გლოვა
აღმოსავლეთის ხალხებში გლოვის დროს მიღებული იყო მწუხარების მძაფრად გამოხატვა, რაც კარგად ჩანს გლოვის შესახებ ბიბლიური მონაკვეთებიდან. ბიბლიის წიგნი „გოდება“ მთლიანად იერუსალიმის ხვედრზე გლოვას ეძღვნება.
გლოვის მიზეზები. ადამიანები გლოვობდნენ სხვადასხვა მიზეზით — როცა ინანიებდნენ (ნემ. 9:1, 2; იონ. 3:5—9) ან გარდაუვალი უბედურების საშიშროების წინაშე იდგნენ (ესთ. 4:3; იერ. 6:26; ამ. 5:16, 17), ან როცა უკვე იყვნენ სავალალო მდგომარეობაში (იოლ. 1:5—14). გლოვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა თქმა უნდა, სიკვდილი იყო. გლოვის დღეები ოჯახში მაშინ იწყებოდა, როცა ოჯახის წევრი კვდებოდა (დბ. 23:2; 27:41; 37:33—35). უდიდეს მწუხარებას იწვევდა მშობლის ან ერთადერთი ვაჟის სიკვდილი (ფს. 35:14; ამ. 8:10; ზქ. 12:10). ერის წინამძღოლის სიკვდილის შემთხვევაში გლოვა 7—30 დღემდე გრძელდებოდა (რც. 20:29; კნ. 34:8; 1სმ. 31:8, 12, 13). ეგვიპტელები 70 დღეს დასტიროდნენ იოსების მამა იაკობს და სამგლოვიარო წეს-ჩვეულებას კიდევ 7 დღეს ასრულებდნენ ქანაანში (დბ. 50:3—11).
როგორ გამოხატავდნენ მწუხარებას. მგლოვიარეები მოთქვამდნენ, არ უვლიდნენ თავს, მარხულობდნენ და თავს იკავებდნენ ჩვეული საქმეებისგან. ზოგჯერ ისინი ხმამაღლა და მწარედ ტიროდნენ (2სმ. 1:11, 12; ესთ. 4:1), მკერდში ხელს იცემდნენ (ეს. 32:11, 12; ნამ. 2:7; ლკ. 8:52), ტანსაცმელს იხევდნენ (მსჯ. 11:35; 2მფ. 22:11, 19), თავზე მიწას ან ნაცარს იყრიდნენ და ჯვალოს ატარებდნენ (2სმ. 13:19; 2მფ. 6:30; იობ. 2:11, 12), ფეხზე სანდლებს იხდიდნენ და თავს ან სახეს იფარავდნენ (2სმ. 15:30; 19:4), თმებს იგლეჯდნენ ან იჭრიდნენ და წვერს იპარსავდნენ (იობ. 1:20; ეზრ. 9:3; იერ. 41:5), ზოგი კი, წარმართული ჩვეულების მიხედვით, სხეულს ისერავდა (იერ. 16:6; 47:5). გარდა იმისა, რომ მარხულობდნენ, მგლოვიარეები აღარ ისვამდნენ ზეთს და ტანსაცმელს არ ირეცხავდნენ (2სმ. 14:2; 19:24; დნ. 10:2, 3), ზოგჯერ კი მიწაზე ან ნაცარში ისხდნენ (2სმ. 13:31; იობ. 2:8; ეს. 3:26).
სევდიანი ლექსები ზოგჯერ სამგლოვიარო სიმღერებს ედებოდა საფუძვლად (2სმ. 1:17—27; 3:33, 34; 2მტ. 35:25). ასეთი სიმღერების ერთ სახეობას ერქვა შიგგაჲონ. ეს ებრაული სიტყვა გვხვდება მე-7 ფსალმუნის ეპიგრაფში, მისი მონათესავე სიტყვა კი — აბაკუმის 3:1-ში. ეს იყო სამგლოვიარო ნაწარმოები, როგორც ჩანს, ძალიან ემოციური სიმღერა სწრაფად ცვალებადი რიტმით. აღსანიშნავია, რომ ორივე მონაკვეთში (ფს. 7; აბკ. 3:2—19) ჩანს საფრთხე, თხოვნის ან განცდის მძაფრი გამოხატულება და იეჰოვას პასუხით გამოწვეული სიხარული.
ზოგჯერ დაკრძალვაზე იწვევდნენ დახელოვნებულ მოტირალ ქალებს და მუსიკოსებს, რომლებიც სევდიან მელოდიებს უკრავდნენ (იერ. 9:17, 18; მთ. 9:23). სწორედ მათ ჰბაძავდნენ იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მოედნებზე მოთამაშე ბავშვები (მთ. 11:16, 17). სამგლოვიარო სიმღერებს ხშირად სალამურზე ასრულებდნენ (იერ. 48:36; მთ. 9:23; იხ. იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა ომი“, III, 437 (ix, 5), ინგლ.).
დაკრძალვის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ქალები საფლავზე მიდიოდნენ სატირლად (ინ. 11:31). გლოვის პერიოდში მიღებული იყო სუფრის გაშლა და, როგორც ჩანს, ზოგჯერ ნადიმსაც აწყობდნენ (ოს. 9:4; იერ. 16:5, 7).
გლოვასთან დაკავშირებული აკრძალვები. ღვთის ხალხს ან მათგან ზოგიერთს დროდადრო ეძლეოდა მითითება, არ ეგლოვათ ზოგი ადამიანი, მაგალითად კანონით დასჯილი ბოროტმოქმედი (ლვ. 10:1, 2, 6). ღვთის მითითებით, წინასწარმეტყველ ეზეკიელს არ უნდა ეგლოვა მკვდარი ცოლი, რათა ნიშანი ყოფილიყო მასთან ერთად ბაბილონში მყოფი ისრაელებისთვის: როცა აღსრულდებოდა ორგულობის გამო იერუსალიმისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი, ისინი იმდენად გაოგნდებოდნენ, რომ გლოვის თავიც არ ექნებოდათ (ეზკ. 24:15—24). მსგავსი მითითება მიეცა იერემიასაც (იერ. 16:5—13).
მოსეს კანონით იკრძალებოდა ზოგიერთი სამგლოვიარო წეს-ჩვეულება, მათ შორის სხეულის დასერვა, წარბების მოპარსვა (ლვ. 19:28; კნ. 14:1, სქ.) და გაღებული მეათედის მკვდრისთვის გამოყენება (კნ. 26:12—14). მღვდლებს შეეძლოთ ეგლოვათ თავიანთი ოჯახის ზოგი წევრი, მღვდელმთავარს კი ეკრძალებოდა გლოვა (ლვ. 21:1—6, 10—12).
გლოვის დრო. ეკლესიასტეს 3:1, 4-ში ნათქვამია, რომ არის „ტირილის დრო და სიცილის დრო; მოთქმის დრო და ცეკვა-თამაშის დრო“. ვინაიდან ყველა ადამიანი მოკვდავია, ბიბლიის თანახმად, ბრძენთა გული „გლოვის სახლშია“ და არა მხიარულების სახლში (ეკ. 7:2, 4; შდრ. იგ. 14:13). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოს, ბრძენი ადამიანი ხელიდან არ უშვებს თანაგრძნობისა და ნუგეშისცემის გამოვლენის შესაძლებლობას. შედეგად, მას არ ავიწყდება, რომ თვითონაც მოკვდავია, რაც შემოქმედის მიმართ სწორი დამოკიდებულების შენარჩუნებაში ეხმარება.
წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რა შემთხვევაშია მართებული გლოვა. საყვარელი ადამიანის სიკვდილის გარდა (დბ. 42:38; 44:31), ოხვრისა და კვნესის მიზეზი არის საზიზღარი და ღვთის შეურაცხმყოფელი ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები (ეზკ. 9:4; შდრ. 1კრ. 5:2). ამასთან, მართებულია საკუთარი შეცდომების გამო დამწუხრება (ფს. 38:4, 6—10). ჩამოშორებულთ იეჰოვა მოუწოდებს: „დამიბრუნდით მთელი გულით, მარხვით, ტირილითა და მოთქმით; გულები დაიგლიჯეთ და არა ტანსაცმელი“ (იოლ. 2:12, 13; შდრ. იაკ. 4:8, 9). ბიბლიის სხვა მუხლებშიც მახვილდება ყურადღება არა გლოვისა და მწუხარების გარეგნულ ნიშნებზე, არამედ შინაგან განცდებსა და გულისტკივილზე, რაც ახასიათებს ნამდვილ მწუხარებას (ფს. 31:9, 10; იგ. 14:10; 15:13; მრ. 14:72; ინ. 16:6).
ზოგჯერ იეჰოვაზეც არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ „გული ეტკინა“ (დბ. 6:6; შდრ. ეს. 63:9). ღვთის წმინდა სულიც შეიძლება დანაღვლიანდეს (ეფ. 4:30). ეს სული ღვთის მსახურებში სიმართლის ნაყოფს წარმოშობს (გლ. 5:22—24), ამიტომ, ვინც არ აფასებს ღვთის ამ ძღვენს, წმინდა სულს, ეწინააღმდეგება მის ქმედებას და არ ემორჩილება მის ხელმძღვანელობას, ანაღვლიანებს მას (შდრ. ეს. 63:10; 1თს. 5:19).
გაწონასწორებული თვალსაზრისი გლოვაზე. დედამიწაზე იესოს მსახურების დროს მიღებული იყო გლოვისას მძაფრი ემოციების გამოხატვა, რაც ხმაურსა და ჩოჩქოლს იწვევდა (მრ. 5:38, 39). მართალია, იესომ არაერთხელ ამოიოხრა და იტირა (ინ. 11:33—35, 38; ლკ. 19:41; მრ. 14:33, 34; ებ. 5:7), მაგრამ არსაიდან ჩანს, რომ სხვებისთვის საკუთარი მწუხარების დასანახავად ზემოხსენებულ რომელიმე წეს-ჩვეულებას იცავდა (შდრ. ლკ. 23:27, 28). მისი მოწაფეებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ (მთ. 9:15; ინ. 16:20—22; სქ. 8:2; 9:39; 20:37, 38; ფლ. 2:27). პავლემ თქვა, რომ გულში „დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი“ ჰქონდა ხორციელი ნათესავების გამო, რომლებიც რწმენაში არ იყვნენ (რმ. 9:2, 3). ის შიშობდა, რომ მოუწევდა კორინთის კრების იმ წევრების გლოვა, რომლებმაც შესცოდეს, მაგრამ არ მოუნანიებიათ (2კრ. 12:21). პავლემ ტირილით მოიხსენია ისინი, ვინც გზას ასცდა და ისე დადიოდა, „როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები“ (ფლ. 3:17—19). ის მთელი გულით ზრუნავდა ქრისტიანულ კრებაზე (2კრ. 2:1—4), ამიტომ თამამად შეეძლო, მოეწოდებინა სხვებისთვის, რომ გამოევლინათ თანაგრძნობა და სიბრალული და მოტირალებთან ერთად ეტირათ (რმ. 12:15).
მწუხარება და გლოვა ადამიანს ძალას აცლის (ფს. 6:6, 7; ლკ. 22:45; სქ. 21:13; 2კრ. 2:6, 7), ამიტომ, ბიბლიის თანახმად, ქრისტიანები ზომიერად და გაწონასწორებულად უნდა გამოხატავდნენ მწუხარებას. იმედსა და ძალების მომცემ სიხარულს შეუძლია დარდის გაქარვება (მთ. 5:4; 1კრ. 7:29, 30; 2კრ. 6:10; შდრ. ნემ. 8:9—12). მეფე დავითს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა გლოვაზე. როცა ბათ-შებასთან მრუშობის შედეგად გაჩენილი ბავშვი ავად გახდა, დავითი მარხულობდა და მიწაზე მწოლიარე ევედრებოდა ჭეშმარიტ ღმერთს, ბავშვი გადაერჩინა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ბავშვი დაიღუპა, გონიერება გამოიჩინა, ფეხზე წამოდგა, დაიბანა, ზეთი წაისვა, ტანსაცმელი გამოიცვალა, იეჰოვას ლოცვით მიმართა, საჭმელი მოითხოვა და ჭამა. მისი საქციელით გაოცებულ მსახურებს მან უთხრა: „ახლა, როცა ბავშვი მკვდარია, რისთვისღა ვიმარხულო? განა უკან დავაბრუნებ? მე წავალ მასთან, ის კი არ დამიბრუნდება“ (2სმ. 12:16, 19—23). თუმცა მოგვიანებით თავისი ვაჟის, აბესალომის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ იოაბის პირდაპირმა სიტყვებმა გამოიყვანა დავითი ღრმა მწუხარებიდან (2სმ. 18:33; 19:1—8).
მიუხედავად იმისა, რომ „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს“, ქრისტიანთა ტანჯვა დიდებულ იმედთან არაფერია (რმ. 8:18—22; 1პტ. 1:3—7). აღდგომის იმედის გამო ისინი აღარ წუხან „დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1თს. 4:13, 14).
გლოვა და მარხვა აზრს მოკლებულია, თუ ადამიანი იეჰოვას სიტყვას არ ემორჩილება (ზქ. 7:2—7). „ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას ხსნისთვის“. ასე ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ ნაღვლიანდება, როცა ესმის, რომ ღვთის წინააღმდეგ შესცოდა. ის ითხოვს პატიებას და აღარ უბრუნდება ცოდვილ გზას. „ქვეყნიური დანაღვლიანება კი სიკვდილს წარმოშობს“. შეიძლება ადამიანი იმიტომ წუხდეს, რომ მისი დანაშაული გამოაშკარავდა და რეპუტაცია შეელახა, მაგრამ არ ჰქონდეს ღვთისგან პატიების მიღების სურვილი (2კრ. 7:10, 11). მაგალითად, როცა ესავი ეგოისტურად ცდილობდა პირმშოობის დაბრუნებას, მისმა ცრემლებმა საერთოდ არ იმოქმედა ისაკსა და ღმერთზე (ებ. 12:16, 17).
სიმბოლური და წინასწარმეტყველური მნიშვნელობით. გადატანითი მნიშვნელობით ქვეყანა გლოვობს, როცა ის მტრის ჯარების მიერ ან ჭირით არის გაპარტახებული (იერ. 4:27, 28; იოლ. 1:10—12; შდრ. ფს. 96:11—13). გაპარტახებულ მიწას სარეველა ფარავს და ის ემსგავსება მგლოვიარეს, რომელიც არ უვლის სახეს, თმასა და ტანსაცმელს. მსგავსად, მიწა, რომლის მოსავალიც ჭირმა გააჩანაგა, საცოდავად გამოიყურება.
„კაცის ძის ნიშნისა“ და ქრისტეს გამოცხადების გამო დედამიწის ყველა ტომი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას“ (მთ. 24:30; გმც. 1:7). წინასწარმეტყველების თანახმად, სიმბოლურ დიდ ბაბილონს წყლულები — სიკვდილი, გლოვა და შიმშილი — ერთ დღეს დაატყდება, რის გამოც მისით მოსარგებლენი იტირებენ და იგლოვებენ (გმც. 18:2, 7—11, 17—19). ამის საპირისპიროდ ახალი იერუსალიმი დედამიწაზე ისეთ პირობებს შექმნის, რომ ცრემლები, სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილი წარსულს ჩაჰბარდება (გმც. 21:2—4).