-
იესო ხდება მესიაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 74
იესო ხდება მესია
იოანე მესიის შესახებ ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ის, ვინც ჩემზე დიდია. იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როცა გალილეიდან მივიდა მდინარე იორდანესთან, სადაც იოანე ხალხს ნათლავდა. იესოს უნდოდა, რომ იოანეს ისიც მოენათლა, მაგრამ იოანემ უთხრა: მე კი არ უნდა მოგნათლო, შენ უნდა მომნათლო. იესომ მიუგო: იეჰოვას სურს, რომ შენ მომნათლო მე. ასე რომ, ისინი ჩავიდნენ მდინარეში და იოანემ იესო წყალში სრული ჩაძირვით მონათლა.
წყლიდან ამოსვლის შემდეგ იესომ ლოცვით მიმართა იეჰოვას. ამ დროს გაიხსნა ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. შემდეგ იეჰოვას ხმა გაისმა ზეციდან: შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე!
მას შემდეგ, რაც იესოზე იეჰოვას სული გადმოვიდა, ის ქრისტე ანუ მესია გახდა. ახლა ის უკვე მზად იყო, დაეწყო ის საქმე, რომლისთვისაც იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე.
ნათლობის შემდეგ იესო უდაბნოში წავიდა და 40 დღე იყო იქ. როცა უკან დაბრუნდა, ის იოანესთან მივიდა. მისი დანახვისას იოანემ თქვა: აი ღვთის კრავი, რომელიც ადამიანებს ცოდვისგან გაათავისუფლებს. ამ სიტყვებით იოანემ ხალხს გააგებინა, რომ იესო მესია იყო. იცი, რა შეემთხვა იესოს უდაბნოში ყოფნის დროს? ამას შემდეგი მოთხრობიდან გაიგებ.
„ხმაც გაისმა ციდან: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე! მე მოგიწონე!“ (მარკოზი 1:11).
-
-
ეშმაკი სცდის იესოსიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 75
ეშმაკი სცდის იესოს
მონათვლის შემდეგ წმინდა სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა. მას 40 დღე არაფერი უჭამია და ძალიან მოშივდა. ამ დროს გამოსაცდელად იესოსთან ეშმაკი მივიდა და უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს პურებად იქცნენ. იესომ მას ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა: დაწერილია, რომ სიცოცხლისთვის საჭმელზე ბევრად მეტია საჭირო. საჭიროა იეჰოვას ყოველი სიტყვის მოსმენა.
ამის შემდეგ ეშმაკმა იესოს გამოსაცდელად უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან გადახტი. დაწერილია, რომ ღმერთი ანგელოზებს გამოგიგზავნის და ისინი დაგიჭერენ. მაგრამ იესომ ისევ ღვთის სიტყვიდან უპასუხა: ისიც დაწერილია, რომ არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი.
შემდეგ ეშმაკმა იესოს უჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო, მათი სიმდიდრე და დიდება და უთხრა: ამ სამეფოებს და მათ დიდებას შენ მოგცემ, თუ ერთხელ მაინც მცემ თაყვანს. იესომ უთხრა მას: გამშორდი, სატანა! დაწერილია, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი.
ეშმაკი გაეცალა იესოს. მასთან ანგელოზები მივიდნენ და საჭმელი მიუტანეს. ამის შემდეგ იესომ დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ის სწორედ ამისთვის იყო დედამიწაზე გამოგზავნილი. ხალხს მოსწონდა ის, რასაც იესო ასწავლიდა. მას ძალიან ბევრი ადამიანი დაჰყვებოდა.
„როცა [ეშმაკი] სიცრუეს ამბობს, თავისივე ბუნებიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).
-