ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 37
იეჰოვა ესაუბრება სამუელს
მღვდელმთავარ ელის ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც კარავში მღვდლებად მსახურობდნენ. მათ ხოფნი და ფინხასი ერქვათ. ისინი იეჰოვას კანონებს არ ემორჩილებოდნენ და ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ. როცა ისრაელები მსხვერპლს სწირავდნენ იეჰოვას, ხოფნი და ფინხასი თავიანთთვის საუკეთესო ნაჭრებს იღებდნენ შესაწირავიდან. ელიმ იცოდა, როგორც იქცეოდნენ თავისი შვილები, მაგრამ არაფერს აკეთებდა მათ შესაჩერებლად. როგორ ფიქრობ, არც იეჰოვა იღონებდა რამეს?
მართალია, სამუელი ხოფნისა და ფინხასზე ბევრად უმცროსი იყო, მაგრამ ის არ ჰბაძავდა მათ. სამუელი იეჰოვას მოსაწონად იქცეოდა. ერთხელ ღამით, როდესაც პატარა სამუელს ეძინა, გაიგონა, რომ ვიღაც ეძახდა. წამოდგა, ელისთან მიირბინა და უთხრა: აქ ვარ. ელიმ უპასუხა: მე არ დამიძახია. წადი, დაიძინე. ბიჭიც წავიდა და დაწვა. კიდევ გამეორდა იგივე. როცა სამუელმა მესამედ გაიგონა ხმა, ელი მიხვდა, რომ მას იეჰოვა ეძახდა და უთხრა: თუ კიდევ გაიგონებ ხმას, ასე უპასუხე: მითხარი, იეჰოვა, გისმენს შენი მსახური.
სამუელი ისევ დაწვა. ცოტა ხანში კვლავ შემოესმა ხმა: სამუელ, სამუელ! მან უპასუხა: მითხარი, იეჰოვა, გისმენს შენი მსახური. ღმერთმა მიუგო: უთხარი ელის, რომ ის და მისი ოჯახი უნდა დავსაჯო. იცის მან, რა ცუდად იქცევიან მისი ვაჟები ჩემს კარავში და არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად. დილით სამუელმა ჩვეულებისამებრ გააღო კარვის ყველა კარი. მას ეშინოდა მღვდელმთავრისთვის ეთქვა ის, რაც იეჰოვამ უთხრა. მაგრამ ელიმ თავისთან მოიხმო იგი და ჰკითხა: შვილო, რა გითხრა იეჰოვამ? ყველაფერი მითხარი. სამუელმაც ყველაფერი უამბო.
გავიდა დრო და სამუელი გაიზარდა. იეჰოვა კვლავ მხარში ედგა მას. ისრაელის ყველა მხარეში გაიგეს, რომ იეჰოვამ სამუელი აირჩია თავის წინასწარმეტყველად და მსაჯულად.
„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1).