საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
    • სასწავლო სტატია 12

      გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარი

      „იყავით გულისხმიერნი . . . თანამგრძნობნი“ (1 პეტ. 3:8).

      სიმღერა 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

      მოკლე შინაარსიa

      1. პირველი პეტრეს 3:8-ის თანახმად, რატომ გვსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები და კეთილდღეობა?

      ყველას გვსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები და კეთილდღეობა. ასეთი ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ადგილას დააყენონ საკუთარი თავი, რათა გაგვიგონ და თანაგვიგრძნონ. მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი საჭიროებები და ხანდახან იმაზე ადრე გვიწვდიან დახმარების ხელს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ. ძალიან ვაფასებთ და ვემადლიერებით იმ ადამიანებს, რომლებიც გულისხმიერებიb და თანამგრძნობები არიან ჩვენ მიმართ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8).

      2. რატომ შეიძლება დაგვჭირდეს თანაგრძნობის სწავლა?

      2 როგორც ქრისტიანებს, გვსურს, თანამგრძნობები ვიყოთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არასრულყოფილებაა (რომ. 3:23). ამიტომ წინ უნდა აღვუდგეთ თანდაყოლილ ეგოისტურ მიდრეკილებებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება აღზრდის ან წარსული გამოცდილების გამო გვიჭირს სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა. ჩვენზე შეიძლება გარშემო მცხოვრები ხალხის დამოკიდებულებაც ახდენს გავლენას. ამ ბოლო დღეებში ბევრს საერთოდ არ ანაღვლებს სხვების გრძნობები, რადგან „საკუთარი თავის მოყვარულები“ არიან (2 ტიმ. 3:1, 2). რა დაგვეხმარება, რომ ზემოხსენებული ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად თანამგრძნობები ვიყოთ სხვების მიმართ?

      3. ა) როგორ შეგვიძლია უფრო თანამგრძნობები ვიყოთ სხვების მიმართ? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

      3 უფრო მეტად შევძლებთ თანაგრძნობის გამოვლენას, თუ მივბაძავთ იეჰოვა ღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს. იეჰოვა სიყვარულის ღმერთია, ამიტომ ის თანაგრძნობისა და გულისხმიერების საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (1 იოან. 4:8). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას (იოან. 14:9). დედამიწაზე ყოფნის დროს მან საკუთარი მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ ავლენდნენ იეჰოვა და იესო სხვების მიმართ თანაგრძნობას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.

      იეჰოვას მაგალითი

      4. როგორ ჩანს ესაიას 63:7—9-დან, რომ იეჰოვას აღელვებს თავისი მსახურების გრძნობები?

      4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას აღელვებს თავისი მსახურების გრძნობები. გაიხსენეთ, რას გრძნობდა ის, როცა ისრაელმა ერმა არაერთი განსაცდელი გამოიარა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (წაიკითხეთ ესაიას 63:7—9). მოგვიანებით ზაქარია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ თქვა, რომ ის პირად შეურაცხყოფად თვლიდა, როცა მის ხალხს ცუდად ეპყრობოდნენ. მან თავის მსახურებს უთხრა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8). მართლაც რა ძლიერი შედარება გამოიყენა იეჰოვამ თავისი გრძნობების აღსაწერად!

      ისრაელები გამოდიან ეგვიპტიდან

      თანაგრძნობით აღძრულმა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა (იხილეთ აბზაცი 5)

      5. რა გააკეთა იეჰოვამ თავისი მსახურების დასახმარებლად? მოიყვანეთ მაგალითი.

      5 რთულ მდგომარეობაში მყოფი მსახურების მიმართ იეჰოვა მხოლოდ თანაგრძნობით როდი შემოიფარგლება. ის მოქმედებს კიდეც მათ დასახმარებლად. მაგალითად, იეჰოვას კარგად ესმოდა ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების ტკივილი, ამიტომ მათი გათავისუფლება გადაწყვიტა. მან უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი . . . კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან“ (გამ. 3:7, 8). სწორედ თანაგრძნობამ აღძრა იეჰოვა, რომ მონობიდან გაეთავისუფლებინა თავისი ხალხი. საუკუნეების შემდეგ აღთქმულ მიწაზე ყოფნის დროს ისრაელებს მტრები ესხმოდნენ თავს. ბიბლიიდან ვიგებთ, რას გრძნობდა ამ დროს ღმერთი: „წუხდა იეჰოვა, რომ კვნესოდნენ ისინი მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში“. თანაგრძნობამ ის ამჯერადაც აღძრა თავისი ხალხის დასახმარებლად და მსაჯულები დაუყენა, რომ მტრების ხელიდან დაეხსნა ისინი (მსაჯ. 2:16, 18).

      6. როგორ გაითვალისწინა იეჰოვამ იონას გრძნობები, რომელიც არასწორად აზროვნებდა?

      6 იეჰოვა მაშინაც ზრუნავს თავის ხალხზე, როცა ისინი დროდადრო არასწორ აზროვნებას ავლენენ. დავფიქრდეთ იონას შემთხვევაზე. ღმერთმა ეს წინასწარმეტყველი ნინევეში განაჩენის გასაცხადებლად გაგზავნა. მას შემდეგ, რაც ნინეველებმა მოინანიეს, ღმერთმა გადაიფიქრა მათი განადგურება. თუმცა იონას არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება. ის „რისხვით აენთო“, რადგან არ შესრულდა მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება. იეჰოვამ დიდსულოვნება გამოავლინა იონას მიმართ და თვალსაზრისის შეცვლაში დაეხმარა (იონ. 3:10—4:11). დროთა განმავლობაში წინასწარმეტყველი მიხვდა, რის სწავლება სურდა მისთვის იეჰოვას. ამ ისტორიიდან, რომელიც ღმერთმა თავად იონას დააწერინა, ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ (რომ. 15:4).c

      7. რაში გვარწმუნებს თავისი ხალხისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?

      7 თავისი ხალხისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ ის თანამგრძნობი ღმერთია. მან კარგად იცის ჩვენი გასაჭირი და ტკივილი. იეჰოვა იცნობს „ადამიანის ძეების გულს“ (2 მატ. 6:30). მან კარგად უწყის, რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ გულის სიღრმეში და სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი. ის „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც . . . [ჩვენს] შესაძლებლობას აღემატება“ (1 კორ. 10:13). ეს სიტყვები დიდად გვანუგეშებს!

      იესოს მაგალითი

      8—10. რა დაეხმარა იესოს, რომ შესულიყო სხვის მდგომარეობაში?

      8 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს გული შესტკიოდა ხალხზე. თანაგრძნობას ის სულ მცირე სამი მიზეზის გამო ავლენდა. პირველი, იესო სრულყოფილად ირეკლავდა ზეციერი მამის თვისებებს. მამის მსგავსად მასაც უყვარდა ადამიანები. მართალია, იესოს ძალიან ახარებდა იეჰოვასთან ერთად სამყაროს შექმნა, მაგრამ განსაკუთრებით „ადამიანის მოდგმა“ უყვარდა (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა მას, რომ სხვების საწუხარი გულთან მიეტანა.

      9 მეორე, იეჰოვას მსგავსად იესოს გულების წაკითხვის უნარი ჰქონდა. მას შეეძლო გაეგო, რას გრძნობდნენ ადამიანები და რა მოტივები ამოძრავებდათ (მათ. 9:4; იოან. 13:10, 11). ამიტომ, როცა იესო გულდამძიმებულ ადამიანებს ხედავდა, თანაგრძნობა მათი ნუგეშისცემისკენ აღძრავდა (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:17—21).

      10 მესამე, იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა ზოგიერთი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებდა. როგორც ჩანს, იესო ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ის თავის მამობილთან, იოსებთან ერთად მუშაობდა და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა (მათ. 13:55; მარ. 6:3). სავარაუდოდ, იოსები მანამდე გარდაიცვალა, სანამ იესო მსახურებას შეუდგებოდა, ამიტომ იესოსთვის ნაცნობი იქნებოდა, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. გარდა ამისა, მან კარგად იცოდა, რა რთულია რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება (იოან. 7:5). როგორც ზემოთ მოხსენიებული, ისე სხვა ფაქტორები დაეხმარებოდა იესოს, გულთან ახლოს მიეტანა ხალხის გრძნობები და გასაჭირი.

      ვიდრე განკურნავდა, იესომ ყრუ მამაკაცი ხალხისგან მოშორებით გაიყვანა

      თანაგრძნობით განმსჭვალული იესო ხალხისგან მოშორებით კურნავს ყრუ მამაკაცს (იხილეთ აბზაცი 11)

      11. განსაკუთრებით როდის ვლინდებოდა იესოს თანაგრძნობა? ახსენით (იხილეთ სურათი გარეკანზე).

      11 იესოს თანაგრძნობა განსაკუთრებით მის სასწაულებში ვლინდებოდა. ის სასწაულებს მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ ახდენდა, არამედ გული ეწვოდა გატანჯული ადამიანების დანახვაზე (მათ. 20:29—34; მარ. 1:40—42). წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იესო, როცა ყრუ მამაკაცი ხალხისგან მოშორებით გაიყვანა და სმენა დაუბრუნა ან როცა ქვრივს ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა (მარ. 7:32—35; ლუკ. 7:12—15). აშკარაა, იესო შევიდა მათ მდგომარეობაში და დახმარების სურვილი გაუჩნდა.

      12. როგორ ცხადყოფს იოანეს 11:32—35, რომ იესომ თანაუგრძნო მართასა და მარიამს?

      12 იესომ მართასა და მარიამის მიმართაც გამოავლინა თანაგრძნობა. ძმის სიკვდილით გულმოკლული დების შემხედვარე „იესო აცრემლდა“ (წაიკითხეთ იოანეს 11:32—35). ის ახლო მეგობრის სიკვდილს არ აუტირებია, რადგან ლაზარეს აღდგენას აპირებდა. იესო იმიტომ აცრემლდა, რომ გულთან ახლოს მიიტანა მეგობრების ტკივილი.

      13. რატომ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იესო თანამგრძნობია?

      13 იმის ცოდნა, რომ იესო თანაუგრძნობდა ადამიანებს, ძალიან გვამხნევებს და მისადმი სიყვარულს გვიძლიერებს (1 პეტ. 1:8). გვახარებს, რომ დღეს იესო ღვთის სამეფოს მეფეა და მალე წერტილს დაუსვამს ყოველგვარ ტანჯვას. ის მართლაც საუკეთესოდ მოუშუშებს ადამიანებს სატანის მმართველობისგან მიყენებულ ჭრილობებს, რადგან თვითონაც იყო ერთ დროს ადამიანი. დიდი კურთხევაა, რომ გვყავს მმართველი, რომელიც თანაგვიგრძნობს „ჩვენს სისუსტეებში“ (ებრ. 2:17, 18; 4:15, 16).

      მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს

      14. ეფესოელების 5:1, 2-ის თანახმად, რა გვიბიძგებს თანაგრძნობისკენ?

      14 იეჰოვას და იესოს მაგალითზე დაფიქრება აღგვძრავს, უფრო თანამგრძნობები ვიყოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2). მართალია, ვერ ვხვდებით, რა აქვთ ადამიანებს გულში, მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ, რას გრძნობენ და რას საჭიროებენ ისინი (2 კორ. 11:29). ეგოისტური სულით გაჟღენთილი ქვეყნიერებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი . . . [არ ვიზრუნოთ], არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4).

      უხუცესი თბილად ესაუბრება დედა-შვილს; მამა-შვილი ხანდაზმულ დას მანქანამდე მისვლაში ეხმარება; უხუცესები ყურადღებით უსმენენ დას, რომელსაც დახმარება სჭირდება

      (იხილეთ აბზაცები 15—19)d

      15. განსაკუთრებით ვის მართებს თანაგრძნობის გამოვლენა?

      15 თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ. მათ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან სამწყსოზე, რომელზე ზრუნვაც იეჰოვამ მიანდო (ებრ. 13:17). თანამორწმუნეების დასახმარებლად უხუცესებს გულისხმიერება სჭირდებათ. როგორ შეუძლიათ მათ ამ თვისების გამოვლენა?

      16. რას აკეთებს თანამგრძნობი უხუცესი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

      16 გულისხმიერი და სხვების კეთილდღეობით დაინტერესებული უხუცესი დროს გამოუყოფს თანაქრისტიანებს. ის კითხვებს უსვამს, შემდეგ კი ყურადღებითა და მოთმინებით უსმენს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც კრების წევრი თავისი გრძნობების და განცდების გაზიარებას ცდილობს, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს (იგავ. 20:5). როცა უხუცესები დროს უთმობენ კრების წევრებს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება და ნდობა და სიყვარული მტკიცდება (საქ. 20:37).

      17. ყველაზე მეტად რას აფასებენ კრების წევრები უხუცესებში? მოიყვანეთ მაგალითი.

      17 ბევრმა და-ძმამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უხუცესებში თანაგრძნობასა და გულისხმიერებას აფასებენ. რა არის ამის მიზეზი? „როცა იცი, რომ გაგიგებენ, უფრო გიადვილდება მათთან საუბარი“, — ამბობს ადელაიდა. ის დასძენს: „მათი რეაქციიდან შეგიძლია დაინახო, რომ გულთან ახლოს მიაქვთ შენი ნათქვამი“. ერთი ძმა მადლიერებით იხსენებს: „ერთხელ, როცა ჩემს პრობლემებს ვუზიარებდი, შევნიშნე, რომ უხუცესს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს მომენტი მთელი სიცოცხლე მემახსოვრება“ (რომ. 12:15).

      18. როგორ შეგვიძლია გავხდეთ თანამგრძნობები?

      18 ცხადია, მხოლოდ უხუცესებს არ მართებთ თანაგრძნობის გამოვლენა. ეს თვისება ყველამ უნდა განვივითაროთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? შეეცადეთ გაიგოთ, რასთან უწევთ ბრძოლა ოჯახისა თუ კრების წევრებს და შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში. ყურადღება გამოავლინეთ მოზარდების, ხანდაზმულების, მგლოვიარეებისა და მათ მიმართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს და ყურადღებით მოუსმინეთ. აგრძნობინეთ, რომ კარგად გესმით მათი მდგომარეობა. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და შესთავაზეთ დახმარება. როცა ასე ვიქცევით, გულწრფელ სიყვარულს საქმეებით ვამტკიცებთ (1 იოან. 3:18).

      19. რატომ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება, როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ?

      19 როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან პრობლემების დროს ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგს ვინმესთვის გულის გადაშლა სჭირდება, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება. ამიტომ, როცა დახმარებას ვთავაზობთ, უნდა მოვერიდოთ პირადული კითხვების დასმას (1 თეს. 4:11). როდესაც სხვები გულახდილად გვესაუბრებიან, შეიძლება ისეთი რამ გვითხრან, რაშიც არ ვეთანხმებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმას გვეუბნებიან, რასაც გრძნობენ. ამიტომ სწრაფები უნდა ვიყოთ მოსმენაში და ნელი სიტყვაში (მათ. 7:1; იაკ. 1:19).

      20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      20 თანამგრძნობები არა მხოლოდ კრების წევრების, არამედ მათ მიმართაც უნდა ვიყოთ, ვისაც ვუქადაგებთ. როგორ შეგვიძლია ამ თვისების გამოვლენა მოწაფეების მომზადების დროს? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

      როგორ უპასუხებთ?

      • როგორ ავლენდა იეჰოვა თანაგრძნობას?

      • როგორ გამოავლინა იესომ თანაგრძნობა?

      • ჩვენ როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა?

      სიმღერა 130 იყავი მიმტევებელი

      a იეჰოვასა და იესოსთვის სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რის სწავლა შეგვიძლია მათგან, რატომ უნდა გამოვავლინოთ თანაგრძნობა და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

      b განმარტება: გულისხმიერების გამოვლენა ნიშნავს, შევეცადოთ, გავიგოთ, რას გრძნობენ სხვები და ჩვენც იგივე ვიგრძნოთ (რომ. 12:15). ამ სტატიაში სიტყვები „გულისხმიერება“ და „თანაგრძნობა“ სინონიმებად იქნება გამოყენებული.

      c იეჰოვა სხვა ერთგული მსახურების მიმართაც ავლენდა თანაგრძნობას, რომლებიც გულგატეხილობასა და შიშს ებრძოდნენ. დაფიქრდით ხანაზე (1 სამ. 1:10—20), ელიაზე (1 მეფ. 19:1—18) და ებედ-მელექზე (იერ. 38:7—13; 39:15—18).

  • გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარი
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
    • d სურათის აღწერა: კრების შეხვედრებზე ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვის ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა. 1) უხუცესი თბილად ესაუბრება დედა-შვილს; 2) მამა-შვილი ხანდაზმულ დას მანქანამდე მისვლაში ეხმარება; 3) უხუცესები ყურადღებით უსმენენ დას, რომელსაც დახმარება სჭირდება.

  • გამოავლინეთ თანაგრძნობა მსახურებაში
    საგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
    • სასწავლო სტატია 13

      გამოავლინეთ თანაგრძნობა მსახურებაში

      „გული დაეწვა მათ გამო . . . და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:34).

      სიმღერა 70 ეძებეთ ღირსეულები

      მოკლე შინაარსიa

      1. რა მოგვწონს იესოს პიროვნებაში? ახსენით.

      იესოს შეუძლია გაუგოს არასრულყოფილ ადამიანებს, რადგან კარგად ესმის, რა სირთულეებთან უწევთ ბრძოლა. ამის ცოდნა გულს გვითბობს და მისკენ გვიზიდავს. დედამიწაზე ყოფნის დროს ის მოხარულებთან ერთად ხარობდა, მოტირალებთან ერთად კი ტიროდა (რომ. 12:15). მაგალითად, როცა 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა, იესომ „დიდად გაიხარა წმინდა სულით“ (ლუკ. 10:17—21). სხვა დროს კი, როცა დაინახა, რამხელა ტკივილი მიაყენა ლაზარეს სიკვდილმა მის ახლობლებს, იესომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“ (იოან. 11:33).

      2. რა ეხმარებოდა იესოს, რომ თანამგრძნობი ყოფილიყო სხვების მიმართ?

      2 რა ეხმარებოდა ამ სრულყოფილ მამაკაცს, რომ გულმოწყალე და თანამგრძნობი ყოფილიყო ცოდვილების მიმართ? უპირველესად ადამიანებისადმი სიყვარული! როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მას განსაკუთრებით უყვარდა „ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა, რომ ჩასწვდომოდა არასრულყოფილი ადამიანების აზროვნებას. როგორც მოციქულმა იოანემ თქვა, იესომ „იცოდა ადამიანის ბუნება“ (იოან. 2:25). ის დიდად თანაუგრძნობდა სხვებს. ხალხი გრძნობდა მის სიყვარულს და დადებითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას. დიახ, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მსახურებაში თანაგრძნობას, მით უკეთ შევძლებთ სამქადაგებლო საქმის შესრულებას (2 ტიმ. 4:5).

      3, 4. ა) როგორი დამოკიდებულება გვექნება მსახურების მიმართ, თუ თანამგრძნობები ვიქნებით? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      3 პავლე მოციქულს კარგად ესმოდა, რომ ქადაგება მისი მოვალეობა იყო. ამას ჩვენც ვაცნობიერებთ (1 კორ. 9:16). თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ მსახურებისკენ მხოლოდ მოვალეობის გრძნობა კი არ გვიბიძგებდეს, არამედ სხვების დახმარების სურვილი. ჩვენ ვიცით, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). თუ ასეთი განწყობით ვიქადაგებთ, მსახურება უფრო დიდ სიხარულს მოგვანიჭებს.

      4 ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა მსახურების დროს. თავდაპირველად გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია ხალხისადმი იესოს დამოკიდებულებიდან, შემდეგ კი განვიხილავთ ოთხ რჩევას, რომლებიც მის მიბაძვაში დაგვეხმარება (1 პეტ. 2:21).

      იესო თანაგრძნობას ავლენდა მსახურების დროს

      იესო ნავით უახლოვდება ნაპირს, სადაც მოგვიანებით ბევრ ხალხს ასწავლის

      თანაგრძნობა აღძრავდა იესოს, რომ მანუგეშებელი ცნობა ექადაგა (იხილეთ აბზაცები 5, 6)

      5, 6. ა) ვის მიმართ ავლენდა იესო თანაგრძნობას? ბ) ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, რატომ ეწვოდა გული იესოს იმ ადამიანების დანახვაზე, ვისაც უქადაგებდა?

      5 განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც იესომ თანაგრძნობა გამოავლინა. ერთხელ მან და მისმა მოწაფეებმა იმდენ ხანს იქადაგეს, რომ მთელი დღის განმავლობაში საჭმელადაც კი ვერ მოიცალეს. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“. როცა ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, გაიქცნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ, სადაც იესო და მისი მოწაფეები აპირებდნენ განმარტოებას. რა რეაქცია ჰქონდა იესოს ამდენი ხალხის დანახვაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული დაეწვაb მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:30—34).

      6 რატომ ეწვოდა იესოს გული და რატომ თანაუგრძნობდა ხალხს? მან დაინახა, რომ ადამიანები „უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ“. შესაძლოა იესომ მათ შორის მძიმედ მშრომელნიც შენიშნა, რომლებიც ოჯახის სარჩენად დღე და ღამეს ასწორებდნენ. იქ შეკრებილთა შორის, ალბათ, მგლოვიარენიც იყვნენ, რომელთა სახეზეც იესომ ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, იესო კარგად გაუგებდა მათ, რადგან თავადაც ჰქონდა გამოცდილი მსგავსი პრობლემები. სიბრალულმა იესო აღძრა, რომ მანუგეშებელი ცნობა გადაეცა მათთვის (წაიკითხეთ ესაიას 61:1, 2).

      7. როგორ ვბაძავთ იესოს?

      7 რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? დღეს ჩვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც უმწყემსო ცხვრებს ჰგვანან. მათ არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. ჩვენ გვაქვს სამეფოს შესახებ ცნობა, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (გამოცხ. 14:6). ქრისტიანები ვბაძავთ იესოს და ვუქადაგებთ მათ, რადგან „საწყლებისა და ღარიბების“ მიმართ სიბრალულით ვართ განმსჭვალულები (ფსალმ. 72:13). ჩვენ თანავუგრძნობთ და დახმარების ხელს ვუწვდით მათ.

      როგორ შეგვიძლია თანაგრძნობის გამოვლენა?

      ძმა მსახურებაში აჩვენებს ვიდეოს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას“ მამაკაცს, რომელსაც ტატუები აქვს და სამკაული აქვს ასხმული

      გაითვალისწინეთ თითოეული ადამიანის საჭიროება (იხილეთ აბზაცები 8, 9)

      8. რომელია პირველი რჩევა, რომელიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება? მოიყვანეთ მაგალითი.

      8 როგორ გამოვავლინოთ ხალხის მიმართ თანაგრძნობა მსახურების დროს? თავი მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ და ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენc (მათ. 7:12). განვიხილოთ ოთხი მხარე, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველი, ინდივიდუალურად მიუდექით თითოეულ მათგანს. სასიხარულო ცნობის ქადაგება რაღაცით ექიმის საქმიანობას ჰგავს. კარგი ექიმი თითოეულ პაციენტზე ფიქრობს. ის კითხვებს უსვამს და ყურადღებით უსმენს, როცა პაციენტი თავის მდგომარეობასა და სიმპტომებს უხსნის. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე დაუნიშნოს მკურნალობა, ექიმი დროს გამოყოფს, რათა დააკვირდეს მის სიმპტომებსა და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნოს. მსგავსად, მსახურებაში ყველასთან ერთი და იგივე მიდგომა არ უნდა გამოვიყენოთ. პირიქით, უნდა ვეცადოთ, თითოეულის მდგომარეობა და შეხედულებები გავითვალისწინოთ.

      9. რას უნდა მოვერიდოთ მსახურებაში? ახსენით.

      9 მსახურების დროს ნუ იფიქრებთ, რომ ერთი შეხედვით მიხვდებით, რა მდგომარეობაშია ადამიანი, რა სწამს ან რატომ სწამს (იგავ. 18:13). უმჯობესი იქნება, ტაქტიანი კითხვები დაუსვათ მას (იგავ. 20:5). თუ თქვენი კულტურისთვის მისაღებია, ჰკითხეთ მისი საქმიანობის, ოჯახის, განათლების ან წარსულის შესახებ და გაიგეთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულ საკითხზე. თუ მსმენელს აზრის გამოხატვის საშუალებას მივცემთ, ისინი თავად გვიკარნახებენ, რა თემაზე გავუგრძელოთ საუბარი. ამის ცოდნა დაგვეხმარება, იესოს მსგავსად თანაგრძნობა გამოვავლინოთ და შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ (შეადარეთ 1 კორინთელების 9:19—23).

      სანამ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ გოგოს ბუკლეტს შესთავაზებს, ცდილობს წარმოიდგინოს, როგორი ცხოვრება აქვს მას

      წარმოიდგინეთ მათი ცხოვრება, ვისაც უქადაგებთ (იხილეთ აბზაცები 10, 11)

      10, 11. მეორე კორინთელების 4:7, 8-ის თანახმად, რომელია მეორე რჩევა, რომელიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება? მოიყვანეთ მაგალითი.

      10 მეორე, შეეცადეთ წარმოიდგინოთ მათი ცხოვრება, ვისაც უქადაგებთ. ასე თუ ისე შეგვიძლია გავუგოთ მათ, რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ და არც ჩვენ ვართ დაზღვეული პრობლემებისგან (1 კორ. 10:13). ვიცით, რომ ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება საკმაოდ რთულია და იეჰოვას დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:7, 8). წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც არ იცნობენ იეჰოვას და ვერ გრძნობენ მის ხელს. იესოს მსგავსად გული გვეწვის მათ გამო და გვსურს, რომ უკეთესობის მახარობლები ვიყოთ (ეს. 52:7).

      11 განვიხილოთ სერგეის შემთხვევა. ჭეშმარიტების გაგებამდე ის ძალიან მორიდებული და თავშეკავებული იყო, ამიტომ უჭირდა სხვებთან საუბარი. ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მან ასეთი სიტყვები თქვა: „როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ თავისი რწმენის სხვებისთვის გაზიარება. მეგონა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი“. თუმცა სერგეი ბევრს ფიქრობდა მათზე, ვისაც ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი ჭეშმარიტება და წარმოიდგენდა ხოლმე, რა რთული იქნებოდა მათთვის ცხოვრება იეჰოვას გარეშე. სერგეი განაგრძობს: „რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, ძალიან მახარებდა და შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა. ვიცოდი, რომ სხვებსაც უნდა გაეგოთ ჭეშმარიტება“. რაც უფრო თანამგრძნობი ხდებოდა სერგეი, მით მეტ გაბედულებას იძენდა. ის ამბობს: „ჩემდა გასაკვირად, ქადაგებამ საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა. ამავე დროს, ბიბლიური სწავლებებისადმი რწმენაც განმიმტკიცდა“.d

      ძმა ბიბლიის შემსწავლელთან მსჯელობს ბროშურიდან „სიცოცხლის წარმოშობა“

      ზოგს შეიძლება სულიერი წინსვლისთვის დრო დასჭირდეს (იხილეთ აბზაცები 12, 13)

      12, 13. რატომ გვჭირდება მოთმინება სხვების სწავლების დროს? მოიყვანეთ მაგალითი.

      12 მესამე, მომთმენები იყავით მათ მიმართ, ვისაც ასწავლით. გაითვალისწინეთ, რომ მათ შეიძლება არასდროს სმენიათ ბიბლიური ჭეშმარიტება, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ბევრისთვის რელიგია გრძნობებთან არის დაკავშირებული. შეიძლება მათთვის ის ტრადიციებთან ასოცირდება ან ფიქრობენ, რომ საერთო რელიგიური შეხედულებები ოჯახთან და სამეზობლოსთან აახლოებს. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება?

      13 დაფიქრდით ასეთ მაგალითზე. როგორ იქცევიან, როცა ძველი ხიდის შეცვლას აპირებენ? ხშირად ახალი ხიდის მშენებლობას მაშინ იწყებენ, როცა ძველი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაშია. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ხდება ძველი ხიდის დემონტაჟი. მსგავსად, თუ გვსურს, ადამიანებმა ძვალ-რბილში გამჯდარი „ძველი“ სწავლებები მიატოვონ, ჯერ მათ „ახალი“ ჭეშმარიტების ანუ ბიბლიური სწავლებების დაფასებასა და შეყვარებაში უნდა დავეხმაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან ისინი მზად ძველი შეხედულებების დასათმობად. დროა საჭირო, რომ ადამიანებს ასეთი ცვლილებების მოხდენაში დავეხმაროთ (რომ. 12:2).

      14, 15. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვინც საერთოდ არაფერი იცის დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესახებ? მოიყვანეთ მაგალითი.

      14 თუ მსახურების დროს ხალხის მიმართ მომთმენები ვიქნებით, არ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ისინი პირველი მოსმენისთანავე გაიგებენ და მიიღებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ დრო მივცეთ მათ ბიბლიური სწავლებების გასათავისებლად. მაგალითად, როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მობინადრესთან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ? ბევრმა საერთოდ არაფერი იცის ამ სწავლებაზე. მათ შეიძლება სწამთ, რომ სიკვდილით მთავრდება ყველაფერი ან ფიქრობენ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება?

      15 ერთი ძმა გვიზიარებს, რა მიდგომას იყენებს მსახურების დროს. თავიდან ის დაბადების 1:28-ს უკითხავს მობინადრეს და ეკითხება, ღვთის განზრახვის თანახმად, სად და როგორ პირობებში უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. ბევრი პასუხობს: „დედამიწაზე კარგ პირობებში“. შემდეგ ძმა ესაიას 55:11-ს უკითხავს და უსვამს კითხვას, შეიცვალა თუ არა ღვთის ეს განზრახვა. ხშირად მობინადრე პასუხობს, რომ არ შეცვლილა. ბოლოს ძმა უკითხავს ფსალმუნის 37:10, 11-ს და ეკითხება, როგორი მომავალი ექნება კაცობრიობას. ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობით ის რამდენიმე ადამიანს დაეხმარა იმის გაგებაში, რომ ღმერთს კვლავაც სურს, კარგმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე.

      და წერილს დებს საფოსტო ყუთში

      ისეთ პატარა სიკეთეს, როგორიც გამამხნევებელი წერილის მიწერაა, ბევრის გაკეთება შეუძლია (იხილეთ აბზაცები 16, 17)

      16, 17. იგავების 3:27-დან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია საქმით გამოვავლინოთ თანაგრძნობა? მოიყვანეთ მაგალითი.

      16 მეოთხე, იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ ზრუნავთ მათზე. მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არახელსაყრელ დროს მივედით მობინადრესთან? კარგი იქნება, მოვუბოდიშოთ და ვუთხრათ, რომ სხვა დროს მივაკითხავთ. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ მობინადრეს რამეში დახმარება სჭირდება ან სახლიდან ვერ გადის და არც არავინ ჰყავს, რომ დაესაქმოს? ამ დროს შეგვიძლია დახმარება შევთავაზოთ (წაიკითხეთ იგავების 3:27).

      17 ერთი დის გაკეთებულ პატარა სიკეთეს ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა. თანაგრძნობით გამსჭვალულმა წერილი მისწერა ერთ ოჯახს, რომელთაც ახალშობილი დაეღუპათ. წერილში რამდენიმე მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი ეწერა. როგორ იმოქმედა ამან ოჯახზე? „გუშინ საშინელი დღე მქონდა, — მისწერა დას შვილმკვდარმა დედამ. — ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გაგვამხნევა შენმა წერილმა. სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მადლიერები ვართ და რამდენს ნიშნავს შენი წერილი ჩვენთვის. გუშინ ის 20-ჯერ მაინც წავიკითხე. შენს სიტყვებში სიკეთე, მზრუნველობა და ნუგეში იგრძნობოდა. მთელი გულით გიხდით მადლობას“. უეჭველია, ჩვენც მივაღწევთ კარგ შედეგს, თუ საკუთარ თავს სხვების ადგილას დავაყენებთ და ვიმოქმედებთ მათ დასახმარებლად.

      ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე

      18. პირველი კორინთელების 3:6, 7-ის თანახმად, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს მსახურებაში ჩვენს როლზე?

      18 რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ჩვენს როლზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს. მართალია, გარკვეული როლი გვაკისრია, რომ ხალხს ღვთის შესახებ ვასწავლოთ, მაგრამ მთავარ როლს ჩვენ არ ვასრულებთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7). ადამიანებს მხოლოდ იეჰოვა იზიდავს (იოან. 6:44). თუმცა მიიღებს თუ არა ადამიანი სასიხარულო ცნობას, მისი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული (მათ. 13:4—8). გაიხსენეთ, რომ ყველაზე საუკეთესო მასწავლებელს, იესოსაც კი არ უსმენდა ყველა! ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ბევრი, ვის დახმარებასაც ვცდილობთ, დადებითად არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას.

      19. რა შედეგები მოჰყვება მსახურებაში თანაგრძნობის გამოვლენას?

      19 თუ მსახურებაში თანაგრძნობას გამოვავლენთ, ეს კარგ შედეგს გამოიღებს და მეტ სიხარულს მოგვანიჭებს ქადაგება. საკუთარ თავზე გამოვცდით, რომ გაცემას დიდი სიხარული მოაქვს და „მარადიული სიცოცხლისთვის“ განწყობილებს სასიხარულო ცნობის მიღებას გავუადვილებთ (საქ. 13:48). „მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალ. 6:10). შედეგად, ზეციერი მამის განდიდება უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს (მათ. 5:16).

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ არის მსახურებაში თანაგრძნობის გამოვლენა მნიშვნელოვანი?

      • მსახურებაში თანაგრძნობის გამოვლენის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

      • როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად გამოვავლინოთ თანაგრძნობა მსახურების დროს?

      სიმღერა 64 სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში

      a თუ მსახურებაში თანაგრძნობას გამოვავლენთ, უფრო მეტ სიხარულს ვიგრძნობთ და ხალხიც სიამოვნებით მოგვისმენს. რატომ ვამბობთ ამას? ამ სტატიიდან გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან. აგრეთვე განვიხილავთ ოთხ რჩევას, რომლებიც მსახურების დროს თანაგრძნობის გამოვლენაში დაგვეხმარება.

      b განმარტება: ბიბლიაში გამოყენებული ფრაზა „გული დაეწვა“ ნიშნავს სიბრალულით განმსჭვალვას გატანჯული ან სხვების მხრიდან დაჩაგრული ადამიანების მიმართ. ეს გრძნობა გვიბიძგებს, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება