საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwhf სტატია 6
  • როცა ოჯახში აზრები იყოფა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა ოჯახში აზრები იყოფა
  • რჩევები ოჯახებს
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა უნდა იცოდეთ
  • გამოსავალი
  • როგორ წავიდეთ დათმობაზე
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • როცა ურთიერთობა სხვა სახეს იღებს
    გამოიღვიძეთ! — 2013
  • რატომ შორდებიან ასაკოვანი წყვილები?
    რჩევები ოჯახებს
  • თუ ქორწინებამ იმედი გაგიცრუათ
    გამოიღვიძეთ! — 2014
იხილეთ მეტი
რჩევები ოჯახებს
ijwhf სტატია 6
ცოლ-ქმარი გაბრაზებული სახეებით იყურება მანქანის სხვადასხვა ფანჯრიდან

რჩევები ოჯახებს

როცა ოჯახში აზრები იყოფა

განსხვავებულმა ინტერესებმა, ჩვევებმა თუ თვისებებმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას დაქორწინებულ წყვილებს. თუმცა ყველაზე მეტად ურთიერთობა შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილმა საკითხებმა დაძაბოს ოჯახში:

  • რამდენი დრო დავუთმოთ ნათესავებს

  • როგორ და რაში დავხარჯოთ ფული

  • ვიყოლიოთ თუ არა შვილები

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს განსხვავებული შეხედულებები გაქვთ?

  • რა უნდა იცოდეთ

  • გამოსავალი

რა უნდა იცოდეთ

თუ ცოლ-ქმარი კარგად უგებს ერთმანეთს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ერთნაირები არიან. იმ წყვილებსაც კი, რომლებიც საუკეთესოდ უგებენ ერთმანეთს, ყოველთვის არ ექნებათ ერთნაირი აზრი, მათ შორის, სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი რამ იყო ნათესავებთან ხშირი მისვლა-მოსვლა. შაბათ-კვირას პაპა-ბებიასთან, ბიძებთან, დეიდებთან, მამიდებთან და ბიძაშვილებთან ვატარებდით დროს. ჩემი ქმრის ოჯახში კი ასე არ იყო. ასე რომ, მე და ჩემს ქმარს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ოჯახის წევრებს და იმ ნათესავებს, რომლებიც ჩვენგან მოშორებით ცხოვრობენ“ (თამარა).

„აღზრდიდან გამომდინარე, მე და ჩემს ცოლს განსხვავებულად გვესმოდა, რაში დაგვეხარჯა ფული და რაში — არა. დაქორწინებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს ვკამათობდით. ეს საკითხი ერთი-ორი საუბრით ნამდვილად არ მოგვარებულა“ (ტილერი).

ცოლ-ქმარი სხვადასხვა მიმართულებით გაჰყურებს პეიზაჟს

ერთი და იგივე პეიზაჟი ორმა ადამიანმა შეიძლება სხვადასხვაგვარად დაინახოს. მსგავსადვე, მეუღლეებმა ერთი და იგივე საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქვან

ზოგი პრობლემა უბრალოდ დათმობაზე წასვლით არ გვარდება. მაგალითად, როცა მეუღლის მშობელი ან ახლო ნათესავი ხდება ავად და მოვლას საჭიროებს; ან როცა წყვილიდან ერთს უნდა შვილების ყოლა და მეორეს — არა.a

„მე და ჩემს ცოლს ბევრჯერ გვისაუბრია შვილების ყოლაზე. ის დღემდე ხშირად ფიქრობს ამაზე და ჩვენი შეხედულებები უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს. სიტუაციიდან გამომდინარე ვხედავ, რომ დათმობაზე წასვლა არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩემი მხრიდან“ (ალექსი).

განსხვავებული შეხედულებები არ ნიშნავს, რომ ქორწინება განწირულია. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ თუ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით მეუღლეს შენგან განსხვავებული აზრი აქვს, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შენი გაიტანო, თუნდაც ეს ოჯახის დანგრევის ფასად დაგიჯდეს. ეს ეგრეთ წოდებული გამოსავალი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი საკუთარ გრძნობებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე იეჰოვას წინაშე დადებულ აღთქმას, რომ, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მეუღლის გვერდით იქნება.

გამოსავალი

ყოველთვის სათანადო შეხედულება გქონდეთ ქორწინების აღთქმის მიმართ. ამის წყალობით შეძლებთ, რომ საკითხს, როგორც ერთი გუნდი, ისე მიუდგეთ და არა როგორც მოწინააღმდეგეები.

ბიბლიური პრინციპი: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

გამოთვალეთ ხარჯები. დავუშვათ, თქვენს მეუღლეს უნდა შვილების ყოლა, მაგრამ თქვენ — არა. ამ შემთხვევაში, არის რიგი საკითხები, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება. მაგალითად:

  • რამდენად კარგი და მყარი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან.

    გაუძლებს თქვენი ქორწინება დამატებით სტრესს, რაც ბავშვის აღზრდას ახლავს თან?

  • მშობლის პასუხისმგებლობა.

    ამაში გაცილებით მეტი რამ შედის, ვიდრე მხოლოდ საკვებზე, ჩასაცმელსა და თავშესაფარზე ზრუნვა.

  • ფინანსური მდგომარეობა.

    შეძლებთ, გააწონასწოროთ სამუშაო, ოჯახი და სხვა პასუხისმგებლობები?

ბიბლიური პრინციპი: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს“ (ლუკა 14:28).

მხედველობაში მიიღეთ საკითხის ყველა მხარე. ზოგჯერ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია იმ საკითხებშიც კი, რაშიც არ ეთანხმებით ერთმანეთს. მაგალითად, თუ საკითხი ბავშვების ყოლას ეხება, მეუღლე, რომელსაც ამის სურვილი არ აქვს, შეიძლება დაფიქრდეს შემდეგ საკითხებზე:

  • „როცა ვამბობ, რომ არ მინდა შვილი, საერთოდ არ მინდა თუ უბრალოდ ახლა არ მინდა?“

  • „ხომ არ ვშიშობ, რომ კარგი მშობელი ვერ ვიქნები და ამიტომ ხომ არ ვიკავებ თავს?“

  • „იმის ხომ არ მეშინია, რომ მეუღლე ჩემთვის ვეღარ მოიცლის?“

მეორე მხრივ, მეუღლე, რომელსაც შვილის ყოლა სურს, შემდეგ საკითხებზე უნდა დაფიქრდეს:

  • „ვართ მზად მშობლის მოვალეობების შესასრულებლად?“

  • „ვართ ამისთვის ფინანსურად მზად?

ბიბლიური პრინციპი: „ზემოდან მომავალ სიბრძნეს ახასიათებს ... გონიერება“ (იაკობი 3:17).

დაფიქრდი, რა დადებითი მხარეები აქვს თქვენი მეუღლის შეხედულებას? ერთი და იგივე პეიზაჟი ორმა ადამიანმა შეიძლება სხვადასხვაგვარად დაინახოს. მსგავსადვე, მეუღლეებმა ერთი და იგივე საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქვან. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს ფულის ხარჯვას. ნებისმიერ სიტუაციაში, როცა აზრები იყოფა, საუბარი იმით დაიწყეთ, რაშიც ეთანხმებით ერთმანეთს.

  • რა საერთო მიზნები გაქვთ?

  • რა დადებითი მხარეები აქვს თითოეული თქვენგანის შეხედულებას?

  • უმჯობესია, ერთ-ერთმა ან ორივე თქვენგანმა შეცვალოს შეხედულება მეორე მხარის სასარგებლოდ, რათა უთანხმოება არ გამწვავდეს და საბოლოოდ, ქორწინებას არ გაუჩნდეს ბზარი.

ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

ნაიელი და გაბრიელი

„მივხვდით, რომ არ მოგვეთხოვება, ყველაფერზე ერთი აზრი გვქონდეს და ერთნაირად ვაკეთებდეთ ყველაფერს. უბრალოდ, ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს. დათმობაზე წასვლა არ ნიშნავს მარცხს“ (ნაიელი და გაბრიელი).

a წყვილმა დაქორწინებამდე უნდა იმსჯელოს სერიოზულ საკითხებზე. თუმცა, დროდადრო მოულოდნელმა გარემოებებმა შეიძლება მაინც იჩინოს თავი ან შესაძლოა ერთ-ერთი მეუღლის შეხედულებები დროთა განმავლობაში შეიცვალოს (ეკლესიასტე 9:11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება