საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის რწმენა?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
    • რატომ არის საჭირო ძლიერი რწმენა?

      როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ძლიერი რწმენა უნდა გვქონდეს. საფუძვლიან მტკიცებებზე აგებული ასეთი რწმენისთვის შეიძლება საკუთარი შეხედულებების შეცვლაც მოგვიწიოს. ძლიერი რწმენა რომ მნიშვნელოვანია, პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც ჩანს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

      ძლიერი რწმენის განვითარება ადვილი არ არის. მომდევნო სტატიებში განხილული იქნება ოთხი რამ, რაც ამაში დაგეხმარებათ.

  • 1 ენდეთ ბიბლიას
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
    • 1 ენდეთ ბიბლიას

      „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

      პრობლემა: ბევრისთვის ბიბლია მხოლოდ ჭკვიანი ადამიანების დაწერილი წიგნია. ზოგი ფიქრობს, რომ მასში ბევრი ისტორიული უზუსტობაა. სხვები ამტკიცებენ, რომ ბიბლიის რჩევები არაპრაქტიკული და დრომოჭმულია.

      გამოსავალი: ბიბლიის სანდოობასა და პრაქტიკულობას ბევრი ეჭვქვეშ პირადი გამოკვლევის საფუძველზე არ აყენებს. ისინი უბრალოდ სხვის ნათქვამს იმეორებენ. ბიბლიაში კი წერია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

      ნაცვლად იმისა, რომ ბრმად დავიჯეროთ სხვების ნათქვამი, აჯობებს მივბაძოთ ქრისტიანებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ბერეაში (დღევანდელი ჩრდილოეთი საბერძნეთი) ცხოვრობდნენ. ისინი ადვილად არ იჯერებდნენ სხვის სიტყვებს, პირიქით, „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). მოდი, განვიხილოთ ორი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია.

      ბიბლია ისტორიულად ზუსტია. წლების განმავლობაში სკეპტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ბიბლიაში მოხსენიებული პირადი თუ გეოგრაფიული სახელების სიზუსტეს. მაგრამ არაერთხელ დამტკიცდა, რომ მათი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა, ბიბლია კი — ზუსტი და სანდო.

      მაგალითად, ერთ დროს მკვლევარებს ეჭვი ეპარებოდათ ასურეთის მეფე სარგონის არსებობაში, რომელიც მოხსენიებულია ესაიას 20:1-ში. მაგრამ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამ მეფის სასახლის ნანგრევები. დღეს სარგონი ასურეთის ერთ-ერთ ცნობილ მეფედ არის მიჩნეული.

      კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რომაელი მმართველის, პონტოელი პილატეს არსებობასაც, რომლის ბრძანებითაც იესო სიკვდილით დასაჯეს (მათე 27:1, 22—24). მაგრამ 1961 წელს ისრაელში, ქალაქ კესარეასთან ახლოს იპოვეს ქვა, რომელზეც ამოტვიფრული იყო პილატეს სახელი და ტიტული.

      ბიბლიის ისტორიული სიზუსტის შესახებ ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „თანამედროვე არქეოლოგიამ დაადასტურა ძველი და ახალი აღთქმის ისტორიული სიზუსტე, მათ შორის ფაქტები, რომლებიც უკავშირდება ისრაელის პატრიარქებს, ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას, დავითის სამეფო კარსა და იესოს დროინდელ ყოფა-ცხოვრებას“ (U.S.News & World Report, 25 ოქტომბერი, 1999). არქეოლოგიური აღმოჩენები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ არის დამოკიდებული, ვენდობით თუ არა ბიბლიას. ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნი შეუძლებელია ისტორიულად ზუსტი არ იყოს.

      ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევები ყველანაირი ადამიანისთვის სასარგებლოა. ადამიანებმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ მიკროორგანიზმებსა და მათ როლზე დაავადების გავრცელებაში, როცა ბიბლიაში ჩაიწერა ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული რჩევები, რომლებიც დღემდე პრაქტიკულია (ლევიანები 11:32—40; კანონი 23:12, 13). ოჯახი გაცილებით ბედნიერია, როცა მისი წევრები ერთმანეთთან ურთიერთობისას ბიბლიით ხელმძღვანელობენ (ეფესოელები 5:28—6:4). ბიბლიის პრინციპების წყალობით ადამიანი პატიოსანი მუშა ან კარგი დამსაქმებელი ხდება (ეფესოელები 4:28; 6:5—9). ღვთის სიტყვა ადამიანს ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაშიც ეხმარება (იგავები 14:30; ეფესოელები 4:31, 32; კოლოსელები 3:8—10). ფაქტია, რომ ჩვენი შემოქმედი სხვაგვარ რჩევებს არც მოგვცემდა.

      შედეგი: ბიბლიის სიბრძნეს შეუძლია გამოუცდელიც კი დააბრძენოს (ფსალმუნი 19:7). სხვა ვერც ერთი წიგნი ვერ დაგვეხმარება ძლიერი რწმენისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში.

      დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 2, „ბიბლია — წიგნი ღვთისგან“.a

      [სქოლიო]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • 2 საფუძვლიანი ცოდნა ღვთის შესახებ
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
    • 2 საფუძვლიანი ცოდნა ღვთის შესახებ

      „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3).

      პრობლემა: ბევრის აზრით, ღმერთი არ არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი უპიროვნო ძალაა. მორწმუნეებსაც კი ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენები აქვთ ღვთის შესახებ.

      გამოსავალი: ღვთის გაცნობის ერთ-ერთი საშუალება მის შემოქმედებაზე დაკვირვებაა. მოციქულმა პავლემ თქვა: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20). ბუნებაზე დაკვირვების შედეგად ჩვენ წარმოდგენა გვექმნება შემოქმედის სიბრძნესა და ძალაზე (ფსალმუნი 104:24; ესაია 40:26).

      მაგრამ ღვთის პიროვნების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მისაღებად ადამიანმა მის სიტყვაში, ბიბლიაში უნდა ჩაიხედოს. ნუ მოექცევით სხვისი აზროვნების გავლენაში. გაითვალისწინეთ ბიბლიის რჩევა: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). მოდი, განვიხილოთ, რას ვიგებთ ბიბლიიდან ღვთის შესახებ.

      ღმერთს აქვს სახელი. ღვთის სახელი ბიბლიაში თავდაპირველად ათასობით ადგილას ეწერა. ბიბლიის მრავალ თარგმანში ღვთის სახელი გვხვდება ფსალმუნის 83:18-ში: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“.a

      იეჰოვა ღმერთს აქვს გრძნობები და მისთვის სულერთი არ არის, რას აკეთებენ ადამიანები. იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა. მიუხედავად ამისა, ისინი დროდადრო არაფრად აგდებდნენ მის ბრძნულ რჩევებს. მათ ურჩობით „გაანაწყენეს“ და ‘ტკივილი მიაყენეს ისრაელის წმინდას’ (ფსალმუნი 78:40, 41).

      იეჰოვა თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. თავის მოწაფეებს იესომ უთხრა: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31).

      ღმერთი ადამიანებს არ ასხვავებს რასის ან ეროვნების მიხედვით. ათენელ ბერძნებს პავლე მოციქულმა უთხრა, რომ ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ . . . ის [ღმერთი] შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:26, 27). მოციქულმა პეტრემ კი აღნიშნა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

      შედეგი: დღეს ბევრზე შეიძლება ითქვას, რომ „ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). თუ დანამდვილებით გვეცოდინება, სინამდვილეში რას გვასწავლის ბიბლია ღმერთზე, შეცდომაში ვერავინ შეგვიყვანს და ‘დავუახლოვდებით ღმერთს’ (იაკობი 4:8).

      დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 1, „ჭეშმარიტება ღვთის შესახებ“.b

      [სქოლიოები]

      a „საქართველოს საეკლესიო კალენდარში“ (1992 წლის) 203-ე გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბლიის ზოგ ქართულ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ნათარგმნია როგორც „უფალი“.

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [სურათი 6 გვერდზე]

      ღვთის გაცნობის ერთ-ერთი საშუალება მის შემოქმედებაზე დაკვირვებაა

  • 3 ჭეშმარიტება იესოს შესახებ
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
    • 3 ჭეშმარიტება იესოს შესახებ

      „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).

      პრობლემა: ზოგის აზრით, იესოს არასდროს უცხოვრია. სხვებს სჯერა მისი არსებობის, მაგრამ თვლიან, რომ ის ერთი უბრალო მოკვდავი იყო.

      გამოსავალი: მიჰბაძეთ იესოს ერთ-ერთ მოწაფეს, ნათანაელს.a მას ფილიპემ უთხრა, რომ იპოვა მესია, „იესო, იოსების ვაჟი, ნაზარეთიდან“. მაგრამ ნათანაელს მაშინვე არ დაუჯერებია მეგობრის სიტყვები და თქვა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“. მაგრამ მაინც გაჰყვა ფილიპეს იმის სანახავად, თუ ვინ იყო იესო (იოანე 1:43—51). კარგს იზამთ, თუ თქვენც გამოიკვლევთ იესოსთან დაკავშირებულ ფაქტებს.

      ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ იესო ნამდვილად არსებობდა. პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსები, იოსებ ფლავიუსი და ტაციტუსი, არ იყვნენ ქრისტიანები. თავიანთ ნაშრომებში ისინი იესოს რეალურ პიროვნებად მოიხსენიებდნენ. ახ. წ. 64 წელს რომის გადაწვაში იმპერატორი ნერონი ქრისტიანებს ადანაშაულებდა. ამ ფაქტის შესახებ ტაციტუსი წერდა: „ნერონმა ყველაფერი გადააბრალა ადამიანებს, რომლებსაც ხალხი ქრისტიანებს უწოდებდა. ისინი სძულდათ სისაძაგლეთა გამო და ნერონმა ადვილად გაიმეტა უსასტიკესი ტანჯვისთვის. ქრისტუსი [ქრისტე], რომლის სახელსაც ეს ხალხი ატარებს, ტიბერიუსის მმართველობის დროს პროკონსულმა პონციუს [პონტიუს] პილატემ სიკვდილით დასაჯა“.

      პირველ და მეორე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსთა იმ ნაშრომების შესახებ, სადაც იესო და ადრინდელი ქრისტიანები არიან მოხსენიებული, ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებით დასტურდება, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს შეუტანიათ ეჭვი იესოს არსებობაში, რაზეც პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს კამათი მე-18 საუკუნის მიწურულს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა“ (Encyclopædia Britannica, 2002 წლის გამოცემა). 2002 წელს ერთი ჟურნალის სარედაქციო სტატიაში ეწერა: „თუ არ ჩავთვლით ზოგ ათეისტს, მეცნიერთა უმეტესობამ იესო ნაზარეთელი უკვე აღიარა ისტორიულ პიროვნებად“ (The Wall Street Journal).

      იესოს აღდგომის დამადასტურებელი მტკიცებები. დაპატიმრებული იესო ახლობლებმა მიატოვეს. მისმა მეგობარმა პეტრემ შიშისგან ისიც კი უარყო, რომ იცნობდა მას (მათე 26:55, 56, 69—75). იესოს მიმდევრები გაიფანტნენ (მათე 26:31). მაგრამ მალე მისი მოწაფეები კვლავ გააქტიურდნენ. პეტრე და იოანე გაბედულად დაუპირისპირდნენ იესოს მკვლელებს. იესოს მოწაფეებმა მისი მოძღვრება მთელ რომის იმპერიაში გაავრცელეს. თავიანთი მრწამსის დასაცავად ისინი სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ.

      რამ განაპირობა მოწაფეების ასეთი რადიკალური ცვლილება? მოციქულმა პავლემ განმარტა, რომ იესო აღდგა მკვდრეთით და „ეჩვენა კეფას [პეტრეს], შემდეგ კი — თორმეტს. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად“. იმ დროს, როცა პავლე ამ სიტყვებს წერდა, თვითმხილველთა უმეტესობა ცოცხალი იყო (1 კორინთელები 15:3—7). ორი ან სამი მოწმის ჩვენება სკეპტიკოსებს შესაძლოა არაფრად ჩაეგდოთ, მაგრამ ხუთასზე მეტი თვითმხილველის მოწმობა საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (ლუკა 24:1—11).

      შედეგი: ვისაც სწამს იესო და ემორჩილება მას, ცოდვები მიეტევება და სუფთა სინდისი ექნება (მარკოზი 2:5—12; 1 ტიმოთე 1:19; 1 პეტრე 3:16—22). თუ დაიღუპებიან, იესო ჰპირდება მათ, რომ აღადგენს „უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:40).

      დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 4, „ვინ არის იესო ქრისტე?“ და თავი 5, „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“.b

      [სქოლიოები]

      a მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ნათანაელი ბართლომედ არის მოხსენიებული.

      b გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [სურათი 7 გვერდზე]

      ნათანაელის მსგავსად თქვენც გამოიკვლიეთ იესოსთან დაკავშირებული ფაქტები

  • 4 მოიშორეთ ეჭვები
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მაისი
    • 4 მოიშორეთ ეჭვები

      „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“ (მათე 14:31).

      პრობლემა: ზოგჯერ იესოს მოწაფეებსაც უჩნდებოდათ ეჭვები (მათე 14:30; ლუკა 24:36—39; იოანე 20:24, 25). ფაქტობრივად, ბიბლია რწმენის ნაკლებობას უწოდებს ცოდვას, „რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრაელები 12:1). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველას როდი აქვს რწმენა“ (2 თესალონიკელები 3:2). თუ ვინმეს რწმენა არა აქვს, ამის მიზეზი ის არ არის, რომ არ შეუძლია ირწმუნოს. ის უბრალოდ არ ცდილობს, ჰქონდეს რწმენა. ღმერთი აკურთხებს მას, ვინც ცდილობს რწმენის განვითარებას.

      გამოსავალი: გამოიკვლიეთ, რა იწვევს თქვენში ეჭვებს. მაგალითად, მოციქულ თომას ეჭვი ეპარებოდა იესოს აღდგომაში მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ მოწაფეებმა უთხრეს, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს იესო. მას ამის დამამტკიცებელი საბუთი სჭირდებოდა. რა მოხდა შემდგომ? იესომ უჩვენა მას დამადასტურებელი ფაქტები, რამაც თომას რწმენა გაუძლიერა (იოანე 20:24—29).

      ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა ღმერთი ყველა ეჭვს გვიქარწყლებს. მაგალითად, ბევრი რწმენას მხოლოდ იმიტომ კარგავს, რომ ღმერთი ჰგონიათ დამნაშავე ყველა იმ ომში, ძალადობასა და ტანჯვაში, რომელიც კაცობრიობას ატყდება თავს. მაგრამ, რას ამბობს ბიბლია?

      ღმერთი არ არის ქვეყნიერების მმართველი. იესომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „ქვეყნიერების მმართველი“ სატანაა (იოანე 14:30). თაყვანისცემის სანაცვლოდ სატანამ იესოს მსოფლიოს ყველა სამეფო შესთავაზა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ“. იესოს არ უარყვია, რომ სატანას ასეთი ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (ლუკა 4:5—8). ღმერთი კი არა, სატანა და ადამიანური მთავრობები არიან დამნაშავეები ადამიანთა ტანჯვაში (გამოცხადება 12:9, 12).

      მალე იეჰოვა ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას. იეჰოვამ უკვე დააფუძნა სამეფო ანუ ხელისუფლება, რომელსაც მისი ძე უდგას სათავეში (მათე 6:9, 10; 1 კორინთელები 15:20—28). ამ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება (მათე 24:14). მალე ეს სამეფო გაანადგურებს ღვთის ყველა მოწინააღმდეგეს და მოსპობს ადამიანთა ტანჯვის ყოველგვარ კვალს (დანიელი 2:44; მათე 25:31—33, 46; გამოცხადება 21:3, 4).

      შედეგი: ეჭვიანი ადამიანები ჰგვანან ტალღებს, რომლებსაც „აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14; 2 პეტრე 2:1). მათგან განსხვავებით, ვინც დამაკმაყოფილებელ პასუხებს პოულობს თავის კითხვებზე, ‘რწმენაში მტკიცედ დგას’ (1 კორინთელები 16:13).

      იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ამ ჟურნალს გამოსცემენ, სიამოვნებით დაგეხმარებიან რწმენასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების პოვნაში. თუ გსურთ, შეგიძლიათ მათთან ერთად გამოიკვლიოთ ეს საკითხები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი რწმენის გაძლიერებას.

      დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8, „რა არის ღვთის სამეფო?“ და თავი 11, „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“.a

      [სქოლიო]

      a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [სურათი 9 გვერდზე]

      ვინც დამაკმაყოფილებელ პასუხებს პოულობს თავის კითხვებზე, რწმენის მტკიცე საფუძველი აქვს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება