ცხადია, ყველას არ უყვარს კითხვა და კვლევა. და მაინც, იეჰოვა მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ ძიება, რომ უკეთ ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ იგავების 2:4–6). მონდომება ნამდვილად დაგვიფასდება. მაგალითად, ერთი ძმა კორი ცდილობს, ბიბლიის კითხვის დროს ერთი მუხლი მაინც გამოიკვლიოს საფუძვლიანად. ის ამბობს: „ვკითხულობ ყველა სქოლიოსა და მარგინალურ მუხლს და დამატებით მასალასაც ვიძიებ. ამ მეთოდით ბევრი რამ ვისწავლე“. რა მიდგომასაც არ უნდა ვიყენებდეთ, თუ დროსა და ძალისხმევას არ ვიშურებთ, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ჭეშმარიტებას (ფსალმ. 1:1–3).
სიბრძნის ხმა ყველგან გაისმის
3 სიბრძნე იმაში ჩანს, შეუძლია თუ არა ადამიანს ცოდნა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენოს. თუმცა ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა; უწმინდესის შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა“ (იგავ. 9:10). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე „უწმინდესის შესახებ ცოდნით“ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას თვალსაზრისი უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულ საკითხზე. ამისთვის კი საჭიროა, მივმართოთ ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს. ეს ნამდვილად ბრძნული საქციელი იქნება (იგავ. 2:5–7).
4 მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ სიბრძნეს (რომ. 16:27). ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის შემოქმედია და ყველაფერი იცის თავისი ქმნილებების შესახებ (ფსალმ. 104:24). მეორე, ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, სიბრძნე ჩანს (რომ. 11:33). და მესამე, იეჰოვას ბრძნული რჩევები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (იგავ. 2:10–12). თუ ამას ვაცნობიერებთ, შევეცდებით, ნებისმიერ სიტუაციაში ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ.
ახალგაზრდებო, განიმტკიცეთ რწმენა!
2 შეიძლება იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხარ ან ჯერ კიდევ ეცნობი მას. ხომ არ განიცდი ზეწოლას გარშემო მყოფებისგან, რათა შემოქმედის ნაცვლად ისეთი გავრცელებული მოძღვრებისა გწამდეს, როგორიც ევოლუციაა? თუ ეს ასეა, შეგიძლია გარკვეული ნაბიჯები გადადგა რწმენის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ნაბიჯი ის არის, რომ შეგიძლია ღვთისგან ბოძებული ჭკუა, ანუ აზროვნების უნარი გამოიყენო, რომელიც დაგიცავს რწმენის დამანგრეველი ქვეყნიური ფილოსოფიებისგან (წაიკითხეთ იგავების 2:10–12).
3 ნამდვილი რწმენა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნიდან მოდის (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლისას მასალას უბრალოდ ნუ გადაურბენ. გამოიყენე აზროვნების უნარი, რომ ჩასწვდე წაკითხულს (მათ. 13:23). განვიხილოთ, როგორ დაგეხმარება ეს შემოქმედისა და ბიბლიის მიმართ რწმენის განმტკიცებაში. ამ საკითხების ირგვლივ უამრავი დამაჯერებელი მტკიცება არსებობს (ებრ. 11:1).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ადამიანი უმწიკვლობის შენარჩუნებას შეძლებს არა საკუთარი ძალით, არამედ მტკიცე რწმენით და იეჰოვაზე და მის მხსნელ ძალაზე მინდობით (ფს. 25:21). უმწიკვლოდ მავალთ ღმერთი ჰპირდება, რომ ის იქნება მათი ფარი და ციხესიმაგრე (იგ. 2:6–8; 10:29; ფს. 41:12). მათი მთავარი საზრუნავი იეჰოვას გულის გახარებაა, რაც უმწიკვლოდ მავალთა ცხოვრებას უფრო სტაბილურს ხდის და მათ დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება (ფს. 26:1–3; იგ. 11:5; 28:18). როგორც დაბნეულობაში მყოფმა იობმა აღნიშნა, უმწიკვლო ადამიანები შეიძლება დაიტანჯონ ბოროტ ქვეყნიერებაში და ბოროტებთან ერთად დაიღუპონ, თუმცა იეჰოვა გვარწმუნებს, რომ კარგად იცის უმწიკვლო ადამიანის გზა და გვპირდება, რომ მისი მემკვიდრეობა „მარადიულად დარჩება“, მას „მშვიდობიანი მომავალი“ ექნება და „ყოველივე კარგს“ მოიმკის (იობ. 9:20–22; ფს. 37:18, 19, 37; 84:11; იგ. 28:10). ადამიანი სახელს მოიხვეჭს და პატივისცემას დაიმსახურებს არა სიმდიდრით, არამედ უმწიკვლობის შენარჩუნებით, რაც იობის მაგალითიდანაც გამოჩნდა (იგ. 19:1; 28:6). ბიბლია ბედნიერს უწოდებს უმწიკვლობით მავალი მშობლების შვილებს (იგ. 20:7), რადგან ერთი მხრივ, მშობლები მათ მისაბაძ მაგალითს აძლევენ და მეორე მხრივ, სხვები ისეთი ადამიანების შვილებად იცნობენ, რომლებმაც კარგი სახელი მოიხვეჭეს და პატივისცემა დაიმსახურეს.