საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
    • ოჯახის თითოეული წევრის როლი

      მაქსის დედამ სწორად აღნიშნა, რომ სისუფთავეს ოჯახის ყველა წევრი უნდა იცავდეს. სახლი და ეზო სუფთად და მოწესრიგებულად რომ ჰქონდეთ, ზოგი ოჯახი დროდადრო საჭიროდ თვლის იმაზე მსჯელობას, რა უნდა გააკეთონ და უფრო მეტად რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ასეთი დამოკიდებულება აერთიანებს ოჯახს და თითოეულს თავის როლს ახსენებს. მაგალითად, დედამ შეიძლება აუხსნას უფროს შვილებს, რატომ უნდა დაიბანონ ხელები ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლისა და ფულის ხელში აღების შემდეგ; უფროსებს კი შეუძლიათ უმცროსებს დაეხმარონ მშობლების მითითებების გათვალისწინებაში.

      ოჯახის წევრებმა შეიძლება საქმე გაინაწილონ. მათ შეუძლიათ სახლის დალაგების ყოველკვირეული გეგმა შეადგინონ და წინასწარ განსაზღვრონ, რა უნდა გააკეთონ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სახლის საგულდაგულოდ დასალაგებლად. უყურადღებოდ არც ჩვენი სახლის მიმდებარე ტერიტორია უნდა დავტოვოთ. ბუნების დამცველმა სტიუარტ იუდალმა შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობის შესახებ აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უშნოვდება, სივრცე ვიწროვდება. დაბინძურება, ხმაური და, ზოგადად, პირობების გაუარესება დღითი დღე საზიანო გავლენას ახდენს გარემოზე“.

      თქვენთანაც ასეთი მდგომარეობაა? ცენტრალური აფრიკის ზოგ ქალაქში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი მოსახლეობის ყურადღების მისაქცევად დღემდე ზარს რეკავს და ხალხს ქალაქის დასუფთავებას, კანალიზაციების (დრენაჟი, თხრილი) გაწმენდას, ხეების გასხვლას, გამარგვლასა და ნაგვის გადაყრას ახსენებს.

      მსოფლიოს პრობლემად ექცა ნაგვის თავიდან მოშორება. მრავალი ქვეყნისთვის ეს პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ ნაგვის დროულად გატანას და ის ქუჩებში გროვდება. ზოგჯერ დახმარებას მოსახლეობასაც სთხოვენ. ქრისტიანები, როგორც სამაგალითო მოქალაქეები, პირველები ეხმაურებიან ამ მოწოდებას და უდრტვინველად მიჰყვებიან მთავრობის მითითებებს (რომაელები 13:3, 5—7). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად არიან, იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე მოეთხოვებათ. მათ გულწრფელად აღელვებთ გარემოს დაბინძურების პრობლემა და სისუფთავის დასაცავად, შეხსენებების გარეშე, თვითონ იჩენენ ინიციატივას. ქრისტიანებს ესმით, რომ სისუფთავის დაცვა მათი კარგი აღზრდისა და კეთილსინდისიერების მაჩვენებელია. სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული ადამიანისა და ოჯახის ვალდებულებაა. შინ თუ გარეთ ელემენტარული სანიტარული ნორმების დაცვა ხელს უწყობს ჩვენს ჯანმრთელობას და ამშვენებს ჩვენს უბანს.

  • რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
    • [ჩარჩო 11 გვერდზე]

      ექიმის რჩევები

      წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ დაბინძურდა, დაავადებისა და სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. დუალას (კამერუნი) ნავსადგურის სამედიცინო პუნქტის ექიმი, მბანგე ლობე პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს:

      „თუ სასმელი წყლის სისუფთავეში ეჭვი გეპარებათ, გადაადუღეთ. მართალია, ქლორისა და სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, მაგრამ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საფრთხე შეგექმნათ. ჭამამდე და საპირფარეშოდან გასვლის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ხელების საპნით დაბანა! საპნის ნაჭერი ძვირი არ ღირს, ამიტომ მის საყიდლად ყველას მიუწვდება ხელი. ხშირ-ხშირად გარეცხეთ ტანსაცმელი ცხელი წყლით განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემატური კანი გაქვთ ან კანის რაიმე დაავადებას უჩივით.

      ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა დაიცვას სისუფთავე შინ თუ გარეთ. ხალხი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სააბაზანო ოთახებისა და ფეხსალაგების სისუფთავეს აქცევს, სადაც ადვილად იყრიან თავს ბუზები და ტარაკნები“. მშობლებს ექიმი მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: „ბავშვებს ნუ დართავთ არხებში ჭყუმპალაობის ნებას. მათში დაგროვილ წყალში ათასგვარი საშიში მიკრობია. ძილის წინ დაიბანეთ, კარგად გაიხეხეთ კბილები, საძინებელი ოთახი კოღოებისგან დაიცავით“. ასე რომ, პირადი ჰიგიენის დასაცავად თუ კონკრეტულ ზომებს მიიღებთ და სისტემატიურად დაიცავთ მათ, თავიდან აირიდებთ არასასურველ შედეგებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება